გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №010210117002156900
№2-4166/2017წ.
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
16 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ------------------''
წარმომადგენელი - ცო-----–-----, მა---------------ე
მოპასუხეები - ლა–-------, თა-----------ე, და----------
წარმომადგენელი - გი-----–-----ე
დავის საგანი: თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს - ლა–-------ს, და----------ს და თა-----------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 29 დეკემბრის №5315134-3525 სესხის ხელშეკრულების საფუძველზე 6760 ლარის გადახდა, საიდანაც 4772.6 ლარი არის სესხის ძირითადი ნაწილი, 987.4 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 1000 ლარი - ჯარიმა;
1.2. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ამყარებს შემდეგი არგუმენტაციით:
- 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს: ლა–-------ს, და----------ს და თა-----------ეს შორის დაიდო სესხის და თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე ლა–-------ს სახელზე 90 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 7000 ლარის ოდენობით. სესხიდან გამომდინარე სარგებელი შეადგენდა 1680 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა 2017 წლის 29 მარტამდე, ყოველდღიურად 98.64 ლარის გადახდის გზით. ამავე ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებმა და----------მ და თა-----------ემ ძირითად მსესხებელთან ერთად შპს „მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-----------------“-ის წინაშე სოლიდარულად იკისრეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მან გადაიხადა მხოლოდ დავალიანების ნაწილი 2780 ლარის ოდენობით, რის გამოც მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 6760, საიდანაც 4772.6 ლარი არის სესხის ძირითადი ნაწილი, 987.4 ლარი - სესხზე დარიცხული პროცენტი, 1000 ლარი - შემცირებული ჯარიმა.
- მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მის მიერ მოთხოვილი ჯარიმა გამომდინარეობს თავად ხელშეკრულებიდან და შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგ ოდენობას, რაც შეადგენს 5040 ლარს, მაგრამ კრედიტორის მხრიდან ჯარიმის ოდენობა შემცირდა 1000 ლარამდე.
- მოსარჩელე მიუთითებს, რომ მიუხედავად ხელშეკრულებაში გირაოს შესახებ მითითებისა, სესხიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფა გირაოთი არ განხორციელებულა და გირაოს გამოყენებას ადგილი არ აქვს.
(იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლების ახსნა-განმარტება სხდომის ოქმში).
2. მოპასუხის პოზიცია:
- მოპასუხე და----------მ შესაგებლით სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო, თუმცა შესაგებელში არა არის მითითებული სარჩელის ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი კონკრეტული გარემოებები და მტკიცებულებები;
- მოპასუხე ლა–-------მ შესაგებლით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. სასამართლო სხდომაზე მოპასუხეებმა ლა–-------მ, და----------მ და მათმა წარმომადგენელმა, სარჩელი ნაწილობრივ ცნეს, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, ხოლო პირგასატეხლოს და სარგებლის ნაწილში სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი მაღალია და უნდა მოხდეს სარგებლის 987 ლარის განახევრდეს, ხოლო პირგასამტეხლო შემცირდეს 0.05%-მდე. რ
- მოპასუხე თა-----------ეს შესაგებელი არ წარმოაუდგენია და ის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „მიკროსაფინასო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს: ლა–-------ს, და----------ს და თა-----------ეს შორის დაიდო სესხის და თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზე ლა–-------ს სახელზე 90 დღის ვადით გაცემული იქნა სესხი 7000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები;
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი სალაროდან;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხეების ახსნა-განმარტება;
3.1.2. სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, სარგებელი შეადგენდა 1680 ლარს. მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა 2017 წლის 29 მარტამდე, ყოველდღიურად 98.64 ლარის გადახდის გზით. ვალდებულების დარღვევისათვის, ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა პირგასამტეხლო/ჯარიმა სარგებლის თანხის სამმაგი ოდენობით, 1680X3=5040 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები;
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
3.1.3. 2016 წლის 29 დეკემბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობა და ფარგლები, რომლის თანახმად თავდები პირები პასუხისმგებლობას ღებულობენ ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც კლიენტი - მსესხებელი.
დადგენილია, რომ სესხიდან გამომდინარე ვალდებულებების უზრუნველყოფა, მიუხედავად სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებაში გირაოს შესახებ მითითებისა, - გირაოთი არ განხორციელებულა და გირაოს გამოყენებას ადგილი არ ჰქონია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები;
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხეების ახსნა-განმარტება;
3.1.4. მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულება 2017 წლის 03 იანვარს, როდესაც არ გადაიხადა ყოველდღიური გადასახადი 98,64 ლარი. ბოლო გადახდა კი მან განახორციელა 2017 წლის 19 სექტემბერს 50 ლარის ოდენობით. მსესხებელს მთლიანად გადახდილი აქვს დავალიანების ნაწილი, ჯამში 2780 ლარი, რომლიც მოიცავს სარგებლის ნაწილს - 552,6 ლარს და სესხის ძირის ნაწილს 2227,4 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
- სარჩელი;
- ამონაწერი სალაროდან;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.5. ხელშეკრულების 1.19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცვა დაუყონებლივ აღსრულებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი საკითხები:
- სესხზე დარიცხული სარგებლის ოდენობა;
- პირგასამტეხლოს ოდენობა;
მოპასუხეები ეთანხმებიან სესხის ძირი თანხის დავალიანების ოდენობას, ხოლო მასზე დარიცხულ სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობას მიიჩნევენ უსამართლო და არაგონივრულ ოდენობად, რის შემცირებასაც მოითხოვენ.
სასამართლო განმარტავს, რომ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულობის და სამართლიანობის საკითხები სამართლებრივი შეფასების საკითხებია და მათზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში.
3.2.2. სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან ურთიერთ საწინააღმდეგო განმარტებებს. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
3.2.3. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისზპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. არცერთ მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადავოდ არ ხდიან. თუ ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი, მხარეებისათვის სადავოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდს მხარეთა განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა ზეპირად რა ითქვა, არამედ მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ სადავოობისას თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით. ანუ აუცილებელია გამოყენებული იქნას მტკიცების უფრო მაღალი სტანდარტი, ვიდრე ზეპირი განმარტების სტანდარტია.
3.2.4. სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
3.2.5. უდავოდ დადგენილია, რომ:
- 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და მოპასუხეებს შორის გაფორმდა სესხის და თავდებობის №5315134-3525 ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ლა–-------ზე გაიცა სესხი 7000 ლარის ოდენობით 2017 წლის 29 მარტამდე. სესხი იყო სარგებლიანი და პროცენტის ოდენობა განისაზღვრა 1680 ლარით და მსესხებელს სესხის ნაწილი და სარგებელი უნდა დაეფარა ყოველდღიურად 98.64 ლარის ოდენობით. ხელშეკრულების 1.13 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, სესხს დამატებით დაერიცხება ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგი ოდენობა.
- ხელშეკრულების (ხელშეკრულების ვადა 90 დღე) პირობები დაირღვა 2017 წლის იანვრიდან, ხოლო მსესხებელმა ბოლო გადახდა განახორციელა 2017 წლის 19 სექტემბერს და მას შემდეგ გადახდა აღარ განუხორციელებია. ვალდებულების შესრულების მიზნით, მათ გადაიხადეს მხოლოდ 2780 ლარი.
3.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ მოპასუხეთა დავალიანება სესხის ხელშეკრულების საფუძველზე შეადგენს 6760 ლარს, საიდანაც 4772.6 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 987.4 ლარი - სარგებელი, ხოლო 1000 ლარი ჯარიმა (შემცირებული) - პროცენტის სამმაგი ოდენობა. მოსარჩელემ ხელშეკრულებით განსაზღვრული ჯარიმის ოდენობა - სარგებლის სამმაგი ოდენობა 5040 ლარი შეამცირა და სარჩელით ითხოვს მხოლოდ 1000 ლარის დაკისრებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სარჩელი, შესაგებლები;
- სესხისა და თავდებობის ხელშეკრულება;
- ცნობა დავალიანების შესახებ;
- ამონაწერი სალაროდან;
- მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხეების ახსნა-განმარტება;
3.2.7. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მსესხებელს სესხის ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მიერ ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატება კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულების პირობების დარღვევაში, კერძოდ, ლა–-------ს მიერ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, პერიოდულად, სისტემატურად ხდებოდა სესხის მომსახურების გრაფიკის დარღვევა, შემდეგ კი საერთოდ შეწყვიტა გადახდა. აქვე აღნიშნავს, რომ სესხის და სარგებლის ოდენობა მხოლოდ 3 თვეზე - 90 დღეზე დარიცხული და მხოლოდ ამას ითხოვს, ამასთან პირგასამტეხლო შემცირებულია 5040 ლარიდან 1000 ლარამდე.
3.2.8. სასამართლო კვლავ განმარტავს, რომ მხარეებს შორის სადავო საკითხებზე, გონივრულია თუ არა შეთანხმებული პირგასამტეხლოს და სარგებლის ოდენობა, - ამაზეე სასამართლო იმსჯელებს საკითხების სამართლებრივი შეფასებისას. ასევე მისცემს შეფასებას საკითხს, გამოიყენა თუ არა მოსარცელემ უფლება ბოროტად, რათა გაზრდილიყო დავალიანება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.
4.1. ხელშეკრულების თანახმად, მოპასუხე ლა–-------ს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მოპასუხემ გადააცილა კრედიტის დაფარვის ვადებს, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა. აგრეთვე, მოპასუხეს გრაფიკით განსაზღვრულ ვადებში სესხის თანხის და შეთანხმებული პროცენტის გადახდის ვადის გადაცილებისას ეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხოლო მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად გაფორმებული იყო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება სხვა მოპასუხესთან - თა-----------ესთან და და----------სთან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის - სესხის ძირი თანხისა და სარგებლის ნაწილში მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალხმრივი, ორმხრივი, ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
აღნიშნული ურთიერთობის შეფასებისას უნდა გავითვალისწინოთ სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადებით აღიარებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი, რაც გულისხმობს ხელშეკრულების დადების თავისუფლებას და მისი შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპის ეს უკანასკნელი ელემენტი ასევე გულისხმობს იმასაც, რომ მხარეებს შეუძლიათ, დადონ ნებისმიერი ხელშეკრულება, მათ შორის ისეთიც, რომელიც არ არის კანონით გათვალისწინებული, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. (იხ., სუს 08.11.2011წ.-ის გადაწყვეტილება Nას-839-890-2011).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 29 დეკემბრს მოსარჩელესა და ლა–-------ს შორის გაფორმდა №5315134-3525 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7000 ლარი, 90 დღის ვადით, სარგებელი 1680 ლარი, ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს პირგასამატეხლოს ვადაგადაცილების შემთხვევაში, ჯარიმა გამომდინარეობს თავად ხელშეკრულებიდან და შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგ ოდენობას.
ასევე დადგენილია, რომ ამავე სესხის ხელშეკრულებით, სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებულია სოლიდარული თავდებობა.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხემ მისგან მიიღო სესხი, მაგრამ შეთანხმებულ ვადაში არ დაუბრუნა უკან. სასამართლო განმარტავს, რომ სესხის თანხის დაუბრუნებლობა უნდა შეფასდეს ვალდებულების შეუსრულებლობის გზით მოსარჩელის უფლებების დარღვევად. მოსარჩელეს უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენა მოითხოვოს სასარჩელო წესით. ანუ სარჩელი აღძრას და მოითხოვოს სესხის სახით გაცემული თანხის მოპასუხეებისათვის დაკისრება.
6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო განმარტავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს სესხის ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის ურთიერთობა სესხის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”.
ამავე კოდექსის 623-ე მუხლით ,,სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი”.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეებს სურვილი ჰქონდათ თანხის დასესხებისა. მათი ინტერესები დაემთხვა ერთმანეთს. ორივე მხარემ გამოავლინა სესხთან დაკავშირებული ნამდვილი ნება, რაც უნდა გამხდარიყო ხელშეკრულების დადების საფუძველი. სასამართლო განმარტავს, რომ მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხეზე შეთანხმდენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. წინამდებარე შემთხვევაში მხარეებმა სესხის გაცემაზე და გადახდაზე გამოავლინეს ნება და შეთანხმდნენ კიდეც. ასეთი შეთანხმება არ ეწინააღმდეგება კანონს, ამიტომაც სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული შეთანხმება ნამდვილია. ნების გამოვლენის საფუძველზე მხარეებს შორის, 2016 წლის 29 დეკემბერს შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-სა და ლა–-------ს შორის გაფორმდა №5315134-3525 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი 7000 ლარი, 90 დღის ვადით, სარგებლის/პროცენტის 1680 ლარის დარიცხვით, რასაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მხარეთა შორის წარმოშობილია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება, შესაბამისად მათი ურთიერთობა უნდა დარეგულირდეს სახელშეკრულებო ვალდებულების მარეგულირებელი ნორმების მეშვეობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. 464-ე მუხლის თანახმად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ამავე კოდექსის 465-ე მუხლი მიუთითებს, რომ კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 2016 წლის 29 დეკემბრის სესხის და თავდებობის ხელშეკრულებით განისაზღვრა თავდები პირების სოლიდარული პასუხისმგებლობა და ფარგლები, რომლის თანახმად თავდები პირები პასუხისმგებლობას ღებულობენ ყველა იმ ვალდებულებაზე, რასაც კლიენტი - მსესხებელი.
ამდენად, ლა–-------ს მიერ აღებული სესხის მიმართ, თა-----------ე და და---------- არიან სოლიდარული მოვალეები მსესხებელ ლა–-------სთან ერთად ყველა იმ ვალდებულებაზე, რაც აიღო მსესხებელმა.
6.6. საქართველოს 891-ე მუხლის გათვალისწინებით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 892.1 მუხლის შესაბამისად, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
6.7. უდავოდ დადგენილია, რომ ამავე ხელშეკრულებით და მოსარჩელესა და და----------ს, თა-----------ეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად მოპასუხე და----------სთან და თა-----------ესთან გაფორმდა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად სოლიდარულმა თავდებმა და----------მ და თა-----------ემ იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ლა–-------ს მიერ აღებული სესხის დაფარვაზე.
მხარეებს შორის აღნიშნულზე შეთანხმება, 895-ე მუხლით გათვალისწინებული პირობა, გათვალისწინებულია ხელშეკრულების 1.9. პუნქტით, რომლის თანახმადაც თავდებმა და----------მ და თა-----------ემ იკისრეს სრული პასუხისმგებლობა ლა–-------ს მიერ აღებული სესხის დაფარვაზე, მიუხედავად იმისა, ჰქონდა თუ არა მოსარჩელეს იძულებითი აღსრულების მცდელობა მსესხებლის მიმართ. ამ მხრივ ხელშეკრულება არ შეიცავს რაიმე ბუნდოვანებას და მისი შინაარსიც ასე უნდა განიმარტოს.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ დარღვეულია სესხის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ, გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი. სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ. მოცემელ შემთხვევაში მოპასუხეთა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი ძირითადი დავალიანების მოთხოვნის ნაწილში იქნა ცნობილი, რაც შეესაბამება სამოქალაქო სამართალწარმოების ძირითად პრინციპს - დისპოზიციურობას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. ამავე კოდექსის 131-ე მუხლით, ერთი მხარის მიერ ასეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ხსენებული ნორმის ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეთა მიერ სარჩელის ცნობა, იმ მოთხოვნის ფარგლებში რაც ცნო, სარჩელის დაკმაყოფილების საკმარისი საფუძველია.
6.9. განსახილველ საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხე ლა–-------მ სესხის პროდუქტით ისარგებლა და აითვისა სესხის თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო სესხად მიღებული თანხა ვალის დაფარვის მიზნით, შეეტანა იმ დროში, რაც ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული. მან ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულება. დავალიანების დარჩენილი თანხა მოპასუხემ არ გადაიხადა და ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით მოსარჩელეს მიაყენა ზიანი. მან თანხის შეტანა შეწყვიტა და შენატანის შეტანის ვადას გადააცილა არათუ ორ ვადაზე მეტი, არამედ უფრო მეტიც, 2017 წლის სექტემბრის თვიდან მსესხებელმა საერთოდ შეწყვიტა სესხზე მომსახურება-გადახდა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება.
მოსარჩელემ სარჩელი აღძრა 2017 წლის 3 ნოემბერს, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის შეწყვეტიდან დაახლოებით 35 დღის შემდეგ. ამდენად, მისგან უფლების ბოროტად გამოყენების ფაქტს, რომ დაგვაინებით აღძრა სარჩელი და დააგროვა დავალიანება, - ადგილი არ აქვს. მითუმეტეს, რომ სესხის ზირ თანხაზე მხოლოდ 3 თვის სარგებელი და პირგასამტეხლოა დარიცხული.
6.11. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”.
სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლით ,,სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი”.
დადგენილია და მხარეები არ დავობენ მასზედ, რომ მხარეთა შეთანხმებით სესხის ხელშეკრულება სასყიდელიანი იყო. მხარეებს განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. მოპასუხეს უნდა გადაეხადა ის სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებით. სარგებელის გადახდა ისეთივე ვალდებულებაა, როგორც ძირითადი თანხის გადახდის ვალდებულება. ამიტომ მოპასუხეს სარგებელის გადახდის ვალდებულებაც უნდა შეესრულებინა საქ. სკ-ის 361-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. მას ხელშეკრულებით ეკისრებოდა ყოველთვიური საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება. პროცენტი მას უნდა შეეტანა გრაფიკის მიხედვით. გრაფიკი შეიცავდა, როგორც ძირითადი გადასახდელის, ისე პროცენტის თანხასაც. ლა–-------მ გრაფიკის მიხედვით აღარ შეიტანა თანხა, შესაბამისად გადასახდელი დარჩა, როგორც ძირითადი თანხა, ასევე მასზე დარიცხული პროცენტი. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის მიხედვით ლა–-------ს გადასახდელი აქვს სარგებელი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის თანახმად მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღრული პროცენტი, თუ კრედიტორს სხვა საფუძვლიდან გამომდინარე უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. ამავე კოდექსის 404-ე მუხლის თანახმად კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. მოცემულ შემთხვევაში, მიუღებელ შემოსავალს წარმოადგენს კრედიტით სარგებლოსათვის შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.
ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეებზე სოლიდარულად სესხის ძირი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე არის საფუძვლიანი და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.12. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ კრედიტის დაფარვის ვადის გადაცილების შემთხვევაში, პირგასამტეხლო შეადგენს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევისათვის ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცენტის სამმაგ ოდენობას.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს.
დადგენილია, რომ ლა–-------მ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო, მოპასუხეებს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს მოსარჩელის მიერ შემცირებული ოდენობაა - 1000 ლარი, 5040 ლარიდან 1000 ლარამდე აქვს შემცირებული ოდენობა მოსარჩელეს.
6.13. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”.
სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში სახელშეკრულებო ურთიერთობაში სახეზეა ე.წ. „სუსტი მხარე“, რომელიც ხელშეკრულების ხელმოწერისას ვერ აცნობიერებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს ოდენობას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ გაანგარიშებული თანხის ოდენობა არ არის ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. ლა–------- ვერ იხდის ძირ თანხას. მასზე დამატებით მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩააყენებს მის გადახდის უნარს. თანასწორობის აღდგენისა და ბალანსის აღდგენისათვის სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის 2-ჯერ შემცირებას, შესაბამისად ლა–-------ს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.
მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოდ 500 ლარის დაკისრება გონივრულია.
6.14. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად”. ამავე კოდექსის 893-ე მუხლის პირველი წინადადებით ,,თავდების ვალდებულებისათვის განმსაზღვრელია შესაბამისი ძირითადი ვალდებულების არსებობა”. ხოლო 895-ე მუხლით ,,თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა”.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დგინდება, რომ ლა–-------სთან დადებული ხელშეკრულებების უზრუნველყოფის მიზნით მოსარჩელემ თავდებობის ხელშეკრულება დადეს თა-----------ემ და და----------მ, მათ იკისრეს ვალდებულება ლა–-------სთან ერთად პასუხი აგონ სესხის ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე. სამოქალაქო კოდექსის 893-ე და 895-ე მუხლმა დაადგინა, რომ თავდებმა პირმა ძირითად მევალესთან ერთად ან მის გარეშე პასუხი აგოს იმ ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ვალდებულების შესრულებაზეც განაცხადა თავდებობა.
დადგენილია, რომ ლა–-------მ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის გრაფიკი. ის ვალდებულება, რაც მოსარჩელის მიმართ ლა–-------ს აქვს, უნდა გავრცელდეს თავდები პირების მიმართაც. აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი თანხის დაკისრების ნაწილში, როგორც ლა–-------ს, ასევე და----------ს და თა-----------ის მიმართ, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.15. სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ”.
ამავე მუხლის მეორე ნაწილით ,,თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს”.
6.1.6. მოსარჩელე მოითხოვს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევას. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, რომლის შესაბამისად სამოქალაქო სამართალწარმოება აგებულია დისპოზიციურობის პრინციპზე, რაც გულისხმობს, რომ მხარე უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ განკარგოს თავისი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეთა უფლებაა ისარგებლონ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირველი ინსტანციის გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესაძლებლობით. გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი რეგულირდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 28-ე თავით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 -ე ნაწილით: ,,ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
სასამართლომ გამოიკვლია მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება და დაადგინა, რომ ხელშეკრულების 1.19 პუნქტით მხარეები შეთანხმებულნი არიან მასზედ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება დაუყონებლივ მიქცეული იქნას აღსასრულებლად. წინამდებარე შემთხვევაში ვალდებულების შესრულება გახდა სადავო. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ მისი უფლებები დაირღვა მოპასუხეთა მიერ, რის გამოც სარჩელი აღძრა და მისი სარჩელის საფუძველზე მიღებულია გადაწყვეტილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის, ასევე მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების 1.19 პუნქტის საფუძველზე სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.
7. საპროცესო ხარჯები.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” პუნქტის შესაბამისი გაანგარიშებით შეადგენს 203 ლარს.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 203 ლარი და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარი.
საქ. სსკ-ის 49-ე მუხლის მეორე ნაწილი იმ მოპასუხეებს ათავისუფლებს სახ. ბაჟის გადახდისაგან, ვინც საქმის მომზადების სტადიაზე სარჩელს ცნობს. როგორც ზემოთ განიმარტა, მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, აქედან გამომდინარე, მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურებაც მოპასუხეებს შორის უნდა გადანაწილდეს ამის გათვალისწინებით, ხოლო დანარჩენ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით უნდა განაწილდეს მხარეებს შორის.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ - უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 3 ნოემბრის განჩინებით გამოყენებულია უზრუნველყოფა, რომლის მიხედვითაც მოსარჩელე შპს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------“-ის განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ დაკმაყოფილდა და მოპასუხე თა-----------ეს (პ/ნ 6----------) აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონების, მდებარე: ქ. ბათუმი, წ-------–-- ქ. N8, სართული 4, ბ. N24, ბლოკი "ბ", 69.20 კვ.მ., საკადასტრო კოდით: #05.28.07.002.0--------- - გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა;
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ძირითად ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში ნაწილობრივ, აღნიშნულ საქმეზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უცვლელი უნდა დარჩეს.
9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საკითხი
9.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.1 მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები: ალიმენტის მიკუთვნების შესახებ; დასახიჩრებით ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით, აგრეთვე მარჩენალის სიკვდილით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ; მუშაკისათვის არა უმეტეს 3 თვის ხელფასის მიკუთვნების შესახებ; უკანონოდ დათხოვნილი ან გადაყვანილი მუშაკის სამუშაოზე აღდგენის შესახებ; უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვის შესახებ; თამასუქისა და ჩეკის თაობაზე გამოტანილი გადაწყვეტილებები. იმავე მუხლის 11-ე ნაწილის გათვალისწინებით, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.
ზ/მითითებული ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ სასამართლოს უფლება აქვს მხარის თხოვნით, მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების საგამონაკლისო წესი დაადგინოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში ან ისეთი ობიექტური გარემოებების არსებობის პირობებში, რომელთა დადგომამ შესაძლებელია გადაწყვეტილების აღსრულება შეუძლებელი გახადოს ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანი მიაყენოს.
უდავოდ დადგენილია, რომ ხელშეკრულების 1.19 პუნქტის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ დავის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცვა დაუყონებლივ აღსრულებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268.11-ე ნაწილის დანაწესი იმპერატიული ხასიათისაა, რაც მოსარჩელეს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევაზე, ისინი-მხარეები შეთანხმდნენ ამ პირობაზე, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არის დასაბუთებული და მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------''-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხეებს: ლა–-------ს, თა-----------ესა და და----------ს მოსარჩელის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------''-ის სასარგებლოდ დაეკისროთ 6260 ლარის გადახდა, საიდანაც 4772,6 ლარი არის სესხის ძირი თანხა, 987,4 ლარი - სარგებელი, ხოლო 500 ლარი - პირგასამტეხლო/ჯარიმა.
3. შპს ,,მირკოსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------''-ის სარჩელი პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.
4. მოპასუხეებს: ლა–-------ს, და----------სა და თა-----------ეს, მოსარჩელის შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------''-ის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 188 ლარის და სარჩელის უზრუნველსაყოფად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება, ჯამში 238 ლარის გადახდა. მოსარჩელე შპს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კ-----------------''-ს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 15 ლარი ჩაეთვალოს ბიუჯეტში გადახდილად.
5. საქმეზე ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 03 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა დარჩეს ძალაში უცვლელი.
6. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსრულებას.
7. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრის შეტანით ქუტაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 12 დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ.ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ.ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. 30).
9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: სალიხ შაინიძე