გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 340210018002260972
საქმე #2/42-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
14.11.2018 წელი ქ. გურჯაანი
შესავალი ნაწილი
გურჯაანის რაიონული სასამართლო
მოსამართლე რომან კუპატაძე
სხდომის მდივანი სოფიკო სონღულაშვილი
მოსარჩელე - ინ----------ი
წარმომადგენელი- სო------------–-ა
მოპასუხე - სს ,,კო--------–---------------–ი“
წარმომადგენელი - ვა--------–-------–---–ი
დავის საგანი: ხელშეშლის აღკვეთა, ქმედები დავალდებულება
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. აღიკვეთოს სს ,,კო--------–---------------–ის“ მხრიდან ინ----------ის საკუთრებით სარგებლობაში უკანონოდ ხელის შეშლა;
1.2. სს ,,კო--------–---------------–ს“ დაევალოს ინ----------ის მიწის ნაკვეთიდან (საკადასტრო კოდი №5----------8) მისი კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა.
სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლები: მოსარჩელემ 2016 წლის 13 ოქტომბერს შეიძინა ქალაქ ყვ-----––ი, ერ---–------ ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით №5----------8. შეძენის დროს უძრავი ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, მათ შორის არ იყო სერვიტუტით დატვირთული. მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე ელექტროგადამცემი ხაზი გადის, რომლითაც ელექტროენერგია მოპასუხეს მიეწოდება. გადამცემი ხაზი მოსარჩელეს საკუთრებით თავისუფლად სარგებლობაში ხელს უშლის. ელექტროგადამცემი ხაზის გადატანის მოთხოვნით მოპასუხეს განცხადებით მიმართა, მაგრამ მოპასუხემ აცნობა, რომ მოთხოვნა უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი იყო. მოსარჩელემ 2017 წლის 7 ნოემბერს დამატებით გაუგზავნა წერილობითი თხოვნა, თუმცა ამ შემთხვევაშიც მოპასუხის მხრიდან უგულვებელყოფილი იქნა მესაკუთრის უფლებები. მოპასუხეს აქვს შესაძლებლობა, რომ ელექტროგადამცემი ხაზი მოსარჩელის კუთვნილი მიწის ნაკვეთის გვერდის ავლით ყოველგვარი დაბრკოლებისა და დამატებითი ხარჯების გარეშე გაატაროს, თუმცა მოპასუხე ხაზის გადატანის ვალდებულებას თავს არიდებს.
2. მოპასუხე მხარის პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებელით სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ გადამცემი ხაზის არსებობის შესახებ მოსარჩელემ იცოდა, რადგან ელექტროგადამცემი ხაზი მიწის ნაკვეთზე მოსარჩელის საკუთრების უფლების რეგისტრაციამდე არსებობდა. ელექტროგადამცემი ხაზი აშენებულია 1993-1998 წლებში და მისი გადატანა ფიზიკურად შეუძლებელია. ამიტომ მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი უნდა ეთქვას.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. ქალაქ ყვ-----––ი, ერ---–------ ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5----------8, მოსარჩელე ინ----------ის საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრების უფლება 2016 წლის 13 ოქტომბრიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში. უფლების დამადასტურებელ დოკუმენტად ამონაწერში მითითებულია 10.10.2016 წელს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება.
3.1.2. მოპასუხე ,,სს ,,კო--------–---------------–ის“ საკუთრებაშია ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი. ხაზის მშენებლობა 1993-1999 წლებში განხორციელდა, ხოლო 2000 წლიდან ელექტროგადამცემი ხაზი შესულია ექსპუატაციაში.
3.1.3. მოპასუხე სს ,,კო--------–---------------–ის“ კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს მოსარჩელე ინ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს საკადასტრო კოდით №5----------8.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 16-17);
- სარჩელი, შესაგებელი (ს.ფ. 1-15; 36-44);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (სასამართლოს 14.11.2018 წლის სხდომის ოქმის აუდიო ჩანაწერი)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოება სადავო არ ყოფილა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლომ მოისმინა გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს კონსტიტუცია;
5.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.3. ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესისა და მათი დაცვის ზონების დადგენის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საკუთრების უფლების დაცვის აღიარებული სანივთო–სამართლებრივი საშუალებები სავინდიკაციო და ნეგატორული სარჩელებია. ვინდიკაციას მაშინ მიმართავენ, როდესაც მესაკუთრეს წართმეული აქვს ნივთზე მფლობელობა და მხოლოდ საკუთრების უფლება აქვს შერჩენილი. როდესაც მესაკუთრის ნების გარეშე გამოდის ქონება მისი ხელიდან, ვის ხელშიც არ უნდა აღმოჩნდეს ეს ქონება, მისგან ნივთის გამოთხოვა გარდაუვალია. საკუთრების დაცვის მეორე საშუალება ნეგატორული სარჩელია. ამ შემთხვევაში საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე. ნეგატორული სარჩელი აღიძვრება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იგი ნივთთან დაკავშირებული სხვათა უფლებიდან გამომდინარე უფლების დაცვის ერთადერთ საშუალებას წარმოადგენს.
სასამართლო განმარტავს, რომ ხელყოფის აკრძალვის მართლზომიერებისათვის სახეზე უნდა იყოს მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლების უკანონო ხელყოფა. ამის განსაზღვრისთვის კი აუცილებელია დადგინდეს - არის თუ არა მოსარჩელე ნივთის მესაკუთრე ან მართლზომიერი მფლობელი; ხელყოფს თუ არა მოპასუხე მოსარჩელის საკუთრების ან მფლობელობის უფლებას და აქვს თუ არა მოპასუხის მოქმედებას მართლზომიერი საფუძველი.
იმისათვის, რომ შესაძლებელი გახდეს უკანონო ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილება, ზემოაღნიშნული სამივე პირობის არსებობა აუცილებელია.
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის თანახმად, (1) საკუთრება და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და ხელშეუვალია. დაუშვებელია საკუთრების, მისი შეძენის, გასხვისების ან მემკვიდრეობით მიღების საყოველთაო უფლების გაუქმება; (2) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის დასაშვებია ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებათა შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, იმგვარად, რომ არ დაირღვეს საკუთრების უფლების არსი; (3) აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის" დამატებითი ოქმის პირველი მუხლის თანახმად, ყოველ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს აქვს თავისი საკუთრებით შეუფერხებელი სარგებლობის უფლება. მხოლოდ საზოგადოებრივი საჭიროებისათვის შეიძლება ჩამოერთვას ვინმეს თავისი საკუთრება კანონითა და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით გათვალისწინებულ პირობებში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
აღნიშნულ ნორმებზე დაყრდნობით სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება კონსტიტუციითა და შიდა საკანონმდებლო აქტებით დაცული უფლებაა, თუმცა იგი არ არის აბსოლუტური უფლება და შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და პირობების მიხედვით. ამავე დროს, საკუთრების უფლების შეზღუდვა მკაცრად დაცული წინაპირობების არსებობის შემთხვევებშია შესაძლებელი და ამისათვის მართლზომიერი საფუძველი უნდა არსებობდეს.
საკუთრების უფლებასთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, 2007 წლის 18 მაისის 2/1-370 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ [...] საკუთრების უფლება ადამიანის უფლებათა სამართლის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც გულისხმობს ადამიანის შესაძლებლობას, საკუთარი ნების შესაბამისად და სხვათა ინტერესების შეულახავად ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს თავის ქონებას. აუცილებელია საკუთრების, როგორც ინსტიტუტის, კონსტიტუციურ სამართლებრივი გარანტირება, ასევე მესაკუთრისათვის, როგორც სუბიექტისათვის, უფლების სამართლებრივი დაცვის საკმარისი საშუალებების მინიჭება, მისი ხელშეწყობისა და უზრუნველყოფის გარანტიების შექმნა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კონსტიტუციის 21-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის შესაბამისადაც საკუთრების უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. მაგრამ ეს გულისხმობს არა მხოლოდ მესაკუთრისათვის უფლების დაცვის სამართლებრივი შესაძლებლობების მინიჭებას, არამედ საკუთრების დაცვას ისეთი ხელყოფისაგან, რომელიც არ თავსდება ამავე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტით დადგენილ ფარგლებში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 18.05.2007 წლის გადაწყვეტილება საქმეზე №2/1-370).
ამავე გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ საკუთრების უფლების სოციალური დატვირთვის გათვალისწინებით, „მესაკუთრე“ საზოგადოების ნაწილია და არა მხოლოდ უფლებამოსილია მიიღოს გარკვეული სიკეთეები საზოგადოებისაგან, არამედ ვალდებულიცაა, რომ თავისი საკუთრება საზოგადოებრივი კეთილდღეობის მიზნებისათვის გამოიყენოს. მესაკუთრემ უნდა გაითავისოს, რომ არა მხოლოდ მას აქვს ინტერესები, არამედ ის იმყოფება სხვა ინტერესთა გარემოცვაში, რომელთაგანაც ის იზოლირებული არ არის და სადაც აუცილებელია ინტერესთა გონივრული ბალანსის დაცვა. ამ ფონზე კანონმდებელი უფლებამოსილია, კონსტიტუციურ-სამართლებრივი ნორმებისა და პრინციპების დაცვით, დაადგინოს ნორმები, რომლებიც განსაზღვრავენ საკუთრების შინაარსსა და ფარგლებს. საკუთრება არის კანონმდებლის მიერ დეფინირებადი უფლება. ამას მით უფრო მეტი მნიშვნელობა აქვს, რაც უფრო დიდია საკუთრების ობიექტის სოციალური დატვირთვა, მისი ბუნებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე“ (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2007 წლის 18 მაისის # 2/1-370, 382, 390, 402, 405 გადაწყვეტილება, II. პ.8).
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება ექვემდებარება შეზღუდვას მისი სოციალური ფუნქციის გათვალისწინებით და აღნიშნულ უფლებაში ზომიერი ჩარევა დადგენილია მოქმედი სამართლებრივი ნორმებით. იმ შემთხვევაში კი თუ საკუთრების უფლების შეზღუდვის მართლზომიერი საფუძველი არ არსებობს, მაშინ ხელმყოფისგან მესაკუთრის უფლების დაცვა გარდაუვალია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, რომ მესაკუთრეს შეუძლია მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, თუ საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა ხდება ნივთის ამოღების ან მისი ჩამორთმევის გარეშე, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია ხელის შემშლელს მოსთხოვოს ამ მოქმედების აღკვეთა. თუ ამგვარი ხელშეშლა კვლავ გაგრძელდება, მესაკუთრეს შეუძლია მოითხოვოს მოქმედების აღკვეთა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლების მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავ ნივთზე საკუთრების შეძენა ვლინდება საჯარო რეესტრიდან, ხოლო ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით რეესტრის მონაცემების მიმართ არსებობს უტყუარობის და სისრულის პრეზუმფცია, ე.ი. რეესტრის ჩანაწერები ითვლება სწორად, ვიდრე არ დამტკიცდება მათი უზუსტობა.
საქმეში წარმოდგენილი ამონაწერით დადასტურებულია, რომ ქალაქ ყვ-----––ი, ერ---–------ ქუჩა №10-ში მდებარე უძრავი ქონება, საკადასტრო კოდით №5----------8, მოსარჩელე ინ----------ის საკუთრებას წარმოადგენს. საკუთრების უფლება 13.10.2016 წლიდან აღრიცხულია საჯარო რეესტრში. აგრეთვე დადგენილია, რომ მოპასუხე სს,,კო--------–---------------–ის“ საკუთრებაშია ,,ჩალა ჰესის“ ჰიდროელექტროსადგურიდან გამომავალი 10 კვ საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, რომლითაც მოპასუხეს ელექტროენერგია მიეწოდება. გადამცემი ხაზი 2000 წლიდან შესულია ექსპუატაციაში და იგი მოსარჩელე ინ----------ის კუთვნილ მიწის ნაკვეთს კვეთს.
შესაბამისად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით უდავოდ დადასტურებულია, რომ მოსარჩელე წარმოადგენს იმ უძრავი ქონების მესაკუთრეს, რომელსაც მოპასუხის კუთვნილი 10 კვ ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი კვეთს. სწორედ ამ ხაზის ექსპლუატაციიდან გამომდინარე ხელშეშლის აღკვეთას მოითხოვს მოსარჩელე და უთითებს, რომ მას, როგორც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს, უძრავი ქონების შეხედულებისამებრ განკარგვაში ეშლება ხელი.
6.4. როგორც ზემოთ აღინიშნა, ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით აღძრული სარჩელის წარმატებულობისთვის მხოლოდ მესაკუთრედ ყოფნის დადასტურება საკმარისი არ არის. მნიშვნელოვანია დადასტურდეს, რომ მესაკუთრისათვის ხელშეშლა მოპასუხის არამართლზომიერი მოქმედებიდან მომდინარეობდეს. ანუ, არა მარტო ხელშეშლის ფაქტი უნდა დადასტურდეს, არამედ უნდა შეფასდეს ხელშეშლის მართლზომიერება.
სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელემ უძრავი ქონება 2016 წლის ოქტომბერში შეიძინა, გადამცემი ხაზი კი, რომელიც უძრავ ქონებას კვეთს აშენდა 1993-1999 წლებში და 2000 წლიდან ექსპლუატაციაში იმყოფება. შესაბამისად, მოსარჩელე გახდა იმ მიწის ნაკვეთის მესაკუთრე, რომელზეც უკვე გადიოდა მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზი. სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ ვითარებაში, როდესაც მოსარჩელემ საკუთრებაში მიიღო ამგვარი უძრავი ქონება, მიუთითებს იმაზე, რომ ქონების შეძენის მომენტისთვის მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ელექტროგადამცემი ხაზის არსებობის შესახებ. ამდენად, მოსარჩელის განმარტება, რომ ნასყიდობის მომენტისთვის ქონება უფლებრივად უნაკლო იყო, საფუძველს მოკლებულია. ამავდროულად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმ პირობებში, როდესაც გადამცემი ხაზის მშენებლობა განხორციელდა მანამ, სანამ მიწის ნაკვეთზე ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირის უფლება დარეგისტრირდებოდა, მიწის ნაკვეთი სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდა და მესაკუთრის შეცვლა გადამცემი ხაზის გადატანის ვალდებულებას არ წარმოშობს.
6.5. მოსარჩელის საკუთრების უფლების შეზღუდვის სამართლებრივ საფუძვლად სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცებულია ,,ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესი და მათი დაცვის ზონები“ (შემდგომში - წესი), რომელიც მიღებულია ,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და რომელიც ადგენს ელექტრული ქსელების ხაზობრივი ნაგებობების დაცვის წესს, მათი დაცვის ზონების, ტყის მასივებსა და ნარგავებში განაკაფების, დაცვის ზონამდე მისასვლელი გზების პარამეტრებს, დაცვის ზონებში შენობა-ნაგებობათა განთავსების და სამუშაოთა წარმოების პირობებს. ამ წესის მიზანია ელექტრული ქსელების შეუფერხებელი ფუნქციონირების ხელშეწყობა, მათი უსაფრთხო ექსპლუატაციის უზრუნველყოფა, სანიტარიული ნორმების დაცვა და უბედური შემთხვევების თავიდან აცილება. იგი გამოიყენება ელექტრული ქსელების პროექტირების, მშენებლობისა და ექსპლუატაციის დროს, ასევე ელექტროგადამცემი ხაზების მახლობლად სამუშაოთა წარმოებისას.
მითითებული წესის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,ზ“ ქვეპუნქტის მიხედვით ელექტრული ქსელი განიმარტება, როგორც ქვესადგურების, გამანაწილებელი მოწყობილობების და მათი შემაერთებელი ელექტროგადამცემი ხაზების ერთობლიობა, რომელთა დანიშნულებაა ელექტროენერგიის გადაცემა და განაწილება. ამავე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი არის ღია ცის ქვეშ განთავსებული მოწყობილობა, რომლის დანიშნულებაა ანძებზე ან საინჟინრო ნაგებობებზე იზოლატორებითა და არმატურით დამაგრებული სადენებით ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გადაცემა/გადატანა; ხოლო ,,თ“ ქვეპუნქტის მიხედვით მიწათმოსარგებლე არის პირი, რომლის სარგებლობაში ან საკუთრებაში არის ელექტრული ქსელის ხაზობრივი ნაგებობების დაცვის ზონაში მდებარე მიწის ნაკვეთი და სხვა უძრავი ქონება.
მოცემული ნორმატიული აქტით დარეგულირებულია ელექტრული ქსელის მფლობელსა და მიწათმოსარგებლეს შორის ურთიერთობები. იგი ამ უკანასკნელს გადამცემი ხაზის დაცვის ზონაში მოხვედრილი უძრავი ქონებით სარგებლობისათვის გარკვეული სახის შეზღუდვებს უწესებს და იმავდროულად ავალდებულებს, რომ ხელი არ შეუშალოს ელექტრული ქსელის ხაზობრივ ნაგებობებთან მომსახურე პერსონალისა და ტექნიკის შეუფერხებელ მისვლას (იხ. წესის მე-4 მუხლი მე-17 პუნქტი). სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები კი თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში ვალდებული არიან ელექტრული ქსელის მფლობელ პირს გაუწიონ დახმარება ამ წესის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფაში.
ამდენად, მითითებული ნორმატიული აქტით იზღუდება მიწის ნაკვეთის მესაკუთრის უფლებები მიწის ნაკვეთის იმ ნაწილზე, რომელიც გადამცემი ხაზის დაცვის ზონაშია მოხვედრილი და შეზღუდვის ფარგლები დამოკიდებულია ელექტრული ქსელის სახეობაზე. ამ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე გადის 10 კვ. ძაბვის საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი, წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა.ა.ე" ქვეპუნქტის მიხედვით დაცვის ზონა შეადგენს 10 მეტრს საჰაერო ელექტროგადამცემი ხაზი განაპირა სადენებიდან. ამავე წესის მე-4 მუხლში ჩამოთვლილია ის შეზღუდვები, რომლებიც მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს უწესდებათ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 21 მუხლით, ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ კანონის და საქართველოს მთავრობის 24.12.2013 წლის №366 დადგენილებით დამტკიცებული წესი ერთობლიობაში ქმნის იმ ნორმატიულ საფუძველს, რომლის მიხედვითაც იზღუდება იმ უძრავი ქონების მესაკუთრის უფლებები, რომელი უძრავი ქონებაც ელექტრული ქსელის დაცვის ზონაშია მოხვედრილი. განსახილველ შემთხვევაში კი სწორედ ამ გარემოებასთან გვაქვს საქმე და შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მესაკუთრის უფლება კანონმდებლობითაა შეზღუდული, არ შეიძლება მოპასუხის კუთვნილი ელექტროგადამცემი ხაზით გამოწვეული ხელშეშლა არამართლზომიერ ქმედებად ჩაითვალოს.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის უფლებები შეზღუდულია რა შესაბამისი ნორმატიული აქტებით, მოპასუხის მხრიდან ადგილი ვერ ექნება არამართლზომიერ ქმედებას, ეს უკანასკნელი კი ხელშეშლის აღკვეთის ნაწილში დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების შესაძლებლობას გამორიცხავს.
6.6. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მეორე მოთხოვნა - ხაზის გადატანის დავალდებულების შესახებ, გამომდინარეობს პირველი სასარჩელო მოთხოვნიდან. იმ პირობებში, როდესაც ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხის მხრიდან არამართლზომიერი ხელშეშლა, მეორე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების წინაპირობებიც ვერ იარსებებს. ამავდროულად, სასამართლო მიუთითებს წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის ბოლო წინადადებაზე, რომლის მიხედვით ელექტროგადამცემი ხაზის გადატანა ხორციელდება დაინტერესებული პირის ხარჯით, ელექტროგადამცემი ხაზის მფლობელი პირის მიერ დადგენილი ტექნიკური პირობების შესაბამისად.
ამდენად, მითითებული წესი გადამცემი ხაზის გადატანის ხარჯის გაღების ვალდებულებას დაინტერესებულ პირს აკისრებს. მოცემულ შემთხვევაში კი მოსარჩელე, რომელიც დაინტერესებული პირია, ითხოვს რომ მოპასუხემ ხაზი თავისი ხარჯით გადაიტანოს, რისი ვალდებულებაც მოპასუხე მხარეს არ ეკისრება. ამავდროულად, გარდა იმისა, რომ ხაზის გადატანის ხარჯის გაღება მოსარჩელის ვალდებულებაა, მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ გადამცემი ხაზის გადატანა ტექნიკურად შესაძლებელია.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საკუთრების უფლების არამართლზომიერ შეზღუდვას ადგილი არ აქვს და არ არსებობს სამართლებრივი საფუძველი, რომლითაც მოპასუხეს გადამცემი ხაზის საკუთარი ხარჯით გადატანის ვალდებულებას დააკისრებდა. შესაბამისად, სარჩელი უსაფუძვლოა, დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ა) ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად, დავის საგნის ღირებულება ქონებრივ-სამართლებრივ დავაში (საკუთრების ხელყოფა ან სხვაგვარი ხელშეშლა, სამეზობლო დავა და სხვა) განისაზღვრება 4 000 ლარით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის 120 ლარის ოდენობით წინასწარ იქნა გადახდილი. სარჩელი არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.
8.უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
8.1. უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37- 41-ე, 53-ე,55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 250-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ინ----------ის სარჩელი მოპასუხე სს ,,კო--------–---------------–ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გურჯაანის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე რომან კუპატაძე