გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.06.2018
საქმის ნომერი
160210118002358844
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
07.06.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N160210118002358844

N2/317-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ივნისი, 2018 წ. ქ. ბოლნისი

შესავალი ნაწილი

ბოლნისის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ია ლაბაძე

სხდომის მდივანი სალომე ჯელიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კრ----------ი“

წარმომადგენელი - თა-----------ი

მოპასუხეები: ეტ----------------ი, ბა-------–------------ი, ეთ--------------ა

წარმომადგენელი - ირ--------–-–---–ი

თარჯიმანი - სუ-------------–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ეტ----------------ის, ბა-------–------------ისა და ეთ--------------ასათვის სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად 5229,37 ლარის გადახდის დაკისრება, საიდანაც ძირითადი თანხაა 3927,12 ლარი, პროცენტი - 62,78 ლარი, დაზღვევა - 14,02 ლარი, ჯარიმა - 1225,45 ლარი (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).

 

სასარჩელო მოთხოვნა ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 14 დეკემბერს, მოსარჩელესა და ეტ----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5800 ლარი, 11 თვის ვადით, 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2,57%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

ზემოაღნიშნული ხელშეკრულების 3.9 პუნქტის თანახმად, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადასახდელი თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა შემდეგი წესით: ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო ყოველ შემდგომ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში ყოველ ვადაგადაცილებაზე. სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სესხის ხელშეკრულების 6.1 პუნქტის შესაბამისად - ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, "გამსესხებელი" უფლებამოსილია მოსთხოვოს "მსესხებელს", სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან/და კანონმდებლობით.

 

მსესხებელს ჰყავს თავდებები, კერძოდ ბა-------–------------ი, ეთ--------------ა, ლა-–------------ა და გა--------------ი, რომლებთანაც დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებებმა (მოპასუხეებმა) იკისრეს სოლიდარული ვალდებულება კრედიტორის წინაშე, დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ გადაიხადოს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილობითი მოთხოვნის მიღების შემდგომ. თავდებობის ხელშეკრულებების თანახმად, თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს მაქსიმუმ 7460 ლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

 

სესხის ხელშეკრულების მე-7 მუხლი განსაზღვრავს რა წარმოადგენს მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას, რომლის ერთ-ერთ პირობას წარმოადგენს გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული თანხის ან დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა. ამავე დროს ხელშეკრულების 7.4 პუნქტის თანახმად - "მხარეთა შორის დადებული წინამდებარე ხელშეკრულების ან ნებისმიერი სხვა ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში "გამსესხებელს" უფლება აქვს დაუყოვნებლივ, ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, აგრეთვე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვანი შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება".

 

მსესხებელი არღვევს ხელშეკრულებით შეთანხმებული გადახდის გრაფიკს და უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 16 ოქტომბრის შემდგომ. სესხის თანხის გრაფიკით დადგენილ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რათა მოეხდინათ ვადაგადაცილებული თანხების გადახდა, თუმცა გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხეებს არ დაუფარავთ დავალიანება და არ შეუსრულებიათ ვალდებულება. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედების ვადა დასრულდა 2017 წლის 09 ნოემბერს.

 

მოსარჩელემ 2018 წლის 02 თებერვალს მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით. 2018 წლის 26 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება ეტ----------------ის, ეთ--------------ასა და ბა-------–------------ის მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ. ბრძანების გამოცემაზე უარის თქმის მიზეზი გახდა ის, რომ ისინი არ დაეთანხმნენ მოსარჩელსი მოთხოვნას და მათ მიერ სააღსრულებო ბიუროში წარდგენილი იქნა პროტესტი.

 

სარჩელის აღძვრის დროისათვის მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს 5229,37 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3927,12 ლარი, პროცენტი - 62,78 ლარი, დაზღვევა - 14,02 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1225,45 ლარი.

 

2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–---------ომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმა სს ,,მი----------------------------–---------ოდ”, გარდა ამისა, განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“ (იხ. სარჩელი ს.ფ. 2-18).

 

2.1. მოპასუხეთა პოზიცია

 

წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი და განმარტეს, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულება გაუფორმა სხვა ვალუტაში, ხოლო რეალურად სესხის თანხა სხვა ვალუტაში მისცეს. ენის არ ცოდნის გამო ხელშეკრულებას ხელი ისე მოაწერეს, რომ მისი შინაარსი არ იცოდნენ. გარდა ამისა, ძირი თანხა თითქმის დაფარული აქვთ და დღეის მდგომარეობით თანახმანი არიან გადაიხადონ ის თანხა რაც გადასახდელი დარჩათ (იხ. შესაგებელი ს.ფ 110-118).

 

2018 წლის 07 ივნისის სასამართლოს სხდომაზე მოპასუხეებმა ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, სესხის ძირითადი თანხის 2300 ლარის, სარგებლის - 62,78 ლარის, დაზღვევის თანხის - 14,02 ლარის, ჯარიმის - 100 ლარის, მთლიანობაში 2476,80 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში. ამასთან, მათ სასამართლო სხდომაზე სადავოდ აღარ გაუხდიათ ენის არ ცოდნისა და სხვა ვალუტაში თანხის აღების საკითხი, დაადასტურეს ის გარემოება, რომ მოხდა თანხის კონვერტაცია და ამიტომ გადაეცათ თანხა სხვა ვალუტაში. მოპასუხეებმა მოითხოვეს დარიცხული ჯარიმის შემცირება 100 ლარამდე (იხ. 07.06.2018 წლის სასამართლოს სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 14 დეკემბერს, სს ,,მი----------------------------–---------ოსა“ და ეტ----------------ს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 5800 ლარი, 11 თვის ვადით, 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2,57%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ.19-22);

 

3.1.2. სესხის ხელშეკრულების მიხედვით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს დაერიცხება ჯარიმა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5%, არანაკლებ 2 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 0.27%-ის ოდენობით, მაქსიმუმ 275 დღის განმავლობაში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

 

3.1.3. სესხის ხელშეკრულების 5.3 პუნქტის თანახმად, მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, რომლის გადახდის ვალდებულება და გადასახდელი თანხის ოდენობა შეთანხმებულია მხარეთა მიერ ხელმოწერილი გადახდის გრაფიკით, ხოლო აღნიშნული გადასახდელის გადაუხდელობა მიიჩნევა სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობად. სს ,,მი----------------------------–---------ოს” მსესხებლების სიცოცხლე ავტომატურად იზღვევა სს ,,სადაზღვევო კომპანია ალდაგი ბისიაიში”. სადაზღვევო პრემიას იხდის სს ,,მი----------------------------–---------ო”, რაც გადახდის გრაფიკის შესაბამისად მას უნდა აუნაზღაუროს მსესხებელმა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

- დაზღვევის ხელშეკრულებები და შეთანხმებები (ს.ფ. 23-46).

 

3.1.4. ხელშეკრულების 6.1 მუხლის თანახმად, ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამსესხებელი უფლებამოსილია მოსთხოვოს მსესხებელს სესხის ან მისი ნებისმიერი ნაწილის, მომსახურების საკომისიოს გადასახდელების, სესხის გადახდის გრაფიკით გათვალისწინებული სიცოცხლის დაზღვევის პრემიის გადასახდელთან ერთად, დაუყოვნებლივ გადახდა. აღნიშნული არ გამორიცხავს გამსესხებლისათვის მინიჭებულ ნებისმიერ უფლებას, რომელიც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ან კანონმდებლობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 14.12.2016 წლის სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-22);

 

3.1.5. სს ,,მი----------------------------–---------ოსა“ და ეტ----------------ს შორის დადებული სესხის ხელშეკრულება უზრუნველყოფილია ბა-------–------------თან, ეთ--------------ასთან, ლა-–------------ასთან და გა--------------თან დადებული თავდებობის ხელშეკრულებებით. თითოეული თავდები გამსესხებლის წინაშე პასუხს აგებს მაქსიმუმ 7460 ლარზე, ასევე შესაძლო ჯარიმებსა და პირგასამტეხლოზე.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თავდებობის განცხადებები და ხელშეკრულებები (ს.ფ. 47-58);

 

3.1.6. 2016 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებაზე მოპასუხეები უწყვეტ ვადაგადაცილებაში იმყოფებიან 2017 წლის 16 ოქტომბრის შემდგომ. მოპასუხეებს გაეგზავნათ გაფრთხილების წერილები მიმდინარე დავალიანების დაფარვის მოთხოვნით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები, უკუგზავნილები (ს.ფ. 60-65);

- სესხის დაფარვის ისტორია (ს.ფ. 59);

 

3.1.7. 2018 წლის 02 თებერვალს სს ,,კრ----------მა“ მიმართა აღსრულების ეროვნულ ბიუროს დავალიანების გადახდევინების მოთხოვნით. 2018 წლის 26 თებერვალს აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა გადაწყვეტილება ეტ----------------ის, ეთ--------------ასა და ბა-------–------------ის მიმართ დავალიანების გადახდევინების ბრძანების გამოცემაზე უარის შესახებ, მათ მიერ პროტესტის წარდგენის გამო.

 

ლა-–------------ასა და გა--------------ის მიმართ აღსრულების ეროვნულმა ბიურომ გამოსცა ბრძანება დავალიანების გადახდევინების შესახებ, თუმცა დღეის მდგომარეობით თანხა არ არის ამოღებული.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- აპლიკაცია (ს.ფ. 67-72);

- სააღსრულებო ბიუროს გადაწყვეტილება (ს.ფ. 73-74);

- მიმართვა ბრძანების აღსასრულებლად მიქცევის შესახებ (ს.ფ. 75);

- განცხადება (ს.ფ. 78);

- წერილი სააღსრულებო ბიუროდან (ს.ფ. 79).

 

3.1.8. 2016 წლის 09 სექტემბერს, შპს ,,მი----------------------------–---------ომ” შეიცვალა სამართლებრივი ფორმა და გარდაიქმნა სს ,,მი----------------------------–---------ოდ”. ასევე განხორციელდა მოსარჩელის დასახელების ცვლილება და ამჟამად მოსარჩელის დასახელებაა სს ,,კრ----------ი“.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ს.ფ. 80-81).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2016 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლისა და თავდებების სოლიდარული დავალიანება სს ,,კრ----------ის“ მიმართ შეადგენს 5229,37 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხაა 3927,12 ლარი, პროცენტი - 62,78 ლარი, დაზღვევა - 14,02 ლარი, ხოლო ჯარიმა - 1225,45 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, 07.06.2018 წლის სასამართლო სხდომის ოქმი);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 66).

 

3.2.2. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მიერ მითითებულ გარემოებას, რომ მას ძირითადი თანხიდან გადასახდელად დარჩენილი აქვს მხოლოდ 2300 ლარი. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ შეძლო თავისი წილი მტკიცების ტვირთის რეალიზება და თანხის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულების წარმოდგენა. მოპასუხე მხარის მიერ მითითებული გარემოება უარყო მოსარჩელე მხარემ, შესაბამისად, თანხის გადახდის ფაქტს სასამართლო დადასტურებულად ვერ მიიჩნევს მხოლოდ მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტების საფუძველზე.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა სს ,,კრ----------ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ სს ,,კრ----------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

სესხის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს სესხი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით. მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, არ გადაიხადა მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული თანხა. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა სესხის თანხის დარჩენილი ნაწილის, პროცენტისა და დაზღვევის თანხის მსესხებელის და სოლიდარული თავდებებისთვის სოლიდარულად გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა განხორციელდეს პირგასამტეხლოს შემცირება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 361-ე, 394-ე, მე-400, 411-ე, 416-418-ე, 420-ე, 463-465-ე, 623-ე, 625-ე, 799-ე, 806-ე, 815-ე, 891-ე, 895-ე, 896-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სესხის ხელშეკრულებების საფუძველზე. დადგენილია, რომ 2016 წლის 14 დეკემბერს, ეტ----------------მა სს ,,მი----------------------------–---------ოსგან“ ისესხა 5800 ლარი, 11 თვის ვადით, 2017 წლის 09 ნოემბრის ჩათვლით, ყოველთვიური 2,57%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე პირველი ნაწილის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობს ვალდებულების არსებობას. მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” და ,,ბ” ქვეპუნქტების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

დადგენილია, რომ მსესხებელი ვადაგადაცილებაში იმყოფება 2017 წლის 16 ოქტომბრიდან მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და შეთანხმებულ ვადაში ფულადი ვალდებულება არ იქნა სრულად შესრულებული. სესხის თანხის გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის გამო, მსესხებელს და თავდებებს გაეგზავნათ წერილობითი გაფრთხილებები, რომლითაც განესაზღვრათ დამატებითი ვადა, რათა დაეფარათ ვადაგადაცილებული დავალიანება, წინააღმდეგ შემთხვევაში გამსესხებელი შეწყვეტდა ხელშეკრულებას და მოითხოვდა თანხის ვადაზე ადრე დაბრუნებას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მოპასუხეებმა (მსესხებელმა და თავდებებმა) არ განახორციელეს დავალიანების დაფარვა და შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის თანახმად, დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება. დამზღვევი ვალდებულია გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი (პრემია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 806-ე მუხლის შესაბამისად, დაზღვევა იწყება ხელშეკრულების დადების დღის ოცდაოთხ საათზე და მთავრდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის ბოლო დღის ოცდაოთხ საათზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 815-ე მუხლის თანახმად, დამზღვევი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო შესატანი მხოლოდ დაზღვევის დამადასტურებელი საბუთის მიღების შემდეგ. თუ დაზღვევის ინტერესი დაიკარგა, მაშინ მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს სადაზღვევო შესატანის ის ნაწილი, რომელიც შეესაბამება ნაკისრი რისკის ხანგრძლივობას. მზღვეველს შეუძლია მოითხოვოს მომსახურების შესაბამისი ანაზღაურების გადახდა.

 

მხარეთა შორის დადებული სესხის ხელშეკრულების თანახმად დაზღვეული იქნა მსესხებლის ეტ----------------ის სიცოცხლე. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა ვალდებულება გრაფიკით განსაზღვრული სიცოცხლის დაზღვევის სადაზღვევო შენატანების დროულად და სრულად გადახდის შესახებ. აღნიშნული გადასახდელის გადახდის შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება მხარეთა შეთანხმებით მიიჩნევა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულების შეუსრულებლობად.

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს, რომ მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულია, მსესხებელსა და თავდებებს კი ნაკისრი ვალდებულება შესრულებული არ აქვთ, რაც მათთვის სესხის ძირითადი თანხის (დაზღვევის თანხასთან ერთად), სარგებლისა და საკომისიოს თანხის დაკისრების საფუძველია.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად ხელშეკრულებით გაითვალისწინონ დამატებითი საშუალებებიც: პირგასამტეხლო, ბე და მოვალის გარანტია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.

 

ამავე კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მოპასუხეებს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

ზემოთ მითითებული გარემოებების, ასევე მოპასუხეების მიერ ვალდებულების დარღვევით გამოწვეული სავარაუდო ზიანის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება. კერძოდ, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს 40%-მდე და 1225,45 ლარის ნაცვლად, მოპასუხეებს სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 490,18 ლარის გადახდა.

 

6.3. სს ,,კრ----------ი“ ითხოვს დავალიანების გადახდის სოლიდარულად დაკისრებას თავდებებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად კი, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. ხოლო 896-ე მუხლის თანახმად, თუ ერთი და იმავე ვალდებულების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, მაშინაც კი, თუ მათ თავდებობა ერთობლივად არ უკისრიათ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბა-------–------------მა და ეთ--------------ამ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლის, სადაზღვევო პრემიისა და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდებთა პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 7460 ლარი, ასევე შესაძლო ჯარიმები და პირგასამტეხლოები.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათ ეკისრებათ სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეებმა ეტ----------------მა, ბა-------–------------მა და ეთ--------------ამ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ნაწილობრივ ცნეს სარჩელი, კერძოდ, მათ ცნეს მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის 47%. ამასთან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 136,92 ლარს. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იქნა 156,88 ლარი. მოპასუხეთა მიერ სარჩელის ნაწილობრივ ცნობის გამო, მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 73,73 ლარის ოდენობით (156,88 ლარის 47%), ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდა სახელმწიფო ბაჟის სახით უნდა დაეკისროთ დარჩენილი 63,19 ლარის გადახდა. მოპასუხეებს ასევე სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელე მხარის მიერ უზრუნველყოფის ღონისძიებისათვის გადახდილ სახელმწიფო ბაჟს 50 ლარის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ ავტომანქანის სამართლებრივი ცნობის აღებისა და სამართლებრივი შეზღუდვის რეგისტრაციისათვის გადახდილი იქნა 37 ლარი, ხოლო სააღსრულებო ბიუროში აპლიკაციის შეტანისა და უზრუნველყოფის გამოყენებისთვის 150 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სასამართლოსგარეშე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 187 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 22 მარტის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოპასუხე ეტ----------------ს (პ/ნ 1----------) აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული სატრანსპორტო საშუალების: მოდელი - ,,FORD TRANSIT 100 LD”, გამოშვების წელი - 1990, სახელმწიფო ნომერი - AA------A, სარეგისტრაციო მოწმობა – AL-------, საიდენტიფიკაციო ნომერი - WF-------------6, გასხვისება და უფლებრივად (ვალდებულებებით) დატვირთვა.

 

ვინაიდან, საქმის არსებითი განხილვის შედეგად ეტ----------------ს სხვა მოპასუხეებთან ერთად სოლიდარულად დაეკისრა დავალიანების გადახდა, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,კრ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს ეტ----------------ს, ბა-------–------------სა და ეთ--------------ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 14 დეკემბრის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 4494,10 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა 3927,12 ლარი, სარგებელი - 62,78 ლარი, სიცოცხლის დაზღვევა - 14,02 ლარი, ხოლო ჯარიმა - 490,18 ლარი.

 

3. მოპასუხეებს ეტ----------------ს, ბა-------–------------სა და ეთ--------------ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 113,19 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

 

4. მოპასუხეებს ეტ----------------ს, ბა-------–------------სა და ეთ--------------ას მოსარჩელე სს ,,კრ----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 187 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სასამართლოს გარეშე გაწეული ხარჯის სანაცვლოდ.

 

5. მოსარჩელე სს ,,კრ----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს მის მიერ, 2018 წლის 19 მარტს 156,88 ლარის ოდენობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან სახელმწიფო ბაჟი 73,73 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: გადამხდელის ბანკი - სს ,,კრ----------ი”, ბანკის კოდი: JSCRGE22, ბიუჯეტის შემოსულობების ერთიანი ანგარიში, სახაზინო კოდი: 300093150, მიმღების ბანკი: სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი: TRESGE22 (2018 წლის 19 მარტის №146423 საგადახდო დავალება).

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ია ლაბაძე