გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
330210015775329
საქმე №2/6785-15
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
22 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე
სხდომის მდივანი სოფიო სუხიტაშვილი
განხილვის ფორმა ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე შპს „ვ-----“
დირექტორი გ------------–-–---–ი
წარმომადგენელი დ----------–----ე
მოპასუხე ნ------------–---–ი
წარმომადგენლები ხ-------------, მ---–-----------–---ი
დავის საგანი უსაფუძვლო დაზოგილი თანხის დაკისრება
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ნ------------–---–ს შპს „ვ-----“-ს სასარგებლოდ დაეკისროს უძრავი ნივთის ფაქტობრივი ფლობა-სარგებლობისათვის ყოველთვიური ქირის სახით 490 აშშ დოლარი (ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში), 2010 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრამდე პერიოდისათვის (47 530 აშშ დოლარი).
(სასარჩელო მოთხოვნა დაზუსტდა, იხ. 22.10.2018წ. სხდომის ოქმი)
სასარჩელო მოთხოვნის საფუძველად მითითებულია შემდეგი:
ნ------------–---–ი წლების განმავლობაში - 2010 წლის სექტემბრიდან 2018 წლის 22 ოქტომბრამდე ფაქტობრივად, ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, ფლობდა და უკანონოდ იკავებდა შპს „ვ-----“-ს კუთვნილ ქონებას (მდებარე - ქ. თბილისი, ჟ. შ-------ას ქ. N35-37, მე-2 სადარბაზო, მე-12 სართული, ბ. N84), ისე რომ ამის არავითარი სამართლებრივი საფუძველი მას არ მოუპოვებია, რითაც ილახება კანონმდებლობით დაცული მესაკუთრის უფლებები. გაფრთხილების მიუხედავად, ნ------------–---–ი 2018 წლის 22 ოქტომბრამდე უკანონოდ ფლობდა შპს „ვ----“-ს საკუთრებას, რითაც იგი უსაფუძვლოდ გამდიდრდა, კერძოდ დაზოგა ქირის სახით გადასახდელი თანხები, რის გამოც მას უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხების მოსარჩელისათვის დაკისრება.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ნ------------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს ქირის სახით თანხების დაკისრების საფუძველი, რამდენადაც იგი მითითებულ ბინაში ცხოვრობდა შესაბამისი საფუძვლით, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გავრცელების წინაპირობას.
3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ვ-----“ ახორციელებდა ქ. თბილისში, შ-------ას (ა---ის) N35/37-ში მრავალბინიანი კორპუსის მშენებლობას.
3.1.2. 2007 წლის 16 მაისს ნ------------–---–სა და შპს „ვ-----“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება N-------, რომლის საფუძველზედაც მოსარჩელემ იკისრა ვალდებულება ქ. თბილისში, შ-------ას (ა---ის) N35/37-ში უზრუნველეყო 14 სართულიანი სახლის აშენება და დამკვეთისათვის მე-3 სადარბაზოში მე-6 სართულზე, ბინა N116ა-ს (ფართი 112 კვ.მ) საკუთრებაში გადაცემა არაუგვიანეს 2008 წლისა, რის ნაცვლადაც ნ------------–---–ს უნდა გადაეხადა 67 200 აშშ დოლარი, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად ერთი წლის განმავლობაში.
3.1.3. მითითებული ხელშეკრულების შესაბამისად, ნ------------–---–ს საკუთრების უფლება ქონებაზე გადაეცემოდა თანხის გადახდის შემდგომ. ხელშეკრულების ფარგლებში ნ------------–---–ის მიერ ჯამში გადახდილია 57 000 აშშ დოლარი.
3.1.4. ნ------------–---–ს 2010 წლის 4 ივნისის შემდეგ თანხის გადახდა არ უწარმოებია, რადგანაც შპს „ვ-----“-ს მხრიდან არ სრულდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
3.1.5. მიუხედავად გადახდილი თანხის ოდენობისა შპს „ვ-----“-ს წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ქონება საკუთრებაში გადაეცათ ნ------------–---–ისათვის, რის ნაცვლადაც 2011 წლის 23 თებერვალს კონკრეტული, 16.05.2007 წლის ხელშეკრულებით განსაზღვრული ბინა, მდებარე ქ. თბილისი, შ-------ას (ა---ის) N35/37, მე-3 სადარბაზო მე-6 სართული, ბინა N116ა (ფართი 112 კვ.მ) გასხვისდა სხვა პირზე.
3.1.6. ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ორმხრივი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა დაიძაბა და წარმოიშვა დავა.
3.1.7. ნ------------–---–ს, ხელშეკრულებით შეთანხმებული ქონების ნაცვლად წლების მანძილზე მფლობელობაში ჰქონდა ამავე კორპუსში მე-2 სადარბაზოში, მე-12 სართულზე განთავსებული ბინა N84, (საერთო ფართი 70 კვ.მ.), რომელიც მოპასუხის მიერ გარემონტდა, რაშიც ჯამში დაიხარჯა - 38 230 ლარი.
3.1.8. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით (------------------ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ნ------------–---–ის სარჩელი შპს „ვ-----“-ს მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, თანხის დაკისრებისა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე და შპს "ვ-----"-ს ნ------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისრა ხელშეკრულების ფარგლებში გადახდილი 57 000 აშშ დოლარისა და სარემონტო ხარჯების 38 230 ლარის ანაზღაურება. ამავე გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა შპს „ვ-----“-ს შეგებებული სარჩელი ნ------------–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე. მითითებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.11.2014წ. გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ტ.1, ს.ფ. 137-149);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.08.2017წ.განჩინება, საქმე N--------------- (ტ.1, ს.ფ. 261-262);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე N---------- შპს „ვ-----“-სათვის დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით 2017 წელს დაიწყო იძულებითი აღსრულება, რომელსაც განსახილველ საქმეზე მოსარჩელის შუამდგომლობით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებით ყადაღა დაედო 17640 აშშ დოლარის ფარგლებში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.11.2014წ. გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ტ.1, ს.ფ. 137-149);
- წინადადება გადაწყვეტილების შესარულების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 296-298)
3.1.10. დღეის მდგომარეობით, უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჟ. შ-------ას (ყოფ. ა---ის) N35-37, ბინა N84, ს/კ 0----------------------, (საერთო ფართი - 266 კვ.მ) ირიცხება - შპს „ვ-----“-ს (70 კვ.მ.), შ--–------------ის (44 კვ.მ.), თ-----------–----–--ისა (92 კვ.მ.) და ლ------------ის (60 კვ.მ.) თანასაკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------- 2015 წლის 11 ივნისის დასკვნის შესაბამისად, ქ. თბილისში, შ-------ას ქ. N35-37-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე მდებარე საცხოვრებელი ბინის (ს/კ 0---------------------- – 70 კვ.მ) ყოველთვიური საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება 2015 წლის 10 ივნისის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 490 აშშ დოლარის ევივალენტს ეროვნულ ვალუტაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 101-108);
3.2.2. ნ------------–---–ს მართლზომიერ მფლობელობაში გააჩნდა უძრავი ნივთი, მდებარე - ქ. თბილისი, ჟ. შ-------ას (ყოფ. ა---ის) N35-37, ბინა N84, ს/კ 0---------------------- (საერთო ფართი 70 კვ.მ). მოპასუხეს ნივთის ფლობის უფლება მიანიჭა თავად შპს „ვ-----“-ს უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.
სადავო შემთხვევაში, მოპასუხემ უზრუნველყო დაედასტურებინა მისი მფლობელობის მართლზომიერება და სასამართლო არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლივ ჭრილში განხილვის საფუძველზე იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ მას სადავო ქონება გადასცა მესაკუთრემ სამომავლოდ საკუთრებაში გადაცემის მიზნით, ხელშეკრულებით შეთანხმებული ქონებისა და გადახდილი თანხის ნაცვლად, რაც შესაბამისობაში იყო შეთავაზებულ ქონებასთან, კერძოდ 67 200 აშშ დოლარის სანაცვლოდ ნ------------–---–ს საკუთრებაში უნდა მიეღო 112 კვ.მ ფართის ქონება, რის ნაცვლადაც მას გადასცეს გადახდილი თანხის - 57 000 აშშ დოლარის შესაბამისად 70 კვ.მ. შავი კარკასი. ამასთან, აღნიშნულ გარემოებას ამყარებს ასევე ის ფაქტიც, რომ ნ------------–---–მა კონკრეტულ ფართში განახორციელა სარემონტო სამუშაოები, რისთვისაც ჯამში დახარჯა 38 230 ლარი. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ მესაკუთრისათვის მიუღებელი იყო ნ------------–---–ის მიერ ქონებაზე მფლობელობის განხორციელება, მას შეეძლო აღეკვეთა აღნიშნული წლების მანძილზე და არ მიეცა საშუალება მისთვის შავი კარკასი გაერემონტებინა. ამავდროულად, ლოგიკურია, რომ მოპასუხე არ განახორციელებდა სარემონტო სამუშაოებს იმ ვითარებაში, თუ მას არ ექნებოდა მოლოდინი კონკრეტული უძრავი ნივთის საკუთრებაში მიღებისა. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს, მოპასუხის მტკიცებას მხარეთა შორის არსებულ შეთანხმებასთან მიმართებით, რამდენადაც შპს „ვ-----“-ს ემართა 57 000 აშშ დოლარი ნ------------–---–ის სასარგებლოდ და აღნიშნული თანხის დაბრუნების სანაცვლოდ მისთვის მისაღები პირობა იქნებოდა მოპასუხისათვის საკუთრებაში გადაეცა 70 კვ.მ შავი კარკასი, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენადაც გასხვისებული იყო უშუალოდ ხელშეკრულების საგანი მას მოუწევდა გადახდილი 57 000 აშშ დოლარის დაბრუნება, რაც შპს „ვ-----“-ს მიერ იძულებითი აღსრულების განხორციელებამდე არ დაბრუნებულა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კერძო სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტებს ევალებათ კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები (სკ-ს 8.3 მუხლი). შპს „ვ-----“-ს არაკეთილსინდისიერებას მოწმობს ის გარემოება, რომ მან პირს საკუთარი ნებით გადასცა მფლობელობაში ქონება, შეპირდა საკუთრების უფლების გადაცემას, გაარემონტებინა ნივთი, რის შემდგომაც უარი განაცხადა საკუთრების უფლების გადაცემაზე და მოითხოვა მისი „უკანონო“ მფლობელობის აღკვეთა, ისე რომ მის მიერ ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული მიღებული 57 000 აშშ დოლარი და გაწეული სარემონტო სამუშაოები ანაზღაურებული. მაშინ, როდესაც ნ------------–---–ს ქონება გადაცემული ჰქონდა მის მიერ კონკრეტული ბინის შესაძენად გადახდილი თანხის სანაცვლოდ, შესაბამისად სანამ მესაკუთრის მიერ არ განხორციელდებოდა თანხის დაბრუნება გაუმართლებელი იქნებოდა მფლობელობის შეწყვეტის მოთხოვნა და სამაგიეროდ დამატებით ქირის სახით თითქოსდა ნ------------–---–ის მიერ დაზოგილი თანხის თვეში 490 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრება. ამასთანავე, კონკრეტული ოდენობით მოთხოვნილი თანხის მოთხოვნა უსაფუძვლოა იმ მხრივაც, რომ ნ------------–---–ს ქონება მფლობელობაში გადაეცა შავი კარკასის სახით, შესაბამისად გაუმართლებელია ქონების ღირებულება შეფასდეს გარემონტებულ მდგომარეობაში, რამეთუ არც ნ------------–---–ს მოუწევდა მსგავსი ოდენობის თანხის გადახდა და ვერც შპს „ვ-----“ უზრუნველყოფდა კონკრეტული ნივთის მითითებული ღირებულებით გაქირავებას, თუ მოთხოვნა განიხილებოდა მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანის ჭრილში.
ასევე, საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ მხარეთა შორის სადავოა მფლობელობის შეწყვეტის თარიღიც, კერძოდ ერთ შემთხვევაში, მოსარჩელე ასაბუთებს, რომ მფლობელობა შეწყდა 2018 წლის ოქტომბერში, ხოლო ამის საწინააღმდეგოდ მოპასუხის მტკიცებით, მას შემდგომ რაც იძულებითი აღსრულების საფუძველზე მიიღო თანხა 2018 წლის იანვარში მის მიერ შეწყდა კონკრეტული ნივთით მფლობელობა და თავად მესაკუთრე აჭიანურებდა გასაღების მიღების პროცესს, რათა სამომავლოდ მოეთხოვა მეტი თანხა. მოსარჩელის მტკიცების საგანს შეადგენდა ედასტურებინა მოპასუხის მიერ განსაზღვრულ ვადამდე მფლობელობის განხორციელება, რისი დადასტურებაც შპს „ვ-----“-მ სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენით ვერ უზრუნველყო.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 25.11.2014წ. გადაწყვეტილება, საქმე N---------- (ტ.1, ს.ფ. 137-149);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს 01.08.2017წ.განჩინება, საქმე N--------------- (ტ.1, ს.ფ. 261-262);
- წინადადება გადაწყვეტილების შესარულების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 296-298)
- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.1, ს.ფ. 101-108);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე შპს „ვ-----“-ს სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე და 172-ე, 155-ე, 159-ე, 162-163-ე, 982-ე, 408-ე, 411-412-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. იმავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. უნდა აღინიშნოს, რომ საკუთრების უფლების არსი, მნიშვნელობა და მისი მაღალი სტანდარტით დაცვის აუცილებლობა მითითებულია არაერთ შიდა, თუ საერთაშორისო აქტსა და სასამართლოს გადაწყვეტილებაში. საკუთრების უფლება ადამიანის არა მარტო არსებობის ელემენტარული საფუძველია, არამედ უზრუნველყოფს მის თავისუფლებას, მისი უნარისა და შესაძლებლობების ადეკვატურ რეალიზაციას, ცხოვრების საკუთარი პასუხისმგებლობით წარმართვას. (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 2 ივლისის N1/2/384 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქეები დავით ჯიმშელეიშვილი, ტარიელ გვეტაძე და ნელი დალალიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სამოტივაციო ნაწილის მე-5 პუნქტი).
მოცემულ შემთხვევაში, უდავოა, რომ მოსარჩელე შპს „ვ-----“-ს საკუთრებაშია უძრავი ნივთის [მდებარე - ქ. თბილისი, ჟ. შ-------ას (ყოფ. ა---ის) N35-37, ბინა N84, ს/კ 0----------------------, (საერთო ფართი - 266 კვ.მ)] 70 კვ.მ., აღნიშნულს ადასტურებს ასევე ამონაწერი საჯარო რეესტრიდან. უდავოა ასევე, გარემოება, რომ დღეის მდგომარეობით კონკრეტული უძრავი ნივთი მესაკუთრის მფლობელობაშია და არსებულ ვითარებაში მისი საკუთრება შეზღუდული არ არის, თუმცა მესაკუთრის მითითებით წლების მანძილზე მას უსაფუძვლოდ შეზღუდული ჰქონდა საკუთრება ნ------------–---–ის უკანონო ქმედების საფუძველზე, რის გამოც სარჩელის ფარგლებში ითხოვს მისი ქონებრივი დანაკლისის, ყოველთვიურად 490 აშშ დოლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, რის სამართლებრივ საფუძვლადაც ალტერნატიულად უთითებს უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზღაურების ნორმებს.
6.2. კონკრეტული სასარჩელო მოთხოვნის შეფასებისათვის სასამართლო უპირველესად მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოიკვლიოს, უძრავი ნივთის მფლობელობის შესაბამისი საფუძვლების არსებობა და მხოლოდ აღნიშნულის შემდგომ მოიხმოს უშუალოდ მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმები.
სამოქალაქო კოდექსის 155.1 მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად, დაუშვებელია მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება. მართლზომიერი მფლობელობის განმავლობაში მის კუთვნილებად ითვლება ნივთისა და უფლების ნაყოფი. 163.1 მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერი მფლობელი, რომელსაც თავიდანვე არ ჰქონია ნივთის ფლობის უფლება ან დაკარგა ეს უფლება, ვალდებულია დაუბრუნოს ნივთი უფლებამოსილ პირს. ვიდრე უფლებამოსილი პირი არ გამოიყენებს თავის ამ უფლებას, ნივთისა და უფლების ნაყოფი ეკუთვნის მფლობელს.
სკ-ის 162-ე მუხლი შეიცავს მართლზომიერი მფლობელის უფლებადამცავ გენერალურ დათქმას, რომელიც ზოგადი ხასიათისაა, ხოლო თავად მართლზომიერი მფლობელობის არსი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება განსხვავებული გარემოებებით დასტურდებოდეს. განსახილველი ნორმის თანახმად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას, განსხვავებით კეთილსინდისიერი მფლობელისაგან, რომელსაც არ გააჩნია ნივთის ფლობის კანონისმიერი საფუძველი. კეთილსინდისიერება და არაკეთილსინდისიერება მიუთითებს სუბიექტურ კრიტერიუმებზე, რაც განისაზღვრება პირის დამოკიდებულებით ნივთის ფლობის სამართლებრივი საფუძვლების მიმართ. მართლზომიერი და არამართლზომიერი მფლობელობა მიგვითითებს ობიექტურად არსებულ ფაქტორებზე, რაც ვლინდება მფლობელობის სამართლებრივი საფუძვლის არსებობაში, ამრიგად, მართლზომიერი მფლობელია მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობაც მესაკუთრის მფლობელობიდანაა ნაწარმოები. ნივთის მართლზომიერი მფლობელობა ვრცელდება მანამ, სანამ არსებობს მართლზომიერი ფლობის საფუძველი. სამოქალაქო კოდექსის მიხედვით დიფერენცირებულია მფლობელობა ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების მიხედვით (160-ე – 164-ე მუხლები). მნიშვნელოვანია, რომ კანონი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერი მფლობელის მოთხოვნას (160-ე - 161-ე მუხლები) და მართლზომიერი მფლობელის მოთხოვნას (162-ე მუხლი). ასევე, არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (163-ე მუხლი) და არაკეთილსინდისიერი მფლობელის ვალდებულებებს (164-ე მუხლი), ამასთან ერთად, გასათვალისწინებელია, რომ კეთილსინდისიერი (არაკეთილსინდისიერი) მფლობელობის ინსტიტუტში, ასევე არსებობს განსხვავებები კეთილსინდისიერი მფლობელისა და არაუფლებამოსილი კეთილსინდისიერი მფლობელის უფლება-ვალდებულებებში. მართლზომიერი ფლობის უფლება გამორიცხავს მესაკუთრის შესაძლებლობას, განახორციელოს სკ-ის 172-ე მუხლით გათვალისწინებული შესაძლებლობანი, რაც შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის დებულებას, რამდენადაც საკუთრების უფლება ქონებაზე მესაკუთრეს არამართლზომიერად არ შეზღუდვია. ამგვარი განმარტება სრულად შეესაბამება როგორც ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას, ისე საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკას (იხ. სუსგ, საქმე Nას-49-44-2015, 02.04.2015წ; Nას-83-83-2018, 20.04.2018წ.).
ამდენად, მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე, კანონის ან მხარეთა შორის არსებული გარიგების თანახმად, ახორციელებს ნივთზე ფაქტობრივ ბატონობას.
კონკრეტული სადავო ურთიერთობის შემთხვევაში, მოპასუხე ნ------------–---–ი წარმოადგენდა უძრავი ნივთის მართლზომიერ მფლობელს, რომელსაც მფლობელობა მიღებული ჰქონდა მესაკუთრესთან შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ დადგენილია, რომ ნ------------–---–სა და შპს „ვ-----“-ს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოპასუხეს საკუთრებაში უნდა გადასცემოდა კონკრეტული უძრავი ნივთი, 67 200 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მხარეებმა დაარღვიეს ნაკისრი ვალდებულებები, კერძოდ ნ------------–---–მა კონკრეტული ხელშეკრულების ფარგლებში ბინის შესყიდვის მიზნით გადაიხადა ჯამში 57 000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელემ ხელშეკრულების საგანი (ბინა N116ა - 112 კვ.მ) გაასხვისა სხვა პირზე და იმ საფუძვლით, რომ ნ------------–---–ისათვის ვერ ახერხებდა გადახდილი თანხის უკან დაბრუნებას შესთავაზა სხვა ქონების საკუთრებაში გადაცემა, რომელიც შესაბამისობაში იყო ნ------------–---–ის მიერ გადახდილ თანხასთან, სწორედ ამ საფუძვლით გადაეცა ნ------------–---–ს სადავო ქონებაზე მფლობელობა და სწორედ საკუთრებაში მიღების მოლოდინით განახორციელა კონკრეტულ ფართში სარემონტო სამუშაოები მფლობელმა. სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, გამართლებულად მიიჩნევს მფლობელის მოლოდინს სადავო ქონების საკუთრებაში აღრიცხვასთან მიმართებით, რადგანაც მის მიერ სანაცვლოდ გადახდილი იყო 57 000 აშშ დოლარი. შესაბამისად მესაკუთრის მტკიცება მფლობელობის არამართლზომიერებასა და არაკეთილსინდისიერებასთან მიმართებით უსაფუძვლო და გაუმართლებელია, რამეთუ კონკრეტულ შემთხვევაში მფლობელობა ხორციელდებოდა მესაკუთრესთან არსებული შეთანხმების საფუძველზე, რაზეც მესაკუთრეს გამოვლენილი ჰქონდა შესაბამისი ნება, რაც ამართლებს საკუთრების შეზღუდვას შესაბამისი სახელშეკრულებო ბოჭვის საფუძვლით.
6.3. როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელე მოთხოვნას, რომელიც შეეხება ნ------------–---–ისათვის, ქონების სარგებლობისათვის ქირის სახით 490 აშშ დოლარის ყოველთვიურად დაკისრებას ერთმანეთისაგან ალტერნატიულად აფუძნებს უსაფუძვლო გამდიდრებისა და ზიანის ანაზღაურების ნორმებს. შესაბამისად, კონკრეტული ორი ვალდებულების წარმოშობის საფუძვლის განსხვავებული წინაპირობების გათვალისწინებით, ფაქტობრივ საფუძვლადაც მოსარჩელეს მითითებული აქვს განსხვავებული გარემოებები, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებით შეფასდება ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
კერძოდ, შპს „ვ-----“-ს მიერ წარმოდგენილია ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც შეფასებულია სადავო ქონების ყოველთვიური ქირის ოდენობა, რაზე დაყრდნობითაც მოსარჩელე მიუთითებს, რომ ნ------------–---–მა 2010-2018 წლებში დაზოგა ქირის სახით გადასახდელი თანხები და ამ მხრივ გამდიდრდა, ამასთან აღნიშნული გარემოების ალტერნატიულად ამავე დასკვნაზე დაყრდნობით ასაბუთებს, რომ მის მიერ განცდილია ზიანი მიუღებელი შემოსავლის სახით, კერძოდ რომ არა ნ------------–---–ის მფლობელობა იგი გააქირავებდა კუთვნილ ქონებას და ყოველთვიურად 2010-2018 წლებში მიიღებდა ქირას 490 აშშ დოლარის ოდენობით.
უპირველესად სასამართლო კონკრეტულ მოთხოვნას განიხილავს უსაფუძვლო გამდიდრების ჭრილში, რის შემდგომაც შეაფასებს მოთხოვნის საფუძვლიანობას ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით.
6.4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნა უნდა შეფასდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესის მოხმობის გზით, რომელიც მოცემულია სკ-ის 982-ე მუხლით, კერძოდ პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი.
ხელყოფის კონდიქცია წარმოადგენს საკუთრების და ზოგადად სამართლებრივი სიკეთეების დამცავ ინსტიტუტს. ხელყოფის ობიექტად განიხილება სანივთო უფლებები, შეზღუდული სანივთო უფლებები (სერვიტუტი), მფლობელობა ან არამატერიალური ქონებრივი სიკეთეები (საპატენტო, საავტორო უფლებები). ხელყოფა შეიძლება შეეხოს პირად უფლებებსაც (მაგ საკუთარ სურათზე უფლება). კანონმდებელმა სკ-ის 982-ე მუხლში გაითვალისწინა ხელყოფის გამოხატვის სხვადასხვა ფორმა. ამ გაგებით, ხელყოფა შეიძლება განხორციელდეს თანხმობის გარეშე სიკეთის განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების თუ სხვა გზით. ჩარევა შეიძლება გამოიხატოს სხვა პირის სამართლებრივი მდგომარეობის ეკონომიკურ გამოყენებაში, რომელიც, უფლებრივი თვალსაზრისით მხოლოდ მის მფლობელს ეკუთვნის. ხელყოფის კონდიქციის დროს ხორციელდება სხვისი ნივთის ან უფლების გამოყენება, განკარგვა უფლებამოსილი პირის ნებართვის გარეშე. ამ დროს მოთხოვნის კრედიტორია ქონების განკარგვის უფლების მქონე პირი, ხოლო მოპასუხე არაუფლებამოსილ პირი, რომელმაც ხელყო სხვისი საკუთრება, მისი განკარგვის გზით, რითაც მიიღო ქონებრივი შეღავათი. განსხვავებით შესრულების კონდიქციისაგან ხელყოფის კონდიქციის წინაპირობას წარმოადგენს რაიმეს მოპოვება ხელყოფით, ანუ სხვისათვის მიკუთვნებული სამართლებრივი სიკეთის მითვისებით. ხელყოფის ობიექტს უნდა წარმოადგენდეს სამართლებრივი სიკეთე, რომლის ეკონომიკური გამოყენების უფლებასაც მართლწესრიგი კონდიქციის მფლობელს ანიჭებს. აღნიშნული კონდიქციის მესამე წინაპირობაა, რომ ხელმყოფის გამდიდრება მოხდეს კონდიქციის კრედიტორის ხარჯზე. არ არის აუცილებელი, რომ ხელყოფის მეშვეობით რაიმეს მოპოვებამ გამოიწვიოს კონდიქციის კრედიტორის გაღარიბება – კონდიქციური მოთხოვნა, განსხვავებით დელიქტურისაგან, ემსახურება არა ზიანის ანაზღაურებას, არამედ ქონების უსაფუძვლო წანაცვლების უკუქცევას. შესაბამისად წინაპირობა “სხვის ხარჯზე” ემსახურება ხელყოფილი სამართლებრივი სიკეთის მფლობელის იდენტიფიცირებას – მართლწესიგი უნდა აკუთვნებდეს სხვა პირს ხელყოფილი სიკეთის გამოყენების უფლებას. ამგვარად, ხელყოფის კონდიქციით შეიძლება მხოლოდ იმ ქონებრივი სარგებლის უკუმოთხოვნა, რომელიც პირმა მოიპოვა სხვა პირის სამართლებრივი პოზიციის ხელყოფისა და ამ პოზიციის მისთვის მიკუთვნებული რეალიზაციის მონოპოლიის მითვისებით. აუცილებელია, რომ დაცული სამართლებრივი პოზიცია უფლებამოსილ პირს ანიჭებდეს მესამე პირთათვის მისი გამოყენების აკრძალვის შესაძლებლობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტების შესაბამისად, 982-ე მუხლით გათვალისწინებული „ზიანი“ წარმოადგენს არა ზიანის ანაზღაურების შემთხვევას, არამედ, საქმე გვაქვს გამდიდრების გათანაბრებასთან“. ამ შემთხვევაში ყურადსაღებია, რომ ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა. აქედან გამომდინარე, ზემოთხსენებულ ნორმაში მითითებულ ზიანში იგულისხმება, მიღებულის დაბრუნების შეუძლებლობის შემთხვევაში, მისი ღირებულების ანაზღაურება, ანუ საქმე გვაქვს არა ზიანის ანაზღაურებასთან, არამედ გამდიდრების გათანაბრების შემთხვევასთან. ამდენად, სადავო ფაქტობრივი სიტუაცია არ ითვალისწინებს ზიანის ინსტიტუტს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით... საყურადღებოა შესრულების კონდიქციის რეგულირების მექანიზმი, კერძოდ, სკ-ის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, „უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით... იმის გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, ზემოხსენებული ნორმის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირმა (მოსარჩელემ) შეიძლება გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით (იხ. სუსგ 16.12.2016წ. საქმე Nას-678-649-2016; 05.12.2013წ. საქმე Nას-472-448-2013).
მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ გვაქვს უსაფუძვლო გამდიდრების წინაპირობები, კერძოდ ნ------------–---–ს ქირის სახით გადასახდელი თანხები უსაფუძვლოდ არ დაუზოგავს, იგი სადავო უძრავ ქონებას ფლობდა მესაკუთრესთან არსებული შეთანხმებით, რომელიც მიღებული 57 000 აშშ დოლარის სანაცვლოდ ვალდებული იყო უზრუნველეყო ნ------------–---–ისათვის სათანადო საცხოვრისი და იმ შემთხვევაში, თუ მისთვის მიუღებელი იყო მოპასუხის მხრიდან მფლობელობის განხორციელება შპს „ვ-----“-ს უნდა დაებრუნებინა მიღებული 57 000 აშშ დოლარი, რის შემდგომაც ნ------------–---–ს ექნებოდა შესაძლებლობა და წარმოეშობოდა ვალდებულება შეეწყვიტა მფლობელობა. შესაბამისად, მტკიცება, თითქოს ნ------------–---–მა მფლობელობის განხორციელებით დაზოგა ქირის სახით გადასახდელი თანხები შპს „ვ-----“-ს ხარჯზე გაუმართლებელია, რაც გამორიცხავს უსაფუძვლო გამდიდრების გზით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
6.5. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება არც მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების თვალსაზრისით, რასთან მიმართებითაც სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოიხმოს სამოქალაქო კოდექსის შემდეგი ნორმები:
- 408.1-ე მუხლი: იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
- 411-ე მუხლი: ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
- 412-ე მუხლი: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეში განმარტა, რომ მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით, ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ №ას-307-291-2011, 24 ოქტომბერი, 2011 წელი; სუსგ №ას-899-845-2012, 22 ნოემბერი, 2012 წელი).
კონკრეტულ შემთხვევაში, შპს „ვ-----“-მ ვერ უზრუნველყო მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების დადასტურება, მოსარჩელის ვალდებულებას წარმოადგენდა ედასტურებინა მოპასუხის არამართლზომიერი, ბრალეული ქმედების შედეგად ზიანის განცდის ფაქტი. ნ------------–---–ს უსაფუძვლოდ არ ჰქონდა დაკავებული შპს „ვ-----“-ს საკუთრება, შესაბამისად მას როგორც მართლზომიერ მფლობელს, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება არ ჩაუდენია, ამასთან მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაედასტურებინა თავად ზიანის არსებობის ფაქტი. რამდენადაც კონკრეტული სარჩელით მოთხოვნილია მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება, მოსარჩელის ვალდებულებას შეადგენდა სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენის გზით ედასტურებინა ამგვარი შემოსავლის მიღების სარწმუნოობა. მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა გარემოება, რომ იგი უზრუნველყოფდა კონკრეტული ქონების გაქირავებას, რადგანაც შპს „ვ-----“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც დაკავებულია ბინების ყიდვა-გაყიდვით, მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო დაესაბუთებინა, რომ მისი სამეწარმეო საქმიანობა მოიცავს ასევე ბინების გაქირავებას და ამ გზით შემოსავლის მიღებას, შესაბამისად გაქირავების საფუძვლით ზიანზე მსჯელობა დაუსაბუთებელია. ასევე ზიანის ოდენობასთან მიმართებით საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის დასკვნით შეფასებულია გარემონტებული ბინის ქირის ოდენობა, მაშინ როდესაც ნ------------–---–ს მფლობელობაში გადაეცა შავი კარკასი და სარემონტო სამუშაოები განახორციელა მოპასუხემ, შესაბამისად გაუმართლებელია გარემონტებული ბინის ქირის ოდენობის განსაზღვრა, რაც ამ მხრივაც გამორიცხავს მითითებული ოდენობით ზიანის ანაზღაურებას. მიუღებელი შემოსავლის არსებობა უნდა დასტურდებოდეს სათანადო მტკიცებულებების არსებობით და დაუშვებელია იგი ემსახურებოდეს კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრებას, რის გამოც შპს „ვ-----“-ს სარჩელი ქირის სახით, ყოველთვიურად 490 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია ჯამში - 3462 ლარი, კერძოდ: 18.03.2015წ. - 120 ლარი (ს.ფ. 25); 18.03.2015წ. - 100 ლარი (ს.ფ. 26); 18.03.2015წ. - 100 ლარი (ს.ფ. 84); 18.04.2015წ. - 150 ლარი (ს.ფ. 85); 15.06.2015წ. - 1635 ლარი (ს.ფ. 109); 30.10.2017წ. - 1357 ლარი (ს.ფ. 310).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
სასარჩელო მოთხოვნის ოდენობიდან გამომდინარე მოსარჩელეს ევალებოდა სახელმწიფო ბაჟის სახით გადაეხადა 3846 ლარი [სსსკ-ს 41.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და 39.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი]. შესაბამისად სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის გამო მოსარჩელეს ეკისრება სხვაობის სახით არსებული თანხის - 384 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ანაზღაურების ვალდებულება.
მოპასუხემ მოითხოვა მის მიერ წარმომდგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრება მოსარჩელისათვის, რაც არ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ხარჯის დამადასტურებელი მტკიცებულების საქმეში არ არსებობის გამო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განჩინებით ყადაღა დაედო მოპასუხე ნ------------–---–ისთვის გადასაცემ ფულად სახსრებს, 17 640 აშშ დოლარის ფარგლებში, ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №--------- სააღსრულებო საქმეზე (საქმის №----------) შესული თანხიდან.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი არ კმაყოფილდება, სსსკ-ს 1991 მუხლის თანახმად, უნდა გაუქმდეს საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რადგან, ნორმით რეგულირებულია შემაჯამებელი გადაწყვეტილებით განსაზღვრული შედეგის შესაბამისად - გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების ბედი და დადგენილია, რომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისას სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ვ-----“-ს სარჩელი ნ------------–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 3462 ლარი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში;
3. მოსარჩელე შპს „ვ-----“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი - 384 ლარის ოდენობით.
4. მოპასუხის მოთხოვნა მოსარჩელისათვის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–--------------- განჩინება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ნ------------–---–ისთვის გადასაცემ ფულად სახსრებს, 17 640 აშშ დოლარის ფარგლებში, ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაში არსებულ №--------- სააღსრულებო საქმეზე (საქმის №----------) შესული თანხიდან.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში სააპელაციო საჩივრით, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ანა ჩოგოვაძე