გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5421-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
27 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე თამარ ოქროპირიძე
სხდომის მდივანი სალომე ზაქაშვილი
მოსარჩელე - მ---–---- ს-----ე
წარმომადგენელი - ნ--- ფ--------–---–ი
მოპასუხე - საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახური
წარმომადგენელი - გ---–- მ---–------ი
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0-----–------- გადაწყვეტილება;
1.2. დაევალოს მოპასუხეს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ისთვის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ.
2. მოპასუხის პოზიცია:
2.1. მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - სპეციალური პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ის უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მოპასუხის მოსაზრებით, სადავო აქტი არ ეწინააღმდეგება კანონს და არ არის დარღვეული მისი მომზადების ან გამოცემისთვის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. იგი გამოცემულია კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ახალი აქტის გამოცემის საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის N1------ განაჩენით მ---–---- ს-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული მისთვის ინკრიმინირებულ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებაში.
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ---–---- ს-----ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 (ოცდაოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 02 ივნისიდან.
მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა. მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი "MERCEDES BENZ C 180" მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით D-------
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის N1------ განაჩენი (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 58-98);
3.1.2. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ივნისის N1---------- განაჩენით მ---–---- იაკობის ძე ს-----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 262-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებითა და ამავე კოდექსის 260-ე მუხლის მეორე ნაწილის "ა" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა:
საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 16 (თექვსმეტი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 08 (რვა) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დანიშნული სასჯელები შეიკრიბა და მ---–---- ს-----ეს სასჯელის საბოლოო სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 24 (ოცდაოთხი) წლის ვადით.
მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 02 ივნისიდან.
მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - დაპატიმრება გაუქმდა. მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის საფუძველზე დამატებითი სასჯელის სახით დაენიშნა ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი "MERCEDES BENZ C 180" მარკის ავტომანქანა სახ. ნომრით D-------
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 03 ივნისის N1---------- განაჩენით (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 103-158);
3.1.3. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 07 აგვისტოს N1----------- წელი განჩინებით მ---–---- ს-----ის შუამდგომლობა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2012 წლის 08 ოქტომბრის N2------ განჩინებით მ---–---- ს-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 07 აგვისტოს N1----------- წელი განჩინება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის N1------------ წელი განჩინებით მ---–---- ს-----ის შუამდგომლობა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 03 ივნისის განაჩენის გადასინჯვის თაობაზე ცნობილ იქნა დაუშვებლად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის N1------- განჩინებით მ---–---- ს-----ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის განჩინება.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 07 აგვისტოს N1----------- წელი განჩინება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 162-163);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2012 წლის 08 ოქტომბრის N2------ განჩინება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 164-166);
-ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2012 წლის 16 ნოემბრის N1------------ წელი განჩინება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 168-170);
- საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის საქმეთა პალატის 2012 წლის 14 დეკემბრის N1------- განჩინება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 172-175);
3.1.4. ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვლის განჩინებით 6---- მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს 2012 წლის 28 დეკემბრის "ამნისტიის შესახებ" საქართველოს კანონის მე-13 და მე-16 მუხლების თანახმად, ფოთის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 03 დეკემბრის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებისა და 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" ქვეპუნქტის საფუძველზე დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 24 (ოცდაოთხი) წლის ვადით შეუმცირდა და სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით დარჩა 12 (თორმეტი) წელი.
მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო დაკავების მომენტიდან - 2010 წლის 02 ივნისიდან.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენი დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ფოთის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 06 თებერვლის განჩინება N6---- (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი I, ნაწილი I, ს.ფ. 179-181);
3.1.5. მსჯავრდებული მ---–---- ს-----ე სასჯელის მოხდის პერიოდში წახალისებულია სამჯერ კერძოდ:
-N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის N2-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
-N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 09 ოქტომბრის N3-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
-N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 18 ნოემბრის N2-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-18);
-N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 09 ოქტომბრის N3-- ბრძანება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი II, ნაწილი I, ს.ფ. 134);
-N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 18 ნოემბრის N2-- ბრძანება (მ---–---- ს-----ის პირადი საქმე ტომი II, ნაწილი I, ს.ფ. 160);
3.1.6. 2018 წლის 04 ივლისს, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივმა საბჭომ განიხილა შუამდგომლობა და შესაბამისი მასალები მსჯავრდებულ მ---–---- იაკობის ძე ს-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე. საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, მსჯავრდებულის წახალისებულია სამჯერ, შეაფასა მისი ჩართულობა დაწესებულებაში მიმდინარე აქტივობებში, გაეცნო ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ, თუმცა საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, სახეზეა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში როგორც უკანონოდ შემოტანა ასევე საქართველოდან უკანონოდ გატანა, ამასთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით საბჭოს მიერ მიღებულ იქნა 2018 წლის 04 ივლისს №0-----–------- გადაწყვეტილება, რომლითაც მიჩნეულ იქნა, რომ შუამდგომლობა მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე მოცემულ ეტაპზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0-----–------- გადაწყვეტილება (ს.ფ.15-18);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მ---–---- ს-----ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, პატიმრობის კოდექსი, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულება''.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს 2018 წლის 04 ივლისის №0-----–------- გადაწყვეტილება შეიცავს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, რაც მისი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად მიჩნევის საფუძველს წარმოადგენს. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „პატიმრობის კოდექსისა“ და სხვა კანონქვემდებარე აქტის დებულებებთან.
6.2. სასამართლო მიუთითებს პატიმრობის კოდექსზე, რომლის მე-3 მუხლის თანახმად, ეს კოდექსი განსაზღვრავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმეზე თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი განაჩენის აღსრულების წესსა და პირობებს, ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამართლებრივი დაცვის გარანტიებს, აწესრიგებს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულების სისტემის ორგანოთა საქმიანობას, ადგენს პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებაში სახელმწიფო ორგანოთა, საზოგადოებრივ ორგანიზაციათა და მოქალაქეთა მონაწილეობის წესსა და პირობებს.
ხსენებული კოდექსის 43-ე მუხლში რეგლამენტირებულია სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის წესი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს, მის დამცველს/კანონიერ წარმომადგენელს (გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, მისი დამცველისა/კანონიერი წარმომადგენლისა) უფლება აქვს, კანონით დადგენილი წესით წარუდგინოს საბჭოს მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და შესაბამისი შუამდგომლობა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, საბჭოს განხილვა ტარდება ზეპირი მოსმენით ან/და ზეპირი მოსმენის გარეშე, ადმინისტრაციული წარმოების წესების დაცვით. ზეპირი მოსმენის გარეშე საბჭო მინისტრის მიერ დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ან საქმის ზეპირ მოსმენაზე განსახილველად დაშვების შესახებ.
პატიმრობის კოდექსის 43-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, შესაბამისი შუამდგომლობის განხილვისას საბჭო ითვალისწინებს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, მსჯავრდებულის პიროვნებას, ოჯახურ მდგომარეობას, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის ხასიათს და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს საბჭოს გადაწყვეტილებაზე, ხოლო მე-8 ნაწილის შესაბამისად, თუ საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 6 თვის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 6 თვეს ან/და თუ არსებობს რაიმე განსაკუთრებული გარემოება.
6.3. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებულ ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებაზე'', რომლის პირველი მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭო (შემდგომში–საბჭო) წარმოადგენს მუდმივმოქმედ ორგანოს, რომელიც იხილავს პატიმრობის კოდექსის მე-40, 42-ე და 43-ე მუხლებით გათვალისწინებულ საკითხებს. საბჭოს მიზანია მსჯავრდებულის რესოციალიზაციის ხელშეწყობა და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა.
მითითებული დებულების მე-6 მუხლით დადგენილია საბჭოს უფლებამოსილება და ამავე მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საბჭო უფლებამოსილია განიხილოს მსჯავრდებულის, გარდა საშიშროების მაღალი რისკის მსჯავრდებულისა, აგრეთვე მსჯავრდებულისა, რომელსაც სასჯელის სახედ შეფარდებული აქვს უვადო თავისუფლების აღკვეთა, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხი. ამავე დებულების მესამე მუხლი განსაზღვრავს ტერიტორიულ განსჯადობას, რომლის ,,გ” ქვეპუნქტის თანახმად, დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო – განიხილავს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე პენიტენციურ დაწესებულებების მიერ პატიმრობის კოდექსის 42-ე და 43-ე მუხლების შესაბამისად წარდგენილ შუამდგომლობებს მსჯავრდებულების (გარდა არასრულწლოვანი და სრულწლოვანი ქალი მსჯავრდებულებისა) სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლასთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს ჰქონდა როგორც საგნობრივი, ისე ტერიტორიული უფლებამოსილება გადაწყვეტილება მიეღო სადავო საკითხთან დაკავშირებით.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტისას იხელმძღვანელა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულების'' მე-13 მუხლით დადგენილი შეფასების კრიტერიუმების მიხედვით. კერძოდ, შეფასების კრიტერიუმებია:
ა) დანაშაულის ხასიათი – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, რა გარემოებაში და რა ვითარებაში იქნა ჩადენილი დანაშაული ასევე ჩადენილია თუ არა დანაშაული პირობითი მსჯავრის მოქმედების პერიოდში; განსახილველ შემთხვევაში, მ---–---- ს-----ე მსჯავრდებულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში როგორც უკანონოდ შემოტანის ასევე საქართველოდან უკანონოდ გატანის, ამასთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტზე.
ბ) მსჯავრდებულის ქცევა სასჯელის მოხდის პერიოდში – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს სასჯელის მოხდის პერიოდში მსჯავრდებულის მიმართ რამდენი და რა სახის დისციპლინური, ადმინისტრაციული და წამახალისებელი ღონისძიებები იქნა გამოყენებული, აგრეთვე, კონკრეტულად რა სახის ქმედების გამო იქნა ასეთი გადაწყვეტილება მიღებული; აგრეთვე ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის მიერ სასჯელის მოხდის პერიოდში თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დებულების, დაწესებულების დღის განრიგის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისა და დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის დაცვის შესახებ ინფორმაციას; მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული სასჯელის მოხდის პერიოდში დასჯილი არ ყოფილა ხოლო წახალისებულია სამჯერ კერძოდ: N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2014 წლის 30 დეკემბრის N2-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2015 წლის 09 ოქტომბრის N3-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი; N14 ნახევრად ღია და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების დირექტორის 2016 წლის 18 ნოემბრის N2-- ბრძანებით მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ეს მიეცა დამატებითი ხანგრძლივი პაემანი;
გ) მსჯავრდებულის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტები, ნასამართლობა – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს წარსულში რამდენჯერ, რა სიმძიმის და რა სახის დანაშაულის ჩადენის ფაქტს ჰქონდა ადგილი. ასევე თუ რა სახის, რა სიმძიმის დანაშაულებისთვის და რამდენჯერ იყო ნასამართლევი მსჯავრდებული; მოცემულ შემთხვევაში მსჯავრდებული მ---–---- ს-----ე წარსულში ნასამართლევი არ არის.
დ) ოჯახური პირობები – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ოჯახის წევრებთან, ჰყავს თუ არა მცირეწლოვანი შვილები, შრომისუუნარო ოჯახის სხვა წევრები, ახლო ნათესავების მატერიალური მდგომარეობა და სხვა; განსახილველ შემთხვევაში, მსჯავრდებული მ---–---- ს-----ე არის დაოჯახებული, ჰყავს ერთი მცირეწლოვანი შვილი.
ე) მსჯავრდებულის პიროვნება – აღნიშნული კრიტერიუმის შეფასებისას ყურადღება უნდა მიექცეს მსჯავრდებულის დამოკიდებულებას ჩადენილ დანაშაულთან, დაწესებულების მოსამსახურეებთან და სხვა მსჯავრდებულებთან, ინფორმაცია სასჯელის მოხდის პერიოდში სოციალურ აქტივობებში მიღებული მონაწილეობის შესახებ, საჭიროებს თუ არა განსაკუთრებულ ზედამხედველობას დაწესებულების ხელმძღვანელობის მხრიდან და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რაც პიროვნების შეფასების შესაძლებლობას იძლევა. მოცემულ შემთხვევაში, მსჯავრდებული მ---–---- ს-----ე არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. იგი მონაწილეობას ღებულობდა სასჯელის მოხდის პერიოდში მოკლევადიან საგანმანათლებლო კურსში და დაწესებულების ტერიტორიაზე მშენებარე ეკლესიის მშენებლობაზე.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. იმავე კოდექსის მე-6 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. აღნიშნული კოდექსის მე-7 მუხლის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. ამასთან, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას ადგენს კანონმდებელი. აქედან გამომდინარე, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში აუცილებელია სამართლის ნორმის შინაარსის გარკვევა. კანონის ტექსტში უშუალოდ არ არის გამოყენებული ტერმინი „დისკრეციული უფლებამოსილება“, იგი გამოიხატება სიტყვებით - ადმინისტრაციულ ორგანოს „შეუძლია“, „უფლება აქვს“ ან „უფლებამოსილია“. მთელ რიგ შემთხვევებში, ეს გამომდინარეობს ნორმის შინაარსიდან. ამის საპირისპიროდ, როდესაც კანონმდებელი უთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანო „ვალდებულია“, „უნდა განახორციელოს“, „უფლება არა აქვს“, „უნდა აიკრძალოს“ და ა.შ. ასეთ შემთხვევებში აშკარაა კანონმდებლის ნება: ადმინისტრაციულ ორგანოს არა აქვს მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება არ გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის სრული თავისუფლების მინიჭებას, იგი მას აკისრებს გარკვეულ უფლებამოსილებას, რომ საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ უწევს ანგარიშს კანონმდებლის მიერ მისთვის მინიჭებული მოქმედების თავისუფალ სივრცეს, ასეთ შემთხვევაში სახეზე გვაქვს შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და ღონისძიება არის უკანონო. შესაძლებელია სამი შემთხვევის გამოყოფა, როდესაც ასეთ შემთხვევასთან გვაქვს საქმე: ა) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას, ის უშვებს შეცდომას და მის მიერ განხორციელებული ღონისძიება ხდება უკანონო; ბ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო სცილდება მისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებს და ახორციელებს ისეთ ღონისძიებას, რომელიც კანონით არ არის გათვალისწინებული, ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება; გ) როდესაც ადმინისტრაციული ორგანო ანგარიშს არ უწევს კანონის ნორმის მიზნებს და არ იყენებს მისთვის მინიჭებულ დისკრეციულ უფლებამოსილებას იმ მიზნისათვის, რაც კანონმდებელმა მასში ჩადო. ასეთ შემთხვევაში სახეზეა შეცდომა დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებაში და, შესაბამისად, უკანონო მმართველობითი ღონისძიება.
ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმების შესაბამისად სასამართლო განმარტავს, რომ მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის საკითხის გადაწყვეტა საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება, რომელიც მას მინიჭებული აქვს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციისა მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №138 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების რაოდენობის, ტერიტორიული განსჯადობისა და ადგილობრივი საბჭოს ტიპური დებულებით''.
სასამართლოს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება მოპასუხის მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონით დადგენილ ფარგლებს გადაცილებით ან/და იმ მიზნის უგულებელყოფით, რა მიზნითაც საბჭოს მინიჭებული აქვს აღნიშნული უფლებამოსილება. საბჭოს შეფასება სრულად შეესაბამება მითითებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილ მოთხოვნებს, ვინაიდან, როგორც უკვე აღინიშნა, საბჭოს მიერ მსჯავრდებულის შეფასება ხდება ზემოხსენებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი კრიტერიუმების საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში, საკითხის განხილვისას საბჭომ გაითვალისწინა მსჯავრდებულის დამოკიდებულება თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ადმინისტრაციასთან, მსჯავრდებულის წახალისებულია სამჯერ, შეაფასა მისი ჩართულობა დაწესებულებაში მიმდინარე აქტივობებში, გაეცნო ინფორმაციას ოჯახური მდგომარეობის შესახებ, თუმცა საბჭომ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ჩადენილი დანაშაულის ხასიათსა და სიმძიმეზე, სახეზეა ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში როგორც უკანონოდ შემოტანა ასევე საქართველოდან უკანონოდ გატანა, ამასთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა. საბჭომ აღნიშნა, რომ ვინაიდან, სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრი მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვის მიზნებისთვის განსაკუთრებით უარყოფით როლს თამაშობს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმე და ხასიათი, ამ ეტაპზე ამ კრიტერიუმების თანმხლებ ნეგატიურ მოსაზრებებს ვერ გააბათილებს და ვერ გადაწონის სხვა დადებითი კონტექსტის კრიტერიუმები.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ სადავო საკითხის გადაწყვეტის დროს დაიცვა აქტის კანონიერების განმსაზღვრელი - ფორმალური და მატერიალური კანონიერება. საბჭომ კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, საჯარო და კერძო ინტერესების დაბალანსების გათვალისწინებით სწორად შეაფასა საქმეში არსებული გარემოებები და მსჯავრდებულ მ---–---- ს-----ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლა მოცემულ ეტაპზე მიზანშეუწონლად მიიჩნია.
ამდენად, წარმოდგენილი ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და შეფასების საფუძველზე სასამართლო თვლის, რომ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ემყარება სწორ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ შეფასებებს, შესაბამისად გასაჩივრებული გადაწყვეტილება არის კანონიერი და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.
სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრი მსუბუქი სასჯელით შეცვლის საკითხის განხილვისას ფასდება, რამდენად მიღწეულია სასჯელის მიზანი. საკითხის დადებითად გადაწყვეტისას სასამართლოს უნდა გაუჩნდეს მაღალი ნდობა მოსარჩელის მიმართ, რომ მიღწეულია პირის კანონმორჩილ მოქალაქედ გადაქცევის მიზანი და გათავისუფლების შემთხვევაში, მ---–---- ს-----ე მსჯავრდებულია ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში როგორც უკანონოდ შემოტანის ასევე საქართველოდან უკანონოდ გატანის, ამასთან ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვის ფაქტზე. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის მხედველობაში მიღებით, სასამართლო სრულად ეთანხმება, მ---–---- ს-----ის დარჩენილი სასჯელის შინაპატიმრობით შეცვლის თაობაზე უარის თქმის შესახებ ადმინისტრაციულ ორგანოს გადაწყვეტილებას. ამასთან გასათვალისწინებელი მსჯავრდებულის დამოკიდებულება დანაშაულის მიმართ, მსჯავრდებული არ აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და განმარტავს, რომ სახეზეა უკანონო განაჩენი. შესაბამისად, შეუძლებელია შეფასდეს რამდენად აღსრულებულია სასჯელის მიზნები.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას. ამავე საკანონმდებლო აქტის 33-ე მუხლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
სასამართლო მიუთითებს, რომ ბათილად გამოცხადების ობიექტს წარმოადგენს უკანონო ადმინისტრაციული აქტი. სასამართლო სწორედ ადმინისტრაციული აქტის მხოლოდ კანონიერების შემოწმებით შემოიფარგლება. საქმის მასალების ანალიზით სასამართლო თვლის, რომ სახეზე არ არის გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, რამდენადაც კონკრეტულ შემთხვევაში მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი იყო გამოეყენებინა საქმიანობის აღნიშნული სამართლებრივი ფორმა, დაცულია სადაო აქტის გამოცემისთვის საჭირო საგნობრივი კომპეტენცია, ასევე ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ფორმა, ამასთან, ადმინისტრაციული აქტი შინაარსობრივად შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და შეესაბამება სამართლის იმ ნორმებს, რომელთა აღსრულებასაც ის ახდენს.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პატიმრობის კოდექსის 42-ე მუხლის მე-6 ნაწილით ან 43-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის შედეგად სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ძალაში დატოვოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილება მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლაზე უარის თქმის შესახებ; ბ) სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას სათანადო გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა; გ) ბათილად ცნოს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს შესაბამისი გადაწყვეტილება და დაავალოს მას მსჯავრდებულის სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ ან მსჯავრდებულისათვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო თვლის, რომ არ არსებობს სადავო აქტის ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები. შესაბამისად, უსაფუძვლოა მოთხოვნა მოპასუხისათვის მ---–---- ს-----ის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შინაპატიმრობით შეცვლის შესახებ ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების ნაწილშიც, რის გამოც სარჩელს სრულად უნდა ეთქვას უარი დაკმაყოფილებაზე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი. ამდენად, მოცემულ საქმეზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, 22-ე, 23-ე, 271-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ---–---- ს-----ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) მეშვეობით.
მოსამართლე: თამარ ოქროპირიძე