გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.10.2018
საქმის ნომერი
330210016001227843
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
30.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1412-16

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით 30 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - შპს ,,J--’’

წარმომადგენელი - პ---------------–ი, გ-----------

მოპასუხე - სს,,ლ-------------ი’’

წარმომადგენელი - ს-------------------ი

დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირი - შპს ,,G-------’’

წარმომადგენელი (პარტნიორი) - გ----------------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 16 144.92 ლარი.

(იხ. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, 2017 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი)

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი, დაზუსტებული სარჩელი, ს.ფ. 1-14; 74-88, 263-267):

1.1.1. 2014 წლის 06 დეკემბერს ნოტარიუს ბ-------------ის მიერ გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი №1--------), რომლის თანახმად მოვალე შპს ,,G-------’’-ს, კრედიტორ შპს ,,J--’’-ს სასარგებლოდ დაეკისრა 16 415 ლარის გადახდა;

1.1.2. აღნიშნული სააღსრულებო ფურცელი კანონით დადგენილი წესით წარედგინა სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს;

1.1.3. თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2014 წლის 10 დეკემბრის №9---- მიმართვით, მოპასუხეს დაევალა დაუყოვნებლივ ეცნობებინა, ჰქონდა თუ არა დანართში მითითებულ მოვალეებს ანგარიშსწორების ანგარიშები სს ,,ლ-------------ში’’. დადებით შემთხვევაში მოპასუხეს დაევალა რეგისტრაციაში გაეტარებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დადებული ყადაღა მოთხოვნის ფარგლებში. მოპასუხეს ასევე დაევალა აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ეცნობებინა ანგარიში და მასზე დაყადაღებული თანხის ოდენობა;

1.1.4. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 11 დეკემბერს, რაც დასტურდება შესაბამისი ბეჭდით;

1.1.5. შპს ,,G-------’’-მ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლ-------------ში’’ გახსნა ახალი ანგარიში. შპს ,,G-------’’-მ აღნიშნული ანგარიშიდან 2014 წლის 25 დეკემბრიდან 26 დეკემბრის ჩათვლით მოახდინა ამ ანგარიშზე დარიცხული თანხის - 36 671.69 ლარის გატანა, რიც შემდეგადაც მის ანგარიშზე არსებული თანხა განულდა;

1.1.6. აღნიშნული ფაქტი მოპასუხემ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს დაუდასტურა და მიუთითა ტექნიკურ ხარვეზზე;

1.1.7. მოპასუხემ არ შეასრულა აღსრულების ეროვნული ბიუროს №9---- მიმართვით მასზე დაკისრებული მოვალეობა და ვერ აღსრულდა 2014 წლის 06 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი, რის შედეგადაც, მას მოპასუხის ქმედების გამო მიადგა ზიანი - 16 144.92 ლარის ოდენობით, რამდენადაც მოხდა ანაზღაურება მხოლოდ 270.08 ლარის;

1.1.8. მოცემულ შემთხვევაში, სრულიად აშკარაა მოპასუხის მუშაკის ბრალეული ქმედება. კერძოდ, ის ვალდებული იყო ეცნობებინა სააღსრულებო ბიუროსათვის მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ანგარიშის გახსნა. ტექნიკური მიზეზების მოშველიება სრულიად უსაფუძვლოა. მოპასუხეს რომ კეთილსინდისიერად შეესრულებინა მისი მოვალეობა, სააღსრულებო ბიურო მოახდენდა სააღსრულებო ფურცლის აღსრულებას და არ მიადგებოდა ზიანი. ტექნიკური ხარვეზის არსებობა, ასეთის არსებობის შემთხვევაშიც არ გამორიცხავს მის პასუხისმგებლობას. ის 2014 წლის 25 დეკემბრიდან 2015 წლის 14 იანვრამდე, როდესაც ანგარიშზე იყო თანხა, არც კი შეეცადა თავიდან აერიდებინა თუნდაც ტექნიკური ხარვეზით მისთვის ზიანის მიყენება. მოპასუხეს არ წარმოუდგენია ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნის დასტური, რაც მოწმობს, რომ შეტყობინება საერთოდ არ გაუგზავნია;

1.1.9. სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის 192 მუხლის მე-3 ნაწილის მიუთითებს, რპმ საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის/ანგარიშების გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე/ანგარიშებზე, თუ ანგარიშზე/ანგარიშებზე მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში. 2010 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებაში მსგავსი არაფერი არ წერია, რომც ეწეროს იგი წინააღმდეგობაში იქნებოდა კანონთან და შესაბამისად, ბათილი იქნებოდა. უსაფუძვლოა მოპასუხის განმარტება, რომ ბიუროს ხელახალახი მოთხოვნის გარეშე ყადაღა არ უნდა იყოს დადებული, ასეთს არ ითვალისწინებს კანონი, ხელშეკრულება, ხოლო ზეპირ მოთხოვნას იურიდიული ძალა ვერ ექნება;

1.1.10. მოპასუხის უმოქმედობით განიცადეს ზიანი და უსაფუძვლოა მათი მითითება, რომ რომც მიეწოდებინათ ინფორმაცია ბიუროსათვის, მაინც ვერ მოხდებოდა 1 დღეში ყადაღის დადება მოვალის კუთვნილ ანგარიშზე და რომ აღნიშნულს ესაჭიროება 4-5 მაინც. აღნიშნული წარმოადგენს კანონის დარღვევას. მოპასუხეს რომ ემოქმედა კანონის დაცვით, არ მიადგებოდა ზიანი. შესაბამისად, მიზეზობრივი კავშირი სახეზეა. მოპასუხემ არ შეასრულა ნაკისრი მოვალეობა, რითაც შეგნებულად დაუშვა და გულგრილად მოეკიდა მისთვის ზიანის დადგომას.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი. შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 33-42; 105-113):

2.1.1. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმართვა ნამდვილად რეგისტრირებულია, თუმცა ამ დროს მოვალეს ბანკში ანგარიში გახსნილი არ ჰქონდა, შესაბამისად, მისი შესრულება ვერ მოხდებოდა;

2.1.2. მოვალის მიერ მასთან ანგარიში გაიხსნა 2014 წლის 22 დეკემბერს. თანხის ჩარიცხვა და გადარიცხვა კი განხორციელდა 2014 წლის 25 დეკემბერს;

2.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მომართვის დროს - 2014 წლის 11 დეკემბერს - მოვალეს ბანკში ანგარიში არ გააჩნდა, შესაბამისად, ამ მომართვის შესრულებას ან შეუსრულებლობას რაიმე შედეგი ვერ მოჰყვებოდა. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ცნობილი გახდებოდა მხოლოდ ის გარემოება, რომ ბანკში მოვალეს ანგარიში არ გააჩნდა;

2.1.4. მოვალის მიერ მასთან ანგარიში გაიხსნა 2014 წლის 22 დეკემბერს. მის მიერ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ამ ანგარიშის გახსნის შესახებ ვერ ეცნობა პროგრამული ხარვეზის გამო;

2.1.5. მითითებულ პერიოდში მასსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მოქმედი ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკში მოქმედი პროგრამული ამონაწერის თანახმად, სადავო ურთიერთობის მსგავს შემთხვევებში (როდესაც ყადაღის დადების შემდეგ ხდება ანგარიშის გახსნა), პროცედურების განხორციელებას და ახლად გახსნილი ანგარიშის დაყადაღებას სჭირდებოდა სულ მცირე 4-5 დღე, რაც 26 დეკემბრამდე ყველა პირობის დაცვის პირობებშიც კი ვერ მოესწრებოდა. კერძოდ, გასათვალისწინებელია, რომ ახალი ანგარიშის გახსნის შედეგად პროგრამულად ეგზავნება ინფორმაცია აღსრულების ეროვნულ ბიუროს. ამის შემდგომ ბიუროსგან უნდა მოვიდეს პასუხი ამ სუბიექტის მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის შესახებ. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროდან დადებითი პასუხის შემთხვევაში, იგი კვლავ უგზავნის მიმართვას ბიუროს და ატყობინებს მოვალის კონკრეტული ანგარიშის ნომერს და ამის შემდგომ მოდის აღმასრულებლის მიმართვა კონკრეტულ ანგარიშზე ყადაღის დადების შესახებ;

2.1.6. შესაბამისად, 2014 წლის 22 დეკემბერს მას რომც ეცნობებინა, აღსრულების ეროვნული ბიუროსთვის მოვალის მიერ ანგარიშის გახსნის თაობაზე, ყველა პროცედურის დაცვითაც კი, მაინც ვერ მოხერხდებოდა მოვალის მიერ თანხის განკარგვამდე - 2014 წლის 26 დეკემბრამდე მოვალის ანგარიშის დაყადაღება.

2.1.7. ზიანის დადასტურების შემთხვევაშიც კი მის ქმედებას და დამდგარ ზიანს შორის არ იკვეთება პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. თეორიული დაშვების პირობებიც კი შესაძლებელია მსჯელობა მხოლოდ არაპირდაპირ მიზეზობრივ კავშირზე, რაც კანონმდებლობით არ წარმოადგენს ზიანის დაკისრების წინაპირობას;

2.1.8. მოსარჩელის მიერ არ არის დადასტურებული მისი თანამშრომლის ბრალეული ქმედება, რაც მისი მტკიცების ტვირთს წარმოადგენს;

2.1.9. დეკემბრიდან იანვრამდე მან თვითონაც არ იცოდა, რომ არსებობდა ტექნიკური ხარვეზი. აღნიშნული ტექნიკური ხარვეზი არსებობდა რამდენიმე კვირის განმავლობაში. მოსარჩელის მიერ არ არის სადავოდ გამხდარი, რომ არ იყო ტექნიკური ხარვეზი, რის გამოც არ წარმოუდგენია ამის დამადასტურებელი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1.ნოტარიუს ბ-------------ის მიერ 2014 წლის 06 დეკემბერს გაიცა სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------), რომლის თანახმადაც, კრედიტორად მითითებულია მოსარჩელე, ხოლო მოვალედ შპს ,,G-------’’. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის თანახმად, მოვალეს კრედიტორის სასარგებლოდ დაეკისრა 16 415 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 18-20)

 

3.1.2. აღნიშნული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად დაწყებული აღსრულების პროცესში სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-17 მუხლის მოთხოვნის საფუძველზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ მოპასუხეს 2014 წლის 10 დეკემბერს გაეგზავნა №9---- მიმართვა, რომლის თანახმადაც, მოპასუხეს დაუყოვნებლივ უნდა ეცნობებინა მოპასუხისთვის ჰქონდა თუ არა მოვალეს - შპს ,,G-------’’-ს გახსნილი ანგარიშსწორების ანგარიში გახსნილი ბანკში. დადებით შემთხვევაში კი რეგისტრაციაში უნდა გაეტარებინა აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული ყადაღა მოთხოვნის გარგლებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 21-22)

 

3.1.3. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №9---- მიმართვა მოპასუხეს ჩაბარდა 2014 წლის 11 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა (ს.ფ. 21-22)

 

3.1.4. მოპასუხეს სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს №9---- მიმართვაზე პასუხი არ დაუბრუნებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

- მიმართვა (ს.ფ. 23-24)

3.1.5. სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრული მოვალის - შპს ,,G-------’’-ს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლ-------------ში’’ გაიხსნა საბანკო ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშზე მის მიერ 2014 წლის 26 დეკემბერს ჩაირიცხა თანხა - 33 667.20 ლარის ოდენობით. საბანკო ანგარიშიდან აღნიშნული თანხის განკარგვა განხორციელდა ამავე დღეს - 2014 წლის 26 დეკემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვა, საბანკო ამონაწერი (ს.ფ. 26-27; 48)

 

3.1.6. 2014 წლის 06 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) აღსრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოსარჩელისთვის 2015 წლის 29 მაისს გადარიცხულია 270.08 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ.101)

3.1.7. მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხემ უარი განუცხადა მოსარჩელეს 16 415 ლარის ანაზღაურებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმართვები (ს.ფ. 43-45; 23-24)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,G-------’’-ს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლ-------------ში’’ ანგარიშის გახსნის თაობაზე მოპასუხეს არ უცნობებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე თავადვე აღიარებს იმ ფაქტს, რომ სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს არ ეცნობა მის მიერ მოვალის მიერ ანგარიშის გახსნის თაობაზე. ამასთან, მოპასუხის მითითებით, ანგარიშის გახსნისთანავე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს ეგზავნება ავტომატურად, აღნიშნული დამოკიდებული არ არის ადამიანური რესურსის გამოყენებასთან, თუმცა განსახილველ შემთხვევაში შესაბამისი ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობა გამოიწვია სისტემურმა ხარვეზმა. ამასთანავე, მოპასუხის განმარტებით, ამ დღეს გახსნილი სხვა მონაცემების თაობაზე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდა შეუფერხებლად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. აღნიშნული ნორმა ასახავს სამოქალაქო სამართალში მოქმედ ზოგად პრინციპს ,,მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს’’ -,,affirmanti, non legati, incumbit probatio’’.

განსახილველ შემთხვევაში სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის მოვალის ანგარიშის გახსნის თაობაზე ინფორმაციის მიუწოდებლობის ფაქტს სადავოდ არ ხდის. სათანადო მტკიცებულების არ არსებობის გამო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, რომ ინფორმაციის მიუწოდებლობა განპირობებული იყო ტექნიკური ხარვეზით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, აღნიშნულის დასადასტურებლად საკმარისი არაა მოწმის - თ-------------–-–---–ის ჩვენება, რომელმაც ზოგადად მიუთითა ბანკს და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ურთიერთობასა და მათ შორის ინფორმაციის გაცვლის პროცესზე და მიუთითა, რომ ანგარიშის გახსნის თაობაზე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს მიეწოდება ავტომატურ რეჟიმში, თუმცა მოწმის, ისევე როგორც მოპასუხის წარმომადგენელის განმარტებით მათთვის უცნობია რა კონკრეტული ხარვეზის გამო არ მოხდა განსახილველ შემთხვევაში ანგარიშის თაობაზე ინფორმაციის მიწოდება.

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მოპასუხის მიერ წარმოდგენილ მასსა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის 2010 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულებაზე მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინებების მიწოდების პირობების განსაზღვრის შესახებ.

აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი მიღებულად ითვლება მიმღების მხრიდან მისი მიღების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან. ელექტრონული დოკუმენტის მიღება-გადაცემის ავტომატური დასტური იგზავნება დაუყოვნებლივ (სისტემის მიერ - პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით). 4.4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ,,ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნისას/მიღებისას უნდა დარჩეს ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნა/მიღების დასაბუთება (დასტური).

ამავე ხელშეკრულების 9.3.2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია ბანკის ვალდებულება, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გაგზავნა (ელექტრონული სისტემის დაზიანების, ბაზასთან დაკავშირების შეუძლებლობის ან სხვა შემთხვევაში) ინფორმაცია გააგზავნოს ელექტრონული მატარებლით (დისკეტა, დისკი და სხვა) ან წერილობითი ფორმით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესების დაცვით. ამავე ხელშეკრულების 9.3.4. პუნქტის თანახმად კი, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის ელექტრონული ტექნოლოგიებით გაცვლის სისტემებით მომსახურების მაღალი ხარისხი რაც შესაძლებელს გახდის ბანკის მხრიდან ხელშეკრულების საგნის სრულფასოვან შესრულებას.

აღნიშნულის და საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით არ დასტურდება ის გარემოება, რომ ტექნიკური ხარვეზის გამო ვერ განხორციელდა სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ინფორმაციის მიწოდება.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,G-------’’-ს მიერ 2014 წლის 22 დეკემბერს სს ,,ლ-------------ში’’ ანგარიშის გახსნის თაობაზე მოპასუხეს არ უცნობებია სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის.

3.2.2. მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 16 144.92 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების ერთადერთი გზა მტკიცებაა, რომლითაც დგინდება საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. მტკიცების პროცესში იგულისხმება პროცესის მონაწილე სუბიექტების საქმიანობა, მიმართული საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების არსებობის ან არარსებობის დასადგენად. პროცესის მონაწილე მხარეთა და სასამართლოს მტკიცებითი საქმიანობა მოიცავს შემდეგ სტადიებს: მტკიცების საგნის განსაზღვრა; მტკიცებულებათა შეგროვება (მტკიცებულებათა გამოვლენა, მათი შეკრება და სასამართლოში წარდგენა); მტკიცებულებათა სასამართლოში გამოკვლევა; მტკიცებულებათა შეფასება. დამტკიცებას საჭიროებს ის გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს სასარჩელო მოთხოვნასა და სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებს, მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებისა და სასარჩელო მოთხოვნის უარყოფას, ასევე, საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებს. (იხ. სუსგ , საქმე №ას-1206-1166-2016).

განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნა ემყარება დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დანაწესით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე აუცილებელია სახეზე გვქონდეს ნორმის დამფუძნებელი ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ელემენტების ერთობლიობა.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა მოსარჩელისთვის ზიანის მიყენების ფაქტი, ვინაიდან მოპასუხის მიერ მოვალის საბანკო ანგარიშების დაუყადაღებლობის გამო მან ვერ შეძლო ვადამოსული მოთხოვნის დაკმაყოფილება, რომელიც მას შეეძლო დაეკმაყოფილებინა ანგარიშზე ყადაღის დადების პირობებში. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2014 წლის 06 დეკემბერს გაცემული სააღსრულებო ფურცელი (სანოტარო მოქმედების რეგისტრაციის №1--------) აღსრულებულია ნაწილობრივ, კერძოდ, აღნიშნული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში მოსარჩელისთვის 2015 წლის 29 მაისს გადარიცხულია 270.08 ლარი. შესაბამისად, მოსარჩელისთვის ანგარიშის დაუყადაღებლობის გამო მიყენებული ზიანი შეადგენს - 16 144.92 ლარს. თუმცა, როგორც ზემოთ აღინიშნა მოსარჩელისთვის მხოლოდ ზიანის მიყენების ფაქტი დელიქტური პასუხისმგებლობისათვის აუცილებელ სხვა ელემენტთა ერთობლიობის გარეშე არ ქმნის ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას. შესაბამისად, სასამართლომ უნდა დაადგინოს დელიქტური ვალდებულების სადამფუძნებლო ნორმიდან გამომდინარე სხვა ელემენტთა ერთობლიობაც.

სასამართლო მიუთითებს, რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედება ზოგადად ნიშნავს დადგენილი წესების, პირობების დარღვევას. ეს წესები და პირობები შეიძლება განსაზღვრული იყოს როგორც კანონით, ისე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულებით.

როგორც უკვე აღინიშნა, მოპასუხეს და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის მოქმედებს 2010 წლის 26 თებერვლის ხელშეკრულება მოვალეთა რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ საბანკო ანგარიშის გახსნის თაობაზე ელექტრონული შეტყობინებების მიწოდების პირობების განსაზღვრის შესახებ.

აღნიშნული ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, ელექტრონული დოკუმენტი მიღებულად ითვლება მიმღების მხრიდან მისი მიღების ელექტრონულად დადასტურების მომენტიდან. ელექტრონული დოკუმენტის მიღება-გადაცემის ავტომატური დასტური იგზავნება დაუყოვნებლივ (სისტემის მიერ-პროგრამულ-ტექნიკური საშუალებებით). 4.4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ,,ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნისას/მიღებისას უნდა დარჩეს ელექტრონული დოკუმენტის გაგზავნა/მიღების დასაბუთება (დასტური)."

ამავე ხელშეკრულების 9.3.2 პუნქტის თანახმად განსაზღვრულია ბანკის ვალდებულება, კერძოდ, იმ შემთხვევაში თუ ვერ ხერხდება ელექტრონული ფორმით ინფორმაციის გაგზავნა (ელექტრონული სისტემის დაზიანების, ბაზასთან დაკავშირების შეუძლებლობის ან სხვა შემთხვევაში) ინფორმაცია გააგზავნოს ელექტრონული მატარებლით (დისკეტა, დისკი და სხვა) ან წერილობითი ფორმით მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი საერთო წესების დაცვით. ამავე ხელშეკრულების 9.3.4. პუნქტის თანახმად კი, ბანკი ვალდებულია უზრუნველყოს ინფორმაციის ელექტრონული ტექნოლოგიებით გაცვლის სისტემებით მომსახურების მაღალი ხარისხი რაც შესაძლებელს გახდის ბანკის მხრიდან ხელშეკრულების საგნის სრულფასოვან შესრულებას.

განსახილველ შემთხვევაში უდავოა, რომ ტექნიკური ხარვეზის გაზიარების შემთხვევაში კი მოპასუხეს არც უცდია ინფორმაციის მიწოდების მცდელობის განხორციელება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ამ ნორმებით დადგენილი წესით. მისთვის, ის ინფორმაციაც კი, რომ ადგილი ჰქონდა ინფორმაციის მიუწოდებლობას, მოგვიანებით გახდა ცნობილი.

გარდა აღნიშნულისა გასათვალისწინებელია, რომ სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-192 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, საბანკო დაწესებულება ვალდებულია პირის რეესტრში რეგისტრაციის დღიდან არა უგვიანეს მომდევნო საბანკო დღისა აცნობოს აღსრულების ეროვნულ ბიუროს/კერძო აღმასრულებელს მის მიერ წარმოებულ საქმეზე რეესტრში რეგისტრირებული პირის ანგარიშების და მათზე არსებული ნაშთების შესახებ. ამასთანავე, საბანკო დაწესებულება ამ პირის ანგარიშზე (ანგარიშებზე) ავრცელებს ყადაღას აღსასრულებელი მოთხოვნის ფარგლებში. საბანკო დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს აღსრულების ეროვნულ ბიუროს რეესტრში რეგისტრირებული პირის მიერ ახალი საბანკო ანგარიშის (ანგარიშების) გახსნისა და განხორციელებული ოპერაციების შესახებ და ვალდებულია გაავრცელოს ყადაღა ასევე ამ ანგარიშზე (ანგარიშებზე), თუ ანგარიშზე (ანგარიშებზე) მანამდე განხორციელებული ყადაღის დადებით ვერ იქნა უზრუნველყოფილი ყადაღის გავრცელება აღსასრულებელი მოთხოვნის სრული მოცულობის ფარგლებში. შესაბამისად, აღნიშნული მუხლიდან გამომდინარეობს მოპასუხის ვალდებულება ანგარიშის გახსნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის დაუყოვნებლივ ინფორმაციის მიწოდების და ამასთანავე ამ ანგარიშზე ყადაღის დადების თაობაზე. განსახილველ შემთხვევაში კი უდავოა, რომ მოპასუხემ არ აცნობა ანგარიშის გახსნის თაობაზე სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს, რაც გულისხმობს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობის ელემენტის არსებობას.

ქმედების შეფასების მართლწინააღმდეგობის კუთხით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ასევე დაუდასტურებელია მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ მიუხედავად სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის აღნიშნული დანაწესისა, სააღსრულებო ბიუროს მოთხოვნის თანახმად მხოლოდ მის მიერ ხელმეორე მომართვის შემდეგ ხდება ანგარიშზე ყადაღის დადება. მოპასუხის ვალდებულება გაწერილია სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონში, რასთან შესაბამისობაშიც უპირატესობა მხარეთა შორის დადგენილ პრაქტიკას (ასეთის დადასტურების შემთხვევაშიც კი) ვერ მიენიჭება.

სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოპასუხესა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის დადებული ხელშეკრულების ზემოთ მოყვანილ პუნქტებზე, საიდანაც პირდაპირ გამომდინარეობს მოპასუხის ვალდებულება სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის არა მხოლოდ ინფორმაციის, არამედ ტექნიკური ხარვეზის თაობაზე ცნობის მიწოდების შესახებ. ყოველივე აღნიშნული განაპირობებს კი მოპასუხის ქმედების, რომელიც განსახილველ შემთხვევაში გამოხატულია უმოქმედობაში, მართლწინააღმდეგობას.

ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მითითებას წარმოდგენილ ხელშეკრულებაზე (ს.ფ. 127-135) და პროტოკოლზე (ს.ფ. 136-160), იმის გამო, რომ ხელშეკრულება დათარიღებულია მომხდარი ფაქტის შემდეგ - 2015 წლის 25 ნოემბრით, ხოლო წარმოდგენილი პროტოკოლის განახლების თარიღი ასევე არის 2015 წლის 25 ნოემბერი.

სასამართლო მიუთითებს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას ახასიათებს ზიანის მიმყენებლის ბრალეულობის პრეზუმფციის პრინციპი. ზიანის მიმყენებელი მიიჩნევა ბრალეულად, თუ არ დაამტკიცებს მისი ბრალის არარსებობის ფაქტს. ამასთან, ბრალი გამოიხატება განზრახვის ან გაუფრთხილებლობის ფორმით, რომელიც, თავის მხრივ, იყოფა ჩვეულებრივ და უხეშ გაუფრთხილებლობად. ბრალის ფორმას, ზოგადი წესის მიხედვით, ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა. მნიშვნელოვანია მხოლოდ ის, რომ ზიანის მიმყენებლის მოქმედება იყოს ბრალეული. ზიანის მიმყენებელმა პასუხი უნდა აგოს მხოლოდ საკუთარი ბრალეული მოქმედებისათვის.

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმის თაობაზე, რომ სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის ინფორმაციის მიუწოდებლობა განპირობებული იყო სისტემური ხარვეზის გამო, რაზე აპელირებითაც მოპასუხე გამორიცხავდა მიყენებულ ზიანთან მიმართებით თავის ბრალეულობას. სასამართლო მოპასუხის ქმედების ბრალეულობის შეფასების კუთხით მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ასევე არ დასტურდება ის გარემოებაც, რომ მოპასუხის მიერ შეუძლებელი იყო სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროსათვის აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოპასუხის მითითებასა და მოწმის ჩვენებაზე, რომლის თანახმადაც აღნიშნული შემთხვევის შემდეგ საბანკო დაწესებულებამ დაიწყო იმ მონაცემების პერიოდული (ყოველდღიური) შემოწმება მივიდა თუ არა ახალ გახსნილი ანგარიშების შესახებ ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში. შესაბამისად, აღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მიუხედავად მოპასუხესა და სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროს შორის ინფორმაციის ელექტრონული მიმოცვლის სისტემის არსებობისა, მომხდარი ფაქტის დროსაც იყო შესაძლებელი და ამჟამადაც შესაძლებელია საბანკო დაწესებულების მიერ იმის კონტროლი, მივიდა თუ არა ანგარიშის გახსნის თაობაზე ინფორმაცია სსიპ აღსრულების ეროვნულ ბიუროში.

ქმედების ბრალეულობასთან მიმართებით სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში, მოპასუხეს მისი ბრალეულობის გამოსარიცხად ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ თავდაპირველი მიმართვის N9---- ჩაბარების დროისათვის სს ,,ლ-------------ში’’ მოვალეს არ ჰქონდა გახსნილი საბანკო ანგარიში და აღნიშნულზე რეაგირებაც კი ვერანაირი შედეგის მომტანი ვერ გახდებოდა მოსარჩელისთვის. ამასთანავე, სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელის მიერ აღნიშნული გარემოება სადავოდაა გამხდარი წარმოდგენილი დაზუსტებული სარჩელის ფარგლებში (იხ. ს.ფ. 79).

შესაბამისად, სასამართლო საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების თანახმად, მიიჩნევს მოპასუხის ქმედებას ბრალეულად, რაც ასევე აუცილებელი ელემენტია დელიქტური ვალდებულების დასაკისრებლად.

საქმის მასალებით დადასტურებულია მოსარჩელის სასარგებლოდ სააღსრულებო ფურცლის გაცემის და მის საფუძველზე სააღსრულებო წარმოების დაწყების ფაქტი. ასევე დადგენილია, იძულებითი აღსრულების პროცესის დაწყების შემდეგ მოვალის ანგარიშზე მოსარჩელის მიმართ დაკისრებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აუცილებელი თანხის ჩარიცხვის ფაქტი. შესაბამისად, მიუხედავად, კრედიტორის მცდელობისა, მის მიერ ვერ განხორციელდა მოპასუხის ანგარიშზე ყადაღის დადება, აღნიშნული კი სწორედ მოპასუხის ქმედებით - მის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობითაა გამოწვეული. ამასთან, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის ჰიპოთეტურ მითითებას იმის თაობაზე, რომ ინფორმაციის დროულად მიწოდების შემთხვევაშიც კი შეუძლებელი იყო 2014 წლის 26 დეკემბრამდე (მოვალის მიერ თანხის განკარგვამდე) ახლადგახსნილ ანგარიშზე ყადაღის დადება. სასამართლოს შეფასებით, აღნიშნული მხოლოდ ჰიპოთეტური მითითება არ წარმოადგენს მოპასუხის ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობის თაობაზე სათანადო მითითებას და მტკიცებულებას.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 16 144.92 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, მე-8, 115-ე მუხლები.

სააღსრულებო წარმოებათა შესახებ საქართველოს კანონის მე-192 მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის” ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლის-სამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.

აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია.

სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას.

საქმეებზე - ”დევიერი ბელგიის წინააღმდეგ” და ”დელკური ბელგიის წინააღმდეგ” ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ "ადამიანის უფლებათა" ევროპული კონვენციის ფრანგულ ტექსტში, მე-6 მუხლის პირველი პუნქტი შეიცავს ტერმინს "დასაბუთებული" (ბიენ-ფონდე), აღნიშნული კი ნიშნავს, რომ განაჩენი კარგად უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც სამართლებრივი, ისე ფაქტობრივი თვალსაზრისით. მართალია, აღნიშნულ საქმეებში საუბარია სისხლის სამართლის საქმეზე გამოტანილ განაჩენზე, მაგრამ ეს პრინციპი სამოქალაქო დავებზე მიღებული გადაწყვეტილებების მიმართაც ვრცელდება.

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს თუ რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება თუ რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს მოპასუხის პოზიცია (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულება. ამგვარი ვალდებულება არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება ნებისმიერი ზიანი, მიყენებული მოქალაქის პიროვნების ან ქონებისათვის, ასევე ზიანი, მიყენებული იურიდიული პირის ქონებისათვის. ზიანის ქვეშ, რომელიც ექვემდებარება ანაზღაურებას, პირველ რიგში, იგულისხმება, დაზარალებულის სუბიექტური სამოქალაქო უფლებების დარღვევის ქონებრივი შედეგები. ამასთან, თავად დარღვეული უფლებები შეიძლება იყოს როგორც ქონებრივი, ისე პირადი ხასიათის. ზიანი შეიძლება გამოიხატოს დაზარალებულის ქონების განადგურებით, გასხვისებით ან დაზიანებით.

როგორც უკვე აღინიშნა, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე №ას-191-183-2016).

ამდენად, პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები. კერძოდ, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, განსახილველი დავის სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე სასამართლოს ამოცანაა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე დაადგინოს რამდენად არსებობს დელიქტური ვალდებულების წარმოშობისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთიანობა.

განსახილველ შემთხვევაში, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სახეზეა მოპასუხისათვის დელიქტური პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის აუცილებელ კომპონენტთა ერთობლიობა, რის შედეგადაც სასამართლოს მიერ დადგენილია, მოპასუხე წარმოადგენს მოსარჩელისთვის მიყენებული ზიანის - 16 144.92 ლარის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ სუბიექტს.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. კეთილსინდისიერების პრინციპი სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის ქვაკუთხედს წარმოადგენს, რაც საბაზრო ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. ზემოაღნიშნული მუხლი, ზოგადი დებულების სახით არის დეკლარირებული, რაც შესაძლებლობას ანიჭებს სასამართლოს ყოველი კონკრეტული შემთხვევა შეაფასოს მორალური ღირებულებების საფუძველზე. აღნიშნული პრინციპის დუალისტური ბუნებრიდან გამომდინარე კანონმდებელი ერთმანეთისაგან მიჯნავს კეთილსინდისიერების ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმების გათვალისწინებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლებები უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების ბოროტად გამოყენება მარტო იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

მართალია, უფლების ბოროტად გამოყენების ზუსტი ფარგლები არ არის დადგენილი სამოქალაქო კოდექსით, მაგრამ უფლების ბოროტად გამოყენებაზე საუბარი შესაძლებელია სამოქალაქო კანონმდებლობის ზოგად ნორმებზე და პრინციპებზე დაყრდნობით. უფლების ბოროტად გამოყენების აკრძალვის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ სამოქალაქო სამართლის ერთი სუბიექტის მიერ უფლების განხორციელებამ არ უნდა ხელყოს მეორე სუბიექტის უფლებები და კანონიერი ინტერესი. სამოქალაქო უფლებათა გამოყენება უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერად, აღნიშნული უფლებების დანიშნულების შესაბამისად.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების, სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მოპასუხისათვის თანხის დაკისრების და შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი 492.45 ლარი (ს.ფ. 15). შემცირებული სასარჩელო მოთხოვნის ოდენობის გათვალისწინებით, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 8.1 ლარი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის თანახმად. ამასთან, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 484.35 ლარის ანაზღაურება, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,J--’’-ს სარჩელი მოპასუხე სს ,,ლ-------------ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ შპს ,,J--’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 16 144.92 ლარის ანაზღაურება;

3. მოპასუხე სს ,,ლ-------------ს’’ შპს ,,J--’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 484.35 ლარის ოდენობით;

4. მოსარჩელე შპს ,,J--’’-ს დაუბრუნდეს მის მიერ 11/01/2016 წელს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 8.1 ლარი, რომელიც გადახდილია №1 საგადახდო დავალებით შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი