გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210018002474941
კატეგორია
დავის ტიპი
შრომის სამართლებრივი დავები
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/16337-18

330210018002474941

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

7 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ზაალ მარუაშვილი

სხდომის მდივანი - ნინო ართილაყვა

მხარეები:

მოსარჩელე - ნა-------–--ე

წარმომადგენელი - ბე----------–---–ი

მოპასუხე - შპს „მე---------ი“

წარმომადგენელი - არ---------------ი

დავის საგანი - განაცდური ხელფასის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხეს დაეკისროს განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 01 მაისიდან 2018 წლის 01 ივლისის ჩათვლით, თვეში 1500 ლარის ოდენობით.

 

სარჩელის საფუძვლები:

მოსარჩელე, ნა-------–--ესა და მოპასუხე, შპს „მე---------ს“ შორის, 2017 წლის 01 ნოემბერს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ნა-------–--ე შპს „მე---------ში“ დასაქმდა სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით. 2018 წლის 05 აპრილს, მოსარჩელემ დამსაქმებლისგან მიიღო ელექტრონული ფოსტის საშუალებით გამოგზავნილი შეტყობინება, რომლის მიხედვითაც 2018 წლის აპრილის თვის გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში კომპანია მიიღებდა გადაწყვეტილებას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ იმ თანამშრომლების მიმართ, რომლებიც ვერ შეძლებენ თვის გეგმის შესრულებას. 2018 წლის 30 აპრილს კი, შპს „მე---------ის“ ბრძანების საფუძველზე ნა-------–--ე 1 მაისიდან გათავისუფლებულ იქნა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ხელშეკრულების 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად. დამსაქმებელს არც კანონით და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი არ ჰქონდა ნა-------–--ის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე. მოსარჩელეს არც პირადი კომუნიკაციით და არც წერილობითი სახით არ განემარტა თუ რა წარმოადგენდა მისი გათავისუფლების მიზეზს.

სასამართლოს 31/10/2018წ. მოსამზადებელ სხდომაზე გამოტანილი საოქმო განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობა, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ მოპასუხის ბრძანების ბათილად ცნობისა და სამუშაოზე აღდგენის ნაწილში, სარჩელის გამოხმობისა და ამ ნაწილში სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ დაკმაყოფილდა (ს.ფ.60).

ამავე სხდომაზე, მოსარჩელემ შეამცირა სარჩელი განაცდური ხელფასის ნაწილში და მოითხოვა, 2018 წლის 1 მაისიდან, ამავე წლის 1 ივლისის ჩათვლით, ორი თვის ხელფასის - 3000 ლარის ანაზღაურება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

წერილობითი შესაგებლით მოპასუხემ სარჩელი ცნო ნაწილობრივ და განმარტა, რომ ბრძანება, მოსარჩელის სამუშაოდან დათხოვნის შესახებ, გამოცემულია მექანიკური შეცდომის დაშვებით, რაც აღმოფხვრილია მოპასუხის მიერ 2018 წლის 2 ივლისს. კერძოდ, ბრძანება გაუქმებულია და მოსარჩელე, უფლებამოსილია გასაუბრების შემდგომ გააგრძელოს საქმიანობა მოპასუხე საწარმოში იმავე პირობებით, რაც განსაზღვრული იყო შრომითი ხელშეკრულებით. ამდენად, რამდენადაც სადავო ბრძანება გაუქმებულია, არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

07/11/2018წ. სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა არ ცნო სარჩელი განაცდური ხელფასის ანაზღაურების შესახებ, იმ საფუძვლით, რომ მოხდა არა მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენა, არამედ მისი ხელახლა დანიშვნა 2018 წლის 30 ივნისიდან, რამდენადაც მისი დათხოვნის რეალური საფუძველი იყო საქართველოს შრომის კოდექსის სადავო 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი, რასთან დაკავშირებითაც შეტანილი იქნა შესწორება 30/04/2018წ. ბრძანებაში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე, ნა-------–--ესა და მოპასუხე, შპს „მე---------ს“ შორის, 2017 წლის 01 ნოემბერს, დაიდო შრომითი ხელშეკრულება ერთი წლის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების მიხედვით, ნა-------–--ე შპს „მე---------ში“ დასაქმდა სამედიცინო წარმომადგენლის პოზიციაზე. ყოველთვიური ანაზღაურება განისაზღვრა 1500 ლარით (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 2017 წლის 01 ნოემბრის შრომის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-21);

- მხარეთა ახსნა განმარტებები.

 

3.1.2. 30/04/2018წ. ბრძანებით, მოსარჩელეს შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა" ქვეპუნქტის საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 30/04/2018წ. ბრძანება;

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად თვლის ფაქტობრივ გარემოებას, რომ 2018 წლის 30 ივნისს, მოპასუხის მიერ განხორციელდა მოსარჩელის აღდგენა პირვანდელ სამუშაო ადგილზე 2018 წლის 02 ივლისიდან, 2017 წლის 01 ნოემბერს დადებული შრომითი ხელშეკრულების ფარგლებში. შესაბამისად, დრო, 2018 წლის 30 აპრილიდან ამავე წლის 30 ივნისამდე, წარმოადგენს იძულებით მოსარჩელის იძულებით მოცდენის პერიოდს, გამოწვეულს მოპასუხის ბრალით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი;

- შესაგებელი;

- 30/06/2018წ. ბრძანება (ს.ფ.67);

- ,,შესწორების აქტი" (ს.ფ.66);

- 13/07/2018წ. მოხსენებითი ბარათი (ს.ფ.68);

- 02/07/2018წ. წერილი (ს.ფ.69);

- მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო თვლის, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი, ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლი, საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, 31-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები, 32-ე მუხლის პირველი პუნქტი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი.ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად, წერილობით პასუხში მითითებული უნდა იყოს ცნობს თუ არა მოპასუხე სარჩელს და რა ნაწილში.

მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა წარმოადგენს დისპოზიციურობის პრინციპის კონკრეტულ გამოვლინებას, კერძოდ, მოპასუხის მიერ თავისი მატერიალურ-სამართლებრივი უფლების განკარგვის აქტს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის მიხედვით, კი, მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 132-ე მუხლით, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლის თანახმად, მხარეს შეუძლია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე გააქარწყლოს (უარყოს) თავისი აღიარება, თუ დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ, ანდა მასზე ფსიქიკური თუ ფიზიკური ზემოქმედებით, რომელიც გამორიცხავდა მის თავისუფალ ნებას. აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს თავის გადაწყვეტილებაში.ხოლო 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სარჩელის ცნობა მისი დაკმაყოფილების საფუძველია.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხემ წერილობითი შესაგებელში, რომელიც დათარიღებულია 2018 წლის 2 ივლისით, მიუთითა, რომ სარჩელს ცნობდა ნაწილობრივ, დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ არსებობდა ამ ბრძანების 01/07/2018წ-დან გაუქმების გამო და დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. ამავე დღეს, მოპასუხემ წერილობით აცნობა მოსარჩელეს სამუშაოზე აღდგენის შესახებ (ს.ფ.69) და მხარეთა შორის ფაქტობრივად აღდგა შრომითი ურთიერთობა.

 

6.2. სასამართლო თვლის, რომ დავის განმავლობაში მოპასუხის მიერ მოსარჩელის სამსახურში ნებაყოფილობით აღდგენის გამო, მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში სარჩელის გამოხმობის შედეგად სარჩელის განუხილველად დატოვების შემდეგ, მოპასუხის განმარტება, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა არა სამუშაოზე აღდგენას, არამედ მოსარჩელესთან ახალი შრომითი ურთიერთობის დაწყებას, უსაფუძვლოა და არ უნდა იქნეს გაზიარებული, შემდეგ გარემოებათა გამო:

ისეთ პირობებშიც კი, თუკი სადავო ბრძანების საფუძველი იქნებოდა არა შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ა", არამედ ამავე პუნქტის ,,ვ" ქვეპუნქტი, ეს ბრძანება, როგორც ეს განმარტებულია მოპასუხის მიერ 02/07/2018წ. წერილობით შესაგებელში, ამ დროისათვის უკვე გაუქმებულია. შესაბამისად, არარელევანტურია მოპასუხის მითითება მოსარჩელის დათხოვნის თითქოსდა რეალურ საფუძველზე. ამასთან, 30/06/2018წ. ბრძანება პირდაპირ მიუთითებს მოსარჩელის სამუშაოზე აღდგენის შესახებ 01/11/2017წ. ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით, რასაც ადასტურებს მოსარჩელისათვის მოპასუხის მიერ 2018 წლის 2018 წლის 2 ივლისს გაგზავნილი წერილიც და მხარეთა ახსნა-განმარტება ამ დროიდან მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობის ფაქტობრივად არსებობის შესახებ.

არტურ განიევმა დაადასტურა, რომ ამ წერილის ხელმოწერისა და გაგზავნისას, მოქმედებდა, როგორც მოპასუხე, შპს ,,მე---------ის" უფლებამოსილი წარმომადგენელი.

 

საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით, შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლით, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, სადავო ბრძანებაში შესწორების შეტანის შემდეგ, მოპასუხემ წერილობითი შესაგებლით განმარტა, რომ დავის საგანი ბრძანების ბათილად ცნობის ნაწილში არ არსებობდა ამ ბრძანების 01/07/2018წ-დან გაუქმების გამო, დაეთანხმა სასარჩელო მოთხოვნას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში და მოპასუხეს აცნობა სამუშაოზე აღდგენის შესახებ. შესაბამისად, მოპასუხის მიერ წერილობით შესაგებელსა და 30/06/2018წ. ბრძანებაში გამოხატული ნება განმარტებული უნდა იქნეს, როგორც მოსარჩელის ნებაყოფილობით აღდგენა პირვანდელ სამუშაოზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, დრო, 2018 წლის 30 აპრილიდან ამავე წლის 30 ივნისამდე, წარმოადგენს იძულებით მოსარჩელის იძულებით მოცდენის პერიოდს, გამოწვეულს მოპასუხის ბრალით.

 

6.3. საქმეზე უდავოდ დადგენილია, რომ მოსარჩელის ხელფასი, შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის დროისათვის შეადგენდა ყოველთვიურად 1500 ლარს (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტით, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენის დროს დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.

უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლება, მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, გათვალისწინებულია რიგი საერთაშორისოსამართლებრივი აქტებით. მათ შორის - სოციალური, ეკონომიკური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლით; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) 1982 წლის C158 კონვენციის (Termination of Employment Convention) მე-10 მუხლი სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ პირს ანიჭებს უფლებას სასამართლოს მიერ მისთვის სამართლიან და ადეკვატურ კომპენსაციაზე, ხოლო 1963 წლის რეკომენდაციის R 118 (Termination Of Employment Recommendation) მე-6 პარაგრაფი ითვალისწინებს სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული პირის უფლებას მიუღებელ ხელფასზე. საქართველოსა და ევროკავშირს, ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის 2014 წლის 27 ივნისს დადებული შეთანხმების 228-ე და 229-ე მუხლები აღიარებენ და იცავენ შრომის საერთაშორისოდ დამკვიდრებულ, მათ შორის შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ დადგენილ სტანდარტებს, განამტკიცებენ თითოეული დასაქმებული პირისათვის ღირსეული შრომის უფლების საკანონმდებლო იმპლემენტაციის ვალდებულებას სახელმწიფოთათვის (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 31/07/2015წ. გადაწყვეტილება საქმეზე 2/3/630).

 

რამდენადაც მოსარჩელის იძულებითი მოცდენა გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, მას, მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებით განაცდური ხელფასის ანაზღაურება 2018 წლის 01 მაისიდან, 2018 წლის 01 ივლისის ჩათვლით, ჯამში 3000 ლარი (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

შენიშვნა: საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით მისაღები ხელფასია 3750 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3 პროცენტს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.

გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით 100 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 41-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე მუხლებით, 2591 მუხლის პირველი ნაწილით, 369-ე მუხლით,გადაწყვიტა:

 

1. ნა-------–--ის (პ.ნ.0----------) სარჩელი დაკმაყოფილდეს.

2. მოპასუხე, შპს „მე---------ს“ (ს.ნ.4--------) მოსარჩელე, ნა-------–--ის (პ.ნ.0----------) სასარგებლოდ, განაცდური შრომის ანაზღაურების სახით დაეკისროს 3000 (სამი ათასი) ლარის გადახდა (საშემოსავლო გადასახადის გარეშე).

3. მოპასუხე, შპს „მე---------ს“ (ს.ნ.4--------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 100 ლარის გადახდა.

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

5. თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი; წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ზაალ მარუაშვილი