გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29422-17
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მადი ჩანტლაძე
სხდომის მდივანი სალომე მემარნიშვილი
მოსარჩელე - ნა------------–---–ი
მოპასუხე - ეთ----–-–---–ი
წარმომადგენელი - ნო----------------ე
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე) - სს „არ--------------ა“
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ეთ----–-–---–ისათვის მოსარჩელე ნა------------–---–ის სასარგებლოდ 995,00 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2017 წლის 04 ოქტომბერს დაახლოებით 19:45 საათზე, თბილისში ორ------–იდან დო---–---–ის მოედნის გავლით მდ. მტკვრის მარცხენა სანაპიროს მიმართულებით დო---–---–ის მოედანზე შესვლისას მოპასუხე ეთ----–-–---–ი ავტომანქანა შეეჯახა ნა------------–---–ის ავტომობილს. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, საპატრულო პოლიციამ შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და ამ ოქმის შედეგად მოსარჩელე დააჯარიმეს 250,00 ლარით. ოქმის გასაჩივრების შედეგ, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა გაუქმა საჯარიმო ქვითარი.
ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნა------------–---–ის ავტომანქანისათვის მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 630,00 ლარი, მოსარჩელის მიერ გაღებული ექსპერტიზის მომსახურების ხარჯმა - 241,00 ლარი, ხოლო ავტომანქანის საჯარიმო მოედნიდან გამოყვანის საფასური განისაზღვრა 124,00 ლარით.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი.
შესაგებელში მითითებულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელემ წარმოადგინა თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტები, თანხის გადახდა არ იყო საჭირო, რადგან ეთ----–-–---–ის ავტომობილი დაზღვეულია სს „არ--------------აში“. შემთხვევის ადგილზე მყოფმა კომპანიის წარმომადგენელმა მოსარჩელეს განუმარტა, რომ ეთ----–-–---–ის ავტომობილის დაზღვევა ითვალისწინებდა, როგორც სამართალდამრღვევის, ასევე დაზარალებულის ავტომობილების შეკეთება-აღდგენას; საჯარიმო სადგომზე გადაყვანის აუცილებლობა არ არსებობდა, შესაბამისად გადაყვანის ხარჯი უნდა დაეკისროს მოსარჩელეს, რამდენად გადაყვანა განხორციელდა მისი სურვილით.
მოპასუხემ სადავოდ გახადა ექსპერტიზის დასკვნაში მოცემული ხარჯი და ასევე არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ გაწეულ ექსპერტიზის მომსახურების საფასურის გადახდის მოთხოვნას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2017 წლის 04 ოქტომბერს 19:46 საათზე, თბილისში, ორ------–ის მხრიდან დო---–---–ის მოედანზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით დამრღვევად მიჩნეული იქნა ნა------------–---–ი, რომელიც მართავდა ავტომანქანის მარკა - “SU---------T”, სანომრე ნიშნით FF------I.
ნა------------–---–ის მიმართ შედგენილი იქნა საჯარიმო ქვითარი №ე-–-----7.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2017 წლის 16 ოქტომბრის №2-------7 დადგენილება საჯარიმო ქვითრის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ (ს.ფ. 14-16).
3.1.2. ავტომანქანა “SU---------T”, სანომრე ნიშნით FF------I საჯარიმო სადგომზე გადაყვანისათვის ევაკუატორის მომსახურების ღირებულება 124,00 ლარი 2017 წლის 17 ოქტომბერს გადაიხადა ნა------------–---–მა.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2017 წლის 17 ოქტომბრის №9------- ქვითარი (ს.ფ. 14-16).
3.1.3. 2017 წლის 16 ოქტომბრის №2-------7 საჯარიმო ქვითრის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ დადგენილების თანახმად, გაუქმდა 2017 წლის 04 ოქტომბერს ნა------------–---–ის მიმართ შედგენილი №ე-–-----7 საჯარიმო ქვითარი და ამავე დადგენილებით დადგინდა ზემოთ აღნიშნულ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევაში მონაწილე მძღოლის ეთ----–-–---–ის მიერ საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის 62-ე და მე-10 ნაწილების დარღვევის ფაქტი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2017 წლის 16 ოქტომბრის №2-------7 დადგენილება საჯარიმო ქვითრის გაუქმებისა და საქმის ხელახალი განხილვისათვის გაგზავნის შესახებ (ს.ფ. 14-16).
3.1.4. ავტომანქანისათვის “SU---------T”, სანომრე ნიშნით FF------I, შასის ნომრით Z---------4, მიყენებული ზიანის ოდენობამ შეადგინა 630,00 ლარი.
მოპასუხის წარმომადგენელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნა 630,00 ლარის ნაწილში (იხ, 2018 წლის 12 ოქტომბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 15:34:04, ასევე 15:36:59).
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 3-4).
2017 წლის 20 ოქტომბრის ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს №--------- ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ. 17-24).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
მხარეებს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლოს მიაჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა საფუძვლიანია და სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 409-ე, 999-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. მოცემულ შემთხვევაში თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რაც დაზარალებულს უფლებას აძლევს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება ზიანის მიმყენებლისგან.
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასებით სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით მოწესრიგებას ექვემდებარება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინაააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა: 1. ზიანი - დადგენილია, რომ ნა------------–---–ს ავტომანქანის დაზიანებით მიადგა ზიანი, 630,00 ლარის ოდენობით, ასევე ევაკუატორის მომსახურების ხარჯის 124,00 ლარის ოდენობით; 2. სახეზეა მართლწინააღმდეგობა - დადგენილია, რომ ეთ----–-–---–მა დაარღვია საგზაო მოძრაობის წესები, რაც გამოიხატა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩადენაში; 3. არსებობს მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - რომ არა ეთ----–-–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა, არ დაზიანდებოდა მოსარჩელის ქონება და შესაბამისად, ნა------------–---–ს არ მიადგებოდა ზიანი. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მიერ დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძვლით ზიანის ანაზღაურების ყველა წინაპირობა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლი სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ქცევის წესია და ერთგვარად საგამონაკლისო ხასიათის ნორმაცაა, რამდენადაც განსაზღვრავს ბრალის გარეშე პასუხისმგებლობის წარმოშობის საფუძვლებსაც. სწორედ ამითაა განპირობებული, რომ პასუხისმგებლობა ზიანისათვის ყოველთვის ეკისრება სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, მიუხედავად იმისა, თუ ვინ იყო ზიანის უშუალო მიმყენებელი, ვისი ბრალით იყო გამოწვეული ზიანი.
სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის გამოყენება სწორედ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ზიანი გამოწვეულია ნივთის იმ თვისებებით, რის გამოც იგი მომეტებული საფრთხის წყაროს განეკუთვნება, ანუ სატრანსპორტო საშუალების მფლობელს მხოლოდ მაშინ დაეკისრება პასუხიმგებლობა, თუკი დარღვეულია მისი ექსპლუატაციის წესები. მოცემულ შემთხვევაში უდავოდ დგინდება, რომ ზიანი ავტომანქანის მართვისას ეთ----–-–---–ის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევამ გამოიწვია, რაც საფუძველია ურთიერთობის სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის შესაბამისად მოწესრიგებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლიდან გამომდინარე, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. აქედან გამომდინარე, ზიანი პასუხისმგებელმა სუბიექტმა უნდა აანაზღაუროს სრულად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, მიყენებული ზიანისათვის კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
მოცემულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ არსებობს დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის ყველა წინაპირობა. შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ეთ----–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 630,00 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ეთ----–-–---–მა გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სარჩელი 6300,00 ლარის ნაწილში.
მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა სარჩელის შესაბამის ნაწილში დაკმაყოფილების საფუძველია, შესაბამისად, ეთ----–-–---–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 630,00 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე ცნო სარჩელი 630,00 ლარის ოდენობით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 20,88 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ამასთან მოპასუხე აუნაზღაურებს მოსარჩელეს 29,11 ლარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
სსსკ-ის 44-ე მუხლის თანახმად, მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები შეადგენს საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. ზოგადი პრინციპი კი ასეთია - იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში, სსიპ ლე---------------–--------–-----------------–----------------------------–----------ს სასარგებლოდ ნა------------–---–ის მიერ გადახდილი 241,00 ლარი (ს.ფ. 26, სალაროს შემოსავლის ორდერი №1-----, 24.10.2017) მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს,8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-3, 53-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნა------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ეთ----–-–---–ს მოსარჩელის ნა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 630,00 ლარის ანაზღაურება;
1.2. მოპასუხე ეთ----–-–---–ს მოსარჩელის ნა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ევაკუატორის მომსახურების საფასურის 124,00 ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხე ეთ----–-–---–ს მოსარჩელის ნა------------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 29,11 ლარის ანაზღაურება.
3. დაუბრუნდეს ნა------------–---–ს მის მიერ 2017 წლის 26 ოქტომბერს №- საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50,00 ლარიდან 20,88 ლარი.
4. მოპასუხე ეთ----–-–---–ს დაეკისროს მოსარჩელისათვის ექსპერტიზის დასკვნის საფასურის 241,00 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში (მდ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით (მდ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ, №6).
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
სსსკ-ის 46-ემუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე მადი ჩანტლაძე