გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/5879-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი’’
წარმომადგენელი - ლ--–---------ა
მოპასუხე - კ-------------–-–---–ი
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 890.69 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 085.53 ლარი, პროცენტი - 2 255.16 ლარი და პირგასამტეხლო - 1 550 ლარი;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 796.28 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 860.82 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-15, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
1.1.1. 2013 წლის 11 ნოემბერს მხარეებს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის მოცულობა წლიური 18.5% სარგებლის გადახდის პირობით განისაზღვრა 9 700 ლარით, მოქმედების ვადა - 60 თვე. ხელშეკრულების თანახმად, პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%-ს;
1.1.2. მსესხებელს თანხის გადახდა უნდა განეხორციელებინა ხელშეკრულების თანდართული გრაფიკის შესაბამისად, რომელიც ამავე ხელშეკრულების 5.1 პუნქტის თანახმად წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს;
1.1.3. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მასსა და მ-----–------------–---–ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა 14 928.49 ლარით;
1.1.4. მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა თანხის გადახდის გრაფიკი. შესაბამისად, მას ერიცხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 2018 წლის 16 თებერვლამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი);
1.1.5. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 8 890.69 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 085.53 ლარი, სარგებელი - 2 255.16 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1 550 ლარი;
1.1.6. 2013 წლის 23 ოქტომბერს მასსა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის (Magic Card) №2-------------- ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 640 ლარი, საპროცენტო განაკვეთი კი განისაზღვრა 36%-ით. ხელშეკრულების მოქმედების ვადა - 21.10.2014 წელი;
1.1.7. მოპასუხის მიერ 2016 წლის 29 მარტიდან აღარ განხორციელებულა თანხის გადახდა საკრედიტო ბარათის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით. შესაბამისად, მას ერიცხება ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო აღნიშნული თარიღიდან 2018 წლის 16 თებერვლამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი);
1.1.8. საკრედიტო ბარათის №2-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება შეადგენს 796.28 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 640 ლარი, ხოლო პროცენტი - 156.28 ლარი;
1.1.9. მოპასუხის მიერ ბანკომატის მეშვეობით გააქტიურდა მის სახელზე არსებული №7-------------- ოვერდრაფტი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არ არსებობს რაიმე სახის წერილობითი მტკიცებულება და მის მიერ თანხის გატანის ფაქტი დასტურდება საბანკო ამონაწერით;
1.1.10. მოპასუხის სახელზე არსებული №7-------------- ოვერდრაფტიდან გამომდინარე დავალიანება შეადგენს 860.82 ლარს;
1.1.11. მან 2017 წლის 19 ნოემბრის და 2018 წლის 21 იანვრის მიმართვებით მიმართა როგორც მსესხებელს, ასევე თავდებს, დავალიანების არსებობის და აღნიშნული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე. ვინაიდან აღნიშნულ მიმართვებზე არც მსესხებლის და არც თავდების მიერ არ განხორციელებულა რაიმე სახის რეაგირება, მის მიერ განხორციელდა შეტყობინების გამოქვეყნება საჯარო პუბლიკაციის მეშვეობით.
2. მოპასუხის პოზიცია:
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 55-64, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
2.1.1. მართალია მხარეებს შორის 2013 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება და მის მიერ არ შესრულებულა თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად, მაგრამ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების შემაფერხებელი გარემოება, რაც გულისხმობს იმას, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნები ხანდაზმულია, რადგან გასულია პერიოდული ვალდებულების შესრულებისათვის სამოქალაქო კანონმდებლობით დადგენილი სამ წლიანი ვადა;
2.1.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.5% წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალს, რაც სამოქალაქო კანონმდებლობის თანახმად უნდა შემცირდეს მინიმუმ 0.005%-მდე;
2.1.3. მართალია 2013 წლის 23 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათის (Magic Card) №2-------------- ხელშეკრულება და მის მიერ არ შესრულებულა თანხის გადახდის ვალდებულება ჯეროვნად, მაგრამ მისგან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნებიც ხანდაზმულია პერიოდულად შესასრულებელ ვალდებულებათათვის განსაზღვრული სამ წლიანი ვადის გათვალისწინებით;
2.1.4. არაგონივრულია აღნიშნული სასესხო ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობა და იგი უნდა შემცირდეს გონივრულ ოდენობამდე;
2.1.5. მსგავსად ამ ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებისა, ასევე ხანდაზმულია ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, რის გამოც იგი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მის შესრულებაზე;
2.1.6. მას არ მიუღია მოსარჩელის მიერ 2017 წლის 19 ნოემბერს და 2018 წლის 21 იანვარს გაგზავნილი შეტყობინებები ვალდებულების შესრულების მოთხოვნის თაობაზე, ვინაიდან იგი უკვე რვა წელია აღარ ცხოვრობს იმ მისამართზე სადაც მოსარჩელის მიერ იგზავნებოდა წერილობითი კორესპონდენცია. მოგვიანებით მან ჩაიბარა მოსარჩელის 2018 წლის 17 იანვრის წერილი, მაგრამ ამ დროს გასული იყო წერილში მითითებული რეაგირების ვადა და მას არ ჰქონდა თანხის გადახდის საშუალება.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2013 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 9 700 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 12.11.2018, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18.5%.
ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია სესხი დაფაროს დანართი №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 19-24)
3.1.2. მხარეთა შორის 2013 წლის 11 ნოემბერის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში მოსარჩელეს და მ-----–------------–---–ს შორის გაფორმდა თავდებობის №0---------------1 ხელშეკრულება.
აღნიშნული ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 14 928.49 ლარს. ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად კი, თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის შეზღუდვის გარეშე კრედიტების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26)
3.1.3. მოპასუხემ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 03 თებერვალს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 29-32; 118)
- შემოსავლის ორდერები (ს.ფ. 94-102)
- ცნობა (ს.ფ. 16)
3.1.4. 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8 890.69 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 085.53 ლარი, პროცენტი - 2 255.16 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1 550 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 16)
3.1.5. 2013 წლის 23 ოქტომბერს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულება - ,,Magic Card’’. აღნიშნული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 640 ლარით, სარგებელი - 36%-ით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო -20 ლარი, ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი - 0.50% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური გადასახადის ძირითადი სესხის ნაწილის დაუფარავი ოდენობიდან. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 21.10.2013-21.10.2014-მდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება (ს.ფ. 27-28)
3.1.7. მოპასუხემ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი ანგარიშიდან, ცნობა (ს.ფ. 17, 121)
3.1.8. 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, კ-------------–-–---–ს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 796.28 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 640 ლარი, ხოლო პროცენტი 156.28 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 17)
3.1.9. მოპასუხემ ისარგებლა სს ,,ლ-------------ში’’ მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებით და განახორციელა თანხის ათვისება. მის მიერ დარღვეულია აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაფარვის ვალდებულების გრაფიკი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 18)
3.1.10. ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე კ-------------–-–---–ის დავალიანება შეადგენს 860.82 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 18)
3.1.11. მოპასუხეს გაეგზავნა შეტყობინებები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე. მოსარჩელის მიერ ასევე განხორციელდა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიმართვები, საფოსტო შეტყობინებები, ამონარიდი გაზეთიდან (ს.ფ. 34-36; 39-43)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოსარჩელის მოთხოვნები 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან და მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნების ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს საბანკო ამონაწერები, რომლითაც მიუთითებს მოპასუხის პოზიციის უსაფუძვლობაზე და რომლის თანახმადაც განმარტავს, რომ 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მოპასუხეს ბოლო გადახდა განხორციელებული აქვს 2016 წლის 29 მარტს, ხოლო ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა მის მიერ განხორციელებულია 2016 წლის 26 აპრილს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
წარმოდგენილი ამონაწერების გამოკვლევის შედეგად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას მოპასუხის მიერ ბოლო გადახდებთან მიმართებით. 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულების საბანკო ამონაწერის (ს.ფ. 121) თანახმად, უშუალოდ მოსარჩელის მიერ თანხის გადახდა აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ფიქსირდება 2014 წლის 25 თებერვალს. 2016 წლის 29 მარტს საბანკო დაწესებულებას - მოსარჩელეს, თავად აქვს მოპასუხის ანგარიშიდან თანხა ჩამოჭრილი დავალიანების დაფარვის მიზნით. აღნიშნული ცხადია, არ გულისხმობს, ვალდებული პირის - მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების მიზნით თანხის გადახდას. შესაბამისად, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 25 თებერვალს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი თავადვე განმარტავდა, რომ 2014 წელს რომ შეიტანა მოპასუხემ თანხა ანგარიშზე, იქედან მოახდინა 2016 წლის 29 მარტს თანხის ჩამოჭრა 34.75 ლარის ოდენობით შესაბამისი დავალიანების დაფარვის მიზნით.
აღნიშნულის ანალოგიურად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმის თაობაზე, რომ ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა მოპასუხის მიერ განხორციელებულია 2016 წლის 26 აპრილს. საბანკო ამონაწერის თანახმად (ს.ფ. 119-120) მოპასუხის მიერ თანხის შეტანა ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლოს ფიქსირდება 2014 წლის 08 მარტს. მოსარჩელის მიერ მითითებულ თარიღი - 2016 წლის 26 აპრილს, კი ფიქსირდება კვლავ მოსარჩელის მიერ განხორციელებული საბანკო ოპერაცია -ანგარიშიდან ლიმიტის გადახარჯვის პროცენტის ჩამოჭრა. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ ხელშეკრულებასთან მიმართებით იზიარებს კვლავ მოპასუხის პოზიციას, რომლის თანახმადაც მის მიერ ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა განხორციელებულია 2014 წლის 08 მარტს. სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავდა, რომ 2016 წლის აპრილში 2 ლარი ჩამოაჭრა იმ თანხიდან, რაც ანგარიშზე იყო, მანამადე 2014 წლის 8 მარტს შეიტანა 9 ლარი, რაც ხელფასიდან ჩამოაჭრეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. ამავე კოდექსის 141-ე მუხლის თანახმად, კი თუ შეწყდება ხანდაზმულობის ვადის დენა, მაშინ შეწყვეტამდე განვლილი დროს მხედველობაში არ მიიღება და ვადა დაიწყება თავიდან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის მიზნებისათვის აღიარება წარმოადგენს უფლებამოსილი პირის წინაშე განხორციელებულ მოვალის ფაქტობრივ ქმედებას, რომლითაც არაორაზროვნად დასტურდება შესაბამისი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოვალის აღქმა. ამასთან, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ ხანდაზმულობის ვადის დენის შეწყვეტას იწვევს უშუალოდ ვალდებული პირის მიერ შესრულებული მიზანმიმართული ქმედება, რის გამოც სასამართლო ვერ იზიარებს მოსარჩელის პოზიციას ვალდებულების შესრულების ბოლო თარიღებთან მიმართებით. საბანკო ამონაწერების თანახმად, დასტურდება, 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- შესრულების მიზნით მოპასუხის მიერ ბოლო გადახდა განხორციელბულია 2014 წლის 25 თებერვალს, ხოლო ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით ბოლო გადახდა მოპასუხის მიერ განხორციელებულია 2014 წლის 08 მარტს. აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე სარჩელი კი წარმოდგენილია 2018 წლის 23 თებერვალს - ორივე მოთხოვნისათვის დადგენილი სამ წლიანი ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნები მოპასუხის მიმართ 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან და მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე ხანდაზმულია.
3.2.2. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით არ არის ხანდაზმული.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 03 თებერვალს. ამასთან, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება დადასტურდა არა მხოლოდ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერით (ს.ფ. 118), არამედ თავად მოპასუხის მიერვე წარმოდგენილი შემოსავლის ორდერით (ს.ფ. 102). სარჩელი წარმოდგენილია 2018 წლის 23 თებერვალს. შესაბამისად, აღნიშნული ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დადგენილი მოთხოვნის წარდგენისათვის სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლით დადგენილი სამ წლიანი ვადის გათვალისწინებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით არ არის ხანდაზმული.
3.2.3. 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ შემცირებული მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 550 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი 155 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო შეადგენს ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხის მხრიდან აღნიშნული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 1 550 ლარის ოდენობით.
მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხე მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულია და იგი უნდა შემცირდეს სასამართლოს მიერ. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.
სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.
პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).
სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2013 წლის 11 ნოემბრის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.
მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.
ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:
ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;
ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;
გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;
დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).
პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო - 1 550 ლარი შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 155 ლარის ოდენობით.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 463-ე, 463-ე, 465-ე,891-ე, 892-ე 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 420-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე, 144-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.
სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხის სახელზე გაიცა კრედიტი - 9 700 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 12.11.2018, კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 18.5%.
საქმის მასალებიდან გამომდინარე ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით მის მიერ ბოლო გადახდა განხორციელებულია 2017 წლის 03 თებერვალს. ამასთანავე, 2013 წლის 11 ნოემბერის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხის დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 8 890.69 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 5 085.53 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სარჩელი წარმოდგენილი აქვს ძირითადი მოვალის - კ-------------–-–---–ის მიმართ.
ამასთან, დადგენილია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულების მიზნით არ არის ხანდაზმული.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს მოპასუხის მიმართ 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 8 890.69 ლარის დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
6.3. მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. ამასთან დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საპროცენტო განაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ 2013 წლის 11 ნოემბრის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეს ერიცხება მოსარჩელის მიმართ ერიცხება პროცენტის დავალიანება - 2 255.16 ლარი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია ხელშეკრულებების დარღვევებიდან გამომდინარე მოთხოვნა მოპასუხეთათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ უნდა დაეკისროს რომ 2013 წლის 11 ნოემბრის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე პროცენტის დავალიანება - 2 255.16 ლარის ოდენობით. 6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო. სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, რომ 2013 წლის 11 ნოემბრის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 550 ლარის შემცირება და მისი განსაზღვრა 155 ლარით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული - 155 ლარის ოდენობით. 6.5. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნები 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან და მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაკისრების თაობაზე. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები შესრულებული არ არის მოპასუხის მხრიდან ჯეროვნად, ვინაიდან მსესხებელი სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, შესაბამისი სასარჩელო მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 366.73 ლარი (ს.ფ. 48-50). სასარჩელო მოთხოვნების ოდენობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 316.43 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 50.3 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა.
სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 71.06%, შესაბამისად, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 224.87 ლარის ანაზღაურება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს ,,ლ-------------ის’’ სარჩელი მოპასუხე კ-------------–-–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე კ-------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2013 წლის 11 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 5 085.53 ლარის ოდენობით, პროცენტის გადახდა - 2 255.16 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა - 155 ლარის ოდენობით;
3. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ მოთხოვნა მოპასუხისათვის 2013 წლის 23 ოქტომბრის საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე 796.28 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
4. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ მოთხოვნა მოპასუხისათვის ოვერდრაფტიდან გამომდინარე 860.82 ლარის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;
5. მოპასუხე კ-------------–-–---–ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 224.87 ლარის ოდენობით;
6. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50.3 ლარი, რომელიც გადახდილია 21/02/2018 წლის №5140129184 საგადახდო დავალებით, შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი