გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
140210017002097201
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

140210017002097201

საქმე № 2/1445-17

ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. გორი

გორის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნინო შარაძე

სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი

მოსარჩელეები: გ------ი გ------–---–ი

მოპასუხეები: შპს „4--------ი“ (არ გამოცხადდა), დ--–ი გ------–---–ი

დავის საგანი: ქონების ყადაღისაგან გათავისუფლება

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა ნაწილობრივი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი და

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

 

გორის რაიონულ სასამართლოს 2017 წლის 20 სექტემბერს სასარჩელო განცხადებით მომართა გ------ი გ------–---–მა მოპასუხეების: შპს „4--------ისა“ და დ--–ი გ------–---–ის მიმართ, ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით.

 

2017 წლის 14 ნოემბერს გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „4--------ის“ მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი, რომლითაც მან ცნო სარჩელი.

 

საქმე სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 02 ნოემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

2018 წლის 02 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ იშუამდგომლა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ.

 

სასამართლომ განიხილა საქმის მასალები, მიაჩნია, რომ მიღებული უნდა იქნეს ნაწილობრივ დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი, ხოლო ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში 2018 წლის 02 ნოემბერს გამართულ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე დაილი გ------–---–მა ცნო სარჩელი, თუმცა მოპასუხე შპს „4--------მა“ სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ცნო, ხოლო სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადებულა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის შესახებ უცნობებია სასამართლოსათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რაც მხარეებმა აღიარეს. ამდენად, გ------ი გ------–---–ის კუთვნილი დაყადაღებული მოძრავი ნივთების მესაკუთრედ ყოფნის საწინააღმდეგო მტკიცებულება საქმეში არ მოიპოვება და სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 103-ე მუხლების შესაბამისად, მოძრავი ნივთების მისადმი კუთვნილების ფაქტის დადასტურება სარწმუნოდ განახორციელა მოსარჩელემ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

 

დადგენილია, რომ შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის, ნინო ქებულაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს ქ. გორში, შარტავას N59-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში დაყადაღდა მოძრავი ნივთები: 1) კრემისფერი ნაჭრის სამეული; 2) ყავისფერი კედელი; 3) ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; 4) „სამსუნგის“ ფირმის შავი ტელევიზორი; 5) „სამსუნგის“ ფირმის თეთრი სარეცხის მანქანა; 6) „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი.

დადგენილია, რომ მიერ 2017 წლის 20 ივნისს შედგენილ ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული სადავო ნივთები წარმოადგენს გ------ი გ------–---–ის საკუთრებას.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დამტკიცებულად მიაჩნია ყველა ის გარემოება, რომელიც მოპასუხეებმა აღიარეს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების შესახებ კანონიერია და სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ------ი გ------–---–ის სარჩელი შპს „4--------ისა“ და დ--–ი გ------–---–ის მიმართ ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების მოთხოვნით უნდა დაკმაყოფილდეს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით, ხოლო ამავე კოდექსის 158-ე მუხლის თანახმად, ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის ამ ნივთის მესაკუთრე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლია კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.

 

”სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართელოს კანონის მე-40 მუხლი ითვალისწინებს იძულებით აღსრულების ერთ-ერთი ღონისძიებას მოძრავ ქონებაზე ყადაღის დადებას. ამავე კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყადაღას ექვემდებარება მოვალის ყველა ნივთი, გარდა ამ კანონის 45-ე მუხლში ჩამოთვლილი ქონებისა (იგულისხმება, რომ ნივთები, რომლებსაც პოულობენ მოვალესთან, მას ეკუთვნის).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლით, რის გამოც მიღებული უნდა იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49.2 მუხლის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. მოსარჩელის პოზიციის გათვალისწინებით სასამართლო მსჯელობას ვერ იქონიებს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის საკითხზე და იგი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 2321-ე, 234-ე, 235-ე, 236-ე, 237-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს „4--------ის“ მიმართ მიღებულ იქნეს დაუსწრებელი გადაწყვეტილება, ხოლო დ--–ი გ------–---–ის მიმართ გადაწყვეტილება, რომლითაც გ------ი გ------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. ყადაღისაგან გათავისუფლდეს შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის - ნინო ქებულაძის მიერ 2017 წლის 20 ივნისს შედგენილი ქონების აღწერისა და დაყადაღების აქტით ყადაღადადებული ქ. გორში, შარტავას №59-ში მდებერე შემდეგი მოძრავი ნივთები: 1) კრემისფერი ნაჭრის სამეული; 2) ყავისფერი კედელი; 3) ყავისფერი კომპიუტერის მაგიდა; 4) „სამსუნგის“ ფირმის შავი ტელევიზორი; 5) „სამსუნგის“ ფირმის თეთრი სარეცხის მანქანა; 6) „სამსუნგის“ ფირმის ვერცხლისფერი მაცივარი.

 

3. მოპასუხე შპს „4--------ს“ გაეგზავნოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი და განემარტოს, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის განახლების მოთხოვნით შეუძლია შემოიტანოს საჩივარი გორის რაიონულ სასამართლოში 10 (ათი) დღის ვადაში იმ დღიდან, როდესაც მას საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდებათ დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლი. ამ ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში.

 

4. გადაწყვეტილება, დ--–ი გ------–---–ის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილებაზე, შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნინო შარაძე