გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
190210018002643746
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-2551-18

(საქმე N190210018002643746)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი 2018 წელი ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - შპს ,,ს---–--’’

წარმომადგენელი - ს-------- შ-------–---–-

 

მოპასუხე - ე-- დ----–--ე

 

დავის საგანი - თანხის გადახდის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - ე-- დ----–--ეს შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 5761,70 ლარის გადახდა, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 3500,00 ლარს, პროცენტი - 1094.70 ლარს, შემცირებული პირგასამტეხლო- 1167.00 ლარს.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - ე-- დ----–--ემ, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხემ სარჩელი ცნო სესხის ძირითადი თანხის - 3500 ლარის, სარგებლის 500 ლარის და პირგასამტეხლოს სახით 500 ლარის დაკისრების ნაწილში, დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ ცნო და მოითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1.1. შპს ,, ს---–--სა ‘’ და ე-- დ----–--ეს შორის 07.03.2018 წელს , ელექტრონული ფორმით დაიდო N 104353-3 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ე-- დ---–--–--ეზე გაიცა სესხი 3500.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა - 370 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2 % სესხის დაფარვა - გრაფიკით გათვალისწინებული ყოველთვიური გადახდებით, ყოველთვიური შენატანები (ძირითადი თანხა + პროცენტი) – 418.94 ლარი, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის - ნარჩენი ძირითადი თანხის 0.41 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.03. 2018-ის N104353_3 ხელშეკრულება - 20 ფურცლად

 

3.1.2. მსესხებლის მიერ ხელშეკრულება დაირღვა 2018 წლის 10 აპრილს, გრაფიკით გათვალისწინებულ ყოველთვიური შენატანის თანხები გადახდილი არ იქნა, მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მსესხებელი არ ასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს , რის შედეგად 14.09.2018 -ის მდგომარეობით, გამსესხებლის წინაშე მისი ფულადი ვალდებულება შეადგენს 7056.07 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 3500.00 ლარი , პროცენტი - წლიური საპროცენტო განაკვეთიდან სესხის ძირ თანხაზე პროპორციულად დარიცხული გადაუხდელი ოდენობა - 1094.70 ლარი, პირგასამტეხლო - ნარჩენი ძირითდი თანხის დღიური 0.41 % 2018 წლის 11 აპრილიდან მოყოლებული ვადაგადაცილებულად დაფიქსირებულ დღეებზე (რომელშიც არ შედის ის დღეები , როდესაც სარგებლობდა გადავადებით) – 2461.38 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 07.03. 2018-ის N104353_3 ხელშეკრულება - 20 ფურცლად

- საგადახდო ისტორია 14.09.2018-ის მდგომარეობით - 1 ფურცლად;

- 14.09.18 ცნობა დავალიანების შესახებ - 1 ფურცლად

-

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების - 3500 ლარის, სარგებლის სახით 500 ლარის და და პირგასამტეხლოს მოთხოვნის ნაწილში ასევე 500 ლარის ოდენობით დაკისრებაზე, ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის, სარგებლისა და პირგასამტეხლოს გადახდა იმ ოდენობით , რაშიც სცნო სარჩელი.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით შპს ,,ს---–--ს“ და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ შპს ,, ს---–--სა ‘’ და ე-- დ----–--ეს შორის 07.03.2018 წელს , ელექტრონული ფორმით დაიდო N 104353-3 სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, ე-- დ---–--–--ეზე გაიცა სესხი 3500.00 ლარის ოდენობით, შემდეგი პირობებით : სესხის ვადა - 370 დღე, სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი - 71.2 % , ხელშეკრულების საფუძველზე მხარეთა შორის წარმოიშვა სასესხო სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ შპს ,, ს---–--ს‘ ’მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოსარჩელემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო დავალიანების ძირითადი თანხა, ნაწილობრივ პროცენტისა და პირგასამტეხლოს სახით გადახდის ვალდებულებაც. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის და ნაწილობრივ სარგებლისა და პირგასამტეხლოს ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს და სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოსა და სარგებლის ნაწილში ( 500 ლარს ზევით თანხის დაკისრებაზე) მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი . სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 71,2 % მოცულობით განსაზღვრასთან დაკავშირებით, როგორც მაღალის, არ არის საფუძვლიანი და შესაბამისად, არ უნდა შემცირდეს. რაც შეეხება პირგასამტეხლოს, რომელიც მოთხოვნილია 1167.00 ლარის ოდენობით, ოდენობით, სასამართლოს მოსაზრებით, არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ 07.03.2018 წელს , ელექტრონული ფორმით მხარეთა შორის გაფორმებული N 104353-3 სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხე ე-- დ----–--ეს პირგასამტეხლოს სახით ნაცვლად 1167.0 ლარისა უნდა დაეკისროს 500 ლარის გადახდა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო სულ 172.86 ლარი (ს.ფ. 44).

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს ბაჟის განაწილების საკითხზე დაშვებულია არითმეტიკული შეცდომა , რაც უნდა გასწორდეს და ბაჟი განაწილდეს შემდეგი სახით.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ ეტაპზე, მოპასუხე ე-- დ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 17.84 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, შპს ,,ს---–--ს’’ უნდა დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 135 ლარი ( გადახდილია 19.09.2018წ. საგადახდო დავალება#10), ხოლო 20.02 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი

 

მოსარჩელე ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების 13.2 პუნქტი ითვალისწინებს ამ საკითხს.

 

სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 364-ე, 365-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სარჩელი მოპასუხე ე-- დ----–--ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2 . მოპასუხე ე-- დ----–--ეს დაეკისროს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ 5094.70 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3500 ლარი, პროცენტი -1094,70 ლარი, პირგასამტეხლო - 500 ლარი.

შპს ,,ს---–--ს’’ უარი ეთქვას მოთხოვნის დაკამყოფილებაზე 667 ლარის დაკისრების ნაწილში.

 

3. მოპასუხე ე-- დ----–--ეს მოსარჩელე შპს ,,ს---–--ს’’ სასარგებლოდ დაეკისროს 17.84 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, შპს ,,ს---–--ს’’ დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 135 ლარი ( გადახდილია 19.09.2018წ. საგადახდო დავალება#10), ხოლო 20.02 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. შპს ,,ს---–--ს’’ მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

 

5.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

7. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი