გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5921-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
30 ნოემბერი, 2018 წელი ქ.თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ჯინჭველაშვილი
სხდომის მდივანი - მამუკა გიორგანაშვილი
მოსარჩელე - ამხანაგობა ,,-----------–----------------
წარმომადგენელი ----------------–---
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია
წარმომადგენელი - ვ--–----------------
მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერია
დავის საგანი - ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 03 აპრილის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-11; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 59-69).
1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 2-11; დაზუსტებული სასარჩელო განცხადება, ტომი 1, ს.ფ. 59-69).
მოსარჩელის განმარტებით, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №------ დადგენილებით ,,ამხანაგობა ,,-----------–---------------- დაჯარიმებული იქნა 4000ლარით ქ.თბილისში, ნ--–-------------------–-- სანებართვო პირობების დარღვევის გამო, რაც ადმინისტრაციული საჩივრით გასაჩივრებული იქნა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, თუმცა 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით საჩივარი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ დადგენილება არის უკანონო, ვინაიდან დარღვეულია ხანდაზმულობის ვადები. კერძოდ,- მოსარჩელე განმარტავს, რომ დარღვევა აღმოჩენილი იქნა 2013 წლის 19 ივლისს, ხოლო მითითება გაცემული იქნა 2016 წლის 08 ნოემბერს. გამომდინარე იქიდან, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი’’ არ ითვალისწინებს ხანდაზმულობის ვადებს და მასში განსაზღვრულია მხოლოდ შემოწმების აქტის შედგენიდან 2+2 თვიანი ხანდაზმულობის ვადა, ამასთან 25-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო სამშენებლო სამართალდარღვევის შესახებ სამართალწარმოებას იწყებს მითითების გაცემით და რადგან სამშენებლო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტი არ განსაზღვრავს დარღვევის გამოვლენიდან მითითების გაცემამდე ხანდაზმულობის ვადებს,- ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია იხელმძღვანელოს სამართალდარღვევათა შესახებ მარეგულირებელი უფრო ზოგადი ნორმებით, კერძოდ- ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომელიც სახდელის დადების ვადად განსაზღვრავს 2 თვეს.
მოსარჩელე ასევე მიუთითებს, რომ სამართალდამრღვევ სუბიექტად არამართებულად იქნა მიჩნეული ამხანაგობა ,,-----------–----------------, რადგან მართალია ადმინისტრაციული ორგანო მას მიიჩნევს უშუალო დამკვეთად და ვალდებულ პირად, რომ განეხორციელებინა ყველა ის მოვალეობა, რომელიც №------ მითითების მიხედვით უნდა შეესრულებინა ვალდებულ პირს-დამკვეთს, თუმცა არსებულ სამართლებრივ ურთიერთობაში ამხანაგობა ,,-----------–---------------- წარმოადგენს მენაშენეს, ხოლო შპს ,,კ---’’-ი დამკვეთს.
მოსარჩელეს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მიღებულია კანონის მოთხოვნათა დარღვევით, რის გამოც ისინი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურმა ინსპექციამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
2.2. მოპასუხე - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობს მათი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–------–-–---–ის 2013წლის 19ივნისის №A-------9 განცხადება და შეთანხმდა, ქ------–--–------–-------------------ში მდებარე №01.14.02.025.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი.
ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06აგვისტოს №8----1 ბრძანებით გაიცა ქ.თბილისში, ნ--–-------------------–-- თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე(საკ. კოდი №01.14.02.025.0--) შერეული ტიპის შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, ხოლო მშენებლობის ვადა განისაზღვრა 2013წლის 08 აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 26 ივლისის №8----- ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 147)
- ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013 წლის 06 აგვისტოს №8----1 ბრძანება(იხ. ტომი 1, ს.ფ. 148-149)
3.1.2. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ 2016 წლის 08ნოემბერს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დარღვეულია 2013 წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით(ბრძანება№8----1, 06.08.2013წ. მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა) შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. კერძოდ, მითითების დანართის თანახმად, ორივე შენობის ფასადზე დამატებულია გამწოვები, გამათბობლები და გამათბობლის კარადები, კონდიციონერები, სატელიტური ანტენები, ზოგ ადგილას დამატებით მოწყობილია გისოსები, დაუსრულებელია ფასადის მოპირკეთება. ტერიტორიის კეთილმოწყობა არ შეესაბამება საპროექტო ნახაზს. ფასადებზე შეცვლილია კარ-ფანჯრების ნახატი. ზოგ აივანზე დამატებულია ხის ჟალუზები და ლითონის სვეტები. კორპუსი XI - სართული - 3.30 ნიშნულზე 10-1 მონაკვეთში მ-მ ღერძთან შექმნილია დონე იატაკ---ან აწევა 0.15მ. 10-10 და 7-7 ღერძებს შორის შემცირებულია მანძილი 0.20მ-ით, ხოლო 3-3 და 2-2 ღერძებს შორის გაზრდილია მანძილი 0.20მ-ით. 8-12 მონაკვეთში ე-ე ღერძზე მოწყობილია მონოლითური კედელი, ამავე მონაკვეთში ე-კ ღერძებს შორის გაუქმებულია ფართი 100მ2. ზ-ზ ღერძზე გაუქმებულია ერთი კოლონა, 2-2 ღერძზე ღიობებში მოსაწყობია მინაბლოკი, 4–4 ღერძზე სადარბაზოს გვერდით მოწყობილია ერთი კოლონა, ა-ა ღერძზე მონაცვლებულია ავტოსადგომში შესასვლელი კარი და დამატებულია ერთი ფრამუგა. 12-12 ღერძზე მონაცვლებულია ორი ფრამუგა. 2-2 ღერძზე შეცვლილია კედლის კონფიგურაცია, მ-მ ღერძზე კედელი გადაწეულია ლ-ლ ღერძისკენ 1.50 მ-ით, რის გამოც შემცირებულია ფართი 18მ2-ით. სარდაფში და პირველ სართულზე დამაკავშირებელ კიბეებზე შემცირებულია საფეხურების რაოდენობა. I სართულზე მ-მ ღერძზე 3-2 მონაკვეთში შეცვლილია კედლის კონფიგურაცია, მ-თ მონაკვეთში 2-1 ღერძებს შორის ავტოფარეხის ორი ღიობი შესავსებია კარით, ხოლო 1-1 ღერძზე მდებარე კედელში დამატებით მოწყობილია ღიობები. ბ-გ მონაკვეთში შენობის წინ შეცვლილია კიბის კონფიგურაცია, ასევე, კონფიგურაცია შეცვლილია 2-4 მონაკვეთში მდებარე კიბეზე, თ-თ ღერძზე მდებარე კედელი შეწეულია შიგნით, რის გამოც თაღში კოლონები გამოსულია სიბრტყიდან. ი-ი ღერძზე შეცვლილია სავენტილაციო შახტის ფორმა, ამავე ღერძზე გაუქმებულია სამი ფანჯრის და ერთი კარის ღიობი. 1-1 ღერძთან შემცირებულია ავტოფარეხის სიგრზე 1მ-ით. II სართულზე ი-ლ მონაკვეთში 10-10 ღერძთან კედელი გადაწეულია წინ, რის გამოც აივნის ხარჯზე გაზრდილია საცხოვრებელი ფართი. მ-ლ მონაკვეთში 3-3 ღერძის მიმდებარედ გაუქმებულია აივნის კუთხე. VII დან X სართულის ჩათვლით დამატებულია სახურავზე ამავალი კაპიტალური კიბეები, ხოლო ტექნიკური სართულები ღიობებით დაკავშირებულია სახურავებთან, აღნიშნული ტექნიკური სართულის სახურავები ნაცვლად კაპიტალურისა მოწყობილია მსუბუქი გადახურვით. IX სართულზე ზ-თ მონაკვეთში 10-7 ღერძებს შორის გაუქმებულია აივანი და კარის ღიობების ნაცვლად მოწყობილია ფანჯრები. X სართულზე ზ-ი მონაკვეთში შეცვლილია გადახურვის კონფიგურაცია. ლ-კ მონაკვეთში ლიფტის შახტის გვერდით დამატებულია კოლონა. ა-მ1 ფასადზე ±0.00 ნიშნულზე შემცირებულია ვიტრაჟის გაბარიტი, დ–ე მონაკვეთში შეცვლილია ვიტრაჟის ნახატი. +2.85 ნიშნულზე ა-ბ და თ-ი მონაკვეთებში კონსოლების ქვეშ მოწყობილია რიგელები. +9.45 ნიშნულის ზევით დ-ე მონაკვეთში აივნების ქვეშ, მოწყობილია რიგელები. +16.05 ნიშნულზე ბ-ბ ღერძთან გაზრდილია ვიტრაჟის სიმაღლე 0.40მ-ით. ფასადებზე აივნების ნაწილი ამოშენებულია, გაზრდილია გადახურვების რაოდენობა, დამატებულია ფილები და კედლები. მ-ა ფასადზე ლიფტის შახტებზე მოპირკეთებებს შორის არ ფიქსირდება სართულშუა გადახურვის ფილის სიბრტყეები. +2.85 ნიშნულზე მ-ლ და ბ-ა მონაკვეთებში კაპიტალურის ნაცვლად მოწყობილია ლითონის მოაჯირები. აღნიშნული ნიშნულიდან ზევით ლ-კ მონაკვეთში ვიტრაჟების თავზე მოწყობილია რიგელები, რის გამოც შემცირებულია ვიტრაჟების გაბარიტი. +19.35 ნიშნულზე კ-ი მონაკვეთში აივანი შემინულია. ლიფტის შახტების გვერდით შეცვლილია სადარბაზოს ცხაურების ნახატი და გაბარიტი. 2-12 ფასადზე შეცვლილია +22.65, +25.95 და +29.25 ნიშნულებზე ფანჯრების გაბარიტი და ნახატი. +19.35 ნიშნულზე 4-4 ღერძთან ფასადის სიბრტყიდან გამოსულია კოლონის გვერდები. 10-3 ფასადზე +2.85 ნიშნულზე შეცვლილია ვიტრაჟების მდებარეობა და გაბარტი, 3-3 ღერძთან +12.75 დან +22.65 ნიშნულის ჩათვლით გაუქმებულია ვიტრაჟები. 10-10 ღერძის მარცხნივ გადახურვის ნაწილი ნაცვლად ჰორიზონტალურისა მოწყობილია დახრილი ფორმის. +29.25 ნიშნულზე 5-3 მონაკვეთში ვიტრაჟის ნაცვლად მოწყობილია კარი. კორპუსი VI სართული ფასადი 15-26 ღერძებში: 15-16 მონაკვეთში გაუქმებულია ორი ღიობი. სადარბაზოში შესასვლელებთან გაზრდილია კიბის გაბარიტი სიგრძეში. +3.30 ნიშნულის ქვემოთ ზოგიერთ მონაკვეთში დამატებულია რიგელები. +13.20 ნიშნულზე 16-17 მონაკვეთში გაზრდილია ცხაურის სიმაღლე. ფასადი 26-15 ღერძებში: -0.90 ნიშნულზე 25-22, 20-18 და 16-15 მონაკვეთებში კონსოლების ძირი შესავსებია, დამატებულია ღიობები. +0.00 ნიშნულზე 17-15 მონაკვეთში კაპიტალური მოაჯირის ნაცვლად მოწყობილია ლითონის მოაჯირი. 22-21 მონაკვეთში გაუქმებულია აივანი და კარ-ფანჯრის ნაცვლად მოწყობილია ფანჯარა. 26-25 მონაკვეთში გარე შემავსებელი კედლები და ფანჯარა მოსაწყობია. +3.30 დან +9.90 ნიშნულის ჩათვლით გაზრდილია აივნების გაბარიტი სიგრძეში. +6.60 ნიშნულზე 23-23 ღერძთან მოაჯირზე დამატებულია მინა. 18-17 მონაკვეთში აივნის ნაწილი ამოშენებულია კაპიტალური კედლით და მოწყობილი ფანჯარა. 17-16 მონაკვეთში აივნის ღიობი გაზრდილია. +9.90 ნიშნულზე 26-25 მონაკვეთში ღიობში მოსაწყობია კარი. 17-17 ღერძზე კოლონას მონაცვლებული აქვს ადგილი. ფასადი ე1-ა1 ღერძებში: +0.00 და +13.20 ნიშნულებზე დ1-გ1 მონაკვეთში ორ ფანჯარას მონაცვლებული აქვს ადგილი. +13.20 ნიშნულზე კედელზე ასახულია ფილის და კოლონების ფრაგმენტი. დ1-დ1 ღერძთან გაზრდილია ხის ჟალუზის სიმაღლე. ე1-ე1 ღერძთან არ არის მოწყობილი ხის ჟალუზი. ე1-დ1 მონაკვეთში -330 ნიშნულზე გაზრდილია ღიობის სიმაღლე. ფასადი ა1-ე1 ღერძებში: -0.90 ნიშნულზე ა1-გ1 მონაკვეთში კედელი გაზრდილია სიგრძეში და სიმაღლეში. შენობის შიგნით -3.30 ნიშნულზე, 19-18 მონაკვეთში გაზრდილია ღიობის სიგანე 25-26 მონაკვეთში გაუქმებულია ორი კოლონა, ხოლო 26-26 და ე1-ე1 ღერძების კვეთაზე ერთი კოლონა დამატებულია. ე1-დ1 მონაკვეთში არ არის მოწყობილი დაბალი კედლები და შეცვლილია პანდუსის ფორმა. კოლონების გადმოსვლა კედლის სიბრტყიდან არ ემთხვევა საპროექტოს. ±0.00 ნიშნულზე 16-18 მონაკვეთში ორ სადარბაზოში კიბეები შებრუნებულია. სადარბაზოებში შეცვლილია კიბის საფეხურები, აღნიშნული კიბეების ქვეშ მოწყობილია ლითონის შველერები და საფეხურები ანაკრებია. ზოგიერთ მონაკვეთში დამატებულია კოლონა. პროექტში არ არის ნაჩვენები რიგელები. სახურავზე ზოგ მონაკვეთში დამატებულია პარაპეტი, ბ-ბ და დ-დ ღერძებში სადარბაზოებთან გაუქმებულია პარაპეტის ფრაგმენტი. დამატებულია სავინტილაციო შახტები და ორი სამერცხლე, აღნიშნულის წინ არ არის მოწყობილი მოაჯირები. საპროექტო ტერიტორიაზე შენობის უკანა მხარეს ასევე გვერდით ნაწილები გაცდენილია საკადასტრო წითელ ხაზს, საკადასტრო საზღვრებს ცდება ასევე ღობის და კიბის ნაწილი.
ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25(ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №------ მითითება და მითითების დანართი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 164-1168)
3.1.3. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 08ნოემბრის №------ მითითების პირობები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2016 წლის 06 დეკემბრის №------ შემოწმების აქტი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 162-163)
3.1.4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ამხანაგობა ,,-----------–---------------- დაჯარიმდა 4000(ოთხი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 106-110)
3.1.5. 2017 წლის 21 აპრილს, ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარემ შ--–------–-–---–მა №19/0-------46-01 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03აპრილის №------ დადგენილების ბათილად ცნობა.
ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანებით არ დაკმაყოფილდა ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის 2017 წლის 21 აპრილის №19/0-------46-01 ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №------ დადგენილება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის 2017 წლის 21 აპრილის №19/0-------46-01 ადმინისტრაციული საჩივარი(იხ. ტომი 1, ს.ფ. 234-237)
- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 09 აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’(იხ. ტომი 1, ს.ფ. 222-231)
3.1.6. საქმეში წარმოდგენილია შპს ,,კ---ის’’ და შპს ,,კ--- არქიტექტურის’’ 2012 წლის 08ივნისის წერილი, რომლითაც ირკვევა, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,------------–---------------’’ ბინათმესაკუთრეებს შექმნილი კრიზისის გამო და აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2012 წლის 08 ივნისის წერილი (იხ. ტომი 1, ს.ფ. 23)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე მხარე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე ვერ იქნება გაზიარებული.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ამხანაგობა ,------------–---------------’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ- სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, ხოლო გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება; საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მომოქცევის კოდექსი’’, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე, 32-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული - ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03აპრილის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს გასაჩივრებული აქტების შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილ აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
6.2. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსი“ არეგულირებს მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ ობიექტებს და მათთან დაკავშირებულ პროცესებს, რომელთა წარმოება, მშენებლობა, მონტაჟი, შენახვა, ტრანსპორტირება, ბრუნვა, გამოყენება და განადგურება შეიცავს ნგრევის, აფეთქების, ემისიისა და ინტოქსიკაციის შესაძლებლობას და არის მომეტებული რისკი ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოსთვის. ამავე კანონის 15-ე მუხლის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა, კერძოდ ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად- მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი ობიექტი(შემდგომ – ობიექტი) არის – ტექნიკური ნაკეთობა, დანადგარი, მოწყობილობა, მათი ნებისმიერი კომბინაცია, შენობა-ნაგებობა, მათ შორის, განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი, შეზღუდულად ბრუნვადი ნივთიერება ან ისეთი საქმიანობის განმახორციელებელი ობიექტი და პროცესი, რომელიც შეიცავს პოტენციურ ტექნიკურ საფრთხეს და რომელსაც ავარიის ან არასწორი ექსპლუატაციის შემთხვევაში შეუძლია ზიანი მიაყენოს ადამიანის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას, საკუთრებასა და გარემოს. ,,ი’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები არიან – საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების აღმასრულებელი ხელისუფლების უფლებამოსილი დაწესებულებების სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოები და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის უფლებამოსილი ორგანოები.
დასახელებული ნორმების ანალიზის საფუძველზე ნათელია, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური(ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია) წარმოადგენს სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოს და სწორედ მის კომპეტენციას განეკუთვნება სამშენებლო საქმიანობის პროცესში იმგვარი დარღვევის გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება, როგორიცაა პროექტის დარღვევით მშენებლობის, უნებართვო მშენებლობის, რეკონსტრუქციის ან/და დემონტაჟის წარმოება.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 19.15 მუხლის თანახმად, მითითება სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების დაწყების საფუძველია და იგი გასაჩივრდება დადგენილებასთან ერთად. დასახელებული კანონის 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,–ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ 2016 წლის 08 ნოემბერს შედგენილი იქნა მითითება №------, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ დარღვეულია 2013წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით(ბრძანება №8----1, 06.08.2013წ. მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა) შეთანხმებული კორექტირებული არქიტექტურული პროექტი. ამავე მითითებით მხარეს, დარღვევის გამოსწორების მიზნით დაევალა ობიექტი მოეყვანა პროექტთან შესაბამისობაში, ხოლო დარღვევის გამოსასწორებლად განესაზღვრა 25(ოცდახუთი) კალენდარული დღის ვადა.
6.3. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლი განსაზღვრავს სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოების წესს. კერძოდ,- დასახელებული მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო სამართალდარღვევის საქმის წარმოებას იწყებს დამრღვევის მიმართ მითითების გაცემით, გარდა ამ მუხლის 23-ე ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად კი მითითებით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტში აისახება მშენებარე ობიექტის ფაქტობრივი მდგომარეობა მითითების პირობებთან მიმართებით, კერძოდ:
ა) მითითება შესრულდა;
ბ) მითითება არ შესრულდა;
გ) მითითება არადროულად სრულდება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2016 წლის 06 დეკემბერს შედგენილი იქნა შემოწმების აქტი №------ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ, რომლითაც დადგინდა, რომ ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიერ არ იქნა შესრულებული 2016 წლის 08 ნოემბრის №------ მითითების პირობები.
საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 25-ე მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, თუ შემოწმების აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, აქტის საფუძველზე სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას:
ა) დამრღვევის დაჯარიმების შესახებ;
ბ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით მიმდინარე მშენებლობისა და უნებართვო დემონტაჟის შეჩერების შესახებ;
გ) დამრღვევის დაჯარიმებისა და საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით აშენებული შენობა-ნაგებობების მთლიანად ან ნაწილობრივ დემონტაჟის, მშენებარე შენობა-ნაგებობების მშენებლობის მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერებისა და დემონტაჟის შესახებ.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 45.1 მუხლის ,,ა.გ’’ ქვეპუნქტის თანახმად(სადაო პერიოდში მოქმედი რედაქცია), სამშენებლო დოკუმენტაციითა და სამშენებლო რეგლამენტებით განსაზღვრული სანებართვო პირობების დარღვევა ან/და შეუსრულებლობა გამოიწვევს დაჯარიმებას მშენებლობის განხორციელების სპეციალური რეჟიმის ზონაში, სადაც დადგენილია მშენებლობის განხორციელების განსაკუთრებული რეჟიმი, ტყის ფონდისა და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ტერიტორიებზე, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებსა და საკურორტო-სარეკრეაციო ზონებში და ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მეოთხე კლასის შენობა-ნაგებობისათვის- 4000ლარით.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2017 წლის 03 აპრილს მიღებული იქნა №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, რომლის თანახმადაც ამხანაგობა ,,-----------–---------------- დაჯარიმდა 4 000(ოთხი ათასი) ლარით პროექტის დარღვევით IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისთვის.
6.4. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ- დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი(შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
დასახელებული ნორმების საფუძველზე სწორედ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოა ვალდებული დაამტკიცოს, რომ ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე და მისი გამოცემით არ დარღვეულა მოსარჩელის კანონიერი უფლებები, რაც იმას ნიშნავს, რომ კანონის ეს მოთხოვნა ათავისუფლებს მოსარჩელეს მტკიცების ტვირთისგან, რომ სადავო აქტი ითვლება არამართლზომიერად იქამდე, ვიდრე მისი გამომცემი არ დაამტკიცებს მის მართლზომიერებას.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 24.15 მუხლის თანახმად, ამ მუხლის მე-9 ნაწილით გათვალისწინებული დადგენილება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით(53-ე მუხლი) დადგენილ მოთხოვნებს. სასამართლოს მოსაზრებით კანონის აღნიშნული დანაწესი ამ კონკრეტულ შემთხვევაში დაცული არ არის.
საქართველოს კანონის ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ 14.2 მუხლის თანახმად, სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის სფეროში ამ თავის მოქმედება ვრცელდება: ა) პირების, აგრეთვე ამხანაგობების საქმიანობაზე, რომლის დროსაც ხორციელდება შენობა-ნაგებობის, მისი ელემენტების, კონსტრუქციული სისტემების ან კვანძების მშენებლობა, მონტაჟი, დემონტაჟი და სხვა სამშენებლო სამუშაოები; ბ)დამკვეთზე, რომლის ქმედებამაც გამოიწვია დარღვევები სამშენებლო საქმიანობაში; გ)სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მშენებლობის მწარმოებელი პირი; დ)შენობა-ნაგებობის მესაკუთრეზე ან მოსარგებლეზე, თუ დაუდგენელია მრავალბინიანი სახლის მშენებლობის მწარმოებელი პირი; ე) მესაკუთრეზე, რომლის სარეკონსტრუქციო ან სადემონტაჟო ავარიული შენობა-ნაგებობის ავარიულობის ხარისხი უშუალო საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
აღნიშნული მუხლის ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სამშენებლო სამართალდარღვევის ჩადენისათვის პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება უშუალოდ იმ პირს, ვინც აწარმოა უნებართვო მშენებლობა, ხოლო ასეთი პირის დაუდგენლობის შემთხვევაში კი პასუხისმგებლობა ეკისრება სამშენებლო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეს ან მოსარგებლეს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის სწორად გადაწყვეტისათვის უპირველეს ყოვლისა მნიშვნელოვანია ასევე განიმარტოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისი მუხლები, რომლებითაც დადგენილია ქმედების სამართალდარღვევად მიჩნევის საფუძვლები, ასევე ბრალეულობის მნიშვნელობა პირის სამართალდამრღვევად ცნობისათვის.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს(თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. აღნიშნული კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ საქართველოს კანონმდებლობა შედგება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისაგან.
სასამართლო მიუთითებს, რომ ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის’’ შესაბამისად, სამშენებლო სამართალდარღვევებთან დაკავშირებული საქმის წარმოებისა და ცალკეული სამართალდარღვევებისათვის პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილ ზოგად პრინციპებს ემყარება, მათ შორის აღნიშნული კოდექსის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისათვის ზემოქმედების ზომათა შეფარდებისას კანონიერების უზრუნველყოფის პრინციპს. ამ პრინციპის თანახმად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონიერების მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირნი ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 33-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის სახდელი დაედება იმ ნორმატიული აქტით დაწესებულ ფარგლებში, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევისათვის ამ კოდექსის და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ სხვა აქტების ზუსტი შესაბამისობით. ამავე კოდექსის 236-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მტკიცებულებას წარმოადგენს ყველა ფაქტობრივი მონაცემი, რომელთა საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით, ორგანო (თანამდებობის პირი) დაადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის არსებობას ან არარსებობას, პირის ბრალეულობას მის ჩადენაში და სხვა გარემოებებს, რომლებსაც მნიშვნელობა აქვს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ეს მონაცემები დადგინდება შემდეგი საშუალებებით: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ახსნა-განმარტებით, დაზარალებულისა და მოწმის ჩვენებებით, ექსპერტის დასკვნით, ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული გამოკვლევის(ტესტირების) შედეგებით, ვიდეოფირით ან ფოტოფირით, ნივთიერი მტკიცებულებით, ნივთისა და დოკუმენტის ამოღების ოქმით და სხვა დოკუმენტებით.
სასამართლო, ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 237-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ორგანო(თანამდებობის პირი), ხელმძღვანელობს რა კანონით და მართლშეგნებით, მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რაც დამყარებულია საქმის ყველა გარემოების ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამოკვლევაზე მათს ერთობლიობაში, ხოლო 264-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ ორგანო(თანამდებობის პირი) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების განხილვისას მოვალეა დაადგინოს: ჩადენილი იყო თუ არა ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ბრალეულია თუ არა პირი მის ჩადენაში, ექვემდებარება თუ არა იგი ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, არის თუ არა პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, აგრეთვე გამოარკვიოს სხვა გარემოებანი, რომელთაც მნიშვნელობა აქვთ საქმის სწორად გადაწყვეტისათვის.
სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი ბუნებით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამასთან, იმისათვის, რომ პირი მივიჩნიოთ სამართალდამრღვევად, სახეზე უნდა გვქონდეს სამართალდარღვევის შემადგენლობა, წინააღმდეგ შემთხვევაში გამორიცხულია პირის, როგორც სამართალდამრღვევის დაჯარიმება. მხარის სამართალდამრღვევად მიჩნევისათვის სახეზე უნდა გვქონდეს მოსარჩელის მიერ განხორციელებული ქმედება, რომელიც მართლსაწინააღმდეგოა (კანონით უნდა იკრძალებოდეს შესაბამისი ნებართვის/შეტყობინების გარეშე მოსარჩელის მიერ სამშენებლო/სარეკონსტრუქციო სამუშაოების წარმოება და კანონი უნდა ადგენდეს შესაბამის სახდელს უკანონო მშენებლობისათვის/რეკონსტრუქციისათვის) და ბოლოს, სახეზე უნდა იყოს ბრალი(მოსარჩელის დამოკ---ებულება მის მიერ განხორციელებული ქმედების მიმართ) (საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012წლის 15 ნოემბრის №ბს-391-386(3კ-12) გადაწყვეტილება).
6.5. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებულ საჯარო სამართლებრივ ურთიერთობათა რეგულირების სფეროს, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე მშენებლობის ნებართვის გაცემის, სანებართვო პირობების შესრულებისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების პროცესს არეგულირებს საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ’’. აღნიშნული დადგენილების 36-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მშენებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის ამ დადგენილებით, განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა. ამავე დადგენილების 78-ე მუხლის პირველი პუნსტის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის მფლობელი ვალდებულია აწარმოოს მშენებლობა სამშენებლო დოკუმენტის დარღვევის გარეშე, ამავე მუხლის ,,ზ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მშენებლობის ნებართვის ვადის გასვლიდან 6 თვის ვადაში ექსპლუატაციაში მიღებისათვის მომზადებული შენობა-ნაგებობა წარადგინოს უფლებამოსილ ორგანოში ექსპლუატაციაში მიღებისათვის. მე-2 პუნქტის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისას ნებართვის მფლობელს დაეკისრება საქართველოს კანონით –პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის მიერ, ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიერ ჩადენილი(სავარაუდოდ ჩადენილი) სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვისას, სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, კერძოდ- მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქალაქ თბილისის მერიის სსიპ თბილისის არქიტექტურის სამსახურის 2013წლის 26 ივლისის №8----- ბრძანებით დაკმაყოფილდა შ--–------–-–---–ის 2013 წლის 19 ივნისის №A-------9 განცხადება და შეთანხმდა, ქ------–--–------–-------------------ში მდებარე №01.14.02.025.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ თანასაკუთრების მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის კორექტირებული არქიტექტურული პროექტი, ხოლო ამავე სამსახურის 2013 წლის 06აგვისტოს №8----1 ბრძანებით გაიცა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე შერეული ტიპის შენობის შეთანხმებული არქიტექტურული პროექტის საფუძველზე მშენებლობის ნებართვა და სანებართვო მოწმობა, მშენებლობის ვადა კი განისაზღვრა 2013 წლის 08აგვისტოდან 2014 წლის 08 იანვრის ჩათვლით. საქმეში წარმოდგენილი შპს ,,კ---ის’’ და შპს ,,კ--- არქიტექტურის’’ 2012 წლის 08 ივნისის წერილით ასევე ირკვევა, რომ კომპანიამ ბოდიში მოუხადა ამხანაგობა ,------------–---------------’’ ბინათმესაკუთრეებს შექმნილი კრიზისის გამო და აიღო ვალდებულება, რომ ოქტომბრის ბოლოს დამთავრდებოდა სამშენებლო სამუშაოები და სახლი ჩაბარდებოდა ექსპლუატაციაში. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ ამხანაგობა ,------------–---------------’’ ბინათმესაკუთრეებმა არაერთი განცხადებით მიმართეს შპს,,კ---ს’’ და მოსთხოვეს მშენებლობის დასრულება და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღება, თუმცა აღნიშნული კორპუსი დღეის მდგომარეობითაც არ არის მიღებული ექსპლუატაციაში, რასაც არცერთი მხარე არ ხდის სადავოდ. შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს შესაბამის მტკიცებულებათა შეპირისპირებით არ გამოუკვლევია ის გარემოება ამ კონკრეტულ შემთხვევაში ამხანაგობა ,------------–---------------’’ მხრიდან სახეზე იყო თუ არა ბრალეული ქმედება, რაც სამართალდარღვევის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ გარემოებას წარმოადგენს, რამეთუ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესის შესაბამისად, სწორედ ბრალეულობის დადასტურების შემთხვევაშია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო პირის მიმართ გამოიყენოს პასუხისმგებლობის ღონისძიება და გამოსცეს აქტი ადმინისტრაციული სახდელის შეფარდების შესახებ. დასახელებული გარემოებები საერთო ჯამში ადასტურებს იმას, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ საკითხის გადაწყვეტისას არ გამოიკვლია საქმის მასალები სრულყოფილად. შესაბამისად საქმის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციულმა ორგანომ, საკითხის ობიექტურად გადაწყვეტის მიზნით უნდა მოახდინოს საქმის გარემოების სრულყოფილი გამოკვლევა, დაინტერესებულ მხარეთა მოსმენა, მტკიცებულებათა შეგროვება ან სხვა ნებისმიერი კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარება კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მიზნით. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ სამშენებლო სამართალდარღვევასა და მასთან დაკავშირებით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებასთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტა განეკუთვნება ადმინისტრაციული ორგანოს, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის დისკრეციული უფლებამოსილების სფეროს. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების გადასინჯვის წესის, მისი მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით შემოწმების შესაძლებლობის და მისი დისკრეციული უფლებამოსილების შეზღუდვის მიზანშეუწონლობის გამო სასამართლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს მხოლოდ კანონიერების თვალსაზრისით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.
რაც შეეხება მოსარჩელე მხარის აპელირებას იმ გარემოებაზე, რომ სადავო სამართალდარღვევა ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ გამოვლენილი იქნა ჯერ კ---ევ 2013 წელს, რის გამოც გასულია ადმინისტრაციული სახდელის დაკისრების ხანდაზმულობის ვადა და შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ეხელმძღვანელა სამართალდარღვევათა შესახებ მარეგულირებელი უფრო ზოგადი ნორმებით,- სასამართლოს მიერ ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან, მართალია, ქ------–--–------–-------------------ში მშენებარე ობიექტის ადგილზე შემოწმების შედეგად, ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2013 წლის 13 აგვისტოს ცნობით(იხ. ტომი 1, ს.ფ. 203-205) დადგენილი სამართალდარღვევების ნაწილი ასახულია ამავე სამსახურის 2016 წლის 08 ნოემბრის №------ მითითების დანართში, თუმცა სამშენებლო სამართალდარღვევა თავისი არსით წარმოადგენს დენად სამართალდარღვევას, რაც გულისხმობს იმას, რომ სამართალდამრღვევს ეკისრება დარღვევების გამოსწორების ვალდებულება, მიუხედავად იმისა, თუ როდის იქნა იგი ჩადენილი და გასულია თუ არა პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის კანონით დადგენილი ხანდაზმულობის ვადა.
6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601.1 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა.
განსახილველ შემთხვევაში როგორც აღინიშნა ადმინისტრაციულმა ორგანომ- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოსცა საქმის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, ხოლო იმისათვის, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა შეფასების შედეგად, რათა თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს წინააღმდეგობრივი და დაუსაბუთებელი დასკვნის საფუძველზე ადმინისტრაციული აქტის გამოცემა. ასეთი გამოკვლევის არარსებობის შემთხვევაში კი, სასამართლო შესაბამის მსჯელობას იმ მტკიცებულებებზე და გარემოებებზე, რაც ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან შეფასებისა და გამოკვლევის საგანი არ ყოფილა- ვერ იქონიებს, რის გამოც უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ საკითხის ხელახალი განხილვისას ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექცია ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს მისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება, ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიერ სავარაუდოდ ჩადენილი სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის შემოწმებისას, იხელმძღვანელოს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით და გადაწყვეტილება მიიღოს იმგვარად, რომ არ შეილახოს პირის კანონით გარანტირებული უფლებები.
ამდენად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017წლის 03აპრილის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას უნდა დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში, რადგან ამ აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
6.7. მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების ბათილად ცნობა, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივარი. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში - ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება ამ კოდექსის VI თავით გათვალისწინებული დებულებანი.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ)ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ)ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით კი, ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას.
იმის გათვალისწინებით, რომ სასამართლოს მიერ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4 მუხლის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის №------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’, შესაბამისად გასაჩივრებული- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9 აგვისტოს №3-- ბრძანების კანონშეუსაბამობა სახეზეა, რის გამოც იგი ბათილად უნდა იქნეს ცნობილი, მით უფრო მაშინ, როდესაც ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს- სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც.
კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითრით დასტურდება, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100(ასი) ლარის ოდენობით. ამასთან, ამხანაგობა ,------------–---------------’’ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ამდენად, მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას და ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროს 100(ასი) ლარის გადახდა ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018წლის 05 ოქტომბრის განჩინებით, ამხანაგობა ,------------–---------------’’ შუამდგომლობა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მოქმედების შეჩერების თაობაზე დაკმაყოფილდა, კერძოდ- შეჩერდა გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის- ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03 აპრილის N------ დადგენილების მოქმედება, - მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე ან სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულებამდე.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 30-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განჩინება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან მისი ნაწილის შეჩერების თაობაზე ძალას კარგავს: ა)მოცემულ საკითხზე სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლისას და ბ)სასარჩელო წარმოების სხვაგვარად დასრულების შემთხვევაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-12, 22-ე, 30-ე, 32-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ამხანაგობა ,------------–---------------’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 9აგვისტოს №3-- ბრძანება ,,ამხანაგობა ,------------–---------------’’ თავმჯდომარის შ--–------–-–---–ის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე’’.
3. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2017 წლის 03აპრილის N------ დადგენილება ,,სამშენებლო სამართალდარღვევის საქმეზე’’.
4. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას დაევალოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოების შესწავლის, გამოკვლევისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ამხანაგობა ,------------–---------------’’ მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
5. მოპასუხეებს- ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალურ ინსპექციას, მოსარჩელე- ამხანაგობა ,------------–---------------’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 100(ასი) ლარის გადახდა, ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში(მდებარე: ქ.თბილისი, გრ.რობაქიძის გამზირი №7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან 14(თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის(მდებარე: ქ.თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე ჯინჭველაშვილი