გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1386-2017
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2018 წ. ქ. რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი
სხდომის მდივანი თამარ კობაიძე
მოსარჩელე შპს ”ა----–ი”
წარმომადგენლები ბელა ბერაძე, ლევან შათირიშვილი
მოპასუხეები შპს ”ა-–---–-----ი”
წარმომადგენლები თამილა მილდიანი
შპს ჩ-----ი
წარმომადგენელი თეონა კახიძე
დავის საგანი იჯარის საფასურის დაკისრება, პირგასამტეხლოს გადახდა, მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ა-–---–-----ს დაეკიროს საიჯარო საფასურის და პირგასამეტეხლოს 36 140 ლარის გადახდა.
1.2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ა-–---–-----სა და შპს ჩ-----ს შორს დადებული მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება.
სარჩელის გარემოებები:
მოსარჩელის საკუთრებაშია უძრავი ქონება, კომერციული ფართი მდებარე ქ. რუსთავში, მე-16 მ/რ, უნივერსამის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ #0------------------. 2015 წლის 03 იანვარს დადებული იჯარის ხელშეკრულებით ხუთი წლის ვადით ამ მისამართზე არსებული კომერციული ფართი გადასცა შპს ა-–---–-----ს. ყოველთვიურ საიჯარო ქირის გადასახადი შეადგენდა 1500 (ათასხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში. მხარეთა შეთანხმებით საიჯარო თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მოიჯარეს ერიცხებოდა პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0.1% ოდენობით. იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხემ მოსარჩელის მიერ იჯარით აღებულ ქონებაში შეიტანა სამკერვალო მანქანა-დანადგარები და აამუშავა სამკერვალო ფაბრიკა. მოიჯარე გადასახადს იხდიდა, თუმცა არასრულად (პროდუქციის გაყიდვებიდან გამომდინარე). ხელშეკრულების გაფორმებიდან დაახლოებით ერთი წლის შემდეგ მოპასუხემ განმცხადებელს აცნობა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მისმა შპს-ემ შეიცვლა სახელწოდება, შესაბამისად რეკვიზიტებიც და სთხოვა გაეფორმებინა ახალი ხელშეკრულება, რომ რაიმე ცდომილება არ ყოფილიყო მეიჯარესა და მოიჯარესთან მიმართებაში. რაც შეეხება საქმიანობას ისევ იმ ფორმატში გაგრძელდებოდა, რაც იყო მანამდე. მოსარჩელეს მოპასუხის ქმედებაში ეჭვი არ შეუტანია და ყოველგვარი პრობლემის გარეშე 2016 წლის 01 ნოემბერს გააფორმა ხელშეკრულება მოპასუხის მიერ მითითებულ ახალ შპს-სთან.
ამ პერიოდისათვის, მოპასუხეს ერიცხებოდა დავალიანება მოსარჩელის მიმართ 26 304 (ოცდაექვსიათას სამასოთხი) ლარის ოდენობით. მოპასუხე შეუთანხმდა განმცხადებელს, რომ ვალის გადახდამდე მას დაუტოვებდა მანქანა-დანადგარებს, რომელიც განმცხადებლის მფლობელობაში დარჩებოდა დავალინების დაფარვამდე. ფაბრიკაში ჩვეული წესით ყოველგვარი ცვლილებების გარეშე გაგრძელდა მუშაობა. მოგვიანებით აღმოჩნდა, რომ მოპასუხეს ჰქონია დავალიანება სახელწიფოს წინაშე და ვალდებულების თავიდან აცილების მიზნით მოემზადა იმისათვის, რომ აღარაფერი ჰქონოდა იძულებითი აღსრულების მომენტისათვის, როგორც სახელმწიფოს მხრიდან ასევე განმცხადებლის მხრიდან საქმის წარმოების დაწყების შემთხვევაში. 2016 წლის 1 ნოემბერს სამეწარმეორეესტრში რეგისტრირებულიც არ იყო შპს "ჩ-----ი", სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 10 ნოემბერიდან. 2016 წლის 19 ნოემბერს შპს „ა-–---–-----მა“ გააფორმა თვალთმაქცური გარიგება საკერავი დანადგარების გაყიდვის შესახებ.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ მხარეებს შორის საგადასახადო ანგარიშფაქტურის გაფორმება და შემოსავლის ორდერი არ ადასტურებს ნასყიდობის ხელშეკრულების რეალურად დადებას და ნასყიდობის ფასის გადახდას, რადგან ნასყიდობის ფასის გადახდა არ დასტურდება სალაროს ჩეკით ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტით.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი გარემოებების გამო:
შპს ჩ-----ის განმარტებით, შპს „ჩ-----ს“ მოსარჩელის მიმართ არ გააჩნია საიჯარო ქირის დავალიანება. შპს „ჩ-----ი“ დაფუძნდა 2016 წლის 10 ნოემბერს, რომლის ძირითადი საქმიანობაა სამკერვალო საქმიანობა. დაფუძნებისთანავე შპს „ა-–---–-----ისაგან“ შეიძინა საკერავი დანადგარები და სხვა მოძრავი ქონება, რაც სამკერვალო საქმისათვის არის აუცილებელი. შპს „ჩ-----მა“ მუშაობა დაიწყო იმავე ტერიტორიაზე, სადაც ფუნქციონირებდა შპს „ა-–---–-----ი“. შესაბამისად, 2016 წლის 10 ნოემბერს უძრავი ქონების მესაკუთრესთან შპს „ა----–თან“ გააფორმა იჯარის ხელშეკრულება 3 წლის ვადით, თუმცა განისაზღვრა ვადაზე ადრე ხელშეკრულების შეწყვეტის უფლება. დაქირავებული ფართი იყო სამეწარმეო საქმიანობისათვის შეუფერებელი, ყოველი წვიმის დროს სველდებოდა საქონელი, ამ პირობების გათვალისწინებით საიჯარო თანხა იყო ძალიან მაღალი, რის გამოც 2017 წლის 19 აპრილს შეატყობინეს მეიჯარეს ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. დავალიანება 4540 ლარის ოდენობით გადახდილია სრულად. შპს „ა----–ი“ არ აძლევდა მათ საშუალებას ინვენტარი გადაეტანათ სხვა ადგილას შერჩეულ ფართში, რის გამოც მიმართეს პოლიციას. შპს „ჩ-----ს“ არავითარი სამართლებრივი კავშირი არა აქვს შპს „ა-–---–-----თან“, არ არის მისი უფლებამონაცვლე. შპს „ა----–ს“ მათთვის არასოდეს წაუყენებია პრეტენზია იჯარის თანხის ან სხვა დავალიანების შესახებ, ასევე შპს ა-–---–-----ის დავალიანების შესახებ. ნასყიდობის თანხა გადაუხადა შპს ა-–---–-----ს, რაც დასტურდება საგადასახადო ანგარიშფაქტურით და სალაროს შემოსავლის ორდერით. რაიმე სხვა ბულტრული დოკუმენტის არსებობა სავალდებულო არ არის ნასყიდობის საფასურის გადახდის დასადასტურებლად.
შპს ა-–---–-----მა სარჩელი არ ცნო შემდეგი გარემოებების გამო:
იჯარის საფასურის დავალიანება არ გააჩნია. მართალია ხელშეკრულებაში მითითებულია იჯარის საფასური თვეში 1500 აშშ დოლარი, მაგრამ მოგვანებით შეიცვალა ეს პირობა და მხარეები შეთანხმდნენ ყოველთვიურად 3000 ლარის გადახდაზე, რასაც იხდიდა ჯეროვნად. ამდენად, რაიმე დავალიანება მოსარჩელის მიმართ არა აქვს, მხარეთა შეთანხმებით შეწყდა იჯარის ხელშეკრულება და მოსარჩელემ შპს ჩ-----თან გააფორმა ხელშეკრულება. მოპასუხეებს სხვადასხვა დამფუძნებელები ჰყავთ, მათ რაიმე კავშირი არა აქვთ. სამკერვალო დანადგარები მიყიდა შპს ჩ-----ს, რისი საფასურიც მიღებული აქვს ნაღდი ანგარისწორებით, გამოწერილია საგადასახადო ანგარშფაქტურა. მოსარჩელესთან ხელშეკრულების შეწყვეტის დროს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება არ ჰქონდა და რაიმე ვალდებულების შესრულებისათვის თავის არიდება მიზნად არ ჰქონია.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
საქმისათვის მნიშვნეკოვანი გარემოებები მხარეებს შორის სადაოა
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 3 იანვარს შპს ა----–სა და შპს ა-–---–-----ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის საგანია რუსთავში, 16-ე მ/რ მდებარე 550 კვ.მ ფართი (კოდის 0------------------), ხოლო ყოველთვიური იჯარის საფასური 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მხარეები დამატებით არ შეთანხმებულად იჯარის საფასურის ოდენობის ცვლილების შესახებ. შპს „ა-–---–-----ს“ სრულად არა აქვს გადახდილი იჯარის საფასური.
2015 წლის 3 იანვარს შპს „ა----–სა“ და შპს „ა-–---–-----ს“ შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, შპს ა-–---–-----მა მოსარჩელისაგან იჯარით აიღო რუსთავში, 16-ე მ/რ მდებარე 550 კვ.მ ფართი (კოდის 0------------------). იჯარის ხელშეკრულება დადებულია 5 წლის ვადით. ხელშეკრულების 5,1 პუნქტის მიხედვით, მოიჯარე ვალდებულია გადაუხადოს მეიჯარეს ქირა ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. ხელშეკრულების 5,3 პუნქტის მიხედვით, ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოიჯარე დამატებით იხდის თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,1%-ს.
ამ ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ა-–---–-----ს“ სარგებლობაში გადაეცა ხელშეკრულებაში მითითებული ფართი, სადაც მოპასუხეს განთავსებული ჰქონდა სამკერვალო ფაბრიკა.
იჯარის საფასური შპს „ა-–---–-----ს“ გადახდილი აქვს შემდეგი პერიოდულობით და ოდენობით:
13.01.2015წ - 2700 ლარი
05.02.2015წ - 2900 ლარი
10.03.2015წ – 2950 ლარი
14.04.2015წ - 3000 ლარი
18.05.2015წ - 3000 ლარი
15.06.2015წ - 3000 ლარი
15.07.2015წ - 3000 ლარი
05.08.2015წ -0
14.09.2015წ -3000 ლარი
15.10.2015წ -3000 ლარი
21.10.2015წ -3000 ლარი
05.11.2015წ -0
15.12.2015წ -0
20.01.2016წ -3000 ლარი
16.02.2016წ -3000 ლარი
22.03.2016წ -3000 ლარი
28.04.2016წ -600 ლარი
05.05.2016წ -0
22.006.2015წ -1500 ლარი
24.07.2006წ -3000 ლარი
16.08.2016წ -3000 ლარი
13.09.2016 -3000 ლარი
18.10.2016წ -3000 ლარი
მოსარჩელემ სასამართლოში წარმოადგინა შპს „ა-–---–-----ის“ მიერ იჯარის საფასურის გადახდის შესახებ მის მიერ შედგენილი ცხრილი და მისი საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი, სადაც მითითებული გადახდების შესახებ ინფორმაცია, რაც სადაოდ არ გაუხდია მოპასუხეს.
სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოპასუხის არგუმენტი იმის შესახებ, რომ იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა იჯარის საფასური და განისაზღვრა 3000 ლარი. იჯარის ხელშეკრულების 10,1 პუნქტის მიხედვით, ხელშეკრულების შეცვლა და მასში დამატების შეტანა დასაშვებია მხოლოდ მხარეთა წერილობით თანხმობით. წერილობითი მიმართვის ან სხვა დოკუმენტის, რომელსაც ხელმოწერა ესაჭიროება მიღების დროს, მიმღები მხარე ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში გადასცეს წერილობით პასუხი ან ხელმოწერილი დოკუმენტი მეორე მხარეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის მიხედვით, 1. თუ კანონით ხელშეკრულების ნამდვილობისათვის დადგენილია განსაზღვრული ფორმა, ან მხარეებმა ხელშეკრულებისათვის გაითვალისწინეს ასეთი ფორმა,მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. 2. თუ მხარეები შეთანხმდნენ წერილობით ფორმაზე, ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს მხარეთა მიერ ხელმოწერილი ერთი დოკუმენტის შედგენით; ფორმის უზრუნველსაყოფად ასევე საკმარისია სატელეგრაფო შეტყობინება, ტელეასლი ან წერილების ურთიერთგაცვლა.
მხარეებს შორის იჯარის ხელშეკრულება დადებულია წერილობით და გათვალისწინებულია მასში ცვლილებების შეტანა წერილობითი ფორმით.
წერილობით დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების განხორციელების ფორმის დაცვის საკითხის განმარტებისათვის, სასამართლო მოიხმობს საერთაშორისო კომერციული ხელშეკრულებების პრინციპების (უნიდროას პრინციპების) 2.1.18 მუხლს, რომელიც შეეხება წერილობით დადებული ხელშეკრულების შეცვლის საკითხს. ამ პრინციპების თანახმად, წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს მითითებას იმის შესახებ, რომ ხელშეკრულების პირობების შეცვლა ან ხელშეკრულების შეწყვეტა უნდა გაფორმდეს ასევე წერილობით, არ შეიძლება შეიცვალოს ან შეწყდეს სხვა ფორმით. თუმცა, მხარეს შეუძლია არ დაეყრდნოს ამ დათქმას იმდენად, რამდენადაც მეორე მხარის ასეთ ქცევას გონივრულად ეყრდნობოდა. წერილობით დადებული ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის საკითხზე მსგავს რეგულაციას შეიცავს საერთაშორის ნასყიდობის შესახებ ვენის კონვენცია, რომლის 29-ე მუხლის მიხედვით, 1. ხელშეკრულება შეიძლება შეიცვალოს ან მისი მოქმედება შეწყდეს მხარეთა უბრალო შეთანხმებით. 2. წერილობითი ხელშეკრულება, რომელიც შეიცავს დებულებას, რომ მისი ნებისმიერი შეცვლა ან შეწყვეტა მხარეებმა უნდა განახორციელონ წერილობითი ფორმით, არ შეიძლება სხვაგვარად შეიცვალოს ან შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით. თუმცა ერთი მხარის ქმედებამ შეიძლება გამორიცხოს მისთვის იმის შესაძლებლობა, რომ იხელმძღვანელოს აღნიშნული დებულებით იმდენად, რამდენადაც მეორე მხარე ეყრდნობოდა და ითვალისწინებდა ასეთ მოქმედებას.
მოპასუხე იჯარის საფასურს ძირითადად თვეში 3000 ლარის ოდენობით იხდიდა, თუმცა გარკვეული თვეების მანძილზე თანხა საერთოდ არ გადაუხდია. მხოლოდ ამ გარემოების გამო დადასტურებულად ვერ ჩაითვლება. რომ მხარეთა შეთანხმებით შეიცვალა იჯარის საფასური და მეიჯარე დათანხმდა შეცვლილი თანხით იჯარის საფასურის ანაზღაურებას. საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რაც ამ საკითხზე მხარეთა ერთობლივ ნების გამოვლენაზე მიუთითებდეს, ადასტურებდეს მოიჯარის შეთავაზებას იჯარის საფასურის 3000 ლარით განსაზღვრის შესახებ.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის დანაწესი ვრცელდება ასევე ისეთ შემთხვევაზე, როცა მხარეებმა თავად განსაზღვრეს ხელშეკრულების წერილობითი ფორმა, რის გამოც შეთანხმებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ამავე ფორმის დაცვით უნდა მოხდეს.
ამდენად, მხარები დამატებით არ შეთანხმებულან იჯარის საფასურის ოდენობის შეცვლის შესახებ, რის გამოც იჯარის საფასური მოპასუხეს უნდა გადაეხადა ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში. მოიჯარემ ეს ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, იგი პერიოდულად იხდიდა იჯარის საფასურს, თუმცა არა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით ლარში.
შპს „ა----–ის“ საბანკო ანგარიშიდან ამონაწერის თანახმად, პირველი თვის ქირა შპს „ა-–---–-----ს“ გადახდილი აქვს 2700 ლარის ოდენობით, ხოლო საბანკო ამონაწერში მითითებულია, რომ ეს თანხა არის 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში. მოსარჩელეს მითითებული აქვს ამ გადახდის შემთხვევაში კურსებს შორის სხვაობა 123,15 ლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის საბანკო ანგარიშით დასტურდება, რომ 2015 წლის იანვრის თვის გადახდილი იჯარის საფასური 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს შეადგენს, რის გამოც ამ თვის საფასური 123,15 ლარი ზედმეტად აქვს გაანგარიშებული მოსარჩელეს.
რაც შეეხება სხვა თვეებს. შპს „ა-–---–-----ს“ საერთოდ არ გადაუხდია 2015 წლის აგვისტოს, ნოემბრის, დეკემბრის 2016 წლის მაისის თვეების იჯარის საფასური, ხოლო სხვა თვეების საფასურის 1500 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ექვივალენტით გადახდილი არ არის. იჯარის საფასურის დავალიანებაა 26 181 ლარი (მოსარჩელის გაანგარიშებას გამოკლებული იანვრის თვის კურსის სხვაობა 123,15 ლარი).
შპს „ა-–---–-----სა“ და შპს „ა----–ს“ შორის იჯარის ხელშეკრულება შეწყდა 2016 წლის 1 ნოემბრიდან, რა დროსაც მას იჯარის საფასურის დავალიანება სრულად არ გადაუხდია.
სასამართლო ეყრდობა შემდეგ მტკიცებულებას
- იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 16-19. ტომი 1)
- მოსარჩელის 03.05.2017წ წერილის ასლი (ს.. 25. ტომი 1)
- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 139-148. ტომი 1)
3.2.2. 2016 წლის ნოემბრიდან შპს „ა----–მა“ რუსთავში, 16-ე მ/რ მდებარე 550 კვ.მ ფართი (კოდის 0------------------) იჯარით გადასცა შპს „ჩ-----ს“, რომელიც ამ ფართით სარგებლობდა 2017 წლის აპრილის თვემდე.
2016 წლის 1 ნოემბერს შპს „ჩ-----სა“ და შპს „ა----–ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება N001/2016, რომლის საფუძველზე შპს ჩ-----ს სარგებლობაში გადაეცა რუსთავში, 16-ე მ/რ მდებარე 550 კვ.მ ფართი (კოდის 0------------------). ხელშეკრულება დაიდო 3 წლის ვადით. იჯარის საფასური შეადგენს ყოველთვიურად 1500 აშშ დოლარს. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია იჯარის საფასურის გადახდა თვის პირველ რიცხვში. დადგენილ ვადაში ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში თითოეულ ვადაგადაცილებულ დღეზე მოიჯარე დამატებით გადაიხდის გადასახდელი თანხის 0,1%-ს.
2017 წლის 20 აპრილს შპს „ა----–მა“ შპს „ჩ-----ს“ გაუგზავნა წერილობითი შეტყობინება იჯარის საფასურის დავალიანების გადახდის მოთხოვნით. წერილში მითითებულია, რომ იჯარის საფასურის დავალიანებაა 9838,85 ლარი, რაც არის 2016 წლის 1 ნოემბრიდან 2017 წლის 31 მარტამდე პერიოდში გადაუხდელი იჯარის საფასური და დარიცხული პირგასამტეხლო, რადგან თანხა არ იყო გადახდილი 1500 აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში.
მოსარჩელე მოპასუხეებს შორის მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების თვალთმაქცურობის ერთერთ არგუმენტად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ იჯარის ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 1 ნოემბერს, ხოლო შპს „ჩ-----ი“ სამეწარმეო რეესტრში დარეგისტრირდა მომდევნო პერიოდში - 2016 წლის 10 ნოემბერს.
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს ჩ-----ი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 10 ნოემბრიდან, მისი საიდენტიფიკაციო კოდია 406192025. შპს ჩ-----ის საიდენტიფიკაციო კოდი მითითებულია იჯარის ხელშეკრულებაში.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2009 წლის 31 დეკემბრის N241ბრძანებით დამტკიცებულია, „მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეგისტრაციის შესახებ“ ინსტრუქცია, რომლის მე-3 მუხლის „ვ“ პუნქტის მიხედვით, საიდენტიფიკაციო ნომერი არის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრაციას დაქვემდებარებულ პირთათვის ამ ინსტრუქციითა და კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული უნიკალური ნომერი, ამ ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, რეგისტრაციის შედეგად სუბიექტს ენიჭება უნიკალური, მუდმივი საიდენტიფიკაციო ნომერი და მისი შეცვლა დაუშვებელია, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ ნორმატიული აქტით დადგენილია, რომ იურიდიულ პირს რეგისტრაციის შედეგად ენიჭება საიდენტიფიკაციო ნომერი, შპს ჩ-----ი კი სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 10 ნოემბრიდან. რადგან იჯარის ხელშეკრულებაში მითითებულია მოიჯარის საიდენტიფიკაციო კოდი, ეს მოწმობს იმას, რომ ხელშეკრულება დადებულია 2016 წლის 10 ნოემბერს, რადგან ხელშეკრულებაში საიდენტიფიკაციო კოდი სხვაგვარად ვერ იქნებოდა აღნიშნული. ამდენად, სასამართლო იზიარებს შპს ჩ-----ის იმ განმარტებას, რომ ხელშეკრულებაში მისი დადების თარიღი შეცდომითაა მითითებული და იგი დაიდო 2016 წლის 10 ნოემბერს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- იჯარის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. ს.ფ. 20-23. ტომი 1)
- შპს ა----–ის წერილის ასლი (ს.ფ. 24. ტომი 1 )
- სარჩელი (ს.ფ. 7. ტომი1 )
- შპს ჩ-----ის შესაგებელი (ს.ფ. 77-84. ტომი 1 )
- სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 13-14. ტომი 1)
3.2.3. 2016 წლის 19 ნოემბერს შპს ჩ-----სა და შპს ა-–---–-----ს შორის დაიდო მოძრავი ნივთების - სამკერვალო დანადგარების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც ნივთები გასხვისდა 85 918 ლარად. ეს თანხა შპს ჩ-----მა გადაუხადა შპს ა-–---–-----ს 2016 წლის 19 ნოემბერს. ამ გარიგების მხარეთა საერთო მიზანი არ ყოფილა შპს ა----–ისთვის შპს ა-–---–-----ის მიერ იჯარის საფასურის გადახდის პასუხისმგებლობისაგან თავიდან არიდება.
2016 წლის 19 ნოემბერს გამოწერილია სასაქონლო ზედნადები ელ-0274231859, რომლის მიხედვით გამყიდველმა შპს „ა-–---–-----მა“ მყიდველს შპს „ჩ-----ს“ გადასცა 85 918 ლარის ღირებულების სამკერვალო დანადგარები, მიწოდების ოპერაციის შინაარსია - ტრანსპორტირების გარეშე. გასხვისებულია 25 დასახელების დანადგარი. 2016 წლის 8 დეკემბერს გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა Nეა-40 2153078, რომლის მიხედვით გამყიდველია შპს „ა-–---–-----ი“, ხოლო მყიდველი შპს „ჩ-----ი“. საგადასახადო ანგრიშფაქტურა გამოწერილია 2016 წლის 19 ნოემბერს სასაქონლო ზედნადების ელ-0274231859 საფუძველზე (ს.ფ. 165-166. ტომი 1).
მოპასუხე შპს „ჩ-----ის“ მიერ თანხის გადახდის დასადასტურებლად წარმოდგენილია 2016 წლის 19 ნოემბრით დათარიღებული სალაროს შემოსავლის ქვითარი N51. ქვითარი შედგენილია შპს „ა-–---–-----ის“ მიერ, ოპერაციის საფუძველია რეალიზებული ძირითადი საშუალებების ღირებულება, თანხა 85 918 ლარი მიღებულია შპს ჩ-----ისაგან. (ს.ფ. 149, ტომი 1)
მოსარჩელე მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულებას თვალთმაქცურად მიიჩნევს იმ საფუძვლით, რომ ორივე იურიდიული პირი ფაქტობრივად ერთი მფლობელისაა და გარიგება დაიდო იჯარის საფასურის გადახდისაგან თავის არიდების მიზნით. შესაბამისად, მოსარჩელის ამ განმარტებიდან გამომდინარე უნდა დადგინდეს, ვინ არიან მოპასუხე იურიდიული პირების დამფუძნებლები, როდის დაფუძნდა ისინი, ნამდვილად გასხვისდა თუ არა სადაო ნივთები.
სამეწარმეო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, შპს „ა-–---–-----ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2014 წლის 25 დეკემბერიდან. მისი დამფუძნებელია ფიზიკური პირი - თურქეთის მოქალაქე რ---------------ი.
შპს „ჩ-----ი“ სამეწარმეო რეესტრში რეგისტრირებულია 2016 წლის 10 ნოემბერს, მისი დამფუძნებელია მ--------------------ი, თურქეთის მოქალაქე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე შპს „ა-–---–-----ის“ დირექტორმა მას განუმარტა, რომ გარკვეული მიზეზების გამო მისმა ფირმამ შეიცვალა სახელწოდება და ფირმის რეკვიზიტებიც და სთხოვა ახალი იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. ასევე განუმარტა, რომ ურთიერთობა გაგრძელდებოდა მასთან და საბუთები იქნებოდა იურიდულად გაფორმებული ვინმე მუსტაფას სახელზე. მოსარჩელის ამ განმარტებიდან გამომდინარე, მოსარჩელე მიუთითებს იმ გარემოებას, რომ შპს „ჩ-----ის“დამფუძნებელმა რ---------------მა ფიქტიურად დააფუძნა შპს „ჩ-----ი“ სხვა პირის მეშვეობით.
სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით მოპასუხე იურიდიულ პირებს სხვადასხვა დამფუძნებლები ჰყავთ. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ შპს „ჩ-----თან“ იჯარის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგაც იჯარის საკითხებზე მასთან ურთიერთობა ჰქონდათ კვლავ შპს „ა-–---–-----ის“ უფლებამოსილ პირებს. მოსარჩელეს მისი ახსნა-განმარტების გარდა არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დასტურდება რომ მოპასუხე იურიდიული პირების დამფუძნებლებს შორის რაიმე შეთანხმება არსებობდა ქონების ფიქტიური გადაცემის და იურიდიული პირის ფიქტიურად დაფუძნების შესახებ. საქმეში არსებული წერილობითი მტკიცებულებები ასეთ გარემოებას არ ადასტურებს.
ამასთან, შპს „ა-–---–-----თან“ იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის დროს მოსარჩელეს არ განუცხადებია მისთვის პრეტენზია გადაუხდელი ქირის დავალიანების შესახებ. ასეთი პრეტენზია მოსარჩელემ განაცხადა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შპს „ჩ-----თან“ წარმოიქმნა დავა. კერძოდ, საიჯარო ქირის დავალიანება გააჩნდა ასევე შპს „ჩ-----ს“, რომელსაც მოსარჩელემ დავალიანების გადახდა მოსთხოვა 2017 წლის 20 აპრილის წერილით, ხოლო დავალიანების გადახდის მოთხოვნით წერილი შპს „ა-–---–-----ს“ მოსარჩელემ გაუგზავნა 2017 წლის 3 მაისს. ამასთან, შპს „ჩ-----ს“ მოსთხოვა მასთან ხელშეკრულების დადების თარიღის შემდეგ წარმოქმნილი დავალიანება, ხოლო მოგვიანებით შპს „ა-–---–-----ს“ ცალკე მოსთხოვა ქირის დავალიანების გადახდა.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შპს „ა-–---–-----ს“ და შპს „ჩ-----ს“ ჰყავთ სხვადასხვა დამფუძნებლები, მათი ურთიერთკავშირის შესახებ მოსარჩელის ვარაუდები დასაბუთებული არ არის მტკიცებულებებით. ასევე არ დასტურდება მოპასუხე შპს „ჩ-----ისათვის“ ქონების ფიქტიურად გაფორმება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით - საგადახდო ანგარიშფაქტურით, სასაქონლო ზედნადებით, სალაროს შემოსავლის ორდერით დასტურდება, რომ შპს „ჩ-----მა“ შპს „ა-–---–-----ისაგან“ შეიძინა სამკერვალო დანადგარები და გადაიხადა მათი საფასური 85 918 ლარი.
მოპასუხე თანხის გადახდის დამადასტურებელ სათანადო მტკიცებულებად არ მიიჩნევს შემოსავლის ორდერს და თანხას გადახდილად არ მიიჩნევს იმის გამო, რომ არ არის გამოწერილი სალაროს ჩეკი ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სადაო ნივთების ნასყიდობას რამდენიმე წერილობითი მტკიცებულება შეეხება, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე ისინი ერთობლიობაში უნდა შეფასდეს, რა დროსაც უნდა განიმარტოს როგორც თითოეული საბუთის დანიშნულება, ისე ერთობლივად მათი მნიშვნელობა სადაო გარემოების მტკიცების პროცესში.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 136-ე მუხლის თანახმად, 1. გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სწორად და დროულად აღრიცხოს შემოსავლები და ხარჯები დოკუმენტურად დადასტურებულ მონაცემთა საფუძველზე, ამ თავით გათვალისწინებული მეთოდების გამოყენებით და მიაკუთვნოს იმ საანგარიშო პერიოდს, რომელშიც მოხდა მათი მიღება და გაწევა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, გადასახადის გადამხდელი ვალდებულია სრულად აღრიცხოს თავის საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია, რათა გარანტირებული იყოს კონტროლი მათ დაწყებაზე, მიმდინარეობასა და დასრულებაზე. ამ მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, სამეწარმეო საქმიანობისათვის ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, ხოლო საქონლის მიწოდებისას − მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში (გარდა სპეციალური დამატებული ღირებულების გადასახადის ანგარიშ-ფაქტურების მიხედვით განხორციელებული მიწოდებისა, რომლებიც მოიცავს სასაქონლო ზედნადებით გათვალისწინებულ რეკვიზიტებს) სასაქონლო ზედნადები უნდა გამოიწეროს საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმითა და წესით. ამასთანავე, საქონლის მიწოდებისას მყიდველის მოთხოვნის შემთხვევაში სასაქონლო ზედნადების გამოწერისას აკრძალულია საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე შენახვა.
საგადასახადო კოდექსის 175-ე მუხლის მიხედვით, 1. საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა არის საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი ფორმის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, გარდა ამ მუხლით დადგენილი გამონაკლისებისა, რომლის გამოწერისა და წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა მინისტრი. 11. საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილ შემთხვევებში საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა შეიძლება გამოიწეროს და წარდგენილ იქნეს ელექტრონული ფორმით (ელექტრონული საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა), რომელიც არ არის მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი. 2. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი უფლებამოსილია საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა გამოწეროს და მიწოდებული/მისაწოდებელი საქონლის ან გაწეული/გასაწევი მომსახურების მიმღებს წარუდგინოს მხოლოდ დასაბეგრი ოპერაციის განხორციელების დროს. ......; 3. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირი ვალდებულია (გარდა საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევისა, როდესაც თითოეული ოპერაცია იბეგრება დღგ-ით) საქონლის/მომსახურების მიმღების მოთხოვნისას მოთხოვნიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა გამოწეროს საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა და წარუდგინოს იგი საქონლის/მომსახურების მიმღებს ამ მუხლის მე-2 ნაწილის პირობების დაცვით. ამასთანავე, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურის გამოწერის ვალდებულება არ წარმოეშობა იმ ფიზიკურ პირს, რომელიც არ არის რეგისტრირებული გადასახადის გადამხდელად, გარდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევისა.
მოპასუხეები დღგ-ს გადამხდელი სუბიექტები არიან, რის გამოც ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე წარმოეშვათ ვალდებულება გამოეწერათ საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ საქონლის/მომსახურების მიწოდების დროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას შესაბამისი მონაცემები აღირიცხება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით. მომხმარებლად ჩაითვლება პირი, რომელიც ნაღდი ფულით ახორციელებს ანგარიშსწორებას მისთვის მიწოდებულ/მისაწოდებელ საქონელზე/მომსახურებაზე. ამ მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ პუნქტის თანახმად, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება: ა) პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც: ა.ა) გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ა.ბ) საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა.
ამდენად, ზემოთდასახელებული ნორმების საფუძველზე საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი; ასევე თუ საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების ვალდებულება შეეხებათ ზემოდასახელებული ნორმის მე-4 ნაწილის „ე“ და „ე1“ ქვეპუნტებში მითითებულ პირებს. კერძოდ, საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება „ე“ პუნქტის მიხედვით, პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), – საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით; „ე1“ პუნქტის მიხედვით, პირი − საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევებში. ამ შემთხვევებში პირი უფლებამოსილია საქმიანობის ამ ნაწილში გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი.
„მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, აღიარებული საგადასახადო დავალიანების დაფარვის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდარღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 331 დეკემბერის N 994 ბრძანების 21-ე მუხლით განსაზღვრულია ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის მნიშვნელობა და იმ პირთა წრე, რომლებმაც ფულადი ანგარიშსწორების დროს უნდა გამოიყენონ ეს დოკუმენტი.
ამ ბრძანების 21-ე მუხლის თანახმად, 1. პირმა, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში) საქმიანობის ამ ნაწილში განხორციელებული ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად, სსა-ის ნაცვლად შეიძლება გამოიყენოს ამ მუხლით დადგენილი წესით რეგისტრირებული/შეთანხმებული ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (შემდგომში – ჩგდ). ჩგდ-ის გამოყენება ასევე დასაშვებია ამ წესის მე-20 მუხლის 33 და 235 მუხლის მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში; 2. თუ პირი თავისუფლდება სსა-ის ( საკონტროლო-სალარო აპარატი) გამოყენებისაგან, იგი თავისუფლდება ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისაგან; 3. ჩგდ წარმოადგენს №131 დანართით გათვალისწინებულ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები აისახება შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში. 4. ჩგდ (გარდა ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჩგდ-ისა) შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს.
ამ ბრძანების 235 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციისას, აგრეთვე, ამავე მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი. ხოლო ამ მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, საგადასახადო ორგანოს წინასწარი თანხმობით, პირის მიერ მის სახელზე საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული SAM მოდულის მქონე სსა-ს გამოყენება ან სსა-ს გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია დასაშვებია გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე. ასეთ შემთხვევაში, პირი განცხადებით (რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიკაციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა) მიმართავს საგადასახადო ორგანოს, რომელიც განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს პირს თანხმობის ან უარის თაობაზე.
ამდენად, სადაო ნივთების ნასყიდობის დროს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემა სავალდებულო არ არის, რადგან ისეთ შემთხვევაში, როცა გამოწერილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა, სალარო აპარატის ჩეკის გაცემა სავალდებულო არ არის (საგადასახადო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის„ა.ბ“ პუნქტი). ფინანსთა მინისტრის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ასეთი პირი გათავისუფლებულია ასევე ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემისაგანაც. ზემოთდასახელებულ სუბიექტები ვალდებულნი არიან ანგარიშსწორებისათვის გამოიყენონ კანონმდებლობით დადგენილი მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი.
სასამართლომ საქვეუწყებო დაწესებულება ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურიდან მოიწვია სპეციალისტი, რომელთა განმარტებებიდან გამომდინარე, ბუღალტრული აღრიცხვის მიზნებისათვის პირველადი აღრიცხვის დოკუმენტირებისათვის შესაძლებელია გამოყენებული იქნას სალაროს შემოსავლის ორდერი. საგადასახადო კოდექსის ზემოთდასახელებული ნორმების საფუძველზე სადაო გარიგების შემთხვევაში ფასის გადახდის დასადასტურებლად საკონტროლო-სალაროს აპარატის ჩეკის ან ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერა გათვალისწინებული არ არის, რადგან მხარეებს შორის შედგენილია საგადასახადო ანგარიშფაქტურა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საგადასახადო ანგარიშფაქტურის გამოწერის შედეგად წარმოიშობა პირის საგადასახადო ვალდებულება. იგი იბეგრება საგადასახადო კოდექსის შესაბამისად და ეკისრება სხვადასხვა სახის გადასახადების გადახდის ვალდებულება, რითიც არის განპირობებული, რომ ასეთი დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში საკონტროლო-სალაროს აპარატის ჩეკით ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტით თანხის გადახდის დადასტურება სავალდებულო არ არის და თანხის გადახდა შეიძლება დადასტურდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტითაც.
შემოსავლების სამსახურიდან წარმოდგენილი ინფორმაციით დასტურდება, რომ მხარეებს შორის გაფორმებული საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე შპს „ა-–---–-----ზე“ დარიცხულია დღგ-ს გადასახადი 13 106,14 ლარის ოდენობით.
სასამართლოს სხდომაზე მოწმებული სპეციალისტების განმარტებებიდან გამომდინარე, ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას სალაროს შემოსავლის ორდერი წარმოადგენს ბუღალტრულ დოკუმენტს, რომლითაც აღირიცხება თანხის მიღება. სასამართლოს მიაჩნია, რომ სალაროს შემოსავლის ორდერი საგადასახადო ანგარიშფაქტიურასთან ერთობლიობაში ადასტურებს იმ ფაქტს, რომ შპს ჩ-----მა შპს «ა-–---–-----ს» გადაუხადა 85 918 ლარი მისგან შეძენილი სამკერვალო დანადგარების ნასყიდობის საფასურად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 29. ტომი 1)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურა (ს.ფ. 165-166. ტომი 1)
- სალაროს შემოსავლის ორდერის დედანი (ს.ფ. 149. ტომი 1)
- შემოსავლების სამსახურის ინფრომაცია შპს ა-–---–-----ის დაბეგვრის შესახებ (ს.ფ. 182-187. 195-208. ტომი 1)
- სპეციალისტების განმარტებები (02.10.2018წ და 18.10.2018წ სხდომის ოქმები CD დისკები )
- მოსარჩელის განმარტებები (30.07.2018წ სხდომის ოქმი, 18.10.2018წ სხდომის ოქმი CD დისკები)
III სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
მხარეთა მიერ შეთანხმებული ქირის ოდენობა დამატებითი შეთანხმებით არ შეცვლილა, ხოლო მოიჯარეს იჯარის საფასური სრულად გადახდილი არა აქვს, რის გამოც უნდა დაეკისროს გადაუხდელი თანხის და შემცირებული პირგასამტეხლოს გადახდა. მოპასუხეებს შორის გარიგება მოჩვენებით დადებული არ არის, რის გამო ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილობის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
საქმის სამართლებრივი შეფასებისას სასამართლომ გამოიყენა შემდეგი ნორმები:
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე, 553-ე, 361-ე, 400-ე, 401-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე
420–ე, 56-ე, 477-ე, მე-9, 59-ე, 568-ე მუხლები
6. სამართლებრივი შეფასება
სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, რომლის საფუძველზე მოსარჩელემ მის საკუთრებაში არებული უძრავი ქონება მოპასუხეებს გადასცა იჯარით სამეწარმეო მიზნით გამოყენებისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იჯარის ხელშეკრულებით მეიჯარე მოვალეა გადასცეს მოიჯარეს განსაზღვრული ქონება დროებით სარგებლობაში და საიჯარო დროის განმავლობაში უზრუნველყოს ნაყოფის მიღების შესაძლებლობა, თუ იგი მიღებულია მეურნეობის სწორად გაძღოლის შედეგად შემოსავლის სახით. მოიჯარე მოვალეა გადაუხადოს მეიჯარეს საიჯარო ქირა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, იჯარის მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუ 581-606-ე მუხლებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
ამდენად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 581-ე მუხლის თანახმად იჯარის ხელშეკრულების შინაარსში შედის მოიჯარისათვის ქონების დროებით სარგებლობაში გადაცემა, ხოლო მოიჯარე უფლებამოსილია მისთვის გადაცემულ ქონება გამოიყენოს სამეურნეო საქმიანობისათვის.
იჯარის ხელშეკრულების მიმართ გამოიყენება ქირავნობის ხელშეკრულების წესები, თუკი იჯარის მომწესრიგებელი ნორმები სხვაგვარად არ აწესრიგებს საკითხს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
შპს ა-–---–-----ს ჯეროვნად არ აქვს შესრულებული იჯარის საფასურის გადახდის ვალდებულება. მას საერთოდ არ გადაუხდია 2015 წლის აგვისტოს, ნოემბრის, დეკემბრის თვეების, 2016 წლის მაისის თვის იჯარის საფასური, ხოლო სხვა თვეების საფასურის 1500 აშშ დოლარის ეროვნულ ვალუტაში ექვივალენტით გადახდილი არ არის. იჯარის საფასურის დავალიანებაა 26 181 ლარი. მოსარჩელეს 2015 წლის იანვრის თვის საფასური მიღებული აქვს სრულად, რის გამო ამ თვეში მოპასუხეს დავალიანება 123,15 ლარი არ გააჩნია. ამდენად, მოიჯარეს სრულად გადახდილი არა აქვს იჯარის საფასური, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივი და შპს ა-–---–-----ს უნდა დაეკისროს 26 181 ლარის გადახდა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ. შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის მიხედვით, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული.
ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების რაიმე საპატიო მიზეზი მოპასუხეს არ მიუთითებია. შესაბამისად, მოპასუხემ დაარღვია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად - შეთანხმებული პირობების დაცვით, შეთანხმებულ ვადაში და შეთანხმებული ხარისხით. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში წარმოიშობა არა მარტო შესრულების მოთხოვნის უფლება, არამედ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება და მხარეთა შეთანხმების არსებობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს ანაზღაურების ვალდებულება. ამ შემთხვევაში მოთხოვნილია პირგასამტეხლოს ანაზღაურება 9838 ლარის ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.
მხარეთა წერილობითი შეთანხმებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლოს გადახდა იჯარის საფასურის გადახდის ვადის დარღვევისათვის და შეადგენს დავალიანების 0,1%-ს ყოველდღიურად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინებაში (საქმე №ას-318-301-2017) განმარტებულია შემდეგი: პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილსინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსის მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყობს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას, საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.
პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება მოითხოვს წერილობით ფორმას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირების უფლება მინიჭებული აქვს სასამართლოს. შესაბამისად, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის თანახმად, შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.
ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაშია მისაღები პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ.
პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბერის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016) პირგასამატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის:ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა".
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მერ მოითხოვნილი პირგასამტეხლო სადაო ხელშეკრულების გარემოებებიდან გამომდინარე შეუსაბამოდ მაღალი თანხაა.
პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები შესრულების ღირებულება, ვალდებულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. ამ შემთხვევაში პირგასამტეხლოს სახით დარიცხულია თანხა არის იჯარის საფასურის დავალიანების თითქმის 40%.
სასამართლო აღნიშნავს, რომ 420-ე მუხლით პირგასმატეხლოს შემცირების საკითხში სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების მიზანია მოვალის დაცვა აშკარად მაღალი და გადაჭარბებული პასუხიმგებლობისაგან, მაგრამ ამ ნორმით არ იგულისხმება კრედიტორის ინტერესების უგულებელყოფა. კერძო სამართლის უმნიშვნელოვანესი პრინციპია სახელშეკრულებო თანასწორობის პრინციპი, რაც ხელშეკრულების ყველა მხარის თანასწორუფლებიანობას ეფუძნება. პირგასამტეხლოს ფუნქცია არის როგორც მოპასუხისათვის ვალდებულების დარღვევის გამო სანქციის დაკისრება, ისე კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობით დამდგარი შედეგის, მისთვის მიყენებული ზიანის საკითხის შეფასებას. პირგასამტეხლოს მიზანია არა მოვალისათვის შეღავათის გაწევა, არამედ ისეთი თანხის დაკისრება, რაც კრედიტორის მიერ განცდილ ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ინტერესს დააკმაყოფილებს და მოპასუხეს დაიცავს გადაჭარბებული ქონებრივი პასუხიმგებლობისაგან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევა ემსახურება იმ მიზანს, რომ დაცული იქნას სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპი, რაც პირგასამტეხლოს საკითხში ავალდებულებს მხარეებს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა დაადგინონ იმ ფარგლებში, რომელიც არ სცდება ამ ინსტიტუტის დანიშნულებას და შეუსაბამოდ მძიმე ტვირთს არ აკისრებს ხელშეკრულების მხარეს.
სამოქალაქო ურთიერთობის კეთილსინდისიერების პრინციპის საფუძველზე პირგასამტეხლოს განსაზღვრის დროს დაცული უნდა იყოს პროპორციულობის (თანაზომიერების) პრინციპი. პირგასამტეხლოს დაკისრებით მხარემ არათანაზომიერად დიდი სარგებელი არ უნდა მიიღოს. პირგასამტეხლოს მიზანია მხარის მიერ განცდილი დანაკარგების კომპენსირება, მხარის დარღვეული უფლების აღდგენა გონივრულობის ფარგლებში.
სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს შემცირების საფუძველს იძლევა ის გარემოება, მოიჯარემ იჯარის საფასურის დიდი ნაწილი გადაიხადა, იგი პერიოდულად, ყოველთვიურად იხდიდა იჯარის საფასურს, თუმცა რამდენიმე თვის საფასური არ გადაიხადა. იჯარის საფასურის დავალიანების უმეტესი ნაწილი კი არის ეროვნული ვალუტის კურსის სრულად გაუთვალისწინებლად გადახდილი თანხა. ამ გარემოებების გათვალისწინებით, პირგასამტეხლო უნდა განისაზღვროს 2000 ლარით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობის თანხა უზრუნველყოფს როგორც კრედიტორის მიერ განცდილი ქონებრივი დანაკარგის მინიმალურად ანაზღაურებას, ისე ვალდებულების დარღვევის გამო მოპასუხისათვის სანქციის დაკისრებას.
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა გარიგების ბათილობის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის შესაბამისად, 1. ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგები მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). 2. თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).
მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში, ნების გამომვლენი და ნების მიმღები თანხმდებიან იმაზე, რომ მათ მიერ გამოვლენილ ნებას არ მიეცეს მსვლელობა და არ მოჰყვეს ამ გარიგებისათვის დამახასიათებელი სამართლებრივი შედეგი - ახდენენ გარეგნულად გამოხატული ნების მიღწევის სიმულაციას. მოჩვენებითი გარიგებისათვის დამახასიათებელია ორი ძირითად ნიშანი. 1) გარიგება დადებულია მოსაჩვენებლად (ფორმალურად); 2) მხარეებს არა აქვთ ამ გარიგებით გათვალისწინებული შედეგის დადგომის განზრახვა - ესე იგი ორივე მხარე მოქმედებს შეთანხმებით და აცნობიერებს ნების ნაკლს.
გარიგება მოჩვენებით დადებულად ითვლება, როცა მხარეებს რეალურად განზრახული არა აქვთ მათ შორის გაფორმებული გარიგების შესრულება, მათი მიზანი არ არის ამ გარიგებით გათვალისწინებული სამართლებრივი შედეგის მიღწევა, გარიგების შინაარსის შესაბამისი უფლება-მოვალეობების წარმოშობა.
ამდენად, მოჩვენებითი გარიგება ნიშნავს ორივე მხარის ერთობლივად განხორციელებულ ქმედებას მხოლოდ ფორმალურად დადონ გარიგება.
სადაო გარიგება არის ნასყიდობის ხელშეკრულება. 477-ე მუხლის თანახმად, 1. ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. 2. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
ნასყიდობის ხელშეკრულების მიზანია მყიდველისათვის ნივთის საკუთრებაში გადაცემა და სანაცვლოდ ნასყიდობის საფასურის მიღება. ნასყიდობის ხელშეკრულება შესაძლებელია ჩაითვალოს მოჩვენებით დადებულად იმ შემთხვევაში, თუ საქმის გარემოებები მიუთითებს იმაზე, რომ მხარეთა მიზანს ქონების გასხვისება და შეძენა არ წარმოადგენდა. სასამართლო განმარტავს, რომ მოჩვენებითი გარიგების დროს მხარეთა შეთანხმება მოკლებულია ნამდვილობას იმის გამო, რომ მხარეებს რეალურად არ სურთ მათ შორის რაიმე სამართლებრივი შედეგის წარმოშობა. გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დასადგენად უნდა გაირკვეს ამ გარიგების მონაწილე ნების გამოვლენის ყველა სუბიექტის ერთობლივად, საერთო მიზნითა და განზრახვით მოქმედების ფაქტი.
სადაო გარიგების მოჩვენებითი ხასიათის დასადგენად საქმის გარემოებები უნდა შეფასდეს იმ თვალსაზრისით, მხარეთა რეალური ნება მიმართული იყო თუ არა ქონების გასხვისების და შეძენისაკენ.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 11 მარტის განჩინებაში საქმეზე №ას-1301-1221-2015 საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ „სსკ-ის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოჩვენებითი გარიგების შემთხვევაში ადგილი აქვს გარიგების მონაწილე მხარეთა განზრახ ქმედებას, რა დროსაც, მათ არ სურთ სამართლებრივი შედეგის დადგომა და მისი დადების მიზანს შესაძლოა წარმოადგენდეს მესამე პირის შეცდომაში შეყვანა. იმისათვის, რომ სასამართლომ სადავო გარიგება მიიჩნიოს მოჩვენებითად, აუცილებელია ისეთი ფაქტობრივი გარემოებების არსებობა, რომლებიც მიუთითებენ ნების გამოვლენის ნაკლზე, ფიქტიური გარიგების შესახებ „ურთიერთშეთანხმებაზე“, საერთო მიზანზე, რაც არ შეესაბამება მათ მიერ გარეგანი ნების გამოვლენას. ამასთან, როგორც წესი, მოჩვენებითი გარიგება ფორმალურად შეესაბამება კანონის მოთხოვნებს, მაგრამ ნების ნაკლი მისი არანამდვილობის გამო, წარმოადგენს იმ არსებითი ხასიათის ნაკლს, რაც გამორიცხავს სამართლებრივი შედეგის დადგომას. შესაბამისად, ის ფაქტი, რომელიც მიუთითებს სადავო გარიგების მხარეთა ნების გამოვლენის არანამდვილობაზე, უნდა დაამტკიცოს მან, ვისაც მიაჩნია, რომ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით შეილახა მისი უფლება(იხ. სუსგ #ას-862-812-2015 11.11.2015).
სასამართლო აღნიშნავს, რომ ხელშეკრულების დადებისათვის მნიშვნელოვანია ნების გამოვლება. ნების გამოხატვა, რომელიც გარკვეული სამართლებრივი შედეგების დადგომისაკენ არის მიმართული, დაკავშირებულია არა მხოლოდ უფლებების, არამედ მოვალეობების წარმოშობასთან, შესაბამისად, საწინააღმდეგოს დადასტურებამდე, ივარაუდება, რომ პირის მიერ გამოვლენილი ნება შეესაბამება მის ნამდვილ ნებას. აღნიშნული პრეზუმფცია ქარწყლდება, თუ დადასტურდება, რომ ნება გამოვლენილი იქნა ისეთ პირობებში, რომელიც გამოვლენილი ნების ნამდვილი ნებისადმი შესაბამისობას გამორიცხავს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ არაერთ გადაწყვეტილებაშია განმარტებული, რომ მხარეთა მიერ ხელმოწერილი გარიგების არსებობის პირობებში, მოქმედებს აღნიშნულ დოკუმენტში მხარეთა მიერ გამოხატული ნების ნამდვილობის პრეზუმფცია. საწინააღმდეგოს დადასტურება კი იმ მხარის მტკიცების საგანში არსებული გარემოებაა, რომელიც აღნიშნული გარიგების ბათილობაზე უთითებდა.
საქმე N1347-17-2012 მიღებულ 2013 წლის 1 ივლისის განჩინებაში განმარტებულია, რომ ამ მხრივ მეტად დიდი მნიშვნელობა გააჩნია პრეზუმფციებისა და მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრას. მითითებული გარემოებების დადასტურება ეკისრება პირს, რომელიც ითხოვს ამ საფუძვლით გარიგების ბათილობას, რადგან თუნდაც მოსარჩელე უთითებდეს გარიგების ერთი მხარის არაკეთილსინდისიერებაზე, ივარაუდება, რომ გარიგების მეორე მხარე მოქმედებდა კეთილსინდისიერად, რისი გაქარწყლება ევალება მოსარჩელეს. მაგრამ იმ შემთხვევაში, როდესაც გარიგება იდება ნათესავებს (მაგალითად, მამა-შვილს შორის) ან სხვა ოჯახის წევრებს შორის, ივარაუდება, რომ ოჯახის წევრებისათვის ცნობილია არსებული ვალდებულებების თაობაზე და, ასევე მათი ოჯახის წევრის მიერ ქონებრივი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების თაობაზე (იხ. პრაქტიკა უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 30 აპრილის №ას-571-879-09 განჩინება).
ამდენად, კანონით დადგენილი ფორმის დაცვით დადებული ხელშეკრულების, მხარეთა გამოვლენილი ნების მიმართ მოქმედებს ნების ნამდვილობის პრეზუმფცია, რაც სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარეობს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სამოქალაქო კანონები უზრუნველყოფენ საქართველოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბრუნვის თავისუფლებას, თუ ამ თავისუფლების განხორციელება არ ხელყოფს მესამე პირთა უფლებებს. ამ ნორმის მიხედვით, სამოქალაქო კოდექსის მიზანია სტაბილური სამოქალაქო ბრუნვის უზრუნველყოფა, რისი ერთერთი გამოხატულებაა კანონით დადგენილი ფორმით დადებული და გარიგების მხარეთა მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულების მიმართ სანდოობა. სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით გარიგების შეცილების უფლება აქვს დაინტერესებულ პირს, რომელიც ყოველთვის გარიგების მონაწილე პირი არ არის. შესაბამისად, გარიგების შეცილების უფლება აქვს მესამე პირსაც, რომელმაც უნდა მიუთითოს სადაო გარიგებით მისი რა უფლება შეილახა. მასვე ეკისრება გარიგების ბათილობის საფუძვლად მითითებული გარემოებების მტკიცების ვალდებულება.
მოსარჩელემ ვერ დაადასტურა, რომ მოპასუხეებს შორის სინამდვილეში მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულება არ დადებულა და ნივთები ფიქტიურად გადაეცა შპს „ჩ-----ს“, რათა შპს „ა----–ს“ არ ჰქონოდა ქირის დავალიანების იძულებით გადახდევინების შესაძლებლობა მოვალის ქონების ხარჯზე.
მოსარჩელემ ვერ დაასაბუთა, რომ მოპასუხე იურიული პირები ფაქტიურად ერთიდაიმავე პირის მიერ დაფუძნდა და ამის მიზანი იყო შპს ა----–ისთვის ოჯარის საფასურის გადახდისგან თავის არიდება. მოპასუხე იურიდიული პირებს ჰყავთ სხვადასხვა დამფუძნებლები, მოსარჩელემ თითოეულ მათგანთან დამოუკიდებლად გააფორმა იჯარის ხელშეკრულება, ხოლო თავდაპირველ მოიჯარესთან იჯარის საფასურის დავალიანებაზე პრეტენზია რა განუცხადებია იმ დრომდე, ვიდრე არ წარმოიქმნა დავა შპს ჩ-----თან.
მოსარჩელე მოპასუხეებს შორის დადებული გარიგების ბათილობის ერთერთ საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მას გააჩნდა გირავნობის უფლება მოიჯარის კუთვნილ მოძრავ ნივთებზე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 568-ე მუხლის თანახმად, ქირავნობის ურთიერთობებიდან გამომდინარე მოთხოვნების უზრუნველსაყოფად მიწის ნაკვეთის, სახლის ან ბინის გამქირავებელს აქვს გირავნობის უფლება დამქირავებლის მიერ იქ შეტანილ ნივთებზე. გირავნობის უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად.
ამ ნორმით გათვალისწინებულია კანონისმიერი, არასახელშეკრულებო გირავნობის უფლების წარმოშობის ერთერთი საფუძველი, რომელიც მესაკუთრეს ანიჭებს უფლებას იჯარის ხელშეკრულებიდან წარმოშობილი მოთხოვნების გამო გამოიყენოს მოიჯარის ნივთებზე გირავნობის უფლება, რათა მათ ხარჯზე დაიკმაყოფილოს მოთხოვნა. კანონისმიერი გირავნობის უფლება სახელშეკრულებო გირავნობის უფლებისგან იმით განსხვავდება, რომ მხარეებს შორის არ იდება ხელშეკრულება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 257-260-ე მუხლების საფუძველზე. თუმცა ეს არ შეიძლება განიმარტოს იმგვარად, რომ გირავნობის უფლება ავტომატურად წარმოიშობა თუ მოიჯარეს აქვს იჯარის საფასურის დავალიანება ან იჯარის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სხვა დავალიანება და საიჯარო ქონებაში განთავსებულია მისი კუთვნილი ნივთები. გირავნობის უფლება წარმოშობს გამქირავებლის უფლება განახორციელოს მოძრავი ნივთების დაკავების უფლება, მოიჯარის კუთვნილი ნივთები არ გადასცეს მას და დაიტოვოს საიჯარო ქონებაში მათი შემდგომი რეალიზაციის გზით. ამდენად, გამქირავებელმა უნდა გამოვლინოს იმის ნება, რომ მას სურს მოიჯარის ნივთებზე გამოიყენოს კანონისმიერი გირავნობის უფლება და ნივთებს იტოვებს მფლობელობაში. ზემოთდასახელებული ნორმის საფუძველზე გირავნობის უფლება არსებობს ვიდრე ნივთები განთავსებულია საიჯარო ქონებაში, რადგან ამ ნორმის ბოლო წინადადების თანახმად, გირავნობის უფლება ძალას კარგავს დაქირავებული ფართობიდან ნივთების მოცილებასთან ერთად, თუკი ეს განხორციელდება ჩვეულებრივი ცხოვრებისეული ურთიერთობების შესაბამისად.
მოსარჩელეს შპს „ა-–---–-----ისათვის“ სადაო ნივთების გასხვისებამდე არ განუცხადებია პრეტენზია იჯარის საფასურის დავალიანების გადახდაზე, შესაბამისად არ გამოუვლენია იმის ნება, რომ სამკერვალო დანადგარებს საიჯარო ფართში დატოვებდა კანონისმიერი გირავნობის საფუძველზე. ასეთი პრეტენზიის შემთხვევაშიც კი, გირავნობის უფლება მოსარჩელემ დაკარგა, რადგან მისი თანხმობით შპს ჩ-----მა ეს ნივთები გადაიტანა სხვა ფართში, სადაც მათ სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს.
ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დასტურდება, შპს „ჩ-----ის“ და შპს „ა-–---–-----ის“ ერთობლივი ნება, მათი საერთო სურვილი შპს „ჩ-----ს“ ფორმალურად მიეღო სადაო ნივთები სარგებლობაში და მათზე მესაკუთრის უფლებამოსილებები არ განახორციელოს. შპს „ჩ-----მა“ გადაიხადა ნასყიდობის საფასური, იგი სადაო ნივთებს იყენებს სამეწარმეო საქმიანობისათვის არა სადაო ფართში, არამედ სხვა ადგილას. 2016 წლის ნოემბერში ნივთების გაასხვისების დროს, მოსარჩელესა და წინა მოიჯარეს შორის დავა იჯარის საფასურის შესახებ არ იყო დაწყებული, ამ საკითხზე პრეტენზია მოსარჩელეს არ განუცხადებია და არც ნივთები დაუტოვებია იჯარის საფასურის დავალიანების უზრუნველყოფის მიზნით. ამდენად, მოსარჩელისათვის იჯარის საფასურის გადახდისგან თავის არიდების მიზნით მოპასუხეებს შორის ფარული შეთანხმების არსებობა არ დასტურდება, რის გამოც ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად აღიარების მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. პროცესის ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოსარჩელის მოთხოვნაა 36 140 ლარის დაკისრება, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 28 181 ლარი, რაც არის მოთხოვნის 76%. სახელმწიფო ბაჟი გადახდილია 1087 ლარი, რომლის 76% - 826,12 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს შპს ა-–---–-----ს. რაც შეეხება მოსარჩელის მიერ სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს. უზრუნველყოფის მოთხოვნა მიმართული იყო შპს ჩ-----ის მიმართ, რომლის წინააღმდეგ აღძრული გარიგების ბათილობის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, ამის გამო მოსარჩელეს სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფოა ბაჟი არ აუნაზღაურდება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. მოსარჩელე მოითხოვს იურიდიული მომსახურების ხარჯის 2500 ლარის ანაზღაურებას, რაც აღემატება სასარჩელო მოთხოვნის 36 140 ლარის 4%-ს - 1445,6 ლარს. სასამართლოს მიაჩნია, რომ იურიდიული მომსახურების ხარჯი უნდა გამოანგარიშდეს დაკისრებული თანხიდან, ხოლო 28 181 ლარის 4% არის 1127,24 ლარი, რისი გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხე შპს ა-–---–-----ს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების და საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას. რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით ყადაღა დაედო შპს ჩ-----ის კუთვნილ მოძრავ ნივთებს, ხოლო შპს ჩ-----ის მიმართ მოთხოვნა ამ ნივტების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ არ დაკმაყოფილდა, რის გამოც ამ საქმეზე გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 247-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს შპს ”ა----–ის” სარჩელი;
1.1. შპს ”ა-–---–-----ს” დაეკისროს შპს ა----–ისათვის იჯარის საფასურის 26 181 ლარის გადახდა;
1.2. შპს ა-–---–-----ს დაეკისროს შპს ა----–ისათვის პირგასამტეხლოს 2000 ლარის გადახდა;
1.3. არ დაკმაყოფილდეს შპს ა----–ის მოთხოვნა შპს „ჩ-----სა“ და შპს „ა-–---–-----ს“ შორის დადებული მოძრავი ნივთების ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ;
2. შპს ”ა-–---–-----ს” დაეკისროს შპს ”ა----–ისათვის” სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 826,12 ლარის გადახდა, ხოლო იურიდიული მომსახურების ხარჯების ასანაზღაურებლად 1127,24 ლარის გადახდა;
3. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 20 ივნისის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედოს შპს ,,ჩ-----ის" საკუთრებაში, განმცხადებლის ფართში - ქ. რუსთავი, მე-16 მ/რ უნივერსამის მიმდებარე ტერიტორია, ს/კ #0------------------, განთავსებულ შემდეგ მოძრავ ნივთებს - სამკერვალო ინვენტარს: 1) თერთმეტი ცალი საკერავი მანქანა – კოდი 215000018 (ერთნაირი მანქანაებია); 2) ოცდათერთმეტი ცალი რასპაშივალკის მანქანა-კოდი21500078ო(ერთანირიმანქანაებია); 3)ერთი ცალი ღილის მანქანა _ კოდი 215000781; 4) ერთი ცალი პეტლის მანქანა _ კოდი 215000782; 5) ორი ცალი უთოს აპარატი, ორივეს ერთნაირი კოდია – 215000783; 6) სამი ცალი უთო – კოდი 215000748; 7) ორი ცალი პასტელის აპარატი – კოდი 215000786; 8) ორი ცალი საჭრელი აპარატი - კოდი 215000787; 9) ერთი ცალი ქსოვილის გამოსაჭრელი მაგიდა – კოდი 215000917; 10) ერთი ცალი ღთმ ჰაერის კომპრესორი ბორბლებზე 200 ლლ – კოდი 2150 01 01266; 11) ოთხი ცალი საუთოო მაგიდა – კოდი 217000332; ;;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე დიანა გოგატიშვილი