გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2998-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
19 ნოემბერი, 2018 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მანანა ნიკაჭაძე
სხდომის მდივანი - თამარი შალამბერიძე
მოსარჩელე - გ------- მ------–---–ი
მოპასუხე - ნ--- ქ------ე
წარმომადგენელი - ნ----- მ---------–--
დავის საგანი: ქმედების დავალდებულება, თანხის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს მონაწილეობა მიიღოს საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში სარგებლობის პერიოდში.
მოსარჩელის განმარტებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მისი სარჩელი, კერძოდ მას უარი ეთქვა მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთაზე) სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან 2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
რაც შეეხება მის მოთხოვნას - საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების შესახებ, რომელიც სარჩელში ასევე მითითებული ჰქონდა, სასამართლოს არ უმსჯელია და მის შესახებ გადაწყვეტილება არ გამოუტანია.
სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მისი საჩივარი, გაუქმებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. მისი სარჩელით წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა გადაწყვეტილებით დადგენილი 2016 წლის იანვრის თვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრებას 30 ლარის ოდენობით საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი, ხოლო რაც შეეხება მისი სარჩელით წარმოდგენილ მოთხოვნას მოპასუხე ნ--- ქ------ის მიმართ იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვს ნ--- ქ------ის დავალდებულებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სარგებლობაში არსებული საკანალიზაციო ჭის გაწმენდაში სარგებლობის პერიოდში, არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ განმარტა, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე სარგებლობს მოსარჩელის ეზოში გამავალი საკანალიზაციო ხაზით, რომელიც არის მნიშვნელოვნად დაზიანებული და საჭიროებს სისტემატურ გაწმენდას და ხარჯების გაღებას. მოპასუხე, როგორც ამ დაზიანებული ხაზის თანამოსარგებლე, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს და გაიღოს ხარჯები მის გაწმენდაში, რასაც ის, მისი მოთხოვნის მიუხედავად, არ ასრულებს. 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივლისამდე სულ 8-ჯერ თუ ექნება მონაწილეობა მიღებული ასეთის გაწმენდაში, მაშინ როდესაც, თავად, დაზიანებულ ხაზს იგი მუდმივად წმენდს 1985 წლიდან მინიმუმ 2 თვეში სამჯერ. მოპასუხე ნ--- ქ------ის მიერ აღიარებულია, რომ თანასარგებლობაში არსებული მისი კუთვნილი საკანალიზაციო ხაზი ავარიულად არის დაზიანებული და მისი სისტემატურად გაწმენდის საჭიროება არსებობს. მოპასუხე ნ--- ქ------ე, როგორც ამ დაზიანებული ხაზის თანამოსარგებლე, ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს და გაიღოს ხარჯები მის გაწმენდაზე მისი წილის პროპორციულად. ვინაიდან ეს დაზიანებული ხაზი მდებარეობს უშუალოდ მის წინა ეზოში და მისი გაუწმენდაობა ე.წ.,,გაჭედვა’’, რეალურად აწუხებს მხოლოდ მას და მის ოჯახს, რის გამოც ნ--- ქ------ე ვალდებულია, მონაწილეობა მიიღოს მის გაწმენდაში, რისთვისაც უნდა გაიღოს მისი წილი ხარჯი პროპორციულად ყოველთვიურად 22.50 ლარი, საკანალიზაციო ხაზით სარგებლობის მთელი პერიოდის მანძილზე, ასევე 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე პერიოდის - 855 ლარი.
გ------- მ------–---–მა 2018 წლის 09 ნოემბერს წარმოდგენილი განცხადებით კი, მოითხოვა შესწორება მოთხოვნაში - ,,დაზიანებული საკანალიზაციო ხაზის გაწმენდის მისი წილი კომპენსაცია 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით - თვეში 22.50 ლარი, რაც ჯამში შეადგენს 1147,50 ლარს’’.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნ--- ქ------ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მოსარჩელე მხარეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, იყო თუ არა ნამდვილად გაჭედილი საკანალიზაციო ხაზი, რა ღონისძიება განახორციელა მან მის გასაწმენდად და რა ხარჯი გასწია მოსარჩელემ მილის გასაწმენდად. მოპასუხე მხარისთვის გაურკვეველია, თუ რატომ ითხოვს მოსარჩელე მოპასუხისათვის ყოველთვიურად 22.50 ლარის დაკისრებას. მისთვის ბუნდოვანია, თუ საიდან მოახდინა მოსარჩელემ ამ თანხის დაანგარიშება. მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით, სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
მოპასუხე ნ--- ქ------ე დაეთანხმა წარმომადგენლის პოზიციას.
3. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1. 2017 წლის 28 ივნისს, გ------- მ------–---–მა სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ--- ქ------ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების, თანხის დაკისრების, თანხის დაკორექტირებისა და საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით.
3.2. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 04 ივლისამდე ქ. ქუთაისში, დ. თ------------–ის ქ. N5-ში მდებარე უძრავი ქონება - არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, დაზუსტებული ფართობი: 419.00 კვ.მ., რომელზეც გადის მხარეთა საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი, დარეგისტრირებული იყო ე. ქომეთიანის საკუთრებად და 2014 წლის 4 ივლისს აღირიცხა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებად N140677473 კანონისმიერი სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე (დამოწმების თარიღი: 01/07/2014წ.). შესაბამისად მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ცხოვრობს ქ.ქუთაისში, დ---------------–ის ქ.35-ში. ხოლო მოპასუხე ნ--- ქ------ე ცხოვრობს ქ. ქუთაისში, ბ-------- ქ.№---ში მდებარე საცხოვრებელ სახლში.
3.2. მოსარჩელე გ------- მ------–---–ი არის ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირი უვადოდ. მას სოციალური მომსახურების სააგენტოს იმერეთის სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრში დანიშნული აქვს სახელმწიფო გასაცემელი ასაკის კატეგორიით. მისი სოციალური პაკეტი/ფულადი კომპონენტი შეადგენს 180 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -20 ),-ცნობა (ს/ფ - 15 ),-სამკვიდრო მოწმობა (ს/ფ -17-19 )
3.3. მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით.
3.4. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია რომ, 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ. დადგენილი იქნა ასევე, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, რა მიზნითაც გ------- მ------–---–ს დაევალა გახსნას მის მიერ ჩაკეტილი საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი.
3.5. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით ნ--- ქ------ეს მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის კომპენსაციის სახით დაეკისრა ყოველთვიურად 30 ლარის გადახდა გ------- მ------–---–ის სასარგებლოდ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 05 ივნისის გადაწყვეტილება (იხ. ს/ ფ 63-72),- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს/ფ -20 ),- ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილება (ს/ფ-49-72 ),- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. 2018 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.6. 2018 წლის 03 აპრილს, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ მიღებული გადაწყვეტილებით, მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, კერძოდ, მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის სახურავი-სათავსოს განზრახ სანიაღვრე მილის მეშვეობით დაზიანების შეწყვეტაზე (ხელშეშლის აღკვეთაზე) სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ასევე მიყენებული ზიანის ანაზღაურების, კომპენსაციის დაკორექტირებისა და 1988 წლიდან 2012 წლამდე კომპენსაციის დაკისრების თაობაზე, მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.
3.7. დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელე გ------- მ------–---–ის იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით შესაბამისი ხარჯების გაღებაზე მოპასუხის დავალდებულებას.
3.8. ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საჩივარი, გაუქმებული იქნა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება. გ------- მ------–---–ის სარჩელით წარდგენილ სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილში, რომლითაც იგი ითხოვდა გადაწყვეტილებით დადგენილი 2016 წლის იანვრის თვის კომპენსაციის ანაზღაურების დაკისრებას 30 ლარის ოდენობით, საქმის წარმოება შეწყდა, ხოლო გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელი.
3.9. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით და 2018 წლის 03 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნაზე - საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ გამოუტანია, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ.154-164 )
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილება(იხ.ს.ფ. 230-245)
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 03 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილება (იხ.ს.ფ. 267-273)
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე ყოველთვიურად უხდის გ------- მ------–---–ს სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებულ 30 ლარს საკანალიზაციო მილით სარგებლობისათვის.
-სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება (სასამ.სხდომის ოქმი),- ამონაწერები საბანკო ანგარიშიდან (ს/ფ -24-26)
4.2. საქმეზე წარმოდგენილი იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბაჩანა შონიას მიერ 2017 წლის 01 ივნისს შედგენილი სააღსრულებო მოქმედების შესახებ ოქმის თანახმად, გამოცხადდნენ სააღსრულებო ფურცელში მითითებულ მისამართზე, ქ.ქუთაისი, დ---------------–ის ქ.#5, სადაც დახვდათ მოვალე გ------- მ------–---–ი, რომლის განცხადებით მის მიერ საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი ჩაკეტილი არ არის განზრახ და მისი განმარტებით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ მოიყვანოს მუშები და გაწმინდოს საკანალიზაციო მილი, რაზეც მოვალე წინააღმდეგი არ არის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს/ფ -146-147 ),-ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ს/ფ- 47-48 ),- მხარეთა ახსნა - განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
4.3. იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის ბაჩანა შონიას მიერ 2017 წლის 05 ივნისს შედგენილი ოქმის თანახმად, გამოცხადდნენ მისამართზე, ქ.ქუთაისი, ბ-------- ქ. #1--, კრედიტორმა ნ--- ქ------ემ ,,წყალკანალიდან’’ მოიყვანა სპეციალისტები, რომლებმაც გაწმენდითი სამუშაოები ჩაუტარეს საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილს. შესაბამისად დადგენილ იქნა, რომ ოქმის შედგენის დროისათვის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილი აღარ იყო ჩაკეტილი და წყალი გაედინებოდა თავისუფლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ადგილზე დათვალიერების ოქმი (ს/ფ -146-147),-ოქმი სააღსრულებო მოქმედების შესახებ (ს/ფ -47-48)
4.4. მოსარჩელე გ------- მ------–---–ი თავისი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს, მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს მონაწილეობა მიიღოს საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის მილის გაწმენდაში. იგი უთითებს, რომ საკანალიზაციო მილი საჭიროებს სისტემატურ გაწმენდას და ხარჯების გაღებას. მისივე განმარტების თანახმად, მოპასუხეს 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივლისამდე სულ 8-ჯერ თუ ექნება მონაწილეობა ასეთის გაწმენდაში, მაშინ როდესაც თავად დაზიანებულ ხაზს იგი მუდმივად წმენდს 1985 წლიდან მინიმუმ 2 თვეში სამჯერ. მოსარჩელე ასევე ითხოვს, ნ--- ქ------ეს დაევალოს მისი წილი ხარჯის, ყოველთვიურად 22.50 ლარის გადახდა საკანალიზაციო ხაზის გაწმენდისათვის 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრის ჩათვლით.
თუმცა ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ გ------- მ------–---–ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება იმის შესახებ, ამჟამად რეალურად საჭიროებს თუ არა საკანალიზაციო მილი გაწმენდას, დადებით შემთხვევაში, რა პერიოდულობით არის საჭირო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რა ხარჯი გასწია, ან/და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული გაწმენდითი ღონისძიებების განხორციელება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი)
4.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
4.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
4.7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
4.8. სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფორმალური და ფაქტობრივი საფუძვლები, რის გამოც გ------- მ------–---–ს უარი უნდა ეთქვას სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
6. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე, 172-ე, 174-ე, 180-ე,-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე,103-ე, 105-ე-106-ე, 261-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საკუთრების უფლება არ არის აბსოლუტური უფლება და მესაკუთრის უფლებები ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით(ნივთით) ისე, რომ არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა - შეიძლება შეიზღუდოს კანონით ან ხელშეკრულებით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, რომელზეც დადგენილი ფაქტები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებას არ საჭიროებენ, დადგენილია, რომ მოპასუხე ნ--- ქ------ე 1985 წლიდან სარგებლობს ამჟამად მოსარჩელე გ------- მ------–---–ის საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთში გამავალი საკანალიზაციო სისტემით. ამავე გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ 1985 წელს სახლის შეძენის დროს და 2012 წლის ივნისამდე საკანალიზაციო მილთან დაკავშირებით მხარეებს დავა არ ჰქონიათ.
7.2. დადგენილი იქნა, რომ გ------- მ------–---–მა 2012 წლის ივნისში ნ--- ქ------ეს ჩაუკეტა საკანალიზაციო ხაზი, რის გამოც ამ უკანასკნელმა მიმართა სასამართლოს საერთო საკანალიზაციო მილით სარგებლობის შეზღუდვის აკრძალვის თაობაზე. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის საფუძველზე, დააკმაყოფილა ნ--- ქ------ის სარჩელი და აეკრძალა გ------- მ------–---–ს ნ--- ქ------ისათვის საერთო სარგებლობის საკანალიზაციო მილით სარგებლობის ხელშეშლა, ასევე დაეკისრა ნ--- ქ------ის სასარგებლოდ საკანალიზაციო ხაზის გახსნა და შესაბამისად ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად მისი მიწის ნაკვეთის გამოყენების თმენის ვალდებულება.
სამოქალაქო კოდექსის 174-ე მუხლის თანახმად, მეზობელი მიწის ნაკვეთის ან სხვა უძრავი ქონების მესაკუთრენი, გარდა კანონით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობებისა, ვალდებულნი არიან პატივი სცენ ერთმანეთს. მეზობლად მიიჩნევა ყველა ნაკვეთი ან სხვა უძრავი ქონება, საიდანაც შესაძლებელია გამომდინარეობდეს ორმხრივი ზემოქმედება.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის გადაწყვეტილებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ სამეზობლო სამართალი დამყარებულია მეზობლების ურთიერთპატივისცემაზე, თუმცა კანონით გათვალისწინებულ შეთხვევაში მესაკუთრეს შეიძლება დაეკისროს მისი საკუთრებით სარგებლობის თმენის ვალდებულება. სწორედ ასეთი თმენის ვალდებულებაა გათვალისწინებული საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, თუ მიწის ნაკვეთს არა აქვს ჯეროვანი გამოყენებისათვის აუცილებელი კავშირი საჯარო გზებთან, ელექტრო, ნავთობის, გაზისა და წყალმომარაგების ქსელთან, მაშინ მესაკუთრეს შეუძლია მეზობელს მოსთხოვოს, რომ მან ითმინოს მისი მიწის ნაკვეთის გამოყენება ამგვარი აუცილებელი კავშირის უზრუნველსაყოფად. იმ მეზობლებს, რომელთა ნაკვეთზედაც გადის აუცილებელი გზა ან გაყვანილობა, უნდა მიეცეთ შესაბამისი კომპენსაცია, რომელიც, მხარეთა შეთანხმებით, შეიძლება ერთჯერადი გადახდით გამოიხატოს.
ამასთან, ამ უფლების შეზღუდვა დაშვებულია მხოლოდ კანონისმიერი ან სახელშეკრულებო ბოჭვის ფარგლებში. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლით კანონი მესაკუთრის მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების შეზღუდვას აწესებს მხოლოდ ნორმაში აღნიშნულ წინაპირობათა უტყუარად არსებობის შემთხვევაში. ამავდროულად, ამ წინაპირობების არსებობის აუცილებლობაზე გავლენას არ ახდენს მესაკუთრის მიერ მეზობლისათვის გარკვეული პერიოდის განმავლობაში ნებისმიერი მიზნით (მეორე მეზობლის მიერ ნაკვეთით უკეთ სარგებლობის ან სხვა) და საფუძვლით (კეთილმეზობლური, ნათესაური და სხვა) მიწის ნაკვეთების სარგებლობის უფლების გადაცემა. ამდენად, მატერიალური სამართლით გათვალისწინებულ წინაპირობათა არსებობა კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით სარწმუნოდ უნდა იქნეს დადგენილი (უზენაესი სასამართლოს განმარტება, საქმე Nას-102-100-2011).
7.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოსარჩელე გ------- მ------–---–ი თავისი სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს მოპასუხე ნ--- ქ------ეს დაევალოს, მონაწილეობა მიიღოს საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში და გაიღოს მისი წილი ხარჯი. იგი უთითებს, რომ საკანალიზაციო მილი საჭიროებს სისტემატურ გაწმენდას და ხარჯების გაღებას. თავად 1985 წლიდან მუდმივად წმენდს აღნიშნულს მინიმუმ 2 თვეში სამჯერ, მაშინ როდესაც 2013 წლის სექტემბრიდან 2014 წლის ივლისამდე მოპასუხეს სულ 8-ჯერ თუ ექნება ასეთი მოქმედება განხორციელებული. მოსარჩელე ასევე ითხოვს ნ--- ქ------ეს, როგორც თანამფლობელს, სამოქალაქო კოდექსის 960-ე მუხლის მიხედვით, დაევალოს მისი წილი ხარჯის, ყოველთვიურად 22.50 ლარის გადახდა საკანალიზაციო ხაზის გაწმენდისათვის 2014 წლის ივლისიდან 2018 წლის ოქტომბრამდე.
სასამართლო ვერ იმსჯელებს მოსარჩელის 09.11.2018წ. განცხადებაში დაყენებულ შესწორებულ მოთხოვნაზე, რადგან იგი წარმოდგენილ იქნა სათათბირო ოთახში სასამართლოს გასვლის შემდეგ.
სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ხაზგასმით განმარტოს, რომ პირისათვის რაიმე ქმედების დავალდებულება უნდა ემყარებოდეს როგორც ფაქტობრივ, ისე სამართლებრივ საფუძვლებს. სახელდობრ, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს და არ უნდა იყოს დამოკიდებული სამომავლო, სავარაუდო მოვლენის ან ფაქტის დადგომაზე.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა ის გარემოებები, რომლებზედაც ის ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას. კერძოდ, მოსარჩელე გ------- მ------–---–ს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია არცერთი მტკიცებულება (შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული) იმის შესახებ, ამჟამად საჭიროებს თუ არა საკანალიზაციო მილი გაწმენდას, რა სახის დაზიანებაა, რა პერიოდულობით არის საჭირო გაწმენდითი სამუშაოების ჩატარება, რა ხარჯი გასწია, ან/და რა ხარჯებთან არის დაკავშირებული გაწმენდითი ღონისძიებების განხორციელება, ხოლო მარტოოდენ მისი ზეპირსიტყვიერი განმარტება ასეთის დასადასტურებლად სასამართლოს არ მიაჩნია საკმარის და ვარგის მტკიცებულებად უტყუარობის თვალსაზრისით, რასაც შეიძლება დაემყაროს სასამართლო გადაწყვეტილება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი უნდა ეთქვას საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის ხაზის გაწმენდაში მოპასუხე ნ--- ქ------ის მონაწილეობის დავალდებულების (ხარჯის გაღების) თაობაზე, მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
7.6. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით ან მხარეთა თხოვნით გამოიტანოს დამატებითი გადაწყვეტილება, თუ:
ა) იმ მოთხოვნის გამო, რომლის შესახებაც მხარეებმა წარადგინეს მტკიცებულებანი და მისცეს ახსნა-განმარტებანი, გადაწყვეტილება არ გამოტანილა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, 2017 წლის 28 ივნისს, გ------- მ------–---–მა სარჩელით მომართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ნ--- ქ------ის მიმართ ხელშეშლის აღკვეთის, ზიანის ანაზღაურების, თანხის დაკისრების, თანხის დაკორექტირებისა და საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის დავალდებულების მოთხოვნით.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 03 აპრილის გადაწყვეტილებით, სასამართლოს არ უმსჯელია მოსარჩელე გ------- მ------–---–ის იმ სასარჩელო მოთხოვნაზე, რომლითაც ის ითხოვდა მოპასუხის დავალდებულებას საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით და 2018 წლის 03 ივლისის დამატებითი გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნაზე - საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების შესახებ, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს არ უმსჯელია და გადაწყვეტილება არ გამოუტანია, შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში არსებითი განხილვისათვის დაუბრუნდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს.
მოსარჩელე გ------- მ------–---–მა მოითხოვა დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანა საერთო სარგებლობაში არსებული კანალიზაციის ხაზის გაწმენდაში მოპასუხის მონაწილეობის დავალდებულების შესახებ.
სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე მუხლზე დაყრდნობით განმარტავს, რომ დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი შეიძლება დაისვას გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში. ამ ვადის გაგრძელება კი არ დაიშვება. მოსარჩელე გ------- მ------–---–ის მიერ 2017 წლის 28 ივნისს შეტანილი სარჩელის გამო ქუთაისის საქალაქო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა 2018 წლის 3 აპრილს. გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 7 დღის ვადაში მოსარჩელე გ------- მ------–---–ს სასამართლოს წინაშე არ დაუსვამს დამატებითი გადაწყვეტილების გამოტანის საკითხი. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მას მოსარჩელე გ------- მ------–---–ის მოცემულ სასარჩელო მოთხოვნაზე არა დამატებითი გადაწყვეტილება, არამედ სარჩელის არსებითი განხილვის შედეგად, შესაბამისი დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა მიეღო.
8. საპროცესო ხარჯები
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე გ------- მ------–---–ი ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,მ“ ქვეპუნქტის თანახმად, გათავისუფლებულია სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. გ------- მ------–---–ის სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდეს - მოსარჩელე გ------- მ------–---–ს უარი ეთქვას მოპასუხე ნ--- ქ------ისათვის ქმედების დავალდებულებისა და 2014 წლიდან 2018 წლის ოქტომბრამდე კომპენსაციის სახით ყოველთვიურად 22.50 ლარის გადახდის დაკისრების თაობაზე;
3. მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მანანა ნიკაჭაძე
მოსამართლე