გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.11.2018
საქმის ნომერი
330210018002495284
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
09.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17632-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგ--

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--------ი’’

წარმომადგენელი - რ--------------–---–ი

მოპასუხე - ნ-----–-----–--------–ი, გ---–--------–ი, თ-------–--------–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება, ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების ძირითადი თანხის - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის, საკომისიოს - 127.41 აშშ დოლარის, და პირგასამტეხლოს - 4 259.76 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3. 98 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, მ--------------------------------------------, (ს/კ 0----------------------), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების - ნ-----–---- წ------ლის და გ-- წ------ლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ.

 

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-14):

1.1.1. მასსა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის 2015 წლის 24 დეკემბერს გაფორმდა გენერალური ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიხსნა საკრედიტო ხაზი 50 000 აშშ დოლარის ოდენობით, ვადა - 300 თვე, წლიური სარგებელი - 48%-მდე;

1.1.2. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მასსა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის 2016 წლის 08 ნოემბერს გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე 120 თვის ვადით გაიცა სესხი - 47 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 8% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ხოლო დაზღვევის მართვის საკომისიო - 0.38%-ით;

1.1.3. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად მასსა და თ-------–--------–ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც იპოთეკით დაიტვირთა თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, მ--------------------------------------------, (ს/კ 0----------------------);

1.1.4. მათ შორის ასევე გაფორმდა იპოთეკის საგნის დაზღვევის სესხის ხელშეკრულება ყოველწლიურად 110 აშშ დოლარზე, წლიური 18% სარგებლის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად პირგასამტეხლო განისაზღვრა 0.5%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;

1.1.5. მოპასუხეს სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დაფარვა უნდა ეწარმოებინა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით და ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით;

1.1.6. კრედიტით სარგებლობის პერიოდში მსესხებლის მხრიდან ხდებოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკისა და ხელშეკრულებით დადგენილი ვადებისა და პირობების დარღვევაში;

1.1.7. 2016 წლის 08 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მის მიმართ ერიცხება დავალიანება, საიდანაც ძირითადი თანხაა - 45 704.57 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 756.73 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4 259.76 აშშ დოლარი, ხოლო საკომისიო - 127.41 აშშ დოლარი;

1.1.8. დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მის მიმართ ერიცხება დავალიანება ხელშეკრულების ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3.98 აშშ დოლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია:

2.1. მოპასუხეებმა სარჩელზე დადგენილი წესით წარმოადგინეს იდენტური შესაგებლები, რომელშიც სარჩელი ნაწილობრივ ცნეს.

სასამართლო სხდომაზე დაზუსტებული პოზიციით მოპასუხეებმა - გ---–--------–მა და ნ-----–-----–--------–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის და საკომისიოს - 127.41 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

მოპასუხეებმა სარჩელი ასევე ცნეს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3. 98 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში (იხ. 2018 წლის 09 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი).

შესაგებლის საფუძვლები: (ს.ფ. 96-104; 116-124; 134-142).

2.1.1. ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველია მათი მძიმე მატერიალური მდგომარეობა;

2.1.2. მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 4 259.76 ლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, რის გამოც იგი უნდა შემცირდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეების სახელზე 300 თვის ვადით გაიხსნა იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო ხაზი 50 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

ამავე თარიღში მოსარჩელესა და მოპასუხე თ-------–--------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, მ--------------------------------------------, (ს/კ 0----------------------).

ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იპოთეკით სრულად უზრუნველყოფილია 2015 წლის 24 დეკემბრის საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულებიდან და მის ფარგლებში მოქმედი ხელშეკრულებებიდან, მათ შორის და ყოველგვარი შეზღუდვის გარეშე: საკრედიტო ხაზის, ხაზის ფარგლებში მოქმედი ცალკეული კრედიტების, სადებეტო და საკრედიტო ბარათებიდან წარმოშობილი ვალდებულებების, საბანკო გარანტიებისა და სამომხმარებლო კრედიტების ხელშეკრულებებიდან და სრულად უზრუნველყოფს მსესხებლის მიერ ათვისებული ძირითადი თანხების, საპროცენტო სარგებლის, საკომისიოების, პირგასამტეხლოს, ზიანის ანაზღაურების, ასევე სასამართლოს, აღსრულების, იპოთეკის საგნის რეალიზაციასთან დაკავშირებულ ხარჯებს.

ხელშეკრულების 14.4. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებელს სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულებები (ს.ფ. 15-20; 31-34)

 

3.1.2. 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის გაფორმდა საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების №3-------------- დანართი - საბანკო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმება.

აღნიშნული ხელშეკრულებით განისაზღვრა შემდეგი პირობები: დაზღვევისთვის კრედიტის მაქსიმალური ოდენობა - 203 აშშ დოლარი, მოქმედების ვადა - 300 თვე, წლის განმავლობაში ავტომატურად გაცემული დაზღვევისათვის კრედიტის თითოეული ტრანშის მაქსიმალური ოდენობა - 110 აშშ დოლარი, წლიური სარგებელი - 18%, ხოლო პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეთანხმება, გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 35-42)

3.1.3. 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა №G---------4------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეთა სახელზე 120 თვის ვადით გაიცა სესხი 47 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის თვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენდა წლიურ 8%-ს, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საკრედიტო ხელშეკრულება, დამატებითი პირობები, კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 21-30)

 

3.1.4. მოპასუხეებმა დაარღვიეს მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ნაკისრი ვალდებულება ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად თანხის გადახდის თაობაზე.

2017 წლის 10 ნოემბერს მოპასუხეებს გაეგზავნათ შეტყობინებები ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების მიზნით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი ანგარიშიდან, შეტყობინებები(ს.ფ. 43-48; 51-56)

 

3.1.5. 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით, 2016 წლის 08 ნოემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 52 848.47 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 45 704.57 აშშ დოლარი, პროცენტი - 2 756.73 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 4 259.76 აშშ დოლარი, ხოლო საკომისიო - 127.41 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 57)

 

3.1.6. 2018 წლის 01 მარტის მდგომარეობით, დაზღვევასთან დაკავშირებული დამატებითი შეთანხმებიდან გამომდინარე მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ ერიცხება დავალიანება 116.93 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 109.49 აშშ დოლარი, პროცენტი - 3.46 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 3.98 აშშ დოლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა (ს.ფ. 57)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.2.1. 2016 წლის 08 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 4 259.76 აშშ დოლარი არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრული, შესაბამისად, არსებობს მისი 213 აშშ დოლარამდე (20-ჯერ) შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხეებს - გ---–--------–ს და ნ-----–-----–--------–ს შორის გაფორმებული საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების ფარგლებში 2016 წლის 26 ნოემბერს გაფორმდა №G---------4------ საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხეთა სახელზე 120 თვის ვადით გაიცა სესხი 47 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად განისაზღვრა პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის სადავო არ არის მოპასუხეების მხრიდან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების დარღვევის ფაქტი. დადგენილია, რომ ხელშეკრულების დარღვევიდან გამომდინარე მოპასუხეებს მოსარჩელის მიმართ ერიცხებათ პირგასამტეხლო 4 259.76 აშშ დოლარის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოპასუხეები დარიცხულ პირგასამტეხლოს მიიჩნევენ არაგონივრულად და ითხოვენ მის შემცირებას.

სასამართლო იზიარებს მოპასუხეთა მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებასთან მიმართებით და მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda’’-ს (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმადაც ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).

შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს.

პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012).

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა.

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების „მნიშვნელოვანი’’ თუ „უმნიშვნელო’’ დარღვევა შეფასებითი კატეგორიებია და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში მისი შეფასება სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული. მითითებული გარემოება კი შეფასების საგანი შეიძლება გახდეს პირგასამტეხლოს შემცირებაზე მსჯელობის კონტექსტში.

ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:

ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები;

ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს;

გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს;

დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.

სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. ნიშანდობლივია, რომ სასამართლოს ამგვარი უფლებამოსილება გააჩნია მხოლოდ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს შეთხვევაში, რამეთუ ნორმატიულად განსაზღვრული პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას კანონი არ ითვალისწინებს. ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუსგ №ას-170-165-2016, 14 ივნისი, 2016 წელი; სუსგ №ას-48-43-2015, 19 მარტი, 2015 წელი; სუსგ №ას-637-603-2015, 23 ოქტომბერი, 2015 წელი; სუსგ №ას-23-23-2014, 10 აპრილი, 2014 წელი; სუსგ №ას-1432-1351-2012, 20 მაისი, 2013 წელი).

პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს რომ მოპასუხის მიმართ დაკისრებული პირგასამტეხლო არ არის გონივრული, ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და მისი გადახდა მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. შესაბამისად, ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, ამასთანავე იმ გარემოებაზე ყურადღების გამახვილებით, რომ ბანკი რეალურად მის მიერ სესხად გაცემული თანხის გარდა ასევე იღებს მასზე დარიცხულ სარგებელს, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეთათვის დაკისრებული პირგასამტეხლო, რაც შეადგენს 4 259.76 აშშ დოლარს შეუსაბამოდ მაღალია, იგი უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 213 აშშ დოლარის ოდენობით.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში, ხოლო დანარჩენ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 867-ე, 868-ე, 417-ე, 418-ე, 52-ე, 115-ე, 420-ე, 286-ე, 301-ე მუხლები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 208-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის წარმოშობილია საბანკო კრედიტის სახელშეკრულებო ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით, ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად საქმის წარმოების დაწყების საფუძველი არის მხარის ნება და მის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა, ამავე პრინციპიდან გამომდინარეობს მოპასუხის ნება ცნოს მის მიმართ აღძრული სასარჩელო მოთხოვნა მთლიანად ან ნაწილობრივ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სასამართლო მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა უფლების განმკარგავი აქტია, რომელიც შეიძლება განხილულ იქნას მხოლოდ მის სამართლებრივ შედეგთან ერთიანობაში, სარჩელის ცნობა შეუქცევადია და მას ამ ნაწილში გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოჰყვება შედეგად იმდენად, რამდენადაც სარჩელის ცნობას საფუძვლად ედება პრეზუმფცია, რომ მოპასუხე აღიარებს მის მიმართ წარდგენილ პრეტენზიას და არ აპირებს ამ მოთხოვნისაგან თავდაცვის საპროცესო საშუალების გამოყენებას. შესაბამისად, დასახელებული მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების სრულ საფუძველს.

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეებმა - ნ-----–-----–--------–მა და გ---–--------–მა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 08 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის და საკომისიოს - 127.41 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში. მოპასუხეებმა სარჩელი ასევე ცნეს დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3. 98 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში.

შესაბამისად, მოპასუხეების - ნ-----–---- წ------ლის და გ-- წ------ლის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დავალიანების ძირითადი თანხიდან - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის და საკომისიოს - 127.41 აშშ დოლარის, ასევე დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3.98 აშშ დოლარის გადახდის ნაწილში მათ მიმართ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირობო საფუძველს.

6.3. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულებაზე ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის. მხარეთა მიერ განისაზღვრა პირგასამტეხლოს ოდენობა. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ისინი შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება, შეამციროს არაგონივრული პირგასამტეხლო. სასამართლომ, მოცემულ შემთხვევაში, გონივრულად მიიჩნია, პირგასამტეხლოს შემცირება და მისი განსაზღვრა 213 აშშ დოლარით. შესაბამისად, მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სასამრთლოს მიერ შემცირებული პირგასამტეხლო - 213 აშშ დოლარის ოდენობით. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება, წარმოადგენს მყარ გარანტიას, რომელიც ეძლევა კრედიტორს სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება იპოთეკით დატვირთული ნივთიდან იმ შემთხვევაში, როცა მოვალე არ, ან ვერ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 24 დეკემბერს მოსარჩელესა და მოპასუხე თ-------–--------–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელის სასარგებლოდ, საბანკო მომსახურების შესახებ №G-------- ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, იპოთეკით დაიტვირთა თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება მდებარე თბილისი, მ--------------------------------------------, (ს/კ 0----------------------). ამასთანავე მხარეები შეთანხმდნენ, რომ თუ იპოთეკის საგნის ღირებულება ან მისი რეალიზაციიდან მიღებული ამონაგები საკმარისი არ იქნება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების მთლიანად დასაფარად, იპოთეკარი უფლებამოსილია აღსრულება მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის მიხედვით მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. განსახილველ შემთხვევაში არ არის სადავო ის გარემოება, რომ მოვალეებმა ვერ შეძლეს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს ,,ს----------–--------ის’’ წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს და დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ უნდა მიექცეს თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, მ--------------------------------------------, (ს/კ 0----------------------), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების - ნ-----–---- წ------ლის და გ-- წ------ლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ.

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 3 924 ლარი (ს.ფ. 68). მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ნაწილობრივ, კერძოდ ცნეს სასარჩელო მოთხოვნის 91.96%, შესაბამისად, მოსარჩელეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან უნდა დაუბრუნდეს 3 608.51 ლარი, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლისა.

ამასთან, მოსარჩელის სასარგებლოდ მოპასუხეებს დაეკისრებათ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება დაკმაყოფილებული და მათ მიერ არ ცნობილი მოთხოვნის პროპორციულად, 16 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ს----------–--------ის’’ სარჩელი მოპასუხე ნ-----–---- წ------ლის, გ-- წ------ლის და თ-------–------ლის მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 45 704.57 აშშ დოლარის, პროცენტის - 2 756.73 აშშ დოლარის, საკომისიოს - 127.41 აშშ დოლარის ოდენობით;

3. მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ დაზღვევის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა ძირითადი თანხის - 109.49 აშშ დოლარის, პროცენტის - 3.46 აშშ დოლარის და ჯარიმის - 3. 98 აშშ დოლარის ოდენობით;

4. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხეთათვის პირგასამტეხლოს სახით 4 259.76 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე და მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს და გ---–--------–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროთ პირგასამტეხლოს ანაზღაურება 213 აშშ დოლარის ოდენობით;

5. დავალიანების დაფარვის მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს თ-------–------ლის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის რეკვიზიტებია: თბილისი, მ------------------, კორპუსი N 17, ბინა №87, (ს/კ 0----------------------), ხოლო თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით სრულად არ დაიფარება მოსარჩელის წინაშე არსებული დავალიანება, აღსრულება გაგრძელდეს მოპასუხეების - ნ-----–---- წ------ლის და გ-- წ------ლის საკუთრებაში არსებული სხვა ქონების მიმართ;

6. მოპასუხეებს - ნ-----–-----–--------–ს, გ---–--------–ს და თ-------–--------–ს მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 16 ლარის ოდენობით;

7. მოსარჩელე სს ,,ს----------–--------ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ 01/03/2018 წელს №4100 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3 608.51 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე - მიმღები: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150;

8. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

9. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი