გადაწყვეტილება

სამოქალაქო 05.12.2018
საქმის ნომერი
010210018002280578
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
05.12.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №010210018002280578

№2-333/2018წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

08 ივნისი, 2018 წელი ქ. ბათუმი

შესავალი ნაწილი

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - სალიხ შაინიძე

სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე

მოსარჩელე - და---------------ე

წარმომადგენელი - მე----–-------ე

მოპასუხე - ნა----–---------–-ა

წარმომადგენლები - თა-----------ე, ჟა--------------

დავის საგანი - ქორწინების შეწყვეტა

მოსარჩელე - ნა----–---------–-ა

წარმომადგენლები - თა-----------ე, ჟა--------------

მოპასუხე - და---------------ე

წარმომადგენელი - მე----–-------ე

დავის საგანი - ალიმენტის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი:

1. 2018 წლის 30 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა და---------------ემ მოპასუხე ნა----–---------–-ას მიმართ განქორწინების თაობაზე (№2-333/2018 წელი).

 

2. 2018 წლის 23 თებერვალს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მომართა ნა----–---------–-ამ მოპასუხე და---------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე (№2-719/2018 წელი).

 

3. სასამართლოს მომართა ნა----–---------–-ას წარმომადგენელმა და მოითხოვა ზემოთ დასახელებული ორი საქმის გაერთიანება.

 

4. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 14 მარტის განჩინებით, სამოქალაქო საქმე №2-333/2018 და---------------ის სარჩელისა გამო მოპასუხე ნა----–---------–-ას მიმართ განქორწინების თაობაზე და სამოქალაქო საქმე №2-719/2018 ნა----–---------–-ას სარჩელისა გამო მოპასუხე და---------------ის მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე, გაერთიანდა ერთ წარმოებად და გაერთიანებულ სამოქალაქო საქმეს მიენიჭოს ერთიანი სააღრიცხვო სტატისტიკური ნომერი: №2-333/2018წ.

 

5. და---------------ის სასარჩელო მოთხოვნა:

 

მოპასუხე ნა----–---------–-სათან რეგისტრირებული ქორწინება შეწყდეს განქორწინებით;

 

სარჩელი დასაბუთებულია შემდეგი არგუმენტებით:

- ნა----–---------–-ა და და---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 15 ნოემბრიდან. ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ლი-------------ე, დაბადებული 2016 წლის 1-------------ს. დროთა განმავლობაში მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა და საბოლოოდ სიტუაცია ისე გამწვავდა, რომ ისინი ფაქტიურად ერთმანეთს დაცილდნენ და ერთად აღარ ცხოვრობენ, შესაბამისად მათი ერთად ცხოვრება შეუძლებელი გახდა. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ მათი ოჯახური თანაცხოვრება შეუძლებელია, რის გამოც მოითხოვს განქორწინებას.

 

6. მოპასუხის პოზიცია:

მოპასუხე სასარჩელო მოთხოვნას ნაწილობრივ ცნობს, კერძოდ განქორწინების ნაწილში სარჩელს დაეთანხმა მთავარ სხდომაზე.

 

7. ნა----–---------–-ას სასარჩელო მოთხოვნა:

მოპასუხე და---------------ეს მცირეწლოვანი შვილის - ლი-------------ის რჩენისათვის, მის სრულწლოვანების ასაკის მიღწევამდე, დაეკისროს ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 500 ლარის ოდენობით.

 

მოსარჩელის წარმომადგენელი სარჩელს ასაბუთებს შემდეგი არგუმენტებით:

 

ნა----–---------–-ა და და---------------ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2015 წლის 15 ნოემბრიდან. ჰყავთ ერთი საერთო შვილი - ლი-------------ე, დაბადებული 2016 წლის 1-------------ს. მეუღლეები ხასიათებით ვერ შეეწყვნენ ერთმანეთს, რის გამოც ისინი ერთად აღარ ცხოვრობენ. ლი-------------ე იზრდება დედასთან, დედის მშობლების ოჯახში, რომლებსაც მატერიალურად უჭირთ და მათ არ აქვთ არანაირი საშუალება შვილისა და შვილიშვილის დასახმარებლად. რაც შეეხება მოპასუხე მხრის ფინანსურ მდგომარეობას, იგი მუშაობს და გააჩნია საკმაოდ კარგი ანაზღაურება და ასევე აქვს შემოსავალი საოჯახო მეურნეობიდან.

 

8. მოპასუხის პოზიცია:

და---------------ე სარჩელეს ნაწილობრივად ცნობს. განმარტავს, რომ მუშაობს საჯარო დაწესებულებაში და ერიცხება ხელფასი, მაგრამ ბანკებიდან აქვს სესხი გამოტანილი და ხელფასიდან ხდება სესხის ჩამოჭრა, შესაბამისად ხელფასიდან რჩება მცირე თანხა და თანახმაა შვილის რჩენისათვის გადაიხადოს თვეში 100 ლარი.

 

9. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

9.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

9.1.1. და---------------ემ და ნა----–---------–-ამ იქორწინეს 2015 წლის 615 ნოემბერს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ქორწინების მოწმობა;

 

9.1.2. და---------------ეს და ნა----–---------–-ას ჰყავთ ერთი შვილი - ლი-------------ე, დაბადებული 2016 წლის 1-------------ს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დაბადების მოწმობა;

 

9.1.3. საქმის განხილვის მომენტისათვის და---------------ე და ნა----–---------–-ა ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მათი შვილი ლი-------------ე იზრდება დედასთან - ნა----–---------–-ასთან, ნა----–---------–-ას მშობლების ოჯახში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

9.1.4. და---------------ე მუშაობს ს----------–-------–-–--- დეპარტამენტში და ხელფასის სახით ერიცხება 947.60 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის ცნობა;

9.1.5. და---------------ეს 2018 წლის 3 მარტის მდგომარეობით, სს „თიბისი ბანკის“ მიმართ ერიცხება სხვადასხვა დავალიანება, კერძოდ: სამომხმარებლო სესხი - 3 237.84 ლარის ოდენობით, ოვერდ. ბარათის -755.17 ლარის ოდენობით და Prime Card-ის - 499,27 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „თიბისი ბანკის“ ცნობა;

9.1.6. და---------------ეს 2018 წლის 14 მარტის მდგომარეობით სს „კრედო ბანკის“ მიმართ ერიცხება დავალიანება 15 859.38 ლარის ოდენობით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სს „კრედო ბანკის“ ცნობა;

9.1.7. და---------------ის მამა ილ-------------ე (დაბადებული: 20.1--1940წ.) არის ავად, დიაგნოზია თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, შემდგომი პერიოდი მარჯვენამხრივი ჰემიპარეზი, ჯანმრთელობის მდგომარეობა კი ქრონიკულად მძიმე - მდგომარეობა წოლითი, ვერ ჯდება, მარჯვენა კიდურებში მოძრაობა არ არის და ა.შ., საჭიროებს დამხამრე პირის მუდმივ მეთვალყურეობას და უწყევტ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV 100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

9.1.8. ნა----–---------–-ა არ მუშაობს და დამოუკიდებელი შემოსავალი არ აქვს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

 

9.1.9. ნა----–---------–-ას დედა ტა------ დ----–-ა არის თავისი ძმის ალ----------------–------ოს დროებითი მხარდამჭერი სოციალური დახმარების სფეროში. ალ----------------–------ო ცხოვრობს ნა----–---------–-ას მშობლების ოჯახში.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე N2/1116-15წ);

 

9.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

9.2.1. მხარეთა შორის სადავოა მოპასუხის ქონებრივი მდგომარეობა შემოსავლების მხრივ. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მოპასუხის ყოველთვიური შემოსავალია დაახლოებით 947.60 ლარი, მოპასუხე კი ამტკიცებს, რომ მართალია მას აქვს ანაზღაურება ხელფასის სახით, მაგრამ აქვს საბანკო დავალიანებები, ჰყავს ავადმყოფი მამა, ხელფასიდან რჩება მცირე თანხა, თუმცა თანახმაა, გადაიხადოს ალიმენტი 100 ლარის ოდენობით.

 

9.2.2. და---------------ე მუშაობს ს----------–-------–-–--- დეპარტამენტში და ხელფასის სახით ერიცხება 947.60 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა განმარტებები;

- ს----------–-------–-–--- დეპარტამენტის ცნობა;

- სამედიცინო დოკუმენტაცია ფორმა N IV 100/ა, ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

10. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

 

სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციების გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ და---------------ის სარჩელი განქორწინების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ნა----–---------–-ას სარჩელი ალიმენტისა თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

11. კანონები, რომლებითაც იხელმძღვანელა სასამართლომ:

 

- საქართველოს კონსტიტუცია;

- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;

- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

- ბავშვის უფლებათა კონვენცია;

 

1-- სამართლებრივი შეფასება:

 

1--1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებმა იქორწინეს 2015 წლის 15 ნოემბერს.

 

1--2. საქართველოს სამოქალაქო 1122-ე მუხლის თანახმად ქორწინება წყდება განქორწინებით.

განქორწინების საქმის განხილვისას სასამართლო ვალდებულია დარწმუნდეს არსებობს თუ არა საქართველოს სკ-ის 1123-ე მუხლით გათვალისწინებული განქორწინების დაუშვებელი გარემოება.

სასამართლომ შეამოწმა განქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებები, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქმეში არ მოიპოვება დასახელებულ ნორმით გათვალისწინებული განქორწინების დამაბრკოლებელი რომელიმე გარემოება.

 

1--3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1127-ე მუხლის II-III ნაწილის მიხედვით სასამართლო იღებს ზომებს მეუღლეთა შესარიგებლად. მას უფლება აქვს გადადოს საქმის განხილვა და მეუღლეებს დაუნიშნოს ვადა შესარიგებლად, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ექვს თვეს.

განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა.

სასამართლო განმარტავს, რომ ქორწინება ემყარება ქალისა და მამაკაცის ნების გამოვლენის თავისუფლებას (საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლი). როგორც დაქორწინებისას, ისე ქორწინების შეწყვეტის შემთხვევაშიც გადამწყვეტი და არსებითია მხარეთა ნება, მათი სურვილი შექმნან ოჯახი ან შეწყვიტონ ქორწინება. ოჯახი დამყარებული უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის ურთიერთ სიყვარულზე, ურთიერთდაფასებასა და პატივისცემაზე. თუ მეუღლეთა ურთიერთობა ეწინააღმდეგება ამ პრინციპებს და ოჯახი ფაქტობრივად დაინგრა, აზრს კარგავს მისი ხელოვნურად შენარჩუნებისათვის ზრუნვა. მოსარჩელემ გამოავლინა ნება განქორწინებისა და კატეგორიულად გამორიცხა შერიგება და ოჯახის შენარჩუნება. მიუხედავად სასამართლოს მცდელობისა, მათი შერიგება ვერ მოხერხდა. საქმის სიტუაციის მიხედვით მეუღლეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის აღდგენა ამ ეტაპზე შეუძლებელია, მოსარჩელე მოპასუხესთან ოჯახის შენარჩუნებას არ ფიქრობს. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უფლება აქვს მიიღოს განქორწინების გადაწყვეტილება. იმის გამო, რომ ისინი ვერ შერიგდნენ, ამჟამად მათი ქორწინება ატარებს ფიქტიურ ხასიათს. ასეთ შემთხვევაში მხარეთა ნების თავისუფლებიდან გამომდინარე განქორწინება წარმოადგენს ერთადერთ სწორ გამოსავალს, რის გამოც და---------------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

1--4. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინების მიზანია არასრულწლოვანი ბავშვების დაცვა. მათთვის იმ სარჩოს მიღების გარანტიის შექმნა, რაც კანონით ერგებათ მშობლებისაგან.

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას.

 

1--5. საქართველო მიერთებულია “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციაზე და იძლევა გარანტიას ბავშვთა უფლებების დაცვის საკითხებში. ბავშვთა უფლებების დაცვა გარანტირებულია საქართველოს კონსტიტუციით. საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით:

,,1. ქორწინება ემყარება მეუღლეთა უფლებრივ თანასწორობასა და ნებაყოფლობას.

2. სახელმწიფო ხელს უწყობს ოჯახის კეთილდღეობას.

3. დედათა და ბავშვთა უფლებები დაცულია კანონით”.

ბავშვთა უფლებების დაცვა საქართვეოს კონსტიტუციით გარანტირებული ვალდებულებაა. მას აღიარებს საქართველოს კონსტიტუცია და ქმნის მისი დაცვის გარანტიებს. მათგან ძირითადი მარეგულირებელი ნორმები თავმოყრილია საქართველოს სამოქალაქო კოდექსში.

 

1--6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით: ,,მშობლები მოვალენი არიან აირჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები. აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ”.

ამავე კოდექსის 1202-ე მუხლით ,,მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი არ იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

ეს ვალდებულება არსებობს, მიუხედავად იმისა მშობლები ქორწინებაში იმყოფებიან, თუ მათ შორის ქორწინება შეწყვეტილია. მშობლები ვალდებულნი არიან აღზარდონ და არჩინონ თავიანთი შვილები სრულწლოვანებამდე”.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია და სადავო არ არის ის გარემოება, რომ მხარეებს ჰყავთ ერთი საერთო შვილი, ლი-------------ე, დაბადებული 2016 წლის 1-------------ს, ის ცხოვრობს და იზრდება დედასთან - ნა----–---------–-ასთან. მიუხედავად იმისა, რომ და---------------ე არ ცხოვრობს ნა----–---------–-ასთან ერთად, მას შვილის მიმართ ისეთივე უფლებები გააჩნია, როგორც დედას ნა----–---------–-ას, გარდა უფლებისა, მას, როგორც მამას, ეკისრება რიგი ვალდებულებები, კერძოდ იზრუნოს შვილის რჩენაზე, აღზრდაზე და განვითარებაზე. ამ ვალდებულების შესასრულებლად მან აქტიური მონაწილეობა უნდა მიიღოს, როგორც მის აღზრდა-განვითარებაში, ასევე მატერიალურ უზრუნველყოფაში. ბავშვის აღზრდა ოჯახის ძირითადი ამოცანაა. ბავშვი ეკუთვნის არა მარტო მშობელს, არამედ მთელ საზოგადოებას. ამიტომ ბავშვის აღზრდა განიხილება, როგორც დიდმნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი საქმე და მიიჩნევა არა მარტო ზნეობრივ, არამედ სამართლებრივ მოვალეობადაც. შვილის აღზრდაში მშობლებს თანაბარი უფლებები და მოვალეობები ეკისრებათ. არც ერთ მათგანს არ ენიჭება რაიმე უპირატესობა. სასამართლოს მიაჩნია, რომ შვილების აღზრდის პროცესში უპირატესად სწორედ ბავშვის ინტერესები უნდა იქნეს გათვალისწინებული. შესაბამისად აღნიშნულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მშობელს, რომელთანაც ბავშვი არ იზრდება და რომელიც ყოველდღიურად ვერ მონაწილეობას ბავშვის აღზრდასა და განვითარებაში, ალიმენტის სახით უნდა დაეკისროს იმ ოდენობის თანხა, რაც უზრუნველყოფს ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმუმს მაინც.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხის ვალდებულებაა არასრულწლოვანი შვილის რჩენისათვის გადაიხადოს ალიმენტი და უზრუნველყოს მისი რჩენა და აღზრდა-განვითარება.

 

1--7. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის შესაბამისად, ,,თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას წყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას”.

 

ამავე კოდექსის 1230-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,გადასახდელი ალიმენტის ოდენობას, ყოველ ცალკეულ შემთხვევაში, განსაზღვრავს სასამართლო ყოველთვიურად გადასახდელი თანხის სახით, ალიმენტის გადამხდელისა და მიმღების მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით”.

 

საქმის განხილვით დადგინდა, რომ მხარეები ვერ შეთანხმდენ ალიმენტის ოდენობაზე. მოსარჩელეს სურს მოპასუხის ვალდებულება ალიმენტის გადახდაში განისაზღვროს თვეში 500 ლარით. მიიჩნევს, რომ მოპასუხის შემოსავლის მიხედვით, ალიმენტის სახით 500 ლარი გონივრული ოდენობაა. მოპასუხე კი თვლის, რომ ამჟამად შვილის აღზრდასა და რჩენაში მისი საალიმენტო ვალდებულება უნდა განისაზღვროს 100 ლარით, ვინაიდან ხელზე ღებულობს 947, 60 ლარს, აქვს ბანკებს ვალი და ასევე თანხები სჭირდება მძიმედ ავადმყოფი მამის სამკურნალოდ. აღნიშნული იმას ნიშნავს, რომ ალიმენტის ოდენობაზე მხარეები ვერ თანხმდებიან, ამიტომ ალიმენტის ოდენობა უნდა დაადგინოს სასამართლომ.

 

1--8. სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, როგორც მშობლების ეკონომიური მდგომარეობა, ისე შვილის რჩენისათვის საჭირო თანხის გონივრული ოდენობა. ეკონომიური პრობლემები არ გამორიცხავს მოპასუხის მოვალეობას შვილთან მიმართებაში მეორე მშობლის ანუ მოსარჩელის თანაბრად მიიღოს მონაწილეობა შვილის აღზრდაში. იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხე მუშაობს და აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი. მისი შემოსავალიდან გამომდინარე ლოგიკურია მსჯელობა მასზედ, რომ ის შეძლებს ალიმენტის სახით 500 ლარის გადახდას. მაგრამ გასათვალისწინებელია ისიც, რომ და---------------ეს, აქვს სხვადასხვა ბანკის ვალი და მისი მამა არის ქრონიკულად მძიმე ავადმყოფი და საჭიროებს მუდმივ მეთვალყურეობას და მუდმუვ მედიკამენტოზურ მკურნალობას, ამ გარემოებათა გათვალისწინებით მასზე ალიმენტის სახით 500 ლარის დაკისრებაც არაგონივრულია. თუმცა მოპასუხის მდგომარეობის გათვალისწინებასთან ერთად გათვალისწინებული უნდა იქნას შვილის მდგომარეობაც. ის მცირეწლოვანია, მის დედას - ნა----–---------–-ას არ აქვს დამოუკიდებელი შემოსავალი და მას მარტოს გაუჭირდება შვილის აღზრდა და რჩენა, კვებითი რეჟიმი, განათლება, განვითარება და სხვა აუცილებელობები, რც მნიშვნელოვან ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასეთ სიტაუციაში ალიმენტის სახით 100 ლარის გადახდაც არაგონივრულია. მაგრამ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრა უნდა მოხდეს მშობლების მატერიალური შესაძლებლობებისა და შვილის რჩენისათვის სავალდებულო ხარჯების თანაფარდობის ფარგლებში და არა იმის მიხედვით, თუ რა თანხა სჭირდება შვილს აღსაზრდელად, ან რა თანხა გააჩნია მოპასუხეს შემოსავლის სახით. ასეთ სიტუაციაში შვილის რჩენისათვის 200 ლარის ალიმენტის სახით დადგენა არის გონივრული. ის არის, როგორც შვილის რჩენისა და აღზრდისათვის მინიმალური, ასევე მოპასუხის მატერიალური შესაძლებლობის ზღვარზე შერჩეული.

 

1--9. სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილით ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან.

სარჩელი აღძრულია 2018 წლის 23 თებერვალს შესაბამისად სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა დაცვით მოპასუხისათვის ალიმენტის გადახდის ვალდებულება დადგენილი უნდა იქნეს 2018 წლის 23 თებერვალიდან.

 

13. საპროცესო ხარჯები:

 

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%_ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში ფიზიკური პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 3 000 ლარს.

მოსარჩელე ნა----–---------–-ა ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია. სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეს დაეკისრა ალიმენტის სახით თვეში 200 ლარის გადახდა. სარჩელის დაკმაყოფილების პროპორციის მიხედვით მოპასუხეს უნდა გადახდეს სახ. ბაჟი 66 ლარი.

განქორწინების ნაწილში გადასახდელი სახ. ბაჟის ოდენობა შეადგენს 50 ლარს. მოსარჩელეს სახ. ბაჟი წინასწარ აქვს გადახდილი.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. მოპასუხე ნა----–---------–-ამ სარჩელი ცნო მთავარ სხდომაზე, განქორწინების ნაწილში სარჩელი მთლიანად დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მას მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა გადახდეს 25 ლარი, მის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის სანაცვლოდ.

 

14. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძება გამოყენებული არაა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. და---------------ის სარჩელი განქორწინების შესახებ დაკმაყოფილდეს.

1.1. მოსარჩელე და---------------ეს და მოპასუხე ნა----–---------–-ას შორის 2015 წლის 15 ნოემბრის რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერი №86153000319) შეწყდეს განქორწინებით.

2. ნატალა დ----–-ას სარჩელი ალიმენტის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

2.1. მოპასუხე და---------------ეს მოსარჩელის ნა----–---------–-ას სასარგებლოდ დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის - ლი-------------ის (დაბ. 2016 წლის 1-------------ი, პ/ნ 6----------) რჩენისთვის ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 200 ლარის ოდენობით, მის სრულწლოვნებამდე, ან ვითარების სხვაგვარად შეცვლამდე.

2.2. ალიმენტის გადახდის ვალდებულება აითვალოს სარჩელის აღძვრიდან - 2018 წლის 23 თებერვლიდან.

2.3. ნა----–---------–-ას სარჩელზე ალიმენტის სახით 300 ლარის დამატებით დაკისრებაზე მოთხოვნის ნაწილში უარი ეთქვას.

3. სარჩელზე განქოწინების ნაწილში:

3.1. მოპასუხე ნა----–---------–-ას მოსარჩელის და---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის თანხიდან 25 ლარის ანაზღაურება.

3.2. მოსარჩელე და---------------ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს 25/01/2018წ. №15721155, საგადახდო დავალებით, სარჩელის აღძვრის გამო გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან (გადახდილია - 50 ლარი) 25 ლარი. (გადამხდელის დასახელება - სს ,,ლიბერთი ბანკი’’, აჭარა-ქობულეთი; ანგარიში/სახაზინო კოდი - 300 693 150; მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა; ბანკის კოდი TRESGE22).

4. სარჩელზე ალიმენტის დაკისრების ნაწილში:

4.1. მოპასუხე და---------------ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 66 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასაამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასააამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. № 30).

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თრიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასაამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომელსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასაამართლო ამავე კოდექსის 70-ე-78 მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე სალიხ შაინიძე