გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210017001797973
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/3888-17

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ლ-------------ი''

წარმომადგენელი - ლ--–----------

მოპასუხე - თ---------------–---–--, ლ-------–------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 18 აგვისტოს საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 12 039.27 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 9 121.82 ლარი, პროცენტი- 1 917.45 ლარი და პირგასამტეხლო - 1 000 ლარი;

1.2. მოპასუხე თ---------------–---–--ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 22 აგვისტოს საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 706.26 ლარი, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 1 280 ლარი, ხოლო პროცენტი - 426.26 ლარი;

1.3. მოპასუხე თ---------------–---–--ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 920 ლარი;

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-16, 2018 წლის 30 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი):

1.1.1. 2014 წლის 18 აგვისტოს მასსა და მოპასუხე თ---------------–---–--ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც კრედიტის მოცულობა განისაზღვრა 11 000 ლარით, მოქმედების ვადა - 2018 წლის 03 სექტემბარამდე, სარგებელი განისაზღვრა - 15.5%-ით, პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%;

1.1.2. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით 2018 წლის 18 აგვისტოს მასსა და ლ-------–------ეს შორის გაფორმდა თავდებობის №0---------------1 ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მან სოლიდარულად იკისრა ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. ხელშეკრულების მიხედვით თავდებობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 14 955.02 ლარით;

1.1.3. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მოვალის მიერ დარღვეულია 2015 წლის 01 სექტემბრიდან, რაც გამოიხატა გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობაში. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო 2017 წლის 06 იანვრიდან მის მიერ შეწყვეტილია ხელშეკრულება;

1.1.4. საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეთა დავალიანება 2017 წლის 06 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 13 839.27 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 9 121.82 ლარი, პროცენტი - 1 917.45 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2 800 ლარი. იგი მოითხოვს მათთვის შემცირებული პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის დაკისრებას;

1.1.5. 2014 წლის 22 აგვისტოს მასსა და თ---------------–---–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ლიმიტის მოცულობა განისაზღვრა 1 280 ლარით, კრედიტის მოქმედების ვადა - 2015 წლის 20 აგვისტომდე, სარგებელი - 36%-ით, პირგასამტეხლო-ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%;

1.1.6. 2017 წლის 06 იანვრის მდგომარეობით, საკრედიტო მომსახურების №M------------- ხეშეკრულებიდან გამომდინარე თ---------------–---–--ს დავალიანება შეადგენს 1 706.26 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 280 ლარი, ხოლო პროცენტი - 426.26 ლარი;

1.1.7. მოპასუხე თ---------------–---–-- ასევე სარგებლობს მის სახელზე არსებული ოვერდარფტით, რომლის დავალიანებაც 2017 წლის 06 იანვრის მდგომარეობით შეადგენს 920 ლარს.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხე ლ-------–------ემ სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თუმცა არ მიუთითებია კონკრეტული თანხა და მიუთითა, რომ დავალიანების დაანგარიშების შემდეგ იგი სარჩელის ცნობას განახორციელებდა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე. ამასთანავე, წარმოდგენილი სარჩელით მოპასუხე დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს (იხ. შესაგებელი (ს.ფ. 71-78).

2.2. მოპასუხე თ---------------–---–--ს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ წარმოუდგენია შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. სასამართლო სხდომაზე მითითებული პოზიციით, მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2014 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე თ---------------–---–--ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ---------------–---–--ს სახელზე გაიცა კრედიტი - 11 000 ლარი, კრედიტის მოქმედების ვადა - 48 თვე, კრედიტის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 17.9%.

ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების ერთჯერადი პირგასამტეხლო შეადგენს 5 ლარს, ხოლო ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების თანახმად, კლიენტი ვალდებულია სესხი დაფაროს დანართი №1-ში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 18-22)

 

3.1.2. მოსარჩელესა და მოპასუხე თ---------------–---–--ს შორის 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით ამავე თარიღში მოსარჩელეს და ლ-------–------ეს შორის გაფორმდა თავდებობის №0---------------1 ხელშეკრულება, რომლის 3.2. პუნქტის თანახმად, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა შეადგენს 14 995.02 ლარს. ამავე ხელშეკრულების 3.3. პუნქტის თანახმად თავდებობით სრულადაა უზრუნველყოფილი ამ მუხლში აღწერილი მსესხებლის საკრედიტო ვალდებულებები, მათ შორის შეზღუდვის გარეშე კრედიტების დარიცხული საპროცენტო სარგებელი, პირგასამტეხლო და საურავი, სასამართლო/არბიტრაჟის პროცესთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადება, ხელშეკრულება (ს.ფ. 23-24)

 

3.1.3. 2015 წლის 01 სექტემბერიდან მოპასუხე თ---------------–---–--მ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან, ცნობა (ს.ფ. 39, 43-60; 206-215)

 

3.1.4. მოვალის მიერ საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, მოსარჩელის მიერ აღნიშნული ხელშეკრულება შეწყვეტილია 2017 წლის 06 იანვრიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 13 839.27 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 9 121.82 ლარი, პროცენტი - 1 917.45 ლარი, ხოლო ჯარიმა - 2 800 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 39)

 

3.1.6. 2014 წლის 22 აგვისტოს მოსარჩელეს და თ---------------–---–--ს შორის გაფორმდა საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობების თანახმად, საკრედიტო ლიმიტის მთლიანი მოცულობა განისაზღვრა 1 280 ლარით, სარგებელი - 36%-ით, ვადაგადაცილების პირგასამტეხლო - 20 ლარი, ვადაგადაცილების საჯარიმო პროცენტი - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მინიმალური გადასახადის ძირითადი სესხის ნაწილის დაუფარავი ოდენობიდან. ხელშეკრულების თანახმად, კრედიტის მოქმედების ვადა განისაზღვრა - 2015 წლის 20 აგვისტომდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები, ხელშეკრულება (ს.ფ. 25-26)

 

3.1.7. მოპასუხე თ---------------–---–--მ 2015 წლის 26 სექტემბრიდან დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან, ცნობა (ს.ფ. 38, 61-64; 216-217)

 

3.1.8. 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, თ---------------–---–--ს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 1 706.26 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 280 ლარი, ხოლო პროცენტი 426.26 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 38)

 

3.1.9. მოპასუხე თ---------------–---–--მ ისარგებლა სს ,,ლ-------------ში’’ მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებით და განახორციელა თანხის ათვისება. მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაფარვის ვალდებულების გრაფიკი დარღვეულია 2015 წლის 30 სექტემბრიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 37)

 

3.1.10. ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თ---------------–---–--ს დავალიანება შეადგენს 920 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 37)

 

3.1.11. მოპასუხეებს მოსარჩელის მიერ გაეგზავნათ შეტყობინებები საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ნებაყოფლობით დაფარვის თაობაზე. მოსარჩელის მიერ ასევე განხორციელდა შეტყობინების საჯარო გამოქვეყნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მიმართვები, საფოსტო შეტყობინებები, ამონარიდი გაზეთიდან (ს.ფ. 28-36)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2014 წლის 18 აგვისტოს საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობით მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 1 000 ლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული და არსებობს მისი 500 ლარამდე შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს მოსარჩელესა და მოპასუხე თ---------------–---–--ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თ---------------–---–--ს სახელზე გაიცა კრედიტი - 11 000 ლარის ოდენობით. ამავე ხელშეკრულების თანახმად, ვადაგადაცილების ერთჯერადი პირგასამტეხლო შეადგენს 5 ლარს, ხოლო ვადაგადაცილების ყოველდღიური პირგასამტეხლო - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხის მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება პირგასამტეხლო 2 800 ლარის ოდენობით. ამასთან მოსარჩელემ დაზუსტებული პოზიციით მოითხოვა მისი შემცირებული ოდენობის - 1 000 ლარის გადახდის დაკისრება მოპასუხისათვის.

მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda"-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, 2014 წლის 18 აგვისტოს ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხისთვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც თავად მოსარჩელისვე შემცირებული ოდენობით შეადგენს 1 000 ლარს, შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 500 ლარის ოდენობით.

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, მე-400, 463-ე, 4634-ე, 891-ე, 892-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობები.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სასამართლო მიუთითებს, რომ ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია სამი დამოუკიდებელი სახელშეკრულებო ურთიერთობა, ამასთან, უდავოა თითოეულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი.

კერძოდ, დადგენილია, რომ 2015 წლის 01 სექტემბერიდან მოპასუხე თ---------------–---–--მ დაარღვია მასსა და სს ,,ლ-------------ს’’ შორის გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ხოლო 2015 წლის 26 სექტემბრიდან მან ასევე დაარღვია საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე. საქმის მასალებიდან გამომდინარე ასევე უდავოდ დადგენილია, რომ მოპასუხე თ---------------–---–--მ ისარგებლა სს ,,ლ-------------ში’’ მის სახელზე არსებული ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებით და განახორციელა თანხის ათვისება. მის მიერ აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე თანხის დაფარვის ვალდებულების გრაფიკი დარღვეულია 2015 წლის 30 სექტემბრიდან.

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 13 839.27 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა - 9 121.82 ლარი. ამასთან, 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---------------–---–--ს ერიცხება დავალიანება 1 706.26 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 1 280 ლარი. ასევე, უდავოა, რომ ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე თ---------------–---–--ს დავალიანება შეადგენს 920 ლარს.

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელესა და ლ-------–------ეს შორის დადებულია თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, თავდებობის მაქსიმალური ზღვრული ოდენობა განისაზღვრა - 14 955.02 ლარით.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- და მის უზრუნველსაყოფად დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე არსებობს როგორც მსესხებლის, ასევე თავდების მიმართ ძირითადი თანხის - 9 121.82 ლარის სოლიდარულად დაკისრების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთან, ვინაიდან უდავოა, თ---------------–---–--ს მიერ სხვა ორი სახელშეკრულებო ურთიერთობის დარღვევის და მათგან გამომდინარე დავალიანების არსებობის ფაქტიც, ასევე საფუძვლიანია სასარჩელო მოთხოვნები მის მიმართ 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის - 1 280 ლარის და ოვერდრაფტის №7-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 920 ლარის დაკისრების თაობაზე, რაც განაპირობებს ამ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნათა დაკმაყოფილებას.

6.3. მოსარჩელის, როგორც საბანკო საქმიანობის სფეროში მოღვაწე სუბიექტის კომერციული ინტერესია, კრედიტის გაცემით მიიღოს გარკვეული მოგება. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივი სესხის ხელშეკრულებისაგან განსხვავებით, რომელიც შეიძლება იყოს სასყიდლიანი ან უსასყიდლო, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება სასყიდლიანი ფორმით არსებობს (სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლი). პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთი ან ინდექსირებული საპროცენტო განაკვეთი. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მხარე არის საბანკო დაწესებულება, რომელიც გასცემს სესხის სახით ფულად თანხას გარკვეული სარგებლის (პროცენტის) სანაცვლოდ. ამასთან დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა საპროცენტო განაკვეთი. ასევე დადგენილია, რომ 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეებს ერიცხებათ დავალიანება მოსარჩელის მიმართ, საიდანაც პროცენტია 1 917.45 ლარი. ხოლო 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ---------------–---–--ს ერიცხება დავალიანება 1 706.26 ლარი, საიდანაც პროცენტია 426.26 ლარი. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა არა მხოლოდ ვალდებულების შესრულების, არამედ მხარეთა მიერ შეთანხმებული პროცენტის მოთხოვნის უფლება. აღნიშნულიდან გამომდინარე, საფუძვლიანია ხელშეკრულებების დარღვევებიდან გამომდინარე მოთხოვნები მოპასუხეთათვის პროცენტის დაკისრების თაობაზე. ამასთან, 2014 წლის 18 აგვისტოს გაფორმებული საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტი - 1 917.45 ლარი უნდა დეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად თავდებობის ხელშეკრულების გათვალისწინებით, ხოლო, 2015 წლის 26 სექტემბრის საკრედიტო მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის დავალიანება - 426.26 ლარი კი უნდა დაეკისროს მოპასუხე თ---------------–---–--ს. 6.4. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო. სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, 2014 წლის 18 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოთხოვნილი პირგასამტეხლოს - 1 000 ლარის შემცირება და მისი განსაზღვრა 500 ლარით. შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე თ---------------–---–--ს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული - 500 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 516 ლარი (ს.ფ. 65-67). სასარჩელო მოთხოვნების ოდენობიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენდა 493.96 ლარს, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 22.04 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. გარდა ამისა,ვინაიდან მოსარჩელემ სასამართლოს მთავარ სხდომაზე სასარჩელო მოთხოვნა შეამცირა 1 800 ლარით, შესაბამისად მას ასევე უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 27 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელეს ჯამში უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 49.04 ლარი, თანახმად სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა.

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, კერძოდ დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 96.59%, შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 424.96 ლარის ანაზღაურება, ამასთან, მოპასუხე თ---------------–---–--ს მიერ სოლიდარულად გადასახდელი თანხის ოდენობა უნდა განისაზღვროს 346.18 ლარით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ხოლო მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. სს ,,ლ-------------ის’’ სარჩელი მოპასუხეების - თ---------------–---–--ს და ლ-------–------ის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს - თ---------------–---–--ს და ლ-------–------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2014 წლის 18 აგვისტოს საბანკო კრედიტის №0-------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის გადახდა - 9 121.82 ლარის ოდენობით, პროცენტის გადახდა - 1 917.45 ლარის ოდენობით და პირგასამტეხლოს გადახდა - 500 ლარის ოდენობით;

3. მოპასუხე თ---------------–---–--ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2014 წლის 22 აგვისტოს საკრედიტო ბარათით მომსახურების №M------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1 706.26 ლარის ანაზღაურება, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 1 280 ლარი, პროცენტი - 426.26 ლარი;

4. მოპასუხე თ---------------–---–--ს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს ოვერდრაფტის დავალიანება 920 ლარის ოდენობით;

5. მოპასუხეებს - თ---------------–---–--ს და ლ-------–------ეს მოსარჩელე სს ,,ლ-------------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 424.96 ლარის ოდენობით, მათ შორის ლ-------–------ეს - 346.18 ლარის ოდენობით;

6. მოსარჩელე სს ,,ლ-------------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 49.04 ლარი, რომელიც გადახდილია 9/02/2017 წლის №5125647399 საგადახდო დავალებით, შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში - 300 773 150, მიმღების ბანკი/ხაზინა-ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური, ბანკის კოდი: TRESGE 22; სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს გადახდილად;

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი