განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/343-18
(№012020418009)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 ოქტომბერი, 2018 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი ლევან ჯალაღანია, გიორგი გოგალაძე,დაცვის მხარე:
ბრალდებული არსენა თხელიძე, დაბადებული 1986 წლის 07 ივლისს, პირადი ნომერი №59002008074, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ.ცხინვალი, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.რუსთავი, მაიაკოვსკის ქუჩა N20/12,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ბრალდებული ამირან გამყრელიძე, დაბადებული 1987 წლის 28 ივლისს, პირადი ნომერი №01017044694, საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული ქ.რუსთავი, ასლანიკაშვილის N2/1 და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე - ქ.რუსთავი, მე-16 მ/რ, N7/32,კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ,საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილი, პოლიციის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით,საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილი, სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია,ადვოკატი : ლელა გოძიაშვილი,სხდომის სახე - ღია,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. არსენა თხელიძის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების არსი:
ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ წინასწარი შეთანხმებით მათთვის უცნობ გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და იხედებოდა ფანჯრიდან, უმიზეზოდ მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდგომში მოიხმეს ეზოში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდგომ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და გაემართნენ მაიაკოვსკის ქუჩაზე. გზაში მოძრაობისას სრულიად უმიზეზოდ წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსს, რომელსაც მართავდა ზურაბ კუბლაშვილი. მათ ზურაბ კუბლაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და მოძრაობის საშუალებას, რა დროსაც ამირან გამყრელიძემ მუშტის დარტყმით ჩაამტვრია მანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა, რითაც მიაყენა ქონებრივი ზიანი. ამის შემდგომ ისინი წინ გადაუდგნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რუსთავის ფილიალის სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, რომელიც მიემართებოდა გამოძახებაზე. მათ სრულიად უმიზეზოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს, ასევე დააზიანეს ავტომანქანა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას სამსახურებრივ უფლებამოსილების განსახორციელებლად. წინასწარ შეთანხმებული განგრძობადი, ძალადობრივი მოქმედებითა და მუქარით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც შეფერხდა მოძრაობა.
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის ფილიალის კუთვნილ სასწრაფო დახმარების FORD TRANSIT CUSTOM 310S მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით EM-077-SC და დააზიანეს. თავიანთი ქმედებით, არსენა თხელიძემ და ამირან გამყრელიძემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის ფილიალს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ამირან გამყრელიძის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების არსი:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით ამირან გამყრელიძე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ა” და ”ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და ამავე კოდექსის 64-ე მუხლის საფუძველზე, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 03 (სამი) წელი.
ხულიგნობა ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. მათ წინასწარი შეთანხმებით მათთვის უცნობ გიორგი ზურაბიშვილს, რომელიც იმყოფებოდა საცხოვრებელ ბინაში და იხედებოდა ფანჯრიდან, უმიზეზოდ მიაყენეს ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა, ხოლო შემდგომში მოიხმეს ეზოში და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. ამის შემდგომ დატოვეს აღნიშნული ტერიტორია და გაემართნენ მაიაკოვსკის ქუჩაზე. გზაში მოძრაობისას სრულიად უმიზეზოდ წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ ტაქსს, რომელსაც მართავდა ზურაბ კუბლაშვილი. მათ ზურაბ კუბლაშვილს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ აძლევდნენ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისა და მოძრაობის საშუალებას, რა დროსაც ამირან გამყრელიძემ მუშტის დარტყმით ჩაამტვრია მანქანის უკანა მარცხენა საქარე მინა, რითაც მიაყენა ქონებრივი ზიანი. ამის შემდგომ ისინი წინ გადაუდგნენ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების რუსთავის ფილიალის სასწრაფო დახმარების ავტომანქანას, რომელიც მიემართებოდა გამოძახებაზე. მათ სრულიად უმიზეზოდ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა ეკიპაჟის წევრებს, ასევე დააზიანეს ავტომანქანა, არ აძლევდნენ მოძრაობის საშუალებას სამსახურებრივ უფლებამოსილების განსახორციელებლად. წინასწარ შეთანხმებული განგრძობადი, ძალადობრივი მოქმედებითა და მუქარით მათ უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი და გამოხატეს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობა, რა დროსაც შეფერხდა მოძრაობა.
პოლიციის ჯანმრთელობის ხელყოფა პოლიციის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით:
2018 წლის 02 აპრილს, ამირან გამყრელიძე დაკავებისას გადაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 განყოფილებაში, მდებარე ქ.რუსთავი, რუსთაველის ქ.N27ა. განყოფილებაში ყოფნისას ამირან გამყრელიძე პოლიციელებისადმი, მათი საქმიანობის გამო, გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ძალადობის მუქარას. ამ დროს, ამირან გამყრელიძემ, ამავე განყოფილების უფროსს - გიორგი კილასონიას, მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ფეხი დაარტყა თავის არეში, რა დროსაც გ.კილასონიამ მიიღო ტვინის შერყევა.
სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია:
2018 წლის 02 აპრილს, დაახლოებით 18:00 საათზე, მთვრალ მდგომარეობაში არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე იმყოფებოდნენ ქ.რუსთავში, მაიაკოვსკის ქუჩაზე, N16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე. ისინი წინ გადაუდგნენ ამავე ქუჩაზე მოძრავ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის ფილიალის კუთვნილ სასწრაფო დახმარების FORD TRANSIT CUSTOM 310S მარკის ავტომანქანას, სახელმწიფო ნომრით EM-077-SC და დააზიანეს. თავიანთი ქმედებით, არსენა თხელიძემ და ამირან გამყრელიძემ სსიპ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის რუსთავის ფილიალს მიაყენა 1400 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1.ამირან გამყრელიძემ ჩაიდინა:
- პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით,2018 წლის 02 აპრილს, ამირან გამყრელიძე დაკავებისას გადაყვანილ იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს N2 განყოფილებაში, მდებარე ქ.რუსთავი, რუსთაველის ქN27ა. განყოფილებაში ყოფნისას ამირან გამყრელიძე პოლიციელებისადმი, მათი საქმიანობის გამო, გამოხატავდა აშკარა აგრესიას და ძალადობის მუქარას. ამ დროს, ამირან გამყრელიძემ, ამავე განყოფილების უფროსს - გიორგი კილასონიას, მისი სამსახურებრივი საქმიანობის მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამო, ფეხი დაარტყა თავის არეში.
- ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,- სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით,2.2 არსენა თხელიძემ ჩაიდინა:
- ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,- სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით,3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
ბრალდებულმა არსენა თხელიძემ წარდგენილ ბრალდებებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ და უდავოდ მიიჩნია ბრალდების მხარის მტკიცებულებები.
ბრალდებულმა ამირან გამყრელიძემ წარდგენილ ბრალდებებიდან ხულიგნობასა და სხვისი ნივთის დაზიანების ეპიზოდებში თავი სრულად ცნო დამნაშავედ, ხოლო პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ეპიზოდში მოითხოვა გამართლება.
სასამართლოს დასკვნა, არსენა თხელიძის და ამირან გამყრელიძის მიერ საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ელენე ცერცვაძის, ზურაბ კუბლაშვილის, გიორგი ზურაბიშვილის, დავით ასპანიძის, გ-----------------ის, კონსტანტინე სანიკიძის, მაია გამტკიცულაშვილის, პაატა ძმანაშვილის, თამარ ბახუტაშვილის, ტატიანა ჩაბოშვილის გამოკითხვის ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის (პრეიუდიცია) პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
ამირან გამყრელიძის მიმართ სსკ-ს 3531 მუხლის მე-2 ნაწილით წარდგენილი ბრალდების ეპიზოდში მოწმის სახით დაიკითხნენ როგორც რუსთავის საქალაქო სამართველოს მე-2 განყოფილების, ისე ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები.
მოწმე ვლადიმერ მელიქაძემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2018 წლის 2 აპრილს იმყოფებოდა სამსახურში, რა დროსაც განყოფილებაში შევიდა შეტყობინება, რომ ორმა პირმა მაიაკოვსკის ქუჩაზე მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ შეაჩერეს სასწრაფო დახმარების მანქანა და დაუზიანეს მინები. შემთხვევის ადგილზე მისვლისას, მანქანა გაჩერებული იყო გზის შუა ნაწილში და ჩამსხვრეული ჰქონდა წინა საქარე მინა, ასევე ჩაღუნული ჰქონდა ე.წ კაპოტი. უკანა მხარეს იდგა მერსედესის მარკის ავტომობილი, რომელსაც დაზიანებული ჰქონდა უკანა მარცხენა შუშა. ამ სასწრაფო მანქანის წინ იდგა ორი მამაკაცი, რომლებიც იყვნენ ნასვამ მდგომარეობაში და აგინებდნენ სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. მან და მისმა თანამშრომლებმა მოუწოდეს წესრიგის დაცვისკენ, რამაც ბრალდებულები გააღიზიანა და ამჯერად მათ მიმართეს აგრესიულად. ამირან გამყრელიძეს აღენიშნებოდა დაზიანებები, თავი სისხლიანი ჰქონდა, როგორც იცის ერთ-ერთ მოქალაქესთან დაპირიპირების შედეგად. ბრალდებულები ადგილზე დააკავეს და მიიყვანეს განყოფილებაში. მათ დაკავების ოქმებზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადეს, ასევე უარი თქვეს ალკოტესტზე შემოწმებასა და სამედიცინო დახმარებაზე. განყოფილების შენობაში კვლავ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას, განსაკუთრებით აგრესიული იყო ამირან გამყრელიძე, აფურთხებდა და აგინებდა ყველა პოლიციელს, იქნევდა ფეხებს. ერთ მომენტში ის წამოდგა, რომ შეეჩერებინათ, იატაკზე დააწვინეს, შემდეგ გაჩერდა, აღარ ყვიროდა, იფიქრეს, რომ გონება დაკარგა და გიორგი კილასონია უსინჯავდა პულსს. ამ მომენტში ბრალდებულმა ფეხი მოიქნია და თავში მოარტყა გ.კილასონიას. ის წაიქცა და რამდენიმე წუთი გონება დაკარგა, შემდეგ წაიყვანეს საავადმყოფოში და როგორც იცის ტვინის შერყევა დაუდგინდა. რამდენიმე დღე სამსახურში არ დადიოდა. ბრალდებულების განყოფილებაში მიყვანის შემდეგ, დიმიტრი დუღაშვილი თავისი მობილური ტელეფონით იღებდა ვიდეოს და მან ამირან გამყრელიძის მიერ გიორგი კილასონიასათვის ფეხის დარტყმის მომენტიც გადაიღო. შენობაში როგორც გარე, ისე შიდა პერიმეტრზე დამონტაჟებულია ვიდეო-კამერები, თუმცა იმ დღეს არ მუშაობდა. მიზეზი არ იცის, მათ სერვერებთან წვდომა არ აქვთ.
მოწმე დიმიტრი დუღაშვილმა სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მაიაკოვსკის ქუჩაზე სხვისი ნივთის დაზიანების შესახებ შეტყობინების მიღების შედეგად, გავიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც ორი მამაკაცი იქცეოდა აგრესიულად, დაამსხვრიეს მანქანების მინები და შეზღუდული იყო ტრანსპორტის მოძრაობა. ისინი ამავე დროს იმყოფებოდნენ ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. ამირან გამყრელიძე არ აძლევდა მათ გამოძახებაზე მისვლის საშუალებას და მუშტებს ურტყამდა მანქანის წინა საქარე მინას. მათ მოწოდებაზე, რომ დაეცვათ წესრიგი, ისინი გახდნენ უფრო აგრესიულები, ამიტომ დააკავეს ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს განყოფილებაში. დაკავების დროს მათ აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. განყოფილების შენობის ერთ ნაწილში სკამზე დასვეს არსენა თხელიძე და თავზე ედგა პოლიციის თანამშრომლები, ასევე ამირან გამყრელიძე ხელებშეკრული იჯდა სკამზე. იგი გამოხატავდა აგრესიას, აფურთხებდა და აყენებდა მათ სიტყვიერ შეურაცხყოფას. იქნევდა ფეხებს და ცდილობდა თვითდაზიანების მიყენებას. ყვირილის და გინების დროს ამირან გამყრელიძე წამოდგა და ვინაიდან აკაკი საქუაშვილმა და ვლადიმერ მელიქაძემ ვერ შეძლეს მისი შეჩერება, ლაშა მინდორაშვილისა და სანდრო ყოჩიაშვილის დახმარებით, იძულებით, გულაღმა დააწვინეს იატაკზე. გიორგი კილასონია მას უსინჯავდა პულსს, რადგან დაწოლის შემდეგ რამდენიმე წუთის განმავლობაში ამირანი მოდუნდა, იფიქრეს, რომ ცუდად გახდა, თუმცა მან უცებ მთელი ძალით მოიქნია ფეხი და თავში დაარტყა გიორგი კილასონიას, რომელიც წაიქცა და მიიღო ტვინის შერყევა. როგორც მან დაინახა, დაწოლის დროს ამირანს თვალები გახელილი ჰქონდა და ხედავდა მასთან ახლოს მყოფ პირებს. გული არ წასვლია, რადგან ხმადაბლა რაღაცას ამბობდა. გიორგი კილასონიასთვის ფეხის ჩარტყმის მომენტი მან გადაიღო თავისი მობილური ტელეფონით, რადგან მსგავს შემთხვევებში დაკავებული პირები ცდილობენ თვითდაზიანებების მიყენებას და შემდეგ აბრალებენ პოლიციის თანამშრომლებს.
მოწმე ავთანდილ ჭითანავამ განმარტა, რომ 2018 წლის 2 აპრილს იმყოფებოდა მეორე განყოფილებაში, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დაკავებული შემოიყვანეს არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე. ორივე იყო ნასვამი, ძალიან აგრესიული, პოლიციელებს აყენებდნენ შეურაცხყოფას და აფურთხებდნენ, იქნევდნენ ფეხებს. ამირანი ეუბნებოდა ქურდების მტრები ხართო. ერთ მომენტში ამირან გამყრელიძე წამოხტა სკამიდან და რადგან მისი შეკავება იმ პოლიციელებმა ვერ მოახერხეს, რომელიც მასთან ახლოს იდგნენ, სხვების დახმარებით დააწვინეს იატაკზე. რაღაც მომენტში ის გაჩერდა და მას მიუახლოვდა გიორგი კილასონია, რადგან უნდოდა ენახა ცუდად ხომ არ იყო, სწორედ იმ დროს როდესაც ის პულსს უსინჯავდა, ამირან გამყრელიძემ ფეხი მოიქნია და თავში მოარტყა. პირადად მას ამირან გამყრელიძისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია და არც ტელეფონით უღებდა. ვიდეო გადაიღო დიმიტრი დუღაშვილმა.
დაზარალებულმა გიორგი კილასონიამ განმარტა, რომ მოცემული საქმის გამოძიების დროს მუშაობდა ქ.რუსთავის პოლიციის მეორე განყოფილების უფროსის თანამდებობაზე. განყოფილებაში მიღებული შეტყობინების საფუძველზე, შემთხვევის ადგილზე გავიდა პოლიციის თანამშრომლების ორი ჯგუფი და შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დააკავეს არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე. ისინი მოყვანისთანავე გამოირჩეოდნენ აგრესიით, ყვიროდნენ, იგინებოდნენ, აყენებდნენ მათ შეურაცხყოფას. ასევე ცდილობდნენ თვითდაზიანების მიყენებას, რის შესაძლებლობასაც არ აძლევდნენ. ორივე ბრალდებული ხელებშეკრული სკამზე ისხდნენ და თავზე ედგენ პოლიციის თანამშრომლები. ერთ მომენტში ამირან გამყრელიძე ყვირილით და ფეხის ქნევით წამოდგა და ძალის გამოყენებით დაწვინეს იატაკზე. შემდეგ იმის საჩვენებლად, რომ ვითომ ცუდად გახდა, გაჩერდა და აღარ ყვიროდა, იგი დაიხარა რომ პულსი გაესინჯა და ამირან გამყრელიძის მოქნეული ფეხი მოხვდა კეფის არეში. დარტყმის შედეგად გადავარდა და გონება დაკარგა. საავადმყოფოდან მეორე დღეს გამოწერეს და შემდეგ სახლში მკურნალობდა ექვსი დღის განმავლობაში. განყოფილების შენობაში ვიდეო-კამერები დამონტაჟებულია, თუმცა იმ დროისთვის არ მუშაობდა. მიზეზი არ იცის, რადგან სერვერებთან წვდომა არ აქვთ.
ანალოგიური ჩვენებები მისცეს სასამართლოს მოწმე გიორგი გონგაძემ, დავით დურგლიშვილმა, აკაკი საქუაშვილმა, ივანე ტოგონიძემ, იოსებ ჭიჭინაძემ, სანდრო ყოჩიაშვილმა და დავით ხითარიშვილმა.
ბესარიონ სიხარულიძემ დამატებით აღნიშნა, რომ ამირან გამყრელიძე შეურაცხყოფას აყენებდა იმას, ვინც ტელეფონით უღებდა. ლაშა მინდორაშვილის განმარტებით, როდესაც ამირან გამყრელიძე ძალის გამოყენებით იატაკზე დააწვინეს, მოხრილი ფეხი დაადო გულმკერდის არეში, რადგან ის კვლავ ცდილობდა ადგომას, ეს რამდენიმე წამს გაგრძელდა, შემდეგ გამოეცალა და მასთან გიორგი კილასონია მივიდა, რადგან პულსის გასინჯვა უნდოდა. ამირან გამყრელიძემ თავზე დაზიანებები მაშინ მიიღო, როდესაც მანქანის კაპოტს ურტყავდა. დაკავებისას გამოყენებული ძალა იყო მათი ქმედების პროპორციული.
მოწმე ნუკრი მატუამ განმარტა, რომ მოცემულ საქმეზე ჩაატარა რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის დიმიტრი დუღაშვილისაგან, სასამართლოს განჩინების საფუძველზე გამოითხოვა დვდ დისკი და დაათვალიერა მასში ასახული ინფორმაცია.
2018 წლის 2 აპრილის სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, გიორგი კილასონიამ ექიმს მიმართა 2018 წლის 2 აპრილს, 21:22 საათზე და გაეწერა 2018 წლის 3 აპრილს, 12:00 საათზე, დიაგნოზში მითითებულია: თავის ტვინის შერყევა.
2018 წლის 03 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002937218 დასკვნის თანახმად: რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N4677-ის მონაცემებით გიორგი კილასონიას 02.04.2018წ. სხეულზე დაზიანების ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. სამედიცინო ბარათში გამოტანილი თავის ტვინის შერყევის დიაგნოზი დაზიანების ხარისხის განსაზღვრისას მხედველობაში არ იქნა მიღებული, თავის ტვინის შერყევისთვის დამახასიათებელი ობიექტური კლინიკური ნიშნების არარსებობის გამო. მოწმე მირიან ლეფსვერიძემ დამატებით განმარტა, რომ გიორგი კილასონიას არ აღენიშნებოდა არცერთი ის ნიშანი, რომელიც განსაზღვრავს თავის ტვინის შერყევას.
დიმიტრი დუღაშვილისაგან გამოთხოვილი დვდ დისკის დათვალიერების შედეგად დადგინდა შემდეგი:
პოლიციის განყოფილების შენობაში იმყოფებიან პოლიციის თანამშრომლები და ბრალდებულები არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე. არსენა თხელიძე სკამზე ზის ოთახის ერთ კუთხეში და თავზე ადგანან პოლიციელები, ხოლო ამირან გამყრელიძე იმყოფება ოთახის შუა ნაწილში. ანალოგიურად ზის სკამზე და თავზე ადგას ორი პოლიციის თანამშრომელი. არსენა თხელიძის მხრიდან ისმის ყვირილი, გინება და სიტყვები შენ თუ ჩემი შვილი არ გაზრდევინო. ამირან გამყრელიძეც ასევე ყვირის და იგინება უფრო ხანგრძლივად, რამდენიმე წუთის შემდეგ სკამიდან დგება ყვირილით, მასთან დამატებით მიდიან პოლიციელები, აკავებენ და აწვენენ იატაკზე, წუთების განმავლობაში ის წევს გაუნძრევლად, არ ყვირის, შემდეგ მასთან მიდის გიორგი კილასონია, რომელიც იკუზება და უსინჯავს პულსს. ამ დროს ამირან გამყრელიძე რკალისებურად, წინიდან უკანა მხარეს იქნევს მარჯვენა ფეხს და ურტყამს თავში გიორგი კილასონიას, რომელიც იატაკზე ეცემა გვერდულად, მოქნეული ფეხის მიმართულებით. პოლიციის თანამშრომლები რომლებიც დგანან ბრალდებულებთან, არსენა თხელიძის შემთხვევაში არიან გ.გონგაძე, სხირტლაძე და ი.ტოგონიძე, ხოლო ამირან გამყრელიძესთან დგანან ა.საქუაშვილი და ვ.მელიქაძე. საქუაშვილს მის მხარზე უდევს ხელი.
ბრალდებულმა ამირან გამყრელიძემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს საქართველოში ჩამოვიდა ათენიდან, სადაც ცხოვრობს ბოლო პერიოდი, სამართალდამცავების მხრიდან მისით დაინტერესების გამო არ სურს საქართველოში ცხოვრება და იმ დღესაც ჩამოსვლის მიზანი იყო მხოლოდ პრობაციის სამსახურში გამოცხადება, ასევე უნდა მოეგვარებინა სასწავლო ვიზის საკითხები. მან მოინახულა მეგობრები, სტუმრად იყო მაია ცეცხლაძესთან, დალია ცოტა ალკოჰოლი და არსენასთან ერთად წამოვიდა მის გასაცილებლად. ალკოჰოლის მიღების შემდეგ, ცუდად ხდება, სჭირდება გადასხმა, ამიტომ ტაქსი გააჩერა, მან უარი უთხრა გადაყვანაზე და გაბრაზებულმა კარი მიუჯახუნა, ამის გამო ჩაიმსხვრა მინა. ამ დროს დაინახა სასწრაფოს მანქანა, იფიქრა გადასხმის გაკეთებას სთხოვდა, თუმცა ექიმებმაც უარი უთხრეს, გამოძახებაზე მივდივართო. ნასვამ მდგომარეობაში თავი ვერ გააკონტროლა და სიტყვიერი შეურაცხყოფა გამოუვიდა მათ მიმართ, ამ დროს ხალხი მოგროვდა, მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლებიც და ისე, რომ არაფერი უკითხავთ, ხელები გადაუგრიხეს და დააკავეს, ის უწევდა წინააღმდეგობას, რადგან ცუდად იყო და დახმარება უნდოდა, თუმცა დახმარების ნაცვლად ურტყავდნენ. მანქანაში რომ ჩასვეს ავთანდილ ჭითანავა და ლაშა მინდორაშვილი გამეტებით ცემდნენ და ისე მიიყვანეს განყოფილებაში. ა.ჭითანავა კვლავ აგრძელებდა მის მის შეურაცხყოფას და აგინებდა გაუგონარი სიტყვებით. როდესაც იგი გინებითვე პასუხობდა, სწორედ ამ დროს იღებდა იგი ვიდეოს. გიორგი კილასონიას მიმართ არანაირი პრეტენზია არ აქვს, პირიქით იგი ამშვიდებდა მას, თუმცა გონება რომ დაკარგა, ვერ დაინახა სახესთან ვინ ედგა და ფეხი ინსტიქტურად მოიქნია, ადგომა უნდოდა. რომ ცოდნოდა, რომ ფეხი გიორგი კილასონიას მოხვდებოდა, არც დაარტყავდა. რაც შეეხება ხულიგნობას და სხვისი ნივთის დაზიანებას, ბრალდების ამ ნაწილში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და ინანიებს, მზად არის მიყენებული ზიანი აანაზღაუროს სრულად.
ბრალდებულმა არსენა თხელიძემ განმარტა, რომ ამირან გამყრელიძესთან ერთად იმყოფებოდა მეგობართან, სადაც ცოტა ალკოჰოლი დალიეს და როდესაც სახლში მიდიოდა, უცნობ მამაკაცთან მოუვიდა შელაპარაკება, თუმცა ყველაფერი გაარკვიეს და დაემშვიდობნენ ერთმანეთს. გზაში ამირანმა ტაქსი გააჩერა, მან უარი უთხრა გადაყვანაზე და კარი რომ მიაჯახუნა, მინა ჩატყდა. ამას მოჰყვა ის, რომ ამირანი ძალიან ცუდად იყო და სასწრაფო დახმარების ექიმებმა უარი უთხრეს დახმარებაზე და მათთან სიტყვიერი დაპირისპირების გამო დააკავეს. განყოფილებაში ამირანს ავთანდილ ჭითანავა აგინებდა, გამოყავდა იგი მდგომარეობიდან და როდესაც ამირანი მას გინებით პასუხობდა, ის და დ.დუღაშვილი ვიდეოს უღებდნენ. იგი დედისერთაა, ჰყავს ოჯახი, არასრულწლოვანი შვილები, წარდგენილ ბრალდებაში თავს სრულად ცნობს დამნაშავედ და ინანიებს.
2018 წლის 03 მაისის სამედიცინო ექსპერტიზის N002914018 დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის (04.04.2018) და სამედიცინო საბუთის მონაცემებით (02.04.2018) ამირან გამყრელიძეს აღენიშნება ჭრილობა მარჯვნივ თხემ-საფეთქლის მიდამოში, მრავლობითი ნაჭდევები და სისხლჩაქცევები სხეულზე (დაწვრილებით იხილეთ აღწერილობით ნაწილში). დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, ჭრილობა მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლის გამო, ხოლო ყველა სხვა დაზიანება როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ყველა დაზიანება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
2018 წლის 24 აპრილის სამედიცინო ექსპერტიზის N002665018 დასკვნის თანახმად: პირადი გასინჯვის მონაცემებით (04.04.2018) არსენა თხელიძეს აღენიშნება სისხლჩაქცევა ზედა ქუთუთოზე და ნაჭდევები: თხემზე ცენტრალურად, მარჯვნივ: წინამხრის ქვემო მესამედის გარეთა ზედაპირზე, სხივ-მაჯის სახსრის წინა ზედაპირზე და წინამხრის შუა მესამედის შიგნითა ზედაპირზე. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით, მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება წინასწარ ცნობებში მითითებულ თარიღს.
დასკვნის ირგვლივ დაიკითხნენ ექსპერტები, რომლებმაც დაადასტურეს მათ მიერ გაცემული დასკვნების სისწორე.
დაცვის მხარის მოწმე თინა ნასარიძემ განმარტა, რომ შემთხვევის დღეს იმყოფებოდა მეგობარ მაია ცეცხლაძესთან, სადაც სტუმრად იმყოფებოდნენ ამირან გამყრელიძე და არსენა თხელიძე. ცოტა ნასვამები იყვნენ და როდესაც წავიდნენ შეიტყვეს, რომ ისინი დაკავებულები იყვნენ და იმყოფებოდნენ პოლიციის შენობაში. ამირან გამყრელიძეს ხედავდნენ გარედან და მას ერტყობოდა, რომ იყო ნაცემი.
მოწმე მაია ცეცხლაძემ განმარტა, რომ მეგობრების სანახავად მივიდა პოლიციის მე-2 განყოფილებაში და ნახა, რომ ამირან გამყრელიძე იყო ნაცემი, იწვა იატაკზე და იყო ცუდად. არავინ იზრუნა, რომ სასწრაფო გამოეძახა, პირიქით, პოლიციის თანამშრომლები უფრო მეტად აღიზიანებდნენ მას, უღებდნენ ვიდეოს და ფოტოებს. მას თავი ჰქონდა გატეხილი და თვალი დალურჯებული, ასევე არ ეცვა ფეხსაცმელები.
ბრალდებული ამირან გამყრელიძე დაკავებულია 2018 წლის 02 აპრილს, 19:00 საათზე, ქ.რუსთავი, N16 საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე და იგი მიყვანილი იქნა რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილებაში, მდებარე ქ.რუსთავი, რუსთაველის ქ.27ა. დაკავების ოქმის მიხედვით: ვინაიდან ამირან გამყრელიძის დაკავებისას ადგილი ჰქონდა მის მიერ პოლიციელებისათვის წინააღმდეგობის გაწევას, დაკავების ოქმის შევსება ვერ მოხერხდა, ადგილზე ასევე შეკრებილი იყო ხალხი, ამირან გამყრელიძემ დაკავებისას გაუწია წინააღმდეგობა, რის გამოც პროპორციული ძალის გამოყენებით მოხდა ამირან გამყრელიძის დაკავება.
2018 წლის 2 აპრილს რუსთავის საქალაქო სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებელმა გვანცა გოგავამ მიმართა რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორს დაკავებულ ამირან გამყრელიძისათვის საჭიროების შემთხვევაში სამედიცინო დახმარების გაწევის და შესაბამისი ფორმა 100-ის გაცემის მიზნით. 2018 წლის 3 აპრილის სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ ამბულატორიას მიმართა 2018 წლის 2 აპრილს, 23:10 საათზე და გაეწერა 2018 წლის 3 აპრილს, 00:15 საათზე, დიაგნოზში მითითებულია: მარჯვენა თხემის მიდამოს ჭრილობა S01.0, მარცხენა კოჭ-წვივის სახსრის სხვა ზედაპირული ტრავმა S90,8.
2018 წლის 4 აპრილის სს „რუსთავის ცენტრალური საავადმყოფოს“ მიერ გაცემული ფორმა 100-ის მიხედვით, ამირან გამყრელიძემ ექიმს მიმართა 2018 წლის 4 აპრილს, 12:55 საათზე და გაეწერა 2018 წლის 4 აპრილს, 14:00 საათზე, დიაგნოზში მითითებულია: დაჟეჟილი (გაკერილი) ჭრილობა თავის არეში.
2018 წლის 4 აპრილის დაკავებულთან გასაუბრების ოქმით, ქვემო ქართლის საოლქო პროკურატურის სტაჟიორ-პროკურორი, დროებითი მოთავსების იზოლატორში ადვოკატ ლელა გოძიაშვილთან ერთად შეხვდა ამირან გამყრელიძეს, რათა გაერკვია დაკავების ოქმზე ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი. ბრალდებულმა განმარტა, რომ დაკავების ოქმს არ მოაწერა ხელი, რადგან არ ეთანხმება დაკავებას, აგრეთვე იყო ნაცემი, ხელები ჰქონდა დაზიანებული, თავიდან მოსდიოდა სისხლი და კალმის დაჭერა ვერ შეძლო.
4. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
სხდომაზე გამოკვლეული და საქმეში არსებული უდავო მტკიცებულებებით დადგინდა, რომ ბრალდებულების მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შედეგად, ამირან გამყრელიძე და არსენა თხელიძე დაკავებულ იქნენ პოლიციის თანამშრომლების მიერ. ბრალდებულების ქცევიდან გამომდინარე, შს სამმართველოს მე-2 განყოფილების თანამშრომლებთან ერთად, საჭირო გახდა რუსთავის საქალაქო სამმართველოსა და განყოფილების თანამშრომლების დახმარებაც (იხ. პროკურორის დავალება ტ.1. ს.ფ. 9). დაკავების შემდგომ, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მოვლენები განვითარდა უკვე განყოფილებაში, სადაც ამირან გამყრელიძემ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა. მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა შორის სადავო გარემოებას წარმოადგენდა სსკ-ს 353 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ ბრალდებასთან დაკავშირებული მტკიცებულებები, სასამართლოს ასევე მიზანშეწონილად მიაჩნია შეაფასოს ბრალდებულების ქცევა საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს, რადგან მათი მხრიდან გამოვლენილი უსაფუძვლო აგრესია კავშირიშია შემდგომ ამირან გამყრელიძის მიერ პოლიციელზე თავდასხმის ბრალდების ეპიზოდთან, შესაბამისად სასამართლო მტკიცებულებებს განიხილავს ერთობლიობაში.
მოცემულ საქმეზე გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო შეტყობინება, რომლის თანახმად, მოქალაქე ზურაბ კუბლაშვილმა განაცხადა, რომ იგი მოძრაობდა ა/მანქანით, მას წინ გადაუდგა მამაკაცი, რომელმაც შეაჩერა და მეორე მამაკაცმა ჩაუმტვრია ა/მანქანის უკანა გვერდითა მარცხენა მინა. პარალელურად პოლიციის მე-2 განყოფილებაში შევიდა კიდევ ერთი შეტყობინება, რომ ქ.რუსთავში გიორგი ზურაბაშვილს ამირან გამყრელიძემ და არსენა თხელიძემ მიაყენეს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. კიდევ ერთი შეტყობინების მიხედვით, უცნობი პიროვნება დადის ქ.რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩაზე მდებარე 16-ე სკოლასთან და აზიანებს მთელ ქუჩაზე მანქანებს.
მოწმე გიორგი ზურაბიშვილმა გამოკითხვის დროს განაცხადა, რომ 2018 წლის 3 აპრილს იმყოფებოდა ქ.რუსთავში მაიაკოვსკის ქუჩა N-11 მდებარე საცხოვრებელ ბინაში თამარ ბახუტაშვილთან და ეზოში გამავალ ფანჯარასთან ეწეოდა სიგარეტს. ამ დროს ეზოდან, მისთვის უცნობმა მამაკაცმა, ისე რომ მისთვის არაფერი უთქვამს და არც უყურებდა, სრულიად უმიზეზოდ დაუწყო გინება. იგი სიტუაციაში გარკვევის მიზნით ეზოში ჩავიდა და სადარბაზოდან გასვლისთანავე მუშტი მოხვდა სახის არეში. ტკივილისაგან სახეზე ხელები აიფარა და კიდევ რამდენჯერმე მოხვდა ხელი. მოწმე ელენე ცერცვაძის განმარტებით მას დაუკავშირდა მისი კოლეგა ზურაბ კუბლაშვილი, რომელმაც სთხოვა, რომ გამოეძახა პოლიცია. თავად ზურაბ კუბლაშვილმა განმარტა, რომ გამოძახებული იყო მგზავრის ტაქსით გადაყვანის მიზნით და მე-16 საჯარო სკოლის მიმდებარედ წინ გადაუდგა ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც ყვიროდა, მიმართავდა აგრესიულად და სთხოვდა მანქანის გაჩერებას. მას სახეზე აღენიშნებოდა დაზიანებები, არ აძლევდა გზის გაგრძელების საშუალებას არც მას და არც სხვა მანქანებს, შედეგად მაიაკოვსკის ქუჩაზე შეიქმნა საცობი. ადგილზე გაირკვა, რომ მამაკაცი იყო ამირან გამყრელიძე. მას ტაქსით მგზავრობა არ მოუთხოვია და სრულიად უმიზეზოდ, ისე რომ მომხდარის გამო მასთან კონფლიქტში არ შესულა, მუშტი დაარტყა და ჩაუმსხვრია უკანა მარცხენა საქარე მინა. შემდეგ მასთან მივიდა არსენა თხელიძე და უთხრა, რომ სასწრაფოდ წაეყვანა მანქანა სანამ პოლიცია მოვიდოდა, თორემ პრობლემები შეექმნებოდა. პოლიციის თანამშრომლების მოსვლის შემდეგ, არსენა თხელიძე და ამირან გამყრელიძე კვლავ განაგრძობდნენ ლანძღვა-გინებას. მოწმე დავით ასპანიძის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, მე-16 საჯარო სკოლასთან განვითარებული მოვლენების დროს, სასწრაფო სამედიცინო მანქანას მუშტებს ურტყამდა ორი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო ერთმა თავი დაარტყა მანქანის კაპოტს. იგინებოდნენ და ყვიროდნენ, შემდეგ პოლიციის თანამშრომლებს მიახლოებისთანავე მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, დაკავებისას ისინი უწევდნენ აქტიურ წინააღმდეგობას. ასევე გ-----------------ის გამოკითხვით, დადგინდა, რომ ამირან გამყრელიძე და არსენა თხელიძე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს აყენებდნენ შეურაცხყოფას, მუშტებს უტყამდნენ საქარე მინას, რის გამოც იგი სრულად დაიბზარა. ამ პერიოდის მანძილზე მანქანებით გადაადგილება შეუძლებელი იყო.
2018 წლის 3 აპრილს, მაიაკოვსკის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე არსენა თხელიძისა და ამირან გამყრელიძის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევა, რაც გამოიხატა იმაში, რომ სრულიად უსაფუძვლოდ, რაიმე დაპირისპირების გარეშე, შეურაცხყოფას აყენებდნენ შემხვედრ მოქალაქეებს, დააზიანეს მათი ქონება და მიიყენეს თვითდაზიანებები, გახდა მათი შემთხვევის ადგილზე სასამართლოს განჩინების გარეშე დაკავების უპირობო საფუძველი. დაკავების შემდეგ ბრალდებულები მიყვანილ იქნენ პოლიციის მე-2 განყოფილებაში.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ იქნა დვდ დისკი, სადაც ასახულია არსენა თხელიძისა და ამირან გამყრელიძის პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში ყოფნის მცირე პერიოდი. დისკის დათვალიერების შედეგად დადგენილი გარემოების შეფასებამდე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან განყოფილებაში დამონტაჟებული სათვალთვალო ვიდეო-კამერები იმ მომენტისთვის არ მუშაობდა, პოლიციის თანამშრომელი საკუთარი მობილური ტელეფონით იღებდა შენობაში მიმდინარე მოვლენებს. მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე, პროკურორმა შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა დიმიტრი დუღაშვილისაგან ინფორმაციის გამოთხოვა, რამდენადაც დადგინდა, რომ ამირან გამყრელიძის მიერ გიორგი კილასონიას ჯანმრთელობის ხელყოფის ფაქტი ჩაწერა და ინფორმაცია დისკზე გადაიტანა დიმიტრი დუღაშვილმა. სასამართლოს განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და დიმიტრი დუღაშვილისაგან 2018 წლის 12 აპრილს გამოთხოვილ იქნა ერთი ცალი დვდ დისკი. დაცვის მხარის არგუმენტზე, რომ ტელეფონით ვიდეოს იღებდა არა დიმიტრი დუღაშვილი არამედ ავთანდილ ჭითანავა, სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც პროკურორის შუამდგომლობაში, ისე სასამართლოს განჩინებაში მითითებულია, რომ ინფორმაცია გამოთხოვილ უნდა იქნეს დ.დუღაშვილისაგან და ინფორმაციის გამოთხოვის ოქმის მიხედვით, საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობდა თავად დ.დუღაშვილი. მისგან ინფორმაციის გამოთხოვა დაადასტურა ქვემო ქართლის პოლიციის დეტექტივების სამმართველოს დეტექტივ-გამომძიებელმა ნუკრი მატუამ ჩვენების მიცემის დროს, შესაბამისად, სასამართლოს არ აქვს არანაირი სხვა ინფორმაცია, რომელიც სარწმუნოს გახდიდა დაცვის მხარის ამ პოზიციას.
გარდა აღნიშნულისა დაცვის მხარემ ასევე აღნიშნა, რომ ა.ჭითანავა თავად აგინებდა ამირან გამყრელიძეს, აყენებდა მას შეურაცხყოფას, გამოყავდა იგი მდგომარეობიდან და მას შემდეგ, რაც საპასუხოდ ამირან გამყრელიძე მიმართავდა მას უცენზუროდ, რთავდა ტელეფონს და იღებდა მხოლოდ ამ კადრს. აღნიშნულზე სასამართლო განმარტავს, რომ ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების შედეგად, ნამდვილად შეინიშნება, რომ ამირან გამყრელიძე აგინებს და აფურთხებს მას, ვინც უღებს ტელეფონით. მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა პოლიციის თანამშრომელმა განმარტა, რომ ა.გამყრელიძე აგინებდა ყველას, მასთან უშუალოდ მდგომი ორი პოლიციის თანამშრომლის რეაქციიდან გამომდინარე, მეტწილად ჩნდება რწმენა, რომ გინების ადრესატი არის ვიდეოს გადამღები პირი. პოლიციის თანამშრომლები დგანან ამირან გამყრელიძესთან და რაიმე განსაკუთრებული ზომების მიღება, იმისათვის, რომ ამირან გამყრელიძემ ყველა პოლიციის თანამშრომლის მიმართ არ განახორციელოს აგრესიული ქმედება - მათი მხრიდან არ იკვეთება. ისინი დგანან და მხოლოდ იმ შემთხვევაში ეხებიან ამირან გამყრელიძეს, როდესაც ის წამოდგომას ცდილობს. თუმცა აღნიშნულის საპირისპიროდ არ დგინდება, რომ ვიდეო-გადაღების დროს პირი, რომელიც უღებს ამირან გამყრელიძეს მ/ტელეფონით, აგინებს ან შეურაცხყოფას აყენებს მას. დაცვის მხარემ ამ გარემოების დასადასტურებლად მოიყვანა შეძახილი „შენ თუ ჩემი შვილი არ გაზრდევინო“, მათივე მტკიცებით ეს სიტყვა უთხრა ა.ჭითანავამ ამირან გამყრელიძეს, რამაც იგი გააღიზიანა, თუმცა ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების დროს სიტყვები „შენ თუ ჩემი შვილი არ გაზრდევინო“ ისმის არა ამირან გამყრელიძის მიმდებარედ, არამედ არსენა თხელიძის მხრიდან, რომელიც პოლიციის თანამშრომლებთან ერთად შენობაში იმყოფება და სკამზე ზის ამირან გამყრელიძისაგან მარჯვენა მხარეს. ანუ ის სიტყვები, რამაც დაცვის მხარის განმარტებით, ამირან გამყრელიძე მდგომარეობიდან გამოიყვანა, არ ისმის იმ მხრიდან, სადაც ვიდეო - გადაღება ხდება. გარდა აღნიშნულისა არც სხვა მტკიცებულებით არ დადგინდა, რომ ამირან გამყრელიძის მხრიდან გიორგი კილასონიაზე თავდასხმის დროს პროვოცირება მოახდინეს პოლიციის თანამშრომლებმა და მით უფრო თავად გიორგი კილასონიამ. თუ გავითვალისწინებთ დაკავებამდე მიმდინარე მოვლენებს და ბრალდებულების ქცევას, შემთხვევით გამვლელ ადამიანებზე თავდასხმას, ქონების განადგურებას, ადვილად სარწმუნოა, რომ ამირან გამყრელიძემ პოლიციის თანამშრომელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა იმის, გამო, რომ ის ტელეფონით უღებდა. ბრალდებული განყოფილებაში მიყვანამდეც იყო აგრესიული, იყენებდა თვითდაზიანებებს, მან სრულად უმიზეზოდ მიაყენა შეურაცხყოფა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების თანამშრომლებს, უმიზეზოდ აგინეს და ცემეს მამაკაცი, რომელიც ფანჯარასთან სიგარეტს ეწეოდა, შესაბამისად ამ განწყობისა და ამ აგრესიის ქვეშ, შეიკავებდა თუ არა ამირან გამყრელიძე თავს პოლიციის განყოფილებაში და თანამშრომლის მიმართ გამონაკლისად იქნებოდა თუ არა თავაზიანი, არ ბადებს არანაირ კითხვას და ეჭვს მისი პოზიციის დასაცავად.
რაც შეეხება დაცვის მხარის განმარტებას, რომ ამირან გამყრელიძემ გიორგი კილასონიას ფეხი დაარტყა შემთხვევით, არ იცოდა, რომ თავთან გიორგი კილასონია იდგა და მას შემდეგ, რაც გონს მოვიდა ფეხი ინსტიქტურად გაიქნია, სასამართლო ვერ გაიზიარებს და აღნიშნავს, რომ ვიდეო-ჩანაწერის დათვალიერების შედეგად, ამირან გამყრელიძე წევს იატაკზე, ხოლო გიორგი კილასონია ჩაკუზულია და უსინჯავს პულსს. ამირან გამყრელიძე, სრულიად მოულოდნელად, მთელი ძალით აწვება ერთ ფეხს, ხრის მას და მეორეს გაშლილ მდგომარებაში იქნევს წინიდან უკან. მას სრული შესაძლებლობა ჰქონდა დაენახა გიორგი კილასონია, რომელიც მკერდამდე იყო მასთან მიახლოებული და არა სახესთან, როგორც ბრალდებული აღნიშნავს. ამირან გამყრელიძის მხრიდან გიორგი კილასონიასათვის ფეხის დარტყმა არის განზრახი და მიზანმიმართული ქმედება, მან ხელიდან არ გაუშვა პირველივე ისეთი შესაძლებლობა, რომელიც მიეცა იატაკზე დაწოლის დროს. მას იმ მომენტში თავისუფლად შეეძლო ფეხების მოძრაობა და მოიქნია კიდეც მარჯვენა ფეხი იმ სიძლიერით და იმ მიმართულებით, რომ მოხვედროდა გიორგი კილასონიას, უკიდურეს შემთხვევაში ნებისმიერ პოლიციელს, რომელიც მის სიახლოვეს იქნებოდა.
ძირითადი სადავო გარემოება მოცემულ შემთხვევაში არის ის თუ როგორ უნდა შეფასდეს ამირან გამყრელიძის მხრიდან გიორგი კილასონიასთვის ფეხის ჩარტყმა:
· როგორც დანაშაულის პროვოკაცია, რადგან დაცვის მხარის განმარტებით, მას აგინებდა და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა ვიდეოს გადამღები პირი ა.ჭითანავა,· როგორც ძალადობა, იმისდამიხედვით თუ ვის მიმართ არის დანაშაული ჩადენილი,· თუ წარდგენილი ბრალდების მიხედვით, როგორც პოლიციელზე თავდასხმა ჯანმრთელობის ხელყოფით.
თავდაპირველად სასამართლო ერთმანეთთან კავშირში და ცალკე განიხილავს სისხლის სამართლის იმ ნორმებს, რომლითაც დასჯადია დანაშაულის პროვოკაცია, ძალადობა და პოლიციელზე თავდასხმა.
ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულებიდან დასჯადია ისეთი ქმედება, როდესაც ადგილი აქვს პირის დაყოლიებას დანაშაულის ჩასადენად, მისი პასუხისგებაში მიცემის მიზნით. ანუ პირს, რომელიც იყოლიებს სხვას დანაშაულის ჩასადენად, უნდა ჰქონდეს მისი პასუხისგებაში მიცემის მიზანი და მოქმედებაც უნდა შეესაბამებოდეს დასახული მიზნის მიღწევას. დამნაშავეს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ სხვა პირს იყოლიებს ისეთი ქმედების ჩასადენად, რისთვისაც მას უპირობოდ დაეკისრება პასუხისმგებლობა. მოცემულ შემთხვევაში როგორც მტკიცებულებებით არის დადგენილი, ამირან გამყრელიძე დაკავებული იყო ხულიგნობის სავარაუდო ჩადენისთვის, რაც პოლიციელზე თავდასხმის მიუხედავად, გამოიწვევდა მისი პასუხისგებაში მიცემას, გარდა ამისა, თუკი ადგილი ჰქონდა მის შეურაცხყოფას, როგორც ამას დაცვის მხარე აღნიშნავს, შეუძლებელია ვიდეოს გადამღებ პოლიციის თანამშრომელს ევარაუდა, რომ ამირან გამყრელიძე ფეხს დაარტყავდა გიორგი კილასონიას. აღნიშნულ მოქმედებას ადგილი ჰქონდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამირან გამყრელიძეს მიეცა თავდასხმის შესაძლებლობა ყოველგვარი დაყოლიების გარეშე. ამასთან, უფრო მნიშვნელოვანია, რომ დანაშაულზე დაყოლიებად ვერ განიხილება პირისთვის შეურაცხყოფის მიყენება. ასეთ შემთხვევაში საპასუხოდ ჩადენილი ქმედება უნდა შეფასდეს იმ დანაშაულის ნიშნებთან შესაბამისობაში, რომელიც დადგინდება საგამოძიებო მოქმედებების შედეგად. ამდენად უსაფუძვლოა დაცვის მხარის პოზიცია, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ადგილი ჰქონდა დანაშაულის პროვოკაციას.
სასამართლოს შეფასებით, განსაკუთრებით საყურადღებოა გაიმიჯნოს ძალადობისა და პოლიციელზე თავდასხმის დანაშაულებს შორის არსებული მსგავსება და განსხვავება, რადგან სწორედ ამ ნიშნების მიხედვით უნდა შეფასდეს ამირან გამყრელიძის ქმედება მიმართული იყო როგორც პოლიციელის, თუ იმ პირზე თავდასხმისაკენ, რომლის მიმართაც მას ამოძრავებდა პირადი მოტივი.
სსკ-ს 126-ე მუხლი პასუხისმგებლობას აწესებს ძალადობისთვის და ამ მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისთვის არ არის აუცილებელი არც სპეციალური სუბიექტის და არც იმ პირის პროფესიული თუ სხვა სახის კუთვნილების დადგენა, რომლის მიმართაც ადგილი აქვს ძალადობას. ძალადობა შეიძლება გამოიხატოს როგორც ერთჯერადი დარტყმით, ფეხის, ხელის თუ სხვა საგნის გამოყენებით, ისე სხვა ისეთი ხასიათის მოქმედებით, რომელიც იწვევს ფიზიკურ ტკივილს. ძალადობისაგან დაცულია ნებისმიერი ადამიანის ჯანმრთელობა.
სსკ-ს 126-ე მუხლისაგან განსხვავებით, სსკ-ს 353 პრიმა მუხლით დაცულია სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელის ჯანმრთელობა, საკუთრება და უსაფრთხოების უფლება სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. პირი, რომლის მიმართაც ხდება თავდასხმა ხელისუფლების წარმომადგენელია და სწორედ მისი სამსახურებრივი მდგომარეობის დაკავების გამო ესხმის თავს დამნაშავე. თუმცა სამსახურებრივი საქმიანობის განმსაზღვრელი ერთმნიშვნელოვად არ შეიძლება იყოს მხოლოდ სამსახურებრივი ფორმა, სამუშაო ადგილი და სამუშაო დრო. იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლების წარმომადგენელსა და ბრალეულ პირს შორის უთანხმოება და კონფლიქტი წარმოიშობა, თუნდაც დაზარალებულის სამუშაო ადგილას და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ყურადღება უნდა გამახვილდეს ინტერესთა კონფლიქტი ხომ არ არის გამოწვეული პირადი მოტივებით, დამნაშავისთვის თავდასხმის მიზეზი უნდა იყოს არა ნებისმიერი სახის უთანხმოება, არამედ მხოლოდ პირის სამსახურებრივი მდგომარეობა. მსგავს შემთხვევებში ხელისუფლების წარმომადგენელის მიმართ ჩადენილი ძალადობა არ უნდა შეფასდეს მასზე თავდასხმად და პირს პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ზოგადი ნორმით, დანაშაულის ნიშნების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში ამირან გამყრელიძის ქმედება - პოლიციელისათვის ფეხის ჩარტყმა - ძალადობას იმ შემთხვევაში წარმოადგენს თუკი დადგინდებოდა, რომ 1) პოლიციის თანამშრომელმა მიაყენა მას სიტყვიერი ან სხვა სახის შეურაცხყოფა 2) ბრალდებულს გაუჩნდა დანაშაულის ჩადენის პირადი მოტივი. ასეთ შემთხვევაში ძალადობა მიმართული უნდა იყოს იმ პირისკენ, ვისთანაც ბრალდებულს პირადი ხასიათის უთანხმოება წარმოეშვა ან/და მისი მოქმედება აშკარად სცილდება მის სამსახურებრივ საქმიანობას ბრალეული პირის საზიანოდ. განსახილველ შემთხვევაში დაცვის მხარის არგუმენტების დადგენისა და გაზიარების პირობებშიც, პირი რომელსაც ფეხი ჩაარტყა მთელი ძალით ამირან გამყრელიძემ, უნდა ყოფილიყო მხოლოდ ის პოლიციის თანამშრომელი, რომელიც მას აყენებდა შეურაცხყოფას, თუკი ასეთს რეალურად ჰქონდა ადგილი. თუმცა ამირან გამყრელიძემ ფეხი განზრახ ჩაარტყა გიორგი კილასონიას, რომელიც მისი დაკავების პროცესში თავის სამუშაო ოთახში იმყოფებოდა და არანაირი პირადი მოტივი მასზე თავდასხმისთვის ამირან გამყრელიძეს არ გააჩნდა. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზირებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ ადგილი ჰქონდა ამირან გამყრელიძის პროვოცირებას და მან ფეხი, ისე რომ ვერ დაინახა ვინ იყო, შემთხვევით ჩაარტყა გიორგი კილასონიას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამირან გამყრელიძემ ჩაიდინა პოლიციელზე თავდასხმა, მან გიორგი კილასონიას ფეხი ჩაარტყა იმ მიზნით, რომ ის დააკავეს პოლიციის თანამშრომლებმა, დაკავების შედეგად იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, გამოირჩეოდა აგრესიულობით და მიუხედავად იმისა, რომ ხელები შეკავებული ჰქონდა, ბრაზის და აგრესიის გამოსახატად თავს დაესხა იმ მომენტში მისთვის ხელმისაწვდომ ერთ-ერთ პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ზუსტად იცოდა, რომ არ იყო ის, ვინც მას ვიდეოს უღებდა.
წარდგენილი ბრალდების ამ ეპიზოდში, სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, რომ ამირან გამყრელიძის ქმედებამ გამოიწვია გიორგი კილასონიას ჯანმრთელობის ხელყოფა, ვინაიდან ფეხის ჩარტმის შემდეგ მან მიიღო ტვინის შერყევა. სასამართლო აღნიშნავს, რომ ჯანმრთელობის ხელყოფის დადგენის ნაწილში სხდომაზე გამოკვლეულ იქნა მოწმეთა ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და სხვა დოკუმენტაცია, ასევე დაიკითხა ექსპერტი მირიან ლეფსვერიძე. პოლიციის თანამშრომლებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ გიორგი კილასონია რამდენიმე დღე სამსხურში არ დადიოდა და სახლის პირობებში გადიოდა მკურნალობას. ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით, გიორგი კილასონია სტაციონარში მოთავსდა და გაეწერა 24 საათზე მცირე დროში. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა და მოწმე მირიან ლეფსვერიძის ჩვენების თანახმად, გამოსაკვლევი პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლეოდა ტვინის შერყევის დადგენის საფუძველს.
სსკ-ს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით დასჯადია პოლიციელზე (...), ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმა პოლიციელის (...), სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, პირველი ნაწილისაგან დამოუკიდებლად, პასუხისმგებლობაა დაწესებული პოლიციელის (...) ანდა მისი ოჯახის წევრის ჯანმრთელობის ხელყოფისთვის პოლიციელის (...) სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. ანუ ამ მუხლის მე-2 ნაწილით ქმედების დაკვალიფიცირებისთვის შედეგის სახით პოლიციელმა უპირობოდ უნდა განიცადოს ჯანმრთელობის ხელყოფა, ხოლო პირველი ნაწილის შემთხვევაში, თავდასხმა შეიძლება ჩადენილ იქნეს ნებისმიერი ფორმით, ჯანმრთელობის ხელყოფის გარეშე, სხვაობა როგორც აღინიშნა არის მხოლოდ დამდგარი შედეგი.
მოცემულ შემთხვევაში დადგინდა, რომ ამირან გამყრელიძემ ფეხი ჩაარტყა გიორგი კილასონიას თავში და ეს უკანასკნელი ჩაკუზული მდგომარეობიდან დაეცა გვერდულად. ვიდეო-ჩანაწერის შეფასებით, დაცემის სიმძლავრე, მანძილი და დაცემის ადგილი, სპეციალური ცოდნის არმქონე პირისთვისაც იძლევა იმ დასკვნის გაკეთების შესაძლებლობას, რომ ფეხის ერთხელ ჩარტყმით და ისიც იმ პირობებში, რომ მთელი ძალა ამირან გამყრელიძემ მის მოსაქნევად დახარჯა, როდესაც დაწოლილ მდგომარეობაში, ხელებგაკავებულმა გაიქნია ფეხი წინიდან უკან, გიორგი კილასონია არ დაცემულა იმ ძალით, რომ მას მიეღო ტვინის შერყევა, რასაც ასევე ადასტურებს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა და ექსპერტის ჩვენება. ამასთან ხაზგასმით მნიშვნელოვანია, რომ მოწმეთა ჩვენებებით არ შეიძლება დადგინდეს რეალურად ჰქონდა თუ არა ჯანმრთელობის ხელყოფას ადგილი. როგორც აღინიშნა, საკითხი უნდა დადგინდეს შესაბამისი მტკიცებულებით, სპეციალური ცოდნის მქონე პირთა ჩვენებებით. შესაბამისად, ვინაიდან თავად ბრალდების მხარის მიერვე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტებით არ დგინდება, რომ გიორგი კილასონიამ მიიღო ტვინის შერყევა, სასამართლოს მიაჩნია, რომ ამირან გამყრელიძის მიერ ფეხის ჩარტყმა გიორგი კილასონიასათვის, უნდა დაკვალიფიცირდეს როგორც გიორგი კილასონიაზე თავდასხმა, ჯანმრთელობის ხელყოფის გარეშე - სსკ-ს 353 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ამდენად, სასამართლომ განიხილა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ არსენა თხელიძემ ჩაიდინა ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, მანვე ჩაიდინა სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამირან გამყრელიძემ ჩაიდინა - პოლიციელზე თავდასხმა პოლიციელის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლის პირველი ნაწილით,ხულიგნობა, ესე იგი ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით ან ძალადობის მუქარით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით,სხვისი ნივთის დაზიანება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით,5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები
არსენა თხელიძეს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოება, რომელიც სცილდება ბრალდების ფაქრგლებს - არ გააჩნია, ხოლო ამირან გამყრელიძის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობის პირობებში განზრახი დანაშაულის ჩადენა, რაც მის მიმართ გათვალისწინებულ უნდა იქნეს სასჯელის დანიშვნის დროს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, ოჯახურ მდგომარეობას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას. გამამტყუნებელი განაჩენით დანიშნული სასჯელი პირველ რიგში უნდა პასუხობდეს სამართლიანობის პრინციპს, სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ს 39-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, არსენა თხელიძეს საქართველოს სსკ-ის საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო ამირან გამყრელიძეს საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით ჩადენილი ქმედებისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროთ ამ მუხლებით დადგენილი სასჯელი და საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროთ სასჯელთა შთანთქმის პრინციპით. რაც შეეხება ამირან გამყრელიძის მიმართ რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სსკ-ს 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრი უნდა გაუქმდეს და სასჯელი უნდა დაინიშნოს 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
7. აღკვეთის ღონისძიების, ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები
არსენა თხელიძის და ამირან გამყრელიძის მიმართ აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა უნდა გაუქმდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
არსენა თხელიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით არსენა თხელიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა არსენა თხელიძეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 აპრილიდან.
ამირან გამყრელიძის მიმართ წარდგენილი ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ამირან გამყრელიძე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით, სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ს 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 3531-ე მუხლის პირველ ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით ამირან გამყრელიძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის თანახმად, გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 31 დეკემბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი და საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით ამირან გამყრელიძეს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.
თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადის ათვლა ამირან გამყრელიძეს დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 02 აპრილიდან.
ამირან გამყრელიძის და არსენა თხელიძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად:
DVD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით. ასფალტიდან აღებული მერსედესის ავტომანქანის შუშის ნატეხი, ავტომანქანა მერსედესიდან ამოღებული შუშის ნატეხი, სასწრაფოს ავტომანქანის საქარე მინიდან აღებული ანაწმენდები, მოწითალო სისხლისმაგვარი ლაქა, ხელის ანაწმენდები და სისხლის ნიმუშები, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით.
ცნობად იქნეს მიღებული, რომ ავტომანქანები დაბრუნებული აქვთ მესაკუთრეებს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე