გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2018
საქმის ნომერი
330210018002486953
კატეგორია
დავის ტიპი
დელიქტური ვალდებულებანი
თარიღი
20.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/17091-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

18 ოქტომბერი, 2018 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

მოსარჩელე - სა----------------------–-------ი

წარმომადგენელი - მა----------ე

მოპასუხე - ირ---–---------ე

წარმომადგენელი - გი-------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ირ---–---------ეს სა----------------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 7750 ლარის გადახდა.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

მოსარჩელეს უნდოდა წყალსადენის მოწყობა მის კუთვნილ სახლში მდებარე: ქ. თბ--–-------–-–------------------–---–ის ქუჩა. ვინაიდან კომპანია „ჯო-------------------------------ში“ მითითებული საფასური იყო ძალიან მაღალი, იმავე კომპანიის მუშაკებმა მოსარჩელეს შესთავაზეს ალტერნატიული გზა - მიემართა მეწარმე ირ---–---------ისათვის, რომელიც კერძოდ ახორციელებდა მსგავს სამუშაოებს.

 

2017 წლის დეკემბერში მხარეები შეთანხმდნენ, რომ 2018 წლის იანვარში (ამინდის გაუარესების შემთხვევაში, თებერვალში) ირ---–---------ე 7000 ლარად (მასალების ჩათვლით) შეასრულებდა ზემოთ აღნიშნულ სამუშაოებს, რომლის ხანგრძლივობა იქნებოდა მაქსიმუმ რამდენიმე დღე, ვინაიდან პროექტი და ყველა ნებართვა სამუშაოებზე მოსარჩელეს უკვე ჰქონდა მოპოვებული. მოპასუხეს მხოლოდ უნდა გაეყვანა მილები და მოეხდინა წყლის მაგისტრალზე შეერთება.

 

იანვრის ბოლოს ირ---–---------ემ მართლაც მიიყვანა ტრაქტორი და ამუშავა ობიექტზე 2 საათის განმავლობაში, რაშიც გამოართვა მოსარჩელეს 300 ლარი და მოახდინა იმის ინსცენირება, რომ იგი ნამდვილად ასრულებდა ნარდობის პირობებს. ამის შემდგომ, მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა 5750 ლარი, რადგან სხვანაირად მოპასუხე არ იწყებდა სამუშაოებს. ხოლო როდესაც მას უნდა დაეწყო ძირითადი სამუშაოების შესრულება, იგი აღარ ეკონტაქტებოდა მოსარჩელეს და არ ასრულებდა დაპირებულ სამუშაოს. როდესაც მოსარჩელემ შეძლო კონტაქტზე გასვლა, ირ---–---------ემ განუცხადა, რომ დათქმულ თანხას კიდევ აკლდა 2000 ლარი, რაც აპრილის თვეში, ასევე ჩაერიცხა მოსარჩელის მიერ. თუმცა, მოპასუხე დღემდე თავს არიდებს სამუშაოების შესრულებას, ხოლო თანხის დაბრუნებაზე უარს აცხადებს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის უნდა გაფორმებულიყო ნარდობის ხელშეკრულება, თუმცა აღნიშნული ხელშეკრულება მათ შორის არ გაფორმებულა. რაც შეეხება მოთხოვნილი თანხის ოდენობას, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის 7750 ლარის დაკისრება, თუმცა მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია თანხის გადარიცხვის ქვითრები 5 ცალად, რომელთა საერთო ჯამი შეადგენს - 5650 ლარს და არა 7750 ლარს. ამასთან, ხსენებულ ქვითრებში არ არის მითითებული თანხის მიმღები პირი და გადარიცხვის დანიშნულება. ირ---–---------ეს მოსარჩელისაგან არ ჩარიცხვია სამუშაოების შესასრულებლად არანაირი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2018 წლის იანვრის ბოლოს, ირ---–---------ემ სა----------------------–-------ის საცხოვრებელ სახლში, მდებარე: ქ. თბ--–-------–-–------------------–---–ის ქუჩა, წყალსადენის მოწყობის მიზნით, ობიექტზე მიიყვანა ტრაქტორი და ამუშავა 2 საათის განმავლობაში. აღნიშნულის შემდგომ, მას ობიექტზე სამუშაოები აღარ განუხორციელებია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. სასამართლო ადგენს, რომ 2017 წლის დეკემბერში სა----------------------–-------ისა და ირ---–---------ეს შორის დაიდო ზეპირი ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ირ---–---------ემ იკისრა ვალდებულება სა----------------------–-------ის საცხოვრებელ სახლში მდებარე: ქ. თბ--–-------–-–------------------–---–ის ქუჩა, განეხორციელებინა წყალსადენის მოწყობის სამუშაოები, ხოლო სანაცვლოდ სა----------------------–-------ის მისთვის უნდა გადაეხადა - 7000 ლარი.

 

სასამართლო ადგენს, რომ სა----------------------–-------იმ მასსა და ირ---–---------ეს შორის 2017 წლის დეკემბერში გაფორმებული ნარდობის ხელშეკრულების საფუძველზე, მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაოების ასანაზღაურებლად ირ---–---------ეს პირად ანგარიშზე გადაურიცხა - 5650 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებული შეჯიბრებითობის პრინციპიდან გამომდინარეობს მხარის თავისუფლება, მისი მოთხოვნის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენაში. კერძოდ, მხარე აღჭურვილია უფლებით, თავადვე განსაზღვროს თუ რა ფაქტებითა და მტკიცებულებებით დაადასტუროს მისი მოთხოვნა, მან საკუთარი შეხედულებით, დამოუკიდებლად უნდა განსაზღვროს და გადაწყვიტოს თუ რა ფაქტობრივი საფუძვლის მითითებით გაამყაროს მისი მოთხოვნის მართებულობა, ამ მხრივ მხარეს აქვს აბსოლუტური შესაძლებლობა, მიუთითოს ნებისმიერ ფაქტსა თუ მოვლენაზე, რაც, მისი აზრით, ადასტურებს მისი მოთხოვნის კანონიერებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. იმ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, კი მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. კერძოდ, მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის გადანაწილებას არამარტო საპროცესო-სამართლებრივი მნიშვნელობა აქვს, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ საპროცესო მოვალეობის შეუსრულებლობას, ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი - არახელსაყრელი შედეგი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ მართლმსაჯულების მიზანი მტკიცებულებათა ერთობლივი ანალიზის, მათი ობიექტური და სრულყოფილი შესწავლის შედეგად ჭეშმარიტების უტყუარად გამორკვევაა იმგვარად, რომ დადგენილი გარემოება არ ემყარებოდეს მხოლოდ ვარაუდს, არამედ განპირობებული იყოს საქმის მასალების ერთობლივი ანალიზით (საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლი). სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე განმარტავს, რომ 2017 წლის დეკემბერში სა----------------------–-------ი და ირ---–---------ე შეთანხმდნენ, რომ ირ---–---------ე 7 000 ლარის გადახდის სანაცვლოდ, სა----------------------–-------ის სახლში შეასრულებდა წყალსადენის მოწყობის სამუშაოებს, რომლის ხანგრძლივობაც იქნებოდა რამდენიმე დღე. მოპასუხის მიერ შესასრულებელი სამუშაო მოიცავდა მილების გაყვანასა და წყლის მაგისტრალზე დაერთებას. მოსარჩელე, ასევე განმარტავს, რომ ირ---–---------ემ 2018 წლის იანვრის ბოლოს მართლაც მიიყვანა ტრაქტორი და ობიექტზე ამუშავა 2 საათის განმავლობაში. თუმცა, მოპასუხე უარყოფს მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობას და განმარტავს, რომ მართალია მხარეთა შორის უნდა შემდგარიყო შეთანხმება, თუმცა აღნიშნული შეთანხმება ვერ შედგა, ვინაიდან მენარდის მიერ გარკვეული სამუშაოების ჩატარებას ესაჭიროებოდა ნარდობის ხელშეკრულების წერილობითი ფორმით გაფორმება, რათა შესაბამის დაწესებულებებში მენარდე ყოფილიყო შემკვეთის ოფიციალური წარმომადგენელი, მოსარჩელის მიზეზით, კი საბოლოო ჯამში შეთანხმება წერილობით ვერ გაფორმდა. ამასთან, მოპასუხე არ უარყოფს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის სიტყვიერი შეთანხმება მიმდინარეობდა ზემოთ აღნიშნული პირობებით, ასევე იმ გარემოებას, რომ ირ---–---------ემ მართლაც მიიყვანა ადგილზე ტრაქტორი და განახორციელა ობიექტზე გარკვეული სახის სამუშაოები 2 საათის განმავლობაში.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

სამოქალაქო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებისათვის სპეციალურ ფორმას. შესაბამისად, ხელშეკრულება შესაძლებელია დაიდოს როგორც წერილობით, ასევე ზეპირი ფორმით. ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, რომელიც დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითად კი მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება. განსახილველ შემთხვევაში, სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მხარეები ზეპირი ფორმით შეთანხმებულნი იყვნენ წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელების თაობაზე, რის საფუძველზეც ირ---–---------ემ 2018 წლის იანვარში ობიექტზე ტრაქტორით განახორციელა გარკვეული სამუშაოები. შეთანხმებული იყო, ასევე საზღაური შესასრულებელი სამუშაოებისათვის - 7 000 ლარის ოდენობით. ამასთან, მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ მოსარჩელესთან სხვა სამართლებრივ ურთიერთობაში, გარდა სარჩელში მითითებულისა, არ ყოფილა.

 

მოპასუხის მიერ სარჩელში მითითებულ გარემოებებთან დაკავშირებით წარმოდგენილია არაკვალიფიციური შესაგებელი, რომელიც არ შეიცავს სარჩელის გამომრიცხავ ან/და შემაფერხებელ გარემოებებზე მითითებას. მოპასუხე მხოლოდ აბსტრაქტულად მიუთითებს, რომ მხარეთა შორის უნდა მომხდარიყო შეთანხმება, თუმცა ვერ მოხდა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების ზოგადი პრინციპის შესაბამისად, ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე, ნარდობის ხელშეკრულების არსებობის მტკიცების ტვირთი ეკისრება შემკვეთს. თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე უთითებს მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობაზე, მოპასუხე არ უარყოფს ნარდობის ხელშეკრულების არსებით პირობებზე შეთანხმებასა და მის მიერ ობიექტზე გარკვეული სამუშაოების დაწყებას, ხოლო ნარდობის ხელშეკრულების გაფორმებას კანონმდებლობა ითვალისწინებს ზეპირი ფორმითაც, მოპასუხის მხოლოდ აბსტრაქტული უარყოფა საკმარისი არ არის საწინააღმდეგოდ ამოქმედებული პრეზუმფციის გასაქარწყლებლად, რომ მხარეთა შორის არ არსებობდა ნარდობის ხელშეკრულება.

 

მოპასუხემ მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, ვერ უზრუნველყო მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების სათანადოდ დადასტურება. მოპასუხის მიერ არაკვალიფიციური შესაგებლის წარდგენის გამო, ვერ იქნა გაქარწყლებული მხარეთა შორის ნარდობის ხელშეკრულების არსებობის პრეზუმფცია.

 

შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბერში ზეპირი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება მოსარჩელის საცხოვრებელ ბინაში ქ. თბ--–-------–-–------------------–---–ის ქუჩა, წყალსადენის მოწყობის თაობაზე.

რაც შეეხება სა----------------------–-------სა და ირ---–---------ეს შორის არსებული ნარდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურებას სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

მოსარჩელის განმარტებით, მან ირ---–---------ეს შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების მიზნით გადასცა 7750 ლარი. აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია სს „თი---------ის“ საგადახდო დავალებები. აღნიშნული საგადახდო დავალებებიდან ირკვევა, რომ 2018 წლის 10 იანვარს (საგადახდო დავალება №1--------- და №1---------) სა----------------------–-------იმ ირ---–---------ეს სს „თი---------ში“ არსებულ პირად ანგარიშზე ჩაურიცხა 2100 ლარი ორ ტრანშად (1600 ლარი და 500 ლარი იხ. ს.ფ. 15,21), ასევე, 2018 წლის 04 თებერვალს ჩაურიცხა 1000 ლარი (საგადახდო დავალება №15-------- იხ. ს.ფ. 21), 2018 წლის 13 თებერვალს 550 ლარი (საგადახდო დავალება №1--------- იხ. ს.ფ. 22) და 2018 წლის 18 აპრილს 2000 ლარი (საგადახდო დავალება №15-------- იხ. ს.ფ. 23). ზემოთ მითითებული ყველა გადარიცხვა განხორციელდა მიმღების - ირ---–---------ის ერთი და იგივე საბანკო ანგარიშზე. ამდენად, აღნიშნული გადარიცხვების შესაბამისად, სა----------------------–-------ის მიერ ირ---–---------ისათვის გადარიცხულ იქნა 5650 ლარი და არა მოთხოვნილი 7750 ლარი.

 

მოპასუხე მის მიერ წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით უარყოფს სა----------------------–-------ისაგან თანხის მიღების ფაქტს, თუმცა მოპასუხეს მის მიერ სადავოდ გამხდარი ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად არ წარმოუდგენია სხვა უკეთესი მტკიცებულება, გარდა მისი ახსნა-განმარტებისა. შესაბამისად, იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელეს მისი მოთხოვნის დასადასტურელად წარმოდგენილი აქვს საგადახდო დავალებები, საიდანაც დასტურდება სა----------------------–-------ის მიერ ირ---–---------ისათვის 5650 ლარის ოდენობით თანხის ჩარიცხვის ფაქტი, ხოლო სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მხარეთა შორის სხვა სამართლებრივი ურთიერთობა არ ყოფილა, მოპასუხის ახსნა-განმარტება ვერ იქნება მიჩნეული სადავო ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ სათანადო და კვალიფიციურ მტკიცებულებად.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ამ შემთხვევაშიც ვერ უზრუნველყო მტკიცების ტვირთის სამართლიანად და ობიექტურად განაწილების პრინციპის შესაბამისად, მისი წილი მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.

 

ამასთან, ვინაიდან მოსარჩელის მიერ წარმოდგენილია მოპასუხისათვის მხოლოდ 5650 ლარის გადარიცხვის დამადასტურებელი საბანკო ქვითრები, ხოლო დარჩენილ ნაწილში მოსარჩელის დასაბუთება შემოიფარგლება მხოლოდ მისი ახსნა-განმარტებით, სასამართლო მხოლოდ 5650 ლარის ნაწილში მიიჩნევს დადასტურებულად მოსარჩელის პოზიციას მხართა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში მენარდისათვის შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების მიზნით თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (იხ. ს.ფ. 15, 21-24)

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმის ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სა----------------------–-------ის სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 352-ე, 361-ე, მე-400, 405-ე, 629-ე, მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური.

 

ნარდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა, სადაც თითოეულ მხარეს გააჩნია უფლება-მოვალეობები. ე.ი მენარდე ვალდებულია შეასრულოს გარკვეული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს შეთანხმებული საზღაური. ამდენად, განსახილველი ნორმა იძლევა დასკვნის საფუძველს, რომ ნარდობა სინალაგმატურ ხელშეკრულებათა რიგს განეკუთვნება, რომლის მონაწილეებიც სამართლებრივ ურთიერთობაში ერთმანეთის მიმართ გამოდიან, როგორც ურთიერთკრედიტორები, ისე - ურთიერთმოვალეები. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად მიიჩნევა მხარეების მიერ არსებით პირობებზე შეთანხმების მომენტიდან, არსებითად კი მიიჩნევა მენარდის მიერ შესასრულებელ სამუშაოზე შეთანხმება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბერში ზეპირი ფორმით გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მენარდის მიერ შესასრულებელი სამუშაო - წყალსადენის მოწყობა, მენარდის ანაზღაურების მოცულობა - 7 000 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ ირ---–---------ის მიერ არ იქნა შესრულებული ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანხმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას, რომელიც არ საჭიროებს მეორე მხარის თანხმობას. ხელშეკრულებიდან გასვლა ხორციელდება ხელშეკრულების ერთ ერთი მხარის მიერ კონტრაჰენტისათვის ნების გამოვლენით იმის თაობაზე, რომ ხელშეკრულება აღარ უნდა გაგრძელდეს. ხელშეკრულებიდან გასვლის მიზანი არის იმ status quo-ს აღდგენა, რომელიც ხელშეკრულების დადების გარეშე არსებობდა. კერძოდ, ასეთ დროს მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ ნატურით. გასვლის შემდეგ მხარეები თავისუფლდებიან ხელშეკრულებით ნაკისრი პირველადი ვალდებულებისაგან და გარდაიქმნებიან რესტიტუციის მოვალედ და რესტიტუციის კრედიტორად. ნატურით დაბრუნების ვალდებულება არის ვალდებულებითი ხასიათის მოვალეობა, რომლის შინაარსიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მიიღო მხარემ ხელშეკრულებით. რესტიტუციის მოვალემ უნდა დააბრუნოს ზუსტად ეს მიღებული საგანი.

 

სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ ხელშეკრულებიდან გასვლის გაცხადება შესაძლებელია ასევე კონკლუდენტური მოქმედებებითაც, მათ შორის მხოლოდ სარჩელის აღძვრით და სასამართლოს მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით, ასევე მიღებული საგნის დაბრუნებით, ან გაცემულის უკან მოთხოვნით. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის მიხედვით განმარტების შედეგად დადგინდეს, რომ გასვლის განმცხადებელი მხარე მიზნად ისახავს ურთიერთდაპირისპირებული ვალდებულებების არარსებულად ცნობასა და უკვე გაწეული შესრულებების უკუქცევას. აღნიშნული მიზნით, სრულიად საკმარისია სარჩელის წარდგენა და სასამართლო წესით მხარის ინფორმირება იმასთან დაკავშირებით, რომ კრედიტორი ხელშეკრულებიდან გადის და ხელშეკრულებიდან გასვლასთან დაკავშირებულ უფლებათა რეალიზებას სასამართლო წესით ახორციელებს. (იხ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2012 წლის 28 თებერვლის № 2ბ/1938-11 გადაწყვეტილება)

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს, მოპასუხის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო, შესასრულებელი სამუშაოების ანაზღაურების სანაცვლოდ მოსარჩელის მიერ გადაცემული თანხის უკან დაბრუნება. ამდენად, ზემოთ აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ კონკლუდენტურად იქნა გამოვლენილი ხელშეკრულებიდან გასვლის სურვილი. შესაბამისად, დაცულია ხელშეკრულებიდან გასვლის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობა. რაც შეეხება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაწესს იმასთან დაკავშირებით, რომ ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისათვის შეტყობინებით, კანონის აღნიშნული დანაწესი შესრულებულია სასამართლოს მხრიდან სარჩელისა და თანდართული მასალების მოპასუხისათვის გადაცემის გზით. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს იმსჯელოს ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერებასა და გადაცემული თანხის დაბრუნების მოთხოვნის საფუძვლიანობაზე.

 

განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის 2017 წლის დეკემბერში ზეპირი ფორმით დაიდო ნარდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მენარდემ იკისრა შემკვეთისათვის შემკვეთის საცხოვრებელ ბინაში წყალსადენის მოწყობის სამუშაოების განხორციელება. მენარდის ანაზღაურება განისაზღვრა 7000 ლარით. ამდენად, სახეზეა ნამდვილი, იურიდიული ძალის მქონე ხელშეკრულება. დადგენილია, ასევე რომ ირ---–---------ის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მან 2018 წლის იანვარში მხოლოდ ერთხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ობიექტზე ტრაქტორით განახორციელა სამუშაოები, თუმცა შეთანხმებით გათვალისწინებული სამუშაო სრულად არ შეუსრულებია. ამასთან, მენარდის მიერ გასაწევი სამუშაოები მოიცავდა მოსარჩელის საცხოვრებელ სახლში წყალსადენის მოწყობას. კერძოდ, მილების გაყვანასა და მისი წყლის მაგისტრალზე დაერთებას. აღნიშნული სამუშაოების განხორციელების შესახებ მხარეები შეთანხმდნენ 2017 წლის დეკემბერში, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2018 წლის 08 ივნისს. მოსარჩელის განმარტებით, ამ პერიოდში, მან არაერთხელ მიმართა მოპასუხეს სამუშაოების განხორციელების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. მოსარჩელემ, სასამართლო სხდომაზე, ასევე განმარტა, რომ ვინაიდან წყალსადენის მოწყობა უკავშირდებოდა მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის წლით უზრუნველყოფას, მოსარჩელე იძულებული გახდა აღნიშნული სამუშაოების უზრუნველეყო სხვა მენარდის მიერ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას.

 

ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სამუშაოს სპეციფიკიდან და არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ყოველგვარ აზრს მოკლებულია ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადისა, თუ გაფრთხილების მიცემა. მოსარჩელეს ახლანდელი შესრულების მიმართ უკვე დაკარგული აქვს ინტერესი. ამასთან, სახეზე არ გვაქვს ხელშეკრულებიდან გასვლის გამომრიცხავი გარემოებები.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე უფლებამოსილია გავიდეს მხარეთა შორის არსებული ნარდობის ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს გადაცემული თანხის უკუქცევა. ამასთან, ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის ნარდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ანაზღაურების სახით მხოლოდ 5 650 ლარის გადაცემა, მოპასუხეს რესტიტუციის ფარგლებში უნდა დაეკისროს სწორედ აღნიშნული ოდენობის თანხის დაბრუნება.

 

შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა მოსარჩელის მოთხოვნის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი. სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ირ---–---------ეს სა----------------------–-------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს - 5650 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია - 232.5 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

აღნიშნული ნორმის გათვალისწინებით, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე ირ---–---------ეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად (5650 ლარი), მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 169.5 ლარის ანაზღაურება, ხოლო დარჩენილი ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

7.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, უდავოა, რომ კანონი მხარის მიერ უკვე გაწეული ხარჯების ანაზღაურების ვალდებულებას აკისრებს მოწინააღმდეგე მხარეს. სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს მის მიერ წარმომადგენლის დახმარებისთვის გაწეული ხარჯის - 310 ლარის მოპასუხისათვის დაკისრებას, ამასთან სარჩელს ერთვის 1000 ლარის ოდენობით „საადვოკატო მომსახურების საფასურის“ გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (საგადახდო დავალება №0) და 02.05.2018წ. ხელშეკრულება იურიდიული მომსახურების შესახებ გაფორმებული სა----------------------–-------ისა და მა----------ეს შორის. შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 310 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სა----------------------–-------ის სარჩელი ირ---–---------ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს.

1.1. მოპასუხე ირ---–---------ეს მოსარჩელე სა----------------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს - 5 650 ლარის გადახდა.

 

2. მოპასუხე ირ---–---------ეს მოსარჩელე სა----------------------–-------ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 169.5 ლარისა და წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ასანაზღაურებლად - 310 ლარის გადახდა.

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე