გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N------------------
საქმე №2/18167-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
20 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - ვ--–------ კ---------ე
წარმომადგენელი - ა---------– გ--------ე, ლ------ კ---------ე
მოპასუხე - შ----- ც------–--ე
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
1. სასარჩელო მოთხოვნა
მოპასუხე შ----- ც------–--ეს მოსარჩელე ვ--–------ კ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის 1930 ლარის ანაზღაურება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მხარეთა შორის არსებობდა რა სასამართლო დავა, 2018 წლის 20 აპრილის სხდომაზე მხარეთა შორის მოხდა მორიგება კონკრეტული პირობებით, კერძოდ, 1.4. პუნქტის მიხედვით, მოპასუხეს უცვლელად უნდა დაეტოვებინა მის მიერ ჩატარებული სარემონტო სამუშაოები, ხოლო მოსარჩელე კი მას გადაუხდიდა 7000 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, მან შეთანხმების მიხედვით ჩაურიცხა 5000 ლარი და ერთი წლის მანძილზე ყოველთვიურად უნდა ჩაურიცხოს 200 ლარი, რითაც შესრულდება მის მიერ შესასრულებელი ვალდებულება. თუმცა მიუხედავად აღნიშნული შეთანხმებისა, მოპასუხე მხარის მიერ დაირღვა რა შეთანხმება, კერძოდ, მოპასუხემ თავისი ქმედებით გააუარესა საცხოვრებლი სახლის პირობები, კერძოდ, მოხსნა ნიჟარები, ონკანები, დააზიანა აბაზანის ჯაკუზი, გადაჭრა გაზის მილი, მოხსნა გაზქურა, გაზის გამათბობელი, ამასთან, საცხოვრებელი ბინა დანაგვიანებული დატოვა და სარემონტო ნაგვის გაზიდვაში დამატებით იქნა კიდევ 50 ლარი გადახდილი, რის გამოც მოსარჩელემ მომართა სასამართლოს და მოითხოვა პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისთვის საჭირო სარემონტო სამუშაოების ღირებულების 930 ლარისა და ხელოსნისთვის გადასახდელი თანხის 1000 ლარის მოპასუხეზე დაკისრებას, სულ 1930 ლარის ანაზღაურება.
მოსარჩელე მხარის მიერ სასამართლოს სხდომაზე დაზუსტდა, რომ მას პრეტენზია არ ჰქონდა იმაზე, რომ მოპასუხის მიერ გაზქურა და გამათბობელი იქნა სახლიდან წაღებული, ვინაიდან მითითებული ნივთები თავად მოპასუხის საკუთრება იყო, თუმცა სხვა დანარჩენზე კვლავ ჰქონდა პრეტენზია და ითხოვდა სარჩელის სრულად დაკმაყოფილებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შ----- ც------–--ემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ სცნო და განმარტა, რომ მხარეთა შორის არსებული დავა ნამდვილად დასრულდა მორიგებით 2018 წლის 20 აპრილს, თუმცა მის მიერ არ დარღვეული შეთანხმების პირობები. პირიქით, მორიგების პირობები სწორედ მოსარჩელემ დაარღვია და წარმოდგენილი სარჩელით ცდილობს გადასახდელად დარჩენილი 2000 ლარის გადახდას აარიდოს თავი. მოპასუხის განმარტებით, მას არ დაუზიანებია ჩატარებული სარემონტო სამუშაოები და ასევე დათქმულ ვადაში იქნა მის მიერ საცხოვრებელი ბინა დაცლილი. მან თავისი კუთვნილი ნივთები, მათ შორის გაზქურა და გამათბობელი თან წაიღო, რადგან აღნიშნულზე არ ყოფილა მხარეთა შორის შეთანხმება, ხოლო წარმოდგენილი აუდიტორული შეფასება კი არ შეესაბამება სინამდვილეს. იმის გათვალისწინებით, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილებულიყო (იხ. შესაგებელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებებაა, რომ მოპასუხე მხარემ მორიგების აქტით გათვალისწინებულ ვადაში გამოათავისუფლა საცხოვრებელი სახლი და ასევე წაიღო გაზქურა და გამათბობელი.
ასევე უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელის მიერ მორიგების პირობები ნაწილობრივ არის შესრულებული, კერძოდ, მოპასუხეზე გადაცემულია 5000 ლარი და ამჟამად გადასაცემი დარჩა 2000 ლარი.
მტკიცებულება: მხარეთა ახსნა-განმარტება
4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
4.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მხარეთა შორის მიმდინარეობდა სხვა სამოქალაქო საქმეზე დავა, რა დროსაც მხარეები 2018 წლის 20 აპრილს მოხდა მორიგება. მორიგების პირობებით განისაზღვრა შემდეგი:
„წინამდებარე მორიგების აქტით, მხარეები ვ--–------ კ---------ე (მესაკუთრე) და მეორე მხრივ შ----- ც------–--ე და თ----- ჩ----ე (მოსარგებლეები) ვთანხმდებით შემდეგზე: ვ--–------ კ---------ე გადაუხდის შ----- ც------–--ეს და თ----- ჩ----ეს 7000 ლარს. აქედან 5000 ლარს ჩარიცხავს 2018 წლის 25 აპრილამდე შ----- ც------–--ის პირად ანგარიშზე საქართველოა ბანკში. დარჩენილ თანხას 2000 ლარს გადარიცხავს 2018 წლის 01 ივნისიდან ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, იმავე ანგარიშზე. შ----- ც------–--ე და თ----- ჩ----ე უძრავ ქონებას გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადასცემენ ვ--–------ კ---------ეს 2018 წლის 20 მაისს. ბინის გამოთავისუფლების პირობების დაცვის შემდგომ, ვ--–------ კ---------ე ყოველგვარ დავას წყვეტს მათ შორის მიუღებელ შემოსავალზე მხარესთან და სამომავლოდ დავა არ ექნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ვ--–------ კ---------ე იტოვებს უფლებას სასამართლოს გზით აღძრას სარჩელი ზიანის ანაზღაურებაზე. შ----- ც------–--ე და თ----- ჩ----ე პირობას დებენ, რომ ბინის დაცლის შემთხვევაში უცვლელად დატოვებენ მათ მიერ შესრულებულ სარემონტო სამუშაოებს და არ დატოვებენ კომუნალურ დავალიანებას.“
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 20 აპრილის მორიგების აქტი (ს.ფ. 16-19)
- მხარეთა ახსნა-განმარტება
4.2. 2018 წლის 29 მაისის ინდივიდუალური აუდიტორის თ----- კ------ის მიერ განხორციელებული შეფასების ანგარიშის თანახმად, „დამკვეთის მიერ გადმოცემული ინფორმაციით, სასამართლოს მორიგების აქტის საფუძველზე, ბინიდან შეჭრილი მობინადრეების გამოსახლების დროს მოხსნილი და დაზიანებული იქნა: აბაზანის ხელსაბანი; აბაზანის ონკანი - 2 ცალი; სამზარეულოს აბაზანა; სამზარეულოს ონკანი; გაზის გამათბობელი; გაზქურა, რომელთა ჯამური ღირებულება შეადგენს 930 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 29 მაისის ინდივიდუალური აუდიტორის თ----- კ------ის შეფასების ანგარიში (ს.ფ. 20-21)
4.3. 2017 წლის 21 დეკემბერს ინდივიდუალური აუდიტორის თ----- კ------ის მიერ განხორციელებული შეფასების ანგარიშის თანახმად, სადავო უძრავ ქონებაზე „ჩატარებული სამშენებლო-სარემონტო სამუშაოების საბაზრო ღირებულება განისაზღრა 5622 ლარის ოდენობით, მათ შორის: მეტალო-პლასტმასის კარ-ფანჯარა - 2500 ლარი; მეტლახი 16,5 კვ.მ. – 445,50 ლარი, დაშპაკვლა - 200 ლარი, მოწახნაგება - 176 ლარი, ტიხარი ბლოკის - 250 ლარი, წყლის გაყვანილობა - 500 ლარი, სველი წერტილი - 150 ლარი, სამშენებლო მასალების ატანა მე-9 სართულზე - 1000 ლარი, გაზის შეყვანა - 400 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 21 დეკემბრის ინდივიდუალური აუდიტორის თ----- კ------ის შეფასების ანგარიში (ს.ფ. 49-51)
4.4. წარმოდგენილი ფოტოსურათები მხარეთა მიერ არ გამხდარა სადავო, შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ იგი ასახავს სადავო საცხოვრებელი ბინის მდგომარეობას სარჩელის შემოტანის დროს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ფოტოსურათები (ს.ფ. 23-32)
სამოტივაციო ნაწილი:
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო 316-ე, 317-ე, 408-ე, 412-ე414-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
ამავე კოდექსის 414-ე მუხლის შესაბამისად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი,რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
მოცემულ შემთხვევაში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, მოსარჩელე მხარეზე იყო გადატანილი იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ მოპასუხემ თავისი ქმედებით მას მიაყენა ზიანი, რადგან არ შეასრულა 2018 წლის 20 აპრილის მორიგების პირობები.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს ზემოაღნიშნულ მორიგების აქტზე, სადაც მხარეთა მიერ განისაზღვრა შეთანხმების პირობები, მათ შორის მოპასუხე შ----- ც------–--ეს უცვლელად უნდა დაეტოვებინა შესრულებული სარემონტო სამუშაოები. ამდენად, მხარეთა მიერ დათქმა ეხებოდა სარემონტო სამუშაოებს. მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნის შესაბამისად, მის მიერ მოთხოვნილი თანხა შეესაბამებოდა 2018 წლის 29 მაისის შეფასების ანგარიშში მითითებულ თანხების ოდენობას. იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლო სხდომაზე თავად მოსარჩელე მხარემ პრეტენზია აღარ განაცხადა აღნიშნულ ანგარიშში დაფიქსირებულ გაზქურასა და გამათბობელზე, რომელთა ჯამური ღირებულება შეფასების აქტის მიხედვით შეადგენს 450 ლარს, შესაბამისად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა ავტომატურ რეჟიმში სასამართლოს მიერ ვერ დაკმაყოფილდება.
რაც შეეხება სხვა საფუძველებს, სასამართლოს მიაჩნია, რომ აბაზანის ხელსაბანი, აბაზანის 2 ცალი ონკანი, სამზარეულოს აბაზანა, სამზარეულოს ონკანი ანუ ის ნივთები, რაც შეფასების აქტშია მითიტებული, არ არის „შესრულებული სარემონტო სამუშაოები“, ისევე როგორც ნაგვის გატანა. ამდენად, შეფასების აქტში მითითებულია საგნები და მათი ღირებულება და არა საცხოვრებელ ბინაში შესრულებული სარემონტო სამუშაოები და მათი ღირებულება. უფრო მეტიც, მოსარჩელეს არა მხოლოდ შესრულებული სარემონტო სამუშაოები და მათი ღირებულება, არამედ დაზიანებული სარემონტო სამუშაოები და მათი ღირებულების შეფასება უნდა განეხორციელებინა. წარმოდგენილი მტკიცებულებებით კი ასეთ გარემოებაზე მხარეს არ აქვს ყურადღება გამახვილებული, ასევე არც ერთი მტკიცებულებით მითითებული სადავო გარემოება არ დასტურდება. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე გაცხადებულ გარემოებებსს, რომ მაგალითად, მოპასუხემ დააზიანა გაზის მილი და ა.შ., მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელით აღნიშნული გარემოებები მოსარჩელეს არ გაუხდია სადავო, ასევე არც მითითებული გარემოებებიდან არ განხორციელებულა სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირება და წარმოდგენა, შესაბამისად, სასამართლო აღნიშნულ გარემოებებს არ შეაფასებს. ამდენად, მოსარჩელე მხარის მიერ მხოლოდ სასამართლო სხდომაზე განხორციელდა ახალი და დამატებითი გარემოებებსა და ფაქტებზე მითითება, რასაც სასამართლო არ შეაფასებს.
კიდევ ერთი გარემოება, რაც ასევე მნიშვნელოვანია არის ის, რომ მოსარჩელე არის სადავო უძრავი ქონების მესაკუთრე, ხოლო მოპასუხე კი რამდენიმე წლის განმავლობაში მითიტებული უძრავი ქონებით მოსარგებლე პირი, რომელმაც განახორციელა გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოების ჩატარება მოსარჩელის კუთვნილ უძრავ ქონებაში. იმის გათვალისწინებით, რომ მხარეთა შორის არსებობდა სამოქალაქო დავა, რაზეც მოხდა მორიგება, სწორედ მითითებულ სამოქალაქო საქმეში ჯერ კიდევ 2017 წლის 21 დეკემბერს მოპასუხის მიერ მოხდა იმავე აუდიტორის მიერ შედგენილი შეფასების ანგარიშის წარდგენა, სადაც დეტალურად არის აღწერილი და შეფასებული მოპასუხის მიერ სადავო უძრავ ქონებაში განხორციელებული სარემონტო სამუშაოები და მათი ღირებულება. ამჟამად მიმდინარე სამოქალქო საქმეში წარმოდგენილი შეფასების აქტში კი არცერთ სარემონტო სამუშაოზე არ არის მითითება, რაც საფუძველი იქნებოდა სასამართლოს მიერ განხორციელებულიყო ორივე მტკიცებულების არა მხოლოდ ცალკეული ანალიზი, არამედ ურთიერთშეჯერება და ასევე სხვა მტკიცებულებებთან მიმარტებაში შეფასებაც.
და ბოლოს, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს ფოტოსურათებზე, რაც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი და მოპასუხის მიერ არ გამხდარა სადავო ფოტოებზე დაფიქსირებული უძრავი ქონება. აღნიშნული მტკიცებულებით დასტურდება, რომ მოსარჩელის საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ სახლში განხორციელებულია გარკვეული სახის სარემონტო სამუშაოები, თუმცა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხოლოს სარჩელსა და 2018 წლის 29 მაისის შეფასების აქტში მითითებულ ნივთებზე, რაც საფუძვლად დაედო სასარჩელო მოთხოვნას. ხსენებული ნივთები ან/და მათი სავარაუდო ადგილსამყოფელი წარმოდგენილ ფოტომასალაში არ ჩანს და შესაბამისად არ დგინდება არა მხოლოდ მათი არსებობა, ასევე არ დასტურდება, რომ ისინი მოხსნილია ან მათი მოხსნის დროს დაზიანდა უკვე ჩატარებული სარემონტო სამუშაოები. და კიდევ, თავად შეფასების აქტი განხორციელბეულია „დამკვეთის მიერ გადმოცემული ინფორმაციის“ საფუძველზე, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს მის უსაფუძვლობას.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველის ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ამასთან განსახილველი დავა განეკუთვნება მაგისტრი მოსამართლის განსჯად კატეგორიას, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ 2018 წლის 19 ივნისს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 100 ლარიდან მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს 42,10 ლარი, ხოლო დარჩენილი 57,90 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ სამოქალაქო საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. მოსარჩელე ვ--–------ კ---------ის (პ/ნ N0----------) სარჩელი მოპასუხე შ----- ც------–--ის (პ/ნ N6----------) მიმართ ზიანის 1930 ლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელის წარმომადგენლის ა---------– გ--------ის მიერ 2018 წლის 19 ივნისს სს ,,თ----------–-" გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 ლარიდან დაუბრუნდეს 42,10 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა - 57,90 ლარის ოდენობით - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2571-ე, 365-ე მუხლების საფუძველზე მოცემულ დავაზე სააპელაციო საჩივარი არ დაიშვება.
მოსამართლე შორენა წიქარიძე