გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/15555-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
სასამართლოს დასახელება
მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი
სხდომის მდივანი - თამარ აკობია
მოსარჩელე - ს----------–----–---------------------------ო
წარმომადგენელი - ო-------------–--ე, დ--------------ე
მოპასუხე - თ----------–---–ი
წარმომადგენელი - ზ-----------------ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეს დაეკისროს მოსარჩელის მიერ ზიანის ანაზღაურების სახით გადახდილი 830.00 ლარის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (სარჩელი ს.ფ. 1-14, 2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი):
1.1.1. 2017 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ს-------–----ის ქუჩაზე მოძრაობისას ,,ტ-------ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებით (სარეგისტრაციო/სახელმწიფო) №A--------) მოძრაობისას მოპასუხემ ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ სამსახურებრივ ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას (სარეგისტრაციო/სახელმწიფო №A--------);
1.1.2. მოპასუხის მიერ მომხდარი ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად ექსპერტიზაზე წარდგენილ მოსარჩელის კუთვნილ ,,შ-----ას’’ მარკის ავტომობილზე, სახ: №A-------- მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობამ შეადგინა 830.00 ლარი, რომელიც ექვემდებარება აღდგენას;
1.1.3. თ----------–---–ს ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის დაეკისრა სახდელი, ჯარიმის გადახდა - 250 ლარის ოდენობით;
1.1.4. მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს ჩაუტარდა ალკოტესტით შემოწმება სიფხიზლე-სიმთვრალეზე, რის შედეგადაც არ დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხემ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც არ ცნო სარჩელი.
სასამართლო სხდომაზე მოპასუხემ დაადასტურა მის მიერ საჯარიმო ქვითრით დაკისრებული ჯარიმის გადახდა - 250 ლარის ოდენობით და მისი ქმედებით გარკვეული დაზიანებების მიყენების ფაქტობრივი გარემოებები მოსარჩელის კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის;
შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 29-47, 2018 წლის 06 ნოემბრის სხდომის ოქმი):
2.1.1. ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით, ვინაიდან ის იმყოფებოდა მთავარ გზაზე, ხოლო მოსარჩელე გამოდიოდა ეზოდან. როდესაც მან დაინახა მომავალი ავტომანქანა, შეაჩერა მოძრაობა და „შ-----ას“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება, სახ: №A--------, დაეჯახა მას გაჩერებულზე;
2.1.2. მის მიერ მტკიცებულების სახით წარმოდგენილია სამი ფოტო ილუსტრაცია, რომელიც ადასტურებს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დაზიანებები არ შეიძლებოდა ყოფილიყო გამოწვეული შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევით;
2.1.3. ავტოსატრანსპორტო შემთხვევა მოხდა 2017 წლის 21 ოქტომბერს, ხოლო მოსარჩელემ ექსპერტიზას მიმართა 2017 წლის 20 დეკემბერს, შესაბამისად სადაოა მოსარჩელის კუთვნილ შესაბამის ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე არსებული დაზიანებები მიყენებული არის თუ არა ზემოაღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად;
2.1.4. ექსპერტიზის დასკვნის შედეგად წარმოდგენილი ფასი არ არის გონივრული. დასკვნის თანახმად, რადიატორის ბადე ღირს 125 ლარი, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩო - 5 ლარი, ხოლო აღდგენითი სამუშაოები, რაც დასკვნის თანახმად ითვალისწინებდა გამოსაცვლელი ნაწილის მოხსნა-დაყენებას, განისაზღვრა - 700 ლარის ოდენობით. რეალურად ამ ნაწილის შეცვლა-დაყენება, ნებისმიერი რიგითი მოქალაქისათვის, რომელიც მიაკითხავს ავტოსატრანსპორტო საშუალების მომსახურების ცენტრებს ღირს საშუალოდ 20 ლარი;
2.1.5. შეჯახება მის მიერ მოხდა წინა მარჯვენა მხარეს, შესაბამისად დაზიანება მოხდებოდა მხოლოდ წინა ბამპერის მარჯვენა კუთხის, წინა მარჯვენა ფრთის და ეკრანის (2018 წლის 06 ნოემბრის სასამართლო სხდომის ოქმი). ფიზიკურად ვერ დაზიანდებოდა მარცხენა მხარე/ფრთა;
2.1.6. არ არის წარმოდგენილი რა სამუშაოები იქნა ჩატარებული და თითოეულის ღირებულება ცალ-ცალკე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 21 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ს-------–----ის ქუჩაზე მოძრაობისას მოპასუხემ მისი კუთვნილი ავტოსატრანსპორტო საშუალებით მოძრაობისას ვერ უზრუნველყო მოძრაობის უსაფრთხოება და შეეჯახა მოსარჩელის კუთვნილ სამსახურებრივ ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებას, სარეგისტრაციო.სახელმწიფო ნომერი №A--------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის დათვალიერების ოქმი, დანართი (ს.ფ. 24)
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 25)
3.1.2. 2017 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევაზე პასუხისმგებელ პირად ცნობილ იქნა მოპასუხე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 125-ე მუხლის დარღვევის გამო იგი დაჯარიმდა 250 ლარით.
- ელექტრონული საჯარიმო ქვითარი (ს.ფ. 23)
3.1.3. 2017 წლის 21ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ს----------–----–---------------------------ოს კუთვნილი ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალება, სახელმწიფო/სარეგისტრაციო №A--------);
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის გამოკვლევა, დასკვნა (ს.ფ. 18-19)
- ფოტო-სურათები (ს.ფ. 20)
3.1.4. 2018 წლის 30 იანვრის ექსპერტის დასკვნისა და 2018 წლის 30 მაისის მიღება-ჩაბარების აქტებისა და დეფექტური აქტების თანახმად, მოსარჩელის კუთვნილ ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე, სარეგისტრაციო/სახელმწიფო №A--------), გაწეული სამუშაოების ღირებულებამ ჯამში შეადგინა 830.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტის დასკვნა (ს.ფ. 18-19)
- მიღება-ჩაბარების აქტები, დეფექტური აქტები (ს.ფ. 75-78)
3.1.5. ს----------–----–---------------------------ოს კუთვნილი ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალების (სარეგისტრაციო/სახელმწიფო №A--------) აღდგენა პირვანდელ მდგომარეობაში გახორციელდა მოსარჩელის სახსრებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მიღება-ჩაბარების აქტები (ს.ფ. 75-78)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2017 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეულია მოპასუხის ბრალით, რის შედეგადაც მას დაუზიანდა და საჭიროებს შეკეთება/შეცვლას-რადიატორის მოპირკეთების ბადე, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩო, წინა მარჯვენა ფრთა, წინა ბამპერი. მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ,,შ-----ას’’ მარკის ავტო-სატრანსპორტო საშუალებაზე, სარეგისტრაციო/სახელმწიფო №A--------) მიყენებული ზიანის ანაზღაურება 405 ლარის ოდენობით.
მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევა არ მომხდარა მისი ბრალით, ის იმყოფებოდა მთავარ გზაზე, ხოლო მოსარჩელე გამოდიოდა ეზოდან და როდესაც მან დაინახა მომავალი ავტომანქანა, შეაჩერა მოძრაობა და „შ-----ის“ მარკის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერებულზე დაეჯახა მას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
შესაბამისად, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, რომლის მიხედვითაც მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ კი ის გარემოებები, რომლებსაც შესაგებელი ეფუძნება. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისთვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი. შესაბამისად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს შესაბამისი მტკიცებულებებით ის გარემოებები, რომელიც საფუძვლად უდევს მის მოთხოვნას, ისევე როგორც მოპასუხეა ვალდებული, წარმოადგინოს არგუმენტაცია, რომელიც გააქარწყლებს მოსარჩელის მოთხოვნას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
აღნიშნული ნორმის საფუძველზე ვალდებულება წარმოიშვა მიყენებული ზიანის შედეგად.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა რომელიც ვალდებულია აანაზაღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
მოცემულ შემთხვევაში დასადგენია, იყო თუ არა შესაბამისი შემთხვევა გამოწვეული მოპასუხის ბრალით, მიყენებული ზიანის ოდენობა და რამდენად კავშირშია ქმედება დამდგარ შედეგთან, კერძოდ მიყენებულ ზიანთან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
კონკრეტულ შემთხვევაში თ----------–---–ი მიჩნეულ იქნა ბრალეულ პირად, რასაც ადასტურებს საჯარიმო ქვითარი, შემთხვევის ადგილზე ჩატარებული დათვალიერების ოქმი, დადგენილება მოპასუხის მიერ წარდგენილი საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
აღნიშნულის საწინააღმდეგო მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია. მხოლოდ მის განმარტებას კი შესაბამისი გარემოების დასადასტურებლად სასამართლო ვერ გაიზიარებს.
აღნიშნული შემთხვევის შედეგად დაზიანება მიიღო მოსარჩელის საკუთრებაში არსებულმა სატრანსპორტო საშუალებამ. შესაბამისად არსებობს მიზეზობრივი კავშირი მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
დელიქტური ვალდებულებები არასახელშეკრულებო ვალდებულებათა კატეგორიას მიეკუთვნება, რომელიც ზიანის მიყენების შედეგად წარმოიშობა. სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ სავალდებულო წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა არსებობდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას, მტკიცების შესაბამისი სქემის გათვალისწინებით, სადაც ზიანის მოცულობა წარმოადგენს მოსარჩელის მტკიცების სფეროს.
დელიქტურ დავებზე მტკიცების ტვირთის განაწილებას გარკვეული თავისებურება ახასიათებს, კერძოდ, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ იმ ზიანის გამომწვევიც, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვს მოსარჩელე. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული მოპასუხემ ვერ დაადასტურა.
მოპასუხემ ასევე სადავოდ გახადა ზიანის მოცულობა, კერძოდ, მისი მითითებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნასა და მიღება ჩაბარების აქტებში მითითებული ყველა დაზიანება არ არის გამოწვეული მისი ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. ის ასევე არ დაეთანხმა ზიანის ოდენობას იმ მხრივაც, რომ ის არ იყო გონივრული და შესაბამისი საბაზრო ფასებთან. ასეთ პირობებში, სწორედ მოსარჩელეს უნდა წარმოედგინა იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, კონკრეტულად თუ რა დაზიანებები მიიღო ავტომანქანამ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად. მასვე უნდა დაესაბუთებინა კონკრეტული დაზიანებების ღირებულება.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ს----------–----–---------------------------ოს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის 2018 წლის 30 იანვრის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმადაც, ავტომობილს დაზიანებული და გამოსაცვლელი აქვს: რადიატორის მოპირკეთების ბადე, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩო, სარემონტო სამუშაოების ჩატარებას საჭიროებს წინა მარჯვენა და მარცხენა ფრთები, ძრავის სახურავი, წინა ბამპერი. მიყენებული ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს - 830 (რვაას ოცდაათ ) ლარს. (ს.ფ. 16-17).
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ექსპერტის ჩვენებაზე, რომელიც მან მისცა სასამართლოს მის მიერ გაცემულ აღნიშნულ დასკვნასთან დაკავშირებით.
უპირველესად აღსანიშნავია, რომ მისი განმარტებით, იგი კატეგორიულად ვერ იტყოდა, რომ უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად მოხდა შესაბამისი დაზიანებები.
მოპასუხე ადასტურებდა, რომ შესაბამისი შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეიძლებოდა დაზიანებოდა რადიატორის მოპირკეთების ბადე, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩო, წინა მარჯვენა ფრთა, წინა ბამპერი. შესაცვლელი იქნებოდა ასევე სანომრე ნიშანი.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ ექსპერტის მიერ მითითებული ყველა დაზიანება გამოწვეული იყო თ----------–---–ის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევით. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ დაზიანებულ ავტომანქანას ექსპერტიზა ჩაუტარდა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 2 თვის შემდეგ, შესაბამისად, შესაძლოა გარკვეული დაზიანები ავტოსატრანსპორტო საშუალებას შეიძლება ჰქონოდა მანამდეც, ისევე როგორც მიეღო შემთხვევის შემდეგაც. მით უფრო, როგორც აღნიშნა სასამართლომ, ის კატეგორიულად ვერ დაადასტურებდა, რომ შესაბამისი დაზიანებები მიღებული იყო უშუალოდ ამ შემთხვევის შედეგად.
საქმის მასალებში წარმოდგენილია ფოტოილუსტრაციები, სადაც ნათლად ჩანს, კონკრეტულად რა ნაწილი დაუზიანდა „შ-----ას“ მარკის ავტომანქანას, გარდა ამისა, ფოტოების თანახმად, დაზიანება არ აფერხებდა ავტომანქანით შემდგომ სარგებლობის შესაძლებლობას, რაც არ გამორიცხავს გარემოებას, რომ ავტომანქანას არსებული დაზიანებები შესაძლოა მიეღო კონკრეტული ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგაც.
სასამართლო მიუთითებს, რომ ექსპერტის დასკვნა კრიტიკულად უნდა შეფასდეს, როგორც ცალკე აღებული, ასევე საქმეზე მოპოვებულ ყველა სხვა მტკიცებულებასთან ერთობლიობაში. განსახილველ შემთხვევაში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები ასახავენ ავტომობილების მდგომარეობას ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად მათი ვიზუალური დათვალიერების შეფასებით. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნებით შეუძლებელია იმის მტკიცება, რომ მითითებული ყველა დაზიანებები გამოწვეულია სწორედ მოპასუხის ბრალით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად.
სასამართლო მიუთითებს, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დადგენილი პრინციპი, რომლის მიხედვითაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრული მოცულობით, არ გულისხმობს მოვალის არათანაზომიერ ვალდებულებას. უპირველეს ყოვლისა გასათვალისწინებელია, რომ ზიანის ანაზღაურების ინსტიტუტი ემსახურება არა ზიანის მიმყენებლის დასჯას, არამედ იმ დანაკლისის შევსებას, რომელიც მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად სხვა პირს მიადგა. ამიტომ, კრედიტორი ვალდებულია კეთილსინდისიერების პრინციპის გათვალისწინებით მოახდინოს ზიანის მოცულობის შესაძლებელი მინიმალიზაცია. ზიანის მიმყენებლის პასუხისმგებლობა შემოიფარგლება საბაზრო ღირებულებით.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სადავო გახადა როგორც, მითითებული საბაზრო ღირებულებები, ასევე კონკრეტული დაზიანებების მის მიერ მიყენების ფაქტი. მისი განმარტებით, ავტოსატრანსპორტო შემთხვევისგან გამომდინარე შეუძლებელი იყო მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ დასკვნაში მითითებული ყველა ნაწილის დაზიანება, ისე, რომ აუცილებელი გამხდარიყო დაზიანებული ნაწილების სრულად შეცვლა, ანუ ახლებით ჩანაცვლება. შესაბამისად, ზიანი უნდა დაანგარიშდეს რადიატორის მოპირკეთების ბადის, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩოს, წინა მარჯვენა ფრთის, წინა ბამპერის ღირებულების გათვალისწინებით, რომელთა დაზიანებაც დაადასტურა მოპასუხემ.
როგორც სასამართლო სხდომაზე მოწვეული ექსპერტი ადასტურებდა, რადიატორის მოპირკეთების ბადის შეკეთების ღირებულება არის 125 ლარი, რომელიც შეიძლება გამოიცვალოს 20 ლარადაც, სანომრე ნიშნის პლასტმასის ჩარჩოს ღირებულებაა 5 ლარი, დაყენება-5 ლარი, წინა მარჯვენა ფრთასთან დაკავშირებით ღირებულებაზე მიუთითა 150 ლარი, რაც მოიცავს როგოც მეთუნუქის, ისე მღებავის სამუშაოებს, წინა ბამპერთან დაკავშირებულ ღირებულებაზე-100 ლარი, რაც მისი განმარტებით მოიცავს პლასტმასის ხელოსნის და მღებავის შრომას. ჯამში აღნიშნულმა თანხამ შეადგინა 405 ლარი.
შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ 2017 წლის 21 ოქტომბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ავტომობილისთვის - ,,შ-----ა’’ (სახელმწიფო სარეგისტრაციო ნომრით №A--------) მიყენებული ზიანი, რომლის ანაზღაურებაც ეკისრება მოპასუხეს, შეადგენს 405 ლარს.
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მოპასუხის მიმართ უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 408-ე, 409-ე, 992-ე მუხლი
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის პირველის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 409-ე მულის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახაჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის პასუხისმგებლობა გამომდინარეობს დელიქტიდან, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელს შეუძლია მოსარჩელეს წაუყენოს შესაგებელი და სადავო გახადოს ზიანის მოცულობა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ შესაბამისი ავტოსაგზაო შემთხვევა გამოწვეული იყო მოპასუხის ბრალით. ამასთან, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მოპასუხის ბრალით გამოწვეული ავტოსატრანსპორტო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ნაწილების, მათ შეცვლასთან და მისგან გამომდინარე სამუშაოების ღირებულება შეადგენდა 405 ლარს.
შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 405 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად. სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, შესაბამისად დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება, თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე და 49-ე მუხლებისა, 24.40 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, მე-11, მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–----–---------------------------ოს სარჩელი მოპასუხე თ----------–---–ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. მოპასუხე თ----------–---–ს მოსარჩელე ს----------–----–---------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 405 ლარის გადახდა;
3. მოპასუხე თ----------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 24.40 ლარის ოდენობით;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა ჯანხოთელი