გადაწყვეტილება

სამოქალაქო 28.09.2018
საქმის ნომერი
330210017002143374
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
28.09.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/29306-17

330210017002143374

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

28 სექტემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - შპს ,,ომ---------------------ი“

წარმომადგენლები: ს-------------------–--ლი, არ---–-----–-–--ლი

მოპასუხე - შპს ,,კპ--------------–ი“

წარმომადგენელი - მა----------------ჩი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხეს დაეკისროს 284 477,96 ევროსა 121 255,45 ლარის გადახდა.

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე წარმოადგენს საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ კომპანიას, რომელიც ახორციელებს ,,მა--------ის“ ბრენდის ავტომობილების იმპორტსა და რეალიზაციას საქართველოში. აღნიშნული ბრენდის ავტოსალონის მშენებლობის პროცესში, შენობის გარე ფასადისა და სხვა ნაწილების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით, მოსარჩელე დაუკავშირდა მოპასუხე კომპანიას, რომელიც დაკავებულია მინის ნაკეთობების წარმოებითა და მონტაჟით. მხარეებმა შეათანხმეს მოსაწოდებელი პროდუქციის ხარისხი და ძირითადი პარამეტრები. 2016 წლის 25 მაისს გაფორმდა ხელშეკრულება N-------- მინის ნაკეთობის დამზადების, მიწოდებისა და მონტაჟის შესახებ. აღნიშნული ხელშეკრულებითა და მისი დანართებით განისაზღვრა მოსაწოდებელი პროდუქციის ზუსტი ოდენობა, ხარისხი, სპეციფიკაციები და ფასი. 2016 წლის 17 ივნისის დანართით N1.1. ზუსტად განისაზღვრა კონკრეტულად მინის სპეციფიკაციები იმის მიხედვით, თუ კონსტრუქციის რა დეტალებისთვის იყო შესაბამისი მინა განკუთვნილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭებოდა გარე ფასადისთვის შერჩეული მინის ხარისხს. დანართით დადგინდა, რომ მინა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო EUROWHITE სტანდარტთან, რაც მის 100%-მდე გამჭვირვალობას გულისხმობს. მინა უნდა ყოფილიყო ექსტრა-გამჭვირვალე წმინდა. მოსარჩელემ მოპასუხეს ჯამურად გადაუხადა 195 695.82 ევრო. მონტაჟის შესრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მოპასუხის მიერ მოწოდებული პროდუქცია არ შეესაბამებოდა არც ხელშეკრულებით და არც ხელშეკრულების მომზადებისას, ელექტრონული მიმოწერით შეთანხმებულ ხარისხს. კერძოდ, მინებს გამოუვლინდა ვერტიკალური ზოლები და ლაქები, რომლებიც მუქად გამოიყურება და ვერ უზრუნველყოფს მინის შეთანხმებულ გამჭვირვალობასა და მხედველობას. ამასთან მოსარჩელე აღნიშნავს, რომ არსებული ხარვეზები წარმოადგენს საწარმოო ნაკლს და მისი გამოსწორება მონტაჟის ადგილზე შეუძლებელია. მოპასუხე არ აღიარებს ხარვეზების არსებობას, რის გამოც მოსარჩელე იძულებულია ცალმხრივად მოშალოს ხელშეკრულება და მოითხოვოს მოპასუხისთვის გადახდილი თანხის უკან დაბრუნება, რადგან ნაკლი ადგილზე გამოსწორებას არ ექვემდებარება, ხოლო მოპასუხე ნაკლის არსებობას არც კი აღიარებს, რაც გამორიცხავს მოწოდებული პროდუქციის გამოცვლას მისი მხრიდან.

მოსარჩელემ სარჩელის დამატებით ფაქტობრივ საფუძვლად ასევე მიუთითა გარიგების მოტყუებით დადებაზე და განმარტა, რომ მოპასუხემ იცოდა, ერთის მხრივ, მოსარჩელის მოლოდინებისა და საჭიროებების, ხოლო მეორე მხრივ - დიდი ზომის ნაწრთობი მინის გარეგნული გამოვლინებების (ანიზოტროპიის ეფექტის) შესახებ, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის. შესაბამისად, ხელშეკრულება არ დაიდებოდა, თუკი მოსარჩელეს ეცოდინებოდა, რომ იგი ექსტრა წმინდა/გამჭვირვალე მინის ნაცვლად, მიიღებდა ლაქებიან, ზოლებიან და სხვაგვარი გარეგნული ეფექტების მქონე მინას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, რომ არა მოპასუხის მიერ მისი მოტყუების ფაქტი, იგი ხელშეკრულებას არ დადებდა. ამდენად, გადახდილი თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება გარიგების ბათილობის გამოც (იხ. შუამდგომლობა, ტ, 2, ს.ფ.-ები: 318-319, 27/06/2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი. ტ. 2. ს.ფ.-ები: 329-354).

 

2. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით სარჩელი არ ცნო (ტ.1. ს.ფ.-ები: 153-172).

შესაგებლის საფუძვლები (ტ.3. ს.ფ.-ები: 5-16):

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების საფუძველზე, კონტრაქტორი იღებს ვალდებულებას, რომ მან უნდა შეასრულოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო მომხმარებელი ვალდებულია შეასრულოს კონტრაქტორისათვის წინასწარ შეთანხმებული ანაზღაურების გადახდა. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, კონტრაქტორმა უნდა უზრუნველყოს მომხმარებელი ნაწარმით, რომელსაც არ გააჩნდება ნივთიერი ან სამართლებრივი დეფექტები. 641-ე მუხლის თანახმად, წარმოებულ პროდუქტებს არ გააჩნიათ მატერიალური დეფექტები, თუ ისინი აკმაყოფილებენ შეთანხმებულ პირობებს, ხოლო თუ ეს პირობები არ არის შეთანხმებული, ნაწარმი ითვლება უნაკოლდ ნივთიერი დეფექტისაგან, თუ იგი ვარგისია და შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ჩვეულებრივ გამოყენებას.

29.02.2016 წლის წერილში (ტ. 1, ს.ფ. 23) მყიდველმა განაცხადა, რომ მინა უნდა იყოს ექსტრა გამჭვირვალე. მოპასუხე აღნიშნავს, რომ გამოთქმა ,,ექსტრა გამჭვირვალე“ შეფასებითია და არ იძლება თვისებების ზუსტ კონკრეტულ დახასიათებას. გამოთქმა - ,,ექსტრა გამჭვირვალე“ - შეიძლება განიმარტოს სუბიექტურად და თითოეულ ადამიანს შეუძლია ჰქონდეს თავისი აზრი გამჭვირვალობის ხარისხის თაობაზე.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ მინის 100%-იანი გამჭვირვალობის მიღწევა შეუძლებელია. ის მინის ნაწარმი, რომელიც შეიძლება დახასიათდეს და პირობითად ჩაითვალოს, როგორც 100%-იან გამჭვირვალედ, მაინც შეიცავს იმ დასაშვებ ხარვეზებს, რომლებიც ნებადართულია სტანდარტების მიხედვით და არ ითვლება დეფექტად.

N-------- ხელშეკრულებისა და მასთან დაკავშირებული დანართების საფუძველზე დგინდება, რომ ნაწარმი სრულად შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს.

მოპასუხე აღნიშნავს, რომ ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ" კონვენციის 38-ე მუხლის თანახმად, მყიდველმა უნდა შეამოწმოს საქონელი ან უზრუნველყოს იმ პროცესის მსვლელობა, რომ ისინი შემოწმებულ იქნას ისეთ მოკლე დროში, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელი იქნება აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით. ამავე კონვენციის 39-ე მუხლის თანახმად, მყიდველი კარგავს საქონლის შეუთავსებლობაზე დაყრდნობის უფლებას იმ შემთხვევაში, თუ მან წინასწარ არ შეატყობინა გამყიდველს საქონლისათვის დამახასიათებელი მონაცემების თაობაზე არსებული შეუსაბამობის შესახებ განსაზღვრულ ვადაში, როდესაც იგი იყო ან უნდა ყოფილიყო აღმოჩენილი მყიდველის მიერ.

მოპასუხის განმარტებით, მინის ხარისხი სრულად შეესაბამება მოსარჩელის მიერ მოთხოვნილ სტანდარტებს და, ამასთან, მოსარჩელეს გონივრულ ვადაში არ გაუპროტესტებია მინის ხარისხი და პრეტენზიები არ წაუყენებია მოპასუხისთვის, რაც მას ართმევს უფლებას შეედავოს მოპასუხეს მინის ხარისხზე გონივრული ვადის ამოწურვის შემდგომ. შესაბამისად მოპასუხე აღნიშნავს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

მოსარჩელის დაზუსტებულ მოთხოვნაზე, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მან შეასრულა მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო იმ პირობების დაცვით, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მოტყუებას.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მხარეებს შორის, 2016 წლის 25 მაისს, დაიდო ხელშეკრულება N--------, (შემდგომში ,,ხელშეკრულება“) კომპანია ,,მა--------ის“ ქ. თბილისში მდებარე ავტოსალონის გარე ფასადისა და სხვა ნაწილების შესყიდვა-მონტაჟის მიზნით, მოპასუხის მიერ შესაბამისი კონსტრუქციების დამზადების, მასალების მიწოდების, სამონტაჟო და შეფ-სამონტაჟო სამუშაოების შესრულების შესახებ.

ავტოსალონის გარე და შიდა მინის ვიტრაჟებში გამოსაყენებელი მინის სტანდარტისა და სპეციფიკაციების შესახებ, მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N----ით, კერძოდ, მის 1---- პუნქტში მითითებულია ავტოსალონის გარე და შიდა მინის ვიტრაჟებში გამოსაყენებელი მინის სტანდარტი და სპეციფიკაციები: ფასადი 1-4: დასახელება: V----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. მინა უნდა ყოფილიყო ნაწრთობი, ექსტრა-გამჭვირვალე/წმინდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 25/05/2016 წლის N-------- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ-ები: 37-55);

- ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N--- (ტ.1. ს.ფ.-ები: 62-67);

- ნაკეთობის ტექნიკური პასპორტი (ტ.1. ს.ფ.-ები: 100-122);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.2. ხელშეკრულების ფარგლებში მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოს ღირებულების სახით, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 293114 ევრო, ხოლო მინების საქართველოში იმპორტისა და განბაჟებისათვის მოსარჩელემ გადაიხადა 121255 ლარი და 45 თეთრი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ინვოისები და საგადახდო დოკუმენტები (ტ.1. ს.ფ.-ები: 68-74);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.3. მხარეებს შორის, 2016 წლის 27 სექტემბერს შედგა აქტები ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლისა და სამონტაჟო სამუშაოების მიღება-ჩაბარების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1. ს.ფ.-ები: 75-82);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.4. ავტოსალონის გარე ფასადსა და შიდა ფართში დამონტაჟებულ ვიტრაჟებზე გამოყენებულ მინებს შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ გარკვეული კუთხით დაკვირვებისას აღენიშნება ლაქები და სხვადასხვა ფერის ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლები, რაც წარმოადგენს თერმულად ნაწრთობი მინისთვის დამახასიათებელ ოპტიკური ანიზოტროპიის ეფექტის გამოვლინებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- სსიპ ,,-–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------- (ტ.1. ს.ფ.-ები:94-99);

- კომპანია ,,აზ-------ის“ დასკვნა (ტ.2. ს.ფ.-ები: 122-145);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.5. მინის ხარისხთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მოპასუხეს პრეტენზიით მიმართა პროდუქციისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარებიდან - 07/09/2016წ-დან 8 თვის შემდეგ - 2017 წლის 7 მაისს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მხარეთა მიმოწერა (ტ.1. ს.ფ.-ები: 83-92);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.1.6. შ------------- 2018 წლის 5 თებერვალს შეეცვალა სახელწოდება და ეწოდა შპს ,,ომ---------------------ი“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირების რეესტრიდან (ტ.2. ს.ფ.-ები: 296-297);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული მინა სრულად შეესაბამებოდა მხარეთა მიერ ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N----ით შეთანხმებულ მინის ხარისხსა და სპეციფიკაციებს (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 25/05/2016 წლის N-------- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ-ები: 37-55);

- ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N--- (ტ.1. ს.ფ.-ები: 62-67);

- ნაკეთობის ტექნიკური პასპორტი (ტ.1. ს.ფ.-ები: 100-122);

- სსიპ ,,-–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------- (ტ.1. ს.ფ.-ები:94-99);

- კომპანია ,,აზ-------ის“ დასკვნა (ტ.2. ს.ფ.-ები: 122-145; ტ. 2. ს.ფ.-ები: 257-278 (ყველა ექსპერტის ხელმოწერით);

- ამონაბეჭდი ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდიდან (ტ. 2. ს.ფ.-ები: 296-297);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.2 სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, რომ გარიგების დადების მიზნით მოპასუხის მიერ მოსარჩელის მოტყუებას ადგილი არ ჰქონია (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 25/05/2016 წლის N-------- ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ-ები: 37-55);

- ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N--- (ტ.1. ს.ფ.-ები: 62-67);

- კომპანია ,,აზ-------ის“ დასკვნა (ტ.2. ს.ფ.-ები: 122-145; ტ. 2. ს.ფ.-ები: 257-278 (ყველა ექსპერტის ხელმოწერით);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2.3. სასამართლო დადგენილად თვლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებას, მოსარჩელეს გაშვებული აქვს პრეტენზიის ვადები საქონლის ნაკლთან დაკავშირებით (დასაბუთება იხ. გადაწყვეტილების მე-6 პუნქტი).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- მიღება-ჩაბარების აქტები (ტ.1. ს.ფ.-ები: 75-82);

- მხარეთა მიმოწერა (ტ.1. ს.ფ.-ები: 83-92);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

გაეროს 1980 წლის კონვენცია ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ", საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317-ე მუხლის პირველი ნაწილი, 327-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 352-ე მუხლის პირველი ნაწილი, 405-ე მუხლის პირველი ნაწილი, 361-ე, 380-ე,477-ე, 491-ე, 495-ე, 629-ე, 639-ე, 641-ე, 652-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ სარჩელის თავდაპირველად გაცხადებულ საფუძველთან დაკავშირებით, სასამართლოს კვლევის საგანია, შეესაბამება თუ არა მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის მიწოდებული ქონება ხელშეკრულებით შეთანხმებულ ხარისხს, რომლის, როგორც ხელშეკრულების არსებითი პირობის დარღვევა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე, 491-ე და 644-ე მუხლებისა და ხელშეკრულების 12.2. პუნქტის შესაბამისად, ანიჭებდა მოსარჩელეს ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

ამ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მინის ხარისხი არ შეესაბამებოდა იმ მახასიათებლებს, რაც მხარეთა შორის შეთანხმებული იყო ხელშეკრულების დანართში მოცემულ სპეციფიკაციებით (ხელშეკრულების 2.1. პუნქტი), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლებით დადგენილი მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების სტანდარტის შესაბამისად, ეკისრებოდა მოსარჩელე მხარეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე. თუ დამზადებულია გვაროვნული ნივთი, მაშინ გამოიყენება ნასყიდობის წესები. ამავე კოდექსის 639-ე მუხლის შესაბამისად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 641-ე მუხლით, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

 

სასამართლო თვლის, რომ საკითხი, ხელშეკრულების 17/07/2016წ. დანართი N----ში მოცემული მინის მახასიათებლები: ,,V----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------. ექსტრა/გამჭვირვალე/წმინდა", მოიცავდა თუ არა მხარეთა ნებას 100%-იანი გამჭვირვალობის მინის შესახებ, უნდა გადაწყდეს ხელშეკრულების მითითებული პირობის განმარტების შედეგად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

მითითებული საკითხის გადაწყვეტისას, სასამართლო მოიხმობს სამოქალაქო Nას-1006-950-2015 საქმეზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს 06/05/2016წ. განჩინებას, სადაც საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ: ,,ხელშეკრულებათა განმარტების თავისებურება განპირობებულია ურთიერთობათა ორმხრივი (მრავალმხრივი) ხასიათით, დისპოზიციური ნორმების გამოყენებით, სავაჭრო და საქმიანი ჩვეულებებისა და ტრადიციებით, მხარეთა შორის არსებულ ურთიერთობაში ჩამოყალიბებული პრაქტიკით, იმპერატიული ნორმების გათალისწინების აუცილებლობით და ა.შ. ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსენსუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ..... ცხადია, რომ ,,გონივრული განსჯა" უნდა ემყარებოდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, კერძოდ, ნების გამოვლენის განმარტება უნდა განხორციელდეს ნების მიმღების შემეცნების (გაგების) შესაძლებლობათა გათვალისწინებით. ამგვარი განმარტების დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა ხელშესახები გარემოება, რომელიც ამ შემთხვევას ახასიათებს. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე, როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტების დროს უნდა დადგინდეს მხარის შინაგანი ნების შესაბამისობა მის გამოხატულ ნებასთან. ხელშეკრულების განმარტების მიზანი მისი შინაარსის დადგენაა. განმარტებას შეიძლება საჭიროებდეს როგორც მთელი ხელშეკრულება, ასევე, მისი რომელიმე ნაწილი ან თუნდაც რომელიმე პუნქტი (პირობა). ხელშეკრულების პირობები იმგვარად უნდა იქნას განმარტებული, რომ ყველა მათგანს მიეცეს მნიშვნელობა და არა რომელიმე მათგანს წაერთვას ძალა" .

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ ,,მინა შესაბამისობაში უნდა ყოფილიყო EUROWHITE სტანდარტთან, რაც მის 100%-მდე გამჭვირვალობას გულისხმობს", მოპასუხემ წარმოადგინა კვალიფიციური შედავება და შესაბამისი განკუთვნადი და დასაშვები მტკიცებულებები იმის შესახებ, რომ მინის სპეციფიკაციებში მითითებული სიტყვა - ,,Eurowhite” (,,ევროვაითი") წარმოადგენს არა სტანდარტს, რომელიც გულისხმობს მინას 100%-იანი გამჭვირვალობით, არამედ არის მინის მწარმოებელი კომპანია ,,Gl----------------g AG“-ის რეგისტრირებული სასაქონლო ნიშანი (იხ. ტ. 2. ს.ფ.-ები: 296-297). თავის მხრივ, მოსარჩელემ ვერ დაადასტურა საწინააღმდეგო და ასევე ის, რომ ხელშეკრულების დანართით განსაზღვრულ საქონლის სპეციფიკაციებში მითითებული მინის მახასიათებელი - ,,ექსტრა-გამჭვირვალე/წმინდა", მის 100%-იან გამჭვრივალობას გულისხმობს ტექნოლოგიური და/ან ამ სფეროში მოქმედი სტანდარტების, ჩამოყალიბებული პრაქტიკის, სავაჭრო ჩვეულებებისა და ტრადიციების თვალსაზრისით. შესაბამისად, სარჩელის აღძვრამდე მოპასუხისადმი წარდგენილ წერილობით პრეტენზიასა და სარჩელში მითითებული არგუმენტი, მინის 100%-იანი გამჭვირვალობის შესახებ მხარეთა შეთანხმების არსებობის თაობაზე, არ გამომდინარეობს ხელშეკრულებიდან და დაუსაბუთებელია.

რაც შეეხება, ამ თვალსაზრისით მოსარჩელის მითითებას ხელშეკრულების დადებამდე არსებულ მხარეთა მიმოწერაზე, არალევანტურია, რამდენადაც ხელშეკრულების 13.6. პუნქტის მე-2 წინადადებით, ამ ხელშეკრულების ხელმოწერისთანავე ძალას კარგავს მხარეთა შორის არსებული ყველა შეთანხმება, მოლაპარაკება, მიმოწერა.

 

6.2. უფრო მეტიც, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი, კომპანია ,,აზ-------ის" დასკვნით (ტ.2. ს.ფ.-ები: 122-145; ტ. 2. ს.ფ.-ები: 257-278), დადასტურებულია მინის შესაბამისობა მხარეთა მიერ შეთანხმებულ სტანდარტთან და მახასიათებლებთან, კერძოდ, დასკვნაში აღნიშნულია, რომ ,,1. შოურუმის ვიტრაჟზე და გარე ფასადზე გამოყენებულ მინებს (,,გამოსაკვლევი მინები") გააჩნია შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ლაქები და ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლები; 2. გამოსაკვლევი მინების ზომების გათვალისწინებით, უპირატესობა უნდა მინიჭებოა არანაწრთობი მინების გამოყენებას. შესაბამისი ტექნოლოგიის გამოყენებით და ხელშეკრულებით გათვალისწინებული ტექნიკური ნორმების დაცვის შემთხვევაში, მინაზე აღარ იქნებოდა დაკვირვებადი ლაქები და ზოლები; 3. შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ლაქები და ზოლები წარმოადგენს გამოსაკვლევი მინების ესთეტიკურ ნაკლს; 4. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მინის ტექნიკური სპეციფიკაციები შესაძლოა დაკმაყოფილებული იყოს არსებული შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ლაქებისა და ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლების არსებობის პირობებშიც. აღნიშნული დასკვნის 3.3. პუნქტში მოცემულ გადახრებთან შესაბამისობის გათვალისწინებით. იმისათვის რომ დადგინდეს გამოსაკვლევი მინების შესაბამისობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ტექნიკურ სპეციფიკაციებთან, საჭიროა მინის ლაბორატორიული შემოწმება, რაც არ ყოფილა აღნიშნული დასკვნის კველვის საგანი; 5. შეუძლებელია გამოსაკვლევ მინებზე არსებული ესთეტიკური ნაკლის გამოსწორება მინების ამჟამინდელი მონტაჟის ადგილას, ან დემონტაჟის პირობებში."

ექსპერტიზის კვლევის საგანი არ ყოფილა და დასკვნას პასუხი არ გაუცია საკითხზე, რომელიც შეეხება მინის გამჭვირვალობის ხარისხს - ,,ექსტრა-გამჭვირვალე", - თუმცა დასკვნის მე-4 პუნქტში (ტ.2. ს.ფ.141) აღნიშნულია, რომ: - მინები არის ნაწრთობი და ლამინირებული (გარე მხრიდან და შგნიდან); - მინების დიდი ზომისაა, თითქმის კვადრატული ფორმის (...), ზედმეტად გამჭვირვალე და სისქე აღემატება 6 მმ; გარდა ამისა, შეგასდა, რომ მინების ნაწილი, ასევე არის დაჯავშნული.

რაც შეეხება შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ ლაქებსა და და ზოლებს, ექსპერტები ამავე პუნქტში განმარტავენ, რომ აღნიშნული უკავშირდება წრთობის ფაზას, კერძოდ, მინის წრთობის პროცესში სხვადასხვა სიმძლავრის წნევის ზონების ზემოქმედება იწვევს გლობალური და ლოკალიზებული მოხრის წრიული ლაქების ამ დამახასიათებელ ესთეტიკურ ეფექტს. აღნიშნული ფენომენი მხოლოდ წრთობის ფაზას უკავშირდება. შესაბამისად, გამოსაკვლევ ობიექტზე დასტურდება ესთეტიკური ნაკლის არსებობა, რომელიც შედგება ზემოაღნიშნული ლაქებისა და ზოლებისაგან. დასკვნით ნაწილში კი აღნიშნულია, რომ შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ლაქები და ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლები წარმოადგენს არა გამოსაკვლევი მინების დეფექტს, - რამდენადაც მინის ტექნიკური სპეციფიკაციები შესაძლოა დაკმაყოფილებული იყოს არსებული შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევი ლაქებისა და ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლების არსებობის პირობებშიც, - არამედ ესთეტიკურ ნაკლს - ანიზტროპიის ფენომენის სახით. დასკვნის 3.3. პუნქტის ბოლო აბზაცით, ადგილი აქვს წარმოების პროცესით (თერმული წრთობა) განპირობებულ ფენომენს და ამ დონეზე არ წარმოადგენს დეფექტს. ექსპერტიზის დასკვნის ამავე პუნქტში, ექსპერტები განმარტავენ, რომ ნორმა U------------- (შენობის მინა - სილიკატური მინა, სოდა კალციუმის გამძლეობის, თემულად ნაწრთობი) განსაზღვრავს ,,ეფექტის ბუნება განაპირობებს, რომ თერმულად გამყარების პროცესს არ შეუძლია ისეთივე ერთგვაროვანი პროდუქტის მიღება, როგორც შესაძლებელი იქნებოდა გამომწვარი მინის შემთხვევაში". ნორმით გათვალისწინებულია, რომ შეიძლება ადგილი ჰქონდეს გადახრებს, როგორიცაა გლობალური ან ზოგადი მოხრის ფრაგმენტების, ისევე როგორც ,,ლოკალიზებული მოხრის ფრაგმენტების" არსებობა. აღნიშნული ნორმის 6.3. პუნქტით, ,,პლანიმეტრია" განსაზღვრულია, რომ გადახრებს შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს 2 ფორმით: გლობალური ან ზოგადი მოხრის და ლოკალიზებული მოხრის ფრაგამენტების სახით. ნორმით ასევე განსაზღვრულია გადახრების აღნიშნული მახასიათებლების დასაშვები საზღვრები 0,003 მმ/მმ-ზე გლობალური მოხრის ფრაგმენტებისათვის (ან 3მმ ყოველ 1000 მმ სიგრძეზე) და 0.5მმ/300მმ-ზე ლოკალიზებული მოხრის ფრაგმენტისათვის.

დასკვნით არ არის დადგენილი მინაზე ნორმისაგან განსხვავებული გადახრების არსებობა.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას ექსპერტიზის დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება არანაწრთობის მინს გამოყენებისათვის უპირატესობის მინიჭებას, რამდენადაც ექსპერტიზის დასკვნა ამ თვალსაზრისით დასაბუთებას არ შეიცავს. თვითონ საკითხი, ნაწრთობი მინის გამოყენების შესახებ, გადაწყვეტილი იქნა არა მოპასუხის, არამედ მოსარჩელის მიერ, რამდენადაც მან კონკრეტულ შემთხვევაში, გამძლეობის მოსაზრების გათვალისწინებით, მოპასუხეს შეუკვეთა ნაწრთობი მინა, რომელის ხარისხი, ტექნიკური მახასიათებლები და სტანდარტი E--------- სრულად შეესაბამება ხელშეკრულებით გათვალისწინებულს. სასამართლო, ასევე იზიარებს მოპასუხის განმარტებას დასკვნის იმ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც შეეხება ტერმინს ,,ესთეტიკური ნაკლი". კერძოდ, დასკვნა არ შეიცავს განმარტებას, თუ რას ,,ნიშნავს ესთეტიკური ნაკლი" და როგორია მახასიათებლები და დასაშვები ფარგლები, იმის გათვალისწინებით, რომ გამოყენებული მინის ევროპული სტანდარტით, E---------, ანიზოტროპია დეფექტს არ წარმოადგენს, ხოლო ტერმინი ,,ესთეტიკური ნაკლი" ასევე არ არის დეფინირებული ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ნორმებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 639-ე მუხლით, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა. ამავე კოდექსის 641-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის. ნივთობრივ ნაკლს უთანაბრდება, თუ მენარდე დაამზადებს შეკვეთილისაგან განსხვავებულ ან უფრო ნაკლები რაოდენობის ნაკეთობას.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნის სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სასამართლო თვლის, რომ მინის სტანდარტებისა და ტექნიკური მოთხოვნების დარღვევას ადგილი არ აქვს, ხოლო ნაწრთობის მინისათვის დამახასიათებელი ანიზოტროპიის ფენომენის გამოვლინება - მინაზე შეუიარაღებელი თვალით მხოლოდ გარკვეული კუთხით დაკვირვებისას შემჩნეული ლაქები და სხვადასხვა ფერის ვერტიკალური და გლობალური მოღუნვის ზოლები - არ შეიძლება განხილულ იქნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ნივთობრივ ნაკლად, - მოპასუხის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევად, - რამდენადაც ნივთი შესაბამისობაშია მხარეთა მიერ კონკრეტულად განსაზღვრულ თვისებებთან და მახასიათებლებთან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლით, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-? ?????? მიხედვით. გამყიდველმა უნდა აუნაზღაუროს მყიდველს გაწეული დანახარჯები, ხოლო 644-ე მუხლის თანახმად, ნაკეთობის ნაკლის გამო შემკვეთს შეუძლია 405-? ?????? მიხედვით უარი თქვას ხელშეკრულებაზე. ამ შემთხვევაში მენარდე ვალდებულია აუნაზღაუროს შემკვეთს ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ხარჯები.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს არ დაურღვევია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები და ეს ხელშეკრულება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, ითვლება შეწყვეტილად მისი შესრულებით, რის გამოც, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, არ არსებობს მოსარჩელის ხელშეკრულებიდან გასვლისა და მოპასუხის მიერ მიღებული შესრულების უკან დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. ,,საქონლის საერთაშორისო ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებათა შესახებ" გაეროს 1980 წლის კონვენციის 38-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველმა უნდა შეამოწმოს საქონელი ან უზრუნველყოს მისი შემოწმება ისეთ მოკლე ვადაში, რომელიც პრაქტიკულად შესაძლებელია ასეთ პირობებში. ამავე კონვენციის 39-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველი კარგავს უფლებას მიუთითოს საქონლის შეუსაბამობაზე, თუ იგი გამყიდველს არ შეატყობინებს საქონლის შეუსაბამობის შესახებ გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მან აღმოაჩინა ან უნდა აღმოეჩინა ეს შეუსაბამობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, რამდენადაც სახეზეა საქონლის ნასყდობის საერთაშორისო ხელშეკრულება, მხარეთა შორის არსებული სადავო ურთიერთობა ექცევა ამ კონვენციის რეგულირების სფეროში.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის პრეტენზია ეხება არა საქონლის ფარულ ნაკლს, რომელიც, მაგალითისათვის, შეიძლებოდა გამოვლენილიყო ლაბორატორიული შემოწმების და/ან ხანგძლივი დროის განმავლობაში ნივთის ექსპლუატაციის შედეგად, არამედ შეუიარაღებელი თვალით შესამჩნევ ეფექტს, რაც მოსარჩელემ აღმოაჩინა მინის დამონტაჟების შემდეგ, შესაბამისად, მას ჰქონდა შესაძლებლობა შეემოწმებინა საქონელი და შეეტყობინებინა მოპასუხისათვის, მის მიერ ნივთის შეუსაბამობად მიჩნეული საკითხის შესახებ, გონივრულ ვადაში მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა ამ გარემოების თაობაზე.

სასამართლო ასევე განმარტავს, რომ მეწარმის, როგორც მყიდველის, მიერ შეძენილი საქონლის შემოწმებისა და ნაკლის აღმოჩენისას გამყიდველისადმი პრეტენზიის გონივრულ ვადებში წარდგენის ვალდებულება, გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის დანაწესითაც, რომლის მიხედვით, თუ მყიდველი მეწარმეა, ის ვალდებულია დაუყოვნებლივ შეამოწმოს ნივთი; თუკი იგი ნაკლის აღმოჩენიდან შესაბამის ვადაში ან იმ ვადაში, რომლის განმავლობაშიც ცნობილი უნდა ყოფილიყო მისთვის ნაკლის არსებობა, არ წარუდგენს გამყიდველს პრეტენზიას, მას ერთმევა ნივთის ნაკლის გამო მოთხოვნის უფლება. თუ გამყიდველი შეგნებულად დუმდა ნივთის ნაკლზე, მაშინ მას არ შეუძლია დაეყრდნოს ამ მუხლით გათვალისწინებულ უფლებას.

 

საკასაციო სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა, რომ დასახელებული ნორმა „შემძენ მეწარმეს კანონის ძალით წარმოუშობდა ჩვეულებრივ მყიდველთან შედარებით მეტ წინდახედულებას და ნასყიდობის საგნის მახასიათებლების შემოწმებას. ამ ვალდებულებისაგან არ ათავისუფლებს მეწარმეს სახელშეკრულებო შეთანხმება იმისთაობაზე, რომ გამყიდველს ეკისრებოდა უნაკლო ნივთის მიწოდების ვალდებულება“ (იხ. სუსგ Nას-560-519-2017, 16.06.2017წ.).

 

უდავოდ დადგენილია, რომ მინის ხარისხთან დაკავშირებით, მოსარჩელემ მოპასუხეს პრეტენზიით მიმართა პროდუქციისა და სამუშაოების მიღება-ჩაბარებიდან - 07/09/2016წ-დან 8 თვის შემდეგ - 2017 წლის 7 მაისს (იხ. 3.1.5 ფაქტობრივი გარემოება), რაც არ შეიძლება ჩაითვალოს ,,გონივრულ ვადად" კონვენციის დასახელებული ნორმების მიზნებისათვის. შესაბამისად, სასამართლო თლის, რომ კონვენციის 39-ე მუხლისა და სამოქალაქო კოდექსის 495-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხის შედავება საფუძვლიანია და მოსარჩელეს აღარ გააჩნია უფლება პრეტენზია წაუყენოს მას საქონლის შეუსაბამობის შესახებ.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. თუ ერთი მხარე დუმს იმ გარემოებათა გამო, რომელთა გამჟღავნების დროსაც მეორე მხარე არ გამოავლენდა თავის ნებას, მაშინ მოტყუებულს შეუძლია მოითხოვოს გარიგების ბათილობა. გამჟღავნების ვალდებულება არსებობს მხოლოდ მაშინ, როცა მხარე ამას ელოდებოდა კეთილსინდისიერად.

 

როგორც ეს ზემოთაა აღნიშნული, მოსარჩელემ სარჩელის დამატებით ფაქტობრივ საფუძვლად ასევე მიუთითა გარიგების მოტყუებით დადებაზე და განმარტა, რომ მოპასუხემ იცოდა, ერთის მხრივ, მოსარჩელის მოლოდინებისა და საჭიროებების, ხოლო მეორე მხრივ - დიდი ზომის ნაწრთობი მინის გარეგნული გამოვლინებების (ანიზოტროპიის ეფექტის) შესახებ, რის შესახებაც უნდა ეცნობებინა მოსარჩელისთვის. შესაბამისად, ხელშეკრულება არ დაიდებოდა, თუკი მოსარჩელეს ეცოდინებოდა, რომ იგი ექსტრა-გამჭვირვალე/წმინდა მინის ნაცვლად, მიიღებდა ლაქებიან, ზოლებიან და სხვაგვარი გარეგნული ეფექტების მქონე მინას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ, რომ არა მოპასუხის მიერ მისი მოტყუების ფაქტი, იგი ხელშეკრულებას არ დადებდა. ამდენად, სადავო თანხა უკან დაბრუნებას ექვემდებარება გარიგების ბათილობის გამოც (იხ. შუამდგომლობა, ტ, 2, ს.ფ.-ები: 318-319, 27/06/2018წ. სასამართლო სხდომის ოქმი. ტ. 2. ს.ფ.-ები: 329-354).

 

სასამართლომ ზემოთ იმსჯელა, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული ნივთის კონკრეტული თვისებებისა და მახასიათებლებიდან გამომდინარე, ანიზოტროპიის ეფექტის გამოვლინება, არ წამოადგენს ნივთის ნაკლს - მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი.

 

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ხელს შეუშლის ნების გამომვლენს ნამდვილი, ანუ მისთვის სასურველი ნების გამოვლენაში და აღნიშნული გარემოება, ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას უნდა იწვევდეს, ანუ ადამიანს ობიექტური განსჯის შედეგად არ უნდა ჰქონდეს თავისი ნამდვილი ნების გამოვლენის შესაძლებლობა. შესაბამისად, მოტყუების ფაქტი იმდენად თვალსაჩინო და აშკარა უნდა იყოს, რომ ნებისმიერი საშუალო განვითარებისა და აზროვნების ადამიანის მოტყუება უნდა იყოს შესაძლებელი".

,,ნების გამოვლენის ფორმებს უაღრესად დიდი პრაქტიკული დატვირთვა გააჩნია გარიგებებში, ვინაიდან გამოხატული ნებისადმი არსებობს კონტრაჰენტის მიერ გამოვლენილი ნდობის დაცვის ღირსი ინტერესი, ამიტომ მხედველობაში არ უნდა იქნას მიღებული პირის მტკიცება, რომ მას ის ნება არ ჰქონდა, რომელიც გამოხატა, თუ მისი ნების გარეგანი გამოხატულებით მეორე მხარემ კეთილსინდისიერად ირწმუნა, რომ იგი უფლებებით აღიჭურვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან. შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილ იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს. მაგალითად, პირის ქმედუუნარობა, სულიერი აშლილობა, ფსიქიკური, ფიზიკური იძულება, მოტყუება, და ა.შ. ეს ისეთი გარემოებებია, როდესაც პირი მოკლებულია შესაძლებლობას, მართოს ნების გამოხატვის ფორმები. როდესაც პირს შეზღუდული აქვს ე.წ. „მოქმედების ნება“, ანუ ასეთ ვითარებაში იგულისხმება, რომ დაუძლეველ გარემოებათა გამო, პირი იმ ნებას გამოხატავს, რომელიც მის ნამდვილ ნებას არ შეესაბამება (სულიერი ავადმყოფობა) ან პირი გამოხატავს სხვა პირის და არა თავის რეალურ ნებას (მოტყუება, იძულება და ა.შ.). ასეთ შემთხვევაში, ნების გამომვლენი, რაღა თქმა უნდა, დაცული უნდა იყოს გამოვლენილი არანამდვილი ნების თანამდევი შედეგებისგან. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლი მოტყუების გამო გარიგების ბათილობას ითვალისწინებს იმ შემთხვევაში, როდესაც არანამდვილი ნების ფორმირება მოტყუების საფუძველზე განხორციელდა და არა ნდობით გამოწვეული უხეში გაუფრთხილებლობის გამო. გარიგების წერილობითი ფორმით დადებისას მხარეები ამ გარიგების დადების ნებას გამოხატავენ მასზე ხელმოწერით. პირის მიერ თავისი ნებით და მოქმედებით სამოქალაქო უფლებების განხორციელებას კანონი უკავშირებს პირის ქმედუნარიანობის არსებობას. ქმედუნარიანი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით ნების გამოვლენისას - ხელშეკრულების ხელმოწერისას ივარაუდება, რომ მისთვის ცნობილია ამ ხელშეკრულების შინაარსი, ასევე ივარაუდება, რომ პირი აცნობიერებს ხელმოწერით გამოხატული ნების სამართლებრივ შედეგს (იხ. სუსგ (იხ. სუსგ №ას-182-171-2014, 16 ივნისი, 2014 წელი; №ას-1117-1051-2015, 20 იანვარი, 2016 წელი; № ას-620-592-2016, 6 მარტი 2017 წელი).

 

განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულ პირობას ნივთის ესთეტიკურ მხარესთან მიმართებით, ხელშეკრულება არ შეიცავს. ამასთან, მოპასუხემ წერილობითი ფორმით და მოლაპარაკებების დროს არაერთხელ მიუთითა მოსარჩელეს, რომ შემოთავაზებული ვარიანტებიდან ერთ-ერთ ვარიანტში მინა ნაწრთობია. მოპასუხე არ მოითხოვდა ნაწრთობი მინის არჩევას, მას არ ჰქონდა საბოლოო ვარიანტის არჩევისა და გადწყვეტილების მიღების უფლებამოსილება. აღნიშნული უფლებამოსილება გააჩნდა მოსარჩელეს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხემ სრულად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით. შესაბამისად, მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მოტყუებას, რაც შეიძლებოდა გამხდარიყო გარიგების ბათილად ცნობის საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ საფუძვლითაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი წინაპირობები არ არსებობს.

 

7. სასამართლო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან მოსარჩელეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად სახ. ბიუჯეტში.

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

მოპასუხე ითხოვს, რომ მოსარჩელეს საქმეზე მის მიერ გაწეული ხარჯების (ადვოკატის დახმარება, დოკუმენტების თარგმნა და გაგზავნა) სახით დაეკისროს 11573,87 ევროს ოდენობით.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით, ,,მითითებული ნორმის დისპოზიცია იმგვარად არის ფორმულირებული, რომ არ ადგენს გაწეული ხარჯის სანაცვლო ანაზღაურების ერთმნიშვნელოვან ოდენობას, არამედ ამ ოდენობის გონივრულად განსაზღვრის უფლებას უტოვებს სასამართლოებს. კანონმდებლის ამგვარი მიდგომა განპირობებულია იმ მოსაზრებით, რომ ადვოკატის მომსახურებაში გადახდილი ხარჯების სანაცვლო ანაზღაურებამ დაუსაბუთებლად არ უნდა შეზღუდოს პროცესის მონაწილე მხარის უფლება და არ უნდა შექმნას წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის პროცესუალური საფუძველი; ნორმის ამგვარი შინაარსის მიზანია პროცესის მონაწილე მეორე მხარის უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის თავიდან აცილება. გონივრულობის კრიტერიუმად კი, კანონმდებელი მიიჩნევს დავის საგნის ღირებულების არაუმეტეს 4%-ს. ნიშანდობლივია, რომ დავის საგნის ღირებულების 4% წარმოადგენს ზედა ზღვარს (კანონით დადგენილ მაქსიმალურ ოდენობას), რომლის ფარგლებშიც ხდება ხარჯების ოდენობის სასამართლოსმიერი განსაზღვრა და ამ თვალსაზრისით, მხედველობაში მიიღება კონკრეტულად რა იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედებები იქნა განხორციელებული ადვოკატის მიერ, რა სახის ადამიანური რესურსი დაიხარჯა, საქმის წარმოების რომელ ეტაპზე პროცესის მონაწილე რომელმა მხარემ გასწია იგი და სხვა" (სუსგ 24.10.2016წ. საქმე №ას-739-707-2016; სუსგ 07/05/2018წ. Nას-316-316-2018წ.).

სასამართლო, ზემოაღნიშნული გარემოებების, საქმის ფაქტობრივ-სამართლებრივი სირთულისა და იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ პროცესი მთლიანად მოიგო, თვლის, რომ მოსარჩელემ სრულად უნდა აუნაზღაუროს მოპასუხეს საქმეზე ადვოკატის დახმარებისათვის გაწეული და სხვა ხარჯები, ჯამში 11573.87 ევროს ოდენობით (ტ.2. ს.ფ.-ები: 60-111, 279-282, 448).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. შპს ,,ომ---------------------ის“ (ს.ნ.4--------) სარჩელი შპს ,,კპ--------------–ის" (ს.ნ.2-------) წინააღმდეგ, 284477.96 ევროსა და 121255.45 ლარის გადახდის შესახებ, არ დაკმაყოფილდეს.

2. შპს ,,ომ---------------------ის“ (ს.ნ.4--------) მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, დარჩეს გადახდილად სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. მოსარჩელე, შპს ,,ომ---------------------ს“ (ს.ნ.4--------) დაეკისროს მოპასუხე, შპს ,,კპ--------------–ის“ (ს.ნ.2-------) მიერ საქმეზე გაწეული ხარჯების სახით 11573.87 ევროს ანაზღაურება.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი