გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 16.08.2018
საქმის ნომერი
330310018002460916
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
16.08.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №-/3181-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

16 აგვისტო, 2018 წელი ქ. თბილისი

 

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე

სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი

 

მოსარჩელე - ლ---–-----------–---–ი

წარმომადგენელი - გ----------------–--–ი

 

მოპასუხე – საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

წარმომადგენელი - ხ-------------–---–ი

 

დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალება

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

დაევალოს მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მისი მეუღლის - გ------------ის 2012 წლის გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 (ათასოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, გ------------ეს სამსახურიდან დათხოვნისას ეკუთვნოდა 2012 წლის შვებულების გამოუყენებელი 45 დღის სარგოს - 1764 ლარის ანაზღაურება და იმის გათვალისწინებით, რომ სამინისტრომ მას აუნაზღაურა 734 ლარი, მისთვის გასაცემი თანხის ოდენობა შეადგენს 1030 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

მოპასუხე - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. გ-------–----–-------------ე მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში, კერძოდ, შეიარაღებულ ძალებში და მისი ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს.

 

სამხედრო ნაწილი 1-----ის მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით, სამხედრო ნაწილი 1-----ის ტექმომსახურებისა და რემონტის ა-----–------------------------------------------------------------------ უფროსი, მაიორი გ-------–----–-------------ე მოიხსნა ყველა სახის კმაყოფიდან 2012 წლის 2 აპრილიდან და წარდგენილ იქნა კონტრაქტის შეწყვეტაზე, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

 

2012 წლის 5 აპრილს სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურმა მიმართა სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურს ზემდგომ ხელმძღვანელობასთან შუამდგომლობის მოთხოვნით, ამავე ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ას----–-------------------------------------------------------------------------- უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით, 2012 წლის 2 აპრილიდან.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანებით, სახმელეთო ჯარების სარდლის მ/შ-ის 2012 წლის 21 აპრილის №---- შუამდგომლობა/პატაკის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ა-----–------------------------------------------------------------------ უფროსი (შტატი №8-------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან, ზღვრული ასაკის მიღწევის გამო.

 

სამხედრო ნაწილი 1-----ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანების საფუძველზე, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ა-----–------------------------------------------------------------------ უფროსი (შტატი №8-------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გ-------–----–-------------ის ნამსახურობის ნუსხა (ს.ფ. 73-82);

- სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანება (ს.ფ. 13);

- სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მეთაურის 2012 წლის 5 აპრილის №--- წერილი (ს.ფ. 98);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2012 წლის 10 მაისის №---- ბრძანება (ს.ფ. 11);

- სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანება (ს.ფ. 12).

 

3.2. სამხედრო ნაწილი 1-----ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან.

 

სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანება (ს.ფ. 14);

- სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანება (ს.ფ. 15).

 

3.3. სანოტარო აქტის - სამკვიდრო მოწმობის (რეგისტრაციის №---------, თარიღი: 27.01.2016წ.) თანახმად, ლ---–-----------–---–ი არის 2014 წლის 18 მაისს გარდაცვლილი გ------------ის პირველი რიგის კანონისმიერი მემკვიდრე - მეუღლე, რომელმაც სრულად მიიღო სამკვიდრო მასაში შემავალ ქონებაზე მოთხოვნის უფლება, მათ შორის სამკვიდრო ქონებაში შემავალ აქტივებზე და იმ მოთხოვნებზე, რომელიც ჰქონდა მამკვიდრებელს მესამე პირთა მიმართ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო წესით დამოწმებული სამკვიდრო მოწმობა, რეგისტრაციის №---------, თარიღი: 27.01.2016წ. (ს.ფ. 27-29).

 

3.4. ლ---–-----------–---–მა 2016 წლის 23 სექტემბერს და 28 ოქტომბერს განცხადებებით მიმართა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და მოითხოვა მისი ოჯახისათვის უკანონოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 04 ნოემბრის M---------------- წერილით ლ---–-----------–---–ს ეცნობა, რომ მისი მოთხოვნა წარმოადგენდა სასამართლო დავის საგანს და საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოკლებული იყო მისი მოთხოვნის განხილვის შესაძლებლობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ---–-----------–---–ის 2016 წლის 23 სექტემბრის №------ განცხადება (ს.ფ.17-18);

- ლ---–-----------–---–ის 2016 წლის 28 ოქტომბრის №------- ადმინისტრაციული საჩივარი (ს.ფ. 19-20);

- საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 2016 წლის 04 ნოემბრის M---------------- წერილი (ს.ფ. 21).

3.5. საქმის მასალების თანახმად, მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ყოფილ ს/მოსამსახურეს მაიორ გ-------–----–-------------ეს ზღვრული ასაკი შეუსრულდა 2012 წლის 2 აპრილს, რის გამოც ს/ნ 1---- მეთაურის 2012 წლის 1 აპრილის №-- ბრძანებით მოხსნილი იქნა ყველა სახის კმაყოფიდან და გაშვებული იქნა სამსახურიდან. ამის შემდეგ, იგი შეიარაღებული ძალების რიგებიდან ამორიცხვამდე (2012 წლის 10 მაისი) სამხედრო ნაწილში არ იმყოფებოდა და არც რაიმე სახის დავალებებს არ ასრულებდა. მაიორ გ-------–----–-------------ეს ერთჯერადი გასასვლელი დახმარება მიღებული აქვს 2012 წელს ს.თ.მ. 2007 წლის 26 სექტემბრის №560 ბრძანების 26-ე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ფულადი სარგოს (თანამდებობრივი 220 ლარი - წოდებრივი - 50 ლარი) ათმაგი ოდენობით (უწყისი №---), რაც ჯამში შეადგენს 2700,00 (ორიათსშვიდასი) ლარს. 2012 წლის საანგარიშო პერიოდში მაიორ გ-------–----–-------------ეს ნასარგებლები აქვს კუთვნილი შვებულებით 5 დღით (ცნობა №---), ხოლო დარჩენილი 25 (ოცდახუთი) დღის გამოუყენებელი შვებულების თანხა საერთო ჯამით 734,00 (შვიდასოცდათოთხმეტი) ლარი მიღებული აქვს 2012 წლის №- საშვებულებო უწყისით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2017 წლის 16 მარტის M---------------- წერილი (ს.ფ. 96);

- - სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის 2012 წლის 17 მაისის №--- ცნობა (ს.ფ. 106);

- უწყისი (ს.ფ. 104);

- 2012 წლის მაისის №--- უწყისი (ს.ფ. 105).

 

3.6. საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს (დარიცხული), კერძოდ, თანამდებობრივი სარგო - 220,00 ლარი, წოდებრივი სარგო - 50,00 ლარი, პროცენტული დანამატი ნამსახურობისათვის - 81,00 ლარი, დანამატი - 750,00 ლარი, კვების კომპენსაცია სარგო - 75,00 ლარი. ამასთან, კვების კომპენსაციის სარგო - 75 ლარი. კვების კომპენსაციის სარგო გაიცემა იმ შემთხვევაში, როცა არ დგას კმაყოფაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მიერ 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობა (ს.ფ. 22);

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ არსებობს ლ---–-----------–---–ის მიერ აღძრული სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი.

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულება“.

 

6. სამართლებრივი შეფასება:

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს, ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რეალაქტის განხორციელებით ან განუხორციელებლობით, დაინტერესებული პირის სუბიექტური უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვის სამართლებრივ საშუალებებს, კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე. ამავე კოდექსის 24-ე მუხლის საფუძველზე კი პირს უფლება აქვს სარჩელი შეიტანოს სასამართლოში ქმედების განხორციელების მოთხოვნით, ვინაიდან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალურ-ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემას. სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან რაიმე მოქმედებისაგან თავის შეკავება პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. რეალაქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს ისეთი საჯარო-სამართლებრივი ღონისძიება, რომელიც მიმართულია არა სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ, არამედ ფაქტობრივი შედეგის დადგომისაკენ.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელე მოითხოვს, რომ დაეკისროს მოპასუხეს მისი გარდაცვლილი მეუღლის (რომლის მემკვიდრესაც იგი წარმოადგენს) 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან გ------------ეს სამსახურიდან გათავისუფლების დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ეკუთვნოდა 45 დღიანი შვებულება, რითაც არ უსარგებლია და ამასთან, საშვებულებო თანხა მას აუნაზღაურდა მხოლოდ 734,00 ლარის ოდენობით.

 

ამრიგად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს, კანონშესაბამისია თუ არა მოსარჩელის მოთხოვნა მისი გარდაცვლილი მეუღლის - გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურების მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომლის 31-ე მუხლი ადგენს, რომ სამხედრო სამსახური არის სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებული სახე, რომელიც მოიცავს სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ) და კადრის სამხედრო სამსახურებს, აგრეთვე სარეზერვო სამხედრო სამსახურს სამხედრო შეკრებებისა და სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში. სამხედრო სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება ამ კანონით და სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს მთავრობა. სამხედრო სამსახურში გაწვევისა და სამხედრო მოსამსახურესთან სამსახურებრივი ურთიერთობების საკითხებზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი დისკრეციული უფლებამოსილებების ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება განისაზღვროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პერსონალის მართვის პოლიტიკის საკითხები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურედ ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც სამხედრო სამსახურს გადის საქართველოს სამხედრო ძალებში. სამხედრო მოსამსახურის სტატუსი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

 

მითითებული საკანონმდებლო აქტის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურის ზღვრულ ასაკს მიღწეული სამხედრო მოსამსახურე სამხედრო სამსახურიდან დაითხოვება რეზერვში ჩარიცხვით ან გადადგომით.

 

აღნიშნულ განმტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“, რომელიც არის „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონქვემდებარე აქტი და ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციასა და განსაზღვრავს საქართველოს სამხედრო ძალებში სამხედრო სამსახურის გავლის წესებს. დებულების პირველი თავის თანახმად, დებულების მოთხოვნები ვრცელდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის, საქართველოს შეიარაღებული ძალების, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, აგრეთვე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სამხედრო მოსამსახურეებზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავი არეგულირებს ოფიცერთა შემადგენლობის მიერ სამხედრო სამსახურის გავლის წესს, კერძოდ, ხსენებული თავის პირველი პუნქტის თანახმად, ოფიცერთა შემადგენლობა, მათი სამხედრო წოდებები, თანამდებობებზე დანიშვნა, უფლება-მოვალეობანი და სოციალური გარანტიები განსაზღვრულია კანონებით „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ და საერთო-საჯარისო წესდებებით.

 

საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-12 პუნქტითა და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 11-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილია, რომ ოჯახური მდგომარეობის გამო ან სხვა მიზეზით სამხედრო მოსამსახურეს შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი შვებულება 10 დღემდე ვადით. მოკლევადიანი შვებულება მორიგი შვებულების ანგარიშში არ ჩაითვლება.

 

ამდენად, კანონმდებელი ერთმანეთისგან განასხვავებს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების კუთვნილ შვებულებას და მოკლევადიან შვებულებას. იგი განსაზღვრავს რა თითოეულის ხანგრძლივობას, იმპერატიულად ადგენს, რომ მოკლევადიანი შვებულება არ ჩაითვლება კუთვნილი მორიგი შვებულების ანგარიშში.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ სამხედრო ნაწილი 1-----ის მეთაურის 2012 წლის 18 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად ჰოსპიტალიდან, 2012 წლის 15 თებერვლიდან და გაშვებული იქნა მოკლევადიან შვებულებაში 2012 წლის 18 თებერვლიდან 2012 წლის 23 თებერვლამდე და მოიხსნა საქვაბე კმაყოფიდან 19 თებერვლიდან. სამხედრო ნაწილის 1-----ის მეთაურის 2012 წლის 25 თებერვლის №-- ბრძანებით მაიორი გ-------–----–-------------ე ჩაითვალა დაბრუნებულად მოკლევადიანი შვებულებიდან 2012 წლის 25 თებერვლიდან და აყვანილ იქნა საქვაბე კმაყოფაზე, 2012 წლის 26 თებერვლიდან. აქედან გამომდინარეობს, რომ იგი 2012 წლის თებერვალში იმყოფებოდა მოკლევადიან შვებულებაში და არა კუთვნილ, მორიგ შვებულებაში. შესაბამისად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შვებულების შესახებ ბრძანებაში პირდაპირ არის მითითებული შვებულების სახე, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას 2012 წელს მის მიერ კუთვნილი შვებულებიდან 5 დღით სარგებლობასთან დაკავშირებით.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ოფიცერი სამხედრო სამსახურიდან შეიძლება დაითხოვონ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ და „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ კანონებით დადგენილ შემთხვევებში, მხოლოდ ხელქვეითობის წესით, ზღვრული ასაკის მიღწევისას.

 

ამავე თავის მე-6 პუნქტის თანახმად, სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს ზღვრული ასაკის, ავადმყოფობის გამო, რეორგანიზაციასთან და შტატების შემცირებასთან დაკავშირებით დათხოვნის წინ ეძლევა კუთვნილი შვებულება, რის შემდეგაც იგი იგზავნება სამხედრო-საექიმო კომისიაზე სამხედრო სამსახურისათვის ვარგისიანობის დასადგენად. ხოლო მე-8 პუნქტის მიხედვით, ოფიცერს და საკონტრაქტო (პროფესიული) სამსახურის სამხედრო მოსამსახურეს სამხედრო სამსახურის გავლის პერიოდში ეძლევათ მორიგი კუთვნილი შვებულებები შემდეგი ხანგრძლივობით: ა) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელზე ნაკლები - 30 დღე; ბ) რომელმაც იმსახურა სამხედრო ძალებში 10 კალენდარულ წელს და მეტ ხანს - 45 დღე.

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებით დადგენილად მიიჩნევს, რომ სახმელეთო ჯარების სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ას----–-------------------------------------------------------------------------- უფროსის, მაიორის გ-------–----–-------------ის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან 2012 წლის 2 აპრილიდან ზღვრული ასაკის გამო დათხოვნასთან დაკავშირებით უფლებამოსილი პირების მიერ გადაწყვეტილებების მიღება და ზემდგომ პირებთან შუამდგომლობებით მიმართვა დაიწყო 2012 წლის 5 აპრილს და საბოლოოდ, სამხედრო ნაწილი 1-----ის მეთაურის 2012 წლის 17 მაისის №-- ბრძანებით, უზრუნველყოფის ბატალიონის ტექმომსახურებისა და რემონტის ა-----–------------------------------------------------------------------ უფროსი (შტატი №8-------), მაიორი გ-------–----–-------------ე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილი იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან რეზერვში, 2012 წლის 2 აპრილიდან (ზღვრული ასაკის მიღწევის გამო) და ამოირიცხა უზრუნველყოფის ბატალიონის პირადი შემადგენლობის სიებიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მიუხედავად კანონის იმპერატიული დანაწესისა ადმინისტრაციულმა ორგანომ ზღვრულ ასაკთან დაკავშირებით სამხედრო სამსახურიდან დასათხოვ ოფიცერს დათხოვნის წინ მისცეს კუთვნილი შვებულება, გ------------ისთვის შვებულების მიცემას ადგილი არ ჰქონია. სასამართლო საქმეში არსებული მასალების ურთიერთშეჯერების შედეგად დადგენილად მიიჩნევს, რომ 2012 წლის განმავლობაში გ------------ემ ისარგებლა მხოლოდ მოკლევადიანი შვებულებით - 5 დღით და მას არ უსარგებლია კუთვნილი, მორიგი შვებულებით, მათ შორის, არც სამსახურიდან დათხოვნის წინ.

 

სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, „საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ. ამდენად, ნორმის შეფარდების პროცესში საერთაშორისო ხელშეკრულებები და შეთანხმებები შიდაეროვნულ კანონმდებლობასთან ერთად უშუალოდ გამოიყენება.

 

„ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით) მე-5 მუხლი ერთმნიშვნელოვნად კრძალავს მონაწილე სახელმწიფოების ეროვნულ კანონმდებლობაში ისეთი წესებისა და კანონების არსებობას, რომლითაც დასაქმებულმა შესაძლოა დაკარგოს ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.

 

1948 წლის 10 დეკემბრის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ (საქართველოში ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 24-ე მუხლის მიხედვით ყველას აქვს პერიოდული ფასიანი შვებულებით სარგებლობის უფლება.

 

საკასაციო პალატა ასევე იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებაში (სამოქალაქო საქმეზე №ას-836-1122 თ. ც.ძის სარჩელისა გამო ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მიმართ), ჩამოყალიბებულ სამართლებრივ განმარტებებსა და სასამართლო დასკვნებს გამოუყენებელი საშვებულებო დახმარების ანაზღაურებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვით, „ყოველწლიური ფასიანი შვებულების შესახებ“ 1936 წლის 4 ივნისის კონვენციის (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 1995 წლის 22 თებერვლის დადგენილებით,ძალაშია 1997 წლის 22 ივნისიდან) მე-6 მუხლის თანახმად, პირი, რომელიც გათავისუფლებულია მეწარმის მიზეზით, მაგრამ ვიდრე იგი გამოიყენებდა კუთვნილ შვებულებას, შვებულების ყოველი დღისათვის ამ კონვენციის შესაბამისად იღებს მე-3 მუხლით გათვალისწინებულ ჯილდოს.

 

განსახილველი ნორმით გათვალისწინებული პირობების არსებობისას დასაქმებულს შეუძლია მოითხოვოს იმ წელს გამოუყენებელი საშვებულებო კომპენსაცია, რადგან დამსაქმებლის ინიციატივით შრომის ურთიერთობის შეწყვეტით დასაქმებულს არ შეიძლება წაერთვას შვებულების უფლება, რომელსაც იგი სავარაუდოდ გამოიყენებდა.“

 

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეებზე ჩამოყალიბებული აღნიშნული განმარტება და სასამართლო დასკვნა სავსებით ესადაგება ადმინისტრაციულ-სამართლებრივ სივრცეში საჯარო შრომითი ურთიერთობების სწორ და კანონშესაბამის მოწესრიგებას, შრომითი უფლებების რეალიზაციის ხასიათის იდენტურობის გამო“.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ გ------------ეს 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა 734,00 ლარის ოდენობით, რაც მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს პოზიციით შეადგენდა 25 დღის თანხას. კერძოდ, მოპასუხის მოსაზრებით, გ------------ეს შვებულება კალენდარული წლის განმავლობაში ეკუთვნოდა 30 დღის ოდენობით, საიდანაც 2012 წელს გამოიყენა 5 დღე, ხოლო დანარჩენი გამოუყენებელი შვებულება აუნაზღაურდა.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს აპელირებას მითითებულ გარემოებაზე და აღნიშნავს, რომ „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულების“ მე-9 თავის მე-8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით, ვინაიდან გ------------ეს საქართველოს შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში ნამსახურობის წლები აღემატებოდა 10 წელს, 2012 წლის მორიგი შვებულება ეკუთვნოდა 45 დღე.

 

სასამართლო აქვე მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის ყოველწლიური კუთვნილი შვებულების ოდენობას, კერძოდ, სამხედრო სამსახურის გავლისას სამხედრო მოსამსახურეს ეძლევა ყოველწლიური შვებულება 30 კალენდარული დღის ოდენობით. ამასთან, საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 26 ოქტომბრის №609 ბრძანებულებით დამტკიცებული „სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ დებულებით“ დიფერენცირებულია სამხედრო მოსამსახურეები სტატუსისა და ნამსახურობის წლების მიხედვით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ამ უკანასკნელის რეგულაცია უნდა გავრცელდეს განსახილველ შემთხვევაზე.

 

შესაბამისად, სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლის მიხედვითაც, გ------------ემ სამხედრო სამსახურში იმსახურა 10 წელზე მეტ ხანს და სამსახურიდან გათავისუფლებამდე მას უნდა ესარგებლა 45 დღიანი კუთვნილი შვებულებით. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ მას არ უსარგებლია კუთვნილი შვებულებით, მოპასუხე მხარემ აუნაზღაურა გამოუყენებელი შვებულება მხოლოდ 734,00 ლარის ოდენობით. აქედან გამომდინარეობს, რომ მან გ------------ეს სამსახურიდან დათხოვნის დროისათვის გამოუყენებელი კუთვნილი შვებულება არ აუნაზღაურა სრულად.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ არ შეასრულა კანონის დანაწესი მოსარჩელის მეუღლისათვის სამხედრო სამსახურიდან დათხოვნამდე მიეცა კუთვნილი 45 დღიანი შვებულება ან აენაზღაურებინა შესაბამისი ოდენობით.

 

ამასთან, რაც შეეხება ასანაზღაურებელი საშვებულებო თანხის ოდენობას, საქმეში წარმოდგენილი საქართველოს შეირაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-2 ქვეითი ბრიგადის მიერ 2017 წლის 6 ივნისის M---------------- ცნობით დგინდება, რომ გ------------ე ნამდვილად მსახურობდა მე-2 ქვეით ბრიგადაში და მისი ხელფასი შეადგენდა 1176,00 ლარს. იმის გათვალისწინებით, რომ გ------------ემ 2012 წლის შვებულებით არ უსარგებლია, ამასთან, მას ეკუთვნოდა შვებულება 45 დღე, შესაბამისად, ხელფასის თანხა უნდა გაიყოს 1 თვეზე ანუ 30 დღეზე და გამრავლდეს გამოუყენებელი შვებულების დღეებზე ანუ 45 დღეზე (1176/30*40), რაც შეადგენს 1030 ლარს.

 

6.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონოა და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. ამდენად, იმისთვის, რომ სასამართლომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედება უკანონოდ მიიჩნიოს, უნდა დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული მოქმედების (უმოქმედობის) კანონშეუსაბამობა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოსარჩელის მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უნდა დაევალოს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მეუღლის - გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება.

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა: საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 24-ე, 331 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ლ---–-----------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. დაეკისროს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლ---–-----------–---–ის სასარგებლოდ მოსარჩელის მეუღლის - გ------------ის 2012 წლის კუთვნილი გამოუყენებელი შვებულების დღეების თანხის - 1030 ლარის ანაზღაურება;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით, 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე დიანა ფარქოსაძე