გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/32369-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ოქტომბერი,2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - სს "ტ--------ი"
წარმომადგენელი - ქ-------------------
მოპასუხე - ი-–-- ა-–----–---–ი
წარმომადგენელი - ა------–--ე
მოპასუხე - გ-----– ა-------------ი
დავის საგანი - დავალიანების გადახდა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს ი-–-- ა-–----–---–ს და გ-----– ა-------------ს მოსარჩელე სს ,,ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა 57468.34 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2684.87 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 126 აშშ დოლარი.
1.2. მოპასუხეებს ი-–-- ა-–----–---–ს და გ-----– ა-------------ს მოსარჩელე სს ,,ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, დავალიანების ძირ თანხაზე 57468.34 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 13% სარგებლის გადახდა.
1.3. მოსარჩელე სს ,,ტ--------ის“ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, იძულებით აუქციონზე იძულებითი რეალიზაციისთვის მიექცეს, ი-–-- ა-–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, საკადასტრო კოდი #0---------------.
1.4. იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი დავალიანების სრულად დასაფარად, იძულებითი აღსრულება მიექცეს ი-–-- ა-–----–---–ის და გ-----– ა-------------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე.
1.5. მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ--------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, საკრედიტო ბარათის მომსახურების ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხა 1536 ლარი და საპროცენტო სარგებელი 186 ლარი.
1.6. ი-–-- ა-–----–---–ს სს "ტ--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან N 21.03----4.001 NEXT საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 1536 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 25 % გადახდა.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
2015 წლის 28 დეკემბერს სს „ტ--------სა" (ყოფილი სს „კ----------------- ბანკი") და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო •K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 200 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სს ,,ტ--------სა" და ი-–-- ა-–----–---–ს შორის გაფორმდა PK--.03----4.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა: 60 000 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის ბოლო ვადა: 29,12,2025 წელი, წლიური საპროცენტო განაკვეთი: - 13%. პირგასამტეხლო: ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%.
გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ი-–-- ა-–----–---–ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #K--.03----4.001/01, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ი-–-- ა-–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: 0---------------.
K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და გ-----– ა-------------ს შორის დაიდო WK--.03----4.001/01, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად იკისრა ვალდებულება სრულად და სოლიდარულად ყოფილიყო პასუხისმგებელი მსესხებლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა: 200 000 აშშ დოლარი.
მოსარჩელე მხარის მითითებით, 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს საბანკო კრედიტის #K--.03----4.001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 57468,34 დოლარი, პროცენტი 2684,87 დოლარი და ჯარიმა 1273,84 დოლარი.
ასევე, სს ტ--------სა და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო N21.03----4.001 NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 29 %-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადი ფიქსირებული თანხა 25 ლარი და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2017 წლის 16 ოქტომბრის მდგომარეობით მოპასუხეს N21.03----4.001 NEXT ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება ძირი თანხა 1536 ლარი, პროცენტი -186 ლარი და ჯარიმა 160ლარი.
მოპასუხის მიერ პერიოდულად ირღვეოდა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. მოპასუხემ ზედიზედ, სულ ცოტა, ორჯერ გადააცილა კრედიტის დაბრუნების ვადას, რის გამოც კრედიტორი უფლებამოსი-–-- მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალისთვის არსებული დავალიანების დაკისრება.
სს“ტ--------მა“ გაუგზავნა მსესხებელს და თავდებ პირს შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ, რომ მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნებოდა დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–მა სს ,,ტ--------ის“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ სს "ტ--------ში" სესხის აღებამდე კრედიტის გაცემაზე უარი უთხრა სს "თიბისი ბანკმა", სადაც ყოველთვიურად ერიცხებოდა კუთვნილი ხელფასი. თავისთავად ცხადია, როდესაც ბანკმა, სადაც განთავსებულია მისი ძირითადი ფულადი რესურსები განაცხადა უარი კრედიტის გაცემაზე, სავსებით საფუძვლიანად გაუჩნდა ვარაუდი და მოლოდინი, რომ ყველა სხვა საბანკო-საფინანსო დაწესებულება ასევე უარყოფდა მის სასესხო განაცხადს. ვინაიდან სს "ტ--------ი" იყო ის დაწესებულება, რომელმაც გამოთქვა თანხმობა სესხის გაცემაზე, მოპასუხე მზად იყო დათანხმდებოდა ნებისმიერ არახელსაყრელ პირობას, მათ შორის მაღალ საპროცენტო და საჯარიმო განაკვეთს, ვინაიდან იმ მომენტში ძალიან სჭირდებოდა სოლიდური თანხა და სხვა გზა არ ჰქონდა. სწორედ ეს ბერკეტი გამოიყენა სს "ტ--------მა" მის საზიანოდ. სს „ტ--------ის“ მხრიდან გავლენის ბოროტად გამოყენების დადასტურებას ის გარემოებაც წარმოადგენს, რომ არაერთი თხოვნისა და მცდელობის მიუხედავად, ბანკმა არც კი სცადა, მომხდარიყო სესხის რესტრუქტურიზაცია და ყოველგვარი მოლაპარაკების გარეშე მომართა სასამართლოს სარჩელით.
2.2. მოპასუხე გ-----– ა-------------მა არ წარმოადგინა შესაგებელი, ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ იგი სასამართლო სხდომების შესახებ ინფორმირებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, არ გამოცხადდა სასამართლო პროცესებზე, შესაბამისად, მისი პოზიცია სს ,,ტ--------ის“ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლოსთვის ცნობილი არ არის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 28 დეკემბერს სს „ტ--------სა" (ყოფილი სს „კ----------------- ბანკი") და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 200 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2015 წლის 28 დეკემბერს, სს ,,ტ--------ს“ (ყოფილი სს „კ----------------- ბანკი") და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა ი-–-- ა-–----–---–ზე გასცა კრედიტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სახლის შეძენა, საბანკო კრედიტის დაფარვის ბოლო ვადა 2025 წლის 29 დეკემბერი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13 %, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულება საბანკო პროდუქტებით მომსახურების შესახებ (ს.ფ. 16-28);
- 2015 წლის 28 დეკემბრის გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება (ს.ფ. 29-32);
- განაცხადის გრაფიკი (ს.ფ. 33-36);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. 2015 წლის 28 დეკემბრის K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და გ-----– ა-------------ს შორის დაიდო WK--.03----4.001/01, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად იკისრა ვალდებულება სრულად და სოლიდარულად ყოფილიყო პასუხისმგებელი მსესხებლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა: 200 000 აშშ დოლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სოლიდარული თავდების განცხადება (ს.ფ. 37);
- 2015 წლის 28 დეკემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.38-42);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 2015 წლის 28 დეკემბრის K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და ი-–-- ა-–----–---–ს შორის 2015 წლის 28 დეკემბერს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #K--.03----4.001/01, რომლის საფუძველზეც ბანკის სასარგებლოდ იპოთეკით დაიტვირთა ი-–-- ა-–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ქუჩა მ--------- N81, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდით: 0---------------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2015 წლის 28 დეკემბრის იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 43-46);
- 30/12/2015 წლის საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 47-48);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს ,,ტ--------სა“ და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო N21.03----4.001 NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 29 %-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადი ფიქსირებული თანხა 25 ლარი და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 28.04.2016 წლის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების თავსართი (ს.ფ. 50-51);
- 28.04.2016 წლის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 52-56);
- ბარათით მომსახურების ტარიფები (ს.ფ. 57-59);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–ის მიერ სს ,,ტ--------ის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებების პერიოდულად დარღვევის გამო, იპოთეკური სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებამ შეადგინა ძირი თანხა 57 468.34 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი 2684.87 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო 1273.84 აშშ დოლარი, ხოლო საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირი თანხა 1536.61 ლარი, საპროცენტო სარგებელი 186.30 ლარი და პირგასამტეხლო 1069.71 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 60);
- გადახდების ისტორია (ს.ფ. 61-64);
- მხარეთა ახსნა-განმარტება (მოპასუხე მხარის მხრიდან დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება სადავო არ გამხდარა, შედავება განხორციელდა საპროცენტო განაკვეთის ბათილობის საფუძვლებზე).
3.1.6. სს“ტ--------მა“ გაუგზავნა მსესხებელს და თავდებ პირს შეტყობინებები, რომლითაც ეცნობათ, რომ მსესხებელს ერიცხებოდა დავალიანება და იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარულ დღეში არ იქნებოდა დაფარული აღნიშნული დავალიანება, ბანკი უფლებამოსილი იქნებოდა თანხის დაკისრების მოთხოვნით მიმართოს სასამართლოს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შეტყობინებები (ს.ფ. 65-66);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ--------ის“ სარჩელი ი-–-- ა-–----–---–ის და გ-----– ა-------------ის მიმართ, თანხის დაკისრების და იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ, საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 301-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენი-–--, რომ 2015 წლის 28 დეკემბერს სს „ტ--------სა" (ყოფილი სს „კ----------------- ბანკი") და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: მაქსიმალური თანხა - 200 000 აშშ დოლარი, საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ოდენობა - 36%, პირგასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა - ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2015 წლის 28 დეკემბერს, სს ,,ტ--------ს“ (ყოფილი სს „კ----------------- ბანკი") და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო გენერალური ხელშეკრულების დამატებითი ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკმა ი-–-- ა-–----–---–ზე გასცა კრედიტი 60 000 აშშ დოლარის ოდენობით, მიზნობრიობა - სახლის შეძენა, საბანკო კრედიტის დაფარვის ბოლო ვადა 2025 წლის 29 დეკემბერი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 13 %, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ასევე დადგენილი გარემოებაა, რომ სს ტ--------სა და ი-–-- ა-–----–---–ს შორის დაიდო N21.03----4.001 NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების ხელშეკრულება. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 2000 ლარის ოდენობით. წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 29 %-ით. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო ერთჯერადი ფიქსირებული თანხა 25 ლარი და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.
წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე მხარის მხრიდან დასაბუთებული შედავება საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ძირითადი თანხის გადახდის ნაწილში სასამართლო განხილვისას არ გაჟღერებულა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინიდან არ არის კვალიფიციური შედავება დავალიანების ძირითადი თანხის მიმართ, მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში საფუძვლიანი, დასაბუთებულია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
რაც შეეხება საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის ოდენობას, მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარის პოზიცია საკრედიტო ხელშეკრულებებით დადგენილი საპროცენტო სარგებლის სსკ-ის 54-55-ე მუხლის მიხედვით ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი პირობების არ არსებობის გამო ვერ იქნება გაზიარებული. წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ წლიური 13%-ის და 25%-ის საპროცეტო სარგებელზე შეთანხმება საკრედიტო სექტორში არსებული შეთავაზებების გათვალისწინებით არ ცდება სამოქალაქო კოდექსით დადგენილი ზნეობრივ სტანდარტს და ასევე, ვერ იქნება გაზიარებული მოპასუხე მხარის არგუმენტაცია მისი კონკრეტული მტკიცებულებებით დაუსაბუთებლობის გამო სსკ-ის 55-ე მუხლის სამართლებრივი წინაპირობების თაობაზე, რაც თავის მხრივ გამორიცხავს მისი ნაწილობრივ ბათილობის (შემცირების) შესაძლებლობას. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე დაგროვილი საპროცენტო სარგებლის მოპასუხე მხარისათვის დაკისრების თაობაზე დასაბუთებული, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღეს შეთანხმებული კრედიტის თანხები სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკებით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებელს, მის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულებების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე 2015 წლის 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხა 1273.84 აშშ დოლარი შეამცირა 126 აშშ დოლარამდე, ხოლო საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში მოთხოვნილი პირგასამტეხლოს 160 ლარის მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–ისთვის დაკისრებაზე უარი განაცხადა. იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ 2015 წლის 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე მოთხოვნილი დავალიანების ძირი თანხა შეადგენს 57 468.34 აშშ დოლარს, პირგასამტეხლოს თანხა 126 აშშ დოლარი, სასამართლოს მიხედულებით, გონივრულ შესაბამისობაშია დავალიანების ძირ თანხასთან, შესაბამისად, იგი სრულად უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
მოცემულ შემთხვევაში, K--.03----4.001 გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით ბანკსა და გ-----– ა-------------ს შორის დაიდო WK--.03----4.001/01, სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც თავდებმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად იკისრა ვალდებულება სრულად და სოლიდარულად ყოფილიყო პასუხისმგებელი მსესხებლის გენერალური ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებათა შესრულებაზე. თავდებობის მაქსიმალურ ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა: 200 000 აშშ დოლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, ძირითად მსესხებელთან ერთად თავდებ პირს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2015 წლის 28 დეკემბრის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების, კერძოდ, ძირითადი თანხის, დარიცხული საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების თაობაზე.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ხოლო ამავე კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მითითებული ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოებების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა.
მითითებულ ნორმათა დეფინიციის შესაბამისად, ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ რომელიც შეიძლებოდა მიეღო პირს სამოქალაქო ბრუნვის ნორმალური განვითარების პირობებში. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია და საჭიროა ყველა მნიშვნელოვანი გარემოების შეფასებიდან ჩანდეს მისი დადგომის შესაძლებლობა. სასამართლო განმარტავს, რომ ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად, ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
ასევე, მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებისათვის საჭიროა იკვეთებოდეს მოწინააღმდეგე მხარისათვის მისი დადგომის სავარაუდოობა, ვინაიდან როგორც მითითებული ნორმის დათქმიდან ჩანს ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი რომელიც სავარაუდო იქნებოდა სამოქალაქო ბრუნვის საშუალო მონაწილისათვის. ზიანის სავარაუდოობა გულისხმობს კრედიტორისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ზიანის მიყენების გონივრულ მოლოდინს.
წარმოდგენილ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებით გაცემულ ფულად თანხას ერიცხება კონკრეტული სარგებელი და სამართლებრივ ურთიერთობაში საბანკო დაწესებულების მონაწილეობის გათვალისწინებით ხელშეკრულების მონაწილე მხარისათვის ცალსახად სავარაუდო და მოსალოდნელია ყველა ის შედეგი (ზიანი), რაც მისი მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობას შეიძლება მოჰყვეს კრედიტორთან მიმართებით, რომელიც გაცემული ფულადი რესურსის ფარგლებში ყოველთვის საპროცენტო სარგებლის მიღებაზეა ორიენტირებული. თუმცა ასევე საგულისხმოა, რომ მიუღებელი შემოსავლის დადგენისა და მისი მოვალისათვის დაკისრებისას გასათვალისწინებელია სრულად ყველა ფაქტობრივი ასპექტი და მისი ოდენობის დადგენა და მხარისათვის დაკისრება არ უნდა იწვევდეს არც ერთი მხარის უფლებების უგულვებელყოფას ან/და კრედიტორის გაუმართლებლად უპირატეს მდგომარეობაში ჩაყენებას. მოსარჩელე მხარის განმარტებით არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მოპასუხე მხარემ არ დაფარა არსებული დავალიანება. სასამართლო მიუთითებს, რომ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება არ უნდა იწვევდეს გაუმართლებელი ტვირთის მხარისათვის დაკისრებას და თავის მხრივ არ უნდა აყენებდეს კრედიტორს ისეთ მდგომარეობაში, რომელიც ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში უსაფუძვლოდ გამდიდრებულ მდგომარეობაში აღმოჩნდება. საბანკო დაწესებულება, მისი საქმიანობის სფერო, უშუალოდ საკრედიტო სესხების გაცემის და საპროცენტო სარგებლით მოგების მიღებაა.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე ითხოვს, 2017 წლის 16 ოქტომბრიდან 2015 წლის 28 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 57 468.34 აშშ დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 13% სარგებლის დაკისრებას და 2017 წლის 16 ოქტომბრიდან, 2016 წლის 28 აპრილის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ძირ თანხაზე 1536 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 25% სარგებლის გადახდას.
სასამართლო მიუთითებს, რომ წარმოდგენილ შემთხვევაში, სს ,,ტ--------ის“ აღნიშნული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
ამავე კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი ის გარემოება, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეული იქნა ვალდებულება, მოსარჩელე (იპოთეკარი) უფლებამოსილია მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.
აღნიშულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ტ--------ს“ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, უნდა განხორციელდეს, მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით: 0---------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე სს ,,ტ--------ის“ სარჩელი დასაბუთებულია, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
ვინაიდან, სს ,,ტ--------ის“ სარჩელი სრულად დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს ი-–-- ა-–----–---–ს და გ-----– არ---------ვს სს ,,ტ--------ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 4943 ლარის, ხოლო ი-–-- ა-–----–---–ს დამატებით 57 ლარის გადახდა (მის მიმართ ინდივიდუალურად არსებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად).
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. სს „ტ--------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2. ი-–-- ა-–----–---–სა და გ-----– ა-------------ს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საბანკო კრედიტის N K--.03----4.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის 57468.34 აშშ დოლარის, პროცენტის 2684.87 აშშ დოლარისა და ჯარიმის სახით 126 აშშ დოლარის გადახდა.
3. ი-–-- ა-–----–---–სა და გ-----– ა-------------ს სს „ტ--------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 16 ოქტომბრის საბანკო კრედიტის N K--.03----4.001-001 ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 57468.34 დოლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე მაგრამ არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 13% სარგებლის გადახდა.
4. K--.03----4.001-001 საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანებების და ვადაგადაცილებაზე დარიცხული ან/და დასარიცხი პირგასამტეხლოს/პროცენტის დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით იძულებით საჯარო აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს შემდეგი ქონება საკადასტრო კოდით: 0---------------, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული უძრავი ქონების რეალიზაციით ამოღებული თანხა არ იქნება საკმარისი ხელშეკრულება K--.03----4.001-001 გამომდინარე დავალიანების სრულად დასაფარად, მისი სრულად დაფარვის უზრუნველყოფის მიზნით აღსრულება მიექცეს ი-–-- ა-–----–---–ის და გ-----– ა-------------ის საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებასა და აქტივებზე.
5. ი-–-- ა-–----–---–ს სს "ტ--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს N 21.03----4.001 NEXT საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის სახით 1536 ლარისა და პროცენტის სხით 186 ლარის გადახდა.
6. ი-–-- ა-–----–---–ს სს "ტ--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 16 ოქტომბრიდან N 21.03----4.001 NEXT საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირ თანხაზე 1536 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, არაუმეტეს ერთი წლისა, წლიური 25 % გადახდა.
7. მოპასუხეებს ი-–-- ა-–----–---–სა და გ-----– ართ------ვს სს "ტ--------ის" სასარგებლოდ დაეკისროთ მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 4943 ლარის ანაზღაურება.
8. მოპასუხე ი-–-- ა-–----–---–ს სს "ტ--------ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 57 ლარის ანაზღაურება.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის 10-ე პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე