გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.10.2018
საქმის ნომერი
080210017001872599
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/833-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე - გოჩა დიდავა

სხდომის მდივანი - ქ------- კირიაკიდი

მოსარჩელე - ნ---- ა------;

წარმომადგენელი - ქ------- ა------;

მოპასუხე - ბ--–- წ-----ე;

წარმომადგენელი - მ--–------ გ----------ე;

დავის საგანი - პირგასამტეხლოს შემცირება;

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. შემცირდეს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N170008510 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო, ნაცვლად 0,1%-ისა 2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე, რაც შეადგენს 2723 აშშ დოლარს, არამედ ხელშეკრულების ვადის ამოწურვიდან, კერძოდ, 2016 წლის 14 ივლისიდან 2017 წლის 5 იანვრამდე, კერძოდ, აღსრულების დაწყებამდე, 0.01%-მდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც შეადგენს ერთ დღეზე 0,7 აშშ დოლარს, ხოლო სულ 176 დღეზე, 123.20 აშშ დოლარს; 1.2. შემცირდეს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N170008510 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი 1795 აშშ დოლარი 364.20 აშშ დოლარით, ვინაიდან ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი სარგებელი შეადგენდა 2830.80 აშშ დოლარს, ხოლო ქვითრებით გადახდილი არის 1400 აშშ დოლარი, შესაბამისად გადასახდელი არის 1430.80 აშშ დოლარი, ნაცვლად 1795 აშშ დოლარისა.

2. მოპასუხის პოზიცია 2.1. მოპასუხე ბ--–- წ-----ის წარმომადგენელი სარჩელს ნაწილობრივ ცნობს და უთითებს, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირებას ეთანხმება 0.07%-მდე და ცნობს, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 800 აშშ დოლარი. არ ეთანხმება, რომ მოსარჩელეს გადახდილი აქვს 1400 აშშ დოლარი. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 13 ივლისს ბ--–- წ-----ესა და ნ---- ა------ს წარმომადგენელს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- ა------ზე გაიცა სესხი 7 000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით - 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, შ.რუსთაველის გამზ. N49, საკადასტრო კოდი 03.04.23.022. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21); 3.1.2. 2015 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების 1.3 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ მსესხებელი გადააცილებს სარგებლის გადახდის წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადას 2 თვით, გამსესხებელი უფლებამოსილია, გამოიყენოს ხელშეკრულების მე-5 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიება, კერძოდ, იპოთეკარი უფლებამოსილია მოთხოვნის დაკმაყოფილება უზრუნველყოს ნოტარიუსის სააღსრულებლო ფურცლის საფუძველზე, რა მიზნითაც მიმართოს ნოტარიუსს განცხადებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2015 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 18-21); 3.1.3. მხარეები არ დავობენ, რომ 2015 წლის 13 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა შესრულებული მოსარჩელის მიერ და მას კრედიტორის მიმართ გააჩნია დავალიანება. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტებები. 3.1.4. 2017 წლის 05 იანვარს ბ--–- წ-----ემ მიმართა ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილს, რომელმაც გასცა სააღსრულებო ფურცელი. სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2017 წლის 05 იანვრის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 7 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1795.80 აშშ დოლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო 7.00 აშშ დოლარი (0.1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 05 იანვრის სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 22-23). 3.1.5. კერძო აღმასრულებელ რევაზ სულწაძის 2017 წლის 16 იანვრის წინადადებით გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, მოვალე და მესაკუთრე ნ---- ა------ს მიეცა შვიდი დღე, ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის და სააღსრულებო საფასურის გადახდისთვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - კერძო აღმასრულებლის რევაზ სულწაძის 2017 წლის 16 იანვრის წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 24-25). 3.1.6. 2017 წლის 25 მარტის სს ,,საქართველოს ბანკის“ N239-51/16884 ჩარიცხული გზავნილების შესახებ ინფორმაციით დგინდება, რომ ბ--–- წ-----ემ 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტამდე პერიოდში ქ------- ა------საგან მიიღო შემდეგი თანხები: 08.11.2016 - 300 აშშ დოლარი; 07.03.2016 – 300 აშშ დოლარი; 17.12.2015 – 200 აშშ დოლარი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2017 წლის 25 მარტის სს ,,საქართველოს ბანკის“ N239-51/16884 ინფორმაცია. 3.1.7. საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2016 წლის 15 თებერვლის ქვითრებით მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 600 აშშ დოლარის გადახდა, 2018 წლის 05 სექტემბერს გამართულ სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - გადახდის ქვითრები (ს.ფ. 27; ს.ფ. 30). - სასამართლოს სხდომის ოქმი.

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 4.1. საქმეში არსებული მტკიცებულებების და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია, კერძოდ, ნ---- ა------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლით, ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე, მე-40 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. ''ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები. ,,ნოტარიატის შესახებ'' საქართველოს კანონის მე-40-ე მუხლის 1-ლი პუნქტის მიხედვით, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ მუხლით დადგენილი საფუძვლების არსებობისას ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს ვალდებულების შეუსრულებლობის დამადასტურებელი დოკუმენტების გამოთხოვის გარეშე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს ნასესხების დაბრუნება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი. დადგენილია, რომ 2015 წლის 13 ივლისს ბ--–- წ-----ესა და ნ---- ა------ს წარმომადგენელს შორის დაიდო სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც ნ---- ა------ზე გაიცა სესხი 7 000 აშშ დოლარი 1 წლის ვადით - 2016 წლის 13 ივლისის ჩათვლით, ყოველთვიური 3.37% სარგებლის დარიცხვით. სარგებელი გადახდილი უნდა ყოფილიყო ყოველთვიურად, ხოლო ძირითადი თანხა ვადის ბოლოს. ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, რომლის ოდენობა განისაზღვრა 0.1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ნ---- ა------ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ.ქუთაისი, შ.რუსთაველის გამზ. N49, საკადასტრო კოდი 03.04.23.022. დადგენილია, რომ სააღსრულებო ფურცლით, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა 2017 წლის 05 იანვრის მდგომარეობით განისაზღვრა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა - 7 000 აშშ დოლარი, სარგებელი - 1795.80 აშშ დოლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო - 7.00 აშშ დოლარი (0.1%) ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 13 დეკემბრიდან აღსრულებამდე, სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯი 125.54 ლარი. დადგენილია, რომ 2017 წლის 25 მარტის სს ,,საქართველოს ბანკის“ N239-51/16884 ჩარიცხული გზავნილების შესახებ ინფორმაციით, ბ--–- წ-----ემ 2015 წლის 01 დეკემბრიდან 2017 წლის 27 მარტამდე პერიოდში ქ------- ა------საგან მიიღო შემდეგი თანხები: 08.11.2016 - 300 აშშ დოლარი; 07.03.2016 – 300 აშშ დოლარი; 17.12.2015 – 200 აშშ დოლარი და საქმეში წარმოდგენილი 2016 წლის 20 ოქტომბრის და 2016 წლის 15 თებერვლის ქვითრებით მოსარჩელის მიერ გადახდილია 600 აშშ დოლარი, რაც დაადასტურა მოპასუხე მხარემაც. ამდენად, შემცირდეს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N170008510 სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი და ნ---- ა------ს ბ--–- წ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს (2830,80 - 1400=1430,8) 1430.8 აშშ დოლარის გადახდა. 6.2. მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა მსესხებლის მიერ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა შესრულებული. აღნიშნულის გამო, კრედიტორმა მოითხოვა პირგასამტეხლოს გადახდა. პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა - 2723 აშშ დოლარი. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ,,პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე ''ზეწოლის'' განხორციელების ერთგვარი ბერკეტია, ამასთან, ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, პირგასამტეხლოს მიღების მიზნით, კრედიტორი ზიანის მტკიცების ტვირთისაგან გათავისუფლებულია. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიური ინტერესი. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად, პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, როგორც ზემოთ აღინიშნა, მნიშვნელოვანია, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. განსახილველ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს სახით მოთხოვნილმა თანხამ შეადგინა - 2723 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არათანაზომიერია მოპასუხის მიერ ფულადი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 10-ჯერ და პირგასამტეხლოს სახით ნ---- ა------ს მიერ გადასახდელი თანხა განისაზღვროს 270 აშშ დოლარით.

7. საპროცესო ხარჯები 7.1. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელე ნ---- ა------ს მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 215,18 ლარი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან მოპასუხეს უნდა დაეკისროს 205.37 ლარის გადახდა, ხოლო სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 10.27 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. 7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძვლიდან, რომლის მიხედვითაც იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. დასახელებული ნორმით ანაზღაურებას ექვემდებარება პროცესის წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები. საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ხოლო მესამე ნაწილით სასამართლოს გარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. მოპასუხის წარმომადგენელი მოითხოვს მოსარჩელისათვის იურიდიული მომსახურებისათვის გაღებული ხარჯების ანაზღაურების დაკისრებას - 500 ლარის ოდენობით. სასამართლო თვლის, რომ წარმომადგენლის ხარჯების ანაზღაურებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ის, რომ ანაზღაურდება მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯები გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს უნდა დაეკისროს მოპასუხის სასარგებლოდ მის მიერ გაწეული იურიდიული მომსახურების ღირებულების ანაზღაურება 100 ლარის ოდენობით. 8. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 მარტის განჩინებით გამოყენებული იქნა უზრუნველყოფის ღონისძიება, ნ---- ა------ს წარმომადგენლის - ქ------- ა------ს მოთხოვნა სარჩელის აღძვრამდე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით შეჩერდა ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული სააღსრულებო ფურცლის (№170008510) საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება (№17002276) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ნ---- ა------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. შემცირდეს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N170008510 სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული პირგასამტეხლო და ნ---- ა------ს ბ--–- წ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო - 270 აშშ დოლარის გადახდა.

1.2. შემცირდეს ნოტარიუს მერაბ ჯიხვაშვილის მიერ 2017 წლის 5 იანვარს გაცემული N170008510 სააღსრულებლო ფურცლით გათვალისწინებული სარგებელი და ნ---- ა------ს ბ--–- წ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს 1430.8 აშშ დოლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე ბ--–- წ-----ეს მოსარჩელე ნ---- ა------ს სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 205.37 ლარის ოდენობით.

1.4. მოსარჩელე ნ---- ა------ს მოპასუხე ბ--–- წ-----ის სასარგებლოდ დაეკისროს საადვოკატო ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

1.5. მოსარჩელე ნ---- ა------ს მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 10.27 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გოჩა დიდავა