განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
გამოძიების #0-----------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
5 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა
სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ--------------
დაცვის მხარე:
ბრალდებული - თ-------- ა-–----------- ძე ქ----–---–ი - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1--- წლის 1-----------ს, ნასამართლევი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (ოჯახში ძალადობა, ესე იგი ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ), საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილი (განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება)
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1.2018 წლის 28 მარტს, საღამოს საათებში, თ---–--–-- დ--------------- ბ----------- დასახლება ბლოკი #13, ბინა #1--–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, თ-------- ქ----–---–მა მეუღლეს - მ------ მ----–--ეს, არასრულწლოვანი შვილების 15 წლის ს-------- ჩ------ისა და 11 წლის კ------------- ჩ------ის თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. კერძოდ, ხელი დაარტყა სახის არეში, რამაც მ------ მ----–--ის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია.
1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–ის განაჩენით, თ-------- ქ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით, 2(ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი თ-------- ქ----–---–ი 2018 წლის 8 თებერვალს, იმყოფებოდა თ---–--–-- დ----ის მ----ის მ--- კვარტლის, მ---- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რა დროსაც ქურთუკის შიდა ჯიბით ატარებდა დანას - რომელიც დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჩხვლეტავ-მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ოჯახში ძალადობა ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ
2.1. 2018 წლის 28 მარტს, 22:00 საათზე ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში ,,112-დან“ შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. ძალადობის შესახებ ინფორმაცია ,,112-ს“ მიაწოდა დაზარალებულმა მ------ მ----–--ემ. შეტყობინების ინიციატორი აცხადებდა, რომ მეუღლემ თ-------- ქ----–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
2.2. მსხვერპლის შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. გამოძიების დაწყებისთანავე გამომძიებელმა თ----- ხ----ემ გამოკითხა მსხვერპლი მ------ მ----–--ე, რომელმაც დაადასტურა შეტყობინებაში მითითებული ინფორმაცია.
2.3. სასამართლო სხდომაზე დაიკითხა გამომძიებელი თ----- ხ----ე. მოწმის ჩვენებით, 2018 წლის 28 მარტს, გვიან ღამით, პოლიციის განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახში ძალადობის ფაქტზე. შეტყობინების ინიციატორი იყო დაზარალებული მ------ მ----–--ე. შეტყობინების საფუძველზე მყისიერად დაიწყო გამოძიება და იმავე ღამეს (ფაქტობრივად 29 მარტი) გამოიკითხა დაზარალებული მ------ მ----–--ე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 მარტს, მეუღლემ თ-------- ქ----–---–მა არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ, ერთხელ დაარტყა ხელი სახის არეში, დარტყმის შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი. მ------ მ----–--ეს გამოკითხვის დროს სახეზე აღენიშნებოდა სიწითლე. გამომძიებელს დაუდასტურა, რომ სიწითლე იყო ძალადობის კვალი. მოწმის ჩვენებით, დაზარალებულმა პირველი გამოკითხვის შემდეგ ისევ მიმართა გამოძიებას და მოითხოვა დამატებითი გამოკითხვა. დამატებით გამოკითხვაში დაზარალებული გამოთქვამდა შიშს, თუკი არ მოხდებოდა თ-------- ქ----–---–ის იზოლაცია, ძალადობის მასშტაბები გაიზრდებოდა, საფრთხე ემუქრებოდა როგორც დაზარალებულს, ასევე მის არასრულწლოვან შვილებს.
2.4.სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, მ------ მ----–--ეს სხეულის ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება, თუმცა პირადი შემოწმების მონაცემებით, მ------ მ----–--ე ექსპერტიზაზე წარდგენის და შემოწმების დროს უჩიოდა წვას სახის მარჯვენა ნახევარში. ასევე შესამოწმებლის გადმოცემით მეუღლემ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში. ციტატა ექსპერტიზის დასკვნიდან ,,პირადი შემოწმების მონაცემები: შესამოწმებლის გადმოცემით - 28.03.18 წ-ს, 22:00 საათზე, მეუღლემ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში ერთჯერ. შემოწმების მომენტში უჩივის წვას სახის მარჯვენა ნახევარში“.
2.5.სასამართლო სხდომაზე ექსპერტმა ნ----ა ჯ------ემ დაადასტურა ექსპერიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ საექსპერტო კვლევის დროს, შესამოწმებელი პირი მ------ მ----–--ე უჩიოდა წვას სახის არეში.
2.6. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა ძალადობის თვითმხილველი არასრულწლოვანი მოწმეების ს-------- ჩ------ის და კ------------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმები.
2.7. 15 წლის ს-------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 მარტს, თ-------- ქ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მ------ მ----–--ეს არასრულწლოვანი შვილების ს-------- და კ------------- ჩ------ეების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამონარიდი ს. ჩ------ის 29.03.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,...თ-------- იყო ძლიერ ნასვამი. თ-------- დედას აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და აგინებდა. მე ვხვდებოდი მათი ჩხუბის მიზეზს და ეს მიზეზი იყო ეჭვიანობა. ამ დროს დედამ უთხრა, რომ წასულიყო და ნასვამი აღარასოდეს მოსულიყო სახლში ჩვენთან, მაგრამ თ-------- უფრო აგრესიული გახდა და უფრო შეურაცხმყოფელად აყენებდა შეურაცხყოფას. ამის გაგონებაზე მე ვეღარ მოვითმინე და თ--------ს ვუთხარი შეეწყვიტა დედაჩემის ლანძღვა-გინება. ამის გაგონებაზე თ-------- წამოვიდა ჩემსკენ ხელის დასარტყმელად, რა დროსაც დედაჩემმა დაიჭირა ქურთუკით, რომ მე არ მომახლოვებოდა, რის შემდეგაც თ-------- შეუტრიალდა დედაჩემს და ხელი გაარტყა სახეში. ამ დარტყმაზე დედამ იყვირა მეტკინაო და ტირილი დაიწყო..., ...მე დავინახე თ--------მ როგორ გაარტყა ხელი დედაჩემს და ხელის გარტყმის მომენტში საკმაოდ დიდი ხმა გამოსცა დარტყმის შედეგად დედაჩემის სახემ..., დედა ეუბნებოდა თ--------ს აღარ დამარტყა ძალიან მეტკინაო, მაგრამ თ-------- ისევ იწევდა და ცდილობდა დედაჩემისთვის ხელი გაერტყა სახეში, მაგრამ დედა სახეს მალავდა, რათა თ--------ს ხელი არ მოხვედროდა კიდე ერთხელ სახეში. მეზობლის ბიჭების მიერ გაშველების შემდეგ დედამ დარეკა 11--–- და ოპერატორს განუცხადა მომხდარის შესახებ..., ...დედას და თ-------- ქ----–---–ს ხშირად აქვთ კონფლიქტი, რა დროსაც თ-------- ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას...“
2.8. ს-------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმის მსგავსად, 11 წლის კ------------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმით დადასტურდა, რომ 2018 წლის 28 მარტს, თ-------- ქ----–---–მა ეჭვიანობის ნიადაგზე მეუღლეს მ------ მ----–--ეს არასრულწლოვანი შვილების ს-------- და კ------------- ჩ------ეების თანდასწრებით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ამონარიდი კ. ჩ------ის 29.03.2018 წლის გამოკითხვის ოქმიდან ,,... თ-------- შეუტრიალდა დედაჩემს და ხელი გაარტყა სახეში. ამ დარტყმაზე დედამ იყვირა მეტკინაო და ტირილი დაიწყო, აღნიშნული ფაქტი მოხდა სახლის შესასვლელ კართან, დედას ყვირილზე მოვიდნენ იქვე ეზოში მდგარი ბიჭები, რომლების სახელები და გვარებიც მე არ ვიცი და თ-------- გააკავეს რათა აღარ მიახლოვებოდა დედას..., ...მე დავინახე თ--------მ როგორ გაარტყა ხელი დედაჩემს და ხელის გარტყმის მომენტში საკმაოდ დიდი ხმა გამოსცა დარტყმის შედეგად დედაჩემის სახემ..., დედა ეუბნებოდა თ--------ს აღარ დამარტყა ძალიან მეტკინაო, მაგრამ თ-------- ისევ იწევდა და ცდილობდა დედაჩემისთვის ხელი გაერტყა სახეში, მაგრამ დედა სახეს მალავდა, რათა თ--------ს ხელი არ მოხვედროდა კიდე ერთხელ სახეში..., ...დედამ დარეკა 11--–- და ოპერატორს განუცხადა მომხდარის შესახებ..., ...დედას და თ-------- ქ----–---–ს ხშირად აქვთ კონფლიქტი, რა დროსაც თ-------- ხშირად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას...“
2.9. გამოძიებაში არასრულწლოვანი მოწმეების ს-------- ჩ------ის და კ------------- ჩ------ის გამოკითხვას, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად ესწრებოდა საპროცესო წარმომადგენელი, თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის ვაკე-საბურთალოს სერვის ცენტრის სოციალური მუშაკი ნ----ა ნ--------–---–ი.
2.10. სოციალურმა მუშაკმა ნ----ა ნ--------–---–მა სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ 2018 წლის 29 მარტს, ოჯახური ძალადობის საქმეზე საპროცესო წარმომადგენლის სტატუსით დაესწრო არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვას. ნ----ა ნ--------–---–ის ჩვენებით, არასრულწლოვანმა მოწმეებმა კ------------- ჩ------ემ და ს-------- ჩ------ემ გამომძიებელს დაუდასტურეს, რომ 2018 წლის 28 მარტს ოჯახში, მათი თვალთახედვის არეში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას. არასრულწლოვანმა მოწმეებმა თავისუფალი თხრობის რეჟიმში გადმოსცეს მოვლენები, რომლის შემსწრეებიც თავად იყვნენ, მათ გამომძიებელს განუცხადეს, რომ ბრალდებულმა ეჭვიანობის ნიადაგზე არასრულწლოვნების დედას მათი თანდასწრებით დაარტყა ხელი. არასრულწლოვანმა მოწმეებმა თავად წაიკითხეს მათი გამოკითხვის ოქმები და შინაარსის სისწორე დაამოწმეს ხელმოწერით. მოწმის ნ----ა ნ--------–---–ის ჩვენება თანხვედრაშია არასრულწლოვანი მოწმეების გამოკითხვის ოქმში მითითებულ ინფორმაციასთან ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, ასევე თანხვედრაშია გამოკითხვის ოქმის ბოლოს მითითებულ ტექსტთან, რომლის თანახმად, ორივე არასრულწლოვანმა გამოკითხვის ოქმის ბოლოს გააკეთა მინაწერი ,,ოქმი შედგენილია ჩემი კარნახით, წავიკითხე, სწორია და ვაწერ ხელს. ს. ჩ------ე“. ,,გამოკითხვის ოქმი დაბეჭდილია ჩემი კარნახით წავიკითხე სწორია და ვაწერ ხელს. კ. ჩ------ე“.
2.11. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, 2018 წლის 28 მარტის შემთხვევა არ ყოფილა ოჯახში ძალადობის პირველი ფაქტი, საქმის მასალებით, კერძოდ კი, შემაკავებელი ორდერებით დასტურდება, რომ მ------ მ----–--ე არაერთხელ გამხდარა ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი თ-------- ქ----–---–ის მხრიდან. 2015 წლის 14 დეკემბრის #0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით, მ------ მ----–--ეს ყოფილი მეუღლე თ-------- ქ----–---–ი აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, შემაკავებელი ორდერით თ. ქ----–---–ს აეკრძალა მ. მ----–--ესთან მიახლოება და სატელეფონო კომუნიკაცია. 2016 წლის 21 ივნისის #0----- შემაკავებელი ორდერის მიხედვით, თ-------- ქ----–---–მა მ------ მ----–--ეს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხოფა და განახორციელა ფსიქოლოგიური ძალადობა. მსხვერპლის აღქმით, თ-------- ქ----–---–მა შეიძლება სერიოზული ზიანი მიაყენოს ან მოკლას იგი, მსხვერპლი ითხოვდა კანონით გათვალისწინებულ დაცვას, რის გამოც გამოიცა შემაკავებელი ორდერი. 2017 წლის 16 ოქტომბრის #0----- შემაკავებელი ორდერის თანახმად, მოძალადე თ-------- ქ----–---–ი ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას გამოხატავდა აგრესიას ყოფილი მეუღლის მ------ მ----–--ის და მისი შვილების მიმართ, ახდენდა მათზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას.
2.12. დაზარალებულმა მ------ მ----–--ემ სასამართლო სხდომაზე უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, მისი ეს პოზიცია ახსნა შემდეგი გარემოებით: მიუხედავად იმისა, რომ თ-------- ქ----–---–მა ის გაიმეტა ძალადობისთვის და ხელი დაარტყა, მაინც ეცოდება და არ ემეტება პატიმრობისთვის. დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 მარტს ნამდვილად მიმართა პოლიციას, ვინაიდან მიიჩნევდა, რომ იმ დროისთვის აუცილებელი იყო თ-------- ქ----–---–ის იზოლაცია, თუმცა ამჟამად მას არ სურს ჩვენების მიცემა. დაზარალებულის ამ განმარტებამ ნათელი მოჰფინა მისი მოტივაციას, ჩვენების არმიცემით ხელი შეუწყოს მოძალადის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას.
2.13. სტამბოლის 2011 წლის 11 მაისის ევროპის საბჭოს კონვენცია „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“, რომელიც 2017 წელს რატიფიცირებული იქნა საქართველოს პარლამენტის მიერ, 55-ე მუხლის პირველ ნაწილში მიუთითებს, რომ ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. მართალია, დაზარალებულმა მ------ მ----–--ემ სასამართლოში უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე, თუმცა მხედველობაშია მისაღები მისი განმარტება, რითაც მან ახსნა ჩვენების მიცემაზე უარი და ის გარემოებაც, რომ მხოლოდ მსხვერპლის ჩვენება არ იყო გადამწყვეტი მოცემულ საქმეში თ-------- ქ----–---–ის ბრალეულობის შესაფასებლად. ძალადობის მატერიალური ფაქტი დადასტურდა ზემოთგანხილული არაერთი მტკიცებულებით, კერძოდ, გამომძიებლის თ----- ხ----ის ჩვენებით, რომელმაც ,,11--–-“ შესული შეტყობინებიდან მცირე დროში გამოკითხა შეტყობინების ავტორი მ------ მ----–--ე, ამ უკანასკნელმა დაუდასტურა მუღლის თ-------- ქ----–---–ის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი. გარდა ამისა, მოწმის ჩვენებით ძალადობის მსხვერპლს გამოკითხვის დროსაც ეტყობოდა სახეზე სიწითლე, რომელიც დაზარალებულის ინფორმაციით, იყო ძალადობის შედეგი. სასამართლო ხაზს უსვამს ფრიად მნიშვნელოვან გარემოებას, კერძოდ, იმ ფაქტს, რომ დაზარალებულმა მ------ მ----–--ემ დამატებითი გამოკითხვის დროსაც, მომხდარი ფაქტიდან რამდენიმე დღეში კიდევ ერთხელ დაუდასტურა გამომძიებელს თ-------- ქ----–---–ის მიერ მასზე განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი და მოითხოვა მისი იზოლაცია, დაზარალებულის და მისი არასრულწლოვანი შვილების დაცვის მიზნით. დაზარალებულის მიერ გამოძიებაში, გამომძიებლის წინაშე გამოთქმული შიშები, არის ნიშანი იმისა, რომ მ------ მ----–--ე არის როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. თ-------- ქ----–---–ის ბრალეულობას ასევე ადასტურებს შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ 2018 წლის 28 მარტს მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და განიცდიდა წვას სახის არეში. ძალადობის მატერიალური ფაქტი ასევე დადასტურდა პირდაპირი მოწმეების ს-------- ჩ------ის და კ------------- ჩ------ის გამოკითხვის ოქმებით და სოციალური მუშაკის ნ----ა ნ--------–---–ის ჩვენებით. 2018 წლის 28 მარტს, მ------ მ----–--ეზე ძალადობის ფაქტს მოწმობს ის გარემოებაც, რომ პოლიციაში ძალადობის შესახებ შეტყობინების ინიციატორი არის თავად მსხვერპლი.
2.14. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ საქმეზე ალ-ხავაია და ტაჰერი (Al-Khawaia and Tahery) 2011 წლის 15 დეკემბერს დაადგინა სახელმძღვანელო პრინციპები რომელიც ვრცელდება იმ შემთხვევაზე, როდესაც ბრალდების მხარის მოწმე არ ესწრება სასამართლო განხილვას და მის მიერ მანამდე მიცემული ჩვენება დაშვებულ იქნა მტკიცებულებად. აღნიშნული პრინციპი ადგენს სამ ძირითად ტესტს, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს მსგავსი მტკიცებულება, რათა იგი მიჩნეულ იქნეს დასაშვებად. პირველ რიგში უნდა შემოწმდეს არსებობდა თუ არა მოწმეთა დაუსწრებლობის და შესაბამისად მოწმის გამოუცდელი ჩვენებების მტკიცებულებად დაშვების საპატიო მიზეზი, მეორე - დაუსწრებელი მოწმის ჩვენება იყო თუ არა ბრალდებულის მსჯავრდების ერთადერთი და გადამწყვეტი საფუძველი და მესამე - სახეზე იყო თუ არა საკმარისი დამაბალანსებელი ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რაც მოახდენდა დაცვის მხარისათვის გამოუცდელი მტკიცებულებების დაშვების შედეგად შექმნილი დაბრკოლებების კომპენსირებას და იმის უზრუნველყოფას, რომ სასამართლო განხილვა ერთიანობაში აღებული, სამართლიანი იყო. განსახილველ შემთხვევაში დაკმაყოფილებულია პირველი ტესტი: ამოწურული იქნა ყველა გონივრული შესაძლებლობა არასრულწლოვანი მოწმეების წარმოდგენის. სახელმწიფო ბრალმდებელმა 2018 წლის 22 აგვისტოს, 27 აგვისტოს, 20 სექტემბერს და 25 სექტემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომებზე არასრულწლოვანი მოწმეების მშობლის - დედის მ------ მ----–--ის ინფორმირებით, მოიწვია არასრულწლოვანი მოწმები (იხ. მ------ მ----–--ესთან გასაუბრების ოქმი), ამის მიუხედავად, მშობელმა არ უზრუნველყო არასრულწლოვნების გამოცხადება სასამართლო სხდომაზე, რაც გახდა საფუძველი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნების. მოწმეების სასამართლო სხდომაზე წარმოდგენის ყველა გონივრული შესაძლებლობის ამოწურვაზე მიუთითებდა ის გარემოებაც, რომ გამოკითხვის ოქმების გამოქვეყნება განხორციელდა ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის ბოლო სხდომაზე. რაც შეეხება მეორე ტესტს, თუ რამდენად არის ხსენებულ მოწმეთა ჩვენებები ერთადერთი და გადამწყვეტი, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებში გაჟღერებული ინფორმაცია არ არის ერთადერთი და გადამწყვეტი, თ-------- ქ----–---–ის ბრალეულობა დასტურდება სხვა წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებებითაც, კერძოდ, თ----- ხ----ის და ნ----ა ნ--------–---–ის ჩვენებებით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შესამოწმებელი პირის მიერ ექსპერტისთვის მიწოდებული ინფორმაციით, რომლის თანახმად, შესამოწმებელი პირის გადმოცემით, 28.03.2018 წ. მეუღლემ დაარტყა გაშლილი ხელი სახეში, ექსპერტის ჩვენებით, ინფორმაციით, რომლის მიხედვითაც, პოლიციის განყოფილებაში ძალადობის შესახებ შეტყობინების ინიციატორი იყო თავად მსხვერპლი. შემაკავებელი ორდერებით გამოიკვეთა მოძალადის პორტრეტი, რომელიც წლების განმავლობაში ფსიქოლოგიურად ძალადობდა მსხვერპლზე - მ------ მ----–--ეზე და ძალადობის ჩადენის დროს იმყოფებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში. რაც შეეხება მესამე ტესტს, დაცვის მხარეს მიეცა გონივრული შესაძლებლობა, გამოქვეყნებული ჩვენებების საპირწონედ, ზეპირად და უშუალოდ, ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში დაეკითხა საქმისთვის მნიშვნელოვანი სხვა მოწმეები, მონაწილეობა მიეღო ბრალდების მხარის წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევაში, მიეცა შესაძლებლობა გაებათილებინა ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
2.15.ბრალდებულმა თ-------- ქ----–---–მა ჩვენებაში გამორიცხა მისი მხრიდან ფიზიკური ძალადობის ჩადენის ფაქტი და განმარტა, რომ მეუღლეს მხოლოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. სასამართლო ხაზს უსვამს, რომ არაფერი მიუთითებს ბრალდებულის ჩვენების სარწმუნოობაზე და მისი ეს პოზიცია არის პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მცდელობა.
2.16.სასამართლო ვერ განიხილავს თ-------- ქ----–---–ის ბრალეულობის გამომრიცხველ გარემოებად იმ ფაქტს, რომ მსხვერპლს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად არ აღენიშნება დაზიანება. დაზარალებულის სახეზე დაზიანების არარსებობა არ გამორიცხავს ბრალდებულის მხრიდან ძალადობის ჩადენის ფაქტს. ზოგადად ძალადობის ფაქტი შეიძლება დადგინდეს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, თუმცა ასეთის არ არსებობა, როცა ამის საპირწონედ სხვა მტკიცებულებები არსებობს, არ იწვევს მოძალადის გამართლებას. ძალადობის ფაქტი ყოველ ინდივიდუალურ საქმეში შეიძლება დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებით, მსხვერპლისა და მოწმეთა ჩვენებებით ან/და წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებით. გარდა ამისა, განსახილველ შემთხვევაში დაზიანების კვალის არარსებობა გამოწვეულია ობიექტური მიზეზით, მოძალადემ მსხვერპლს ერთხელ დაარტყა გაშლილი ხელი სახის არეში, ძალადობის ეს ხერხი მექანიკური დაზიანების კვალს ობიექტურად ვერ დატოვებდა. ის რომ დაზარალებულს სახეზე დარტყმის შედეგად ჰქონდა სიწითლე დადასტურდა გამომძიებლის თ----- ხ----ის ჩვენებით, აღნიშნული მოწმის ჩვენებით ასევე დადასტურდა, რომ მსხვერპლის გადმოცემით, სახეზე სიწითლე გამოწვეული იყო ძალადობით. გარდა ამისა, ხელის დარტყმის ეპიზოდი თვითმხილველმა მოწმეებმა კ------------- ჩ------ემ და ს-------- ჩ------ემ დეტალურად აღწერეს მათი გამოკითხვის ოქმებში.
2.17.სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილში კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა, რაც გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ. ობიექტური მხრივ ძალადობა გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ესე იგი ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. ასევე აუცილებელია ქმედება ჩადენილი იყოს ოჯახში, მსხვერპლიც და მოძალადეც უნდა იყვნენ ერთი ოჯახის წევრები. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურდა ძალადობის მატერიალური ფაქტი, ასევე დადგენილ იქნა რომ ძალადობა ჩადენილი იყო ოჯახის წევრის მეუღლის მიმართ და ძალადობის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა წარდგენილი ბრალდების მაკვალიცირებელი გარემოება, ოჯახში ძალადობის ჩადენა არასრულწლოვნების თანდასწრებით.
2.18. სასამართლო განმარტავს რომ, საქართველოს კონსტიტუციის მე-15 მუხლით აღიარებული სიცოცხლის ძირითადი უფლება საფუძვლად უდევს ადამიანის ფიზიკური ხელშეუვალობის უფლებას, ფიზიკური ხელშეუხებლობის უფლება კი წარმოადგენს ადამიანის უფლებას საკუთარი სხეულის ჯანმრთელ მდგომარეობაზე. იგი დამცავი უფლებაა და უპირველესყოვლისა იცავს ადამიანის სხეულს ფიზიკური დაზიანებისაგან, შესაბამისად მისი ხელყოფა სამართლებრივი შეფასების გარეშე არ უნდა დარჩეს. საქართველოს პარლამენტის 2017 წლის 5 აპრილის დადგენილებით რატიფიცირებულ იქნა ევროპის საბჭოს კონვენცია ,,ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ’’, რომელიც მიზნად ისახავს ქალების დაცვას ყველა ფორმის ძალადობისგან. კონვენცია აღიარებს ქალთა მიმართ ძალადობის, როგორც გენდერული ნიშნით განხორციელებული ძალადობის სტრუქტურულ ბუნებას და იმას, რომ ქალთა მიმართ ძალადობა არის ერთ-ერთი ის მთავარი სოციალური მექანიზმი, რომლის საშუალებითაც ქალები იძულებულნი არიან, დაიკავონ მამაკაცებთან შედარებით დაქვემდებარებული მდგომარეობა. დასახელებული კონვენციის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიზნებიდან გამომდინარე „ქალთა მიმართ ძალადობა“ აღიქმება, როგორც ადამიანის უფლებების დარღვევა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ერთ-ერთი ფორმა და გულისხმობს გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ყველა იმ აქტს, რომლებსაც შედეგად მოჰყვება ან შეიძლება მოჰყვეს ქალებისთვის ფიზიკური, სექსუალური, ფსიქოლოგიური ან ეკონომიკური ზიანის ან ტანჯვის მიყენება, მათ შორის, ასეთი აქტების ჩადენის მუქარა, იძულება ან თავისუფლების თვითნებური აღკვეთა, იმის მიუხედავად, თუ სად ხდება ეს – საზოგადოებრივ თუ პირად ცხოვრებაში. კონვენციის ხელშემკვრელი სახელმწიფოები, მათ შორის საქართველო იღებს ვალდებულებას დაიცვას ქალები ძალადობის ყველა ფორმისაგან და აღკვეთოს, სისხლისსამართლებრივად დევნოს და აღმოფხვრას ძალადობა ქალების მიმართ და ოჯახში ძალადობა. ხელი შეუწყოს ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრას და ქალებსა და მამაკაცებს შორის რეალური თანასწორუფლებიანობის ჩამოყალიბებას, მათ შორის, ქალებისთვის მეტი შესაძლებლობების მიცემის გზით.
განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება
2.19. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეები შეთანხმდნენ საქართველოს სსკ-ის 2381 პირველი ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.
2.20. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება სსკ-ის 2381 პირველი ნაწილის ეპიზოდში საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
2.21.თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–ის განაჩენით თ-------- ქ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2.22. თბილისის პრობაციის ბიუროს წერილის და 2016 წლის 2--------–ის განაჩენის მიხედვით, გამოსაცდელი ვადის დასასრული არის 22.04.2018 წელი.
2.23. უდავო მტკიცებულებით პირის ზედაპირული შემოწმების ოქმით დასტურდება, რომ ნასამართლობის გაქარწყლებამდე, 2018 წლის 8 თებერვალს, თ-------- ქ----–---–ი გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის ტარებაში. თ-------- ქ----–---–ს ქურთუკის შიდა ჯიბეში აღმოაჩნდა დანა.
2.24.ნივთის ფლობის შეზღუდვის ოქმით, თ-------- ქ----–---–ს შეეზღუდა ცივი იარაღის - დანის ტარება.
2.25. ცივი იარაღის ექსპერტიზის #1---–- დასკვნით, ექსპერტიზაზე წარდგენილი დანა დამზადებულია ქარხნული წესით, არის მჭრელი და მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2.26. უდავო მტკიცებულებებით, პოლიციის თანამშრომლების - მოწმეების მ------ ს-----ის და დ----------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით დადგინდა, რომ 2018 წლის 8 თებერვალს, თ-------- ქ----–---–ს ჩაუტარეს ზედაპირული გასინჯვა, რა დროსაც ქურთუკის ჯიბიდან ამოღებულ იქნა დანა, აღნიშნულის საფუძველზე შედგენილ იქნა ზედაპირული შემოწმების და ნივთის ფაქტობრივი ფლობის შეზღუდვის ოქმები.
2.27. ბრალდებულმა ჩვენებაში დაადასტურა მისი მხრიდან ცივი იარაღის ტარების ფაქტი.
2.28. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში კრიმინალიზებულია განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ცივი იარაღის (დანა) ტარებაში, თუკი პირი ნასამართლევია ნაკლებად მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის. ანუ, აუცილებელია, ცივი იარაღის ტარებას წინ უსწრებდეს პრეიუდიცია - განაჩენი განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის. მოცემულ შემთხვევაში, თ-------- ქ----–---–ი იყო რა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირი, 2018 წლის 8 თებერვალს გამოვლენილი იქნა ცივი იარაღის - დანის ტარების ფაქტზე, აღნიშნული კი იძლევა საქართველოს სსკ-ის 2381-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ, მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შემადგენლობას.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
3.2. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. სასამართლომ მტკიცებულებების ერთიანი ანალიზის საფუძველზე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულად ჩათვალა, რომ თ-------- ქ----–---–მა 2018 წლის 28 მარტს ჩაიდინა ოჯახში ძალადობა, მსხვერპლის მ------ მ----–--ის არასრულწლოვანი შვილების კ------------- და ს-------- ჩ------ეების თანდასწრებით. ბრალდებულის მიერ ასევე ჩადენილი იქნა განზრახი ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
3.3. სასამართლოს შეფასებით ბრალდების კვალიფიკაცია არის სწორი, აღნიშნულიდან გამომდინარე თ-------- ქ----–---–ი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და სსკ-ის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. თ-------- ქ----–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ნაწილობრივ შემამსუბუქებელი გარემოებაა ცივი იარაღის ტარების ეპიზოდში დანაშაულის აღიარება, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ეპიზოდთა სიმრავლე, რეციდივი, ძალადობის ჩადენა არაფხიზელ მდგომარეობაში და გამოსაცდელი ვადის პერიოდში.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას.
5.2. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური, და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის კონკრეტული სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ბრალდებულის პიროვნებაზე და ითვალისწინებს რა, რომ თ-------- ქ----–---–ი წარსულში ნასამართლევია განზრახი - საკუთრების და ადამიანის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის მკვლელობის მცდელობის ჩადენისათვის (სსკ-ის 19-108-ე მუხლით მსჯავრდებას სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლის და არა რეციდივის კონტექსტში, ვინაიდან ქმედება ჩადენილი იყო 18 წლამდე ასაკში), მიუხედავად მის მიმართ სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი ლმობიერებისა, რაც გამოიხატა სასჯელის სახით განსაზღვრული თავისუფლების აღკვეთის პირობით მსჯავრად ჩათვლაში (სსკ-ის 177-ე მუხლი), გამოსაცდელ ვადაში ბრალდებულმა კვლავ ჩაიდინა ორი ახალი განზრახი დანაშაული. ასევე სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ძალადობა ჩადენილი იქნა ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ ორი არასრულწლოვნის თანდასწრებით და რაც ასევე არსებითია, 2018 წლის 28 მარტის ეპიზოდი არ ყოფილა ოჯახში ძალადობის პირველი ფაქტი, წარსულში მ------ მ----–--ეზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობის გამო, თ-------- ქ----–---–ის მიმართ არაერთხელ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერები. დანაშაულის პრევენციისთვის გათვლილი არაერთი შემზღუდველი ღონისძიება არ აღმოჩნდა ბრალდებულისთვის დამაფიქრებელი, ამ ღონისძიებების მიუხედავად თ-------- ქ----–---–მა ჩაიდინა არაერთი განზრახი დანაშაული. სასამართლოს შეფასებით მსხვერპლისგან იზოლაციით (თავისუფლების აღკვეთით) უნდა მოხდეს მოძალადის ქმედებების შეკავება და დამნაშავის სამომავლო დანაშაულებრივ ქმედებათა პრევენცია.
5.3. სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს სხვა დამამძიმებელ გარემოებასაც, როგორიცაა დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. საქმის მასალებით დადგინდა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–ის განაჩენით თ-------- ქ----–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით 2 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, პირობით მსჯავრდებულის მიმართ ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ. თ-------- ქ----–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენის მომენტისთვის - 2018 წლის 8 თებერვალს და 28 მარტს, წინა განაჩენით დანიშნული გამოსაცდელი ვადა გასული არ იყო, შესაბამისად იგი ითვლება ნასამართლევ პირად, რის გამოც სახეზეა დანაშაულის რეციდივი.
5.4. პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ თ-------- ქ----–---–ისთვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და 2381 მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის, შინაპატიმრობის ან ჯარიმის გამოყენება იქნება ზედმეტად ლმობიერი სასჯელი, რადგან თ-------- ქ----–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებებიდან გამომდინარე, ჯარიმა, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა ან შინაპატიმრობა ვერ შეძლებს მიაღწიოს სამართლიანობის აღდგენის მიზანს. რაც შეეხება ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას, როგორც უკვე აღინიშნა, დანაშაულის სიმრავლიდან და ადმინისტრაციული ღონისძიებებიდან და პირობითი მსჯავრიდან გამომდინარე, რომელიც წინ უძღოდა ამ საქმეში განსახილველ დანაშაულებს, მსუბუქი სასჯელის გამოყენება ვერ გამორიცხავს თ. ქ----–---–ის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკს და ვერ იქნება დამაფიქრებელი მსჯავრდებულისთვის, გააცნობიეროს თავისი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა და დანაშაულებრივი ქმედების სიმძიმე.
5.5. სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ გაითვალისწინა ცალკეული შემთხვევები, როგორიცაა ახალი დანაშაულის აცილება, როგორც ზოგადი და კერძო პრევენცია, რაც ემსახურება ოჯახში ძალადობის აღკვეთას. კერძო პრევენციის მიზანი მიიღწევა მსჯავრდებულზე სასჯელის ზემოქმედებით, რათა მსჯავრდებულმა მომავალში აღარ ჩაიდინოს იდენტური დანაშაული, ზოგადი პრევენცია როგორც წესი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ თუ ასეთ დანაშაულს ჩაიდენენ, მათ მიმართაც მკაცრი მიდგომა იქნება გამოყენებული.
5.6.სასჯელის მიზნების უზრუნველყოფის, ბრალდებულის პიროვნების და წარსულის, ასევე ჩადენილი დანაშაულის სიმრავლის გათვალისწინებით აუცილებელია თ-------- ქ----–---–ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა. სასამართლოს შეფასებით, ზომიერად მკაცრმა სასჯელმა ხელი უნდა შეუწყოს მომავალში თ-------- ქ----–---–ის სათანადო ქცევას, რათა მოძალადისა და მსხვერპლის ურთიერთობიდან გამომდინარე (მეუღლეები) მომავალშიც არ გაგრძელდეს მეუღლის მიმართ ძალადობა და მსჯავრდებულმა მოახდინოს ახალი სოციალური ღირებულებების გათავისება, მისი ქმედებების კორექტირება და თვითშეგნების ამაღლება.
5.7. სასამართლო ასევე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ დანაშაულის ჩადენის დროს თ-------- ქ----–---–ი იყო პრობაციონერი, რის გამოც საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, უნდა გაუქმდეს პირობითი მსჯავრი და მსჯავრდებულს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. თ-------- ქ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
2. თ-------- ქ----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.
3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დანიშნულ სასჯელს 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთას დაემატოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381 მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელი 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთა და თ-------- ქ----–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით.
4.საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 2--------–ის განაჩენით დანიშნული 2 (ორი) წლით პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა 2(ორი) წლით და 6 (ექვსი) თვით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და თ-------- ქ----–---–ს საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის და 6 (ევქსი) თვის ვადით.
5. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 30 მარტის განჩინებით თ-------- ქ----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა და მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 29 მარტიდან.
6. ნივთიერი მტკიცებულება:
დანა - განადგურდეს.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე
8. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ხ.ხარჩილავა