გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
330210018002640940
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/27430-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

23.10.2018 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ქეთევან მამაცაშვილი

სხდომის მდივანი - ანა ბაჩიაშვილი

 

მოსარჩელე - ო--------------ე;

მოპასუხე - ტ------–------------–---–ი;

მოპასუხე - თ---------------–---–ი;

წარმომადგენელი - მ----–--------–ი;

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს - ტ------–------------–---–სა და თ---------------–---–ს მოსარჩელე ო--------------ეს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით - 1 155 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 13 ივნისს "დაფის" მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი YZ----5) მოძრავი ტ------–------------–---–ი შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ მანქანას (სახელმწიფო ნომრით AA----A). ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო 2017 წლის 18 ოქტომბერს შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, 2017 წლის 01 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ტ------–------------–---–ს. ავტოავარიის დროს "დაფის" მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი YZ----5) წარმოადგენდა თ---------------–---–ის საკუთრებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს მომზადებული დასკვნის თანახმად, ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი მანქანისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 1 155 ლარი, რის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე სოლიდარულად მოპასუხეებისათვის.

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე თ---------------–---–ის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი იქნა შესაგებელი. შესაგებლით მოპასუხემ არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტში იგი არ გახლდათ ავტომანქანის პირდაპირი მფლობელი. მას შრომითი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული ტ------–------------–---–თან და მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი სარჩელი არ წარმოადგენს მოპასუხის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

2.2. მოპასუხე ტ------–------------–---–ს არ წარმოუდგენია შესაგებელი, ასევე არ გამოცხადებულა სასამართლოს სხდომაზე, რის გამოც მისი პოზიცია სასამართლოსათვის უცნობია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 13 ივნისს "დაფის" მარკის ავტომანქანით (სახელმწიფო ნომერი YZ----5) მოძრავი ტ------–------------–---–ი შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ მანქანას (სახელმწიფო ნომრით AA----A).

 

3.1.2. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე დაიწყო სისხლის სამართლის საქმის გამოძიება, თუმცა სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო 2017 წლის 18 ოქტომბერს შეწყდა სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება.

 

3.1.3. 2017 წლის 01 ნოემბერს შედგენილი იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რომლითაც ავტოსაგზაო შემთხვევის გამო ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრა ტ------–------------–---–ს.

 

3.1.4. ავტოავარიის დროს "დაფის" მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი YZ----5) წარმოადგენდა თ---------------–---–ის საკუთრებას.

 

3.1.5. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის მიერ 2017 წლის 17 აგვისტოს მომზადებული დასკვნის თანახმად დგინდება, რომ ავტოავარიის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანისათვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა - 1 155 ლარი.

 

3.1.6. ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე "დაფის" მარკის ავტომანქანა (სახელმწიფო ნომერი YZ----5) - ტ------–------------–---–ისათვის თ---------------–---–ს გადაცემული ჰქონდა 2017 წლის 4 ივნისს დადებული შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად, ტა-----–----------–---–ი მუშაობდა თ---------------–---–ის მძღოლად და მისი ყოველთვიური ანაზღაურება შეადგენდა - 437.50 ლარს საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით. შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო 2017 წლის 4 ივნისიდან - 2018 წლის 31 დეკემბრამდე ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 18 ოქტომბრის დადგენილება(ს.ფ. 14-16);

- ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი (ს.ფ. 17);

- 2017 წლის 23 ოქტომბრის და 2017 წლის 9 ნოემბრის ცნობები (ს.ფ. 18-19);

- 2017 წლის 17 აგვისტოს დასკვნა (ს.ფ. 22- 26);

- შრომითი ხელშეკრულება (სისხლის სამართლის საქმის მასალები ს.ფ. 73-74);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი, სარჩელი, შესაგებელი).

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა ო--------------ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს, შესაბამისად, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე, 463-ე, 464-ე, 992-ე-999-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოცემულ შემთხვევაში, საქმეზე სადავო არ გამხდარა მოპასუხე ტ------–------------–---–ის ბრალეულობა დამდგარი ზიანის მიმართ, რაც ასევე დასტურდება ავტოსაგზაო შემთხვევაზე შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით.

 

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

დადგინდა, რომ აღნიშნული ავტომანქანა ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტისათვის იმყოფებოდა თ---------------–---–ის საკუთრებაში.

 

სასამართლო მიუთითებს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ ერთგვაროვან სასამართლო პრაქტიკაზე დელიქტური ვალდებულების ზოგადი და კერძო შემთხვევის მარეგულირებელი ნორმების ურთიერთმიმართების თაობაზე, რომლის თანახმადაც დაზარალებულ პირს არ ეკრძალება, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, რომელიც ზიანის მიმყენებელია 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის მესამე წინადადების საფუძველზე, ისე _ სატრანსპორტო საშუალების მოსარგებლეს, რომელიც ბრალეულად მოქმედებდა და ზიანის მიმყენებელია 992-ე მუხლის საფუძველზე (იხ. სუსგ №ას-254-239-2010, 20 ივლისი, 2010წ; №ას-39-38-10, 15 ივლისი, 2010 წელი).

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლით დეფინირებულია სოლიდარული ვალდებულების არსი, რომელიც სახეზეა მაშინ, როდესაც რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, ამავე კოდექსის 998-ე მუხლის პირველი ნაწილი კი, განსაზღვრავს დელიქტურ ვალდებულებაში სოლიდარული პასუხისმგებლობის საფუძვლებს, რომლის თანახმადაც, თუ ზიანის დადგომაში მონაწილეობს რამდენიმე პირი, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან. ზემოაღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მატარებელია ნივთის მფლობელი, რომელსაც თავისი ნების საფუძველზე სატრანსპორტო საშუალება გადაცემული აქვს პირდაპირ მფლობელობაში სხვა პირზე - მოსარგებლეზე. ავტოსატრანსპორტო შემთხვევით დაზარალებულ პირს, ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე პირს არ ეკრძალება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, მოთხოვნა ერთობლივად წაუყენოს როგორც ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელს, ისე ზიანის მიმყენებელს სსკ-ის 992-ე მუხლის შესაბამისად, ვინაიდან, ამ შემთხვევაში სახეზეა მოვალეთა სიმრავლე ვალდებულებაში, ვალდებულებათა ერთიანობა, როდესაც ყოველ მოვალეს თავისი საკუთარი ვალდებულება აკისრია კრედიტორის წინაშე, თუმცა მითითებული სუბიექტების დადგენა უნდა მოხდეს სათანადოდ.

 

აქედან გამომდინარე, მფლობელის ზიანის ანაზღაურების ვალდებულება (სამოქალაქო პასუხისმგებლობა) წარმოიშობა, თუ ზიანი მოჰყვა მისი სატრანსპორტო საშუალების გამოყენებას. ე.ი. არა აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ვინ მართავს სატრანსპორტო საშუალებას. სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობა არ დადგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან მისი ნებართვის გარეშე (სატრანსპორტო საშუალება გამოვიდა მისი მფლობელობიდან სხვა პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით) (იხ. სუსგ. Nას-811-762-2015, 4 მარტი, 2016 წელი, Nას-311-970-03, 7 იანვარი 2003 წელი).

 

უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი პრაქტიკის თანახმად, სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლით გათვალისწინებულ გამონაკლისს საფუძვლად უდევს ის გარემოება, რომ სატრანსპორტო საშუალება პოტენციური საფრთხის წყაროა და მისი მოხმარება განაპირობებს შედარებით მაღალი ხარისხით საზიანო შედეგების მიღების შესაძლებლობას, ვიდრე სხვა ჩვეულებრივი საქმიანობისას.

 

ავტოსატრანსპორტო საშუალების ამგვარი თვისების გამო იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და, მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. აღნიშნული გამოწვეულია იმ მატერიალური ობიექტების ფლობითა და სარგებლობით (ექსპლუატაციით ან ნებისმიერი ფორმით მისი გამოყენებით), რომელსაც განსაკუთრებული ხარისხობრივი თვისება აქვთ და ადამიანის მხრიდან მასზე სრული კონტროლის დამყარება შეუძლებელია (იხ. სუსგ №ას-494-463-2010, 9 ნოემბერი, 2010 წელი).

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სახეზე არ გვაქვს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის პასუხისმგებლობის გამომრიცხველი გარემოებები და არც საქართველოს სამოქალაო კოდექსის 999-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით გათვალისწინებული შემთხვევებს ჰქონია ადგილი, რის გამოც მესაკუთრე თ---------------–---–ის პასუხისმგებლობა არ გამოირიცხება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.

 

დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: ''ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს''; ''არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს ზიანის მინიმალიზაცია''. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში, კერძოდ, ფაქტების მითითების ვალდებულების და მტკიცების გადანაწილების კონტექსტში. იმ შემთხვევაში, თუ მოპასუხე ედავება ზიანის ოდენობას, თუმცა აღიარებს ზიანს როგორც მოვლენის არსებობას და მიყენების ფაქტს, მას ეკისრება ზიანის მოცულობაზე მითითების საპროცესო ვალდებულება. მას არა აქვს უფლება დარჩეს პასიური ამ ვალდებულების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს ეკისრება. მტკიცებულებითი სამართლის გამოყენების წინაპირობაა იურიდიულად მნიშვნელოვანი სადავო ფაქტობრივი გარემოების არსებობა. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია ამტკიცოს ზიანის ოდენობა მას შემდეგ, როდესაც მოპასუხე სადავოდ გახდის ამ ფაქტს. ზემოთხსენებული პრინციპი ''...ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს...'', ავალდებულებს მოპასუხეს ზიანის აღიარების პირობებში მიუთითოს საკუთარი ვერსია მის მოცულობასთან დაკავშირებით. თუ, მოპასუხის პასიურობა ან მოსარჩელის მითითებული ოდენობის მხოლოდ უარყოფა, მაინც წარმოშობს მოსარჩელის ვალდებულებას ამტკიცოს ზიანის ოდენობა, მიგვიყვანს შედეგამდე, როდესაც მოსარჩელემ შესაძლებელია სათანადოდ ვერ უზრუნველყოს მტკიცების ვალდებულება და მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხე ადასტურებს ზიანის მიყენების ფაქტს, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ვერ იქნეს დადგენილი მის მიმართ. ამგვარი მდგომარეობა ეწინააღმდეგება ზემოთხსენებულ პრინციპს.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მხარეს ზიანის ოდენობა სადავო არ გაუხდია, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ზიანის - 1155 ლარის ანაზღაურება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ''ა'' ქვეპუნქტის თანახმად პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში: გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივარი ქონებრივ-სამართლებრივ დავაში დასაშვებია იმ შემთხვევაში, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2 000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს - 50 ლარის, რომლის გადახდაც უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გაწეული ხარჯის - 42 ლარის ოდენობით (ს/ფ 27-28). შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გაწეული ხარჯი უნდა გადახდეთ მოპასუხეებს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-ე, 244-ე, 364-ე, 3365-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ო--------------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხეებს - ტ------–------------–---–ს და თ---------------–---–ს მოსარჩელე ო--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ზიანის სახით - 1 155 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხეებს - ტ------–------------–---–ს და თ---------------–---–ს მოსარჩელე ო--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობის გაცემისათვის გაწეული ხარჯის - 42 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხეებს - ტ------–------------–---–ს და თ---------------–---–ს მოსარჩელე ო--------------ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

5. გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365-ე მუხლის შესაბამისად გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში და სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ქეთევან მამაცაშვილი