გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.11.2018
საქმის ნომერი
330310018002505963
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების თაობაზე
თარიღი
29.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/3845-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ბუსკაძე

სხდომის მდივანი ნინო ჭაბუკიანი

 

მოსარჩელე - ბ-----------------------–ი

 

წარმომადგენელი - გ--------------ი

 

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

 

წარმომადგენელი - მ---------–---–---–ი

 

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

 

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

 

დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა ბ-----------------------–ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე;

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის №203 ბრძანებულება საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ (დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა იხ: 2018 წლის 21 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი, 14:12:28).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

2.2. მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს თ--------------------–--ის მოქალაქე ბ-----------------------–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ბ-----------------------–ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 22.02.2018წ. განცხადება საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ (ს.ფ. 61-72).

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის №1----------- გადაწყვეტილებით საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონისა და ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების შესაბამისად დაუდგინდა ხარვეზი და დაევალა: დაბადების მოწმობის ან დაბადების ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენა და მომსახურების საფასურის გადახდა. ამავე გადაწყვეტილებით ბ-----------------------–ის კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნული დოკუმენტის/ინფორმაციის წარსადგენად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 28 მარტამდე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 26 თებერვლის N1----------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 98-99).

3.1.3. ხარვეზის შევსების შემდგომ, საკითხის განხილვის ფარგლებში, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ 2018 წლის 27 მარტს №1---------/1 წერილით მიმართა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტს და სთხოვა ეცნობებინა - არსებობდა თუ არა ბ-----------------------–ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმის საფუძვლები.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის SSG 5------------ წერილით სააგენტოს ეცნობა, რომ დეპარტამენტს საქმეში მითითებული პირის შესახებ ინფორმაცია არ გააჩნდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 მარტის №1---------/1 წერილი (ს.ფ. 91);

- სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის 2018 წლის 25 აპრილის SSG 5------------ წერილი (ს.ფ. 92).

 

3.1.4. მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 21 მაისს N---- სხდომის ოქმის თანახმად, მიღებული ინფორმაციისა და ბ-----------------------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების შესახებ, ადმინისტრაციული წარმოების მასალებზე დაყრდნობით, კომისიამ იმსჯელა აღნიშნული პირის მიმართ საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის, მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის შესახებ და დაადგინა, რომ საქართველო/თურქეთის მოქალაქის ბ-----------------------–ის მიმართ, არ არსებობდა საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული, საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების პირობები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ,,მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის წესის“ დამტკიცების თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2015 წლის 3 დეკემბრის N110 ბრძანებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოქალაქეობის საკითხთა კომისიის ოქმის საფუძველზე უარყოფითი დასკვნის მომზადება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე კი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისს მომზადდა N1--------- უარყოფითი დასკვნა თ--------------------–--ის მოქალაქის ბ-----------------------–ის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 21 მაისს N---- სხდომის ოქმი (ს.ფ. 104-106);

- მოქალაქეობის საკითხთა კომისიის 2018 წლის 21 მაისს N---- სხდომის ოქმი (ს.ფ. 107-108);

 

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა (13-14).

 

3.1.5. დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- უარყოფითი დასკვნა, საქმის მასალებთან ერთად, გაეგზავნა საქართველოს პრეზიდენტს, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა (13-14);

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 21.05.2018წ. N1---------/1 მიმართვა (ს.ფ. 97).

 

3.1.6. საქმეზე ასევე დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- უარყოფითი დასკვნა დაბრუნებულ იქნა სააგენტოში სამართლებრივი აქტის გამოუცემლად, რაც საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულების 21-ე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, ითვლებოდა ბ-----------------------–ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭებაზე უარის თქმად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის 2018 წლის 22 მაისის N---- მიმართვა (ს.ფ. 96).

 

3.1.7. ზემოაღნიშნული საქმის განხილვისას, შესწავლილ იქნა საქართველოსთან ბ-----------------------–ის სამართლებრივი კავშირი და დადგინდა, რომ იგი ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ. ამდენად, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის N237 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-40 მუხლის თანახმად, ასევე განხილულ იქნა ბ-----------------------–ის მიმართ საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძვლების არსებობა.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისს მომზადდა N1--------- დასკვნა ბ-----------------------–ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ბ-----------------------–ის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა (128).

3.1.8. დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბ-----------------------–ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულება (ს.ფ. 126-127).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბ-----------------------–ის სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ’’ საქართველოს ორგანული კანონი, საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულება’’.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ სადავოდ გამხდარი საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს მისი სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნასთან ერთობლიობაში განხილვას, მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა დამოუკიდებლად ვერ ჩაითვლება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად. შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად, დავის განხილვისას ერთობლიობაში უნდა შემოწმდეს მათი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან და სადავო სფეროში მოქმედი სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.

 

6.2. სასამართლო განმარტავს, რომ მოქალაქეობა ნიშნავს პირის პოლიტიკურ სამართლებრივ კავშირს საქართველოს სახელმწიფოსთან, რაც გამოიხატება ურთიერთსანაცვლო უფლება-მოვალეობათა ერთიანობით, ემყარება ადამიანის ღირსების პატივისცემას, მისი უფლებებისა და თავისუფლებების აღიარებას.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-32 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებით ან ნატურალიზაციით. საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და დაკარგვის წესი, სხვა სახელმწიფოს მოქალაქისთვის საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პირობები და წესი და საქართველოს მოქალაქის მიერ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობის ფლობის პირობები განისაზღვრება ორგანული კანონით.

 

თავის მხრივ, საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ განსაზღვრავს საქართველოს მოქალაქეობის ძირითად პრინციპებს, ადგენს საქართველოს მოქალაქეების სამართლებრივ მდგომარეობას და საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა და შეწყვეტის საფუძვლებს.

 

„საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება: ა) დაბადებით და ბ) ნატურალიზაციით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტი განსაზღვრავს, რომ ნატურალიზაცია ხორციელდება საქართველოს პრეზიდენტის მიერ საქართველოს მოქალაქეობის მინიჭებით. მე-3 პუნქტის შესაბამისად კი, ნატურალიზაციის სახეებია: ა) საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება; ბ) საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭება; გ) საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება; დ) საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის წესით მინიჭება.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს: ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არცერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია.

 

თავის მხრივ, „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლით განსაზღვრულია საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის სახეები, კერძოდ, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) ამ კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. ამავე საკანონმდებლო აქტის 21-ე მუხლის პირველის პუნქტის თანახმად კი (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია), საქართველოს მოქალაქე დაკარგავს საქართველოს მოქალაქეობას, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოიპოვებს; გ) სხვა ქვეყნის მოქალაქეობას მოიპოვებს.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების ან შეწყვეტის შესახებ განცხადებისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ წარდგინების დაკმაყოფილების შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტი გამოსცემს ბრძანებულებას, ხოლო ამ განცხადებასა და წარდგინებაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – განკარგულებას.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 10 ივნისის №237 ბრძანებულებით დამტკიცებული ,,საქართველოს მოქალაქეობის საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტის შესახებ დებულებით’’ განსაზღვრულია „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის (შემდეგში – კანონი) შესაბამისად საქართველოს მოქალაქეობის მოპოვებისა (საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით მინიჭება, გამარტივებული წესით მინიჭება, საგამონაკლისო წესით მინიჭება, აღდგენის წესით მინიჭება, საქართველოს მოქალაქეობის დადგენა) და საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის (საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა, საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვა), აგრეთვე საპატიო მოქალაქეობის მინიჭების საკითხთა განხილვა-გადაწყვეტის, მოქალაქეობის საკითხებზე მიღებულ გადაწყვეტილებათა აღსრულების, მათი კონტროლისა და მოქალაქეობის საკითხთა სტატისტიკის წარმოების წესები.

 

მითითებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოში დადგენილია ერთიანი მოქალაქეობა. საქართველოს მოქალაქე იმავდროულად არ შეიძლება იყოს სხვა ქვეყნის მოქალაქე, გარდა კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამავე დებულების მე-4 მუხლის თანახმად კი, საქართველოს მოქალაქეობა მოიპოვება დაბადებითა და ნატურალიზაციით. თავის მხრივ, დებულების 25-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობას დაბადებით მოიპოვებს: ა) პირი, რომლის დაბადების მომენტისათვის მისი ერთ-ერთი მშობელი საქართველოს მოქალაქეა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად (სუროგაციით) დაბადებული პირი, თუ მისი არც ერთი მშობლის მოქალაქეობის ქვეყანა მას საკუთარ მოქალაქედ არ მიიჩნევს; გ) საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირთა შვილი, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიბადა; დ) საქართველოს ტერიტორიაზე დაბადებული პირი, რომლის ერთ-ერთი მშობელი საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირია, ხოლო მეორე მშობელი უცნობია. დებულების 38-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდება: ა) საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით; ბ) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვით; გ) კანონის მე-11 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მე-40 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით კი, პირი საქართველოს მოქალაქეობას დაკარგავს, თუ: ა) საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე შევა სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ან პოლიციის ან უშიშროების სამსახურში; ბ) მოიპოვებს საქართველოს მოქალაქეობას ყალბი დოკუმენტების წარდგენით; გ) მოიპოვებს სხვა ქვეყნის მოქალაქეობას.

 

თავის მხრივ, ზემომითითებული დებულების 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების, საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლისა და საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტოს მიერ წარდგენილი დასკვნის საფუძველზე იღებს საქართველოს პრეზიდენტი.

 

6.3. განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით, კერძოდ, სსგს მოქალაქეობისა და მიგრაციის სამსახურის 21.05.2018 წლის საინფორმაციო ბარათით დასტურდება, რომ ბ-----------------------–ის დედა ნ-------------- 2018 წლის 21 მაისის მდგომარეობით იყო საქართველოს მოქალაქე. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელეზე არ იყო გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა, 2016 წლის 15 ივლისს დაბადებული ბ-----------------------–ი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-10 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად ითვლებოდა საქართველოს მოქალაქედ.

 

საქმეზე ასევე დადგენილია, რომ 2018 წლის 22 თებერვალს ბ-----------------------–ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტს და საქართველოს კონსტიტუციის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მოითხოვა ბ-----------------------–ისთვის საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭება. ადმინისტრაციული წარმოების პროცესში, გამოვლინდა, რომ ბ-----------------------–ის მინიჭებული ჰქონდა თ--------------------–--ის მოქალაქეობა. ამდენად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 21 მაისს მომზადდა N1--------- დასკვნა ბ-----------------------–ის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, ვინაიდან ბ-----------------------–ის მიმართ არსებობდა ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის საფუძველი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულებით, ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით ბ-----------------------–ის შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბ-----------------------–ის მიღებული აქვს თ--------------------–--ის მოქალაქეობა, რასაც მოსარჩელე მხარეც არ ხდის სადავოდ, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნა და საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულება ,,საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-19 მუხლის ,,ბ“ ქვეპუნქტის, 21-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტისა და 25-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვებასთან დაკავშირებით საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე, შეესაბამება კანონმდებლობას და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

6.4. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამასთან, კანონმდებელი მითითებული მუხლის მე-2 ნაწილში აზუსტებს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 24 მაისის N--- ბრძანებულების და შესაბამისად, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 21 მაისის N1--------- დასკვნის ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც ბ-----------------------–ის უარი უნდა ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ხოლო ამავე კოდექსის 37-ე მუხლის მე-2 ნაწილი თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელწიფო ბაჟი, რაც მოსარჩელის მიერ გადახდილია დავის საგნის მოცულობის პროპორციულად. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ საქმეზე სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს უცვლელი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ბ-----------------------–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 100 (ასი) ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ნათია ბუსკაძე