გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.11.2018
საქმის ნომერი
330210017002035148
კატეგორია
დავის ტიპი
გადაზიდვა-გადაყვანა
თარიღი
02.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/20506-17

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით 02 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

 

მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს ,,ვ-------------’’

წარმომადგენელი - ი-----–----–-----–---–ი

მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,გ-----------------’’

წარმომადგენლები - დ--------–-------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. მოთხოვნა სარჩელში:

1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 88 408 ევროს ანაზღაურება.

2. მოთხოვნა შეგებებულ სარჩელში:

2.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს დავალიანების - 16 407.49 ევროსა და 3 187.78 ლარის ანაზღაურება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 1-19):

1.1.1. მხარეებს შორის 2014 წელს გაფორმდა გადაზიდვის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოპასუხემ, როგორც ექსპედიტორმა, იკისრა შემკვეთის ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების ვალდებულება;

1.1.2. 2017 წლის 15 მაისს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადაზიდვისას, მას შემდეგ, რაც საქონელი გამოვიდა სს ,,დ---ს’’ ი----–იის საწყობიდან ვ--ის მიმართულებით, გაიქურდა ტვირთით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება, შესაბამისად, ვერ განხორციელდა ტვირთის მნიშვნელოვანი ნაწილის ტრანსპორტირება;

1.1.3. დასახელებული საქონლის დაკარგვა განხორციელდა მაშინ, როდესაც სატრანსპორტო საშუალების მძღოლს ჰქონდა შესვ--ება, რაც თავისთავად ადასტურებს მოპასუხის მიერ დაქირავებული პირის მხრიდან უხეში გაუფრთხილებლობის არსებობის ფაქტს. აღნიშნული დადასტურებულია ი----–იის პოლიციის მიერ 2017 წლის 17 მაისს შედგენილი ოქმით. აღნიშნულ გარემოებას ადასტურებს თავად მოპასუხეც მისთვის გაგზავნილ კორესპონდენციაში;

1.1.4. იგი თავის მხრივ წარმოადგენს ფრენშაიზინგის მიმცემთან-ი----–იაში რეგისტრირებულ კომპანია სს ,,დ---სთან’’-2015 წელს გაფორმებული ფრენშაიზინგის ხელშეკრულებით ვალდებულ პირს, რომელმაც უნდა აუნაზღაუროს ფრენშაიზინგის მიმცემს საქონლის ღირებულება;

1.1.5. ფრენშაიზინგის მიმცემის მიერ 2017 წლის მაისსა და ივნისის თვეებში გაცემული ინვოისებით და თავად პოლიციის მიერ შედგენილი ოქმით დასტურდება, რომ 2017 წლის 17 მაისს სატრანსპორტო ექსპედიციის განხორციელებისას სატვირთო ავტომობილი დატვირთული იყო 90 534.50 ევროს ღირებულების საქონლით, საიდანაც დაკარგული საქონლის ღირებულება შეადგენს 72 466 ევროს;

1.1.6. თავის მხრივ, ფრენშაიზინგის მიმცემმა შემკვეთს დააკისრა საგადასახადო კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადი 15 942 ევროს ოდენობით იმის გათვალისწინებით, რომ საქონლის ი----–იის საზღვრებს გარეთ გატანა არ მომხდარა;

1.1.7. მის მიერ ფრენშაიზინგის მიმცემის წინაშე გადასახდელი თანხა ჯამურად შეადგენს 88 408 ევროს;

1.1.8. მან 2017 წლის 13 ივნისს მიმართა მოპასუხეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, რომელმაც საკუთარი პოზიცია დააფიქსირა წერილობით და აღნიშნა, რომ მისი მხრიდან ადგილი არ ჰქონია ისეთ ქმედებას, რომელიც რაიმე სახით გამოიწვევდა ტვირთის დაკარგვას, ან ისეთ უმოქმედობა, რომლის არ არსებობის შემთხვევაშიც, შესაძლებელი იქნებოდა ამ ინცინდენტის თავიდან არიდება. მოპასუხემ ასევე მიუთითა, რომ გადამზიდველი კომპანიის მიერ გადაზიდვის განხორციელებისას მოხდა ტვირთის ქურდობა და აღნიშნული ვერ იქნება შერაცხული ექსპედიტორის არამართლზომიერ ბრალეულ ქმედებად, თუნდაც უხეშ გაუფრთხილებლობად. მისი მითითებით, მან საექსპედიტორო მომსახურების ფარგლებში ჩართო სათანადო კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე პირები. მოპასუხემ აღნიშნული წერილით სადავო გახადა ასევე მიყენებული ზიანის ოდენობა;

1.1.9. ვინაიდან სადავო არაა გადაზიდვის განხორციელებისას მისი კუთვნილი ტვირთის დაკარგვის ფაქტი, მოპასუხეს მასთან გაფორმებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, როგორც ექსპედიტორს, უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მისთვის მიყენებული ზიანის - 88 408 ევროს ანაზღაურების თაობაზე;

1.1.10. ხელშეკრულების თანახმად, მათ შორის არსებული ურთიერთობა არ იყო მხოლოდ ექსპედიციის ხელშეკრულება. ის თვისობრივად წარმოადგენდა გადაზიდვის ხელშეკრულებას. შეთავაზებული იყო კომპლექსური მომსახურება. მას არ სჭირდებოდა ცალკე გადამზიდველის შერჩევა, ცალკე მომსახურების მიღება საბაჟოზე და ა.შ. ის არის გადამზიდველი და ის ვალდებული იყო ჩაებარებინა მისთვის ტვირთი;

1.1.11. არ ხდის სადაოდ, რომ მოპასუხე წარმოადგენს კვალიფიციურ კომპანიას;

1.1.12. დამხმარის ბრალეულობა მდგომარეობს იმაში, რომ სათანადოდ არ უზრუნველყო ტვირთის დაცვა, არ გამოიჩინა გულისხმიერება, არ იყო დაცულ ავტოსადგომზე გაჩერებული მანქანა, რაც ზრდიდა რისკს. რისკი დადგა დამხმარე პირის გაუფრთხილებლობის გამო;

1.1.13. პასუხისმგებლობის შეზღუდვად ვერ გამოდგება მხარის მიერ მითითებული FIATA-ს წესები;

1.1.14. წინააღმდეგია ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის. (2018 წლის 28 სექტემბრის და 2 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმები)

 

შეგებებული სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 116-128):

2.1.1. შპს ,,გ-----------------’’ წარმოადგენს საქართველოს რეზიდენტ კერძო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ოპერირებს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით და ორგანიზაციას უწევს ტვირთების საერთაშორისო და ადგილობრივ გადაზიდვებს;

2.1.2. 2014 წლის 01 ოქტომბრიდან მხარეებს შორის მოქმედებდა ტვირთების ტრანსპორტირების შესახებ №1---- ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც იგი შეგებებულ სარჩელში მოპასუხეს პერიოდულად უწევდა სატრანსპორტო ექსპედიციის მომსახურებას, რომელიც თავის მხრივ, გარკვეული პერიოდულობით ანაზღაურებდა გაწეული მომსახურების ღირებულებას;

2.1.3. 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს დაუგროვდა გაწეული მომსახურების დავალიანება 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ოდენობით. მას აქვს წარმოდგენილი ცხრილი შეგებებულ სარჩელთან ერთად, დასტურდება მის მიერ გაწეული შესაბამისი მომსახურების ღირებულება. აღნიშნული სადავოდ არ გამხდარა მოწინააღმდეგე მხარის მიერ. ის მის ანაზღაურებაზე უარს აცხადებს სხვა მოტივით, შემხვედრი ვალდებულების არსებობის გამო. მის მიერ მოთხოვნილ თანხაში შედის სხვა გაწეული მომსახურების ღირებულებაც 2017 წლის მარტიდან ივლისამდე პერიოდში. რაც სადაო იყო მხარეებს შორის, არ შესულა.

2.1.4. მან მიმართა მოპასუხეს აღნიშნული დავალიანების მოთხოვნით, თუმცა მან უარი განაცხადა დავალიანების ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ მას თავად აქვს სარჩელი აღძრული ტვირთის დაკარგვით (ქურდობით) გამოწვეული ზიანის ანაზღაურებაზე. (2018 წლის 28 სექტემბრის და 2 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმები)

 

1.2. მოპასუხის პოზიცია

1.2. მოპასუხე შპს ,,გ-----------------მა" დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 95-107)

შესაგებლის საფუძვლები:

1.2.1. მათ შორის ნამდვილად მოქმედებდა სატრანსპორტო ექსპედიციის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მას ჰქონდა ნაკისრი ტვირთის გადაზიდვის ორგანიზების (სატრანსპორტო ექსპედიციის) ვალდებულება, რასაც ახორციელებდა კიდეც მთელი სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში;

1.2.2. ინციდენტი (ტვირთის ნაწილის ქურდობა) მოხდა 2017 წლის 16 მაისს ღამის დაახლოებით 9 საათიდან 17 მაისს დილის 7 საათამდე პერიოდში;

1.2.3. არასწორია მოსარჩელის მსჯელობა მძღოლის შესვ--ების გამო მისი უხეში გაუფრთხილებლობის შესახებ, მით უფრო, რომ აღნიშნული გარემოების მის ბრალეულ ქმედებად შერაცხვის თაობაზე;

1.2.4. იგი არ წარმოადგენს გადამზიდავი კომპანიის წარმომადგენელს. ამასთანავე, სრულიად დაუსაბუთებელია აღძრული სარჩელის ფარგლებში გადამზიდავი კომპანიის მძღოლის ბრალეულობაზე მითითება, თანაც მხოლოდ იმ მოსაზრებით რომ მას ღამის საათებში ჰქონდა შესვ--ება;

1.2.5. იგი ფლობს ინფორმაციას, რაც დაკავშირებულია ტვირთის გადაზიდვასთან, მათ შორის დაკარგული ტვირთის წონის, მისი მახასიათებლების და საინვოისო ღირებულების - 72 466 ევროს შესახებ, თუმცა წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში არ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ფრენშაიზინგის მიმცემისათვის დ---ტებითი ღირებულების გადასახადის გადახდა და მისთვის ამ ნაწილში ზიანის დადგომის ფაქტი;

1.2.6. მათ შორის სარჩელის წარმოდგენამდე ნამდვილად არსებობდა წერილობითი კომუნიკაცია, თუმცა არასწორია მოსარჩელის მითითება იმის თაობაზე, რომ მათი მხრიდან სადავო არ გამხდარა მიყენებული ზიანის ოდენობა;

1.2.7. მის მიერ გაგზავნილი 2017 წლის 20 ივნისის წერილი სრულად ემყარება იმის მტკიცებას, რომ მას, როგორც ექსპედიტორს, არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოცემულ ვითარებაში და თეორიულად ეს მოთხოვნები შეიძლება დაეკისროს გადამზიდავს, თუ დადასტურდება მისი შესაბამისი ბრალეული ქმედება;

1.2.8. მას, როგორც ექსპედიტორს არ ეკისრება ზიანის მიყენების ვალდებულება, ვინაიდან მას არ დაურღვევია სატრანსპორტო ექსპედიციის შესახებ ხელშეკრულების და მოქმედი კანონმდებლობის არცერთი მოთხოვნა და ტვირთის დაკარგვის ინციდენტი საერთოდ არ არის დაკავშირებული მის რაიმე ქმედებასთან, ან თუნდაც უმოქმედობასთან;

1.2.9. მოსარჩელის პოზიციის გაზიარების და აღნიშნულ შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად შპს ,,გ-----------------ის’’ ცნობის შემთხვევაშიც კი, მას არ უნდა დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელის ფარგლებში მოსარჩელე ვერ ადასტურებს მისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას;

1.2.10. მოსარჩელე უთითებს, რომ გადამზიდავი არის დამხმარე და ამიტომ აგებს ის პასუხს, რაც უსაფუძვლოა. სსკ-ის 740-ე მუხლის ფარგლებში გადამზიდავი არ არის დამხმარე;

1.2.11. ექსპედიტორი და გადამზიდავი არ არის ერთიდაიგივე პირი. გადამზიდავი არის მესამე პირი;

1.2.12. სახეზე იყო სწორედ ექსპედიციის ხელშეკრულება და არ იყო მათ შორის სხვა ურთიერთობა, იგივე დავალების. ისინი მოქმედებდნენ ექსპედიციის ფარგლებში;

1.2.13. არ დასტურდება არც მისი და არც მძღოლის ბრალი;

1.2.14. ვერ ამტკიცებს მოსარჩელე ზიანის ფაქტს, არ აქვს წარმოდგენილი გადახდის დ---დასტურებელი. იმ შემთხვევაშიც კი თუ დაეკისრებოდა პასუხისმგებლობა, მისი პასუხისმგებლობის ფარგლები არის შეზღუდული. (2018 წლის 28 სექტემბრის და 2 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმები)

 

2.2. მოპასუხე შპს ,,ვ-------------’’-მა დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ს.ფ. 181-189)

2.2.1. მართალია 2017 წლის 11 სექტემბრის მდგომარეობით, ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მას დაუგროვდა მოსარჩელისთვის გადასახდელი გაწეული მომსახურების დავალიანება 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ოდენობით, მაგრამ მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა მისთვის ნაკისრი ვალდებულების ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულება. შესაბამისად, მას არ მიუღია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება შეგებებული სარჩელით მოსარჩელისგან, რაც გამორიცხავს მისთვის დავალიანების დაკისრებას;

2.2.2. მისთვის თანხის გადახდის ვალდებულება არ არსებობს იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოსარჩელის მხრიდან არ მომხდარა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება. მის მიერ სარჩელის აღძვრა ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ცალსახად გამორიცხავს შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებას, რადგან აღნიშნული პირდაპირ უკავშირდება მის მიერ ძირითადი სარჩელით წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას. (2018 წლის 28 სექტემბრის და 2 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმები)

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2014 წლის 01 ოქტომბერს შპს ,გ-----------------ს’’, როგორც ექსპედიტორს, და შპს ,,ვ-------------’’-ს, როგორც შემკვეთს შორის დაიდო №1---- ხელშეკრულება ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (სატრანსპორტო ექსპედიცია).

ხელშეკრულების 1.1. პუნქტის თანახმად, ექსპედიტორი, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული შესაბამისი პროვიზიის აუცილებელი მიღების პირობით, შემკვეთის დავალებით ახორციელებს ტვირთების მულტიმოდალურ (საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სხვ) გადაზიდვების ორგანიზებას.

ხელშეკრულების 1.4. და 1.5. პუნქტების თანახმად, ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში, ექსპედიტორი უფლებამოსილია გამოიყენოს საკუთარი სატრანსპორტო საშუალებები ან კონკრეტული საჭიროებიდან გამომდინარე, ტვირთის გადაზიდვა (მთლიანად ან ნაწილობრივ/ცალეულ მონაკვეთებზე) მიანდოს/დაავალოს მესამე პირებს (გადამზიდველებს). ტვირთების ტრანსპორტირების ორგანიზების/განხორციელების პროცესში, ექსპედიტორი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულებები ცალკეულ გადამზიდველებთან, ასევე ნავსადგურებთან, გემთმფლობელ კომპანიებთან და/ან მათ აგენტებთან, საექსპედიტორო კომპანიებთან და სხვა მესამე პირებთან. ასეთ მესამე პირებთან სახელშეკრულებო ურთიერთობაში შესვლისას, როგორც თავისი სახელით, ისე შემკვეთის სახელითა და ხარჯზე, ექსპედიტორი იმოქმედებს შემკვეთის ინტერესების შესაბამისად, როგორც ამ უკანასკნელის რწმუნებული.

ხელშეკრულების 1.10. პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის (მათ შორის საერთაშორისო კონვ--ციისა და ხელშეკრულების) მოთხოვნათა დაცვით. წინამდებარე ხელშეკრულება ასევე ექვემდებარება ექსპედიტორთა ასოციაციების საერთაშორისო ფედერაციის (FIATA) მიერ შემუშავებულ წესებს ექსპედიტორთა სერვისების თაობაზე, იმ დათქმით თუ აღნიშნული არ ეწინააღმდეგება იმპერატიულ დანაწესებს ან საერთაშორისო კონვ--ციებს.

ხელშეკრულების 2.3. მუხლის თანახმად, განსაზღვრულია ექსპედიტორის შემდეგი ვალდებულებები:

ექსპედიტორი ვალდებულია შეთანხმებულ ადგილას და შეთანხმებულ დროს უზრუნველყოს შემკვეთისთვის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში მყოფი სატრანსპორტო საშუალების მიწოდება.

ექსპედიტორი ვალდებულია უზრუნველყოფს შემკვეთისგან დატვირთული, როცა შესაძლებელია დალუქული და გაგზავნის ქვეყნის საბაჟო კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ჩაბარება.

ექსპედიტორი ვალდებულია შეასრულოს ტვირთი დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება და ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება დაუზიანებელი ლუქით შიგთავსის შემოწმების გარეშე. ექსპედიტორი არ არის ვალდებული განახორციელოს კონკრეტული ტვირთის ორგანიზება, თუკი არსებობს შესაბამისი საფუძველი (რაც მოიცავს, მაგრამ არ ამოიწურება, შემდეგს: საშიში/საფრთხეშემცველი ტვირთების ტრანსპორტირება, მცენარეების/ცხოველების ტრანსპორტირება, საერთაშორისო ემბარგოს არსებობა).

ექსპედიტორი ვალდებულია მიაწოდოს შემკვეთს ინფორმაცია ტვირთის ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით სამუშაოს შესრულების შესახებ, ასევე იმ გარემოებების თაობაზე (მას შემდგომ რაც აღნიშნული ცნობილი გახდება ექსპედიტორისათვის), რამაც შესაძლოა შეაფერხოს ან დროებით შეაჩეროს საქონლის ტრანსპორტირების განხორციელება.

ხელშეკრულების 4.5 პუნქტის თანახმად, ექსპედიტორი ვალდებულია FIATA-ს მოდალური წესების მიხედვით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კონკრეტულ შემთხვევაში ეს არ ეწინააღმდეგება იმპერატიულ საკანონმდებლო დანაწესებს ან საერთაშორისო კონვ--ციებს. FIATA-ს მოდელური წესების 8.3.3 მუხლზე დაყრდნობით, ექსპედიტორის პასუხისმგებლობა არ უნდა აღემატებოდეს 1.800 SDR-ს (საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ დადგენილ საანგარიშო ერთეულს).

აღნიშნული პუნქტით ასევე განსაზღვრულია, რომ გადაზიდვის განხორციელების დროს, ტვირთზე პასუხისმგებელია კონკრეტული გადამზიდველი, მოქმედი კანონმდებლობითა და წესებით, რაც აისახება შესაბამის კონოსამენტში, სრმ-ში, სხვა სახის გადაზიდვის დ---დასტურებელ დოკუმენტში. გადამზიდველის ბრალით ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ექსპედიტორი ვალდებულია მიმართოს ყველა ზომას (მათ შორის სასამართლოს) ტვირთის დანაკლისით შემკვეთისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ექსპედიტორი ასევე უფლებამოსილია გადამზიდველის მიმართ არსებული შესაბამისი მოთხოვნა გადასცეს შემკვეთს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-27; 134-141)

 

3.1.2. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე განხორციელებული ერთ-ერთი გადაზიდვისას დაფიქსირდა, რომ სს ,,D---’’-ს მიერ 90 534.50 ევროს ღირებულების გაგზავნილ 4 პალეტს, რომელიც თავის მხრივ შედგებოდა შპს ,,ვ-------------’’-ისათვის განკუთვნილი 43 ყუთი ტანსაცმლისგან, აკლდა 28 ყუთი.

აღნიშნული ფაქტის შესახებ ლომბარდის კარაბინერთა ლეგიონის მიერ სატვირთო ავტომობილის მძღოლთან შედგენილია ოქმი. აღნიშნული ოქმის თანახმად ფაქტი დაკავშირებულია ,,სატვირთო მანქანის ძარცვასთან’’, სავარაუდოდ მომხდარი 16/05-2017/17/05/2017 პერიოდში, 20:30 საათსა და 07:00 საათებს შორის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება (ს.ფ. 20-27; 134-141)

 

3.1.3. აღნიშნული გადაზიდვისას მომხდარი შემთხვევის შედეგად, შპს ,,ვ-------------’’-ის კუთვნილი დანაკლისი საქონლის ღირებულება შეადგენდა 72 466 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-ინვოისები (ს.ფ. 39-82)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4. მხარეთა შორის 2014 წლის 01 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე აღნიშნული გადაზიდვის და შპს ,,ვ-------------’’-ის კუთვნილი ტვირთის ჩამოტანის შეკვეთა (დავალება) შპს ,,გ-----------------ს’’ გადაცემული ჰქონდა მისი ავსტრიულ პარტნიორის - შპს ,,G------------------’’-სთვის, ხოლო ამ უკანასკნელს აღნიშნული შეკვეთა ტრანსპორტირების უზრუნველყოფის მიზნით გადაცემული ჰქონდა კომპანია ,,I-----------’’-სთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა, კორესპონდენცია (ს.ფ. 161-172)

 

3.1.5. შპს ,,G------------------’’-ს 2014 წლის 14 ოქტომბრიდან მინიჭებული აქვს სერთიფიკატი მართვის სისტემის ხარისხი EN ISO 9001:2008 სტანდარტის შესაბამისად. სერტიფიცირების ფარგლები მოიცავს ეროვნული და საერთაშორისო ექსპედიციას სახმელეთო, საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის მეშვეობით, საწყობში შენახვას, შეფუთვას და დისტრიბუციას, ლოჯისტიკურ სერვისებს. აღნიშნულ კომპანიას 2009 წლის 5 მარტიდან 2019 წლის 17 ნოემბრამდე ასევე მოპოვებული აქვს ტრანსპორტირებული აქტივების დაცვის ასოციაციის (TAPA)-დაწესებულების უსაფრთხოების მოთხოვნების (FSR) ,,A’’ კატეგორიის სერტიფიკატი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სერტიფიკატები (ს.ფ. 173-178)

 

3.1.6. კომპანია ,,I-----------’’-ს მოპოვებული აქვს ISO 9001 ხარისხის სერტიფიკატი და სრული AEO სერტიფიკატი როგორც ავტორიზებულ და ეკონომიკურ ოპერატორს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა (ს.ფ. 179-180)

 

3.1.7. მოსარჩელე შპს ,,ვ-------------’’-მა აღნიშნული გადაზიდვისას დამდგარი დანაკლისის და მისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე 2017 წლის 13 ივნისს მოთხოვნით მიმართა ექსპედიტორს - შპს ,,გ-----------------ს’’, რომელმაც თავის მხრივ უარი განაცხადა მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე და გამოთქვა მზადყოფნა უშუალოდ გადამზიდავისათვის პრეტენზიების წაყენების მიზნით მოსარჩელის დასახმარებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მიმოწერა (ს.ფ. 108-113)

 

3.1.8. 2014 წლის 01 ოქტომბერის ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (სატრანსპორტო ექსპედიცია) №1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ვ-------------’’-ს ექსპედიტორის - შპს ,,გ-----------------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება გაწეული მომსახურების დავალიანება 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ცნობა, ინვოისების ცხრილი (ს.ფ. 142-143)

 

3.1.9. შპს ,,გ-----------------მა’’ მიმართა შპს ,,ვ-------------’’-ს აღნიშნული დავალიანების გადახდის თაობაზე, თუმცა შპს ,,ვ-------------’’-მა უარი განაცხადა ვალდებულების შესრულებაზე და მიუთითა საპირისპიროდ თავად შპს ,,გ-----------------ის’’ მიერ შესასრულებელ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე, რაც წარმოშობდა ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვის შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა მიმოწერა (ს.ფ. 144-145)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. შპს ,,გ-----------------ი’’ არ წარმოადგენს 2017 წლის მაისში (ფაქტი მომხდარი 16/05-2017/17/05/2017 პერიოდში) განხორციელებული გადაზიდვისას არსებული დანაკლისის შპს ,,ვ-------------’’-ისათვის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ფაქტობრივად სადავო არ გამხდარა ზემოაღნიშნული დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ, მხარეები ეთანხმებიან მათ შორის სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის ფაქტს, რომლის ფარგლებშიც მოპასუხემ როგორც ექსპედიტორმა იკისრა გადაზიდვის ორგანიზების ვალდებულება. ამასთან, სადავო არაა ერთ-ერთი გადაზიდვისას მოსარჩელის პროდუქციის ნაწილის დაკარგვა, რაც მხარეთა განმარტებითვე, განაპირობა მომხდარმა ქურდობამ. ამასთან, მოპასუხე წარმოდგენილი პოზიციით დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ უშუალოდ პროდუქციის დანაკარგით მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 72 466 ევროს. მხარეთა პოზიციების განსხვავებულობა გამომდინარეობს მათ შორის არსებული ურთიერთობის სამართლებრივი შეფასებიდან. კერძოდ, მოსარჩელის განმარტებით, მომხდარზე პასუხისმგებლობა ეკისრება ექსპედიტორს, როგორც საქართველოს კანონმდებლობიდან, ასევე ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულებიდან და მიუთითა მის მიერ შერჩეული გადამზიდავის ბრალეული ქმედებაზე, რაც გამოიხატა უხეშ გაუფრთხილებლობაში და რომელიც მისი მოსაზრებით საფუძვლად უდევს პროდუქციის დაკარგვას. მოპასუხის პოზიცია კი არსებითად ემყარება იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ მას, როგორც ექსპედიტორს არ ეკისრება პასუხისმგებლობა მოსარჩელისთვის ზიანის ანაზღაურების თაობაზე, ვინაიდან მისი პასუხისმგებლობა კონკრეტულადაა განსაზღვრული საქართველოს კანონმდებლობით და ხელშეკრულებით და იგი არ მოიცავდა მსგავს შემთხვევაზე - გადამზიდავის ქმედებაზე ექსპედიტორის პასუხისმგებლობას.

სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისა და ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების უწინარეს საფუძველს წარმოადგენს იმის სწორად განსაზღვრა, თუ რა სამართლებრივი საფუძვლიდან გამომდინარეობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავა. ამ მიზნით, საქმის განმხილველმა სასამართლომ პირველყოვლისა, უნდა დაადგინოს მოთხოვნის მატერიალური საფუძველი [მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმა]. მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გამოარკვიოს მოძიებული ნორმის წინაპირობები, მისი აბსტრაქტული შემადგენლობა და შეამოწმოს განხორციელებულია თუ არა განსახილველ საქმეზე ყველა მათგანი. ამ ასპექტში, ფორმალურ სამართლებრივი თვალსაზრისით, სასამართლო შეზღუდულია სარჩელის ფაქტობრივი გარემოებებით: იგი ამოწმებს რომელ კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებებზე მიუთითებს მოსარჩელე, ქმნიან თუ არა ისინი დამფუძნებელი ნორმის უკლებლივ ყველა წანამძღვარს. ამის შემდეგ მოწმდება, მოპასუხის პოზიცია რამდენად აქარწყლებს წარმოშობილ წანამძღვრებს (პროცესუალური და მატერიალური თვალსაზრისით) (იხ. სუსგ №ას-53-49-2017, 07 აპრილი 2017 წელი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალეა გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, ხელშეკრულების სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებად მიჩნევისათვის აუცილებელია რომ მომსახურების მიმწოდებელი მოქმედებდეს საკუთარი სახელით და შემკვეთის ხარჯით. ამასთან, ურთიერთობა სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობად მხოლოდ მაშინ უნდა მივიჩნიოთ, თუ ექსპედიტორი შემკვეთის მოთხოვნით ტვირთის გადაზიდვას ახორციელებს.

ამავე კოდექსის 731-ე მუხლის თანახმად კი, ექსპედიტორმა კეთილსინდისიერი ექსპედიტორის გულისხმიერებით უნდა გაგზავნოს ტვირთი, შეარჩიოს გადაზიდვაში მონაწილე პირები. ამასთან, მან უნდა დაიცვას გამგზავნის ინტერესები და შეასრულოს მისი მითითებები.

დადგენილია, რომ 2014 წლის 01 ოქტომბერს შპს "გ-----------------", როგორც ექსპედიტორს, და შპს ,,ვ-------------’’-ს, როგორც შემკვეთს შორის დაიდო №1---- ხელშეკრულება ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (სატრანსპორტო ექსპედიცია), რომლის თანახმადაც, ექსპედიტორი, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული შესაბამისი პროვიზიის აუცილებელი მიღების პირობით, შემკვეთის დავალებით ახორციელებდა ტვირთების მულტიმოდალურ (საავტომობილო, საჰაერო, საზღვაო და სხვ) გადაზიდვების ორგანიზებას.

ამასთან, უდავოა, რომ ექსპედიტორი ხელშეკრულებით მინიჭებული უფლებამოსილებით, გადაზიდვას ახორციელებდა მესამე პირის - გადამზიდავის მეშვეობით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 668-ე მუხლის თანახმად, გადაზიდვის ხელშეკრულებით გადამზიდველი ვალდებულია შეთანხმებული საზღაურის გადახდით გადაიტანოს ტვირთი ან გადაიყვანოს მგზავრი დანიშნულების ადგილზე. ამავე კოდექსის 669-ე მუხლის თანახმად კი გადამზიდველი პასუხს აგებს მგზავრისათვის მიყენებული ზიანისათვის, ასევე მისი ბარგის დაზიანების და დაკარგვისათვის.

წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, სასამართლოს უმთავრესი ამოცანაა დაადგინოს არსებობს თუ არა მოპასუხისთვის, როგორც ექსპედიტორისთვის მოცემული ზიანის ანაზღაურების დაკისრების სამართლებრივი საფუძველი იმ მოცემულობით, როცა მოსარჩელის მითითებით ზიანი გამოწვეულია არა უშუალოდ ექსპედიტორის ქმედებით, არამედ გადამზიდავის ქმედებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი. აღნიშნული ნორმის თანახმად, ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ამავე კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად, კი ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავ-- ან ზღუდავ-- მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.

შესაბამისად, ექსპედიტორის პასუხისმგებლობისათვის აუცილებელია არსებობდეს მისი ან მისი დამხმარის ბრალეული ქმედება, რომელიც თავის მხრივ შეიძლება იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება. ამასთან, საყურადღებოა, რომ აღნიშნული ნორმები არ შეიცავს ბრალის დეფინიციას, შესაბამისად, პასუხისმგებლობის დასაკისრებლად უნდა გამოვიყენოთ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული გენერალური დათქმა რომელიც გულისხმობს ზიანის დადგომას ქმედების მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული მოქმედების გამო და მათ შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობას და ამ ელემენტებით ერთობლიობაში არსებობას (სსკ-ის 992 მუხლი).

განსახილველ შემთხვევაში სწორედ 740-ე მუხლს ემყარება მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც მისი განმარტებით მოიაზრებს გადამზიდავის ბრალეული ქმედების გამო ექსპედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს.

სასამართლო აღნიშნულ ნორმათა განმარტებისას იზიარებს მოპასუხის პოზიციას და მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 740-742 მუხლების ანალიზიდან გამომდინარე, განსაზღვრულია ერთ შემთხვევაში ექსპედიტორის და მისი დამხმარის და მეორე შემთხვევაში უშუალოდ გადამზიდავის პასუხისმგებლობები.

741-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მიერ, მაშინ შემკვეთის მოთხოვნით ექსპედიტორი მოვალეა გადასცეს შემკვეთს თავისი მოთხოვნა მესამე პირის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექსპედიტორი სპეციალური შეთანხმების საფუძველზე თვითონ კისრულობს მოთხოვნის გამოყენებას შემკვეთის ხარჯითა და რისკით.

სასამართლო მიუთითებს, რომ როდესაც ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად სამართალურთიერთობაში მონაწილეობს გადამზიდავიც, იგი არ განიხილება ექსპედიტორის დამხმარედ. დამხმარე ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის პირი, რომელიც უშუალოდ ექსპედიტორს უწევს რაიმე დახმარებას, და არა გადამზიდავი, რომელიც ახორციელებს ტვირთის გადატანას. ამასთან მიმართებით, სასამართლო მოიხმობს ლიტერატურაში არსებულ განმარტებას ექსპედიტორის დამხმარესთან მიმართებით და მიუთითებს შემდეგს: ,,სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულების საფუძველზე შეკვეთის შესრულებისას დაშვებულია ფაქტობრივი მოქმედების შესასრულებლად ექსპედიტორი ზოგიერთი ფაქტობრივი მოქმედების შესასრულებლად მიმართავს სხვა პირს, რომელსაც კანონმდებელი უწოდებს ,,დამხმარეს’’ მაგალითად, ექსპედიტორმა ტვირთის ნავსადგურიდან გემზე გადატანა შეიძლება მიანდოს ისეთ სუბიექტს, როგორიცაა მტვირთავი. ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების დარღვევისათვის ექსპედიტორი, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი, ანუ მან უნდა აანაზღაუროს განზრახ ან გაუფრთხილებლობით მიყენებული ზიანი. ის ფაქტი, რომ დამხმარისათვის მიმართვა არ საჭიროებს შემკვეთის თანხმობას, განპირობებულია იმ გარემოებით, რომ დამხმარის მოქმედებაზე თავად ექსპედიტორია პასუხისმგებელი (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, გვ. 437-438).

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ხსენებულ 741-ე მუხლზე და მიუთითებს, რომ განსხვავებით 740-ე და 742-ე მუხლებისგან, აღნიშნული მუხლი აწესებს უშუალოდ გადამზიდავის პასუხისმგებლობას და შესაბამისად, როდესაც სატრანსპორტო ექსპედიციის ხელშეკრულებაში მონაწილეობს გადამზიდავი, აღნიშნული მუხლი წარმოადგენს მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველს. სასამართლო იზიარებს აღნიშნული მუხლის შემდეგ განმარტებას და მიუთითებს, რომ ,,ზიანი შეიძლება გამოიწვიოს ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მოქმედებამ (მაგ. გადამზიდველის მოქმედება, როცა გადამზიდველი და ექსპედიტორი არ არის ერთი და იგივე პირი). ასეთ შემთხვევებში კანონმდებელი ექსპედიტორს აკისრებს ვალდებულებას შემკვეთის მოთხოვნით გადასცეს მას თავისი მოთხოვნა (მოთხოვნის უფლება, რაც მას მესამე პირის მიმართ აქვს, ამ შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება)’’ (იხ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის კომენტარი, წიგნი მეოთხე, გვ. 438).

შესაბამისად, როდესაც საექსპედიციო ხელშეკრულების ფარგლებში მონაწილეობს გადამზიდავიც, მისი პასუხისმგებლობა არ შეიძლება გაიგივდეს ექსპედიტორის პასუხისმგებლობასთან, სწორედ იმის გამო, რომ სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმები ექსპედიტორს პასუხისმგებლობას აკისრებენ მხოლოდ მისი ან უშუალოდ მისი დამხმარის ქმედებებისას, დამხმარეში კი არ მოიაზრება გადამზიდავი.

აღნიშნულ ნორმათა ერთობლიობაში განმარტების შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა გადაზიდვისას განხორციელებული ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირად მიიჩნევს გადამზიდავს, ხოლო უშუალოდ ექსპედიტორს ეკისრება პასუხისმგებლობა ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობისთვის, რომლის შესრულებაშიც მას ან მის დამხმარეს მიუძღვის ბრალი. ამასთანავე, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ წარმოდგენილი სარჩელით და მითითებული ფაქტობრივი გარემოებებით სადავოდ არ არის გამხდარი ექსპედიტორის მიერ 731-ე მულით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება. რადგან მოსარჩელე არ დავობს არც ექსპედიტორის მიერ ვალდებულების არაკეთილსინდისიერად შესრულებაზე და არც მის გადაზიდვაში მონაწილე პირების კვალიფიკაციაზე და არ მიუთითებს ამ ვალდებულებების დარღვევაზე ექსპედიტორის მხრიდან.

გარდა აღნიშნულისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს თავად მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების შემდეგ დანაწესებზე, რომლებიც სასამართლოს მოსაზრებით ასევე გამორიცხავ-- მსგავს შემთხვევაზე ექსპედიტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას.

დადგენილია, რომ ხელშეკრულების თანახმად ექსპედიტორი ვალდებულია შეასრულოს ტვირთი დანიშნულების პუნქტამდე ტრანსპორტირება და ტვირთმიმღებისათვის ჩაბარება დაუზიანებელი ლუქით შიგთავსის შემოწმების გარეშე. ამავე ხელშეკრულების 4.5 პუნქტის

თანახმად, კი განსაზღვრულია, რომ გადაზიდვის განხორციელების დროს, ტვირთზე პასუხისმგებელია კონკრეტული გადამზიდველი, მოქმედი კანონმდებლობითა და წესებით, რაც აისახება შესაბამის კონოსამენტში, სრმ-ში, სხვა სახის გადაზიდვის დ---დასტურებელ დოკუმენტში. გადამზიდველის ბრალით ტვირთის დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში, ექსპედიტორი ვალდებულია მიმართოს ყველა ზომას (მათ შორის სასამართლოს) ტვირთის დანაკლისით შემკვეთისათვის მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად. ექსპედიტორი ასევე უფლებამოსილია გადამზიდველის მიმართ არსებული შესაბამისი მოთხოვნა გადასცეს შემკვეთს.

სასამართლო იზიარებს მოპასუხის განმარტებას და მიუთითებს, რომ თავად მხარეთა შორის ხელშეკრულებიდანაც გამომდინარეობს, რომ ექსპედიტორი არ არის გადამზიდველის ქმედებაზე პასუხისმგებელი პირი, ვინაიდან ხელშეკრულების 4.5 პუნქტი კონკრეტულად განსაზღვრავს, რომ ურთიერთობაში გადამზიდავის არსებობისას მას ეკისრება პასუხისმგებლობა გადასაზიდ ტვირთზე.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შპს ,,გ-----------------ი’’ არ წარმოადგენს 2017 წლის მაისში (ფაქტი მომხდარი 16/05-2017/17/05/2017 პერიოდში) განხორციელებული გადაზიდვისას არსებული დანაკლისის შპს ,,ვ-------------’’-ისათვის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს.

 

3.2.2. შპს ,,ვ-------------’’-ს ეკისრება შპს ,,გ-----------------ისთვის’’ დავალიანების - 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ანაზღაურება.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

ამავე კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდებიან საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი შეგებებული სარჩელი ეფუძნება მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაკისრებას. გასათვალისწინებელია, რომ მოპასუხე მიუთითებს შპს ,,გ-----------------ის’’ მიერ ზიანის ანაზღაურების ვალდებულებაზე და ურთიერთმოთხოვნათა გაქვითვაზე მისი მხრიდან უარზე (2018 წლის 2 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 11.30.სთ), თუმცა მის მიერ სადავოდ არ გამხდარა მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არც დავალიანების და არც მისი ოდენობის თაობაზე.

შესაბამისად, დადგენილია, რომ 2014 წლის 01 ოქტომბერის ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (სატრანსპორტო ექსპედიცია) №1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ვ-------------’’-ს ექსპედიტორის - შპს ,,გ-----------------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება გაწეული მომსახურების დავალიანება 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ოდენობით. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის გადახდის ვალდებულების დარღვევიდან, მოპასუხე სადავოდ არ ხდის და სასამართლოს მიერ დადგენილია დავალიანების არსებობის ფაქტი, აღნიშნული განაპირობებს შპს ,,ვ-------------’’-ისათვის შპს ,,გ-----------------ის’’ სასარგებლოდ დავალიანების - 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

სამოტივაციო ნაწილი

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმის განხილვისას დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების და სამართლებრივი შეფასებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, ხოლო შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, 668-ე, 669-ე, 730-ე, 731-ე, 740-ე, 741-ე, 742-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. შესაბამისად, ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრინციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების შინაარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლება- მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას.

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის საფუძველია ხელშეკრულება სატრანსპორტო ექსპედიციის შესახებ.

სასამართლო მიუთითებს, რომ საექსპედიტორო მომსახურება ნიშნავს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებულ ნებისმიერ მომსახურებას, ან მომსახურების ორგანიზაციას ტვირთის გაგზავნიდან ტვირთის მიღებამდე. ასეთ მომსახურებად შეიძლება ჩაითვალოს სააგენტო მომსახურება, საბაჟო მომსახურება, პორტებში, ტერმინალებში და საწყობებში სატვირთო ოპერაციების განხორციელება, საფინანსო მომსახურება, მარკეტინგული მომსახურება და სხვა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 730-ე მუხლის თანახმად, ექსპედიციის ხელშეკრულებით ექსპედიტორი კისრულობს თავისი სახელითა და შემკვეთის ხარჯზე განახორციელოს ტვირთის გადაზიდვასთან დაკავშირებული მოქმედებანი. შემკვეთი მოვალე გადაიხადოს შეთანხმებული პროვიზია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 740-ე მუხლის თანახმად, ექსპედიტორი ექსპედიციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეობებისათვის, ჩვეულებრივ, მაშინ აგებს პასუხს, თუ მას ან მის დამხმარეს მიუძღვის რაიმე ბრალი. აღნიშნული ნორმის თანახმად, თანახმად ექსპედიტორს ბრალად შეერაცხება არა მხოლოდ უშუალოდ თავისი, არამედ იმ პირის განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედება, რომელიც ექსპედიტორს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში ეხმარება. ამავე კოდექსის 742-ე მუხლის თანახმად, კი ექსპედიტორი არ შეიძლება დაეყრდნოს იმ წესებს, რომლებიც გამორიცხავ-- ან ზღუდავ-- მის პასუხისმგებლობას, ან გადააქვთ მტკიცების ტვირთი, თუ მან ზიანი განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით მიაყენა.

741-ე მუხლის თანახმად კი, თუ ზიანი გამოწვეულია ხელშეკრულებაში მონაწილე მესამე პირის მიერ, მაშინ შემკვეთის მოთხოვნით ექსპედიტორი მოვალეა გადასცეს შემკვეთს თავისი მოთხოვნა მესამე პირის წინააღმდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ექსპედიტორი სპეციალური შეთანხმების საფუძველზე თვითონ კისრულობს მოთხოვნის გამოყენებას შემკვეთის ხარჯითა და რისკით.

სასამართლოს მიერ დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ შპს,,გ-----------------ი’’ არ წარმოადგენს 2017 წლის მაისში (ფაქტი მომხდარი 16/05-2017/17/05/2017 პერიოდში) განხორციელებული გადაზიდვისას არსებული დანაკლისის შპს ,,ვ-------------’’-ისათვის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირს. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

ამასთანავე, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოების დადგენა და გადამზიდავის მოქმედებაზე ექსპედიტორის პასუხიმგებლობის გამორიცხვა, მეორეხარისხოვანს ხდის მიმდინარე დავის ფარგლებში თუნდაც ზიანის ოდენობაზე ან გადამზიდავის ქმედების შეფასებაზე სასამართლოს არსებით მსჯელობას. მოცემული დავის ფარგლებში აღნიშნული დასადგენი იქნებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ სასამართლო გაიზიარებდა მოსარჩელის სამართლებრივ შეფასებას ექსპედიტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე.

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მოსარჩელის მიერ საქართველოს უზენაესის სასამართლოს 2001 წლის 08 ივნისის განჩინებაზე (საქმე №3კ/855) და მიუთითებს, რომ აღნიშნულ განჩინებაში განვითარებული მსჯელობა ვერ განაპირობებს მოცემული დავის ფარგლებში ექსპედიტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპედიტორის საქმიანობის სფეროს მრავალფეროვნების გათვალისწინებით, ერთ საქმეზე მიღებული სამართლებრივი შეფასება სხვა პრეცედენტებზე მექანიკურად გავრცელების საფუძველს არ წარმოადგენს და პასუხისმგებლობის განმსაზღვრელი კონკრეტული ურთიერთობის შინაარსი და სპეციფიკაა. განსახილველ საქმეზე დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე, კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ექსპედიტორისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლის არ არსებობა, რაც განაპირობებს, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების თაობაზე სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.

6.2. სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.

სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების შესრულების შეფასებისას გათვალისწინებულ უნდა იყოს, იყო თუ არა განხორციელებული მოქმედება, და თუ ასეთს ჰქონდა ადგილი, რა გზით მოხდა შესრულება. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავ--, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებასაც.

წარმოდგენილი შეგებებული სასარჩელო მოთხოვნიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების ღირებულების ანაზღაურებას. დადგენილია, რომ 2014 წლის 01 ოქტომბერის ტვირთის ტრანსპორტირების შესახებ (სატრანსპორტო ექსპედიცია) №1---- ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შპს ,,ვ-------------’’-ს ექსპედიტორის - შპს ,,გ-----------------ის’’ სასარგებლოდ ერიცხება გაწეული მომსახურების დავალიანება 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ოდენობით. ამასთან სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ვ-------------’’-ს ეკისრება შპს ,,გ-----------------ისთვის’’ დავალიანების - 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ანაზღაურება. ყოველივე აღნიშნული კი განაპირობებს, რომ შეგებებული სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარის ოდენობით (ს.ფ.90-91). ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მისი მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი და მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად. შეგებებული სარჩელით მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 1 543.02 ლარი (ს.ფ. 153). ვინაიდან შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, მოპასუხე შპს ,,ვ-------------’’-ს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,გ-----------------ის’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს შეგებებულ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 543.02 ლარის ოდენობით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. შპს ,,ვ-------------''-ის სარჩელი შპს ,,გ-----------------ის'' მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

3. შპს ,,გ-----------------ის'' შეგებებული სარჩელი შპს ,,ვ-------------''-ის მიმართ დაკმაყოფილდეს;

4. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ვ-------------''-ს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,გ-----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს 16 407.49 ევროს და 3 187.78 ლარის ანაზღაურება;

5. შეგებებული სარჩელით მოპასუხე შპს ,,ვ-------------''-ს შეგებებული სარჩელით მოსარჩელე შპს ,,გ-----------------ის'' სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 1 543.02 ლარის ოდენობით.

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი