გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
330310018002325188
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1242-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018წ. ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - პ------------–---–ი

წარმომადგენლები - ბ-------------–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია

წარმომადგენელი - ა------------ე

 

მესამე პირი - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტი (საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 16.1 მუხლი, 10.05.2016წ. განჩინება)

წარმომადგენელი - გ--------–--–----–---–ი

 

დავის საგანი - ქმედების განხორციელება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას პ------------–---–ს ჩაუთვალოს 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე ნამსახურობის პერიოდი წელთა საერთო ნამსახურობაში.

 

მოსარჩელის განმარტებით, 1992 წლიდან მსახურობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია მიმართა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მოთხოვნით, თუმცა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარი ეთქვა იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე პერიოდი ვერ ჩაეთვლება წელთა ნამსახურობაში, შესაბამისი ბრძანების არარსებობის გამო, ხოლო დარჩენილი წლები კომპენსაციის დასანიშნად საკმარისი არ იყო.

 

მოსარჩელის განმარტებით, მიუხედავად კონკრეტული ბრძანების არარსებობისა, საქმეში არსებული მასალებით, მათ შორის ნამსახურობის ნუსხით დგინდება მის დაინტერესებაში არსებული წლების განმავლობაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის ფაქტი.

 

2. მხარეების პოზიცია:

 

2.1.მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, დაეთანხმა წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. მისი განმარტებით, საქმეში პ------------–---–ის ნამსახურობასთან დაკავშირებით არ არის დაცული კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტი (ბრძანება), რითაც დადასტურდებოდა მისი 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურობის ფაქტი. მისივე განმარტებით, სამსახურის გავლის პირველ გვერდზე წოდების მინიჭების თარიღი (09.1992წ.) ვერ ჩაითვლება წელთა ნამსახურობის წლების ათვლის საწყისად. უფრო მეტიც, 1992 წელს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პოლიციელის თანამდებობაზე შეიძლებოდა დანიშნულიყო მინიმუმ 20 და მაქსიმუმ 30 წლის მოქალაქე, ხოლო მითითებულ პერიოდში მოსარჩელე იყო 17 წლის. შესაბამისად, წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არ არსებობს მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

2.2. მესამე პირის პოზიცია:

 

მესამე პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ვინაიდან მათთან არ არის დაცული კონკრეტული დოკუმენტი, რომლითაც დადასტურდება პ------------–---–ის 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე ნამსახურობის ფაქტი, მიიჩნევა, რომ მას ეს ნამსახურობა არ გააჩნია და მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანებით ამავე პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №--------------–------–-----------------------------------------–--–----------------- სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მასტერ-სერჟანტი პ--------–------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

2017 წლის 11 აგვისტოს, პ------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას წელთა ნამსახურობის დაანგარიშების მოთხოვნით.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილებით, პ------------–---–ს უარი ეთქვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე მისი ნამსახურობის პერიოდი არ დასტურდება შესაბამისი ბრძანებით, ხოლო მითითებული პერიოდის გამოკლებით ნამსახურობის წლები კომპენსაციის დასანიშნად საკმარისი არ იყო.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილებით, პ------------–---–ს, მოთხოვნისამებრ, დამატებით განემარტა, რომ პ------------–---–ის სამსახურის გავლის ნუსხის პირველ გვერდზე მისთვის წოდების მინიჭების თარიღი (09.1992წ.) არ არის წელთა ნამსახურობის მითითებული თარიღიდან ათვლის საფუძველი, ვინაიდან აღნიშნული ჩანაწერი უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი ბრძანების მითითებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანებიდან (ს.ფ. 65);

- 2017 წლის 11 აგვისტოს განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 68);

- პ------------–---–ის განცხადება (ს.ფ. 69);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 აგვისტოს M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 70);

- 2017 წლის 22 სექტემბრის განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 93);

- პ------------–---–ის განცხადება (ს.ფ. 94-95);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 22 ოქტომბრის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 97-98).

 

3.2. 2018 წლის 6 თებერვალს, პ------------–---–მა განცხადებით მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას, მისი ნამსახურობის წლების სწორად დათვლის მოთხოვნით. მისი განმარტებით, სამსახურის გავლის ნუსხაში მითითებულია, რომ 1992 წლის სექტემბრიდან მინიჭებული აქვს „სერჟანტის“ წოდება. ამასთან, ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება ადასტურებდა განმცხადებლის 1992-1993 წლებში ქალაქ ცხინვალში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობის ფაქტს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 08 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილებით, პ------------–---–ის 1992-1993 წლებში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის გამართულ ბრძოლებში მონაწილეობის მიღების ფაქტი საკმარისად არ იქნა მიჩნეული მისი 1992-1999 წლებში საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნასამსახურობის დასადასტურებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადების მიღების ბარათი (ს.ფ. 57);

- პ------------–---–ის განცხადება (ს.ფ. 58-59);

- ყვარლის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ. 31);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2018 წლის 08 თებერვლის M---------------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 63).

 

3.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პ--------–------------–---–ის სამსახურის გავლის ნუსხით დგინდება, რომ იგი 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე დასაქმებული იყო ყვარლის შს ს----------------–--------–-–--- ქ/განყოფილებაში, პოლიციელის თანამდებობაზე. ამასთან, შესაბამისი ბრძანების თარიღი და ნომერი არ არის მითითებული.

 

ამავე ნუსხის თანახმად, 1992 წლის სექტემბერში პ------------–---–ს მიენიჭა „პოლიციის სერჟანტის“ წოდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში პ--------–------------–---–ის სამსახურის გავლის ნუსხა (ს.ფ. 76-91).

 

3.4. ყვარლის შს რაიგანყოფილების კადრების უფროსმა ინსპექტორმა, პოლიციის ვ/პოლკოვნიკმა ო---------------მ, საქართველოს შს დაცვის დეპარტამენტის კ---–-------------–---------------------------------------------–----- ოცეულის მეთაურმა, პოლიციის მაიორმა გ---------------–---–მა, ყვარლის შს რაიგანყოფილების თანამშრომლებმა: პოლიციის ზემდეგმა ბ-–---------–----------–---–მა, პოლიციის ზემდეგმა კ-----------------------–---–მა, პოლიციის ზემდეგმა გ-----------–--------------–---–მა ხელმოწერებით დაადასტურეს, რომ პოლიციის სერჟანტი პ--------–------------–---–ი შს ორგანოებში 1992 წლიდან მუშაობდა. აღნიშნული აქტი შეადგინეს მისი პირადი საქმის აღდგენის მიზნით, რომელიც დაიწვა 1995 წელს ყვარლის შს რაიგანყოფილებაში მომხდარი ხანძრის შედეგად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აქტი (ს.ფ. 92).

 

3.5. დადგენილია, რომ პ------------–---–ის 1992-1999 წლებში ყვარლის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების ს----------------–--------–-–--- ქვეგანყოფილებაში ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იძებნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების საქართველოს სასაზღვრო პოლიციის 2017 წლის 4 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 100);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2017 წლის 17 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 101);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2018 წლის 17 მაისის M---------------- წერილი (ს.ფ. 126);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოს 2017 წლის 16 ოქტომბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 130).

 

3.6. სასაზღვრო პოლიციის №--------------–--- (ლაგოდეხის) მიერ 2018 წლის 29 მაისს გაცემული №- ფულადი ატესტატით დგინდება, რომ პ--------–------------–---–ის წოდება იყო მასტერ-სერჟანტი, თანამდებობა - სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე). მისი თანამდებობრივი განაკვეთი შეადგენდა 1005,00 ლარს, წოდებრივი განაკვეთი - 7,00 ლარს, წელთა ნამსახურობის პროც. დანამატი - (25%) 253,00 ლარს. ამასთან, 2017 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, მისი ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრა: 22 წელი, 2 თვე და 10 დღე.

 

დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის 12 სექტემბერს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტ პ--------–------------–---–ის სახელზე გასცა №--- დროებითი ცნობა, რომლის მიხედვითაც, მისი წელთა ნამსახურობა 2007 წლის 1 სექტემბრისათვის შეადგენს 12 (თორმეტი) წელს, 3 (სამი) თვეს და 10 (ათი) დღეს. ამასთან, მითითებული ცნობა გაიცა საფინანსო სამსახურში წარსადგენად, 1 (ერთი) თვის ვადით, პირადი საქმის მოწესრიგებამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასაზღვრო პოლიციის №--------------–--- (ლაგოდეხის) მიერ 2018 წლის 29 მაისს გაცემული №- ფულადი ატესტატი (ს.ფ. 143);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 156);

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 12 სექტემბრის №--- ცნობა (ს.ფ. 157).

 

3.7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს მიერ პ------------–---–ის პირად საქმეში არსებული აღდგენილი სამსახურის გავლის ნუსხით დადგინდა, რომ 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის პერიოდი არ დასტურდება შესაბამისი ბრძანებებით. აქედან გამომდინარე, 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე პერიოდი ვერ ჩაეთვალა მას წელთა ნამსახურობაში, ხოლო სრული წელთა ნამსახურობა 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე პერიოდის გამოკლებით 2017 წლის 1 აგვისტოს ანუ, საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის დღის მდგომარეობით შეადგენს 15 წელს, 3 თვეს და 26 დღეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამმართველოს 2018 წლის 18 ივნისის M---------------- წერილი (ს.ფ. 155).

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს პ------------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონი; „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულება.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანს შეიძლება წარმოადგენდეს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

მოცემულ შემთხვევაში, პ------------–---–ის მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია დასახელებული მუხლის საფუძველზე, კერძოდ, იგი მოითხოვს მოპასუხეს დაევალოს პ------------–---–ს 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე ნამსახურობის პერიოდი ჩაუთვალოს წელთა საერთო ნამსახურობაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნიდან გამომდინარე, სახეზეა მავალდებულებელი სარჩელი, რომლის მიზანს წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოსათვის გარკვეული ქმედების განხორციელების დავალდებულება, რაც მოსარჩელისთვის იურიდიული ინტერესის მატარებელია. ამდენად, სარჩელის საფუძვლიანობა უნდა შემოწმდეს იმ საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებთან შესაბამისობის თვალსაზრისით, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურეთა ნამსახურობის წლების დათვლის წესს.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სოციალური დაცვის გარანტიებს სახელმწიფოს წინაშე განსაკუთრებული სამსახურის გავლის, აგრეთვე ამ პირთა მიერ შესაბამისი ასაკის მიღწევის, შესაძლებლობის შეზღუდვის და გარდაცვალების გამო, განსაზღვრავს სახელმწიფო კომპენსაციის (შემდგომში – კომპენსაცია) და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებს, მათი ოდენობის გაანგარიშების, გაცემის, მისი შეჩერებისა და შეწყვეტის წესსა და პირობებს, ადმინისტრირების ორგანოს, აგრეთვე მათ მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.

 

„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის დანიშვნის საფუძვლებია: ა) კანონით დადგენილი ნამსახურობის ვადის ამოწურვა; ბ) 65 წლის ასაკის მიღწევა; გ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დადგენა; დ) მარჩენალის გარდაცვალება; ე) ოჯახის წევრის გარდაცვალება. ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ადგენს, რომ ამ კანონის შესაბამისად კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვთ: სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან, ამავე სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო წოდების მქონე პირს ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირს, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან განთავისუფლებულ პირებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს.

 

სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის აღმასრულებელი ხელისუფლების განმახორციელებელი სამართალდამცავი დაწესებულებების სისტემა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილებების ფარგლებში ახორციელებს პრევენციულ და სამართალდარღვევაზე რეაგირების ღონისძიებებს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დასაცავად, ასევე სხვა საჯარო ფუნქციებს. ამავე დებულების მეორე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს ერთიანი სისტემის შემადგენლობაშია: სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფები, ტერიტორიული ორგანოები, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიცია და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები.

 

სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციის უფროსის 2017 წლის 1 აგვისტოს №1------ ბრძანებით ამავე პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის №--------------–------–-----------------------------------------–--–----------------- სპეციალისტი (უფროსი მესაზღვრე), საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მასტერ-სერჟანტი პ--------–------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან.

 

ამრიგად, მითითებული ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები ცხადყოფს, რომ პ------------–---–ი მიეკუთვნება იმ პირთა წრეს, ვისაც კომპენსაციის/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის მიღების უფლება აქვს.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლზე. მითითებული ნორმით განსაზღვრულია იმ პირთა წრე, რომელიც ექვემდებარება სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნას და მათ შორის არიან: ბ) სპეციალური წოდების მქონე პირები, რომლებიც მსახურობდნენ სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში; დ) პირები, რომლებიც მსახურობდნენ შინაგან საქმეთა ორგანოებში, კერძოდ, რიგითი და უფროსი შემადგენლობის პირები, რომლებიც მსახურობდნენ საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში, ყოფილი სსრ კავშირის და საქართველოს სსრ-ის, დამოუკიდებელი თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელი სახელმწიფოების შინაგან საქმეთა ორგანოებში, თუ ამ პირთა უზრუნველყოფის საკითხი სხვაგვარად არ არის დადგენილი საქართველოსა და ყოფილ სსრ კავშირში შემავალ მოკავშირე რესპუბლიკებს, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამეგობრობაში შეუსვლელ სახელმწიფოებს შორის დადებული ხელშეკრულებით (შეთანხმებით).

 

მითითებული კანონის მე-11 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო კომპენსაცია ენიშნებათ: ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებსაც სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის დღეს აქვთ წელთა ნამსახურობის 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი, აგრეთვე იმ სამხედრო მოსამსახურეებს, რომლებიც იძულებით იყვნენ დათხოვნილი 1956 წელს ქართული სამხედრო შენაერთის (დივიზიის) დაშლის დროს და აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 და 10-ზე მეტი კალენდარული წელი და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი; აგრეთვე საქართველოს შეიარაღებული ძალების იმ მოსამსახურეებს, რომლებიც შევიდნენ სამხედრო სამსახურში 1991-დან 1995 წლამდე და დათხოვნილი იქნენ ზღვრული ასაკის გამო, აქვთ შეიარაღებულ ძალებში წელთა ნამსახურობის 10 კალენდარული წელი მაინც და შრომის საერთო სტაჟი 20 და 20-ზე მეტი კალენდარული წელი;

 

ამავე კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პენსიის დანიშვნისათვის წელთა ნამსახურობაში ჩაითვლება: პროკურატურის ორგანოებში სამსახური; სამხედრო სამსახური; შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში სამსახური; სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში სამსახური; საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სისტემაში სამსახური; პარტიზანულ რაზმებსა და შენაერთებში სამსახური; სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებში და სხვა სახელმწიფო ორგანიზაციებში მუშაობის პერიოდი – სამხედრო სამსახური ან შინაგან საქმეთა და სახელმწიფო უშიშროების ორგანოებში და სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში კადრში დატოვებით; ტყვეობაში ყოფნის პერიოდი, თუ ტყვემ არ ჩაიდინა სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული; სასჯელის მოხდის და პატიმრობის პერიოდი, თუ სამხედრო მოსამსახურე, რიგითი ან უფროსი შემადგენლობის პირი უსაფუძვლოდ იყო მიცემული სისხლის სამართლის პასუხისგებაში ან რეპრესირებული.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ პ------------–---–მა რამდენჯერმე მიმართა მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს და მოითხოვა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, წელთა ნამსახურობის გაანგარიშება. ასევე, დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ პ------------–---–ს უარი უთხრა სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნაზე, იმ საფუძვლით, რომ 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე მისი ნამსახურობის პერიოდი არ დასტურდება შესაბამისი ბრძანებით, რამდენადაც აღდგენილ ნამსახურობის ნუსხაში ბრძანების თარიღი და ნომერი არ არის მითითებული, ხოლო მისი გამოკლებით ნამსახურობის პერიოდი არ არის საკმარისი, კერძოდ, სრული წელთა ნამსახურობა 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე პერიოდის გამოკლებით 2017 წლის 1 აგვისტოს (საქართველოს სასაზღვრო პოლიციიდან დათხოვნის დღის) მდგომარეობით შეადგენს 15 წელს, 3 თვეს და 26 დღეს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ საქმეში არსებული მასალებით არ დგინდება მოსარჩელის დაინტერესებაში არსებული ნამსახურობის ფაქტი და მხარეთა ყურადღებას გაამახვილებს საქმეში წარმოდგენილ მასალებზე, მათ შორის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში სამსახურის გავლის ნუსხაზე, პირადი საქმის მოწესრიგების მიზნით შედგენილ აქტზე, სასაზღვრო პოლიციის №--------------–--- (ლაგოდეხის) მიერ 2018 წლის 29 მაისს გაცემული №- ფულადი ატესტატზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის 2018 წლის 25 ივნისის M---------------- წერილისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2007 წლის 12 სექტემბრის №--- ცნობაზე. სასამართლო მითითებული დოკუმენტებით დადგენილად მიიჩნევს, რომ პ--------–------------–---–ი 1992 წლის 1 სექტემბრიდან მსახურობდა ყვარლის შს ს----------------–--------–-–--- ქ/განყოფილებაში, პოლიციელის თანამდებობაზე. მოგვიანებით, მითითებულ განყოფილებაში მომხდარი ხანძრის შედეგად დაზიანდა რიგი დოკუმენტაცია, რის გამოც აღდგენილ იქნა პ------------–---–ის პირადი საქმე, სამსახურის გავლის ნუსხა, რომელშიც პ------------–---–ის მითითებულ თანამდებობაზე დასაქმების თარიღი დაფიქსირდა, მაგრამ შესაბამისი საფუძველის გარეშე. ამასთან, ასევე, პირადი საქმის მოუწესრიგებლობის გამო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2007 წლის 12 სექტემბერს სასაზღვრო პოლიციის სერჟანტ პ--------–------------–---–ის სახელზე გასცა №--- დროებითი ცნობა, რომლის მიხედვითაც, მისი წელთა ნამსახურობა 2007 წლის 1 სექტემბრისათვის შეადგენს 12 (თორმეტი) წელს, 3 (სამი) თვეს და 10 (ათი) დღეს. აღნიშნულ ცნობაზე დაყრდნობით კი, სასაზღვრო პოლიციის №--------------–--მ (ლაგოდეხის) 2018 წლის 29 მაისს გასცა №- ფულადი ატესტატი, რომლის თანახმადაც, 2017 წლის 01 აგვისტოს მდგომარეობით, პ--------–------------–---–ის ნამსახურობის პერიოდი განისაზღვრა: 22 წელი, 2 თვე და 10 დღე.

 

ამდენად, მოპასუხის აპელირება იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი მასალებით არ დგინდება პ------------–---–ის 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში ნამსახურობის ფაქტი, ვინაიდან აღდგენილ სამსახურის გავლის ნუსხაში არ არის მითითებული კონკრეტული საფუძველი, ბრძანების თარიღი და ნომერი, ასევე, პ------------–---–ის 1992-1999 წლებში ყვარლის შინაგან საქმეთა რაიგანყოფილების ს----------------–--------–-–--- ქვეგანყოფილებაში ნამსახურობის დამადასტურებელი დოკუმენტები არ იძებნება არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში და არც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის კახეთის რეგიონალური დაცვის პოლიციის სამმართველოში, არის დაუსაბუთებელი. სასამართლო აღნიშნავს, რომ საკითხის სპეციფიკის გათვალისწინებით, დაუშვებელია მოთხოვნილი იქნეს მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი, რისი წარმოდგენის საშუალება ობიექტური მიზეზების გამო განმცხადებელს არ გააჩნია და რაც მისი ბრალეული ქმედებით არ არის გამოწვეული. მით უმეტეს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებათა ერთობლიობაში შეფასებით დასტურდება პ------------–---–ის 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ფაქტი.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა. საქმის ფაქტობრივი და სამართლებრივი ანალიზი ცხადყოფს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უსაფუძვლოდ ეთქვა ედუარდ სადოევს უარი ქმედების განხორციელების მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.

 

ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და შესაბამისი სამართლებრივი ნორმების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაევალოს პ------------–---–ს ჩაუთვალოს წელთა საერთო ნამსახურობაში 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში მუშაობის ფაქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ამდენად, მოსარჩელე პ------------–---–ს უნდა დაუბრუნდეს ბ-------------–---–ის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს ს----–-------------–-- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები. მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხზე.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331-ე მუხლებით, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. პ------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაევალოს მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - საქართველოს სასაზღვრო პოლიციას პ------------–---–ის 1992 წლის 1 სექტემბრიდან 1999 წლის 15 ივლისამდე ნამსახურობის (ყვარლის შს ს----------------–--------–-–--- ქ/განყოფილება) პერიოდის წელთა საერთო ნამსახურობაში ჩათვლა;

 

3. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

4. მოსარჩელე პ------------–---–ს დაუბრუნდეს ბ-------------–---–ის მიერ 2018 წლის 23 თებერვალს ს----–-------------–-- გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარი, მიმღების დასახელება: ხაზინის ერთიანი ანგარიში. სხვა შემოსულობები. მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი - 300773150, მიმღები ბანკი/ხაზინა, ბანკის კოდი - TRESGE22; გადახდის დანიშნულება - სახელმწიფო ბაჟი სასამართლოში განსახილველ საკითხებზე;

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №-) მეშვეობით.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე