გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/488-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ჯ--–--–-–-----ა
მოპასუხე: გ--------------–--ე
წარმომადგენლები - შ-------------–---–ი, ნ-----------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ--------------–--ეს ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - 1900 აშშ დოლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ჯ--–--–-–-----ამ გ---------------–------ან (გვარის შეცვლის შემდგომ - ს-----–--ე) ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, შეიძინა „ჰ----–----ის“ ფირმის მაჯის საათი, რომელშიც გადაიხადა 1900 აშშ დოლარი.
გარკვეული პერიოდის შემდგომ, საათს ჩაუტარდა ექსპერტიზა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში (№1---------) და დადგინა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი მეორადი მოხმარების საათი დამზადებული იყო არაძვირფასი ლითონისაგან, რეზინის სამაჯურით და მისი საბაზრო ღირებულება 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენდა - 270 ლარს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ საათში გადახდილ იქნა შეუსაბამოდ დიდი ოდენობის თანხა.
ჯ--–--–-–-----ამ განცხადებით მიმართა ქ. თ---–---------–-–--------------------------–-------–-----------------–--ს. მოპასუხემ პირადი გასაუბრებისას განმარტა, რომ თუ დაუბრუნებდნენ მის მიერ გაყიდულ მაჯის საათს, იგი სრულად დააბრუნებდა ფულად თანხას - 1900 აშშ დოლარს, თუმცა ამ ეტაპზე უარს აცხადებს აღნიშნულის განხორციელებაზე.
ამრიგად, შეთანხმების თანახმად, და ასევე მყიდველის რწმენით ნასყიდობის საგანი უნდა ყოფილიყო ორიგინალი საათი „H--------------”, თუმცა გამყიდველმა მოატყუა მყიდველი და გადასცა არაორიგინალი საათი, რომლის საბაზრო ღირებულება გაცილებით ნაკლებია, ვიდრე მყიდველის მიერ გადახდილი თანხა. აქედან გამომდინარე, მყიდველს წარმოეშობა უფლება უარი თქვას ხელშეკრულებაზე და მოითხოვოს თანხის უკან დაბრუნება.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს ნამდვილად მიჰყიდა საათი, თუმცა ეს შეთავაზება მისი მხრიდან არ ყოფილა გაკეთებული. მოპასუხე მასთან სრულიად სხვა საათის გასაყიდად იყო მისული, თუმცა ჯ--–--–-–-----ამ მის ხელზე შენიშნა საათი და გასაყიდი საათის ნაცვლად დაიწყო მოლაპარაკება მითითებული საათის ნასყიდობაზე. რაც შეეხება საათის ფასს, ფასიც სწორედ მოსარჩელემ განსაზღვრა და თავადვე შეაფასა საათის ღირებულება. მოსარჩელემ საათი დეტალურად დაათვალიერა და ფასიც მაშინვე შესთავაზა 1900 აშშ დოლარი, რაზეც მოსარჩელე დასთანხმდა.
მოპასუხე შესაგებელში, ასევე უთითებს, რომ ის არ არის დარწმუნებული იმაში, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი ნამდვილად მის მიერ ჯ--–--–-–-----ასათვის მიყიდული საათია. ხოლო სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი არ იყო მოპასუხის მიერ გაყიდული საათი, ვინაიდან აღნიშნულ საათს შიდა მხარეს ჰქონდა დეფექტი, ამასთან საათი იყო ორიგინალი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. გ---------------–---სა (გვარის შეცვლის შემდგომ - ს-----–--ე) და ჯ--–--–-–-----ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ--–--–-–-----ამ გ---------------–------ან იყიდა „ჰ----–----ის“ ფირმის მაჯის საათი, რაშიც გადაიხადა 1900 აშშ დოლარი.
3.1.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის №0-------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეორადი მოხმარების საათის “H--------------“-ის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს - 270 ლარს. დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი არაორიგინალია (replica) და დამზადებულია არაძვირფასი ლოთონისაგან რეზინის სამაჯურით.
3.1.3. გ---------------–---მ შეიცვალა გვარი და დღეის მდგომარეობით მისი გვარია - ს-----–--ე.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი და გამოკვლეული (20.12.2017 №0-------- ექსპერტიზის დასკვნა) საათი არ არის ის საათი, რომელიც გ--------------–--ემ მიჰყიდა ჯ--–--–-–-----ს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ე.ი. მხარეს ეკისრება როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ მას საათის შეძენისას მოლოდინი ჰქონდა იმისა, რომ ყიდულობდა ორიგინალ საათს. თუმცა, აღნიშნულის საწინააღმდეგოდ გ--------------–--ის მიერ მისთვის მიყიდული საათი არ აღმოჩნდა ორიგინალი და მისი საბაზრო ღირებულება იყო გაცილებით ნაკლები ვიდრე გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი „H--------------“ არაორიგინალია და მისი საორიენტაციო საბაზრო ღირებულება შეადგენს - 270 ლარს.
მოპასუხე თავის მხრივ სადავოდ ხდის იმ გარემოებას, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი არის არა ის საათი, რომელიც გ--------------–--ემ მიჰყიდა ჯ--–--–-–-----ს, არამედ სხვა. მისი განმარტებით, ჯ--–--–-–-----ასათვის მიყიდული საათი იყო ორიგინალი და შიდა მხარეს ჰქონდა დეფექტი, რის გამოც საათის მიყიდვა მოხდა შედარებით დაბალ ფასად. აღნიშნული გარემოება ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა - თ------–---–----მ, რომელიც არის გ--------------–--ის ცოლი. თუმცა, მოპასუხეს არ წარმოუდგენია ზემოთ აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი სხვა უკეთესი მტკიცებულება, სასამართლოს მოსაზრებით, კი მხოლოდ მისი ახსნა-განმარტება და მოწმის ჩვენება ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.
შესაბამისად, ვინაიდან სადავო ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ექსპერტიზის დასკვნა, ხოლო მოპასუხის მოსაზრება გარდა მისი ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენებისა, სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა მტკიცებულებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს გ--------------–--ის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტის მიერ გამოკვლეულ იქნა არა გ--------------–--ის მიერ ჯ--–--–-–-----ასათვის მიყიდული საათი, არამედ სხვა.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა ჯ--–--–-–-----ას სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფლდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 405-ე, 477-ე, 487-488-ე, 491-ე მუხლებით;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. დასახელებული ხელშეკრულების ბუნება მხარეების ურთიერთშემხვედრი უფლება-მოვალეობების არსებობით ვლინდება. კერძოდ, გამყიდველი ვალდებულია გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი, ხოლო მყიდველს ევალება გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ქონება.
დადგენილია, რომ გ---------------–---სა (გვარის შეცვლის შემდგომ - ს-----–--ე) და ჯ--–--–-–-----ს შორის ზეპირი ფორმით დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ჯ--–--–-–-----მ გ---------------–------ან იყიდა „ჰ----–----ის“ ფირმის მაჯის საათი, რაშიც გადაიხადა 1900 აშშ დოლარი.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთი მხრივ მოსარჩელე, ხოლო მეორე მხრივ მოპასუხე შეთანხმებულნი არიან ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი. ხოლო, ამავე კოდექსის 488-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
ნივთის ხარისხი, არსებული განმარტებების თანახმად, არის ბუნებრივი თვისებების ერთობლიობა, როგორიცაა მასალა, მდგომარეობა, გამძლეობა, ვარგისიანობის ვადა, მდებარეობა, მოცულობა/ზომა, ტექნიკური მონაცემები და სხვ. ნივთის თვისობრიობად შეიძლება ასევე ჩაითვალოს ნივთის ფიზიკურ თვისებებთან დაკავშირებული ეკონომიკური, სოციალური, ფაქტობრივი და სამართლებრივი ფაქტორები.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მიუთითებს, რომ მან ჰქონდა მოლოდინი იმისა, რომ ყიდულობდა ორიგინალ „ჰ----–----ის“ ფირმის მაჯის საათს. შესაბამისად, მის მიერ საათის შესაძენად გადახდილ იქნა 1900 აშშ დოლარი. აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელეს წარმოდგენილი აქვს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 20 დეკემბრის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მეორადი მოხმარების საათის “H--------------“-ის საბაზრო ღირებულება 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 270 ლარს. დასკვნაში ასევე მითითებულია, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი არაორიგინალია (replica) და დამზადებულია არაძვირფასი ლოთონისაგან რეზინის სამაჯურით. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ ექსპერტიზაზე წარდგენილი საათი არ არის ის საათი, რომელიც გ--------------–--ემ მიჰყიდა ჯ--–--–-–-----ას, რადგან მოპასუხემ სამოქალაქო სამართალში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
ამდენად, ვინაიდან უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ამ გ--------------–--ისაგან შეძენილ საათში გადაიხადა 1900 აშშ დოლარი, სასამართლო გონივრულად ვარაუდობს, რომ მოსარჩელე საათის შეძენისას ფიქრობდა რომ იძენდა „ჰ----–----ის“ ფირმის ორიგინალ საათს. შესაბამისად, იქიდან გამომდინარე, რომ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საათი არ აღმოჩნდა ორიგინალი, ანუ შეთანხმებული ხარისხის და მისი საბაზრო ღირებულება არის გაცილებით ნაკლები - 270 ლარი, ვიდრე გადახდილ იქნა მოსარჩელის მიერ - 1900 აშშ დოლარი, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ--------------–--ემ ჯ--–--–-–-----ს მიჰყიდა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლისა განმარტავს შემდეგს: მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნის პირველი ნაწილი ფორმულირებულია შემდეგნაირად - განხორციელდეს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის დადებული საათის ნასყიდობის ხელშეკრულების მოშლა. სასამართლო მიუთითებს მოსარჩელეს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლას ახორციელებს მხარე მეორე მხარისთვის სათანადო შეტყობინების განხორციელებით. სადავოობის შემთხვევაში სასამართლო ამოწმებს მხოლოდ ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერებას. შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხის მიმართ სარჩელის აღძვრა უთანაბრდება მოსარჩელის მიერ ხელშეკრულებიდან გასვლის ცალმხრივი ნების გამოვლენას, რის გამოც მოსარჩელის ზემოთ აღნიშნული მოთხოვნა არ საჭიროებს დამატებით მსჯელობას, არამედ წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში განხილულ უნდა იქნეს მხოლოდ ხელშეკრულების გასვლის მართლზომიერება და შესაბამისად ორმხრივი რესტიტუციის განხორციელების შესაძლებლობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი არის იმ status quo-ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა დააბრუნოს ზუსტად ეს მიღებული საგანი.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნია, რომ გ--------------–--ემ ჯ--–--–-–-----ას მიჰყიდა ნივთობრივი ნაკლის მქონე ნივთი, ვინაიდან მოსარჩელისათვის გადაცემული ნასყიდობის საგანი არ იყო შეთანხმებული ხარისხის. კერძოდ, სარჩელზე დართული 2017 წლის 20 დეკემბრის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საათი არაორიგინალია და მისი საბაზრო ღირებულება 2017 წლის 27 სექტემბრის მდგომარეობით, საორიენტაციოდ შეადგენს - 270 ლარს. ამასთან, მოსარჩელის განმარტებით, მას აქვს საათების მიმართ დიდი ინტერესი ე.წ. ჰობი, შესაბამისად მისთვის საათის ორიგინალურობას ჰქონდა არსებითი მნიშვნელობა და მოლოდინი ჰქონდა იმისა, რომ ყიდულობდა სწორედ ორიგინალ საათს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან გ--------------–--ის მიერ დარღვეულ იქნა საქართველოს საოქალაქო კოდექსის 487-ე მუხლით გათვალისწინებული უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება, ჯ--–--–-–-----ა უფლებამოსილია გავიდეს მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებიდან. ამასთან, სასამართლო, ასევე მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეს არ აქვს ვალდებულება ხელშეკრულებიდან გასვლამდე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლით მინიჭებული მყიდველის პირველადი უფლებოსილება, რომლის თანახმად, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში, ვინაიდან ნასყიდობის საგნის ნაკლი მდგომარეობს იმაში, რომ ჯ--–--–-–-----ას მიერ შეძენილი საათი არის არაორიგინალი. შესაბამისად, გამყიდველის მიერ აღნიშნული ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია. ამას გარდა გამოვლენილი ნაკლი მიჩნეულ უნდა იქნეს არსებით დარღვევად, ვინაიდან გადახდილი ნასყიდობის საფასურის გათვალისწინებით, სასამართლო გონივრულად უშვებს, რომ მოსარჩელე ჰქონდა ორიგინალი საათის შეძენის სურვილი. აღნიშნულის გამო, გ--------------–--ე ვალდებულია ჯ--–--–-–-----ას დაუბრუნოს ნასყიდობის საფასური - 1900 აშშ დოლარის ოდენობით.
რაც შეეხება მოპასუხის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, რომ ნასყიდობის საფასურის შეთავაზება მოხდა თავად მოსარჩელის მიერ სასამართლო დამატებით მიუთითებს შემდეგს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მ-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. კეთილსინდისიერება გულისხმობს სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა მოქმედებას პასუხისმგებლობით და ერთმანეთის უფლებებისადმი პატივისცემით მოპყრობას. ამდენად, ხელშეკრულების დადებისას ხელშეკრულების ყოველი მხარე ვალდებულია მისი უფლება-მოვალეობების ფარგლებში იმოქმედოს კეთილსინდისიერად, რაც უპირველეს ყოვლისა გულისხმობს ხელშეკრულების არსებითი პირობების კეთილსინდისიერად და გულისხმიერად განსაზღვრის ვალდებულებას.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა გ--------------–--ისათვის - 1900 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან წინამდებარე გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 148 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ--–--–-–-----ას სარჩელი გ--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - 1900 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 148 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
საქმე №2/488-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
სარეზოლუციო ნაწილი
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი
სხდომის მდივანი: ქეთევან ჭელიძე
საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით
მოსარჩელე: ჯ--–--–-–-----ა
მოპასუხე: გ--------------–--ე
წარმომადგენლები - შ-------------–---–ი, ნ-----------–--ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ჯ--–--–-–-----ას სარჩელი გ--------------–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - 1900 აშშ დოლარის გადახდა.
2. მოპასუხე გ--------------–--ეს მოსარჩელე ჯ--–--–-–-----ას სასარგებლოდ დაეკისროს - მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 148 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი