გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/39069-16
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი შესავალი ნაწილი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - შპს ,,ი------------------–----ი’’
წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე
მოპასუხე - სს ,,დ-------------------–-------------------------’’
წარმომადგენელი - ლ---------------–-ა, ლ--------–--ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 90 903.5 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლოს - 18 735 ლარის გადახდა;
1.3. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2018 წლის 01 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის - 90 903.5 ლარის 0.02%-ის გადახდა;
1.4.მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მიუღებელი შემოსავლის - 6 210.76 ლარის გადახდა;
1.5. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს სისხლის ექსპრეს-ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი შემოსავლის - 360 573.67 ლარის გადახდა;
1.6. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი შემოსავლის - 127 096.95 ლარის გადახდა.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი - ტომი 1, ს.ფ. 1-12; დაზუსტებული სარჩელი ტომი 3, ს.ფ. 2-19; 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი).
1.1.1. იგი წარმოადგენს ის-----–-ს რეზიდენტ იურიდიულ პირს;
1.1.2. მან 2015 წლის 24 მარტის №2-----------1 მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეების მიმართ დავალიანების მოთხოვნის უფლება შპს ,,ა-----ისაგან’’ შეიძინა;
1.1.3. ხელშეკრულების 1.2. პუნქტის თანახმად, მან ასევე საკუთრებაში მიიღო ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯების და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლებაც;
1.1.4. შპს ,,ა-----ი’’ ახორციელებდა საავადმყოფოების ოპერირებას და სამედიცინო მომსახურებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს ჯანდაცვის საყოველთაო სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში. იგი სამედიცინო მომსახურებას უწევდა მოქალაქეებს, რომლებიც დაზღვეულნი იყვნენ მოპასუხის მიერ საქართველოს მთავრობის №1-- და №2-- დადგენილებების შესაბამისად;
1.1.5. შპს ,,ა-----ი’’ სამედიცინო მომსახურებას უწევდა მოპასუხის მიერ დაზღვეულ პირებს, ხოლო მომსახურების მიწოდებისა და მზღვეველის მიერ თანხების ანაზღაურების პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1-- დადგენილებით;
1.1.6. შპს ,,ა-----ის’’ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების თაობაზე შპს ,,ა-----ს’’ და მოპასუხეს შორის პერიოდულად დგებოდა ურთიერთშედარების აქტები, რომელთა ნაწილსაც მოპასუხე ანაზღაურებდა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მეშვეობით;
1.1.7. 2013 წლიდან მოპასუხე რეგულარულად არღვევდა მთავრობის №1-- დადგენილებით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე, სრულიად უსაფუძვლოდ, უარს აცხადებს შპს ,,ა-----ის’’ მიერ გაწეული სამედიცინო მომსახურების საფასურის ანაზღაურებაზე;
1.1.8. მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის და თანხის გადაუხდელობის გამო 2013 წლის თებერვლის დავალიანებამ შეადგინა-17 310.74 ლარი, 2013 წლის მარტის დავალიანებამ-17 769.75 ლარი, 2013 წლის აპრილის დავალიანებამ-13 302.96 ლარი, 2013 წლის მაისის დავალიანებამ-12 319.02 ლარი, 2013 წლის ივნისის დავალიანებამ-11 217.80 ლარი, 2013 წლის ივლისის თვის დავალიანებამ-8 895.45 ლარი, ხოლო 2013 წლის აგვისტოს დავალიანებამ-10 087.96 ლარი;
1.1.9. შესაბამისად, მოპასუხეს ჯამში მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 90 903.5 ლარის გადახდა;
1.1.10. საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1-- დადგენილებით განსაზღვრულია პირგასამტეხლოს ოდენობა, რომელიც ეკისრება მზღვეველს, თუ ის დროულად არ ასრულებს დადგენილებით განსაზღვრულ ფინანსურ ვალდებულებებს;
1.1.11. აღნიშნული დადგენილების მიხედვით, პირგასამტეხლოს განაკვეთი დავალიანების ძირითადი თანხის (ნაშთის) წარმოშობის მომენტისათვის შეადგენდა დავალიანების თანხის 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე;
1.1.12. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნით დასტურდება, რომ მოპასუხის მიერ აუნაზღაურებელ ინვოისებზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 18 735 ლარი;
1.1.13. დამოუკიდებელი აუდიტის დასკვნითვე დადგენილია მიუღებელ შემოსავალზე დარიცხული საპროცენტო სარგებელიც, რომლის დაანგარიშებამაც აუნაზღაურებელი ინვოისების თანახმად შეადგინა 6 210.76 ლარი;
1.1.14. აუდიტის დასკვნით ასევე განსაზღვრულია სისხლის ექსპერეს-ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი წმინდა მოგება იმ რაიონის მოსახლეობის გათვალისწინებით, რომელსაც შპს ,,ა-----ი’’ უწევდა მომსახურებას. ამგვარი მიუღებელი მოგებიდან ზემოაღნიშნული წილობრივი მონაწილეობის შესაბამისად, უშუალოდ მოპასუხის სახელზე გაცემული ინვოისებისათვის წმინდა მოგების პროპორციამ შეადგინა 360 573.67 ლარი;
1.1.15. აუდიტის დასკვნით ასევე დაანგარიშდა გადაუდებელი დახმარების განყოფილების მოუწყობლობის გამო მიუღებელი წმინდა მოგებაც, საიდანაც უშუალოდ მოპასუხის სახელზე გაცემული ინვოისების წმინდა მოგების პროპორციამ შეადგინა 127 096.95 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი (შესაგებელი ტომი 2 ს.ფ. 13-23; ტომი 3 ს.ფ.63-77; 2018 წლის 09 ნოემბრის სხდომის ოქმი).
შესაგებლის საფუძვლები:
2.1.1. მოსარჩელის მიერ არ არის წარმოდგენილი საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1-- დადგენილებით განსაზღვრული სრული საანგარიშგებო დოკუმენტაცია;
2.1.2. მის მიერ შპს ,,ა-----ისთვის’’ თანხის გადახდა ხდებოდა მისი ქვეკონტრაქტორი კომპანიის - შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მეშვეობით;
2.1.3. მოსარჩელე ითხოვს გაწეული მომსახურების საფასურს, რომლის მოთხოვნა წარმოეშობოდა 2013 წლის თებერვლიდან აგვისტომდე ყოველ საანგარიშგებო თვეში. ბოლო საანგარიშგებო თვეს წარმოადგენს 2013 წლის აგვისტო. სარჩელი კი წარმოდგენილია 2016 წლის დეკემბრის თვეში, ხანდაზმულობის სამწლიანი ვადის გასვლის შემდეგ;
2.1.4. გარდა ხანდაზმულობისა, სარჩელი უსაფუძვლოა, ვინაიდან მითითებული ინვოისების საფუძველზე მისი კონტრაქტორი კომპანიის-შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ ჯამში გადახდილია 76 172.20 ლარი, ხოლო დარჩენილი 14 731.30 ლარი კორექტირებულია, რის გამოც მას აღარ ჰქონდა აღნიშნული თანხის გადახდის ვალდებულება;
2.1.5. ვინაიდან გასულია ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა, შესაბამისად ხანდაზმულია პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნაც და არ არსებობს მათი დაკმაყოფილების საფუძველი;
2.1.6. გარდა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობისა, მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ნაწილში ასევე არ უნდა დაკმაყოფილდეს წარმოდგენილი ე.წ. აუდიტორული დასკვნის უსაფუძვლობის გამო;
2.1.7. მოსარჩელის მიერ აპელირებულ ე.წ. აუდიტის დასკვნაში მითითებულია, რომ თანხები მითითებული პროცენტული ოდენობით უნდა გადანაწილდეს შემდეგ სამ სუბიექტზე-შპს ,,ჯ--------------–-ზე’’, სს ,,დ-------------------–-------------------------ზე’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ზე’’. შესაბამისად, გაუგებარია საიდან ითვლის მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით დასაკისრებელი თანხის ოდენობას, მაშინ როცა მის მიერვე წარმოდგენილ დასკვნაში მითითებულია, რომ მისი ინვოისები წარმოადგენს ღირებულების 8.7%-ს, შესაბამისად, მოსარჩელე ითხოვს სხვა კომპანიის ქმედების გამო მიუღებელი შემოსავლის მისთვის დაკისრებას;
2.1.8. გარდა აღნიშნულისა, მიუღებელი შემოსავალი დათვლილია 2012 წლის 01 სექტემბრიდან, მაშინ როდესაც დავალიანება სარჩელის თანახმად წარმოშობილია 2013 წლის მარტიდან. ამასთანავე, დასკვნაში მოცემული მოსახლეობის აღწერა მითითებული მონაცემებით მოცემულია 2014 წლის მდგომარეობით, შესაბამისად, გაუგებარია, საიდან ასკვნის დასკვნის ავტორი იმ მონაცემებს, რაც მოცემული აქვს დასკვნაში;
2.1.9. ანალოგიურად გაუგებარია მოსარჩელის მოთხოვნა სისხლის ანალიზატორების შეუძენლობის გამო მიუღებელი შემოსავლის ნაწილში. კერძოდ, გაუგებარია რის საფუძველზე ადგენს, რომ უდავოდ ამ ოდენობის ადამიანი მიმართავდა მას, ამასთანავე, არ არის შესწავლილი არსებობდა თუ არა აღნიშნულ რაიონში ამ სერვისის მიღების შესაძლებლობა;
2.1.10. ასევე გაუგებარია რის საფუძველზე ითხოვს მოსარჩელე მიუღებელ შემოსავალს, როდესაც მას შპს ,,ა-----მა’’ 2015 წელს დაუთმო მოთხოვნა. შესაბამისად, 2015 წლიდან შპს ,,ა-----ი’’ უკვე აღარ განიცდის ფინანსურ დანაკლისს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს ,,ა-----ი’’ საქართველოს მთავრობის №1-- დადგენილების საფუძველზე ახორციელებდა სავალდებულო სამედიცინო მომსახურების გაწევას სს ,,დ-------------------–-------------------------სა’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ დაზღვეულ პირთათვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და ხანდაზმულთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.2. შპს ,,ა-----ის’’ მიერ აღნიშნული სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების თაობაზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მიღებას და მათ ანაზღაურებას ახორციელებდა სს ,,დ-------------------–-------------------------სა’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი-შპს ,, ჯ--------------–-ი’’.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
3.1.3. 2015 წლის 24 მარტს ერთის მხრივ შპს ,,ა-----ს’’, როგორც მოთხოვნის დამთმობს, და, მეორეს მხრივ, შპს ,,ი------------------–----ის’’, როგორც მოთხოვნის მიმღებს, შორის დაიდო №2-----------1 ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის შესახებ.
აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, ვინაიდან შპს ,,ა-----ს’’ გააჩნია შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიმართ მოთხოვნის უფლება, რომელიც წარმოშობილია სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ისათვის’’ სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების და სხვა კომერციული ურთიერთობის საფუძველზე, რაზედაც არსებობს ინვოისები და სხვა ფინანსური თუ იურიდიული დოკუმენტები, ვინაიდან შპს ,,ა-----ს’’ გააჩნია ფულადი დავალიანება კომპანია ,,ი------------------–----ის’’ მიმართ, წარმოშობილი კომპანიებს შორის კომერციული და სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე, ვინაიდან შპს ,,ა-----ს’’ არ გააჩნია მატერიალური სახსრები დამოუკიდებლად აწარმოოს დებიტორული დავალიანების ამოღებისათვის საჭირო მოქმედებების დაფინანსება, მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული ხელშეკრულების პირობებზე.
ხელშეკრულების 1.1 და 1.2. პუნქტების თანახმად, მოთხოვნის დამთმობი საკუთრებაში გადასცემს უფლების მიმღებს მოვალეების მიმართ მოთხოვნის უფლებას სრულად. მოთხოვნის დამთმობი ასევე უფლების მიმღებს საკუთრებაში გადასცემს იმ ზარალის, დავალიანების ამოღებისათვის გაწეული ხარჯების და მიუღებელი შემოსავლების მოთხოვნის უფლებას, ხელშეკრულების 1.1. პუნქტით განსაზღვრული ფულადი ვალდებულების დაგროვებას და რომელიც განიცადა მოთხოვნის ფინანსური ვალდებულებების შეუსრულებლობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელშეკრულება (ტომი 1, ს.ფ. 32-34).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შპს ,,ა-----ის’’ მიერ 2013 წლის თებერვლიდან ამავე წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ანაზღაურების მიზნით, შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე წარდგენილია ჯამში 90 903.5 ლარის ანგარიშ-ფაქტურები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე წარმოდგენილ ფაქტობრივ გარემოებებში უთითებს, რომ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევის და თანხის გადაუხდელობის გამო 2013 წლის თებერვლის დავალიანებამ შეადგინა 17 310.74 ლარი, 2013 წლის მარტის დავალიანებამ-17 769.75 ლარი, 2013 წლის აპრილის დავალიანებამ-13 302.96 ლარი, 2013 წლის მაისის დავალიანებამ-12 319.02 ლარი, 2013 წლის ივნისის დავალიანებამ-11 217.80 ლარი, 2013 წლის ივლისის თვის დავალიანებამ-8 895.45 ლარი, ხოლო 2013 წლის აგვისტოს დავალიანებამ-10 087.96 ლარი. ამასთანავე, წარმოდგენილია აღნიშნულ პერიოდში შპს ,,ა-----ის’’ მიერ შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურები, რომელთა მიღებაც მათ შორის დადასტურებულია წერილობით. ამასთან, მოპასუხის მიერ სადავოდ არ არის გამხდარი შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ აღნიშნული ანგარიშ-ფაქტურების წარდგენის ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მიღება-ჩაბარების აქტები, ანგარიშ ფაქტურები (ტომი 1, ს.ფ. 50-173).
3.2.2. მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ ეკისრება 90 903.5 ლარის გადახდა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისგან 90 903.5 ლარის გადახდას. მოპასუხე მიუთითებს მისი მხრიდან ვალდებულების სრულად შესრულების ფაქტზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსიდან გამომდინარე, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას მტკიცების საგანში შემავალი ფაქტის დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია. შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვით მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
სასამართლო მიუთითებს, რომ მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო სამართალში მტკიცებულებათა სახეებად განსაზღვრულია მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტანტაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულება და ექსპერტთა დასკვნა. ამავე კოდექსის 105-ე მუხლით კი დადგენილია წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების სტანდარტი, კერძოდ, განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,,ა-----ი’’, რომლისგანაც მიიღო მოთხოვნის უფლება მოსარჩელემ, სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში სამედიცინო მომსახურებას უწევდა გარკვეული კატეგორიის პირებს და ამ მომსახურების ანაზღაურებას იგი იღებდა რამდენიმე სადაზღვევო კომპანიისგან, მათ შორის, მოპასუხე სს ,,დ-------------------–-------------------------სგან’’. ამასთან, მხარეები არ დავობენ იმ გარემოებაზე, რომ შპს ,,ა-----ის’’ მიერ მოთხოვნის წარდგენა და ანაზღაურების მიღება ხდებოდა მოპასუხის და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ შექმნილი იურიდიული პირის-შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მეშვეობით.
საქმის მასალებში წარმოდგენილია სწორედ შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ გაცემული ცხრილი, რომლის თანახმადაც, შპს ,,ა-----ისათვის’’ მის მიერ მოპასუხის ვალდებულების შესასრულებლად გადახდილი თანხის ჯამია 76 172 ლარი, ხოლო კორექტირებული თანხების საერთო ჯამი შეადგენს 14 731.30 ლარს. აღნიშნული თანხების ჯამი კი შეადგენს სწორედ იმ ოდენობას, რის დაკისრებასაც ითხოვს მოსარჩელე წარმოდგენილი სარჩელით. ამასთან, მოპასუხის განმარტებით, კორექტირებული თანხები არ ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და ამის თაობაზე ეცნობა შპს ,,ა-----ს’’. აღნიშნულ მტკიცებულებაზე და საგადასახადო დავალებებზე მითითებით მოპასუხე მიუთითებს, რომ მას სრულად შესრულებული აქვს ვალდებულება მოსარჩელის მიმართ.
სასამართლო ფაქტის დადგენის მიზნით ყურადღებას ამახვილებს მასზედ, რომ მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია შპს ,,ა-----ისთვის’’ აღნიშნული თანხების ჩარიცხვის ფაქტი, თუმცა მიუთითებს, რომ გადახდები შესრულებულია ერთობლივად, შესაბამისად, მათთვის უცნობი იყო რომელი ანგარიშ-ფაქტურების ანაზღაურება განახორციელა ამ თანხებით შპს ,,ჯ--------------–-მა’’. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სადავო არ გამხდარა აღნიშნული თანხების მიღება, ამასთანავე, მას როგორც თანხის მიმღებ პირს, არ განუხორციელებია იმის მტკიცება, რომ არა ამ კონკრეტული ანგარიშ-ფაქტურების, არამედ სხვა ვალდებულების შესასრულებლად იქნა თანხა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ ჩარიცხული. სწორედ აღნიშნული განაპირობებს მოპასუხის პოზიციის სარწმუნოობას იმასთან მიმართებით, რომ თანხის ჩარიცხვა შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ ხდებოდა წინასწარ და შემდეგ ხდებოდა გაწეული მომსახურების ღირებულებების გამოკლება აღნიშნული თანხებიდან, იმ პირობებში როდესაც მოსარჩელე არ უარყოფს და საგადახდო დავალებებით დასტურდება მის ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა სადავო პერიოდში შპს ,,ჯ--------------–-ისგან’’, მოსარჩელის მტკიცების ფარგლებს მოიცავს სწორედ იმის მითითება, რომ არა ამ კონკრეტული, არამედ სხვა ვალდებულების ანაზღაურების მიზნით მიიღო მან თანხები.
ამასთანავე, სასამართლო შესაბამისი მტკიცებულების არ არსებობის გამო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ კორექტირებული თანხები ასევე ექვემდებარებოდა ანაზღაურებას და კორექტირება შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ არ განხორციელებულა დადგენილი წესის თანახმად. აღნიშნულის გარემოების, ანუ მოპასუხის მხრიდან ვალდებულების შესრულების საფუძვლის მითითების და მისი დადასტურების მტკიცების ტვირთი სამოქალაქო კანონმდებლობიდან გამომდინარე ევალება სწორედ მოსარჩელეს, რაც მის მიერ სათანადო ფორმით არ განხორციელებულა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმოდგენილი მტკიცებულებების ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ შპს ,,ა-----ის’’ მიერ შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ წარდგენილი მოთხოვნიდან 2013 წლის თებერვლიდან ამავე წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელისთვის ანაზღაურებული თანხის ჯამია 76 172 ლარი, ხოლო კორექტირებული თანხების საერთო ჯამი შეადგენს 14 731.30 ლარს.
შესაბამისად, წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ არ ეკისრება 90 903.5 ლარის გადახდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თანხის ჩარიცხვის ცხრილი (ტომი 3, ს.ფ. 89-92; ს.ფ. 100-109)
- საგადახდო დავალებები (ტომი 2, ს.ფ. 287-292)
3.2.3. მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია.
განსახილველ შემთხვევაში მოპასუხის მიერ სადავოდაა გამხდარი მოთხოვნის ხანდაზმულობა. მოპასუხე მხარემ წარმოდგენილ შესაგებელშიც და სასამართლოს სხდომაზე დაფიქსირებულ პოზიციაშიც მიუთითა, რომ სარჩელი ხანდაზმულია, რაც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის და მისგან ნაწარმოები მოთხოვნების - პირგასამტეხლოსა და მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისგან რაიმე მოქმედების შესრულების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა, ანუ ვადა, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც დაირღვა, აქვს შესაძლებლობა, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია. სასამართლო მიუთითებს, რომ ხანდაზმულობა სამოქალაქო სამართალში გამოხატავს იმ აზრს, რომ რომელიმე ურთიერთობას, მდგომარეობას, მოვლენას ადგილი ჰქონდა იმდენად დიდი ხნის წინ, რომ ხანგრძლივი დროის გასვლა განსაზღვრული დროით გავლენას ადენს პირთა უფლებებსა და ვალდებულებებზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით კი ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სასარჩელო ხანდაზმულობა ეს არის კანონით დადგენილი დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, რომლის უფლებაც შელახულია, შეუძლია მოითხოვოს იძულებითი აღსრულება ან უფლების დაცვა სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. სასარჩელო ხანდაზმულობა ხელს უწყობს რა სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილიზაციას, ამავდროულად ემსახურება სახელშეკრულებო დისციპლინის სიმყარეს და ეხმარება სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეებს თავიანთი უფლებებისა და ვალდებულებების აქტიურად და დროულად განხორციელებაში. სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება კი დაკავშირებულია სუბიექტურ ფაქტორთან, ანუ იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს 2013 წლის თებერვლიდან ამავე წლის აგვისტოს თვის ჩათვლით პერიოდში წარდგენილი ანგარიშ-ფაქტურებიდან. სარჩელი კი წარმოდგენილია 2016 წლის 21 დეკემბერს. მოსარჩელის განმარტებით, სარჩელი არ არის ხანდაზმული, ვინაიდან მას ჰქონდა ანალოგიური სარჩელი წარმოდგენილი თბილისის საქალაქო სასამართლოში და აღნიშნული დროიდან სასარჩელო ხანდაზმულობა ითვლება შეწყვეტილად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება, თუ უფლებამოსილი პირი შეიტანს სარჩელს მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად ან მის დასადგენად, ანდა შეეცდება დაიკმაყოფილოს მოთხოვნა სხვა საშუალებით, როგორიცაა სახელმწიფო ორგანოსათვის ან სასამართლოში განცხადებით მიმართვა მოთხოვნის არსებობის შესახებ, ანდა აღმასრულებელი მოქმედების განხორციელება.
სასამართლო მიუთითებს, რომ მითითებული მუხლი ადგენს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე საკუთარი მოთხოვნის დაცვის ნებას ავლენს და გარკვეულ ღონისძიებებს მიმართავს დარღვეული უფლების აღსადგენად. ამასთან, აღნიშნული ნორმის საფუძველზე ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. ხანდაზმულობის ვადის დენას უფლებამოსილი პირის მხოლოდ ისეთი სარჩელი (განცხადება) წყვეტს, რომელსაც სასამართლო წარმოებაში მიიღებს. სხვა სახელმწიფო ორგანოსათვის მიმართვის აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსათვის მიმართვისას აუცილებელია, რომ აღნიშნული ორგანო კომპეტენტური იყოს, ანუ სადავო-სამართლებრივი ურთიერთობის მოწესრიგება ამ ორგანოსადმი მიმართვის გზით უნდა შეიძლებოდეს, თითოეულმა მხარემ თავად უნდა შეარჩიოს საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად სწორი და ეფექტური საშუალება, ამ პირობის დარღვევით გამოწვეული შედეგები კი, თავად მხარის რისკია (იხ. სუსგ №ას-960-909-2015).
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მოსაზრება, რომლითაც გამორიცხავს მოთხოვნის ხანდაზმულობას, ემყარება მის მიერვე წარმოდგენილ მტკიცებულებას, რომლის თანახმადაც, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 21 ნოემბრის განჩინებით შპს ,,ი------------------–----ის’’ სარჩელი მოპასუხე შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიმართ ფულადი ვალდებულების შესრულების თაობაზე დარჩა განუხილველი (ტომი 3, ს.ფ. 96-97). სასამართლო მიუთითებს, რომ შპს ,,ჯ--------------–-ი’’ საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონიდან გამომდინარე წარმოადგენს სამოქალაქო ბრუნვაში მონაწილე დამოუკიდებელ სუბიექტს - დამოუკიდებელ იურიდიულ პირს. შესაბამისად, მის მიმართ მოთხოვნის წარდგენა, მიუხედავად იმისა, რომ მხარეთა განმარტებით იგი დაფუძნებულია მოპასუხის და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ ვერ განიხილება უფლებამოსილი პირის მიერ ასევე უფლებამოსილი პირისთვის წარდგენილ მოთხოვნად. შესაბამისად, შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ თუნდაც ანალოგიური სასარჩელო მოთხოვნების წარდგენა, რაც იხილება მიმდინარე დავის ფარგლებში, სამოქალაქო კოდექსის 138-ე მუხლის თანახმად არ იწვევს ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტას სს ,,ს-------–--------------------------------------ს’’ მიმართ. ზემოაღნიშნული მუხლის განმარტებიდან გამომდინარე, ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტისთვის აუცილებელია, რომ მხარის მიერ არჩეული საშუალება ვარგისი იყოს შესაბამისი შედეგის მისაღწევად. აღნიშნული ასევე გულისხმობს ხანდაზმულობის ვადის გასვლამდე უფლების დაცვის მცდელობას უშუალოდ იმ პირის მიმართ, რომელიც წარმოადგენს სასარჩელო მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირს.
სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მუხლის განმარტებიდან გამომდინარე იმის დაშვება, რომ თუნდაც ერთი სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე ერთი იურიდიული პირის მიმართ წარდგენილი მოთხოვნა შეიძლება ხანდაზმულობის შეწყვეტის საფუძველი გახდეს სხვა იურიდიული პირის მიმართ, საერთოდ აზრს უკარგავს ხანდაზმულობის ინსტიტუტსა და ეწინააღმდეგება კანონმდებლის მიზანს. ვინაიდან ხანდაზმულობის კონკრეტული ვადების დადგენით უფლებამოსილი პირის მიერ უფლების განხორციელების ვადა ჩარჩოშია მოქცეული კანონმდებლის მიერ და მის შეწყვეტასა და შეჩერებას მხოლოდ კანონითვე ზუსტად განსაზღვრული შემთხვევები განაპირობებს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია.
3.2.4. მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ არ ეკისრება მოთხოვნილი პირგასამტეხლოს და მიუღებელი შემოსავლის გადახდა.
წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია როგორც სარჩელის წარმოდგენისას დაანგარიშებული პირგასამტეხლოს დაკისრება, ასევე მისი დაკისრება გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1-- დადგენილების მე-2 მუხლის ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად, მიმწოდებელი უფლებამოსილია დაზღვეულთათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის დარღვევის შემთხვევაში, მზღვეველს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა 2014 წლის 8 აგვისტომდე პერიოდზე ასანაზღაურებელი თანხის 0.1%-ის ოდენობით, ხოლო 2014 წლის 8 აგვისტოდან შემდგომ პერიოდზე - ასანაზღაურებელი თანხის 0.02%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. პირგასამტეხლოს გადახდა მზღვეველს არ ათავისუფლებს წარმოშობილი დავალიანების ძირითადი თანხის დაფარვის ვალდებულებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015).
შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. ამასთანავე, პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას.
აღნიშნული განმარტებიდან გამომდინარე, პირგასამტეხლოს დაკისრებისათვის აუცილებელია ფიქსირდებოდეს ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რაც განსახილველ შემთხვევაში არ დასტურდება. გარდა ამისა, სასამართლომ სასარჩელო მოთხოვნა თანხის დაკისრების თაობაზე მიიჩნია ხანდაზმულად. სამოქალაქო კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. შესაბამისად, დამატებითი მოთხოვნა წარმოადგენს მთავარ/ძირითად მოთხოვნასთან ისე დაკავშირებულ მოთხოვნას, რომლის ხანდაზმულობის ვადაც ავტომატურად გასულად ითვლება მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად მაშინაც კი, როდესაც ამ დამატებით მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა. მართალია სამოქალაქო კანონმდებლობა არ განმარტავს დამატებით მოთხოვნის დეფინიციას, მაგრამ სასამართლო პრაქტიკით დამატებითი მოთხოვნები გაიგივებულია აქცესორულ უფლებებთან (იხ. სუსგ №858-822-2014). შესაბამისად, მოვალის მხრიდან ვალდებულების დარღვეულად მიჩნევის შემთხვევაშიც კი, ძირითადი მოთხოვნის ხანდაზმულობა განაპირობებს პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასაც და გამორიცხავს მოპასუხისათვის მის დაკისრებას.
მოსარჩელე ასევე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მოპასუხისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილი ცენტრალური და უზოგადესი ნორმაა, რომელიც განამტკიცებს ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპს და კრედიტორს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას ანიჭებს. აღნიშნული მუხლის გამოყენების წინაპირობებია მართლწინააღმდეგობა, ბრალი, მიზეზობრივი კავშირი და ზიანი. ზიანის ოდენობის განსაზღვრისას კი მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ (სსკ-ს 408-ე მუხლი). ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი და არაპირდაპირი ზიანი. პირდაპირ ზიანს მიეკუთვნება როგორც დადებითი ზიანი, ისე მიუღებელი შემოსავალი. არაპირდაპირი ზიანი, ისეთი ზიანია, რომელიც გონივრულობის ცნებიდან გამომდინარე, ვერ იქნებოდა სავარაუდო საერთოდ მოვალისთვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სასამართლო მიუთითებს, რომ მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ზემოაღნიშნული ნორმის თანახმად, სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება. ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (lucrum cessans). მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს „წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს’’ (pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს (იხ. სუსგ №ას-459-438-2015).
შესაბამისად, ისევე როგორც პირგასამტეხლოს, მიუღებელი შემოსავლის დაკისრების უმთავრესი წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევის ფაქტი, რაც თავისთავად გამორიცხავს ვალდებულების დარღვევის შედეგად წარმოშობილი და მხოლოდ მისგან ნაწარმოები მოთხოვნის - მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას მოპასუხისთვის.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტების და საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე, 417-ე, 418-ე, 394-ე, 408-ე, 09-ე, 411-ე, 412-ე მუხლები
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1-- დადგენილება
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 14 მაისის №1---ე დადგენილების პირველი მუხლით განსაზღვრულია, რომ სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვევო მომსახურების მიწოდების წესები (შემდგომში – წესები) არეგულირებს სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ შესაბამის ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის წარმოშობილ ურთიერთობებს და ამ პროგრამების ფარგლებში მიწოდებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების სტანდარტებს, მათ შორის: ა) საბიუჯეტო სახსრებით მოსახლეობის შესაბამისი მიზნობრივი ჯგუფისათვის დაფინანსებული სამედიცინო, ფარმაცევტული და სადაზღვევო მომსახურების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის სამართლებრივ ურთიერთობებს და აუცილებელ სახელშეკრულებო პირობებს; ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების, ამბულატორიული, სტაციონარული და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, მედიკამენტების მიწოდებასთან, დაფინანსებასთან, მომსახურების სტანდარტებთან, ანგარიშგებასთან, ანაზღაურებასა და წარმოშობილი დავების განხილვასთან დაკავშირებულ საკითხებს; გ) სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სუბიექტების საქმიანობის გამჭვირვალობასთან, ასევე კონკურენციის შეზღუდვის დაუშვებლობასთან დაკავშირებულ საკითხებს და დ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა საკითხებს.
ამავე დადგენილების მეორე მუხლის თანახმად, ამ წესებით რეგულირდება სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამებში მონაწილე სუბიექტებს შორის ურთიერთობები, მიუხედავად იმისა, დადებულია თუ არა მათ შორის თანამშრომლობის ხელშეკრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას.
დადგენილია, რომ შპს ,,ა-----ი’’, ვისგანაც მიიღო მოსარჩელემ მოთხოვნის უფლება, საქართველოს მთავრობის №1-- დადგენილების საფუძველზე ახორციელებდა სავალდებულო სამედიცინო მომსახურების გაწევას სს ,,დ-------------------–-------------------------სა’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ დაზღვეულ პირთათვის სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის, ბავშვებისა და ხანდაზმულთა სახელმწიფო დაზღვევის პროგრამის შესაბამისად. ამასთანავე უდავოა, რომ შპს ,,ა-----ის’’ მიერ აღნიშნული სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევის ფარგლებში განხორციელებული სამედიცინო მომსახურების თაობაზე შესაბამისი ანგარიშ-ფაქტურების მიღებას და მათ ანაზღაურებას ახორციელებდა სს ,,დ-------------------–-------------------------სა’’ და სს ,,ს--------------------------------------–-----ის’’ მიერ დაფუძნებული იურიდიული პირი - შპს ,, ჯ--------------–-ი’’.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებისა და საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების გამოკვლევის შედეგად დადგენილად მიიჩნია, რომ შპს ,,ა-----ის’’ მიერ 2013 წლის თებერვლიდან ამავე წლის აგვისტოს ჩათვლით პერიოდზე გაწეული სამედიცინო მომსახურების სახელმწიფო სავალდებულო დაზღვევიდან გამომდინარე მოპასუხის მიერ ანაზღაურების მიზნით, შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტების საფუძველზე წარდგენილია ჯამში 90 903.5 ლარის ანგარიშ-ფაქტურები.
დადგენილების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მზღვეველი უფლებამოსილია: ა) არ აუნაზღაუროს მიმწოდებელს სადაზღვევო შემთხვევა, თუ: ა.ა) გაწეული სამედიცინო მომსახურება არ იყო გათვალისწინებული სახელმწიფო სადაზღვევო პროგრამით, საგარანტიო წერილით, ტარიფებით, ამ წესებით ან სხვა ტიპის წინასწარი შეთანხმებით; ა.ბ) მიმწოდებელმა დაარღვია ამ წესებით გათვალისწინებული შეტყობინების ვალდებულება; ა.გ) მიმწოდებელმა გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ მზღვეველს წარუდგინა ყალბი დოკუმენტები; ა.დ) მიმწოდებელმა სადაზღვევო შემთხვევის ღირებულების უსაფუძვლოდ გაზრდის მიზნით განახორციელა შემდეგი ქმედებები: ა.დ.ა) მიმწოდებლის მიერ შემთხვევისათვის მცდარი კოდის მინიჭება ან/და დიაგნოზის დამძიმება; ა.დ.ბ) გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ სამედიცინო დაწესებულების მიერ მზღვეველისათვის არაზუსტი დოკუმენტაციის წარდგენა; ბ) საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის ინსპექტირების ნებისმიერ ეტაპზე მიმწოდებლისაგან მოითხოვოს დაზღვეულის მკურნალობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სამედიცინო და ფინანსური ინფორმაცია; გ) გეგმური ქირურგიული ოპერაციების ხარჯები აანაზღაუროს მხოლოდ მის მიერ შერჩეულ, შესაბამისად უფლებამოსილ სამედიცინო დაწესებულებებში გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით; დ) მხარეები თანხმდებიან, რომ ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის „ა.გ“ და „ა.დ“ ქვეპუნქტებით აღწერილი გარემოებები დადასტურებული უნდა იყოს მხარეთა მიერ მოწვეული ექსპერტების დასკვნით ან სამედიცინო მედიაციის სამსახურის აქტით ან საქართველოში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
ამავე დადგენილების მე-6 მუხლით განსაზღვრულია სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელსა და დამზღვევს შორის ანგარიშგება და ანგარიშსწორების პირობები. აღნიშნული მუხლის მეოთხე პუნქტით განსაზღვრულია, რომ მიმწოდებლის მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიწოდების დროს მხარეთა შორის ფორმდება შესაბამისი წერილობითი ან ელექტრონული მიღება - ჩაბარების აქტი, რაც ადასტურებს იმას, რომ მიმწოდებელმა მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა ჩაიბარა იგი. მიღება - ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ მზღვეველი აგებს პასუხს ჩაბარებული დოკუმენტაციის დაკარგვისათვის ან შემთხვევითი განადგურებისათვის. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი, მზღვეველი ვალდებულია საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღის განმავლობაში განახორციელოს საანგარიშგებო დოკუმენტაციის ინსპექტირება და მიმწოდებელთან წერილობით ან ელექტრონულად გააფორმოს ურთიერთშედარების აქტი, რომელსაც თან ერთვის რეესტრი შემთხვევების მიხედვით. რეესტრი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას თითოეული შემთხვევ ის თაობაზე აღიარებული და კორექტირებული თანხების შესახებ. მზღვეველმა ურთიერთშეთანხმების აქტის საფუძველზე აღიარებული თანხის გადარიცხვა უნდა მოახდინოს არა უგვიანეს ამ პერიოდის დამთავრებიდან 4 (ოთხი ) სამუშაო დღის ვადაში.
განსახილველ შემთხვევაში ასევე დადგენილია, რომ შპს ,,ა-----ის’’ მიერ შპს ,,ჯ--------------–-ისთვის’’ წარდგენილი მოთხოვნიდან 2013 წლის თებერვლიდან ამავე წლის ივლისის თვის ჩათვლით პერიოდში შპს ,,ჯ--------------–-ის’’ მიერ სს ,,დ-------------------–-------------------------ს’’ ვალდებულების შესასრულებლად მოსარჩელისთვის ანაზღაურებული თანხის ჯამია 76 172 ლარი, ხოლო კორექტირებული თანხების საერთო ჯამი -14 731.30 ლარი. საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ თანხების კორექტირებისას და ანაზღაურებაზე უარის თქმისას დადგენილებით განსაზღვრული წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა.
შესაბამისად, არ არსებობს 90 903.5 ლარის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელშეკრულებო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის მიხედვით, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.
ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებულია კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყება იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე.
ამავე კოდექსის 145-ე მუხლის თანახმად კი, მთავარი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლასთან ერთად ხანდაზმულობის ვადა გასულად ითვლება დამატებითი მოთხოვნებისთვისაც მაშინაც კი, როცა ამ მოთხოვნათა ხანდაზმულობის ვადა ჯერ არ გასულა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ ხანდაზმულად მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე, შესაბამისად, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, ვინაიდან მოპასუხე სადავოდ ხდის ხანდაზმულობის საკითხს, არ არსებობს თანხის დაკისრების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამოც.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ პირგასამტეხლოს, ისევე როგორც ზიანის ანაზღაურების დაკისრების წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით არ დადასტურდა მოპასუხის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა, რაც თავისთავად გამორიცხავს პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების თაობაზე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
გარდა ამისა, მოპასუხის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის დაუდასტურებლობის შემთხვევაშიც კი, აღნიშნულ მოთხოვნათა დაკმაყოფილება გამორიცხულია ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილებისათვის დადგენილი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი აქვს 5 005 ლარი (ტომი 1, ს.ფ. 13; ტომი 2, ს.ფ.105). შესაბამისად, მას უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან ზედმეტად გადახდილი 5 ლარი საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლისა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. შპს "ი------------------–----ის" სარჩელი მოპასუხე სს "დ-------------------–-------------------------ს" მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე შპს "ი------------------–----ს" დაუბრუნდეს კ-----------------------–--ის მიერ 20/12/2016 წელს სარჩელზე №5123722324 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 5 ლარი, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ხაზინის ერთიანი ანგარიში, ბანკის კოდი TRESGE22, სახაზინო კოდი 300 773 150. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი