გადაწყვეტილება

სამოქალაქო 09.10.2018
საქმის ნომერი
010210017001902599
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
09.10.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

010210017001902599

საქმე №2-1419/17წ

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

09 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე

სხდომის მდივანი ცირა ქარცივაძე

 

მოსარჩელე სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

წარმომადგენელი რ-------------–---–-

 

მოპასუხე მ------------------ე

წარმომადგენელი რ----–---------ე

 

დავის საგანი თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1 მოპასუხე მ------------------ეზე სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასარგებლოდ სტუდენტად ყოფნის პერიოდში გადაუხდელი სწავლის საფასურის 1250 ლარის ოდენობით დაკისრება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის უსაფუძვლო, ასევე ხანდაზმული, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1 უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებები არ არის.

 

3.2 სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2006 წლის 30 სექტემბრის №3-510 ბრძანებით მ------------------ე ჩაირიცხა სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარული მეცნიერებისა და პედაგოგიურ ფაკულტეტზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება №3-510, 30.09.2006წ;

 

3.2.2. 2006 წლის 18 სექტემბერს სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და მ------------------ეს შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის მიხედვით სტუდენტმა აიღო ვალდებულება, რომ კეთილსინდისიერად შეასრულებდა სწავლასთან დაკავშირებით უნივერსიტეტის მიერ მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, დაწესებულების შინაგანაწესს, ეთიკის კოდექსს, ბსუ-ს მართვის ორგანოების მიერ გამოცემულ აქტებს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულება.

 

3.2.3. სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის 2009 წლის 05 ივნისის ბრძანებით მ------------------ეს სწავლის საფასურის გადაუხდელობის გამო შეუჩერდა სტუდენტის სტატუსი, ხოლო ამავე უნივერსიტეტის რექტორის N01-09/315 ბრძანებით საერთოდ შეუწყდა სტუდენტის სტატუსი. მოსარჩელის მტკიცებით მ------------------ეს ერიცხება 2008-2009 სასწავლო წლის სწავლის საფასურის დავალიანება 1250 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება №3-255, 05.06.2009წ.

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება №01-09/315, 08.08.2014წ.

 

3.2.4. დადგენილია, რომ მ------------------ეს სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა 2009 წლის 05 ივნისს, ხოლო სარჩელი მ------------------ის მიმართ სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 28 აპრილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სასარჩელო განცხადება.

- სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ბრძანება №3-255, 05.06.2009წ;

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 629-ე, 128-ე, 129-ე, 130-ე, 144-ე მუხლებით, ასევე ,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობისათვის ყველაზე გავრცელებული საფუძველია. ხელშეკრულება ეს არის მხარეთა შეთანხმება მათი ურთიერთობის არსებით და მნიშვნელოვან მომენტებზე, რომელიც გავლენას ახდენს მათ უფლება-მოვალეობების წარმოშობაზე. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის, ან შეწყვეტისაკენ. გარიგების დადება მხარეებს წარმოუშობს ამ გარიგებიდან გამომდინარე უფლება-მოვალეობებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. შესრულდა თუ არა ხელშეკრულებაში მითითებული პირობები ჯეროვნად, შესაძლებელია მხოლოდ ამ ხელშეკრულებაში მითითებული პირობების გონივრული გააზრებით.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული წერილობითი ხელშეკრულება ურთიერთვალდებულების განმსაზღვრელია ერთმანეთის მიმართ, მათ შორის ამჟამად დავის საგანზეც, - სწავლის საფასურის გადახდის წესზე.

 

იმ დროს კი, როგორც თავად მოსარჩელე განმარტავს, მოქმედებდა უნივერისტეტის შიდასამართლებრივი აქტი სწავლის საფასურის გადახდის წესის და ვადების შესახებ, სადაც განსაზღვრულია სწავლის გადახდის წესი და ვადა და ამავე წესით სწავლის საფასურის გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება დაუშვებელია;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის თანახმად ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაიხადოს შეთანხმებული საზღაური.

 

ფაქტიურად მხარეთა შორის არსებული ურთიერთობა გამომდინარეობს ნარდობის ხელშეკრულებიდან; მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით მოსარჩელემ აიღო ვალდებულება შეესრულებინა სამუშაო, მოწინააღმდეგე მხარეს კი უნდა გადაეხადა შესრულებული სამუშაოს საფასური;

 

მოპასუხეს კი იმ შემთხვევაში წარმოეშობოდა გადახდის ვალდებულება, თუ მოსარჩელე ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოს შეასრულებდა.

 

ზემოთმითითებული სამართლებრივი ნორმებიდან გამომდინარე იგულისხმება მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში მითითებული ურთიერთ ვალდებულებების ჯეროვნად შესრულება.

 

მხარის - კონკრეტულ შემთხვევაში - უნივერსიტეტის ვალდებულებას შეადგენდა მომსახურების გაწევა, ხოლო მოპასუხის ვალდებულებას - მომსახურებისათვის შეთანხმებული საზღაურის გადახდა;

 

იგივე გამომდინარეობს საქართველოს კანონის ”უმაღლესი განათლების შესახებ” 79-ე მუხლის მეორე პუნქტიდან, სადაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების ერთერთი წყაროა სწავლის საფასური.

 

შესაბამისად კანონით დადგენილია საზღაურის გადახდა და გადახდის ვალდებულება სწავლისათვის მომსახურების მიღებისას და არა სტუდენტად ყოფნისათვის; აქედან გამომდინარე სტუდენტი ვალდებულია გადაიხადოს სწავლის საფასური იმ შემთხვევაში, თუ მას ექნება შესაძლებლობა მიიღოს შესაბამისი მომსახურება უმაღლესი სასწავლებლისაგან: ისწავლოს, ან მიიღოს სწავლების შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელი საბუთი;

 

6.3. მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე მოპასუხისაგან მოითხოვს 2008-2009 სასწავლო წლის დავალიანების გადახდას, ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი შეუჩერდა სწორედ დავალიანების გამო 2009 წლის 05 ივნისს, ხოლო სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 28 აპრილს. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა არის ხანდაზმული შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილით კი იმპერატიულადაა დადგენილი, რომ სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს. ხოლო ამავე კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან; მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო, ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ;

 

სსიპ შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ 2007 წლის 23 ოქტომბერს მიღებული №13 გადაწყვეტილების თანახმად დამტკიცდა ამავე უნივერსიტეტის სტუდენტთა მიერ სწავლის საფასურის გადახდის წესი; კერძოდ, მოცემული წესის თანახმად სწავლის საფასურის გადახდის საფუძველია სასწავლო წლის დასაწყისში მასთან გაფორმებული ხელშეკრულება, რომელშიც უნდა აისახოს სხვა ვალდებულებებთან ერთად სწავლის საფასურის გადახდის პირობები და ვადები;

 

მოცემული წესის მეოთხე მუხლის თანახმად, სტუდენტი ვალდებულია დადგენილი წესითა და ვადებით გადაიხადოს სწავლის საფასური; ამავე წესის მეოთხე მუხლის მეხუთე პუნქტის თანახმად, - დაუშვებელია სწავლის საფასურის დადგენილ ვადებში გადაუხდელობის შემთხვევაში გადახდის ვადის რაიმე ფორმით გაგრძელება;

 

მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიმართ უნდა გავრცელდეს სწავლის საფასურის გადახდის წესის ის მოთხოვნები, რომლებიც არსებობდა მოპასუხესთან ხელშეკრულების გაფორმების პერიოდში;

 

ამდენად საქმის განხილვით დადგენილია, რომ მ------------------ეს 2008-2009 სასწავლო წლის გადასახადი უნდა გადაეხადა თითოეული სემესტრის დაწყებიდან ერთი თვის ვადაში. ამდენად თანხის გადახდის მოთხოვნის უფლებაც მოსარჩელეს ამ დროიდან წარმოეშვა.

 

ასევე დადგენილია, რომ მოპასუხეს სტუდენტის სტატუსი ფინანსური დავალიანების გამო შეუჩერდა 2009 წლის 05 ივნისს და ამ დროისათვის მოსარჩელისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე. ამდენად მოსარჩელე თუ თვლიდა, რომ მოპასუხეს დარჩენილი ქონდა გადასახდელი სწავლის საფასური, მას ამის თაობაზე მოთხოვნა უნდა დაეყენებინა სულ მცირე 2009 წლის 05 ივნისიდან სამი წლის ვადაში.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ხანდაზმულობა არ არის აბსტრაქტული სამართლებრივი კატეგორია. კანონმდებლობა ითვალისწინებს მისი დაწყებისა და დამთავრების დროის მონაკვეთს, კერძოდ, ხანდაზმულობა იწყება მაშინ, როცა უფლებამოსილმა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის სადაო არ არის ის გარემოება, რომ სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროისათვის, ანუ 2009 წლის 05 ივნისს მოსარჩელე მოითხოვდა მოპასუხისაგან დავალიანების გადახდას და მისთვის ამ დროისათვის ცნობილი იყო მისი უფლების დარღვევის თაობაზე, თუმცა სარჩელი სასამართლოში წარმოდგენილი იქნა 2017 წლის 28 აპრილს, ანუ სამი წლის გასვლის შემდეგ.

 

ამდენად, სასამართლო მოცემულ სამართლებრივ დავაზე ადგენს, რომ გასულია სახელშეკრულებო მოთხოვნებიდან გამომდინარე ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

 

სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის თანახმად კი დადგენილია, რომ ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემთხვევაში ვალდებული პირი უფლებამოსილია უარი თქვას მოქმედების შესრულებაზე, რაც სარჩელის დასაბუთებულობის მიუხედავადაც მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.

 

6.4. ამასთან სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან დავის საგანი არის 1250 ლარი, ამიტომ მოცემულ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება გამოცხადებისთანავე შედის კანონიერ ძალაში, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად „პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე, თუ დაუშვებელია სააპელაციო წესით გასაჩივრება. სააპელაციო წესით გასაჩივრებას კი სამოქალაქო საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 365 მუხლის თანახმად ექვემდებარება მაშინ, თუ დავის საგნის ღირებულება აღემატება 2000 ლარს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი არ დაკმაყოფილდა. მოსარჩელეს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა ჩაეთვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე და 365-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. არ დაკმაყოფილდეს სსიპ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სარჩელი მ------------------ის მიმართ გადაუხდელი სწავლის საფასურის ანაზღაურების თაობაზე;

 

2. სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილია.

 

3. გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ ექვემდებარება.

 

მოსამართლე ხათუნა ბოლქვაძე