გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2-2235-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი 2018 წ. ქ. რუსთავი
შესავალი ნაწილი
რუსთავის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია შოშიაშვილი
სხდომის მდივანი გიორგი ჩუბინიძე
მოსარჩელე - ი----- ბ--------ე
წარმომადგენელი - გ---–-- ბ----–-–---–-
მოპასუხე - თ----------- დ-------------ე
წარმომადგენელი : მ------- მ--–------
დავის საგანი: უძრავი ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობა, თანხის დაკისრება და უკანონო მფლობელობიდან ნივთების გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნებია:
1. ი----- ბ--------ე ცნობილი იქნას თ----------- დ-------------ის სახელზე რეგისტრირებული უძრავი ქონების, მდებარე ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045, 1/2 წილის თანამესაკუთრედ.
2. მოპასუხეს დაეკისროს ავტომანქანის მაზდა დემიოს, ღირებულების 3000 ლარის ანაზღაურება.
3. მოპასუხისაგან უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნას ნივთები: მზითვები -ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის მაცივარი, ზალის ავეჯი კედელი , საბნები 4 წყვილი, ლეიბები 4 წყვილი. ( სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარეცხი მანქანა და მაცივარი არის ბოშის ფირმის ).
4. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის კუთვნილი შემდეგი დასახელების ოქროს ნივთების ღირებულების შესაბამისი თანხა : ოქროს ცეფი, თხელი წნულით, 10 გრამიანი, ღირებული 750 ლარი, ოქროს დუტის ცეფი, 13 გრამი , ღირებული 975 ლარი; ბაჯაღლოს კალიცო , 8 გრამიანი, ღირებული 880 ლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის 6 თვლით, 3,5 გრამიანი, ღირებული 400 ლარი; 1 ცალი ერთთვლიანი ბეჭედი ცირკონის თვლით, 2 გრამიანი, ღირებული 200 ლარი; იმავე ღირებულების - 200 ლარი - 1 ცალი ყვითელთვლიანი ბეჭედი; 1 ცალი კულონი, 1,5 გრამიანი, ღირებული 100 ლარი, სულ - 3505 ლარის ოდენობით.
მოსარჩელის მითითებით, მხარეები დაქორწინდნენ 2005 წლის 24 ივნისს და განქორწინდნენ 2018 წლის 1 ივნისს. ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი. მოსარჩელემ და მოპასუხემ 2012 წელს ერთად ცხოვრების პერიოდში შეიძინეს საცხოვრებელი ბინა მდებარე ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045. საცხოვრებელ ბინაში არის სარჩელში მითითებული მოსარჩელის კუთვნილი მოძრავი ნივთები, რომელიც არის მისი მზითევი, ასევე მოპასუხესთან იმყოფება მისი კუთვნილი ოქროს ნივთები და ავტომანქანა. ამჟამად მოსარჩლე ი----- ბ--------ე სამუშაოდ არის წასული საზღვარგარეთ, ხოლო ბავშვები ამ ეტაპზე არიან მამასთან - მოპასუხე თ---------- დ-------------ესთან.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე თ---------- დ-------------ემ სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ ჯერ კიდევ ქორწინებამდე ჰქონდა უძრავი ქონება, კერძოდ მშობლებმა შეიძინეს ქ. რუსთავში, თოდრიას პირველ ჩიხში საცხოვრებელი ბინა, რომელიც დარეგისტრირდა მოპასუხის სახელზე, შემდეგ ეს ბინა გაყიდეს და შეიძინეს სადაო უძრავი ქონება. ავტომანქანა მან ი----- ბ--------ის მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობის საფუძველზე გადაიფორმა, მოპასუხესთან არანაირი ოქროს ნივთები არ იმყოფება. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ მოპასუხესთან და მართალია, ბინის 1/2 წილის თანამესაკუთრედ ცნობის მოთხოვნას არ ეთანხმებიან, მაგრამ სასამართლო თუ დააკმაყოფილებს სარჩელს ამ ნაწილში, მაშინ უნდა გათვალისწინებული იქნეს ეს გარემოება.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე და მოპასუხე დაქორწინდნენ 2005 წლის 24 ივნისს და განქორწინდნენ 2018 წლის 1 ივნისს , რაც დასტურდება ქორწინების მოწმობით და განქორწინების მოწმობით.
მტკიცებულება; ქორწინების მოწმობა, განქორწინების მოწმობა .
3.1.2. მოსარჩელე თ---------- დ-------------ეს და და მოპასუხე ი----- ბ--------ეს 2005 წლის 04 ივლისს შეეძინათ ვაჟი - ნ--- დ-------------ე.
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა
3.1.3. მოსარჩელე თ---------- დ-------------ეს და და მოპასუხე ი----- ბ--------ეს 2008 წლის 27 იანვარს შეეძინათ ქალიშვილი - ქ------- დ-------------ე
მტკიცებულება: დაბადების მოწმობა.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელემ და მოპასუხემ 2012 წლის 14 მარტს რეგისტრირებულ ქორწინებაში ერთად თანაცხოვრების პერიოდში შეიძინეს ბინა - მდებარე, ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა თ---------- დ-------------ის სახელზე.
მტკიცებულება: ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულება და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.კ 02.02.04.034.01.045.)
ი----- ბ--------ე და თიმურაზ დ-------------ე 2005 წლის 24 ივნისიდან 2018 წლის 1 ივნისამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, სადავო ბინა შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე ქორწინების პერიოდში 2012 წლის 14 მარტს და აღრიცხულია საჯარო რეესტრში თ---------- დ-------------ის სახელზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდქსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), მხარეთა შორის საქორწინო კონტრაქტი არ ყოფილა დადებული, ქონება არ არის ერთ-ერთი მეუღლის მიერ ჩუქებით ან მემკვიდრეობით მიღებული ან შეძენილი ქორწინებამდე, რაც ქონებას ინდივიდუალური საკუთრების ბუნებას შესძენდა , ამდენად, ი----- ბ--------ე ისეთივე მესაკუთრეა ბინის, როგორც თ---------- დ-------------ე და ორივე მათგანს თანასაკუთრებით ეკუთვნით სადავო უძრავი ქონება.
მოპასუხე მხარის პოზიცია, რომ ბინა შეძენილია თ---------- დ-------------ის მშობლების კუთვნილი ბინის გაყიდვის გზით მიღებული თანხით, არ დადასტურებულა , არც მათ მიერ წარმოდგენილი მოწმის ჩვენებით, არც წერილობითი მტკიცებულებები წარმოუდგენია მოპასუხეს იმის დასადასტურებლად, რომ თ---------- დ-------------ის მშობლებს საკუთრებაში ჰქონდათ უძრავი ქონება და გაყიდეს შემდეგ.
საჯარო რეესტრის მონაცემების მიმართ მოქმედებს უტყუარობის და სისწორის პრეზუმცია და ბინა რომ თ---------- დ-------------ის სახელზეა აღრიცხული და შეძენილია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე დასტურდება საჯარო რეესტრის ამონაწერით, ასევე ბინა რომ შეძენილია ი----- ბ--------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში ყოფნის პერიოდში დასტურდება ქორწინების და განქორწინების მოწმობებით.
აღნიშნული გარემოებები დასტურდება იმ სახის მტკიცებულებებით, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 102- ე მუხლის დანაწესს შეესაბამება.
ამრიგად, ი----- ბ--------ეს წარმოეშვა სადავო ბინის 1/2 წილზე თანამესაკუთრის უფლება.
3.2.2. 2018 წლის 21 მაისს მოსარჩელემ მოპასუხეს მისცა მინდობილობა მანქანის განკარგვაზე , რაც დატურდება მინდობილობით - გაცემული ნოტარიუსის მიერ.
მტკიცებულება: მინდობილობა გაცემული ნოტარიუსის მიერ.
მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი სსიპ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ, ვის სახელზე ირიცხება ავტომანქანა დღევანდელი მდგომარეობით.
სადავო ავტომანქანა თ---------- დ-------------ემ ზემოაღნიშნული მინდობილობის საფუძველზე 2018 წლის 25 მაისს გადაიფორმა საკუთარ სახელზე.
მოსარჩელე ითხოვს ამ ავტომანქანის ღირებულების 3000 ლარის დაკისრებას მოსარჩელეზე, ისე რომ არ წარმოუდგენია სადავო ნივთის საბაზრო ღირებულების დამადასტურებელი მტკიცებულება - აუდიტის შეფასება ან სხვა .
მოპასუხემ სადავო გახადა ნივთის ღირებულებაც და საერთო თანასაკუთრების რეჟიმშიც განხილვა ამ ნივთის, რადგან თვლის რომ მოსარჩელემ აჩუქა ნივთი მოპასუხეს.
საგულისხმოა, რომ ი----- ბ--------ემ ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით გასცა მინდობილობა თ---------- დ-------------ეზე, სადაც კონკრეტულად მიუთითა, რომ ამ უკანასკნელს ავტომანქანასთან დაკავშირებით მისცა ყველანაირი უფლება გაჩუქების, გაყიდვის და ა.შ. ამავე მინდობილობაში გამოხატა ნება, რომ თ---------- დ-------------ეს ეწარმოებინა მასთან განქორწინების საქმე, სწორედ ამ მინდობილობის საფუძველზე მიმართა თ---------- დ-------------ემ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს და მათ შორის შეწყდა ქორწინება. აღნიშნული გარემოება, დამაჯერებლობას სძენს, მოპასუხის პოზიციას, რომ მოსარჩელემ ქორწინების პერიოდშივე გამოხატა ნება ავტომანქანის გასხვისებაზე, რაც შეეხება სადავო ნივთის ღირებულებას მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება ამის თაობაზე.
ამდენად, ავტომანქანის ღირებულების 3000 ლარის დაკისრება თიმურაზ დ-------------ისთვის უსაფუძვლოა.
3.2.3. ქ.რუსთავში მე-12 მ/რ , კორპუსი 3, ბ 45 - ში არსებული ავეჯი ე.წ. კედელი , არის ი----- ბ--------ისათვის მშობლების მიერ ნაჩუქარი ქონება, რაც დასტურდება მოწმეების თ----- ბ--------ის და ნ----- ქ------ ჩვენებებით.
მტკიცებულება: მოწმეების თ----- ბ--------ისა და ნ----- ქ------ ჩვენებები, იხ. სხდომის ოქმი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, ჩუქებით ქორწინების განმავლობაში მიღებული ქონება თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს .
ამდენად, სასტუმრო ოთახის ავეჯი - კედელი, როგორც ი----- ბ--------ის ინდივიდუალური საკუთრების ნივთი, უნდა მიეკუთვნოს ამ უკანასკნელს.
3. 2. 4. მზითევი -ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის მაცივარი, საბნები 4 წყვილი, ლეიბები 4 წყვილი - არ იმყოფება ქ.რუსთავში მე-12 მ/რ , კორპუსი 3, ბ 45 -ში, მდებარე ბინაში, ასევე არ დასტურდება საერთოდ ასეთ ნივთებზე მოსარჩელის საკუთრების უფლება.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტებები , მოწმეების თ----- ბ--------ის და ნ----- ქ------ ჩვენებები, სააღსრულებო მოქმედებათა განხორციელების შესახებ 2018 წლის 19 სექტემბრის ოქმი.
აღნიშნულ ბინაში სასამართლოს მიერ მოძრავი ნივთებზე ყადაღის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების შესრულების მიზნით ზემოაღნიშნულ ბინაში მისულ სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელს ბინაში დახვდა მხოლოდ სასტუმრო ოთახის ავეჯი ე.წ. კედელი, ხოლო ბეკოს ფირმის სარეცხი მანქანა, ბეკოს ფირმის მაცივარი, საბნები 4 წყვილი, ლეიბები 4 წყვილი ბინაში არ ყოფილა.
ამის შემდგომ მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ სარეცხი მანქანა და მაცივარი არის ბოშის ფირმის და მათ სარჩელში შეცდომით მიუთითეს ბეკოს ფირმა.
ის რომ აღნიშნული ნივთები მართლა ჰქონდა ი----- ბ--------ეს მშობლებისგან ნაჩუქარი, მოსარჩელე მხარემ ვერ დადასტურა სათანადო მტკიცებულებებით, ნივთების შეძენის დამადასტურებელი ზედნადებებით, ქვითრებით, საგარანტიო ტალონებით და ა.შ. მხოლოდ მოწმეების თ----- ბ--------ის და ნ----- ქ------ ჩვენებებით აღნიშნული ვერ დადასტურდება, მითუმეტეს, რომ მოწმეებმა ჩვენებები მისცეს სასამართლოს 2018 წლის 7 სექტემბერს გამართულ სხდომაზე, რა დროსაც საუბრობდნებ ბეკოს ფირმის ტექნიკაზე, აღმასრულებლის მიერ ბინაში ნივთების დაყადაღებასთან დაკავშირებით ოქმი შედგა 2018 წლის 19 სექტემბერს და მხოლოდ ამის შემდგომ დააზუსტა მოსარჩელის წარმომადგენელმა სადავო ტექნიკის დასახელება.
ამდენად, ამ ნივთებთან მიმართებაში მოსარჩელე მხარემ ვერ დაუდასტურა სასამართლოს ვერც ინდივიდუალური საკუთრების უფლება და ვერც ამ ნივთების არსებობის შესახებ საერთოდ.
3.2.5. არ დასტურდება, რომ ოქროს ნივთები : ოქროს ცეფი, თხელი წნულით, 10 გრამიანი, ღირებული 750 ლარი, ოქროს დუტის ცეფი, 13 გრამი , ღირებული 975 ლარი; ბაჯაღლოს კალიცო , 8 გრამიანი, ღირებული 880 ლარი; ოქროს ბეჭედი ბრილიანტის 6 თვლით, 3,5 გრამიანი, ღირებული 400 ლარი; 1 ცალი ერთთვლიანი ბეჭედი ცირკონის თვლით, 2 გრამიანი, ღირებული 200 ლარი; იმავე ღირებულების - 200 ლარი - 1 ცალი ყვითელთვლიანი ბეჭედი; 1 ცალი კულონი, 1,5 გრამიანი, ღირებული 100 ლარი, სულ - 3505 ლარის ოდენობით , ეკუთვნოდა ი----- ბ--------ეს, როგორც ინდივიდუალური საკუთრების საგნები.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეების თ----- ბ--------ის და ნ----- ქ------ ჩვენებები.
ქონდა თუ არა მოსარჩლე ი----- ბ--------ეს აღნიშნული ნივთები საკუთრებაში, იყო თუ არა რეალური ნივთების ღირებულება მხარის მიერ მითითებული საბაზრო ფასების მიხედვით, მოსარჩელე ი----- ბ--------ემ დას - თ----- ბ--------ეს გადასცა თუ არა შესანახად ეს ნივთები , გადასცა თუ არა მოსარჩელე ი----- ბ--------ის დამ - თ----- ბ--------ემ სადავო ოქროს ნივთები თ---------- დ-------------ეს და ამ უკანასკნელმა ეს ნივთები ჩააბარა თუ არ ლომბარდში, მოსარჩელე მხარეს არ დაუდასტურებია სათანადო მტკიცებულებებით , აქაც მხოლოდ მოწმეების თ----- ბ--------ის და ნ----- ქ------ ჩვენებები წარუდგინა სასამართლოს, რომელთაგან ერთი მოსარჩელის დას წარმოადგენს, ხოლო მეორე ახლო ნათესავს.
ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1162-ე მუხლის დანაწესის მიხედვით ძვირფასეულობა, რასაც მიეკუთვნება ოქროს სამკაულები, თუნდაც წარმოადგენდეს ინდივიდუალური სარგებლობის საგნებს, თუნდაც ქორწინების პერიოდში იყოს შეძენილი, არ ჩაითვლება იმ მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთით.
ამრიგად, ოქროს ნივთების ღირებულების მოპასუხე თ---------- დ-------------ეზე 3505 ლარის დაკისრებაზე მოსარჩელეს უნდა ეთქვას უარი .
სადავო ოქროს ნივთები რომ წარმოადგენდა მოსარჩელის საკუთრებას და წაიღო მოპასუხემ მოსარჩელის დისგან, ვერ დადასტურდება პროცესზე მოწვეული მოწმეების მიერ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეა ვალდებული დაამტკიცოს ის გარემოებები, რომლებსაც ეყრდნობა სასარჩელო მოთხოვნა, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია ოქროს ნივთების, ავტომანქანის ღირებულების დაკისრებისა და ნივთების მიკუთვნების ნაწილში.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, მოსარჩელე ი----- ბ--------ე ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045 1/2 წილის მესაკუთრედ, ვინაიდან აღნიშნული ქონება წარმოადგენს მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილ ქონებას. ი----- ბ--------ის სასარგებლოდ თ---------- დ-------------ისგან გამოთხოვილ იქნეს მოძრავი ნივთი - სასტუმრო ოთახის ავეჯი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 1150-ე, 1151-ე, 1158-ე, 1160-ე, 1161-ე, 1162-ე, 1164-ე, 1168-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
მეუღლეთა უფლება-მოვალეობების წარმოშობის საფუძველია მხოლოდ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში რეგისტრირებული ქორწინება (სსკ-ის 1151-ე მუხლი), რაც შესაბამისად წარმოადგენს მეუღლეთა საერთო თანასაკუთრების უფლების წარმოშობის საფუძველს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მეუღლეთა მიერ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება წარმოადგენს მათ საერთო ქონებას (თანასაკუთრებას), თუ მათ შორის საქორწინო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ასეთ ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლება წარმოიშობა მაშინაც, თუ ერთ-ერთი მათგანი ეწეოდა საოჯახო საქმიანობას, უვლიდა შვილებს ან სხვა საპატიო მიზეზის გამო არ ჰქონია დამოუკიდებელი შემოსავალი.
განსახილველი მუხლი განსაზღვრავს მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმს, რომლითაც დადგენილია მათი უფლებები ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონების მიმართ. განსახილველი ნორმის მიზანს წარმოადგენს ოჯახის ინტერესების დაცვა. ივარაუდება, რომ ქორწინების პერიოდში შეძენილი ქონება შეძენილია ოჯახის გაძღოლის საერთო მიზნების უზრუნველსაყოფად, ამიტომ ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონება მიიჩნევა მეუღლეთა საერთო თანაზიარ საკუთრებად. ამასთან, ქონებაში აუცილებელია ვიგულისხმოთ არა მარტო ის ნივთი, რომელიც შეძენილ იქნა რეგისტრირებული ქორწინების დროს, არამედ ის სახსრებიც, რომლითაც შეძენილია ეს ნივთი.
ამავე კოდექსის 1164-ე მუხლის თანახმად, მეუღლეთა საერთო ქონება თითოეული მეუღლის მოთხოვნით შეიძლება გაიყოს როგორც ქორწინების განმავლობაში, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თ---------- დ-------------ის მიერ რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში შეძენილ იქნა უძრავი ქონება, მდებარე ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045 , მაშასადამე, აღნიშნულ ქონებაზე ვრცელდება მეუღლეთა თანასაკუთრების რეჟიმი.
ამავე კოდექსის 1168-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, იმ ქონების გაყოფისას, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებას წარმოადგენს, მეუღლეთა წილი თანაბარია, თუ მათ შორის შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. სასამართლოს შეუძლია გადაუხვიოს მეუღლეთა წილის თანაბრობის საწყისს არასრულწლოვანი შვილების ინტერესების ან ერთ-ერთი მეუღლის ყურადსაღები ინტერესების გათვალისწინებით; კერძოდ, ერთ-ერთი მეუღლის წილი შეიძლება გადიდდეს იმის გათვალისწინებით, რომ მასთან ცხოვრობენ არასრულწლოვანი შვილები, რომ ის შრომისუუნაროა, ანდა - თუ მეორე მეუღლე ხარჯავდა საერთო ქონებას ოჯახის ინტერესების საზიანოდ.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ი----- ბ--------ეს და თ---------- დ-------------ეს ჰყავთ ორი საერთო შვილი, მათ შორის ორივე არასრულწლოვანია, შვილები ამჟამად ცხოვრობენ მამასთან, თუმც მათი საცხოვრებელი ადგილი არ არის გადამწყვეტი წილის თანაბრობის საწყისის გადახვევისთვის, ამასთან დედა წასულია საზღვარგარეთ დროებით და არა მუდმივად, მისი დაბრუნების შემდგომ შესაძლოა მასთანაც იცხოვრონ შვილებმა, სხვა რაიმე ყურადსაღები ინტერესიც არ გამოკვეთილა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1161-ე მუხლის თანახმად, თითოეული მეუღლის ინდივიდუალურ საკუთრებას წარმოადგენს ქონება, რომელიც თითოეულ მათგანს ეკუთვნოდა დაქორწინებამდე და ქონება, რომელიც ქორწინების განმავლობაში მიღებულია მემკვიდრეობით ან ჩუქებით.
სასამართლომ დადასტურებულად ჩათვალა, რომ ი----- ბ--------ემ მშობლებისგან საჩუქრად მიიღო სასტუმრო ოთახის ავეჯი ე.წ. კედელი ( მზითვი).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1160-ე მუხლის თანახმად, იმ ქონების განკარგვა, რომელიც მეუღლეთა თანასაკუთრებაშია, ხდება მეუღლეთა შეთანხმებით, მიუხედავად იმისა, თუ რომელი მეუღლე განკარგავს ამ ქონებას. მეუღლეს, როგორც თანამესაკუთრეს, უფლება აქვს, მოითხოვოს ქონების განკარგვით მიღებული სარგებელი.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ავტომანქანა ი----- ბ--------ემ აჩუქა თ---------- დ-------------ეს.
ამავე კოდექსის 1162 - ე მუხლის მიხედვით, ინდივიდუალური სარგებლობის ნივთები, ძვირფასეულობის გარდა, თუნდაც ქორწინების განმავლობაში იყოს შეძენილი მეუღლეთა საერთო თანხებით, ჩაითვლება იმ მეუღლის საკუთრებად, რომელიც სარგებლობს ამ ნივთებით.
ოქროს ნივთები არ წარმოადგენს ერთი მეუღლის საკუთრებას, თუნდაც ი----- ბ--------ეს ესარგებლა მხოლოდ, თუმც სადავო შემთხვევაში მოსარჩელემ თავად ამ ნივთების არსებობა და შესაბამისად, ვერც საკუთრების უფლება ნივთზე ვერ დაადასტურა.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
აღნიშნულის გათვალისწინებით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, თ---------- დ-------------ეს უნდა დაეკისროს ი----- ბ--------ის სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯები 1467 ლარის ოდენობით;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, უცვლელად უნდა იქნას დატოვებული რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით დადებული ყადაღა თ---------- დ-------------ის სახელზე საკუთრების უფლებით რიცხულ უძრავ ქონებაზე, კერძოდ, საცხოვრებელ ბინაზე, ქ.რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45( ს.კ 02.02.04.034.01.045 ) და 2018 წლის11 სექტემბრის განჩინებით დადებული ყადაღა მოძრავ ნივთებზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე ი----- ბ--------ის სარჩელი მოპასუხე თ---------- დ-------------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ი----- ბ--------ე ცნობილ იქნეს თანამესაკუთრედ ½ წილზე უძრავი ქონების მდებარე ქ. რუსთავი მე-12 მ/რ , კორ 3, ბინა 45, ს.კ 02.02.04.034.01.045
3.ი----- ბ--------ის სასარგებლოდ თ---------- დ-------------ისგან გამოთხოვილ იქნეს მოძრავი ნივთი - სასტუმრო ოთახის ავეჯი, ე.წ. კედელი.
4. ი----- ბ--------ეს ავტო მანქანა მაზდის, ოქროს ნივთების ღირებულების მოპასუხე თ---------- დ-------------ისთვის დაკისრებაზე და მისგან მაცივრისა და სარეცხი მანქანის , საბნებისა და ლეიბების დაბრუნებაზე ეთქვას უარი.
5. თ---------- დ-------------ეს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების (სახელმწიფო ბაჟის და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები) გადახდა 1467 ლარის ოდენობით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის #7ა), რუსთავის საქალაქო სასამართლოს (ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. #6) მეშვეობით, განმცხადებლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მომენტიდან 14 დღის ვადაში.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მაია შოშიაშვილი