გადაწყვეტილება

სამოქალაქო 08.11.2018
საქმის ნომერი
120210018002622306
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
08.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2622306-2/707-18წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

01 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ახალციხე

 

შესავალი ნაწილი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ირმა იაკობაძე

 

მოსარჩელე - სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ო-------ი“ ;

წარმომადგენელი - ბ--–------–-–---–ი (მონაწილეობის გარეშე), ე--------------–--ე;

მოპასუხე - ზ-------------ე;

წარმომადგენელი - ნ------------–---–ი;

მესამე პირი - სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის სააგენტო (მონაწილეობის გარეშე);

დავის საგანი - ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ზიანის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე ფ/პ ზ-------------ეს დაეკისროს განახორციელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოახდინოს საძირკვლის სრული დემონტაჟი და ნარჩენების სრულად გატანა ტერიტორიიდან.

1.2. ფ/პ ზ-------------ეს დაეკისროს ზიანის 5400 ლარის ანაზღაურება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ო-------ის" (არასასოფლო·სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ს.კ.6-.09.53.4--) ბალანსზე ირიცხებოდა ამორტიზირებული (ავარიული შენობა–ნაგებობა, რომელშიც შეუძლებელი იყო პრაქტიკული სწავლების ჩატარება. 2015 წლის 30 ივნისს ინდივიდუალური აუდიტორის მიერ ადგილზე იქნა დათვალიერებული ამორტიზირებული შენობა-ნაგებობა და ამის შემდგომ გაიცა დასკვნა 11/06, რომლითაც დასტურდება შენობა-ნაგებობის როგორც ავარიული მდგომარეობა, ასევე გაანგარიშებული იყო სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი "ო-------ის" სარგებლობაში არსებულ ტერიტორიაზე აშენებული და საექსპლუატაციოდ უვარგისი სახელოსნოების (ობიექტი № 1 და N2) და საწყობი (ობიექტი N4) შენობა-ნაგებობის სადემონტაჟო სამუშაოების საორიენტაციო ხარჯთაღრიცხვა, რომლის საფუძველზეც მიემართა თანხმობის მისაღებად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.

2015 წლის 04 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს წერილი N 3 15 00760500–ით გაცხადებული იქნა შენობის დემონტაჟზე თანხმობა თუმცა განემარტათ, რომ აღნიშნული სამუშაოების ჩასატარებლად თანხმობა უნდა მიეღოთ ასევე სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოსაგან.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრის უფროსის 2015 წლის 14 აგვისტოს წერილი 16/49403–ით და ადგილობრივი თვითმართველობიდან 2016 წლის 05 მაისს წერილი N1098/08–ით თანხმობა იქნა წერილობით გაცემული ავარიული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე.

მიღებული თანხმობის საფუძველზე მომზადებული იქნა პროექტი და სამუშაო წარმოების კალენდარული გეგმა სადემონტაჟო სამუშაოსათვის და გამოცხადდა აუქციონი N8---- და აუქციონით გამოვლენილ გამარჯვებულ ფ/პ ზ-------------ესთან გაფორმდა ხელშეკრულება 2016 წლის 01 აგვისტოს.

სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის სააგენტოს სპეციალისტთა მიერ, რის შედეგადაც დაფიქსირდა რომ კომპანიის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული პროექტით გათვალისწინებული შესასრულებელი სამუშაოები-კერძოდ საძირკველის სრული დემონტაჟი ნარჩენების სრულად გატანა

ტერიტორიიდან არ მოუხდენიათ, რაც დასტურდება სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს 2017 წლის 12 ივნისის წერილით.

მოპასუხეს 2017 წლის 16 ივნისს ვაცნობეთ რომ ჯეროვნად შეესრულებინათ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება თუმცა მისი მხრიდან მოთხოვნაზე რეაგირება არ მომხდარა.

რაც შეეხება ზიანის ანაზღაურებას, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა ტენდერის გამოცხადება და მშენებლობის დაწყება, რითაც სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებიდან კოლეჯმა ვერ მიიღო დაფინანსება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე ზ-------------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, შესაგებელში მიუთითა, რომ 2016 წლის 1 აგვისტოს აუქციონი N8---- მოგების შედეგად გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება ზ-------------ესა და სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯ „ო-------ს“ შორის. ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებების შესრულებას შეუდგა 2016 წლის 1 აგვისტოს, მაგრამ დაწყებისთანავე პრობლემის წინაშე აღმოჩნდა, რადგან „გამყიდველის“ ამ შემთხვევაში „ო-------ის“ დირექტორმა ბ--–------–-–---–მა არ მისცა საშუალება ესარგებლა სამუშაო ობიექტებთან არსებული გზით (მიზეზი ასფალტის საფარი გაფუჭდება) და ამიტომ მოუწია შემოვლითი თითქმის ნახევარ კილომეტრიანი გზის მოწყობა საკუთარი ხარჯით.

ამასთან, ბ--–------–-–---–ის მხრიდან უხეშად დაირღვა ხელშეკრულების მე–2, მე-3 მუხლებით გათვალისწინებული პირობები რა დროსაც მან სადემონტაჟო ნაგებობებიდან სამშენებლო მასალების გატანა მოახდინა მთლიანად შენობა-ნაგებობების გადახურული თუნუქის და აზბესტის სახურავის (ე.წ. „შიფერი“) მოხსნა და ასევე ყველა რკინის კარი (გარდა ერთისა) მოხსნა და წაიღო, ამაზე ბუნებრივია მოპასუხემ გამოხატა რეაქცია, რაზეც მან განუცხადა, რომ ამის ნაცვლად იგი აღარ მოითხოვდა საძირკველის დემონტაჟს თუ ზედაპირულად მოასწორებდა მას. მართლაც კომპლექსური შრომა გასწია და შეასრულა დემონტაჟი. გაასუფთავა ტერიტორია და ჩააბარა კიდეც ობიექტი, მაშინ „გამყიდველისგან“ არ ყოფილა არანაირი პრეტენზია შესრულებული სამუშაოების მიმართ, თორემ ძვირადღირებულ ტექნიკას, რომელიც სამუშაოების შესრულებისათვის ჰყავდა დაქირავებული აღარ გაიყვანდა ტერიტორიიდან. ის ფაქტი, რომ თითქოს ხელი ეშლება მოსარჩელეს ამ ობიექტზე მიწაში ჩამარხული წერტილოვანი საძირკველის არსებობით არის აბსურდი და მხარე ვერ უთითებს ვერანაირ გარემოებას თუ რითი მიადგა ზიანი და საიდან გამოთვალა სარჩელით მოთხოვნილი თანხა. პროცესში მონაწილე მხარეები ვალდებულნი არიან მტკიცებულებებით გაამყარონ და დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, რაც ამ შემთხვევაში ასე არაა.

2.2. მესამე პირს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის სააგენტოს საქმეზე შესაგებელი არ შემოუტანია, ასევე სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2015 წლის 26 ივნისს სსიპ საზოგადოებრივ კოლეჯის „ო-------ის“ დირექტორსა და ინდივიდუალურ აუდიტორს ლ-----------ეს შორის დადებულ იქნა ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც 2015 წლის 30 ივნისს ინდივიდუალური აუდიტორის ლ-----------ის მიერ გაიცა დასკვნა 11/06, რომლითაც დადგინდა, რომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ო-------ის“ სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების ნაწილი - 30674,00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე (ს.კ. 6-.09.53.4--) აშენებული 1192.00 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე სახელოსნოს (ობიექტი N1) 1038.00 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე სახელოსნოს (ობიექტი N2) და 308.00 კვ.მ. განაშენიანების ფართის მქონე საწყობის (ობიექტი N4) შენობები საექსპლოატაციოდ უვარგისია და საჭიროა მისი სრული დემონტაჟი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 20 ივნისის აუდიტორული დასკვნა N11/06 (იხ.ს.ფ. 22-25);

 

3.1.2. 2015 წლის 04 აგვისტოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს N 3 15 00760500 წერილით გაცხადებული იქნა სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯის „ო-------ის“ ამორტიზებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟზე თანხმობა, რომელიც ასევე შეთანხმებულ იქნა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის მომსახურების ცენტრთან და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიასთან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 04 აგვისტოს N 3 15 00760500 წერილი (იხ.ს.ფ. 28);

- 2015 წლის 14 აგვისტოს N 16/49403 წერილი (იხ.ს.ფ. 29);

- 2016 წლის 05 მაისის N 1098/05 წერილი (იხ.ს.ფ. 30);

 

3.1.3. სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტუქტურის განვითარების სააგენტოს მიერ 2016 წელს მომზადდა ქ.ახალციხის სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ი“-ს N1 სახელოსნოს, N2 სახელოსნოს და საწყობის შენობების სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტი და გამოცხადდა აუქციონი N8---- .

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტი (იხ.ს.ფ. 32-46);

 

3.1.4. N8---- აუქციონით გამოვლენილ იქნა გამარჯვებული ფ/პ ზ-------------ე, რომელთანაც 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმდა ხელშეკრულება N1.

N8---- აუქციონზე 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ი“-ს მიერ დემონტაჟის შედეგად მისაღები მოძრავი ქონების ზ-------------ეზე გადაცემა, სანაცვლოდ ზ-------------ე გადაუხდიდა საპრივატიზებო საფასურს და განახორციელებდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ი“-ს სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს და გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას.

N8---- აუქციონზე 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულების 14.1 პუნქტის მიხედვით: ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა წერილობით შეთანხმებით, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილია და ძალაში შედის მხარეთა შესაბამისი ხელმოწერის შემდეგ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 01 აგვისტოს N1 ხელშეკრულება (იხ.ს.ფ. 47-56);

 

3.1.5. ქ.ახალციხის სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ი“-ს N1 სახელოსნოს, N2 სახელოსნოს და საწყობის შენობების სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მიხედვით განისაზღვრა შენობების სადემონტაჟო სამუშაოების ეტაპები. მესამე ეტაპია საძირკვლის დემონტაჟი (მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი და ლენტური საძირკვლის დემონტაჟი), ამავე პროექტით განისაზღვრა შენობების სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი, მათ შორის სპეციალიზებული ტრანსპორტი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტი (იხ.ს.ფ. 32-46);

- ხარჯთაღრიცხვა (იხ.ს.ფ. 26-27);

 

3.1.6. 2017 წლის 12 ივნისს სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტომ სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯს „ო-------ს“ აცნობა, რომ სადემონტაჟო სამუშაოების შემოწმებისას დაფიქსირდა დარღვევები, კერძოდ კომპანიამ უნდა უზრუნველყოს საძირკვლის დემონტაჟი და ნარჩენების სრულად გატანა ტერიტორიიდან.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 12 ივნისის წერილი (იხ.ს.ფ. 57);

 

3.1.7. 2017 წლის 16 ივნისს მოსარჩელემ ფ.პ. ზ-------------ეს აცნობა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები დაესრულებინა არაუგვიანეს 2017 წლის 10 ივლისისა. დადგენილია, რომ მხარეებს შორის გარდა 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა სხვა რაიმე წერილობით შეთანხმება ან ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 16 ივნისის წერილი (იხ.ს.ფ. 58);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სას, სხდომის ოქმი);

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები.

3.2.1. დადგენილია, რომ ფ/პ ზ-------------ემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, კერძოდ, მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი და საძირკვლის დემონტაჟი არ მოახდინა, შესაბამისად, არ უზრუნველყო ამავე ნარჩენების სრულად გატანა ტერიტორიიდან.

მხარეთა შორის სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ზ-------------ეს 2016 წლის 01 აგვისტოს N1 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები უნდა შეესრულებინა სადემონტაჟო სამუშაოთა ორგანიზაციის პროექტის მიხედვით. დადგენილია, რომ პროექტის მესამე ეტაპი ითვალისწინებდა საძირკვლების დემონტაჟს, ასევე პროექტით გათვალისწინებულ იქნა სადემონტაჟო სამუშაოთა წარმოების მეთოდები, რომელთა მიხედვითაც უნდა განხორციელებულიყო სამშენებლო ნარჩენების გატანა ტერიტორიიდან, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ შეუსრულებია.

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ იგი ბ--–------–-–---–თან შეთანხმებით მოქმედებდა და წერტილოვანი საძირკვლის დემონტაჟი არ განახორციელა მისი, როგორც ორგანიზაციის წარმომადგენლის თანხმობით. ვინაიდან, მხარეთა შორის ხელშეკრულება დაიდო წერილობითი ფორმით, შესაბამისად, ნებისმიერი ცვლილება ამ ხელშეკრულებაში უნდა შეტანილიყო იმავე მხარეებს შორის დადებული ასევე წერილობითი შეთანხმებით. რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის.

 

3.2.2. სასამართლოს მიერ ვერ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, იმის შესახებ, რომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგად მოსარჩელეს მიადგა 5400 ლარის ზიანი, იმის გამო, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე ვერ განხორციელდა ტენდერის გამოცხადება და მშენებლობის დაწყება, რითაც სხვადასხვა სახელმწიფო პროექტებიდან კოლეჯმა ვერ მიიღო დაფინანსება.

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. მოსარჩელემ უნდა ამტკიცოს ის გარემოებები, რომლებზედაც დაფუძნებულია სასარჩელო მოთხოვნა, ხოლო მოპასუხემ გარემოებები, რომლებსაც მისი შესაგებელი ემყარება. მტკიცების ტვირთი - ეს არის სამოქალაქო სამართალწარმოებაში საქმის სწორედ გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დამტკიცების მოვალეობის დაკისრება მხარეებზე, რომლის შესრულება უზრუნველყოფილია მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით არახელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანით იმ მხარის მიმართ, რომელმაც ეს მოვალეობა არ (ვერ) შეასრულა. მხარეთა მტკიცებითი საქმიანობის საბოლოო მიზანი - არის სასამართლოს დარწმუნება საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობაში. სასამართლოს დაურწმუნებლობა კი მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს იწვევს.

სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილ არ ყოფილა რაიმე სახის მტკიცებულება იმასთან დაკავშირებთ, რომ მხარეს ჰქონდა შეძენილი ან დაგეგმილი რაიმე პროექტი, რომლის მიხედვით უნდა განეხორციელებინა ტენდერის გამოცხადება აღნიშნულ ტერიტორიაზე, რომ არსებული წერტილოვანი საძირკველიაღმოჩნდა ხელისშემშლელი ამ პროექტების განხორციელებაში. წარმოდგენილი არ ყოფილა ზიანის გაანგარიშების მეთოდიკა, თუ რაზე დაყრდნობით უთითებს მხარე, რომ ზიანის ოდენობა უნდა განისაზღვროს 5400 ლარით. ამდენად, იმის მტკიცება, რომ მოსარჩელე მიადგა 5400 ლარის ზიანი დაუსაბუთებელია.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

4.1. საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველ ნაწილში - „კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებები, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დავა ნარდობის სამართლებრივი ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმების საფუძველზე უნდა შეფასდეს.

დადგენილია, რომ 2016 წლის 01 აგვისტოს სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ო-------ის“ დირექტორსა და ზ-------------ეს შორის გაფორმდა ნასყიდობის ხელშეკრულება, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ის“ მიერ დემონტაჟის შედეგად მისაღები მოძრავი ქონების ზ-------------ისათვის გადაცემა, სანაცვლოდ ზ-------------ე გადაუხდიდა საპრივატიზებო საფასურს და განახორციელებდა სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ის“ სარგებლობაში არსებული შენობა-ნაგებობების დემონტაჟს, ხოლო გამოუსადეგარი სამშენებლო ნარჩენების ტერიტორიიდან გატანას.

მოსარჩელემ ხელშეკრულების გაფორმებამდე ინდივიდუალურ აუდიტორს შეუკვეთა აუდიტორული დასკვნის წარმოდგენა კოლეჯის სარგებლობაში არსებული უძრავი ქონების შესახებ. აუდიტორული დასკვნით დადგენილ იქნა სადემონტაჟო სამუშაოთა ხარჯთაღრიცხვა, რომლის მიხედვითაც N2, N1 და N4 ობიექტებზე გაანგარიშებულ იქნა სამუშაოთა რაოდენობა, ხარჯები და ზომის ერთეული, მათ შორის იყო მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი და ლენტური საძირკვლის დემონტაჟი. ასევე სამშენებლო ნარჩენების ტრანსპორტირება. განსაზღვრული იყო შენობების სადემონტაჟო სამუშაოების ეტაპები, რომელთა მესამე ეტაპს წარმოადგენდა საძირკვლის დემონტაჟი (მონოლითური რკინაბეტონის წერტილოვანი და ლენტური საძირკვლის დემონტაჟი), ასევე განსაზღვრული იყო შენობების სადემონტაჟო სამუშაოების ჩასატარებლად საჭირო მანქანა-მექანიზმები და ტრანსპორტი, მათ შორის კი სპეციალიზებული ტრანსპორტი.

მოპასუხე მხარის განმარტება იმასთან დაკავშირებით, რომ მასსა და სსიპ პროფესიული კოლეჯი „ო-------ის“ დირექტორს შორის შედგა სიტყვიერი შეთანხმება, რომ მოპასუხე არ მოახდენდა წერტილოვანი საძირკვლის ამოღებას, იგი მხოლოდ მოასწორებდა ტერიტორიას, ხოლო მოსარჩელე მხარეს სანაცვლოდ დაუტოვებდა დემონტაჟის შედეგად დარჩენილ რკინის კარებს და სახურავს, სასამართლო აღნიშნულს ვერ გაიზიარებს, ვინაიდან მხარეებს შორის 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებაში (14.1 პუნქტი) განსაზღვრული იყო, რომ ხელშეკრულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა შესაძლებელი იყო მხოლოდ მხარეთა წერილობით შეთანხმებით, რომელიც ხელშეკრულების შემადგენელი და განუყოფელი ნაწილს წარმოადგენდა და ძალაში შევიდოდა მხარეთა შესაბამისი ხელმოწერის შემდეგ. მოცემულ შემთხვევაში მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ მათ შორის გარდა 2016 წლის 01 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებისა სხვა რაიმე ხელშეკრულება და ასევე ცვლილება ხელშეკრულებაში არ გაფორმებულა.

სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

საქმის განხილვით დადგენილია, რომ ზ-------------ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისიწნებიული ვალდებულების ფარგლებში სამუშაო არ შესრულდა სრულად. ხელშეკრულება შესრულებულია არაჯეროვნად, კერძოდ, ზ-------------ის მიერ არ იქნა წერტილოვანი საძირკვლის დემონტაჟი, მანვე არ მოახდინა ნარჩენების ტერიტორიიდან გატანა.

6.2. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

დასახელებული ნორმის შესაბამისად, იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების მოვალეობა, მოცემული უნდა იყოს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს მიუძღვის ბრალი. ამასთან, დადგენილი უნდა იყოს მიყენებული ზიანის ოდენობა. ამ პირობების ერთობლიობა წარმოადგენს იურიდიულ შემადგენლობას და თუნდაც ერთ-ერთი მათგანის არარსებობა გამორიცხავს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობას.

სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამის შესაბამისად, ნაწილდება მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის. სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლზე დაყრდნობით, დაზარალებული მიმართავს რა სასამართლოს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობის ფაქტი, ასევე ზიანის მიმყენებლის ქმედებასა და მიღებულ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირი. ანუ, მოვალის მოქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მოსარჩელის მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი, კერძოდ, არ დგინდება კონკრეტულად მოპასუხის ქმედების შედეგად ზიანის მიყენების ფაქტი, არ დგინდება კონკრეტულად მოსარჩელისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა მატერიალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს. მოსარჩელე მხარემ კი ვერ წარმოადგინა მტკიცებულებები, რომლითაც უზრუნველყოფდა მის მიერ მითითებული გარემოებების დადასტურებას.

ამდენად, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისა და სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ მტკიცებულებათა გათვალისწინებით მოსარჩელემ მოცემულ შემთხვევაში ვერ გაართვა თავი მისთვის კანონით დაკისრებულ მტკიცების ტვირთს. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება ზ-------------ის მიერ მოსარჩელე სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ო-------ისათვის“ ზიანის მიყენების ფაქტი.

 

7. სასამართლო ხარჯები:

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.“

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ა“ ქ/პ თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ამავე კოდექსის 39-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის „კ“ ქ.პ თანახმად დავის საგნის ფასი განისაზღვრება: 4 000 ლარით, თუ ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) შეუძლებელია დავის საგნის ფასის განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი ფასი უნდა განისაზღვროს 4000 ლარით, ხოლო ბაჟი 120 ლარით. სარჩელის აღძვრისას მოსარჩელე მხარის მიერ გადახდილი არ იქნა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ვინაიდან იგი განთავისუფლებული იყო ბაჟის გადახდისაგან. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც მოპასუხე ზ-------------ეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

რაც შეეხება მოსარცელე მხარის მოთხოვნას იურიდიული მომსახურების საფასური მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სსკ-ის 37-ე მუხლის მიხედვით პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლოს გარეშე ხარჯეია ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, ,,იმ მხარის მიერ გაწეული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს... " მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილ იქნა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, მოსარჩელე მის წარმომადგენელს გადაუხდის მომსახურების საფასურს სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (იხ. N9 ხელშეკრულების 4.1. პუნქტი). შესაბამისად, აშკარაა, რომ ამ ეტაპისთვის მოსარჩელე მხარის მიერ არ არის გაღებული იურიდიული მომსახურების საფასური, ამასთან, მოხდება თუ არა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება დამოკიდებულია მხარეთა ნებაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილშიც მოთხოვნა უსაფუძვლოა და ვერ დაკმაყოფილდება.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. სსიპ საზოგადოებრივი კოლეჯი „ო-------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

1.1. მოპასუხე ფ.პ. ზ-------------ეს (პ/ნ 5----------) დაევალოს განახორციელოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - მოახდინოს საძირკვლის სრული დემონტაჟი და ნარჩენების სრულად გატანა ტერიტორიიდან.

2. მოპასუხე ფ.პ. ზ-------------ეს (პ/ნ 5----------) დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 60 ლარის გადახდა.

3. სარჩელი ფ/პ ზ-------------ისთვის ზიანის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი