გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210118002327698
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/6289-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

07.11.2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი

სხდომის მდივანი ნინო სეხნიაშვილი

 

მოსარჩელე ი---- კ-------–---–-,წარმომადგენელი მ------ კ--------,მოპასუხე შპს ბ------,წარმომადგენელი ზ------ ნ-------–---–-,დავის საგანი: თანხის დაკისრება და ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს ბ------ს მოსარჩელე ი---- კ-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს 6000 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე შპს ბ------ს მოსარჩელე ი---- კ-------–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მიყენებული ზიანის სახით 03.11.2017 წლიდან - 03.04.2018 წლამდე მიუღებელი თანხის 24 000 ლარის საბანკო წლიური 10%-იანი სარგებლის გადახდა 5 თვის განმავლობაში, ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, სულ 1000 ლარის ოდენობით გადახდა; 03.04.2018 წლიდან - 28.09.2018 წლამდე - 12 000 ლარის საბანკო წლიური 10%-იანი სარგებლის გადახდა, თვეში 100 ლარი, 5 თვის განმავლობაში, სულ 500 ლარის ოდენობით გადახდა; 28.09.2018 წლიდან - გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 50 ლარის ოდენობით გადახდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე არ ცნობს სასარჩელო მოთხოვნას და ითხოვს მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შპს ბ------ს და ი---- კ-------–---–ს შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლითაც მოპასუხეს მოსარჩელისათვის ხელშეკრულებაში მითითებული გრაფიკის შესაბამისად უნდა გადაეხადა ეტაპობრივად საერთო ჯამში 24 000 ლარი გადასახადების გარეშე. მოპასუხის მიერ 24 000 ლარიდან ეტაპობრივად 03.04.2018 წელს გადახდილ იქნა 12 000 ლარი, ხოლო 28.09.2018 წელს 6 000 ლარი. საერთო ჯამში გადახდილ იქნა 18 000 ლარი.

 

ხელშეკრულების 1.1 პუნქტით მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეწდა 01.11.2017 წლიდან. 1.2. პუნქტით შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიდან კანონით დადგენილ ვადაში დასაქმებულზე გაიცემა ხელფასი, შეწყვეტის მომენტამდე ფაქტობრივად ნამუშევარი დროის პროპორციულად. 1.3 პუნქტით დასაქმებულზე გაიცეს ბონუსის სახით 24 000 ლარი, შემდეგი გრაფიკით , 18 000 ლარი არაუგვიანეს 03.11.2017 წლისა, ხოლო 6 000 ლარი არაუგვიანეს 31.012018 წლისა. ამ პუნქტით გათვალისწინებული თანხები არ მოიცავს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისიწმებულ გადასახადებს. 1.4 პუნქტით დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას კომპანიასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მიუხედავად შეასრულოს შეთანხმებით განსაზღვრული სამუშაო, რაც გულისხმობს კომპანიასთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის პარიოდში დაწყებულ იმ პროექტებში ცართულობასა და წარმატებით დასრულებას, რომელშიც დასაქმებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე რაიმე ფორმით იყო ჩართული. დასაქმებული კისრულობს ვალდებულებას, რომ აღნიშნულ ვალდებულებას შეასრულებს იმავე გულისხმიერებით და ხარისხით, როგორც შრომითი ურთიერთობის პერიოდში ახორციელებდა. წინამდებარე ხელშეკრულების 1.3 პუნქტით განსაზღვრული ბონსები მოიცავს ამ პუნქტით გათვალისწინებულ სამუშაოს საზღაურსაც და ცალკე დამატებით არ ნაზღაურდება.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შეთანხმების ასლი ს. ფ. 20-21.

საგადახდო დავალებების ასლები ს.ფ. 147-148.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.1.2. მოპასუხემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა, რის გამოც მოსარჩელემ წერილობით მიმართა 16.11.2017 წელს და მოითხოვა ვალდებულების შესრულება. მოსარჩელის მიერ 04.12.2017 წელს კვლავ იქნა გაგზავნილი გაფრთხილების წერილი მოვალესთან, რომლითაც მას განესაზღვრა 10 დღიანი დამატებითი ვადა ვალდებულების შესასრულებლად, რასაც მოპასუხის მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.

 

სასამართლოს დასკვნა ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

წერილობითი შეტყობინებები ს. ფ. 22-25.

მხარეთა ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში.

მხარეები სადაოდ არ ხდიან.

 

3.2. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ი---- კ-------–---–-ს სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 400-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე მუხლები.

 

შრომის კოდექსის 37-ე, 38-ე, 33-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია დავალების ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც, რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი, სწორედ, ამ მხარეებს - რწმუნებულსა და მარწმუნებელს გააჩნიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება ან/და რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ვალდებულებითი ურთიერთობა კრედიტორსა და მოვალეს შორის წარმოშობილი ურთიერთობაა, ამიტომ მას ფარდობითი ურთიერთობა ეწოდება. ვალდებულებით ურთიერთობებში პირის მოთხოვნა შეზღუდულია მოვალით. კრედიტორს შეუძლია მხოლოდ მოვალისაგან მოითხოვოს ვალდებულების შესრულება. ,,მოთხოვნა” ვალდებულებითი ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ყოველი კონკრეტული დავის გადაწყვეტისას, ჯერ უნდა გაირკვეს მოთხოვნის საფუძველი, კერძოდ, თუ რა სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს მოსარჩელე თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილებას.

 

ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლოს უპირველესი ამოცანაა დაადგინოს, თუ რას ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისაგან და რის საფუძველზე, ანუ რა ფაქტობრივ გარემოებებზე ამყარებს მხარე თავის მოთხოვნას. სასამართლომ, მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. ამასთან, უნდა გაარკვიოს მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს თუ არა იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომელთა შემოწმებაც სასამართლოს უფლებამოსილებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენების გზით. ამასთან, ''სამართალწარმოების'' ჯეროვნად განხორციელების მიზნით, შიდა სასამართლო ინსტანციებმა საკმარისი სიზუსტით უნდა განსაზღვრონ ის მოტივები, რომლებსაც ისინი თავიანთ გადაწყვეტილებებში ეყრდნობიან. თუკი ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის I ნაწილი სასამართლოებს ავალდებულებს, დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილება, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. 2009 წლის 24 თებერვლის ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

სასამართლო განმარტავს, რომ უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ მხარეთა შორის დაიდო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომლის 1.3. პუნქტი ითვალისწინებდა დადგენილი გრაფიკით "ბონუსის სახით" ფულად ანგარიშსწორებას.

 

შრომის კოდექსის 37.1 მუხლის "ე" პუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია მხარეთა წერილობითი შეთანხმება. სასამართლო განმარტავს რომ უდავია, რომ მხარეთ შორის შრომითი ურთირთობა 23.10.2017 წელს დადებული შეთნხმების საფუძველზე 01.11.2017 წლიდან შეწყდა მხარეთ შეთნხმების საფუძვლით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ შრომის კოდექსის 38-ე მუხლში მოცემულია შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურული საკითხების და კანონით გარანტირებული დასაქმებული მინიმალური დაცვის გარენტიები, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტისას, თუმცა ამავე მუხლში მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის შეწყვეტისას მხარეთა შეთანხმების საფუძვლით გათვალისიწნებული არ არის დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის სავალდებულო წესით გადასახდელ კომპენსაციაზე და აღნიშნული საკითხი კანონმდებელს ღიად აქვს დატოვებული, რის გამოც შესაძლებელია მხარეთა მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტიას მხარეთა შეთნხმებით დარეგულირდეს ეს საკითხი რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში განხორცილედა და მხარეებმა შეთანმებაში გაითვალიწინეს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგ ბონუსის სახით დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისათვის გადასახდელი თანხა, ვინაიდან შეთნხმებისამებრ შრომითი ურთიერთობის შეწყეტამდე პერიოდის შრომის ანაზღაურება გაიცემოდა ცალკე ფაქტობრივად ნამუშევარის შესაბამისად.

 

სასამართლო განმარტავ, რომ ამავე ხელშეკრულებით განისაზღვრა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შედეგ მხარეთ უფლება - მოვალეობანი.

 

უდაოდ დადგენილია, რომ მოპასუხეს 23.10.2017 წლის შეთანხმებით ნაკისრი ფულადი ვალდებულება სრულად შესრულებული არ აქვს და მოსარჩელის წინაშე კვლავ გააჩნია დავალიანება 6000 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2. მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ამავე კოდექსის მე-400 მუხლის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოვალის მიერ ვალდებულება სრლად უნდა შესრულებულიყო არაუგვიანეს 2018 წლის 31 იანვრისა, თუმცა დღემდე არ არის შესრულებული სრულყოფილად.

 

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი საფუძვლიანია მოპასუხისათვის 6000 ლარის დაკისრების ნაწილში და უნდა დაკმაყოფილდეს, რაც შეეხება მოპასუხის მხარის შედავაებას დასაქმებულის მიერ შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შეთანმხების დადებიდან 23.10.2017 წლიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე 01.11.2017 წლამდე პერიდში შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მხარეთა შორის დადებული შეთანხმებით დამსაქმებლის მიერ ნაკისირი 6 000 ლარის "დაკავების" შესახებ სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული შედავება არ წარმოადგენს რელევანტურ შედავაებას სასარჩელო მოთხოვნაზე და არ იწვევს შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შეწყვეტამდე დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის შემთვევაშიც კი დამსაქმებლის უფლებამოსილებას შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის გამო ე.წ. "ბონუსის" კომპენსაციის დაკავების შესაძლებლობას სასამართლოში სასარჩელო მოთხოვნის დაყენების გარეშე.

 

შრომის კოდექსის 33-ე მუხლით დამსაქმებელს უფლება აქვს, დასაქმებულის შრომის ანაზღაურებიდან დაქვითოს ზედმეტად გაცემული თანხა ან ნებისმიერი სხვა თანხა, რომელიც, შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე, მისთვის დასაქმებულს აქვს გადასახდელი.შრომითი ანაზღაურებიდან ერთჯერადად დაქვითვის საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს შრომის ანაზღაურების 50 პროცენტს. სასამართლო განმარტავს, რომ დამსაქმებელი მხოლოდ შრომითი სამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში გადასახდელი შრომის ანაზღაურებიდანაა უფლებამოსილი დაუქვითოს დასაქმებულს მის მიერ შრომით სამართლებრივი ურთიერთობის პერიოდში ზედმეტად გადახდილი ისიც არაუმეტეს შრომის ანაზღაურების 50%-ისა რასაც ამ შემთევაში ადგილი არ ააქვს.

 

მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის გადახდის დაკისრებას. სასამართლო ვერ დაეთანხმება მოსარჩელის განმარტებას მასზედ, რომ გადარიცხული თანხების ბანკში განთავსებით, მას დაერიცხებოდა წლიური 10%-ი სარგებელი რაც საყოველთად ცნობილი ფაქტია და მტკიცებას მოსარჩელის მხრიდან არ საჭიროებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართალწარმოების შეჯიბრებითობის პრინციპის მიხედვით მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები (სსკ-ის მე-4 მუხლი).

 

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შპს ბ------ს წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ზიანის ანაზღაურების ნაწილში, ემყარება სახელშეკრულებო ვალდებულებათა დარღვევას. ამ ნაწილში, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის პირველ რიგში, უნდა გაირკვეს მიყენებული ზიანის შინაარსი და მისი ანაზღაურებისათვის სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წინაპირობების არსებობა. სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ვალდებულების დარღვევა ზოგადი ფორმულირებაა და იგი შეიძლება სხვადასხვა ფორმით გამოიხატოს, მათ შორის, არაჯეროვან შესრულებაში. მტკიცების ტვირთის ობიექტურად და სამართლიანად განაწილების პირობებში, როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე, განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი მოსარჩელის (კრედიტორის) მხარეზეა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა ''რაც შეიძლება ყოფილიყო'' და ''ამჟამინდელ მდგომარეობას'' შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Totalreparation-ის პრინციპი). ამასთანავე მნიშვნელობა არა აქვს, თუ რამდენად მაღალია მოვალის ბრალეულობის (განზრახვა თუ გაუფრთხილებლობა) ხარისხი ზიანის დადგომაში. თუმცა ეს წესი იზღუდება, თუ კრედიტორი თანაბრალეულია.

 

სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლი მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში (იხ. სუსგ-ის 2012 წლის 11 ივნისის განჩინება საქმეზე Nას-630- 593-2012). ანალოგიურ დათქმებს შეიცავს ევროპული სახელშეკრულებო სამართლის პრინციპების 8:101-ე (2) და უნიდრუას სახელშეკრულებო პრინციპების 7.1.7-ე (1) მუხლები.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ზიანის არსებობის ფაქტის დასადასტურებლად იმ გარემოებაზე აპელირებს, რომ 24 000 ლარის საკრედიტო დაწესებულებაში (ბანკში) ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, იგი უეჭველად მიიღებდა შემოსავალს წლიური 10 პროცენტის სახით. მოსარჩელის მხოლოდ ეს არგუმენტი, სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების დაკისრების საკმარის საფუძველს, კერძოდ, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს ''წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს'' (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების საკითხის გადაწყვეტისას, ზიანის ანაზღაურება უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება (იხ. სუსგ-ის 2011წლის 24 ოქტომბრის განჩინება საქმეზე Nას-307-291-2011).

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მიღებულ თავისუფალ სულად თანხებს როგორც წესი ანთავსებდა საკრედიტო დაწესებულებებში ანაბარზე და ამ გზით იღებდა დამატებით სარგებელს. შესაბამისად მოვალისათვის თანხის არ გადარიცხვის შემთხვევაში კრედიტორისათვის ამგვარი ზიანის მიყენების შესახებ ვერ იქნებოდა წინასწარ სავარაუდო, ამასთან აღსანიშნავია, რომ მოსარჩელე მხარის მიერ მოპასუხისათვის გაგზავნილ არცერთ გაფრთხილების წერილში მითითება ვალდებულების დარღვევის გამო ზიანის ანაზღაურებაზე არ არის რაც წარმოადგენს სარჩელის ამ ნაწილში დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1-ე მუხლის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ხოლო მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს საერთო (დაბრუნებული ბაჟის გაუთვალისიწნებლად) 252 ლარი, ნაცვლად 279 ლარისა, ხოლო წარმომადგენლის მომსახურებისათვის გადახდილი აქვს 2000 ლარი, ამასთან იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის თანხის 180 ლარის, ხოლო წარმომადგენლის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის სახით გონივრული ხარჯი 180 ლარის, საერთო ჯამში საპროცესო ხარჯის 360 ლარის ოდენობით გადახდა.

ამასთან, სარჩელის დაკმაყოფილებაზე ნაწილობრივ უარის თქმის გამო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხის ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად, ხოლო 27 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-249-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მოპასუხე შპს ბ-------ს დაეკისროს მოსარჩელე ი---- კ-------–---–-ს სასარგებლო 6000 ლარის გადახდა.

2. მოსარჩელეს უარი ეთქვას მეორე სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილებაზე.

3. მოპასუხე შპს ბ-------ს დაეკისროს მოსარჩელე ი---- კ-------–---–-ს სასარგებლოდ მოსარჩელის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯის ნაწილის 360 ლარის გადახდა.

4. მოსარჩელე ი---- კ-------–---–ს დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 27 ლარის გადახდა.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე გიორგი გოგიჩაშვილი