გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/26154-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე
სხდომის მდივანი - დალი მახაური
მოსარჩელე - დი----------–---–ი
წარმომადგენლები - ნა---–-------–---–ი, ნუ----------–---–ი
მოპასუხეები - მზ-------------ე, სა-------------ე (არასრულწლოვანი)
სა-------------ის კანონიერი წარმომადგენელი - მა----------–-–---–ი
მზ-------------ის წარმომადგენლები - ამ------------–---–ი, ლა–--------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - მზ-------------ესა და სა-------------ეს დი----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროთ ზიანის ანაზღაურების მიზნით - 19 405 ლარის გადახდა.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 30 იანვარს ქ. თბ--–--–-----–---–--------------ში მდებარე მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლს წაეკიდა ცეცხლი და მთლიანად დაიწვა. ხანძრის გაჩენის მიზეზი იყო შემდეგი გარემოება: აღნიშნული სახლის მეზობლად, იგივე ქუჩაზე №8ა-ში ცხოვრობდა აწ გარდაცვლილი ვა-----------------ე, რომელიც ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელებს და ყოველდღიურად იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში. მოსარჩელისა და ვა-----------------ის კუთვნილი სახლები მდებარეობს ერთმანეთთან ახლოს, ხოლო მიწის ნაკვეთები მომიჯნავედ, რომლებიც დღესაც ფაქტობრივად არ არის გამიჯნული სპეციალური ღობით. 2017 წლის 30 იანვარს მთვრალ მდგომარეობაში მყოფ ვა-----------------ეს ჩაეძინა თავის საცხოვრებელ სახლში და ჩაუმქრალი სიგარეტით მის სახლს წაეკიდა ცეცხლი, რომელიც მოსარჩელის სახლზეც გადავიდა სახურავიდან. თვითონ ვა-----------------ე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. მოსარჩელეს კი ხანძრის შედეგად დაეწვა და გაუნადგურდა როგორც სახლი, ასევე ავეჯი, პირადი ნივთები და სხვა ყველა მოძრავი ნივთი, რაც კი ოჯახში ჰქონდათ. მოსარჩელე ქმარ-შვილთან, მამიდის ოჯახთან და ინვალიდ ბიძასთან ერთად დარჩა ღია ცის ქვეშ. ამჟამად საცხოვრებელი არ გააჩნიათ და ცხოვრობენ ქირით.
ვა-----------------ის სამკვიდროზე ნოტარიუსის მიერ გაცემულია სამკვიდრო მოწმობა ვა-----------------ის პირველი რიგის მემკვიდრეებზე: დედაზე - მზ-------------ეზე და არასრულწლოვან შვილზე - სა-------------ეზე, რომლის კანონიერი წარმომადგენელია დედა - მა----------–-–---–ი.
ხანძრის შედეგად მოსარჩელის მთლიანი ფართი გამოუსადეგარი გახდა საცხოვრებლად. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, საერთო ზიანის ოდენობა განისაზღვრა - 19 405 ლარით, რომლის ანაზღაურებაც უნდა დაეკისროთ ვა-----------------ის მემკვიდრეებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ 2017 წელს ვა-----------------ე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა ქ. თბ--–--–---–---–--------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში. არც ერთი გარემოებით არ დგინდება, რომ ხანძრის გაჩენაში ბრალი მიუძღვის ვა-----------------ეს. ხანძრის გაჩენის დროს ის ნასვამი არ ყოფილა. იგი არ სვამდა, რადგან მკურნალობდა ღვიძლზე. ამასთან, მოსარჩელის საცხოვრებელი ბინა არ დამწვარა მთლიანად, არამედ დაუზიანდა მხოლოდ ჭერი და ერთი კედელი.
რაც შეეხება ზიანის ოდენობას, მოპასუხის განმარტებით, სარჩელში მითითებული ზიანის ოდენობა არარეალური და შეუსაბამოა. ექსპერტიზის დასკვნა აბსულუტურად არ შეესაბამება სადავო საკითხს - ზიანის მიყენებით გამოწვეული ნივთის აღდგენას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. უძრავი ქონება, მდებარე: ქალაქი თბ--–-------–---–-------------–---------------, ს/კ 01.17.12.0--.0--, წარმოადგენს მოსარჩელე დი----------–---–ის საკუთრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 21-22);
3.1.2. უძრავი ქონება, მდებარე: ქა-–---------–------------–---–-------------ა, ს/კ 01.17.12.0--.0--, დღეის მდგომარეობით წარმოადგენს მოპასუხეების - მზ-------------ისა და სა-------------ის საკუთრებას. მანამდე, აღნიშნული უძრავი ქონების მესაკუთრე იყო ვა-----------------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 17-20);
3.1.3. მზ-------------ე და სა-------------ე წარმოადგენენ ვა-----------------ის პირველი რიგის მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს მამკვიდრებლის - ვა-----------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სამკვიდრო მოწმობა (იხ. ს.ფ. 29-31);
3.1.4. 2017 წლის 30 იანვარს, იმ დროისათვის ვა-----------------ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქა-–---------–------------–---–-------------ა, გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა აღნიშნული უძრავი ქონება. ხოლო, ვა-----------------ე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა.
ხანძარი, ასევე გავრცელდა აღნიშნული უძრავი ქონების მომიჯნავედ მდებარე, დი----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლზე, მდებარე: ქალაქი თბ--–-------–---–-------------–---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ. თბილისის საგანგებო სიტუაციების მართვის მთავარი სამმართველოს 02.02.2017წ. ცნობა (იხ. ს.ფ. 24);
- ი.მ. დამოუკიდებელი ექსპერტის, აუდიტორი „და--------------ის“ ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 25-28);
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები (იხ. ს.ფ. 1-5-121; 179-181; 193-195);
- დათვალიერების ოქმები (იხ. ს.ფ. 123-128; 134-139);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ. ს.ფ. 141-161);
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნები (იხ. ს.ფ. 16--178; 186-192);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. ი.მ დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი „და--------------ის“ 2017 წლის 02 სექტემბრის №01-/5-1 დ.რ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ქალაქ თბ--–--–----------–---–----------ში მოქ. დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ფართები დღეისათვის იმყოფება გამოუსადეგარ მდგომარეობაში მისი ხანძრისა და ხანძრის ჩაქრობისას წყლის ჩადინების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო და ქონების მესაკუთრისათვის მიყენებული საერთო ზარალის ოდენობა სავარაუდოდ განისაზღვრება - 19 405 ლარით.
ექსპერტიზის დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა დი----------–---–ის სახლის სახურავი. ამასთან, სახანძრო სამაშველო სამსახურის მოსვლის შედეგად, ცეცხლის ჩაქრობის მომენტში მოხდა წყლის ჩადინება საცხოვრებელი სახლის შიდა ფართებში და დაზიანდა სახლის როგორც ჭერი, ასევე კედლები და იატაკი. შესაბამისად, სახლი უსახურაობისა და შიგა ფართების მდგომარეობის გამო მთლიანად გამოუსადეგარი გახდა. ამდენად, დი----------–---–ისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრება მისი საცხოვრებელი სახლის დაუზიანებელ მდგომარეობამდე მიყვანისათვის (აღდგენისათვის) გასაწევი ხარჯის ოდენობით.
დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლის იატაკი ძირითადად არის ე.წ. „დსპ“, ჭერი კი ფანერა და წყლის ჩადინების შედეგად გამოუსადეგარი გახდა როგორც ფანერა და ზედ არსებული საფარი, ასევე იატაკი. წყლის ჩადინებისას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მომხდარია სახლის ერთი კედლის საძირკვლის ჯდომა და შესაბამისად დეფორმირებულია ერთი კედელი (სახლი ხანდაზმულია და როგორც ჩანს არ ჰქონდა რკინა-ბეტონის სარტყელი და საძირკველი). დი----------–---–ის სახლის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭიროა მოხდეს სახურავის დამწვარი ელემენტებისა და მთლიანად სახურავის (ჭერიანად) დემონტაჟი. ასევე უნდა მოხდეს ხსენებული კედლის დემონტაჟი. შემდეგ გაკეთდეს საძირკველი, ამოვიდეს კედელი და ის ერთიანად უნდა შეიკრას სხვა კედლებთან ერთად რკინა-ბეტონის სარტყელით. უნდა მოიხსნას იატაკი და კოჭები და ახლიდან მოეწყოს როგორც იატაკი, ასევე ჭერი და მთლიანად სახურავი. ამასთან ერთად კედლებიდან ჩამოიფხიკოს დაზიანებული საფარი და გაკეთდეს ახალი, კედლების დამუშავების შემდეგ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი.მ. დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი „და--------------ის“ 02.09.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 25-28);
3.1.6. დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმების თანახმად:
მოწმე თე----------------–---–ი: მეუღლესთან დაშორების შემდგომ, ვა-----------------ეს თითქოს აერია ცხოვრება და ხშირად იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს, რის შედეგადაც საკუთარ თავს ვერ უწევდა კონტროლს. ყოფილა შემთხვევები, როდესაც იგი ვა-----------------ესთან სახლში ასულა და უნახავს, რომ იგი ჩაძინებული ყოფილა, ხოლო სიგარეტის ნამწვავები, ე.წ. ბიჩოკები“ იქვე საწოლთან ყოფილა დაყრილი. ნამწვავისათვის შეუტყვია, რომ თავისით იყო ჩამქრალი იატაკზე დაგდების შედეგად. ვა-----------------ე ზამთრის პერიოდში თბებოდა იატაკზე დასადგამი, მცირე ზომის, ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლის საშუალებით. თე----------------–---–ის მოსაზრებით, ხანძარი სავარაუდოდ გამოიწვია ჩაძინებულზე სიგარეტის ჩაწვამ ან გამათბობელმა, რომელსაც ჰქონდა ღია ცეცხლი და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი გადაეტანა ახლოს განთავსებულ ავეჯზე ან ტანსაცმელზე.
მოწმე ლე--------------ე: ვა-----------------ის გარდაცვალება იყო უბედური შემთხვევა, რაც გამოიწვია სახლში ხანძრის გაჩენამ. ხანძარი შესაძლებელია გაჩენილიყო გაზის გამათბობლით, ან სიგარეტის ნამწვით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები (იხ. ს.ფ. 1-5-121);
3.1.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის №000551517 დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვა-----------------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 4.85% ეთილის სპირტი. სისხლში არ აღმოჩნდა მეთილის, იზოპროპილის სპირტები. სისხლში და შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები. შინაგან ორგანოებში არ აღმოჩნდა ციანწყალბადმჟავა და მისი მარილები. სისხლში აღმოჩნდა კარბოქსიჰემოგლობილი 21.03%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 29.1-.2017წ. დასკვნა (იხ. ს.ფ. 141-161);
3.1.8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2017 წლის 13 აპრილის №6- ს/ტ, №3--/ქრ ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე არსებული თერმული ზემოქმედების შესწავლის საფუძველზე, ხანძრის გაჩენის კერის ზონის ნიშნები დადგინდა საძინებელ ოთახში შესასვლელი კარის ღიობიდან მარჯვენა მხარეს საწოლის განთავსების ზონაში.
შემთხვევის ადგილის, ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი მასალის, დათვალიერება-გამოკვლევისა და წარდგენილი სსს მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი შესაძლო მიზეზია მცირე კალორიული, ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან (სიგარეტის ნამწვი, გამათბობელი).
ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილ პოლიეთილენის პაკეტში არსებულ ნამწვის ნიმუშზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი. ექსპერტიზაზე აღდგენილ ელექტროსადენებზე არ დაფიქსირდა მოკლე ჩართვის კვალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 13.04.2017წ. ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 16--178);
3.1.9. შემთხვევის ადგილის 30.01.2017წ. დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ. თბ--–--–---–---–-------–------------ში, სადაც შემოღობილ ეზოში დგას კერძო ტიპის სახლები. რკინის ჭიშკრით შევდივართ ვიწრო ეზოში, სადაც ხელმარცხნივ დგას ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც ვიზუალურად ხანძრის კვალი არ აღენიშნება. ეზოს ბოლოში დგას სახლი, რომელიც მთლიანად დამწვარია. ხოლო, აღნიშნული სახლის გვერდით, მიბჯენით დგას ერთ სართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის სახურავი არის ნაწილობრივ დამწვარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 30.01.2017წ. დათვალიერების ოქმი (იხ. ს.ფ. 123-128);
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში, სე-----–---–---------------ში მომხდარი ხანძარი გამოწვეულ იქნა, ხანძრის დროს გარდაცვლილი, ვა-----------------ის ბრალით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.
მტკიცების ტვირთის ზემოთ აღნიშნული პრინციპის თანახმად, დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების არსებობისას, ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია, ხოლო აღნიშნულ ზიანში ბრალის არ არსებობის მტკიცების ტვირთი, კი მოპასუხე მხარეს ეკისრება.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ ქ. თბ--–--–----------–---–--ის ქუჩა №8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში 2017 წლის 30 იანვარს მომხდარი ხანძარი გამოწვეულ იქნა ხანძრის დროს გარდაცვლილი ვა-----------------ის ბრალით. კერძოდ, აღნიშნულ დღეს ნასვამ მდგომარეობაში მყოფ ვა-----------------ეს ჩაეძინა და ჩაუმქრალი სიგარეტის შედეგად მის სახლში გაჩნდა ხანძარი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს მე-3 განყოფილებიდან გამოთხოვილ იქნა ხანძართან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. ისანი-სამგორის სამმართველოს პოლიციის მე-3 განყოფილებიდან გადმოგზავნილი საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 13.04.2017წ. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილზე არსებული თერმული ზემოქმედების შესწავლის საფუძველზე ხანძრის გაჩენის კერის ზონის ნიშნები დადგინდა საძინებელ ოთახში შესასვლელი კარის ღიობიდან მარჯვენა მხარეს საწოლის განთავსების ზონაში. ამასთან, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ვა-----------------ე ხანძრის გაჩენის დროს იმყოფებოდა სახლში, იგი დაიღუპა ხანძრის შედეგად და მისი გვამი აღმოჩენილ იქნა სწორედ საძინებელ ოთახში.
დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ შემთხვევის ადგილის, ექსპერტიზაზე წარდგენილი საკვლევი მასალის, დათვალიერება-გამოკვლევისა და წარდგენილი სსს მასალების შესწავლის საფუძველზე დადგინდა, რომ ხანძრის გამომწვევი შესაძლო მიზეზია მცირე კალორიული, ან ღია ცეცხლის წყაროს კონტაქტი წვად მასალასთან (სიგარეტის ნამწვი, გამათბობელი). ქიმიური მეთოდებით ჩატარებული კვლევების შედეგად, კი დადგინდა, რომ ექსპერტიზაზე საკვლევად წარდგენილ პოლიეთილენის პაკეტში არსებულ ნამწვის ნიმუშზე არ აღინიშნება ნავთობპროდუქტების კვალი, ხოლო ექსპერტიზაზე წარდგენილ ელექტროსადენებზე არ დაფიქსირდა მოკლე ჩართვის კვალი.
აღნიშნულის გარდა, ასევე წარმოდგენილ იქნა დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები. სადაც მოწმე თე----------------–---–ი, რომელიც არის მოსარჩელე დი----------–---–ის მეუღლე და ცხოვრობს ქ. თბ--–--–------–---–--------------ში, განმარტავს, რომ ვა-----------------ე ხშირად იღებდა დიდი რაოდენობით ალკოჰოლურ სასმელს. ამასთან ყოფილა შემთხვევები, რომ მასთან მისულს ვა-----------------ე ჩაძინებული დახვედრია, ხოლო სიგარეტის ნამწვავი ე.წ. „ბიჩოკები“ იქვე საწოლთან ყოფილა დაყრილი. ამასთან, ნამწვავისათვის შეუტყვია, რომ თავისით იყო ჩამქვრალი იატაკზე დაგდების შედეგად. თე----------------–---–ი, ასევე განმარტავს, რომ ზამთრის პერიოდში ვა-----------------ე სახლში თბებოდა იატაკზე დასადგამი, მცირე ზომის, ბუნებრივ აირზე მომუშავე გამათბობლის საშუალებით. შესაბამისად, მისი მოსაზრებით, ხანძარი გამოიწვია ჩაძინებულზე სიგარეტის ნამწვავმა, ან გამათბობელმა, რომელსაც ჰქონდა ღია ცეცხლი და ადვილი შესაძლებელი იყო ცეცხლი გადაეტანა ახლოს განთავსებულ ავეჯზე ან ტანსაცმელზე.
ასევე, მოწმე ლე--------------ე, რომელიც არის ვა-----------------ის ბიძაშვილი, გამოკითხვისას განმარტავს, რომ შესაძლებელია ხანძარი გაჩენილიყო გაზის გამათბობლით ან სიგარეტის ნამწვით.
ზემოთ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, ასევე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა კა--------------–---–მა.
ამასთან, სისხლის სამართლის საქმეში არსებული ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 29 ნოემბრის დასკვნის თანახმად, ქიმიურ-ტოქსიკოლოგიურ ექსპერტიზაზე წარდგენილ ვა-----------------ის გვამიდან აღებულ სისხლში აღმოჩნდა 4.85% ეთილის სპირტი.
სასამართლო განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის, ან არარსებობის შესახებ. ამდენად, სასამართლო სადავო გარემოებათა არსებობა-არარსებობის დადგენისას ინდივიდუალურად და ერთობლიობაში აფასებს საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რის შედეგად აყალიბებს თავის შინაგან რწმენას გამოსაკვლევი საკითხის მიმართ. შინაგანი რწმენის ჩამოყალიბება მოსამართლის მიერ ხდება არა სუბიექტურად, არამედ ობიექტური მიუკერძოებლობის კონტექსტში შესწავლილი მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.
ამდენად, ზემოთ აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობაში შესწავლა-გამოკვლევისა და მათი ურთიერთშეჯერების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქ. თბ--–--–----------–---–--ის №8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი გამოწვეულ იქნა ვა-----------------ის ბრალით.
ეს გარემოება სადავოდ არის გამხდარი მოპასუხის მიერ, თუმცა მას აღნიშნულის საწინააღმდეგო სათანადო და კვალიფიციური მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მისი მოსაზრება გარდა მოპასუხის ახსნა-განმარტებისა და მოწმის ჩვენებისა, სარწმუნოდ არ არის გამყარებული სხვა უკეთესი მტკიცებულებით, რის გამოც სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას ხანძრის გაჩენაში ვა-----------------ის ბრალის არ არსებობასთან დაკავშირებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დადასტურება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დაზარალებულის/მოწმის გამოკითხვის ოქმები (იხ. ს.ფ. 1-5-121);
- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა (იხ. ს.ფ. 141-161);
- საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტიზის დასკვნა (იხ. ს.ფ. 16--178);
- მოწმის ჩვენება (იხ. 15.10.2018წ. სხდომის ოქმი);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქ. თბ--–--–----------–---–--ის №8-ში მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, დი----------–---–ის კუთვნილი უძრავი ქონებისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს - 19 405 ლარს. (სამართლებრივი დასაბუთება იხილეთ გადაწყვეტილების მე-6 პუნქტში).
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების შეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი----------–---–ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 992-ე მუხლებით
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის თანახმად, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან: პირველ რიგში – გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). ამავე კოდექსი 1328-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივ უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1484-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მემკვიდრეები ვალდებულნი არიან მთლიანად დააკმაყოფილონ მამკვიდრებლის კრედიტორთა ინტერესები, მაგრამ მიღებული აქტივის ფარგლებში თითოეულის წილის პროპორციულად. ამდენად, აღნიშნული ნორმა ადგენს მემკვიდრეთა პასუხისმგებლობას კრედიტორების წინაშე.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხეები - მზ-------------ე და სა-------------ე არიან მსესხებლის პირველი რიგის მემკვიდრეები. კერძოდ, მზ-------------ე არის გარდაცვლილი ვა-----------------ის დედა, ხოლო სა-------------ე შვილი. რომლებმაც კანონით დადგენილი წესით მიიღეს მამკვიდრებლის - ვა-----------------ის დანაშთი სამკვიდრო ქონება. შესაბამისად, ისინი როგორც მამკვიდრებლის პირველი რიგის მემკვიდრეები, წარმოადგენენ მამკვიდრებლის, როგორც ქონებრივი უფლებების, ისე მოვალეობების უფლებამონაცვლეებს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან.
ამდენად, სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის ერთ-ერთ სახეს დელიქტური ვალდებულება წარმოადგენს. ამგვარი ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა შორის წარმოშობილი ვალდებულებითი ურთიერთობა - დელიქტური ვალდებულებითი ურთიერთობისათვის გათვალისწინებული წესებით უნდა მოწესრიგდეს.
6.3. სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს რომ სადავო ურთიერთობა წარმოადგენს ბრალეული დელიქტის შემთხვევას, რომელიც წესრიგდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ფარგლებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი, ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ამდენად, ნებისმიერმა პირმა უნდა აანაზღაუროს მის მიერ მიყენებული ზიანი. პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმა ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, კერძოდ, იმისათვის, რომ მხარეს დაეკისროს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ბრალი (განზრახვა ან გაუფრთხილებლობა), შედეგი - ზიანი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ნორმის შემადგენელ აღნიშნულ ელემენტთაგან თუნდაც ერთ-ერთის არარსებობა ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე უარის თქმის საფუძველია. ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.
დადგენილია, რომ 2017 წლის 30 იანვარს ქ. თბილისში, სე-----–---–---------------ში მდებარე საცხოვრებელ სახლში, რომელიც იმ დროისათვის წარმოადგენდა ვა-----------------ის საკუთრებას, გაჩნდა ხანძარი, რის შედეგადაც მთლიანად დაიწვა აღნიშნული უძრავი ქონება, ხოლო ვა-----------------ე ხანძრის შედეგად გარდაიცვალა. ხანძრის შედეგად, ასევე ცეცხლი გაუჩნდა მომიჯნავედ მდებარე დი----------–---–ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლის სახურავს, მდებარე: ქ. თბ--–-------–---–-------------–---------------. დადგენილია, ასევე, რომ ხანძარი გამოწვეულ იქნა ვა-----------------ის ბრალით.
ამდენად, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შემადგენელი ყველა ელემენტი. კერძოდ, სამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტის მართლსაწინააღმდეგო ქმედება - ხანძარი გაჩნდა ვა-----------------ის ბრალეული ქმედებით (გაუფრთხილებლობა), შედეგი - ხანძრის შედეგად დაზიანდა მოსარჩელე დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლი და მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის - დი----------–---–ის სახლის დაზიანება გამოწვეულ იქნა ვა-----------------ის ბრალეული ქმედებით გაჩენილი ხანძრის შედეგად.
შესაბამისად, ასევე სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობები.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ ანაზღაურებადი ზიანის ოდენობა განისაზღვრება დაზარალებულისათვის მიყენებული დანაკლისის და არა დამზიანებლის ბრალის ხარისხის მიხედვით. ზიანის ანაზღაურების მოცულობა დაზარალებულისათვის რეალურად მიყენებული ზიანით უნდა შემოიფარგლოს (ე. წ. გამდიდრების აკრძალვა). დაზარალებული ზიანის ანაზღაურების შემდეგ არ უნდა აღმოჩნდეს უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე იქნებოდა ზიანის მიყენების გარეშე.
მოსარჩელეს ზიანის ოდენობის - 19 405 ლარი, დასასაბუთებლად წარმოდგენილი აქვს ი.მ. დამოუკიდებელი ექსპერტი, აუდიტორი „და--------------ის“ ექსპერტიზის დასკვნა, რომლი თანახმად, ქალაქ თბ--–--–---–---–--------------ში მდებარე დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლო იმყოფება გამოუსადეგარ მდგომარეობაში ხანძრისა და ხანძრის ჩაქრობისას წყლის ჩადინების შედეგად მიყენებული დაზიანებების გამო და ქონების მესაკუთრისათვის მიყენებული საერთო ზარალის ოდენობა სავარაუდოდ განისაზღვრება - 19 405 ლარით.
ხანძრის შედეგად მთლიანად დაიწვა დი----------–---–ის სახლის სახურავი. ამასთან, სახანძრო სამაშველო სამსახურის მოსვლის შედეგად, ცეცხლის ჩაქრობის მომენტში მოხდა წყლის ჩადინება საცხოვრებელი სახლის შიდა ფართებში და დაზიანდა სახლის როგორც ჭერი, ასევე კედლები და იატაკი. შესაბამისად, სახლი უსახურაობისა და შიგა ფართების მდგომარეობის გამო მთლიანად გამოუსადეგარი გახდა. ამდენად, დი----------–---–ისათვის მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრება მისი საცხოვრებელი სახლის დაუზიანებელ მდგომარეობამდე მიყვანისათვის (აღდგენისათვის) გასაწევი ხარჯის ოდენობით.
დასკვნაში, ასევე მითითებულია, რომ დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლის იატაკი ძირითადად არის ე.წ. „დსპ“, ჭერი კი ფანერა და წყლის ჩადინების შედეგად გამოუსადეგარი გახდა, როგორც ფანერა და ზედ არსებული საფარი, ასევე იატაკი. წყლის ჩადინებისას და მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შედეგად მომხდარია სახლის ერთი კედლის საძირკვლის ჯდომა და შესაბამისად დეფორმირებულია ერთი კედელი (სახლი ხანდაზმულია და როგორც ჩანს არ ჰქონდა რკინა-ბეტონის სარტყელი და საძირკველი). დი----------–---–ის სახლის საცხოვრებლად ვარგის მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭიროა მოხდეს სახურავის დამწვარი ელემენტებისა და მთლიანად სახურავის (ჭერიანად) დემონტაჟი. ასევე უნდა მოხდეს ხსენებული კედლის დემონტაჟი. შემდეგ გაკეთდეს საძირკველი, ამოვიდეს კედელი და ის ერთიანად უნდა შეიკრას სხვა კედლებთან ერთად რკინა-ბეტონის სარტყელით. უნდა მოიხსნას იატაკი და კოჭები და ახლიდან მოეწყოს როგორც იატაკი, ასევე ჭერი და მთლიანად სახურავი. ამასთან ერთად კედლებიდან ჩამოიფხიკოს დაზიანებული საფარი და გაკეთდეს ახალი, კედლების დამუშავების შემდეგ.
აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო უპირველეს ყოვლის განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას (გამოსწორების ფუნქცია), რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ზიანი შეიძლება გამოიხატოს პირადი ქონების დაზიანებაში ან განადგურებაში, ანდა ისეთ ქმედებაში, როდესაც პირი კარგავს მის კუთვნილ ქონებას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს პრინციპს, რომლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით. ანაზღაურება შესაძლებელია, განხორციელდეს როგორც ფულადი, ისე სხვა ნებისმიერი ფორმით. ამ შემთხვევაში მთავარია, რომ დაზარალებული პირის ინტერესები სრული მოცულობით იყოს დაკმაყოფილებული.
განსახილველ შემთხვევაში, კონკრეტულად არ არის დადგენილი დი----------–---–ის საცხოვრებელი სახლის ფაქტობრივი მდგომარეობა ხანძრის გაჩენამდე. ამასთან, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ი.მ. „და--------------ის“ მიერ შედგენილ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ დი----------–---–ისადმი მიყენებული ზარალის ოდენობა განისაზღვრება მისი საცხოვრებელი სახლის დაუზიანებელ მდგომარეობამდე მიყვანისათვის (ადგენისათვის) გასაწევი ხარჯის ოდენობით, თუმცა არ არის დადგენილი რას გულისხმობს „დაუზიანებელი მდგომარეობა“. ამას გარდა, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებულია, რომ გამოსაკვლევი სახლი ხანდაზმულია და როგორც ჩანს არ ჰქონდა რკინა-ბეტონის სარტყელი და საძირკველი. ამავე დროს ექსპერტი მიუთითებს, რომ საცხოვრებელი სახლის ვარგის მდგომარეობამდე მიყვანისათვის საჭიროა გაკეთდეს საძირკველი, ამოვიდეს კედელი და ის ერთიანად შეიკრას სხვა კედლებთან ერთად რკინა ბეტონის სარტყელით. უნდა მოიხსნას იატაკი და კოჭები და ახლიდან მოეწყოს როგორც იატაკი, ასევე ჭერი და მთლიანად სახურავი. ამასთან ერთად კედლებიდან ჩამოიფხიკოს დაზიანებული საფარი და გაკეთდეს ახალი, კედლების დამუშავების შემდეგ.
ამდენად, ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებიდან დგინდება, რომ მასში აღწერილი სამუშაოები ემსახურება არა ხანძრამდე არსებული პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, არამედ სახლის ისეთ საცხოვრებელ კონდიციამდე მიყვანას, რაც რეალურად არ შეესაბამება დაზიანებული საცხოვრებელი სახლის ხანძრამდე არსებულ მდგომარეობას. შესაბამისად, სასამართლოს მოსაზრებით აღნიშნული გამოიწვევს არა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენას, არამედ დაზარალებულის გამდიდრებას დელიქტის ხარჯზე.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის დასაბუთებას ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით, ვინაიდან სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
დელიქტური ვალდებულებებიდან გამომდინარე მოთხოვნების არსებობისას, ზიანის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს აკისრია. ამასთან, სასამართლო, განმარტავს, რომ დელიქტურ-სამართლებრივი კონცეფცია ორ მნიშვნელოვან პრინციპზეა აგებული: „ზიანი ყოველთვის უნდა ანაზღაურდეს“; „არავინ არ შეიძლება გამდიდრდეს დელიქტის ხარჯზე“. დაზარალებული ვალდებულია მოახდინოს „ზიანის მინიმალიზაცია“. ამ პრინციპების გავლენა აისახება საპროცესო ურთიერთობების ფარგლებში.
შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მართალია დადგენილია, რომ დი----------–---–ის სახლის დაზიანება გამოწვეულ იქნა ვა-----------------ის ბრალეული ქმედებით გაჩენილი ხანძრის შედეგად, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ მოსარჩელის მიერ სათანადოდ ვერ იქნა დადასტურებული ხანძრის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობა, სასამართლო მიიჩნევს, რომ დი----------–---–ის სარჩელი დაუსაბუთებელია და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამდენად, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა დი----------–---–ის სარჩელი, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით, დი----------–---–ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და მოპასუხეებს მზ-------------ესა და სა-------------ეს აეკრძალათ მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბ--–-------------–---–--------------.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით.
შესაბამისად, ზემოთ აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, უნდა გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. დი----------–---–ის სარჩელი მზ-------------ისა და სა-------------ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
3. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 02 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც დი----------–---–ის სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხეებს მზ-------------ეს (პ/ნ 26--------5) და სა-------------ეს (დაბ.19.02.2--------------------) აეკრძალათ მათ საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, რომლის რეკვიზიტებია: ქალაქი თბ--–------------–---–--------------, საკადასტრო კოდი: 01.17.12.0--.0--.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე