გადაწყვეტილება

სამოქალაქო 14.11.2018
საქმის ნომერი
330210118002652642
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
14.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/28259-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

14 ნოემბერი, 2018 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თამარ ლაკერბაია

სხდომის მდივანი ირმა იმნაძე

მოსარჩელე - შპს ,,ბ----’’

წარმომადგენელი - დ---------–----ა

მოპასუხე - შპს ,,ო---------------ი’’

წარმომადგენელი - ქ-----------------–--ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შპს ,,ო---------------ი’’-ს, შპს ,,ბ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 44 527 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

1.2. შპს ,,ო---------------ი’’-ს შპს ,,ბ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 7 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველდღიურად პირგასამტეხლოს - 44.527 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა.

 

სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2017 წლის 27 იანვარს მოსარჩელეს და მოპასუხეს შორის გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მოპასუხე ვალდებული იყო მოსარჩელისათვის საკუთრებაში გადაეცა ავტომობილი საავანსო თანხის გადახდიდან 6 თვის ვადაში.

 

მოსარჩელემ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2017 წლის 07 თებერვალს მოპასუხეს გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავანსი - სრული საფასურის 20%. მოპასუხემ კი მიუხედავად არაერთი შეხსენებისა და დაპირებისა, არ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება და ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში არ მიაწოდა მოსარჩელეს ავტომობილი.

 

მხარეთა შორის 2017 წლის 17 ნოემბერს გაფორმებული დამატებითი შეთანხმებით მოპასუხემ იკისრა ვალდებულება თანხის სრულად მიღების შემდეგ 6 თვის განმავლობაში უზრუნველეყო ავტომობილის მოსარჩელისთვის მიწოდება. აღნიშნული შეთანხმების თანახმად, მოსარჩელემ მოპასუხეს იმავე დღეს სრულად გადაუხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილის საფასური.

 

მოპასუხემ კვლავ დაარღვია აღნიშნული შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და ვერ უზრუნველყო დათქმულ ვადაში მოსარჩელისთვის ავტომობილის მიწოდება, რის გამოც მოსარჩელე უარს ამბობს ხელშეკრულებაზე და მისი მოთხოვნაა გადახდილი თანხის დაბრუნება.

 

2. მოპასუხის პოზიცია შპს ,,ბ----’’-ს სარჩელთან დაკავშირებით

 

მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით მხარეთა შორის დარეგულირდა მხარეთა ურთიერთ-მოთხოვნები. ამასთან, აღნიშნული შეთანხმების დადების წინაპირობა გახდა მის მიმართ მოსარჩელის ფინანსური დავალიანების არსებობის ფაქტი, რომელიც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო წარმოშობილ საჯარიმო სანქციებს/პირგასამტეხლოებს უკავშირდებოდა. ამგვარი ფინანსური მოთხოვნების შპს ,,ო---------------ი’’-ს მხრიდან დათმობის სანაცვლოდ კი მყიდველებმა უარი განაცხადეს იმ მოთხოვნაზე, რომელიც ავტომობილების ვადაგადაცილებით მიწოდებასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, მოსარჩელე არასწორად მიუთითებს ავტომობილების გადაცემის დამატებით 6 თვიან ვადაზე, ვინაიდან მსგავსი დათქმა შეთანხმებაში არ არსებობს. აღნიშნულისგან განსხვავებით, შეთანხმების მე-5 პუნქტი ათავისუფლებს შპს ,,ო---------------ს’’ ავტომობილის რაიმე კონკრეტულ ვადაში ტრანსპორტირებისაგან.

 

მოპასუხემ ასევე განმარტა, რომ მას ვალდებულება არ დაურღვევია. შეთანხმების გაფორმების შემდგომაც მხარეთა შორის განხორციელებული არაერთი კორესპონდენციიდან ირკვევა, რომ მყიდველი მზად იყო მიეღო ავტომანქანა. შესაბამისად, 2018 წლის 26 მარტის მდგომარეობით მან მყიდველს გაუგზავნა ინდივიდუალური ნიშნით განსაზღვრული ავტომობილის შასის ნომერი, კერძოდ 17 ნიშნა ნომერში მითითებული ,,J’’ აღნიშნული ავტომობილის კონკრეტულ ბაზარზე რეალიზაციას. ამდენად, მოპასუხის მხრიდან ავტომობილის შეკვეთის და დამზადების ვალდებულების შესრულებას, ამასთან, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული არ არის ავტომობილის მიწოდებისათვის კონკრეტული ვადა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 27 იანვარს შპს ,,ო---------------ი’’-ს, როგორც გამყიდველს და შპს ,,ბ----’’-ს, როგორც მყიდველს, შორის დაიდო სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველისთვის გადაეცა საკუთრებაში ნასყიდობის საგანი - მარკა BMW, ფერი - შავი, გამოშვების წელი - 2017, ხოლო მყიდველმა აიღო ნასყიდობის საგნის ღირებულების გადახდის ვალდებულება.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველისთვის საკუთრებაში გადაეცა ავტომობილი მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესრულებიდან 06 (ექვსი) თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ავტომობილის ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში. აღნიშნული ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, ნასყიდობის საგნის ღირებულებად განისაზღვრა 44 527 ევრო.

 

ხელშეკრულების 4.1-4.2. პუნქტების თანახმად, განისაზღვრა, რომ მყიდველს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის ღირებულების 20% უნდა გადაეხადა არაუგვიანეს 2017 წლის 10 თებერვლამდე, ხოლო დარჩენილი 80% მის მიერ უნდა გადახდილიყო მას შემდეგ, რაც გამყიდველისგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე.

 

ამავე ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილის გადაცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი მყიდველს უხდის ავტომობილის საერთო ღირებულების 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ავტომობილის მთლიანი ღირებულების 5%-ისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ნასყიდობის ხელშეკრულება (ს.ფ.20-31);

- დანართი 1, დანართი 2 (ს.ფ.32-34);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. შპს ,,ბ----’’-ს მიერ 2017 წლის 07 თებერვალს შპს ,,მეგა მოტორსი’’-სათვის გადარიცხულია 25 620.84 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ.35);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. 2017 წლის 17 ნოემბერს შპს ,,ბ----’’-ს და შპს ,,ო---------------ს’’ შორის გაფორმდა შეთანხმება სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე.

 

აღნიშნული შეთანხმებით განისაზღვრა, რომ თუ შპს ,,ბ----’’-ს მიერ 2017 წლის 18 ნოემბრამდე მოხდებოდა - 2017 წლის 27 იანვრის სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულების 4.2 მუხლით ნაკისრი ვალდებულების, ავტომანქანის ღირებულების - 80%-ის გამყიდველის სასარგებლოდ წინსწრებით გადახდა/შესრულება სრულად, კერძოდ, შპს ,,ბ----’’-ს მიერ 35 621.60 ევროს გადახდა, ამ შემთხვევაში გამყიდველი იღებდა ვალდებულებას უარი განეცხადებინა მყიდველისგან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილებით შესრულების გამო წარმოშობილ საჯარიმო სანქციაზე/ პირგასამტეხლოზე.

 

შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, მყიდველისათვის (ოფიციალური მიწერილობის საფუძველზე) ცნობილია იმ არსებული ფინანსური ვალდებულების/ოდენობის თაობაზე, რომელიც მყიდველ მხარეს გააჩნია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ვადაგადაცილების შესრულების გამო.

 

ამავე შეთანხმების მე-4 პუნქტის თანახმად, თუკი მყიდველის მხრიდან 2017 წლის 18 ნოემბრის ჩათვლით არ განხორციელდა წინამდებარე შეთანხმების პირველ პუნქტში მითითებული თანხის სრულად გადახდა, წინამდებარე შეთანხმება კარგავს ძალას და მხარეები უბრუნდებიან მდგომარეობას, რომელიც არსებობდა შეთანხმების ხელმოწერამდე (2017 წლის 17 ნოემბრამდე).

 

შეთანხმების მე-5 პუნქტების თანახმად, კი განსაზღვრულია, რომ მყიდველი უარს ამბობს მოთხოვნაზე, რაც მყიდველს წარმოეშვა ან/და მომავალში წარმოეშვება მყიდველისათვის ავტომობილის ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის.

 

ამავე შეთანხმების მე-7 პუნქტის თანახმად, კი მხარეები შეთანხმდნენ, რომ ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა ყველა მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი თუ პირობა რჩება უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შეთანხმება (ს.ფ.62-66);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.4. შპს ,,ბ----’’-ს მიერ 2017 წლის 17 ნოემბერს შპს ,,მეგა მოტორსისათვის’’ გადარიცხულია 113 404.93 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალება (ს.ფ. 35; 67);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.5. მოსარჩელის მიერ სრულადაა გადახდილი მოპასუხისთვის 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის საფასური - 44 527 ევროს ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადახდო დავალებები (ს.ფ.35; 67);

- გაცვლითი კურსის გრაფიკი (ს.ფ. 36; 68)

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნასყიდობის საგნის გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.

 

მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.

 

განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ, თუმცა, შედავება განახორციელა იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით მხარეებს არ განუსაზღვრიათ ავტომობილის გადაცემისათვის კონკრეტული დრო, შესაბამისად იგი შეზღუდული არ იყო ვალდებულების შესასრულებლად განსაზღვრული კონკრეტული ვადით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმების მე-7 პუნქტზე, რომლის თანახმადაც მხარეთა შეთანხმებით ნასყიდობის ხელშეკრულების სხვა ყველა მუხლი/პუნქტი/ქვეპუნქტი თუ პირობა დარჩა უცვლელი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ თავად აღნიშნული შეთანხმებით არ განსაზღვრულა ვალდებულების შესრულების ვადა, შეთანხმების მითითებული დათქმიდან გამომდინარე ძალაში დარჩა ნასყიდობის ხელშეკრულების პირობები, უპირველესად კი მოპასუხის ვალდებულება კონკრეტულ ვადაში - ნასყიდობის საგნის სრული ღირებულების გადახდიდან 6 თვე - მოსარჩელისთვის ნასყიდობის საგნის გადაცემის შესახებ.

 

ამდენად, სასამართლო მხარეთა შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებისა და 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმების ლოგიკური და სიტყვა-სიტყვითი განმარტებიდან გამომდინარე, არ იზიარებს მოპასუხის პოზიციას იმასთან მიმართებით, რომ მის მიერ ვალდებულების შესრულება არ ყოფილა დაკავშირებული კონკრეტულ ვადასთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ბ----’’-ს სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიიჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს რის გამოც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 316-ე, 317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 355-ე, 361-ე, 400-ე, 405-ე, მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხემ აიღო ვალდებულება მოსარჩელისთვის კონკრეტულ ვადაში გადაეცა ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგანი - ავტომობილი.

 

უდავოა, რომ მოსარჩელის მიერ სრულადაა გადახდილი მოპასუხისთვის 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის საფასური - 44 527 ევროს ექვივალენტი ლარში.

 

სასამართლოს მიერ ასევე დადგენილია, რომ მოპასუხემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება ნასყიდობის საგნის გადაცემის ვადასთან მიმართებით. კერძოდ, მოპასუხემ ვერ უზრუნველყო 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში მოსარჩელისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საგნის გადაცემა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

 

მიუხედავად იმისა, სახეზეა ხელშეკრულების შეუსრულებლობა, თუ არაჯეროვანი შესრულება კანონმდებლობა მხარეს გარდა პირველადი მოთხოვნისა (ხელშეკრულებით

გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება), ანიჭებს ასევე ხელშეკრულებიდან გასვლის (გრძელვადიან სახელშეკრულებო ურთიერთობებში - ხელშეკრულების შეწყვეტის) და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მოთხოვნის უფლებას, თუმცა, ვინაიდან pacta sunt servanta-ს პრინციპი პრიორიტეტულია სახელშეკრულებო ურთიერთობებში, ამიტომ კანონი ხელშეკრულებიდან გასვლის მართლზომიერად მიჩნევის მიზნებისთვის გარკვეულ წინაპირობებს აწესებს, კერძოდ, ხელშეკრულება უნდა იყოს ნამდვილი, მეორე მხარე უნდა არღვევდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებად და მოთხოვნის კრედიტორი კონტრაგენტს დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის გზით ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების შესაძლებლობად უნდა აძლევდეს. მითითებული წინაპირობები ნორმატიულად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე-405-ე მუხლებშია განმტკიცებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ დასახელებული ნორმით დაცულია ხელშეკრულების შესრულების მიმართ მხარეთა ინტერესი. ხელშეკრულების შეუსრულებლობით დარღვეული უფლების აღდგენის მექანიზმი შეიძლება, გათვალისწინებულ იქნას როგორც კანონით, ასევე მხარეთა შეთანხმებით, რა დროსაც, როგორც წესი, ადგილი აქვს დარღვევისათვის პასუხისმგებლობის სახით წარმოშობილი დამატებითი ვალდებულებულებების არსებობას (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს დაკისრება ან სხვა). ვალდებულების არსებითი დარღვევისას ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობა და მხარეთათვის შესრულების დაბრუნება უნდა იქნეს განხილული, როგორც კანონით უპირობოდ დაცული უფლება, რომლის რეალიზაცია არ შეიძლება, იყოს დამოკიდებული დარღვევის მიმართ ამა თუ იმ სუბიექტურ თუ ობიექტურ ფაქტორზე. თუმცა ზემოაღნიშნული ნორმის განმარტებიდან გამომდინარეობს, რომ შესრულების ვადის დადგომის შემდეგ მოვალის გაფრთხილება ან დამატებითი ვადის მიცემა ვალდებულების შესრულების თაობაზე, წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას ხელშეკრულებაზე უარის თქმის მიზნებისათვის. ამდენად, ხელშეკრულების ვადაში შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა, თუმცა, ვადადარღვევა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას იძლევა მას შემდეგ, რაც მოვალე ვალდებულების შესასრულებლად დამატებითი ვადის ან გაფრთხილების მიცემის შემდეგ ვალდებულებას კვლავ არ შეასრულებს, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არ არსებობს დამატებითი ვადის მიცემისა ან გაფრთხილების კანონით გათვალისწინებული წინაპირობები.

 

ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მეორე ნაწილით განსაზღვრულია შემთხვევები, როდესაც ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულები განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება. განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება დადებულია 2017 წლის 27 იანვარს და მოპასუხის მიერ არა მხოლოდ ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში, არამედ ამ დრომდე არ არის მიწოდებული ავტომობილი მოსარჩელისთვის. შესაბამისად, მოსარჩელე აპელირებს სწორედ მოპასუხის მიერ ვალდებულების დარღვევიდან გამომდინარე ხელშეკრულების მიმართ ინტერესის დაკარგვაზე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 355-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლა ხდება ხელშეკრულების მეორე მხარისთვის შეტყობინებით. სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, განსახილველ შემთხვევაში სახეზეა მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევა, მოსარჩელისთვის ხელშეკრულების შესრულებას დაკარგული აქვს ინტერესი, რის გამოც მოსარჩელე გავიდა ხელშეკრულებიდან და წარმოეშვა ხელშეკრულების საფუძველზე გადაცემულის უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე არსებობს შპს ,,ბ----’’-ს მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები და მოპასუხეს უნდა დაეკისროს გადახდილი ნასყიდობის საგნის ღირებულების - 44 527 ევროს ექვივალენტი ლარში ანაზღაურება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. ამასთან, იგი ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას. მისი მიზანი კი კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენაა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. ამიტომაცაა, რომ იგი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

განსახილველ შემთხვევაში 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ხელშეკრულების დარღვევისას პირგასამტეხლოს დაკისრებაზე. კერძოდ, დადგენილია, რომ 2017 წლის 27 იანვრის ნასყიდობის ხელშეკრულების 8.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილის გადაცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში, გამყიდველი მყიდველს უხდის ავტომობილის საერთო ღირებულების 0.1%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მაგრამ არა უმეტეს ავტომობილის მთლიანი ღირებულების 5%-ისა.

 

წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს დაკისრებას 2017 წლის 07 აგვისტოდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს კვლავ მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების დადების შემდეგ გაფორმებულ 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებაზე, რომლის მე-5 პუნქტით განისაზღვრა, რომ მყიდველი უარს ამბობს მოთხოვნაზე, რაც მყიდევლს წარმოეშვა ან/და მომავალში წარმოეშვება მყიდველისათვის ავტომობილის ვადაგადაცილებით მიწოდებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა 2017 წლის 17 ნოემბრის შეთანხმებით მოპასუხემ უარი თქვა გამყიდველის მიერ ვადაგადაცილებით მიწოდებისას წარმოშობილ მოთხოვნებზე, რაც სასამართლოს შეფასებით ასევე მოიცავს როგორც შეთანხმების ხელმოწერის დროისათვის წარმოშობილ ისე მომავალ პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე უარის თქმასაც. აღნიშნულიდან გამომდინარე, უსაფუძვლოა სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისთვის გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგსამტეხლოს დაკისრების თაობაზე, ვინაიდან, მყიდველმა (მოსარჩელემ) შეთანხმებით თავადვე განაცხადა უარი გამყიდველის მიერ მიწოდების ვადაგადაცილებისას პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაზე.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით ჯამში გადახდილი აქვს 5 000 ლარი (ს.ფ. 102-103; 106-107). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - 44 527 ევროს გადახდის დაკისრების ნაწილში, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2 386.5 ლარის ანაზღაურება, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-4, მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე და 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შპს ,,ბ----’’-ს სარჩელი შპს ,,ო---------------ი’’-ს მიმართ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1.მოპასუხე შპს ,,ო---------------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ბ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს 44 527 ევროს ექვივალენტი ლარის გადახდა;

 

1.2. შპს ,,ბ----’’-ს სარჩელი მოპასუხე შპს ,,ო---------------ი’’-ს მიმართ პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს ,,ო---------------ი’’-ს მოსარჩელე შპს ,,ბ----’’-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2 386.5 ლარის ანაზღაურება;

 

3. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 2 613.5 ლარი ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილი მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თამარ ლაკერბაია