გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/20296-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
09 ნოემბერი, 2018 წ. ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო
სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე მაია გიგაური
სხდომის მდივანი ნინო კეკელიანი
მოსარჩელე - ი----- გ--------ე
მოსარჩელის წარმომადგენელი - ნ---- გ------–--ე
მოპასუხე - შპს „ს---------------ი“
მოპასუხის წარმომადგენელი - ე---------- გ---–--ე
დავის საგანი - შრომითი ანაზღაურების და კომპენსაციის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე შპს „ს---------------ს“ მოსარჩელე ი----- გ--------ის სასარგებლოდ დაეკისროს შრომითი სარგო 16 000 ლარის (ხელზე მისაღები) ოდენობით, საიდანაც 13 750 ლარი შეადგენს 2015 წლის თებერვლიდან ყოველ შაბათ-კვირის ნამუშევარს, 1500 ლარი - 1 თვის თანამდებობრივ სარგოს, ხოლო 750 ლარი - 12 დღის შვებულების თანხას, რაც გათვალისწინებული იყო ხელშეკრულებით;
მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებით, მოსარჩელე ი----- გ--------ე შპს „ს---------------ში“ მუშაობდა 2015 წლის 15 იანვრიდან საქმის მწარმოებლის პოზიციაზე. ხელშეკრულება დადებული იყო გამოსაცდელი ვადით, 2015 წლის 28 თებერვლამდე, რის შემდეგაც, ხელშეკრულება ძალაში რჩებოდა მომდევნო 6 (ექვსი) თვის ვადით, თუ რომელიმე მხარე ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე 1 კვირით ადრე არ განაცხადებდა ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ. ხელშეკრულება გაგრძელდა 2018 წლის 15 ივნისამდე.
სარჩელში მითითებულია, რომ 2015 წლის თებერვლიდან მას უფიქსირდება ზეგანაკვეთურ სამუშაო დღეებში, შაბათ-კვირას მუშაობის ფაქტი, რის ანაზღაურებასაც ითხოვს მოპასუხისგან.
გარდა ამისა, მოსარჩელე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ მან კუთვნილი შვებულება მოითხოვა 2018 წლის 17 მაისს, რაზეც განცხადება კომპანიის ბუღალტერს თ----- რ-----–---–ს ჩააბარა დირექტორისთვის გადასაცემად. თუმცა, როგორც სარჩელშია აღნიშნული, კომპანიის მიერ არ ჩაითვალა შვებულება დადგენილი წესით მიცემულად და მოხდა მისთვის სასტიკი საყვედურის გამოცხადება და შემდეგ გათავისუფლება. შესაბამისად, მოსარჩელე ამავდროულად, ითხოვს გამოუყენებელი შვებულების ანაზღაურებას მოპასუხისგან.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შპს „ს---------------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მოსარჩელეს არ გააჩნია ზეგანაკვეთურად ნამუშევარი სამუშაო საათები.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე გათავისუფლებულია სამსახურიდან მის მიერ ვალდებულებათა დარღვევის გამო და გამოცემული ბრძანებები სრულ შესაბამისობაშია მოქმედ კანონმდებლობასთან, ამასთან, დამსაქმებელმა მოახდინა საბოლოო ანგარიშსწორება. რაც შეეხება კომპენსაციას, საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლი არ ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას დასაქმებულის მხრიდან ვალდებულების დარღვევის გამო შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შემთხვევაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2015 წლის 15 იანვარს ერთის მხრივ შპს „ს---------------ს“ და მეორეს მხრივ ი----- გ--------ეს შორის გაფორმდა შრომითი ხელშეკრულება.
ხელშეკრულების 1.1 მუხლის მიხედვით, დამსაქმებელი ქირაობს დასაქმებულს საქმის მწარმოებლის თანამდებობაზე გამოსაცდელი პერიოდით, ამა წლის 28 თებერვლის ჩათვლით, ხოლო 1.2 მუხლი კი ადგენს, რომ თუკი ხელშეკრულების ვადის დამთავრებამდე 1 კვირით ადრე რომელიმე მხარე არ განაცხადებს წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ, ხელშეკრულება ძალაში რჩება მომდევნო 6 (ექვსი) თვის ვადით, იმის გათვალისწინებით, რომ საგამოცდო პერიოდი დასრულებულია.
ხელშეკრულების 2.6 მუხლით დასაქმებულის სამუშაო საათები შეადგენს კვირაში 42 საათს, ხოლო დასაქმებულის ყოველთვიური ხელზე გასაცემი ანაზღაურება გამოსაცდელ პერიოდში 600 ლარს, ხოლო შემდგომ პერიოდში - 1200 ლარს, გამომდინარე წინამდებარე ხელშეკრულების 4.1 მუხლიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელშეკრულება (ს.ფ. 17-22)
3.1.2. შპს „ს---------------ის“ წარმომადგენლობაზე და ხელმძღვანელობაზე უფლებამოსილ პირს წარმოადგენს ი-–--- ა--------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 23-24)
3.1.3. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 25/03/2015წ. №0-- ბრძანებით ი----- გ--------ეს მოემატა ხელფასი და 2015 წლის მარტის თვიდან მისი თანამდებობრივი სარგო განისაზღვრა 1200 ლარით (გადასახადების გარეშე), ხოლო სამუშაო საათები - კვირაში 41 საათით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 105)
3.1.4. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 25/04/2015წ. №0-- ბრძანებით განისაზღვრა ი----- გ--------ის სამუშაო საათები. ბრძანების პირველი პუნქტის მიხედვით, შპს „ს---------------ის“ საქმის მწარმოებლის ი----- გ--------ის სამუშაო საათები შეადგენს კვირაში არაუმეტეს 40 საათს, მოქნილი სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით. ამავე ბრძანების მე-3 პუნქტით კი, მოქნილი სამუშაო გრაფიკით მუშაობის პირობებში დასაქმებული ცხადდება სამუშაო ადგილზე კვირაში 5 დღე მაინც, თუმცა სამუშაოს დაწყების და დასრულების დროს ანაწილებს საკუთარი და კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე პირადად, კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 106)
3.1.5. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 07/06/2017წ. №0-- ბრძანებით ი----- გ--------ეს მოემატა ხელფასი და მისი თანამდებობრივი სარგო 2017 წლის ივნისის თვიდან განისაზღვრა 1500 ლარით, გადასახადების გარეშე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 107)
3.1.6. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 11/05/2018წ. №0-- ბრძანებით შპს „ს---------------ის“ ფინანსური მდგომარეობის გაუარესების გამო, სშკ-ის 37-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად გაუქმდა კომპანიაში „საქმის მწარმოებლის“ საშტატო ერთეული და 2018 წლის 15 ივნისიდან აღნიშნული თანამდებობიდან გათავისუფლდა ბ-ნი ი----- გ--------ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 28)
3.1.7. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 28/05/2018წ. თანამშრომელთა გამოძახების შესახებ №0-- ბრძანებით, ი----- გ--------ეს ეცნობა, რომ მის მიერ ნაკისრი შრომითი ვალდებულებების შესრულების მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გამოცხადდეს სამსახურში.
მოსარჩელის სარჩელით და მისი ახსნა-განმარტებით, ასევე მოპასუხის შესაგებლით და მოწმის ჩვენებით დგინდება უდავოდ ის გარემოება, რომ ი----- გ--------ემ შვებულების განცხადება ბუღალტერ თ----- რ-----–---–ს დაუტოვა დირექტორისთვის გადასაცემად 2018 წლის მაისის თვეში (16 მაისს), თუმცა, ისიც დგინდება, რომ ამ დროს, უფრო კონკრეტულად კი 26 მაისამდე, დირექტორი ი-–--- ა--------ი საქართველოში არ იმყოფებოდა და ვერც შვებულების განცხადებაზე განაცხადებდა თანხმობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 29);
- განცხადება (ს.ფ. 130);
- ელექტრონული ბილეთი (ს.ფ. 176-178)
3.1.8. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის მოთხოვნის მიუხედავად, ი----- გ--------ე არ გამოცხადდა სამსახურში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმის ჩვენება
3.1.9. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 29/05/2018წ. სასტიკი საყვედურის გამოცხადების შესახებ 2018 წლის 29 მაისის №004 ბრძანებით, ი----- გ--------ეს გამოეცხადა სასტიკი საყვედური.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №004 ბრძანება (ს.ფ. 30);
3.1.10. შპს „ს---------------ის“ დირექტორის ი-–--- ა--------ის 12/06/2018წ. ი----- გ--------ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ №0-- ბრძანების პირველი პუნქტის შესაბამისად, ი----- გ--------ე გათავისუფლდა კომპანია „ს---------------ში“ დაკავებული თანამდებობიდან მის მიერ ფაქტობრივად მოცდენილი სამუშაო დროიდან - კერძოდ, კი 2018 წლის 17 მაისიდან სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით, 2018 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება ი----- გ--------ის 2018 წლის 15 ივნისიდან გათავისუფლებისა და კომპენსირების ნაწილში ჩაითვალა ძალადაკარგულად, ხოლო საშტატო ერთეულის გაუქმების ნაწილში დარჩა უცვლელი.
2018 წლის 29 ივნისს შპს „ს---------------ის“ მიერ ი----- გ--------ეს ჩაერიცხა 1 430 ლარი, საბოლოო ანგარიშსწორების მიზნით (სამსახურიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით),სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- №0-- ბრძანება (ს.ფ. 31);
- საგადახდო დავალება (ს.ფ. 118)
3.1.11. 2018 წლის ივნისის თვიდან ი----- გ--------ეს ხელფასი აღარ დარიცხვია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- მოწმის ჩვენება
3.1.12. შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, ი----- გ--------ის მიერ 2015 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 31 მაისის ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს 62 684.1 ლარს, ხოლო დაკავებული გადასახადი - 12 536.82 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა (ს.ფ. 35);
- ინფორმაცია (ს.ფ. 36-37)
3.1.13. ი----- გ--------ე შპს „ს---------------ში“ დასაქმების გარდა, ამავდროულად ეწეოდა სხვა, არასამეწარმეო საქმიანობასაც. იგი არის შპს „ი---------“-ის 100% წილის მფლობელი პარტნიორი და ამავდროულად მისი დირექტორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 119-120);
- ამონაწერები ანგარიშიდან (ს.ფ. 121, 139, 141-151)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 12/06/2018 წლის აქტზე ხელმომწერი პირები - ბუღალტერი თ----- რ-----–---–ი, შპს „მ------ს ფილიალის“ დირექტორი ე-–--- თ------ე და შპს „ს---------------ის“ დირექტორი ი-–--- ა--------ი ადასტურებენ, რომ ი----- გ--------ე თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ 11 მაისს იქნა გაფრთხილებული კომპანიის დირექტორის მიერ და გაეცნო გათავისუფლების პირობებს, თუმცა ბრძანების გაცნობაზე ხელი არ მოუწერია. აღნიშნული გარემოება მოწმედ დაკითხვის დროსაც დაადასტურა თ----- რ-----–---–მა.
ამავე აქტით დაადასტურეს ხელმომწერებმა ასევე ის გარემოებები, რომ 2018 წლის 13 მაისს გაემგზავრა კომპანიის დირექტორი ქ. ბაქოში, რაც იცოდა მოსარჩელემ და რომლის მიუხედავადაც, 17 მაისს დატოვა თვითნებურად სამუშაო ადგილი და გამოძახების მიუხედავად არ გამოცხადდა. იგი მხოლო 04 ივნისს გამოცხადდა სამსახურში და მომდევნო დღიდან კვლავ განაგრძო თვითნებური შვებულება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აქტი №0-- (ს.ფ. 115);
- წერილები (ს.ფ. 32-34)
3.2.2. ი----- გიორგაძის მიერ დაწერილი განცხადება შვებულების მოთხოვნის თაობაზე გადაეცა შპს „ს---------------ის“ ბუღალტერ თ----- რ-----–---–ს და არა კომპანიის დირექტორს, რომელიც ამ დროს არ იმყოფებოდა საქართველოში.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ შვებულების თაობაზე დასაქმებულის განცხადება ჩაბარდა არაუფლებამოსილ პირ ი-–--- ა--------ს, არამედ კომპანიის ბუღალტერს, რომლის კომპეტენციაშიც არ შედიოდა თანამშრომლისთვის შვებულების მიცემა-არ მიცემაზე თანხმობის გაცემა ანდა უარის თქმა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით და მათ შორის მხარეთა ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ 2018 წლის 16 მაისს გადაეცა თ----- რ-----–---–ს მოსარჩელის განცხადება 17 მაისიდან შვებულების მოთხოვნის თაობაზე და ამ დროიდან იგი არ გამოცხადებულა სამსახურში. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს, რომ ნება გამოვლენილი არ იქნა უფლებამოსილი პირის მიმართ და აპელირება მხოლოდ ფორმალურად შედგენილ განცხადებაზე, სასამართლოს მოსაზრებით არის დაუსაბუთებელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი, შესაგებელი, მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- წერილები (ს.ფ. 33);
- მოწმის ჩვენება
3.2.3. შპს „ს---------------ს“ და ი----- გ--------ეს შორის არ არსებობს რაიმე სახის წერილობითი შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესისა და ოდენობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილია მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულება, ასევე ბრძანებები მასში ცვლილებების განხორციელების თაობაზე და არც ერთ მათგანში საუბარი არ არის ზეგანაკვეთურ სამუშაოსთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამის შესახებ რაიმე სახის ზეპირ შეთანხმებაზე არც თავად მოსარჩელე მიუთითებს. შეთანხმების არარსებობა დაადასტურა მოწმემაც.
3.2.4. ვერ დასტურდება ი----- გ--------ის მხრიდან არასამუშაო საათებში მოსარჩელის სასარგებლოდ მუშაობის ფაქტი, რაც გახდებოდა დამატებითი ანაზღაურების საფუძველი.
მოსარჩელე მხარე განმარტავდა, რომ 2015 წლის თებერვლიდან მოყოლებული, იგი ყოველ შაბათს და კვირას მუშაობდა მოპასუხე კომპანიის სასარგებლოდ და ამის დასადასტურებლად მიუთითებს საგადასახადო სისტემიდან ამონაწერზე, სადაც ფიქსირდება გარკვეული სამუშაოების შესრულების თარიღი და განმარტავს, რომ ზეგანაკვეთურმა სამუშაო საათებმა შეადგინა სულ 1965 სთ, რომლის მთლიანი ღირებულებაა 13 755 ლარი (7 ლარი 1 საათის ღირებულება). კერძოდ, მოსარჩელის მიერ შედგენილი ნუსხის შესაბამისად, 2015 წელს ნამუშევარი არის 61 შაბათ-კვირა, 606 სთ, დანარჩენ დღეებში ზეგანაკვეთური საათებია 428 სთ; 2016 წელს ნამუშევარი არის 52 შაბათ-კვირა, 426 სთ; 2017 წელს ნამუშევარი არის 47 შაბათ-კვირა, 239 სთ, დანარჩენ დღეებში ზეგანაკვეთური საათებია 196 სთ, ხოლო 2018 წელს ნამუშევარია 16 შაბათ-კვირა, 80 სთ.
აღნიშნულის საპირისპიროდ, ამავე ამონაწერზე მითითებით, მოპასუხე შპს „ს---------------ის“ ბუღალტერ თ----- რ-----–---–ის მიერ გაცემული ცნობიდან ირკვევა, რომ ი----- გ--------ე 2015 წლის განმავლობაში ფიქსირდება 6 შაბათ (14.02.2015; 21.02.2015; 07.03.2015; 06.06.2015; 04.07.2015; 01.08.2015) და ერთ კვირა (15.03.2015) დღეს. აქედან, 14.02.2015, 15.03.2015 და 06.06.2015-ში შპს „ს---------------ს“ შესყიდული აქვს საქონელი შპს „ი---------“-დან, რომელიც წარმოადგენს ი----- გ--------ის კომპანიას და შესაბამისად, აღნიშნულ დღეებში მისი ნამუშევარი წარმოადგენს საქონლის გაყიდვის თანმდევ მომსახურებას. დანარჩენი 4 შაბათი დღე წარმოადგენს მანქანის ქირავნობის ფარგლებში შესრულებულ სამუშაოს.
სასამართლო ასევე ყურადღებას ამახვილებს მოწმის ჩვენებაზე, რომელიც განმარტავდა, რომ შაბათი დღე ნაწილობრივ ისედაც წარმოადგენდა კომპანიაში სამუშაო დღეს, ხოლო სხვა არასამუშაო დღეებში მუშაობაზე რაიმე შეთანხმება კომპანიაში არ არსებობდა.
მოცემულ დავაში მტკიცების საგანს წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან არასამუშაო საათებში მოპასუხის სასარგებლოდ სამუშაოს შესრულების ფაქტი და სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ შემთხვევაშიც, საკმაოდ მაღალია მტკიცების ტვირთი დამსაქმებელზე. კომპანიის წარმომადგენელი ცალსახად განმარტავდა, რომ ადგილი არ ჰქონია მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას და აღნიშნული დაადასტურა სწორედ იმ დოკუმენტზე დაყრდნობით, რასაც მოსარჩელეც აფუძნებდა მოთხოვნას, კერძოდ კი საგადასახადო პორტალზე ატვირთული ზედნადებებით.
სასამართლო საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ ვერ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან ზეგანაკვეთურად შესრულებული სამუშაოს ფაქტი მოპასუხის სასარგებლოდ, მით უფრო იმ პირობებში, რომ არანაირი შეთანხმება მხარეთა შორის არ მომხდარა. პირიქით, საქმეში წარმოდგენილია არაერთი ბრძანება, საიდანაც დგინდება, რომ ი----- გ--------ეს ჰქონდა მოქნილი სამუშაო გრაფიკი, რომელსაც არაუმეტეს 40 საათი უნდა გადაენაწილებინა კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით, კვირაში 5 დღეზე მაინც. შესაბამისად, ამ მოქნილი სამუშაო გრაფიკის არსებობის პირობებში, მან ვერ შეძლო დაედასტურებინა, რომ სამუშაო საათების ზემოთ კიდევ შეასრულა რაიმე ზეგანაკვეთური სამუშაო და შეასრულა მოპასუხის სასარგებლოდ და არა მისი ინტერესების შესაბამისად. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3.2.5. ი----- გ--------ე სამსახურიდან გათავისუფლდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტით, რა დროსაც, სშკ-ის 38-ე მუხლი არ ითვალისწინებს კომპენსაციის გადახდას გათავისუფლებული დასაქმებულისთვის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი, მე-6, მე-17, 22-ე, 37-ე, 38-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1 საქართველოს შრომის კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილით, შრომითი ხელშეკრულება იდება წერილობითი ან ზეპირი ფორმით, განსაზღვრული ან განუსაზღვრელი ვადით. ამავე მუხლის 11 ნაწილით კი, შრომითი ხელშეკრულება იდება აუცილებლად წერილობითი ფორმით, თუ შრომითი ურთიერთობა 3 თვეზე მეტ ხანს გრძელდება. მე-7 ნაწილით, წინა შრომითი ხელშეკრულება ძალას ინარჩუნებს იმდენად, რამდენადაც მისი დებულებები შეცვლილი არ არის შემდგომი ხელშეკრულებით.
სშკ-ის მე-6 მუხლის მე-9 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით, შრომითი ხელშეკრულების ერთ-ერთ არსებითი პირობას წარმოადგენს ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების წესი.
მოცემულ შემთხვევაში, შპს „ს---------------სა“ და ი----- გ--------ეს შორის 2015 წლის 15 იანვარს დაიდო შრომითი ხელშეკრულება გამოსაცდელი ვადით, რომელიც შემდგომ ავტომატურად გრძელდებოდა და იყო მოქმედი მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლებამდე. გარდა აღნიშნული ხელშეკრულებისა, საქმეში წარმოდგენილია კომპანიის დირექტორის ბრძანებები, რომლითაც ხდებოდა დასაქმებულ ი----- გ--------ის ხელფასისა და სამუშაო გრაფიკის განსაზღვრა. კერძოდ კი, მოსარჩელის სამუშაო გრაფიკი ჩამოყალიბდა 25/04/2015წ. ბრძანებაში მოცემული პირობებით (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.4), ხოლო ხელფასი - 07/06/2017წ. ბრძანებით (იხ. უდავო ფაქტობრივი გარემოება 3.1.5).
საქართველოს შრომის კოდექსის მე-17 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა მხარეთა შეთანხმებით დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნისთვის აღემატება კვირაში 40 საათს, 16 წლიდან 18 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 36 საათს, ხოლო 14 წლიდან 16 წლამდე ასაკის არასრულწლოვნისთვის – კვირაში 24 საათს. ამავე მუხლის მე-4 ნაწილით ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით, ხოლო მე-5 ნაწილი ადგენს, რომ ხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
განსახილველ დავაში, მხარეთა შორის არ არსებობს რაიმე სახის შეთანხმება ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულების პირობებსა და ანაზღაურების წესზე.
გარდა იმისა, რომ არც შრომის კოდექსში და არც სხვა რაიმე სამართლებრივ დოკუმენტში საუბარი არ გახლავთ ზეგანაკვეთურ სამუშაოზე, სასამართლომ ასევე არ გაიზიარა მოპასუხის განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დასტურდება მოსარჩელის მხრიდან მოპასუხის სასარგებლოდ ზეგანაკვეთურად სამუშაოს შესრულების ფაქტი, რაც მისი ანაზღაურების საფუძველი შეიძლება გამხდარიყო. აღნიშნულზე მსჯელობისას სასამართლო ყურადღებას იმ გარემოებაზე ამახვილებს, რომ დასაქმებულს ჰქონდა აბსოლუტურად მოქნილი სამუშაო გრაფიკი, ისე, რომ მას არ ევალებოდა კომპანიის ოფისში ყოფნა მაგალითად 09:00-18:00 საათებში, შესვენების გათვალისწინებით, როგორც ეს სტანდარტულად შეიძლება იქნეს გაწერილი, კვირაში 5 დღე 8 საათიანი სამუშაო გრაფიკით. შესაბამისად, იმ პირობებში, რაც მოსარჩელეს ჰქონდა, დამატებითი საათების მუშაობა არ დადასტურდა, მით უფრო, რომ მოწმის ჩვენებით სასამართლომ ისიც დაადგინა, რომ შაბათი ნაწილობრივ სამუშაო დღესაც წარმოადგენდა. შესაბამისად, ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 22-ე მუხლის ითვალისწინებს დასაქმებულისთვის შვებულების მიცემის წესსა და პირობებს.
სშკ-ის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დასაქმებულს შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშობა მუშაობის თერთმეტი თვის შემდეგ. დასაქმებულს მხარეთა შეთანხმებით შვებულება შეიძლება მიეცეს აღნიშნული ვადის გასვლამდეც.
სასამართლო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ მართალია საკანონმდებლო ნორმა დასაქმებულს აძლევს უფლებას მოითხოვოს კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულება, მაგრამ როგორც განსახილველი დავის მასალებიდან დგინდება, მოსარჩელეს არ მიუმართავს აღნიშნული მოთხოვნით უფლებამოსილი პირისთვის. შესაბამისად, სარჩელი ამ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.3. დაუსაბუთებელია ი----- გ--------ის მოთხოვნა 1 თვის თანამდებობრივი სარგოს ანაზღაურების თაობაზეც.
საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებულია დამსაქმებლის ვალდებულება გადაუხადოს კომპენსაცია დასაქმებულს, თუ გათავისუფლება მოხდა სშკ-ის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „ვ“, „ი“ და „ო“ ქვეპუნქტებით (37.1, 37.2) ან „დ“ ქვექპუნტით (37.3). განსახილველ დავაში სადავო ბრძანება ეფუძნება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნტს. (ბრძანება სადავოდ არ არის გამხდარი მოსარჩელის მიერ). შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილშიც არ არის დასაბუთებული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე ნორმის მიხედვით, მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილით, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და ვინაიდან მისი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
რაც შეეხება სხვა სასამართლო ხარჯებს, მოპასუხე ითხოვს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურებას და იმის გათვალისწინებით რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მოსარჩელეს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრება წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ი----- გ--------ის სარჩელი შპს „ს---------------ის“ მიმართ არ დაკმაყოფილდეს;
2. მოსარჩელე ი----- გ--------ეს შპს „ს---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს წარმომადგენლის მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურება 200 ლარის ოდენობით;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მაია გიგაური