გადაწყვეტილება

სამოქალაქო 22.11.2018
საქმის ნომერი
330210018002424961
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
22.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/12826-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

25 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,ლი-----------კი”

წარმომადგენელი - გი------------ა, ნი-------–-–---–ი

 

მოპასუხეები - ლე-–--------–-–---–ი, გი-------------–-–---–ი, და------–--------–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეებს ლე-–--------–-–---–ს, გი-------------–-–---–სა და და------–--------–---–ს სს ,,ლი-----------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2018 წლის 19 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 5 042.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 3 738.69 ლარი, პროცენტი - 153.58 ლარი, ჯარიმა - 1 150 ლარი.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

სს ,,ლი-----------კსა’’ და ლე-–--------–-–---–ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 5 600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 19%-ით, მოქმედების ვადა - 05.07.2019 წელი. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%-ს. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 

2015 წლის 30 ივნისს საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმებულ იქნა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირმა - გი-------------–-–---–მა და და------–--------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. ხელშეკრულებით თავდებობის მაქსიმალური ლიმიტი განისაზღვრა - 12 000 ლარით.

 

სს ,,ლი-----------კის’’ მიერ გაცემული ამონაწერის თანახმად 05.05.17-დან მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა თანხის დაფარვა. მოპასუხეთა დავალიანება სს ,,ლი-----------კის’’ მიმართ დაანგარიშებულია ,,დავალიანების შესახებ’’ ცნობის გაცემის თარიღისათვის, ანუ 2018 წლის 19 აპრილის მდგომარეობით.

 

ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სს ,,ლი-----------კმა'' 2018 წლის 16 და 25 მარტს წერილობით მიმართა, როგორ მსესხებელს, ისე თავმდებ პირებს, რომლითაც განემარტათ, რომ 5 სამუშაო დღის განმავლობაში ნებაყოფლობით მოეხდინათ დავალიანების და დარიცხული ჯარიმის გადახდა, თუმცა მათ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეუსრულებიათ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ლე-–--------–-–---–მა შესაგებლითა და სხდომაზე სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო ნაწილობრივ. კერძოდ, სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში და მოითხოვა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება.

 

მოპასუხეებს გი-------------–-–---–სა და და------–--------–---–ს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. სს ,,ლი-----------კსა’’ და ლე-–--------–-–---–ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა 0-------------- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა კრედიტი - 5 600 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვაეთი განისაზღვრა - 19%-ით, მოქმედების ვადა - 05.07.2019 წელი. პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეადგენს 0.5%-ს. სესხის დაფარვა უნდა მომხდარიყო სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2015 წლის 30 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, სესხის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 16-23.

 

3.1.2. საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს ,,ლი-----------კს’’, გი-------------–-–---–სა და და------–--------–---–ს შორის 2015 წლის 30 ივნისს გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა პირებმა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თითოეულის პასუხისმგებლობის ზღვრულო ოდენობა ცალ-ცალკე განსაზღვრულ იქნა - 12 000 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ, 2015 წლის 30 ივნისის თავდებობის ხელშეკრულებები, (ს.ფ. 24-27).

 

3.1.3. ლე-–--------–-–---–მა ვერ უზრუნველყო სესხის გრაფიკით გათვალისწინებული ძირითადი თანხისა და საპროცენტო სარგებლით გათვალისწინებული თანხის ჩარიცხვა. მოპასუხის მიერ გრაფიკი დარღვეულ იქნა 2017 წლის 05 მაისიდან, რის შემდეგაც მისი მხრიდან, ისევე როგორც თავდებ პირთა მხრიდან შენატანი აღარ განხორციელებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 15);

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 28).

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ლი-----------კის'' სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხეთა მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსეხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს ,,ლი-----------კი'', ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხე ლე-–--------–-–---–ი შეთანხმებულნი არიან საკრედიტო ხელშეკრულების ყველა არსებით პირობაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით კი მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში უდავოდაა დადენილი, რომ სს „ლი-----------კსა“ და ლე-–--------–-–---–ს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება. კრედიტით გათვალისწინებული თანხის ოდენობამ შეადგინა 5 600 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა - 19%-ით, მსესხებელს სესხის თანხა უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის დაფარვით (გრაფიკით). მოპასუხეს სესხი სრულად უნდა დაეფარა 2019 წლის 05 ივლისს.

 

დადგენილია და მხარეები სადავოდ არ ხდიან, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მსესხებლის მხრიდან დარღვეული იქნა 2017 წლის 05 მაისიდან. მოსარჩელემ მსესხებელსა და თავდებ პირებს გაფრთხილების წერილებით აცნობა, არსებული დავალიანების თაობაზე და განუსაზღვრა დამატებითი ვადა 5 სამუშაო დღე, რათა დაეფარათ იმ პერიოდისათვის არსებული დავალიანება გადახდის გრაფიკის შესაბამისად. იქვე განემარტათ ვალდებულებათა შეუსრულებლობის გამო, ხელშეკრულების შეწყვეტისა და თანხის სრულად მოთხოვნის თაობაზე. სადავო არ არის, რომ მსესხებლისა და მისი თავდები პირების მხრიდან ვალდებულება შესრულებული არ არის, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილი იყო შეეწყვიტა ხელშეკრულება და მოეთხოვა სრულად დავალიანების დაფარვა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,ლი-----------კის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ, ისევე როგორც მისი თავდები პირების მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში, ასევე პროცენტის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

თავდებობის ხელშეკრულება ცალმხრივია და კრედიტორს მოთხოვნის უფლება წარმოეშობა თავდების მიმართაც. ამიტომ თავდებობის ხელშეკრულებაში თავდები შეიძლება გამოდიოდეს მოვალის როლშიც. მას ძირითად მოვალესთან ერთად ეკისრება პასუხისმგებლობა ამ უკანასკნელის მიერ ნაკისრი ვალდებულებისათვის. თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა, რომ იგი მიიღოს კრედიტორმა და იგი უნდა დარწმუნდეს, რომ ამ დოკუმენტში გამოხატული ნება ნამდვილად გამომდინარეობს ამ ხელშეკრულების მხარისაგან. თავდებობის ხელშეკრულების ნამდვილობისათვის ასევე საჭიროა თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, დადგენილია, რომ საბანკო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით გაფორმდა ორი თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც გი-------------–-–---–მა და და------–--------–---–მა იკისრეს სოლიდარული თავდებობა ძირითად მოვალესთან ერთად. თითოეულის პასუხისმგელობის ზღვრული ოდენობა ცალ-ცალკე განსაზღვრულ იქნა 12 000 ლარით.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეები (თავდები პირები) სოლიდარულად აგებენ პასუხს მოსარჩელის წინაშე და ვალდებულნი არიან სოლიდარულად გადაიხადონ სს „ლი-----------კის“ მიმართ 2015 წლის 30 ივნისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სასამართლო თვლის, რომ სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და უნდა შემცირდეს. სასამართლო აღნიშნავს, რომ შეუსაბამოდ მაღალია საკრედიტო ხელშეკრულებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს განაკვეთი - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ვინაიდან ყოველდღიური 0.5% თვეში (30 დღე) შეადგენს 15%-ს, ხოლო წელიწადში (365 დღე) – 182.5%-ს. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. შესაბამისად, პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. შესაბამისად, უნდა შემცირდეს სარჩელით მოთხოვნილ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობა - 1150 ლარიდან 200 ლარამდე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილ იქნა 151.27 ლარი (იხ. ს.ფ. 47).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა 81.15%-ით, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის თანხა 122.75 ლარის ოდენობით, სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად, ხოლო დარჩენილი თანხა დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

8.1. საქმეზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 364-ე მუხლით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს ,,ლი-----------კის” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხეებს ლე-–--------–-–---–ს, გი-------------–-–---–სა და და------–--------–---–ს სს ,,ლი-----------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 4 092.27 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა - 3 738.69 ლარი, პროცენტი - 153.58 ლარი, ჯარიმა - 200 ლარი.

 

2. მოპასუხეებს ლე-–--------–-–---–ს, გი-------------–-–---–სა და და------–--------–---–ს სს ,,ლი-----------კის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 122.75 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ხათუნა კაკაბაძე