გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #2/6574-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30 ოქტომბერი 2018 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია
სხდომის მდივანი: ანა კალანდაძე
მოსარჩელე - სე---------------ი
წარმომადგენლები - გრ-----–----–----ე, მა-------------------ა
მოპასუხე - დი---------------ე
წარმომადგენელი - და-------------–---–-------------------–ი
დაინტერესებული პირი - სსიპ სოციალური მომსახურების ძ---–-------–----
სოციალური მომსახურების ცენტრი
წარმომადგენლი -მა------–-----ე
დავის საგანი - არასრულწლოვნების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 200--–-–------------------ს დაბადებული არ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად მოსარჩელე სე---------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
სარჩელის საფუძვლები:
მოსარჩელე მოპასუხესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2004 წლის 02 სექტემბრიდან, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - არ-----------------ი, დაბადებული 200--–-–------------------ს. მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე #2--------), ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მოპასუხეს განუსაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი, მაგრამ მას მოპასუხის მხრიდან არ ეძლევა შვილთან ურთიერთობის საშუალება. მოპასუხემ შექმნა ახალი ოჯახი, ხოლო არასრულწლოვანს გამომდინარე იქედან, რომ არ სურს დედასთან და მის მეუღლესთან ცხოვრება, ცხოვრობს მოპასუხის დედასთან, რომელიც სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს მას. ბავშვს აქვს ბრტყელიტერფი, შესაძლოა დაერღვეს ხერხემლის ფორმირება, ხოლო მოსარჩელეს დღემდე არ განუხორციელებია ექიმთან ვიზიტი, რის გამოც მან მიიყვანა შვილი ექიმთან, რომლის რეკომენდაციითაც გააფორმა ერთთვიანი ხელშეკრულება სპორტკომპლექს ,,სპ------------–ი“, ამასთან, ჰქონდა სურვილი შვილისთვის შეეძინა სპეციალური ფეხსაცმელი, მაგრამ მოპასუხე არ აძლევს ფეხსაცმლის შეძენის ნებას და არც ბავშვი გაუშვა საცურაო აუზზე, იმ მიზეზით, რომ ზამთრის პერიოდში გაცივდებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხე ყველა ღონეს ხმარობს, რომ დააშოროს შვილი მამას, არიგებენ მის საწინააღმდეგოდ. მისი განმარტებით მას გააჩნია ყველა პირობა იმისა, რომ შვილი აღზარდოს ჯანმრთელ და ჯანსაღ გარემოში, მიაღებინოს განათლება და იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, რის გამოც ითხოვს არასრულწლოვანი შვილის - არ-----------------ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მასთან, მისამართზე: ქ. თბილისი, ზე-------------–------------.
მოსარჩელე მოთხოვნას ამყარებს შემდეგ სამართლებრივ საფუძვლებზე: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197,-ე, 1198-ე, 1199-ე, 1201-ე, 1202-ე მუხლები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
სარჩელი ( იხილეთ ს. ფ. 1-13),მოსარჩელის ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი);
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. წარმოდგენილ შესაგებელში მოპასუხე დი---------------ემ არ ცნო სარჩელი, შვილის- არ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად, მამის- სე---------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნით.
მოპასუხის მითითებით, სასამართლო გადაწყვეტილებით მხარეებს შორის ნამდვილად მოხდა განქორწინება. ხელშეკრულება სპორტკომპლექს ,,სპ------------–ი“ მოსარჩელესთან ნამდვილად იქნა გაფორმებული 2018 წლის 16 იანვარს, მაგრამ ის წინააღმდეგი იყო ზამთრის პერიოდში ბავშვს ევლო საცურაო აუზზე, რადგან პირველივე ვიზიტის შემდეგ გახდა ცუდად და ჰქონდა მაღალი ტემპერატურა. მოპასუხის განმარტებით, წლებია მას ზაფხულის პერიოდში, საჭიროებიდან გამომდინარე ბავშვი დაჰყავს საცურაო აუზზე. ბავშვმა თავად თქვა უარი მამასთან შეხვედრაზე, რადგან გახლდათ მამაზე განაწყენებული და არ სურს მასთან შეხვედრა. აღნიშნულმა გარემოებამ გამოიწვია მოსარჩელის გაღიზიანება და საპატრულო ეკიპაჟის გამოძახება. მოპასუხე მიუთითებს, რომ მან შექმნა ახალი ოჯახი, მის მეუღლეს აქვს ძალიან კარგი დამოკიდებულება მის შვილთან - არ----------------თან. არ------- ცხოვრობს მოპასუხის დედასთან, რომელმაც თავად გამოთქვა მასთან ცხოვრების სურვილი. დი---------------ე არ აკლებს შვილს ზრუნვას და დედობრივ სითბოს. ბავშვს თავად არ სურს მამასთან ურთიერთობა, ვინაიდან მათ შორის მოხდა შელაპარაკება და მამამ მას ხელიც კი დაარტყა. დი---------------ის მითითებით, იგი არის აყვანილი შვილი, რის შესახებაც არ იცოდა მისმა შვილმა - არ----------------მა და ვიდრე შეიტყობდა მას მამისგან, რომელსაც ჰქონდა ამის მცდელობა, დედასთან შეთანხმებით სიმართლე უთხრა შვილს, რადგან თავად მამა ხშირად განაწყობდა ბავშვს ბებიის წინააღმდეგ და ეუბნებოდა, რომ როგორ შეიძლებოდა ბებიის შეყვარება, როდესაც დედამისი იყო ნაშვილები.
მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნას მიიჩნევს უსაფუძვლოდ და განმარტავს, რომ ბავშვი თავად არის წინააღმდეგი მამასთან ურთიერთობის და შესაბამისად მამასთან ცხოვრების.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
შესაგებელი ( იხილეთ ს. ფ.37-45),მოპასუხის ახსნა-განმარტება. (იხ.სხდომის ოქმი)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის #8----ის (24/04/2018წ) მიხედვით, არასრულწლოვანი საკუთარი სურვილით ცხოვრობს ბებიასთან, დი---------------ის დედასთან - ლი-–------------------ნ და ბებიის მეუღლესთან - ედ----------------------ნ ერთად, ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი, პირადი ნივთები, სეზონური ტანსაცმელი. ბებიის გადმოცემით ოჯახის შემოსავალი არის 1500 ლარის ოდენობით, რაც ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება. არ------- არის ქ. თ---–---------ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. დედა ხშირად აკითხავს სკოლაში და პასუხისმგებლობით ეკიდება მის განათლებას, ხელს უწყობს და ეხმარება მას. ბავშვი დადის ქართულის და ინგლისურის წრეებზე, ხოლო დანარჩენ საგნებში ბებია ამეცადინებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენილის დაკვირვებით დედის და ბებიის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაში #8----ის (24/04/2018წ) ასევე მითითებულია, რომ სე---------------ი ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. ფ-------–---------------------3, ძმასთან - ე----------------------ნ ერთად, ერთოთახიან ბინაში, სადაც კარგი საცხოვრებელი პირობებია, ბინაში დგას ავეჯი და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით. საე---------------ის შემოსავალი არასტაბილურია, დაახლოებით თვეში 1000 ლარის ოდენობით. სე---------------ის გადმოცემით, იგი გარკვეული პერიოდი არ იმყოფებოდა საქართველიოში, ბავშვთან ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტით, რამდენიმე თვეა დაბრუნდა საქართველოში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდასა და განვითარებაში.
დასკვნაში მითითებულია, რომ არასრულწლოვანის გადმოცემით, მას არ სურს მამასთან ურთიერთობა, რადგან მათ შორის მოხდა შელაპარაკება და მამამ სახეში ხელი დაარტყა. აღნიშნული ფაქტის შემდეგ ბავშვი კატეგორიულად გამორიცხავს მამასთან საცხოვრებლად გადასვლას. მამა - სე---------------ი კატეგორიულად უარყოფს მითითებულ ფაქტს და განმარტავს, რომ თავად ბავშვმა დაარტყა ხელი სახეში და მან მხოლოდ მისი ხელი მოიშორა. მისი გადმოცემით ის არასოდეს დაარტყამს ხელს საკუთარ შვილს, რადგან ეს მისთვის მიუღებელია.
სასამართლო სხდომაზე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა მა------–-----ემ მიუთითა, რომ ფსიქოლოგმა გამოიკვლია არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დამოკიდებულება საკითხთან და ფსიქოლოგის დასკვნაში არ ფიქსირდება ერთ-ერთი მშობლის მხრიდან უარყოფითი გავლენის შედეგი. არასრულწლოვანმა დააფიქსირა თავისი პოზიცია, მან განმარტა, რომ მამასთან ჰქონდა მშვიდი და კარგი დამოკიდებულება, მაგრამ შემდგომ გამომდინარე იქედან, რომ მათ შორის მოხდა შელაპარაკება არ სურს მამასთან ურთიერთობა, რადგან მამის აგრესიის გამო მასთან ურთიერთობის სურვილი დაეკარგა. არსებობს უარყოფითი გავლენა და შეცდომები მამის მხრიდან ბავშვთან ურთიერთობაში, ასევე, გასათვალისწინებელია ფსიქოლოგის დახმარება, რაც ხელს შეუწყობს შვილსა და მშობელს შორის ურთიერთობის აღგენას. მეთოდი და გზა ბავშვთან ურთიერთობის უნდა შეიცვალოს მამის მხრიდან, რაც მაგალითი იქნება არასრულწლოვანისათვის. საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას კი გასათვალისწინებელია არასრულწლოვანის ინტერესი და ნება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #8----ის (24/04/2018წ) ( ს. ფ. 61)
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლების ახსნა-განმარტება (იხ.სხდომის ოქმი)
არასრულწლოვანი არ----------------ის პოზიცია
სასამართლო სხდომაზე არ----------------ის განმარტებით ის სწავლობს კარგად, ზაფხულობით დადის ცურვის წრეზე, უნდა, რომ მშობლებთან ჰქონდეს კარგი ურთიერთობა, მაგრამ მამა აიძულებს, რომ იცხოვროს მასთან, რაც მისი სურვილი არ არის, ის ეუბნებოდა, რომ თუ მასთან არ გადავიდოდა საცხოვრებლად მისთვის საფლავის ქვას შეუკვეთავდა, მამა ყოველთვის განაწყობდა დედის და ბებიის საწინააღმდეგოდ. დედა ხშირად არის მასთან, ასევე ხშირად უშვებდა მამასთან, მაგრამ იგი ამჟამად ნაწყენია მამაზე და არ აქვს მამასთან საცხოვრებლად გადასვლის სურვილი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე სე---------------ი მოპასუხე დი---------------ესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა 2004 წლის 02 სექტემბრიდან, მხარეებს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი - არ-----------------ი, დაბადებული 200--–-–------------------ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- არ----------------ის დაბადების მოწმობა ნრ №------ (ს.ფ 16);
-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.2. მხარეებს შორის ქორწინება შეწყდა 2009 წლის 5 მაისის გადაწყვეტილებით (საქმე #2--------), ამავე გადაწყვეტილებით სასამართლომ მოპასუხეს დააკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ, არასრულწლოვანი შვილის - არ----------------ის რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის გადახდა 70 ლარის ოდენობით და განუსაზღვრა შვილთან ურთიერთობის წესი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 05.05.2009წ. სასამართლო სხდომის ოქმი (იხ.ს.ფ.14)
- განქორწინების მოწმობა (იხ.ს.ფ.15)
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი).
3.1.3. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის #72-ე სკოლის მიერ გაცემული 07/05/2018წ. #----- დახასიათების მიხედვით, არ----------------ი ქ. თ---–---------ე საჯარო სკოლის, მე-7ბ კლასის მოსწავლეა. ის არის კარგი ყოფაქცევის, პასუხისმგებლობის მქონე და კარგად აღზრდილი მოსწავლე, ყოველთვის მომზადებული, ყურადღებიანი და აქტიურია. დედა და ბებია დიდ ყურადღებას აქცევენ შვილის და შვილიშვილის აღზრდას. ყოველთვის დაინტერესებული არიან არ-------ს სწავლით და აქტიურ მონაწილეობას იღებენ მოსწავლის ცხოვრებაში. ბებია ეხმარება შვილიშვილს სასკოლო პროექტების მომზადებისას და ზრუნავს მის განვითარებაზე. დახასიათებაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე სასწავლო წლის იანვრიდან არ------- ნაკლებად ყურადღებიანი გახდა, რადგან მოსწავლე განიცდის თავის ცხოვრების რთულ პერიოდს, მიუხედავად ამისა, ის იშვიათად აცდენს გაკვეთილებს და ყოველთვის მომზადებული მოდის სკოლაში. ბავშვს არ აკლია დედისა და ბებიის სიყვარული და ყურადღება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- ქ. თ---–---------ე საჯარო სკოლის მიერ გაცემული დახასიათება 07/05/2018წ. #----- და ნიშნების ფურცელი (ს.ფ.74-76).
3.1.4. საქმეში წარმოდგენილი შპს ს------–-----–------------–------“ მიერ 25.01.2015წ. #2-- და 01.05.2---–------- გაცემული ცნობების მიხედვით - არ----------------ის დიაგნოზს წარმოადგენს ბრტყელვალგუსური ტერფები Q----
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);
- სამედიცინო ცენტრი ალმედის მიერ 25.01.2015წ. #2-- გაცემული ცნობა (ს.ფ.19)
3.1.5. სე---------------მა გაიარა გიდის კურსები, მისი შემოსავალი არასტაბილურია, დაახლოებით თვეში 1000 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #8--- (24/04/2018წ) (ს.ფ.61).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. 01.05.2018წ. #--------–---------------------“ მიერ გაცემული ცნობის მიხედვით არ----------------ი დადის საცურაო აუზზე ცურვის შემსწავლელ ჯგუფში 2013 წლიდან დღემდე ზაფხულის პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო). ერთი თვის გადასახადი შეადგენს 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარს, რომელსაც იხდის ბავშვის დედა დი---------------ე (პ/ნ 0----------).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 01.05.2018წ. #--------–---------------------“ მიერ გაცემული ცნობა ( ს. ფ. 79).
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სხდომის ოქმი);
3.2.2. 16.01.2018წ. ერთის მხრივ სპორტკომპლექს ,,სპ-------------“ და მეორეს მხრივ არ----------------ის კანონიერ წარმომადგენელს - სე---------------ს შორის დადებული ხელშეკრულების მიხედვით, არ----------------ი, მომსახურების საფასურის - 98 ლარის გადახდის საფუძველზე ჩაირიცხა წყალბურთის სპორტის სექციის 12 გაკვეთილზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 16.01.2018წ. სპორტკომპლექს ,,სპ-------------“ არ----------------ის კანონიერ წარმომადგენელს - სე---------------ს შორის დადებული ხელშეკრულება ( ს. ფ. 20).
- შესაგებელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სხდომის ოქმი);
3.2.3. 10.01.2018წ. გაცემული, შპს ,,შ–----------–--------–----–----–-------ს ქვითრის (სალაროს შემოსავლის ორდერი #16) მიხედვით არ----------------ის სუპინატორის შესაძენად გადახდილი იქნა 180 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10.01.2018წ. გაცემული შპს ,,შ–----------–--------–----–----–-------ს ქვითარი (სალაროს შემოსავლის ორდერი #16) ( ს. ფ. 21).
- შესაგებელი, მოსარჩელის ახსნა-განმარტება ( იხ.სხდომის ოქმი);
3.2.4. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნის #8----ის (24/04/2018წ) მიხედვით, არასრულწლოვანი საკუთარი სურვილით ცხოვრობს ბებიასთან, დი---------------ის დედასთან - ლი-–------------------ნ და ბებიის მეუღლესთან - ედ----------------------ნ ერთად, ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი, პირადი ნივთები, სეზონური ტანსაცმელი. ბებიის გადმოცემით ოჯახის შემოსავალი არის 1500 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილი დასკვნა #8--- (24/04/2018წ) (ს.ფ.61).
3.2.5. საქმეში წარმოდგენილი ქ. თბილისის საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმის 18/01/2018წ. მიხედვით, დაფიქსირდა, რომ მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, ო--------–-------- სე---------------ის მიერ, კონფლიქტური სიტუაციის თავიდან აცილების გამო, გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია 12 წლის შვილის - არ----------------ის ნახვის მიზნით, რომელსაც ჰქონდა ვირუსული გრიპი, თუმცა არ----------------მა უარი განაცხადა მამის ნახვაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქ.თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს კრ–-----ს II ოცეულის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმი 18/01/2018წ (ს.ფ17-18);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი).
3.2.6. საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან არ----------------ზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი მშობლების მხრიდან;
არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიური ზეგავლენის ქმედების შეფასების თვალსაზრისით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს განმარტებაზე, ასევე, თავად არასრულწლოვანის პოზიციაზე. მართალია, ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არასრულწლოვანი გულისწყრომას გამოხატავს მამის მიმართ და ამ ეტაპზე მას არ გააჩნია მასთან ცხოვრების სურვილი, მაგრამ როგორც მეურვეობის და მზრუნველობის ორგანო მიუთითებს, ფსიქოლოგმა გამოიკვლია არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დამოკიდებულება საკითხთან და ფსიქოლოგის დასკვნაში არ ფიქსირდება ერთ-ერთი მშობლის მხრიდან უარყოფითი გავლენის შედეგი, რაც მიუთითებს, რომ არასრულწლოვანის მხრიდან შესაძლებელია მომავალში მოხდეს მამის მიმართ უარყოფითი ემოციის გაქარწყლება და შესაძლო ხელყოფილი უფლებების რესტიტუცია, რაც ასევე დამოკიდებული იქნება არასრულწლოვანის მამის მხრიდან, განხორციელებულ მოქმედებებზე რაც ხელს შეუწყობს შვილსა და მშობელს შორის ურთიერთობის აღგენას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან არ იკვეთება არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის შეცვლის მიზანშეწონილობა, ასევე, არ წარმოადგენს ბავშვის სურვილს, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1199-ე, 1197-ე, 1198-ე, მუხლები.
,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-12, მე-14, მე-18 მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.2. მოსარჩელემ მოითხოვა არასრულწლოვანი არ-----------------ის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.
დადგენილია, რომ 200--–-–------------------ს დაბადებული არ-----------------ი არის დი---------------ის და სე---------------ის შვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, 1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
უდავო გარემოებაა, რომ 2009 წლის 05 მაისიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად, ასევე, დადგენილია, რომ მოპასუხე - დი---------------ემ შექმნა ახალი ოჯახი, არასრულწლოვანი საკუთარი სურვილით ცხოვრობს ბებიასთან, დი---------------ის დედასთან - ლი-–------------------ნ და ბებიის მეუღლესთან - ედ----------------------ნ ერთად. ბავშვს აქვს საკუთარი ოთახი, პირადი ნივთები, სეზონური ტანსაცმელი. ბებიის გადმოცემით ოჯახის შემოსავალი არის 1500 ლარის ოდენობით, რაც ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას ხმარდება. არასრულწლოვანი არის ქ. თ---–---------ე საჯარო სკოლის მე-7 კლასის ერთ-ერთი საუკეთესო მოსწავლე. დედა ხშირად აკითხავს სკოლაში და პასუხისმგებლობით ეკიდება მის განათლებას, ხელს უწყობს და ეხმარება მას. ბავშვი დადის ქართულის და ინგლისურის წრეებზე, ხოლო დანარჩენ საგნებში ბებია ამეცადინებს. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენილის დაკვირვებით დედის და ბებიის მხრიდან ბავშვზე განხორციელებული ზრუნვა დამაკმაყოფილებელია.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნაში #8----ის (24/04/2018წ) ასევე მითითებულია, რომ სე---------------ი ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, ზ. ფ-------–---------------------3 ძმასთან - ე----------------------ნ ერთად, ერთოთახიან ბინაში, სადაც კარგი საცხოვრებელი პირობებია, ბინაში დგას ავეჯი და აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკით. სე---------------ის შემოსავალი არასტაბილურია, დაახლოებით თვეში 1000 ლარის ოდენობით. სე---------------ის გადმოცემით ის გარკვეული პერიოდი არ იმყოფებოდა საქართველიოში, ბავშვთან ჰქონდა ურთიერთობა ინტერნეტით, რამდენიმე თვეა დაბრუნდა საქართველოში, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ უფრო მეტი დრო გაატაროს შვილთან და მონაწილეობა მიიღოს მის აღზრდასა და განვითარებაში.
მოსარჩელემ საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის შესახებ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა იმ გარემოებაზე, რომ არ----------------ის დიაგნოზს წარმოადგენს ბრტყელვალგუსური ტერფები, რის გამოც შესაძლოა მას დაერღვეს ხერხემლის ფორმირება, ხოლო მოპასუხეს დღემდე არ განუხორციელებია შვილის ექიმთან ვიზიტი. მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას გააჩნია ყველა პირობა იმისა, რომ შვილი აღზარდოს ჯანმრთელ და ჯანსაღ გარემოში, მიაღებინოს განათლება და იზრუნოს მის ჯანმრთელობაზე, რის გამოც ითხოვს შვილის - არ-----------------ის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს მასთან, მისამართზე: ქ. თბილისი, ზე-------------–------------.
მოპასუხე მხარის მიერ საქმეში წარმოდგენილია მტკიცებულება, დადგენილია და სადავო გარემოებას არ წარმოადგენს ის ფაქტი, რომ არ----------------ი დადის საცურაო აუზზე ცურვის შემსწავლელ ჯგუფში 2013 წლიდან დღემდე, ზაფხულის პერიოდში (ივნისი, ივლისი, აგვისტო), სადაც ერთი თვის გადასახადი შეადგენს 98 (ოთხმოცდათვრამეტი) ლარს, რომელსაც იხდის ბავშვის დედა - დი---------------ე (პ/ნ 0----------), აღნიშნული დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებით - შპს ,,სპ--------------“ მიერ 01.05.2018წ. #-15-18 გაცემული ცნობით.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
იმ ფატის მტკიცება, რომ მოპასუხე არ ზრუნავს შვილზე, არ ზრუნავს მის ჯანმრთელობაზე და აუცილებლობას წარმოადგენს ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მისი შვილის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, სსსკ-ის მე-4, 102-ე და 103-ე მუხლების თანახმად, წარმოადგენდა მოსარჩელის მტკიცების საგანს, ხოლო აღნიშნული მან ვერ დაძლია და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა და საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში, მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა იქნას მიჩნეული, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
შესაბამისად, მოსარჩელე მხარემ ვერ დაასაბუთა მის მიერ მითითებული გარემოება, რაც სასამართლოს გაუმყარებდა ვარაუდს, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, საცხოვრებელი ადგილის შეცვლასთან დაკავშირებით, კერძოდ მამის საცხორებელი ადგილის განსაზღვრისათვის.
სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალ-ცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.
საქმის განხილვის დროს არასრულწლოვან არ-----------------ზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სასამართლო ყურადღებას ამახვილებს არასრულწლოვანის მიმართ მშობლების მხრიდან ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუღებლობაზე, რადგან მსგავსი პროვოცირებით იქმნება რისკი ბავშვების არასწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისა და გამოუსწორებელი ზიანისა. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
სასამართლო მიიჩნევს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისას დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის მიჯაჭვულობას ერთ-ერთ მშობელთან, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპატიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის, ამასთან, ყურადღება უნდა მიეცეს ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს და ბავშვის ასაკს, რადგან ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე განისაზღვროს რომელ მშობელთან იქნება პრიორიტეტული ბავშვის დარჩენა. დადგენილია გარემოება იმის შესახებ, რომ არასრულწლოვანი არ----------------ი იზრდება დედის გარემოცვაში, კერძოდ დედის ოჯახთან, ბებიასთან, დი---------------ის დედასთან - ლი-–------------------ნ და ბებიის მეუღლესთან - ედ----------------------ნ ერთად, რაც მისივე სურვილითაა განპირობებული, ამასთან ის არის 13 წლის და მისი ასაკის გათვალისწინებას სხვა გარემოებებთან ერთად, მნიშვნელობა აქვს მისი მოთხოვნილების განსაზღვრაში, მისი საცხოვრებელი ადგილის პრიორიტეტების დადგენაში. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ბავშვი გარკვეულ გულისწყრომას განიცდის მამის მიმართ, რაც არის მიზეზი იმ გარემოების, რომ მის ინტერესს ამ ეტაპზე არ წარმოადგენს მამასთან ერთად ცხოვრების სურვილი.
სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება.
სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონევნციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.
“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.
ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.
შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში მართალია ორივე მშობელს აქვს მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, მაგრამ არსებითია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან, მისი ნება-სურვილიდან გამომდინარე განისაზღვროს საცხოვრებელი ადგილი, საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით.
სასამართლო იზიარებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის მიერ მითითებულ პოზიციას და აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას უპირატესი მნიშვნელობა უნდა მიენიჭოს თავად ბავშვის სურვილსა და ნებას, რომელიც თავის მხრივ შესაბამისობაში უნდა იყოს მის ინტერესებთან. კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მამასთან საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის უპირატეს მიზეზად იმ გარემოებას, რომ არასრულწლოვანს არ ექცევა სათანადო ყურადღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე დედის მხრიდან და ამ მდგომარეობიდან გამოსავალს წარმოადგენს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის შეცვლა, კერძოდ შვილის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რადგან აღნიშნული გარემოება საქმის მასალებით არ დასტურდება, პირიქით მოპასუხე მხარემ მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით შესძლო იმ გარემოების დამტკიცება და სასამართლოც დადგენილად მიიჩნევს, რომ არ----------------ი კარგი ყოფაქცევის, პასუხისმგებლობის მქონე და კარგად აღზრდილი მოსწავლეა, დედა და ბებია დიდ ყურადღებას აქცევენ შვილის და შვილიშვილის აღზრდას. ყოველთვის დაინტერესებული არიან არ-------ს სწავლით და აქტიურ მონაწილეობას იღებენ მის ცხოვრებაში. ბებია ეხმარება შვილიშვილს სასკოლო პროექტების მომზადებისას და ზრუნავს მის განვითარებაზე. დადგენილია, რომ ბავშვს არ აკლია დედისა და ბებიის სიყვარული, ყურადღება, დედა ზრუნავს შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და შესაბამისად არასრულწლოვანისთვის მისაღებ და თბილ გარემოს წარმოადგენს ადგილი, სადაც ამჟამად არის მისი საცხოვრებელი. არ----------------ის განვითარებისათვის უზრუნველყოფილია ყველა საჭირო პირობა, არასრულწლოვანისათვის შექმნილია უსაფრთხო და მზრუნველი გარემო.
შესაბამისად, საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი არ-----------------ის უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და ბავშვის საცხოვრებელ ადგილად მამის, სე---------------ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბავშვის ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით, მიზანშოწილია, მიმდინარე პერიოდისათვის არ მოხდეს მისი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბავშვის ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მის უფრო მეტ მიჯაჭვულობას დედასთან, რაც სასამართლო სხდომაზე ბავშვის მიერ გაჟღერებულ განმარტებაშიც გამოიკვეთა. ამდენად, არასრულწლოვანის - არ----------------ის ამ ეტაპზე არსებული მშვიდი, სტაბილური ფსიქო-ემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე მიზანშეწონილია, დამატებითი რისკების თავიდან აცილების მიზნით, საცხოვრებელი ადგილი დარჩეს უცვლელი.
ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინების იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გარეთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.
სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. სე---------------ს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და დი---------------ე მოვალეა ასევე ბავშვების ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნებში ორივე მშობლის მიმართ გაცემულ რეკომენდაციაზე და ასევე განუმარტავს მხარეებს, რომ რომ არასრულწლოვანი არ-----------------ის საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე უარის თქმის მიუხედავად, მოსარჩელე სე---------------ს უნარჩუნდება რა ბავშვთან ურთიერთობის უფლება, ამ უკანასკნელზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას. დი---------------ის კანონით დადგენილია ვალდებულებაა არ შეუზღუდოს მეორე მშობელს, სე---------------ს, შვილთან ურთიერთობის უფლება, კანონის შესრულება კი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. თუკი ადგილი ექნება დედის მხრიდან ამ მოვალეობის დარღვევას, ან ადგილი ექნება მხარეთა შეუთანხმებლობას შვილებთან ურთიერთობის წესთან დაკავშირებით, სე---------------ს უფლება აქვს მომართოს სასამართლოს დარღვეული უფლების აღდგენის თაობაზე.
ამდენად, სე---------------ის მოთხოვნა არასრულწლოვანი არ----------------ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სახელმწიფო ხარჯების გადახდისგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანის უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე, შესაბამისად სე---------------ი განთავისუფლებული იყო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე სე---------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან მიმართებით (ს.ფ. 25-26);
შესაბამისად, არსებობს მოსარჩელისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დაბრუნების საპროცესო-სამართლებრივი საფუძველი, რის გამიოც სე---------------ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 42-ე, 46-ე, 49-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. მოსარჩელე სე---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან;
3. სე---------------ს (პ/ნ 0----------) დაუბრუნდეს მა-------------------ას 28/02/2018წ. მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით, ( გადამხდელის ბანკი - სს,-------------ი“, საგადასახადო დავალება #0 სახაზინო კოდი 300773150);
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით;
მოსამართლე: ზოია კვარაცხელია