გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
050210118002621198
საქმე №2/986-18წ.
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.10.2018 წელი ქ.ოზურგეთი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნანა ჯოხაძე
სხდომის მდივანი ლია დარჩია
მოსარჩელე: სს ,,სა-------------------------–--ა’’;
წარმომადგენელი: ალ---------ე ბრ-----ე;
მოპასუხე: ლე----------–ი;
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ლე----------–ს დაეკისროს სს ,,სა-------------------------–--ასთვის’’ მიყენებული ზიანის 16683 (თექვსმეტი ათას ექვსასოთხმოცდასამი) ლარის ანაზღაურება.
2. მოპასუხეების პოზიცია:
2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ 2015 წლის 07 სექტემბერს მოუვიდა ავარია რიკოთის გვირაბში, მთალდ მისი ბრალი არ იყო, მაგრამ ვინაიდან გამოძიებამ ის გაამტყუნა, როგორც კანონმორჩილი ადამიანი დაემორჩილა სამართალდამცველთა მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. მისთვის უცნობია თუ რა სახის გარიგება შედგა სადაზღვევო კომპანიასა და დაზიანებულ ავტომობილის მეპატრონეს შორის. ავტომობილში არავინ არ იჯდა, შეჯახება არ იყო იმდენად მძლავრი, რომ ავტომობილი დაზიანებულიყო, ისე რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო. მოსარჩელეს ზიანის ანაზღაურებაზე წერილობითი ფორმით არასდროს არ მოუმართავს. სარჩელი წარმოდგენილია ავტოსაგზაო შემთხვევიდან სამი წლის გასვლის შემდეგ, ესე იგი გასულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეთა მიერ სადავოდაა გამხდარი.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2015 წლის 14 იანვარს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და სა-------------------------–--ას შორის გამარტივებული ელ. ტენდერის SPA140031013 საფუძველზე გაფორმდა ხელშეკრულება გ.ე.ტ.#1/15 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც ალფა ახორციელებდა სამინისტროს ბალანსზე რიცხულ ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევას, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
დაზღვევის ხელშეკრულების ჯამურმა ღირებულებამ შეადგინა 29439 ლარი. მომსახურების ღირებულება უნდა განხორციელებულიყო 2015 წლის 14 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ხელშეკრულება ძალაში შევიდა ხელშეკრულების გაფორმების თარიღიდან და მოქმედებდა 2016 წლის 02 თებერვლის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გ.ე.ტ.#1/15 ხელშეკრულება (დაზღვევის ხელშეკრულება (იხ. ს.ფ 18-33).
- სადაზღვევო პოლისი (იხ. ს.ფ 34).
3.2.2. 2015 წლის 07 სექტემბერს, რიკოთის უღელტეხილზე, გვირაბში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სრულად დაზიანდა ალფაში სამინისტროდან დაზღვეული ავტოსატრანსპორტო საშუალება სამარკო ნიშნით "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, რომელსაც შეეჯახა ავტომანქანა სამარკო ნიშნით "Mazda", სახ. ნომრით: GF-055-FG.
ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულ იქნა "Mazda" მძღოლის ლე----------–ის ბრალეული ქმედების შედეგად. კერძოდ, ლე----------–ი, მართავდა რა თავის კუთვნილ "Mazda" მარკის ავტომანქანას, სახ. ნომრით: GGF-055-FG, რიკოთის უღელტეხილზე, გვირაბში შეეჯახა სამინისტროს კუთვნილ ავტომანქანას "Hyundai Elantra".
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარიმო ქვითარი, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის სქემა (იხ. ს.ფ 35-42).
- სადაზღვევო შემთხვევის შეტყობინების განაცხადი (იხ. ს.ფ 43).
3.2.3. საჯარიმო ქვითრის (ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის) თანახმად, ლე----------–ის მიერ დარღვეული იქნა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125–ე მუხლის მე–10 ნაწილი, რის საფუძველზეც მას შეეფარდა ჯარიმა 250 ლარის ოდენობით. ლე----------–ის მიერ არ მომხდარა ჯარიმის ქვითრის გასაჩივრება. ჯარიმის თანხის გადახდევინება განახორციელდა სააღსრულებოს მიერ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საჯარიმო ქვითარი (იხ. ს.ფ 35).
- ამონაბეჭდი პოლიციის ვებ. გვერდიდან (იხ. ს.ფ 44).
- შსს–ს წერილი №MIA81602811275 (იხ. ს.ფ 45).
3.1.4. 2015 წლის 02 ოქტომბრის ჰიუნდაი ავტო საქართველოს №0210–021 წერილობითი დასკვნის თანახმად, "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, არ ექვემდებარება აღდგენას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 02 ოქტომბრის ჰიუნდაი ავტო საქართველოს №0210–021 წერილობითი დასკვნა (იხ. ს.ფ 46).
3.1.5. 2015 წლის 09 სექტემბრის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს #01/3131 წერილის თანახმად, შპს ,,სა-------------------------–--ას’’ ეცნობა, რომ ავტოსატრანსპორტო შემთხვევის დროს დაზიანდა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომანქანა "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, რომელიც 2015 წლის 14 იანვრის გ.ე.ტ.#1/15 ხელშეკრულების პირობების თანახმად დაზღვეულია. გთხოვთ აანაზღაუროთ ავტომანქანაზე მიყენებული ზარალი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 09 სექტემბრის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს #01/3131 წერილი (იხ. ს.ფ 51).
3.2.6. 2015 წლის 21 დეკემბრის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს #01/4377 წერილის თანახმად, შპს ,,სა-------------------------–--ას’’ ეცნობა, 2015 წლის 14 იანვარს გაფორმებულია გ.ე.ტ.#1/15 ხელშეკრულება, სამინისტროს ბალანსზე რიცხული ავტომობილების დაზღვევის თაობაზე. ავტომანქანა "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა. ,,ჰიუნდაი ავტო საქართველოს’’ დასკვნის საფუძველზე იგი აღარ ექვემდებარება აღდგენას, არის ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.8 პუნქტის თანახმად, ავტოსატრანსპორტო საშუალების სრული განადგურების (70%-ზე მეტი) შემთხვევაში სადაზღვევო კომპანია ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ზარალი. გთხოვთ, სამინისტროსთვის მიყენებული ზარალის დაფარვა მოხდეს დაზღვეული ავტოტრანსპორტის საბალანსო ღირებულების ანაზღაურებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2015 წლის 21 დეკემბრის საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს #01/4377 წერილი (იხ. ს.ფ 52-53).
3.2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2016 წლის 08 თებერვლის სასაქონლო ექსპერტიზის #000628216 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი 2013 წელს დამზადებული მსუბუქი ავტომობილი "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, საბაზრო ღირებულება არსებულ მდგომარეობაში, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დღევანდელი თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, შეადგენს 5000 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის #000628216 დასკვნა (იხ. ს.ფ 55-61).
3.2.8. 2016 წლის 27 ივლისის ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ავტომობილი "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, გაიყიდა 5000 ლარად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ნასყიდობის ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი (იხ. ს.ფ 62-64).
3.2.9. სადაზღვევო ხელშეკრულების თანახმად, სს ,,სა-------------------------–--ას’’ მიერ განხორციელდა სრული სადაზღვევო თანხის 21312 ლარის და ევაკუატორის/საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯის 371 ლარის ანაზღაურება. აღნიშნული თანხები ალფას მიერ, დამზღვევის მოთხოვნის შესაბამისად გადაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში 2016 წლის 18 იანვარს (21170.26 ლარი), 2016 წლის 28 აპრილს (141.74 ლარი) და ევაკუაციის/საჯარიმოზე დგომის ღირებულება (371 ლარი) გადაირიცხა შპს ,,გორი სიტი’’ 2015 წლის 01 ოქტომბერს. სადაზღვევო შემთხვევაზე გაცემულმა ჯამური სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობამ შეადგინა 21683 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ზარალის ანაზღაურების აქტი #ACCAS-000920; საგადასახადო დავალებები. შპს ,,გორი სიტის’’ ინვოისი (იხ. ს.ფ 47-50;54).
3.2.10. სასამართლო განმარტავს, რომ ფაქტობრივი გარემოებების არსებობა ან არარსებობა უნდა დადასტურდეს კონკრეტული მტკიცებულებებით. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს.
სადაო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე დავობს, რომ ავტომობილი არ იყო ისე დაზიანებული რომ მისი აღდგენა შეუძლებელი ყოფილიყო.
მტკიცების ტვირთი, ორივე მხარეს ეკისრება თანაბრად. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენა შეუძლებელი იყო. ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ უნდა გააბათილოს მოსარჩელის მიერ წარომდგენილი არგუმენტები და დაამტკიცოს, რომ ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელი იყო. ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს.
მოსარჩელემ წარმოადგინა 2015 წლის 02 ოქტომბრის ჰიუნდაი ავტო საქართველოს №0210–021 წერილობითი დასკვნა, სადაც მითითებულია, რომ "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, არ ექვემდებარება აღდგენას.
მოპასუხემ ზეპირად განმარტა, რომ ავტომანქანის აღდგენა შესაძლებელი იყო. ზეპირი განმარტების გარდა სხვა მტკიცებულება არ აქვს. სასამართლო განმარტავს, რომ ზეპირი განმარტებაც მტკიცებულებაა. მხარეებს უფლება აქვთ ზეპირად ამტკიცონ ესა თუ ის გარემოება. ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტები მაშინ ითვლება დადგენილად და დადასტურებულად, როდესაც მხარეები ზეპირად გადმოცემულ ფაქტებს ადასტურებენ და სადაოდ არ ხდიან. თუ მხარეებისათვის ზეპირი განმარტებით გადმოცემული ფაქტი სადაოა, მაშინ ზეპირი განმარტება აღარ წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებას. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ზეპირად გაცხადებული ფაქტები დასტურდებოდეს ზეპირ განმარტებაზე უფრო მყარი მტკიცებულებით. ზეპირად ნებისმიერ პირს, ნებისმიერი ფაქტის გადმოცემა შეუძლია, მაგრამ მთავარი ის კი არაა მან რა თქვა, მთავარია რამდენად სარწმუნოა მისი განმარტება. ამიტომ თითოეული ზეპირი განმარტება უნდა მტკიცდებოდეს სხვა უფრო მყარი მტკიცებულებით, რაც მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ არის წარმოდეგნილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებებისა მოსმენის, ასევე სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუციის 42-ე, 85-ე მუხლები;
- ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 992-ე, 799-ე, 832-ე მუხლები;
- ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. აღნიშნული გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლების რეალიზაცია დისპოზიციურობის პრინციპის გამოვლინებაა, რაც მხარეებს ანიჭებს უფლებას თავისუფლად განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს... (სსს კოდექსის მე-3 მუხლი). გარდა ამისა, სარჩელის უფლებაში გაერთიანებულია ორი უფლება: 1. სარჩელისა აღძვრის უფლება და 2. სარჩელის დაკმაყოფილების უფლება. სარჩელში სასარჩელო მოთხოვნა უნდა იყოს დასაბუთებული, როგორც მატერიალურ-სამართლებრივი, ისე საპროცესო-სამართლებრივი ნორმების შესაბამისად, რაც წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების წინაპირობას. სარჩელის დასაბუთება, მისი, დაკმაყოფილება, ნაწილობრივ დაკმაყოფილება ან არ დაკმაყოფილება უშუალოდ დაკავშირებულია სამართალწარმოების ისეთ ფუნდამენტურ პრინციპთან, როგორცაა შეჯიბრობითობა და თანასწორობა, რაც განმტკიცებულია საქართველოს კონსტიტუციის 85-ე მუხლის მე-3 პუნქტით, რომლის თანახმად, სამართალწარმოება ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე.
6.2. საქართველოს სსკ-ის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმა ადგენს იმ ურთიერთობათა სახეებს, რომელთა საფუძველზეც შესაძლოა წარმოიშვას მოპასუხის ვალდებულება. სწორედ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი იძლევა საშუალებას, რომ მხარეთა შორის დავის განხილვისას სასამართლომ დაადგინოს თუ რა მოთხოვნა გააჩნია მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ და რომელი ფაქტობრივი გარემოების საფუძველზე. ამ კუთხით, ყურადსაღებია საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტება, რომლის თანახმად, ,,სასამართლომ მხარის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში უნდა მოძებნოს სამართლებრივი ნორმა, რომელიც იმ შედეგს ითვალისწინებს, რომლის მიღწევაც მხარეს სურს. მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად განხილული ნორმა შეიცავს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც სასამართლოს ვალდებულებაა და რომელიც უნდა განხორციელდეს ლოგიკური მეთოდების გამოყენებით, ანუ სასამართლომ უნდა დაადგინოს ამა თუ იმ ნორმაში მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა რამდენად შეესაბამება კონკრეტულ სიტუაციას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. ის მხარე, რომელსაც აქვს მოთხოვნა მეორე მხარისადმი, სულ მცირე, უნდა უთითებდეს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა გვთავაზობს’’ (იხ. საქმე №ას-1158-1104-2014, 06 მაისი, 2015 წელი).
6.3. იმისათვის, რომ მოსარჩელეს გააჩნდეს მოთხოვნის უფლება, საჭიროა ის ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდე კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სხვისი ქონების დაზიანება, ვალდებულების წარმოშობის ერთერთი საფუძველია. ამიტომაც მხარეთა ურთიერთობა წარმოადგენს დელიქტის საფუძველზე წარმოშობილ ვალდებულებას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
მოცემულ შემთხვევაში, იმისათვის, რომ ლე----------–ს დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, საჭიროა ერთდროულად არსებობდეს რამდენიმე პირობა. კერძოდ: ლე----------–ის ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო. მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.- მართლსაწინააღმდეგო ქმედებას უნდა მოჰყვეს ზიანი. ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი.
6.4. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად. მართლსაწინააღმდეგო ქმედება იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.
,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონი განსაზღვრავს საქართველოს ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის ორგანიზებისა და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სამართლებრივ საფუძვლებს, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოების უფლება-მოვალეობებს, საგზაო მოძრაობის წესებსა და პირობებს, საგზაო ნიშნებსა და საგზაო მონიშვნებს, საგზაო მოძრაობის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებისა და სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ზოგად მოთხოვნებს.
საქმეში არსებული მასალების თანახმად, დადგენილია, რომ ლე----------–ი არ დაემორჩილა ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრულ მოძრაობის წესებს, რასაც მოჰყვა ავტო საგზაო შემთხვევა. მისი ქმედება შეფასებული იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევად. შესაბამისად მისი ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედებას. მან არ უზრუნველყო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დაცვა, რასაც შედეგად მოჰყვა ავტო-საგზაო შემთხვევა. მოძრაობის უსაფრთხოების წესების უგულებელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა და იგი ეწინააღმდეგება ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
6.5. დელიქტური ვალდებულების ერთერთი წინაპირობაა ის, რომ მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.
ლე----------–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა, საპატრულო პოლიციის მიერ შეფასებულია მართლსაწინააღმდეგო ქმედებად. მოძრაობის წესების დარღვევა განზრახი მართლსაწინააღმდეგო ქმედებაა. შესაბამისად ლე----------–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობა წარმოადგენს განზრახ მართლსაწინააღმდეგო ქმედებას.
6.6. დელიქტური ვალდებულება არარსებობს ზიანის გარეშე. სასამართლო მიიჩნევს, რომDდელიქტური ვალდებულების არსებობისას, ზიანის არსებობა გამოიანგარიშება მართლსაწინააღმდეგო ქმედების დროს დაზიანებული სიკეთის ხელყოფის ხარისხით და ხელყოფის აღმოფხვრისათვის გაწეული მატერიალური რესურსის დანაკარგებით. დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სამარკო ნიშნით "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, ლე----------–ის მიერ ,,საგზაო მოძრაობის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების დაუცველობის შედეგად დაზიანდა.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ერთერთი პირობაა მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მხოლოდ განზრახი მათლწინააღმდეგო ქმედების და ზიანის არსებობა არაა საკმარისი დელიქტური ვალდებულებისათვის. სამართალდარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, სავალდებულოა მართლსაწინააღმდეგო ქმედება დროში წინ უსწრებდეს დამდგარ ზიანს და მხოლოდ ეს ქმედება განსაზღვრავდეს და იწვევდეს ზიანის შედეგის დადგომას (მიზეზობრივი კავშირი).
დადგენილია, რომ ავტოსატრანსპორტო საშუალება სამარკო ნიშნით "Hyundai Elantra" სახ. ნომრით KCK-911, დაზიანდა ავტო-საგზაო შემთხვევის დროს. ის დაზიანდა ლე----------–ის მართვის ქვეშ მქონე ავტო სატრანსპორტო საშუალებასთან შეჯახებით. ავტომანქანის დაზიანებას წინ უსწრებდა ლე----------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედება. კერძოდ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რასაც შედეგად მოჰყვა ავარია, რამაც დააზიანა დაზღვეული ავტომანქანა. ლე----------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. შესაბამისად, ლე----------–ი ვალდებულია აანაზღაუროს მისი მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი.
6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 799-ე მუხლის პირველი ნაწილით დაზღვევის ხელშეკრულებით მზღვეველი მოვალეა აუნაზღაუროს დამზღვევს სადაზღვევო შემთხვევის დადგომით მიყენებული ზიანი ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. მყარად დადგენილი სადაზღვევო თანხით. დაზღვევისას მზღვეველი მოვალეა გადაიხადოს სადაზღვევო თანხა ან შეასრულოს სხვა შეპირებული მოქმედება.
6.9. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
6.10. საქაქრთველოს სამოქალაქო კოდექსის 832-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ დამზღვევს შეუძლია ზიანის ანაზღაურების თაობაზე მოთხოვნა წაუყენოს მესამე პირს, მაშინ ეს მოთხოვნა გადადის მზღვეველზე, თუკი ის უნაზღაურებს დამზღვევს ზიანს. თუ დამზღვევი უარს იტყვის მესამე პირის მიმართ თავის მოთხოვნაზე ან მისი მოთხოვნის უზრუნველყოფის უფლებაზე, მაშინ მზღვეველი თავისუფლდება ზიანის იმ ოდენობით ანაზღაურების მოვალეობისაგან, რამდენიც მას შეეძლო მიეღო თავისი ხარჯების ასანაზღაურებლად უფლების განხორციელებასთან ან მოთხოვნის წაყენებასთან დაკავშირებით.
აღნიშნული მუხლი განსაზღვრავს სადაზღვევო ურთიერთობებში დამკვიდრებული მესამე პირის მიმართ არსებული მოთხოვნის უფლების მზღვეველზე გადასვლის მექანიზმს (სუბროგაციის პრინციპი). საქართველოს უზენაესი სასამართლო 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებაში განმარტავს სუბროგაციის დოქტრინის სამართლებრივ ფუნქციას სადაზღვევო ურთიერთობის და დელიქტური ვალდებულებების ჭრილში, კერძოდ, „.... აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულია შესაძლებლობა, რა დროსაც მზღვეველზე გადადის იმ მოთხოვნის უფლება, რაც გააჩნია დამზღვევს ზიანის მიყენებაზე პასუხისმგებელი პირის მიმართ და ამ უფლების გადასვლა ხორციელდება მზღვეველის მიერ გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში. მოთხოვნის უფლების ასეთი გადასვლა ცნობილია „სუბროგაციის“ პრინციპის სახით. ეს პრინციპი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როდესაც ერთი მხარე იკავებს სხვა პირის ადგილს ისე, რომ მას შეუძლია თავის სასარგებლოდ განახორციელოს ამ უკანასკნელის უფლებები მესამე პირის მიმართ. სუბროგაციის მეშვეობით დამზღვევის ნაცვლად მზღვეველს წარმოეშობა უფლება, გაცემული სადაზღვევო საზღაურის ფარგლებში, დამზღვევის ქონებრივი ინტერესის ხელმყოფისაგან მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება. სუბროგაციის დროს დამზღვევის, როგორც დაზარალებულის, ე.ი. როგორც კონკრეტული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის კრედიტორის ადგილს იკავებს სადაზღვევო კომპანია (მზღვეველი). ასეთ შემთხვევაში ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი და ხასიათი არ იცვლება, მაგრამ იცვლება ამ ურთიერთობის კრედიტორი. ამ დროს ახალი მოთხოვნა კი არ წარმოიშობა, არამედ იცვლება მხოლოდ კრედიტორი, კერძოდ, დაზარალებული დამზღვევი იცვლება სადაზღვევო კომპანიით (მზღვეველით).....“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საქმე №ას-380-364-2016).
ამდენად, სასამართლომ დაადგინა, რომ ლე----------–ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგი - ზიანი, მოსარჩელემ, როგორც მზღვეველმა აანაზღაურა. ის იჭერს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების მქონე სუბიექტის ადგილს. შესაბამისად, მისი მოთხოვნა - დაზღვეული ავტომანქანის ხარჯის ანაზღაურების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
ვინაიდან სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხე ლე----------–ის სს ,,სა-------------------------–--ას“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 550.49 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სსსკ-ის 1991-ე მუხლის მიხედვის სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2018 წლის 07 სექტემბრის განჩინებით სს ,,სა-------------------------–--ას“ შუამდგომლობა დაკმაყოფილდა. სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, ლე----------–ს აეკრძალა მის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - მდებარე ქ. ოზურგეთი შემოქმედელის ქ. №84 ს.კ. 26.26.07.244 გასხვისება.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს ,,სადაზღვეო კომპანია ალფას“ სარჩელი ლე----------–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ დაკმაყოფილდეს.
2. ლე----------–ს სს ,,სადაზღვეო კომპანია ალფას’’ სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის 16 683 (თექვსმეტი ათას ექვსას ოთხმოცდასამი) ლარის გადახდა;
3. მოპასუხე ლე----------–ს დაეკისროს სს ,,სადაზღვეო კომპანია ალფას“ სასარგებლოდ მის მიერ წინასწარ გადახდილი სარცელის უზრუნველყოფის ღონისძიებაზე და სარჩელზე გადახდილი ბაჟის თანხის 550.49 ლარის ანაზღაურება.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), გადაწყვეტილების მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 დღის ვადაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს (მისამართი: ოზურგეთი, სიორიძის ქ. №14) მეშვეობით;
მოსამართლე: ნანა ჯოხაძე