გადაწყვეტილება

სამოქალაქო 23.10.2018
საქმის ნომერი
041210018002564482
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
23.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N041210018002564482

N 2/218-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

23.10.2018 წ. ქ. თერჯოლა

შესავალი ნაწილი

თერჯოლის მაგისტრატი სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი თამარ აბულაძე

მოსარჩელე: გი------------------–---–ი;

მოპასუხე: მა---------------ე,წარმომადგენელი: თე---------------ე;

დავის საგანი: ზიანისა და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოსარჩელე გი------------------–---–ის სასარგებლოდ მოპასუხე მა---------------ისათვის ავტოსატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის შედეგად მიყენებული ზიანის 1000 ლარის, მიუღებელი შემოსავლის 450 ლარის, ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 241 ლარის და მომსახურების სააგენტოდან ცნობების მიღებისათვის გაწეული ხარჯის 42 ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის პოზიცია:

 

მოსარჩელეს 2018 წლის 8 ივნისს ღამის საათებში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ყოფნის დროს შემოესმა ძლიერი საავტომობილო შეჯახების ხმა. ქუჩაში გასვლისას ნახა, რომ მისი საცხოვრებელი სახლის წინ დაყენებულ მისივე კუთვნილ ავტომანქანა ფოლკსვაგენ გოლფს, სახ ნომრით VI-----V, დაჯახებული იყო მერსედეს ბენცის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით BB----X. შეჯახების მომენტისათვის ავტომანქანას მართავდა შო-------------ა, რომელიც არ წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს. აღნიშნული ავტომანქანის მფლობელია მა---------------ე. დაჯახებით მოსარჩელის ავტომობილს მიადგა ექსპლუატაციისათვის უმნიშვნელოვანესი დაზიანება, კერძოდ დეფორმაცია განიცადა ავტომობილის ძარამ, გაანადგურა უკანა და წინა მაშუქები, ავტომობილის შასი გახდა დეფექტური. საერთო ჯამში ავტომობილი ნორმალური ექსპლუატაციისათვის შეუსაბამო გახდა და მისი შეკეთება შეუძლებელია. შეჯახების შემდეგ ადგილზე მივიდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, რომელმაც შეადგინა სამართალდარღვევის ოქმი და შო-------------ას დაეკისრა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ზიანის მიმყენებელი მხარე დაპირდა მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებას, მაგრამ მიუხედავად მრავალგზის კომუნიკაციისა თავს არიდებს პასუხისმგებლობას.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე მა---------------ის წარმომადგენელმა თე---------------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სადავო არ არის მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გი------------------–---–ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, თუმცა მიყენებული ზიანის ოდენობა შეადგენს არა 1000 ლარს, არამედ 500 ლარს და მხოლოდ ამ თანხას აუნაზღაურებს მოპასუხე მხარე მოსარჩელეს. მიაჩნია, რომ ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელი იყო, მაგრამ მოსარჩელემ არ მოისურვა. ავტომანქანა იყო ძველი და შესაძლოა დაზიანებები მას ჰქონდა ამ ავტოსაგზაო შემთხვევამდე. მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში სარჩელს არ ცნობს. მიაჩნია, რომ მოსარჩელე ვერ ადასტურებს, რომ ის ნამდვილად მიიღებდა ამ შემოსავალს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 8 ივნისს ქ. თ---–--–-, ი. ჯა---–-----------------ში მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რამაც გამოიწვია გ. ფ---------–---–-- ავტომობილის მნიშვნელოვანი დაზიანება. ზიანი მიყენებული იქნა შო-------------ას მიერ მართული ავტომობილით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციის ოქმი, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი

დოკუმენტაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. ავტომობილი ფოლკსვაგენ გოლფი სახ. ნომრით VI----V, წარმოადგენს გი------------------–---–ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- ცნობა შს საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან;

- საპატრულო პოლიციის ოქმი, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი

დოკუმენტაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. ავტომობილი მერსედეს ბენცი სახ. ნომრით BB----X, წარმოადგენს მა---------------ის საკუთრებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- ცნობა შს საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოდან;

- საპატრულო პოლიციის ოქმი, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი

დოკუმენტაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. გი------------------–---–ის კუთვნილ ავტომობილს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- საპატრულო პოლიციის ოქმი, ავტოსაგზაო შემთხვევის ამსახველი

დოკუმენტაცია;

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- მოწმეთა ჩვენებები;

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა;

 

3.1.5. გი------------------–---–ი ავტოსაგზაო შემთხვევამდე დასაქმებული იყო შპს ,,ბე-------–ი" მძღოლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ცნობა შპს ,,ბ-------------" დასაქმების შესახებ;

 

3.1.6. გი------------------–---–ის მიერ გადახდილი იქნა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ ექსპერტიზის ჩატარებისათვის მომსახურების ღირებულება 241 ლარი, ხოლო შს მომსახურების სააგენტოში სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ ცნობების მიღებისათვის 42 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში ექსპერტიზის საფასურის გადახდილი ქვითარი;

- შს მომსახურების სააგენტოს ცნობებში გადახდილი ქვითრები.

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. გი------------------–---–ის კუთვნილ ავტომობილს მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი, ზარალის საერთო ღირებულებამ შეადგინა 1000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

- ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროსექსპერტიზის დასკვნა;

- მოწმეთა ჩვენებები

 

3.2.2. გი------------------–---–ის შემოსავალი შპს ,,ბე-------–ი" დასაქმების ფარგლებში თვეში წარმოადგენდა 300 ლარს, რომელიც მან ვერ მიიღო ავტოსაგზაო შემთხვევიდან სარჩელის სასამართლოში წარდგენის მომენტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგი სახის მტკიცებულებებს:

- მოპასუხის ახსნა-განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 408-ე, 409-ე, 415-ე, 992-ე, 999-ე, 1003-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 102-ე, 103-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვლისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლობით განმტკიცებულია ის ზოგადი საფუძვლები, თუ რა შემთხვევაში შეიძლება დაეკისროს პირს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, სახეზე უნდა იყოს ზიანი, ზიანი მიყენებული უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით, ქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი, სახეზეა ზიანის მიმყენებლის ბრალი.

 

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი ადგენს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის ზოგად წინაპირობებს და ნებისმიერი კანონისმიერი ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას ემყარება, საფუძვლიანია მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის ანაზღაურების წინაპირობები, ამასთან, ზიანის არსებობის ფაქტის და მისი ოდენობის მტკიცების ტვირთი პროცესუალურად ეკისრება მოსარჩელეს.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და უდავოა, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა წარმოიშვა ზიანის მიყენების, დელიქტის შედეგად.

 

მხარეთა განმარტებით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ოქმით - კანონიერ ძალაში არსებული წარმოდგენილი საჯარიმო ქვითრით, სქემით დადგენილია, რომ 2018 წლის 8 ივნისს, ქ. თ---–--–- ი. ჯა---–---------------ა სთან, გი------------------–---–ის ავტომანქანას ,,ფოლქსვაგენ გოლფს’’ , შეეჯახა ,,მერსედესის’’ მარკის BB----X სახ. ნომრის მქონე ავტომობილი, რომელსაც მართავდა შო-------------ა, აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა გი------------------–---–ის კუთვნილი ავტომანქანა და მოსარჩელეს მიადგა ზიანი.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შო-------------ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების შედეგად, რაც გამოიხატა მის მიერ სატრანსპორტო საშუალების მართვისას უსაფრთხოების წესის დარღვევაში, დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, რითაც მას მიადგა ზიანი და არსებობს ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმომშობი ყველა წინაპირობა.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულების წარდგენაში, კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს, თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნა, რომლითაც განისაზღვრა ავტომანქანის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა 1000 ლარით, რომელსაც არ ეთანხმება მოპასუხე მხარე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის, ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა მიგვეჩნია, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხეს არ წარმოუდგენია სხვა მტკიცებულება, რომელიც საწინააღმდეგოს დაადასტურებდა. მოპასუხე მხარე მხოლოდ სიტყვიერი განმარტებით იფარგლება და მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეაფასა 500 ლარად, რაც არ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 999-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მგზავრების გადაყვანისა და ტვირთების გადაზიდვისთვის გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, თუ მისი სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციას მოჰყვა ადამიანის სიკვდილი, დასახიჩრება ან ჯანმრთელობის მოშლა, ანდა ნივთის დაზიანება, ვალდებულია დაზარალებულს აუნაზღაუროს აქედან წარმოშობილი ზიანი.

 

ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ პირი სატრანსპორტო საშუალებას იყენებს მფლობელის ნებართვის გარეშე, იგი ვალდებულია მფლობელის ნაცვლად აანაზღაუროს ზიანი. ამასთან, მფლობელი ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი, თუ სატრანსპორტო საშუალების გამოყენება შესაძლებელი გახდა მისი ბრალის გამო. ამ ნაწილის პირველი წინადადება არ გამოიყენება, თუ მოსარგებლე მფლობელის მიერ დანიშნულია სატრანსპორტო საშუალების სამართავად, ან თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მას გადაცემული ჰქონდა მფლობელისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ის 999-ე მუხლი ითვალისწინებს სამოქალაქო სამართლის ზოგადი პრინციპიდან განსხვავებულ - სატრანსპორტო საშუალების მომხმარებლის ისეთ განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას, რა დროსაც მისი დაკისრებისათვის ბრალეულობა სავალდებულო არ არის. ვინაიდან იგი მომეტებული საფრთხის წყაროდაა მიჩნეული და მიუხედავად იმისა, რომ მისი მოხმარება სამართლებრივად ნებადართულია, პასუხისმგებლობა მომეტებული საფრთხის წყაროდან მომდინარე ზიანისათვის, ჩვეულებრივ, სამოქალაქო სამართლებრივ პასუხისმგებლობასთან შედარებით, უფრო მკაცრია - ზიანის ანაზღაურების ვალდებულება მომეტებული საფრთხის წყაროს მფლობელს ბრალის მიუხედავად ეკისრება. მაგრამ დაზარალებულის მიერ უნდა დადასტურდეს ზიანის არსებობის ფაქტი.

 

დადგენილია, რომ ავტომანქანა ეკუთვნის მა---------------ეს. მოცემული საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მართალია გამოწვეული იყო მძღოლ შო-------------ას მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულვებელყოფის გამო, ამდენად, სახეზეა ზიანი, რომელიც წარმოიშვა მისი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით, მოპასუხის მიერ რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება, მისი პასუხისმგებლობის გამომრიცხავი წარმოდგენილი ვერ იქნა. ვინაიდან ავტომანქანა წარმოადგენს მა---------------ის საკუთრებას, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოეშვა სწორედ მოპასუხეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია, ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.

 

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებით ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტიზის დასკვნით და ქსპერტების ნიკ--–--–----–---–-ს და არ---–------–---–-ს ჩვენებებით დადგენილია, რომ ავტომანქანის დაზიანებით გი------------------–---–ისათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ოდენობა შეადგენს 1000 ლარს, რომლის საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად მოთხოვნა ზიანის 1000 ლარის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მიუღებელ შემოსავალში იგულისხმება შემოსავალი, რომელიც ჩვეულებრივ პირობებში ან განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას, კერძოდ კი, ღონისძიებების გატარებისა და უსაფრთხოების ზომების მიღებისას, სავარაუდოდ/დიდი ალბათობით იქნებოდა მოსალოდნელი. შესაბამისად, მტკიცება, მიიღებდა თუ არა მოსარჩელე შემოსავალს და რა ოდენობით ეკისრება მასვე.

 

როგორც აღინიშნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

აღნიშნული ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

 

გი------------------–---–ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი მტკიცებულებები ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მიუღებელი შემოსავლის შესახებ, ხოლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით, რომ იგი ნამდვილად მუშაობს შ.პ.ს. ,,ბა-------–ი“ მძღოლად, ვერ დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელე მიიღებდა შემოსავალს 450 ლარის ოდენობით და ავტომანქანის დაზიანების გამო ვერ მიიღო. მოსარჩელემ ვერ დაადასტურა შესაბამისი მტკიცებულებებით, რომ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მან ვერ მიიღო შემოსავალი 450 ლარის ოდენობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოსარჩელე გი------------------–---–ის სარჩელი მიუღებელი შემოსავლის 450 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მოპასუხე მა---------------ეს დაეკისროს მოსარჩელე გი------------------–---–ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე და 44-ე მუხლების თანახმად საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს შეადგენს სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯები და სხვა აუცილებელი ხარჯები.

ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება, შესაბამისად მოპასუხემ უნდა აუნაზღაუროს მოსარჩელეს მის მიერ გაღებული ხარჯი, კერძოდ სპეციალურ საექსპერტო დაწესებულებაში სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების ხარჯი 241 ლარის და მომსახურების სააგენტოდან ცნობების მიღებისათვის გაწეული ხარჯის 42 ლარის, ჯამში 283 ლარის ანაზღაურება.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება განსახილველ საქმეში გამოყენებული არ ყოფილა

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელე გი------------------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2. მოპასუხე მა---------------ეს (პ/ნ----------2) დაეკისროს მოსარჩელე გი------------------–---–ის(პ/ნ01--------7) სასარგებლოდ მიყენებული ზიანის 1000 (ათასი) ლარის ანაზღაურება.

3. მოპასუხე მა---------------ეს(პ/ნ----------2) დაეკისროს მოსარჩელე გი------------------–---–ის (პ/ნ01--------7) სასარგებლოდ ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის 241 ლარის და მომსახურების სააგენტოდან ცნობების მიღებისათვის გაწეული ხარჯის 42 ლარის, ჯამში 283 (ორას ოთხმოცდასამი) ლარის ანაზღაურება.

4. მოსარჩელე გი------------------–---–ის(პ/ნ01--------7) სარჩელი მიუღებელი შემოსავლის 450 ლარის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

5. მოპასუხე მა---------------ეს(პ/ნ----------2) დაეკისროს მოსარჩელე გი------------------–---–ის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თერჯოლის მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თერჯოლის მაგისტრი სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე