გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/20903-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
23 ოქტომბერი 2018წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო მამულაშვილი
სხდომის მდივანი - თამთა ყრუაშვილი
მოსარჩელე - ე-–----------–-–---–-
წარმომადგენელები - ბ-----------–---–-----------–-–--–---–-
მოპასუხე - ნ--–-----–--–---–-
წარმოამდგენელები - ს----------------–---------------–---
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--–-----–--–---–- მოსარჩელე ე-–----------–-–---–-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს მიუღებელი შემოსავალი - 7448 ლარის ოდენობით;
სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2014 წლის 11 მარტიდან ე-–----------–-–---–- წარმოადგენს უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისში, ზ----------- მე-2 მ/რ-ში, 204-ე კორპუსის, ბინა N54-ის მესაკუთრეს. აღნიშნულ მისამართზე 2003 წლიდან ცხოვრობს ნ--–-----–--–---–-, რომელიც აცხადებს, რომ ბინა დაიკავა საქართველოს მაშინდელი პრეზიდენტის ე----------–------------ განცხადების საფუძველზე.
2010 წლის 12 აგვისტოდან აღნიშნული კორპუსი გახდა სახელმწიფოს საკუთრება. ქ. თბილისის ნ----–------------------ 2014 წლის 11 მარტს გასცა N--- განკარგულება და მის საფუძველზე საკუთრების უფლების მოწმობა N---- რომლითაც, მოსარჩელეს უსასყიდლოდ გადაეცა საკუთრებაში ზემოაღნიშნული უძრავი ქონება. აღნიშნული განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების მოწმობის უფლება მოპასუხემ გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში და მოითხოვა მისი ბათილობა, რაც არ დაკმაყოფილდა და ქ. თბილისის ნ----–----------------- გამგეობის 2014 წლის 11 მარტს გამოცემული N--- განკარგულება და მის საფუძველზე გამოცემული საკუთრების უფლების მოწმობა N--- დარჩა ძალაში.
მოსარჩელე წარმოადგენს უძრავი ქონების მესაკუთრეს, თუმცა აღნიშნულ ბინაში უკანონოდ ცხოვრობს ნ--–-----–--–---–-. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვს მოპასუხისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით თანხის დაკისრებას და უთითებს, რომ მას 2014 წლის მარტიდან ბინა რომ გაექირავებინა მიიღებდა შემოსავალს თვეში 80 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო ვინაიდან 2014 მარტიდან სარჩელის შემოტანამდე გასულია 38 თვე, მისთვის მიყენებული ზიანი შეადგენს 3040 აშშ დოლარს, რაც ეროვნულ ვალუტაში წარმოადგენს 7448 ლარს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელში მითითებული სამართლებრივი საფუძვლები არ პასუხობს სასარჩელო მოთხოვნებს. მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელ შემოსავალზე დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა, როგორც ზოგადად ასევე კონკრეტულ თანხასთან თვეში 80 აშშ დოლართან მიმართებაში. მოსარჩელე ვერ ასაბუთებს რა ქონებრივი დანაკლისი განიცადა ან რა შემოსავალი უნდა მიეღო, რომელიც ვერ მიიღო ნ--–-----–--–---–-ს მიზეზით. პირიქით, მოსარჩელის საკუთრებაში რჩება ნ--–-----–--–---–-ს თანხებითა და ძალისხმევით მოწყობილი ბინა და რომ არა მოპასუხის მხრიდან ბინაზე გაწეული სარემონტო სამუშაოები ე-–----------–-–---–- დღეს საკუთრებაში ექნებოდა საცხოვრებლად უვარგისი ბინა.
ამასთან, კორპუსი მდებარეობს დაუსახლებელ ტერიტორიაზე სასაფლაოს მიმდებარედ, რომელიც საკმაოდ არის დაშორებული ცენტრალური გზიდან და სატრანსპორტო საშუალებებიდან. შესაბამისად, დაუსაბუთებელია მოთხოვნა საიჯარო ქირის თვეში 80 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრების თაობაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ე-–----------–-–---–-ს საკუთრების უფლებით საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია უძრავი ქონება მდებარე: ქ. თბილისში, ზ----------- მე-2 მ/რ-ნი, კორპუსი 204, მე-2 სადარბაზო, მე-9 სართული, ბინა 54 (საკადასტრო კოდი: 0------------------------
ე-–----------–-–---–-ს საკუთრების უფლება უძრავ ქონებაზე რეგისტრირებულია 2014 წლის 11 მარტიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ 15).
3.1.2. ე-–----------–-–---–-ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე 2003 წლიდან ფლობს და ქონებით სარგებლობს მოპასუხე ნ--–-----–--–---–-, რაც მესაკუთრის ნებას ეწინააღმდეგება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
3.1.3. სასამართლოს განხილვაშია ე-–----------–-–---–-ს სარჩელი ნ--–-----–--–---–-ს მიმართ, უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვისა და ნ--–-----–--–---–-ს შეგებებული სარჩელი ნივთზე გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სასამართლო სხდომის ოქმები);
_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 25.04.18წ გადაწყვეტილება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქმეში არსებულ მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ე-–----------–-–---–-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ყოველთვიური საიჯარო ქირის ოდენობა შეადგენს 80 აშშ დოლარს.
სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. მითითებული დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ
მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სამართალწარმოების პროცესში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება უნდა შეფასდეს მათი უტყუარობისა და აგრეთვე, იმ თვალსაზრისით, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე რომელი გარემოების დადასტურებაა ამ მტკიცებულებებით შესაძლებელი.
კუთვნილი უძრავი ქონებით სარგებლობის შეუძლებლობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრების შესახებ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მითითებული, იმ სადავო ფაქტობრივი გარემოების დასტურად, რომ ქ. თბილისი, ზ----------- მე-2 მ/რ-ნი, 204-ე კორპუსში მდებარე N54 ბინის ყოველთვიური საიჯარო ქირა შეადგენს 80აშშ დოლარს, მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართულ იქნა 18.05.17წ შპს ,--------–------------------- შემფასებელ ლ.ჭელიძის ანგარიში, რომლის თანახმად საბაზრო საიჯარო ქირის ღირებულება განსაზღვრულია 80.29 აშშ დოლარით;
სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია საიჯარო ქირის ოდენობასთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება სადავო სამართალურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად.
კონკრეტულ შემთხვევაში შპს ,--------–------------------- შეფასების საპირწონედ არგუმენტირებული მტკიცება, რაც სასამართლოს შეუქმნიდა შინაგან რწმენას შეფასების ანგარიშში მითითებული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, მოპასუხე მხარეს სასამართლოსათვის არ შეუთავაზებია. შესაბამისად მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნია, რომ მოსარჩელემ უზრუნველყო მისი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება და კონკრეტული სადავო ფაქტობრივი გარემოების დადასტურება
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,--------–------------------- 2017 წლის 18 მაისის ანგარიში (იხ. ს.ფ. 18-33);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სასამართლო სხდომის ოქმები).
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა სადავო გარემოებები საქმეში წარმოდგენილი არ არის.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ე-–----------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 170-ე, 979-ე, 982-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება.
სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ან/და, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას. აღნიშნული დანაწესი ითვალისწინებს საკუთრების კანონისმიერ და სახელშეკრულებო ბოჭვას, რომელსაც გააჩნია თავისი ფარგლები, კერძოდ, არ შეიძლება, რომ საკუთრების ბოჭვამ, შეზღუდვამ მოსპოს საკუთრება.
საკუთრების სუბსტანცია, რომელშიც იგულისხმება საკუთრების ინსტიტუტით გათვალისწინებული შინაარსის რეალიზაცია, უნდა შენარჩუნდეს, ე.ი კერძო საკუთრების შეზღუდვა არ უნდა ნიშნავდეს საკუთრების უფლების რეალიზაციის მოსპობას. არ შეიძლება, რომ პირს ფორმალურად გააჩნდეს საკუთრების უფლება, ხოლო ფაქტობრივად არა, ანუ ვერ სარგებლობდეს საკუთრების უფლებით.
დადგენილია, რომ ე-–----------–-–---–-ს კუთვნილ უძრავ ქონებას სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ფლობს ნ--–-----–--–---–- 2014 წლის 11 მარტიდან.
6.2 სასამართლო მიუთითებს, რომ „სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელი სამართლებრივი ნორმის მისადაგება სასამართლოს პრეროგატივაა, ამ შემთხვევაში მთავარია სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შესატყვისი მტკიცებულებებით გამყარება, რაც მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის მიუთითებლობის შემთხვევაშიც ან არასწორად მითითების დროსაც კი, მოწინააღმდეგის პოზიციისა და საქმეზე მტკიცებულებათა ერთობლიობით გაანალიზებისა და შეჯერების შედეგად, სასამართლოს კვლევისა და იურიდიული შეფასების საგანია (იხ. სუსგ Nას-493-473-2016, 14.12.2016წ; ) ამდენად, სამართლის ნორმის გამოყენება სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება და მოსარჩელის მიერ არასწორი ნორმატიული საფუძვლის მითითების გამო დაუშვებელია სარჩელის უარყოფა.
მოცემულ შემთხვევაში მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოსარჩელეს მითითებული აქვს სამოქალაქო კოდექსის 408-409-ე და 411-ე მუხლები, კერძოდ ე-–----------–-–---–- ითხოვს მის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობის ხელშეშლის გამო მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას - 7448 ლარის ოდენობით.
სასამართლო მიუთითებს, რომ რაც კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მითითებული ნორმები ვერ განაპირობებს მოთხოვნის საფუძვლიანობას, შემდეგ გარემოებათა გამო: სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლი აკონკრეტებს ამავე კოდექსის 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის ანაზღაურების პრინციპს იმის შესახებ, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად. თავის მხრივ, 408-ე მუხლის გამოყენება კი უკავშირდება მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევას. სწორედ მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევა ანიჭებს უფლებას კრედიტორს, მოითხოვოს ვალდებულების დარღვევით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება სკ-ის 394.1 მუხლის საფუძველზე.
მოცემულ შემთხვევაში, სადავო არ არის ის ფაქტობრივი გარემოება რომ მხარეები ერთმანეთთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებიან, ამიტომ მოსარჩელის მოთხოვნა ფულადი ანაზღაურების თაობაზე სახელშეკრულებო ნორმებს ვერ დაეფუძნება. ცხადია, არც დელიქტიდან წარმოშობილი ზიანის ანაზღაურებასთან გვაქვს საქმე (სკ-ის 992-ე მუხლი), ვინაიდან უძრავი ქონების უკანონო მფლობელობით მოპასუხეს მოსარჩელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი დანაკლისის სახით რაიმე ზიანი არ მიუყენებია, მეტიც მხარეთა შორის სადავოა უძრავი ნივთის გაუმჯობესების ხარჯები.
საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის ფულადი ანაზღაურების მოთხოვნაზე უნდა გავრცელდეს ხელყოფის კონდიქციის სპეციალური წესი, რომელიც მოცემულია სკ-ის 982-ე მუხლით: პირი, რომელიც ხელყოფს მეორე პირის სამართლებრივ სიკეთეს მისი თანხმობის გარეშე განკარგვის, დახარჯვის, სარგებლობის, შეერთების, შერევის, გადამუშავების ან სხვა საშუალებით, მოვალეა აუნაზღაუროს უფლებამოსილ პირს ამით მიყენებული ზიანი. ხსენებული ნორმა მოცემულია უსაფუძვლო გამდიდრების ინსტიტუტით, რაც მიგვითითებს ამ ნორმით გათვალისწინებული ზიანის გათანაბრებაზე უსაფუძვლო გამდიდრებასთან, ანუ როგორც ხელყოფის კონდიქციისათვის არის დამახასიათებელი, ამ ნორმით გათვალისწინებული იურიდიული შედეგი არის ის, რომ ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა
ამავე კოდექსის 979-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, უკან დაბრუნების მოთხოვნა ვრცელდება შეძენილზე, მიღებულ სარგებელზე, ასევე სხვა ყველაფერზე, რაც მიმღებმა შეიძინა მიღებული საგნის განადგურების, დაზიანების ან ჩამორთმევის სანაცვლო ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ უკან დაბრუნება შეუძლებელია გადაცემული საგნის მდგომარეობის გამო ან, თუ მიმღებს რაიმე მიზეზით არ შეუძლია საგნის უკან დაბრუნება, მაშინ მან უნდა აანაზღაუროს მისი საერთო ღირებულება. ღირებულება განისაზღვრება ანაზღაურების მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროის მიხედვით.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, ვინაიდან მოსარჩელემ მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების უკანონო მფლობელობის შედეგად დაკარგა გარკვეული სიკეთის მიღების შესაძლებლობა, მას უფლება აქვს, ამოიღოს ეს ქონება ხელმყოფისაგან. აღნიშნული ქონებრივი წონასწორობის აღდგენას კი ემსახურება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 982-ე მუხლი, რომლის თანახმად, ხელმყოფმა უნდა გაუთანაბროს უფლების მქონე პირს მის უფლებაში ჩარევა; ხოლო იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ „შესრულების დაბრუნება“ (მოპასუხის მიერ სადავო უძრავი ქონების უკანონო სარგებლობით მიღებული სიკეთე) შეუძლებელია, სამოქალაქო კოდექსის 979-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლების მქონე პირი (მოსარჩელე) უფლებამოსილია გამოიყენოს ღირებულების ანაზღაურების მოთხოვნა, რაც შეიძლება დადგინდეს მსგავსი უძრავი ქონების ქირის ოდენობით.
მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების, კერძოდ შპს ,--------–------------------- ანგარიშის საფუძველზე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია რომ უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისში, ზ---------- მე-2 მ/რ, კორ 204, ბინა 54 (საკადასტრო კოდი: 0----------------------) გაქირავების შემთხვევაში მესაკუთრე საიჯარო ქირის სახით თვეში მიიღებდა 80.29 აშშ დოლარს, რაც 2014 მარტიდან სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე ( 38 თვეზე) შეადგენს 3040 აშშ დოლარს, ეროვნულ ვალუტაში 7448 ლარს.
შესაბამისად, ე-–----------–-–---–-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხე ნ--–-----–--–---–- გადასახდელად უნდა დაეკისროს 7488 ლარი.
7. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
კონკრეტულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ ე-–----------–-–---–-ს მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 224 ლარის ოდენობით; შესაბამისად, წინამდებარე გადაწყვეტილებით განსაზღვრული სამართლებრივი შედეგის გათვალისწინებით მოპასუხე ნ--–-----–--–---–- ე-–----------–-–---–-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ე-–----------–-–---–-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. მოპასუხე ნ--–-----–--–---–- მოსარჩელე ე-–----------–-–---–-ს სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 7448 ლარის გადახდა;
2. მოპასუხე ნ--–-----–--–---–- მოსარჩელე ე-–----------–-–---–-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 223.44 ლარის ანაზღაურება.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში. სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო მამულაშვილი