გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
140210117002137945
საქმე N2/1652-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 ოქტომბერი, 2018 წელი ქ. გორი
შესავალი ნაწილი
გორის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე ნინო შარაძე
სხდომის მდივანი თამარ ხარიბეგაშვილი
მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ი
წარმომადგენელი ზ-----ბ ა-------–---–ი
მოპასუხე ა---რ თ-----ი
წარმომადგენელი მ----ბ დ-----–-–---–ი
დავის საგანი თანხის უკან დაბრუნება
აღწერილობითი ნაწილი
1. დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ა---რ თ-----ს დ---თ ს-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხის 5400 ლარის დაბრუნება/გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია
2016 წლის 30 სექტემბერს მხარეთა შორის ნოტარიული წესით შედგა გარიგება, კერძოდ გაფორმდა ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება საბოლოო შესყიდვის უფლებით. ქირავნობის საგანს წარმოადგენდა ავტომანქანა - M------S BENZ E 200 KOMORESSOOR, სარეგისტრაციო ნომერი N------R, გამოშვების წელი 2000, ფერი რუხი 1/8, ტიპი-სედანი, ტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა AL7-----1, გაცემული 12.09.2016 წელს. ხსენებული ხელშეკრულებით ქირავნობის ვადა განისაზღვრა 2018 წლის სექტემბრის ჩათვლით. ქირავნობის ფასი შეადგენდა ყოველთვიურად 600 ლარს, ხოლო ქირავნობის ფასი ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისათვის 14 400 ლარს. ავტომანქანა გარიგების დადებისთანავე გადაეცა მოსარჩელეს. გარიგების დადების შემდგომ იგი კეთილსინდისიერად იხდიდა ქირავნობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფულად თანხებს, მაგრამ ბავშვის ავადმყოფობის გამო სამი თვე ხელი შეეშალა, რის შესახებაც აცნობა მოპასუხეს, რაზეც მას პრეტენზია არ გამოუხატავს და შეთანხმდენ, რომ ჩვეულებრივად გააგრძელებდა მუშაობას ნაქირავებ სატრანსპორტო საშუალებაზე. ხოლო აუცილებლობის შეთხვევაში შეადგენდნენ ახალ ხელშეკრულებას, აღნიშნულის შემდეგ გავიდა თითქმის რვა თვე, რა დროის განმავლობაშიც სისტემატიურად შეჰქონდა თანხები ა---რ თ-----ის ანგარიშზე და გადახდილმა თანხებმა ჯაამში შეადგინა 5600 ლარი. 2017 წლის 3-4 ოქტომბერს ა---რ თ-----ი მივიდა მის საცხოვრებელ მისამართზე მდებარე თბილისი, დიდი დიღომი 4მკ/რ 12კორ. ბ. 37ა და მოითხოვა მანქანის უკან დაბრუნება, ვინაიდან მოპასუხეს დაუგვიანა 150 ლარის გადახდა ისევ ბავშვის ავადმყოფობის გამო. მის მიერ ადგილზე გამოძახებულ იქნა საპატრულო პოლიცია. პოლიციას თ-----მა ხელწერილით დაუდასტურა, რომ თუ იგი სამი დღის ვადაში გადაიხდიდა 150 ლარს დაუბრუნებდა მანქანას. ხელწერილის ჩამორთმევის შემდეგ მოპასუხეს გადასცა მანქანა, იმავე დღეს ისესხა 150 ლარი და ჩარიცხა ა---რ თ-----ის ანგარიშზე. მიუხედავად აღნიშნულისა, მოპასუხემ არ დაუბრუნა ავტომანქანა და არც გადახდილი თანხები დაუბრუნა უკან, რის გამოც იგი იძულებული გახდა მოემათა სასამართლოსთვის.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის მიერ დაზუსტდა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ მოითხოვა, რომ ა---რ თ-----ს დ---თ ს-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 5400 ლარის გადახდა, როგორც უსაფუძვლო გამდიდრებით მიღებული თანხა (იხ. სარჩელი და სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს 5400 ლარის ოდენობით თანხის ქირის სახით მიღებას. მოსარჩელე ქირავნობის საგნით სარგებლობდა 12 თვის განმავლობაში, რისთვისაც მას უნდა გადადეხადა 7200 ლარი. მოსარჩელეს გადასახდელი აქვს 1800 ლარი, როგორც დარჩენილი ქირის თანხა. ქირავნობის ხელშეკრულების მიხედვით, დამქირავებელი ვალდებული იყო ქირავნობის საგანი დაებრუნებინა ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში, რაც არ შესრულდა და რითაც გამქირავებელს მიადგა მატერიალური ზიანი, შეაკეთებინა დაზიანებული გადაცემათა კოლოფი, რაც დაუჯდა 880 ლარი, ასე მოხსნილი აქვს სიგნალიზაცია, რაც ღირს დაახლოებით 100 ლარი, ასევე საჭირო გახდა საბურავების შეცვლა, რაც მოპასუხეს დაუჯდა 1000 ლარი.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2016 წლის 30 სექტემბერს მოსარჩელე დ---თ ს-----–---–სა და ა---რ თ-----ს შორის გაფორმდა ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება საბოლოო შესყიდვის უფლებით და მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა 2018 წლის სექტემბრის თვის ჩათვლით. ამავე ხელშეკრულებით ქირავნობის თანხა განისაზღვრა ყოველთვიურად 600 ლარით. ქირავნობის ფასი ხელშეკრულების მოქმედების სრული პერიოდისთვის შეადგენდა 14 400 ლარს. ხსენებული ხელშეკრულების 2.4 პუნქტით, ამ ხელშეკრულების ვადის გასვლისთანავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების სრულად შესრულების შემთხვევაში დამქირავებელს ეძლეოდა ქირავნობის საგნის შესყიდვის უფლება. ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გამქირავებელი სარგებლობდა უფლებით ქირის გადაუხდელობის შემთხვევაში, ქირის გადახდის ვადის დადგომიდან 3 დღის შემდეგ მოეთხოვა დამქირავებლისათვის ქირავნობის საგნის დაბრუნება.
დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოპასუხის მხრიდან ქირავნობის თანხის გადახდის პირობების პირველი დარღვევისთანავე ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში არ მოუთხოვია ქირავნობის საგნის დაბრუნება.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 30 სექტემბრის ხელშეკრულება;
- 2017 წლის 04 ოქტომბრის რეაგირების ოქმი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
3.1.2. 2017 წლის 4 ოქტომბერს ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის მიერ შედგენლი რეაგირების ოქმით დასტურდება, რომ მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ს მოპასუხის მიმართ გააჩნია ძველი დავალაინება 1800 ლარი, რომლის გადახდასაც იგი განახორციელებდა მხარეთა შორის შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, ხოლო დარჩენილი დავალიანების თანხას იგი დაფარავდა სამი დღის ვადაში. დადგენილია ისიც, რომ იმავე დღეს (2017 წლის 4 ოქტომბერი) სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით მოპასუხე ა---რ თ-----ს ჩაერიცხა 110 ლარი, როგორც ერთი თვის დარჩენილი დავალიანება.
მხარეების სადაოდ არ ხდიან და სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ იმავე დღეს - 2017 წლის 4 ოქტომბერს მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ს მოპასუხეს ა---რ თ-----ის მიერ ჩამოერთვა ქირავნობის საგანი, რა დღიდანაც მოსარჩელეს ხსენებული ავტომანქანით აღარ უსარგებლია.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 04 ოქტომბრის რეაგირების ოქმი;
- თანხის ჩარიხვის დამადასტურებელი ქვითარი;
3.1.3. მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ს მოპასუხე ა---რ თ-----ისათვის ქირავნობის ხელშკრულებიდან გამომდინარე ჯამში ჩარიცხული აქვს 5400 ლარი.
სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს:
- გადახდის ქვითრები;
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრების საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებელის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტური განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. მტკიცების ტვირთი ეკისრება მას, ვინც ამტკიცებს და არა მას, ვინც უარყოფს.
სასამართლო საქმეზე შედგენილი მტკიცებულებებით დადგენილად მიიჩნევს, რომ საბოლოო შესყიდვის უფლებით ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულებით მოსარჩელის მიზანს წარმოადგენდა ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ქირავნობის თანხის სრულად დაფარვის (14400 ლარი) შემდგომ ქირავნობის საგნის საკუთრებაში გადაცემა.
სასამართლო ასევე დაგდენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ ქირავნობის ხელშეკრულების 2.1 პუნქტით დადგენილი ქირავნობის თანხის გადახდის ვადის დარღვევის მიუხედავად, მოპასუხეს ამავე ხელშეკრულებით გათავლისიწინებულ ვადაში არ მოუთხოვია ქირავნობის საგნის უკან დაბრუნება და ამ გზით ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ დ---თ ს-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 352-ე, 405-ე, 531-ე, 553-ე, 558-ე, 564-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის თანახმად, ქირვნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განუსაზღვრელი ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება;
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2016 წლის 30 სექტემბერს მხარეთა შორის შორის დაიდო ავტომანქანის ქირავნობის ხელშეკრულება საბოლოო შესყიდვის უფლებით, რომლის თანახმადაც, მოპასუხემ მოსარჩელეს სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა ხელშეკურლებით გათვალისიწინებული ქირავნობის თანხის სანაცვლოდ და რაც მთავარია, ამ თანხების სრულად დაფარვის შემთხვევაში ქირავნობის საგნის საბოლოო შესყიდვის უფლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლის თანახმად გამქირავებელს შეუძლია ხელშეკრულება მოშალოს ვადამდე, თუ დამქირავებელმა ქირა არ გადაიხადა სამი თვის განმავლობაში.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელის მხრიდან ქირის თანხის გადახდის ვადის პირველივე დარღვევის შემთხვევაში (პირველი სამი თვე - 1800 ლარი) მოპასუხის მიერ არ მომხდარა ხელშეკრულების ცალმხრივად მოშლა არათუ მხარეთა შორის დადებული ქირავნობის ხელშეკრულების 2.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, არამედ არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 558-ე მუხლით დადგენილ სამთვიან ვადაში. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელეს გააჩნდა კანონიერი ნდობა, ხელშეკრულების გაგრძელების პირობებში ქირავნობის საგნის შესაყიდი ღირებულების - 14400 ლარის (მათ შორის დაგროვებული დავალიანება - 1800 ლარი) სრულად დაფარვის შემთხვევაში ამ საგნის საკუთრებაში გადაცემისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ქირავნობის ხელშეკრულება მიზნად ისახავდა მოსარჩელის მხრიდან ქირავნობის საგნის საბოლოო შესყიდვას, თუმცა სადაო თანხების გადახდის მიუხედავად აღნიშნული არ განხორციელებულა, ვინაიდან მოპასუხის მხრიდან ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის გამო მოსარჩელეს ჩამოერთვა ქირავნობის საგანი. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებით გათვალისიწინებული ქირის გადახდისათვის დადგენილი პირობის დარღვევის მიუხედავად მოპასუხის მხიდან ხელშეკრულების გაგრძელება და ამ ვადაში მის მიერ გადახდილი ქირის თანხების მიღება არ შეესაბამება მოსალოდნელ მიზანს, რის გამოც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 991-ე მუხლის საფუძველზე მას გააჩნია მოპასუხისაგან სადავო თანხების უკან დაბრუნების მოთხოვნის უფლება.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 564-ე მუხლის თანახმად, ნივთის ქირავნობის ხელშეკრულების შეწყვეტისას დამქირავებელი მოვალეა, დაუბრუნოს გამქირავებელს ნივთი იმ მდგომარეობაში, რომელშიც მისგან მიიღო ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით, ან იმ მდგომარეობაში, რაც ხელშეკრულებით იყო განსაზღვრული.
სასამართლო ზემოაღნიშნული სამართლებრივი ნორმის საფუძველზე საკითხის გადაწყვეტისას ითვალისწინებს ქირავნობის საგნის მოსარჩელის მფლობელობაში ყოფნის ხანგრძლივობასა და მიზანს და ნორმალური ცვეთის გათვალისწინებით მის გონივრულ ოდენობად მიიჩნევს 2400 ლარს, რაც უნდა გამოაკლდეს სარჩელით მოთხოვნილი თანხის ოდენობას.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლო იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მოპასუხე ა---რ თ-----ს მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 3 000 (სამი ათასი) ლარის გადახდა;
2. მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში ეთქვას უარი
3. მოპასუხე ა---რ თ-----ს მოსარჩელე დ---თ ს-----–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 90 (ოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით გორის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს გორის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ნინო შარაძე