გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2018
საქმის ნომერი
330210017002084531
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
07.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2/24091-17

გადაწყვეტილება-დაუსწრებელი გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07.11.2018 წელი ქ. თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი: კახა კომლაძე

მოსარჩელე შპს „ჯ-------“

წარმომადგენელი რე----------------

მოპასუხე შპს „რ-----“, შო------------- (არ გამოცხადდნენ)

დავის საგანი ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე

ფულადი ვალდებულების შესრულება

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების შპს „რ----“-სა და შო-------------სათვის შპს „ჯ-------“-ს სასარგებლოდ სოლიდარულად 7014.5 ლარის გადახდის დაკისრება.

 

შპს „ჯ-------“ და შპს „რ-----“ 2017 წლის 21 თებერვალს შეთანხმდნენ, რომ „რ-----“-ს შპს „ჯ-------სთვის“ უნდა მიეწოდებინა შესაფუთი დანადგარი და შესაფუთის დანა, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 18730 ლარს.

 

21.02.2017 წლის ინვოისი 1-ის საფუძველზე შპს „ჯ-------“-მ შპს „რ-----“-ს ავანსის სახით 24.02.2017 წელს გადაუხადა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, კერძოდ 13014.50 ლარი. მხარეთა შორის არსებული შეთანხმების თანახმად, შპს „რ-----“-ს მოსარჩელე კომპანიისათვის საქონელი უნდა მოეწოდებინა 2017 წლის 31 მარტამდე, თუმცა ვალდებულება მოპასუხე კომპანიამ არ შეასრულა.

 

მოსარჩელე კომპანია შპს „ჯ-------“-ს მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიამ შეთანხმებული პროდუქციის მოწოდება ან გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება არ უზრუნველყო. დაბრუნებული იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი -6 000 ლარი.

შპს „რ-----“-ის ერთადერთი დამფუძნებელი პარტნიორი და ამავე დროს, დირექტორი არის შო-------------, რომელმაც ბოროტად გამოიყენა პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმა, შპს „ჯ-------“-სთან გარიგებაში შესვლის და შემდგომ პასუხისმგებლობის თავიდან არიდების მიზნით დაარეგისტრირა კომპანია შპს „რ-----“, კომპანიის სახელით აიღო ვალდებულება დანადგარის და შესაფუთი დანის მოწოდებაზე, მიიღო გადარიცხული თანხა და ვალდებულება აღარ შეასრულა.

 

შპს „ჯ-------“-ს 04/08/17 წლის N-------- წერილით მოპასუხე კომპანიას მიეცა დამატებითი 10 დღიანი ვადა დარჩენილი თანხის - 7014.65 ლარის უკან დასაბრუნებლად. წერილი შპს „რ-----“-სს ჩაბარდა 16.08.2017 წელს თუმცა დღემდე თანხა ანაზღაურებული არ არის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხეებს სარჩელზე შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. შპს „ჯ-------“ და შპს „რ-----“ 2017 წლის 21 თებერვალს შეთანხმდნენ, რომ „რ-----“-ს შპს „ჯ-------სთვის“ უნდა მიეწოდებინა შესაფუთი დანადგარი და შესაფუთის დანა, რომელთა ღირებულება ჯამში შეადგენდა 18 730 ლარს.

 

3.1.2. 21.02.2017 წლის ინვოისი 1-ის საფუძველზე შპს „ჯ-------“-მ შპს „რ-----“-ს ავანსის სახით 24.02.2017 წელს გადაუხადა 5000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში, კერძოდ 13 014.50 ლარი.

 

3.1.3. მოპასუხის მიერ ვალდებულება არ შესრულდა დადგენილ ვადაში და შპს „ჯ-------“-ს მხრიდან არაერთგზის მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხე კომპანიამ შეთანხმებული პროდუქციის მოწოდება ან გადახდილი თანხის სრულად დაბრუნება არ უზრუნველყო. დაბრუნებული იქნა მხოლოდ თანხის ნაწილი -6 000 ლარი.

 

3.1.4. შპს „ჯ-------“-ს 04/08/17 წლის N-------- წერილით მოპასუხე კომპანიას მიეცა დამატებითი 10 დღიანი ვადა დარჩენილი თანხის - 7014.65 ლარის უკან დასაბრუნებლად. წერილი შპს „რ-----“-სს ჩაბარდა 16.08.2017 წელს თუმცა დღემდე თანხა ანაზღაურებული არ არის.

 

3.1.5. მოპასუხე შო------------- არის შპს „რ----“-ის ხელმძღვანელობაზე/ წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი - დირექტორი, ამავე დროს არის საზოგადოების 100%-იანი წილის მფლობელი პარტნიორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას;

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული)

იურიდიული პირების რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის საფუძველზე, მოპასუხე შპს „რ----“-ის წარმომადგენლის და შო-------------ს გამოუცხადებლობის გამო, უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ და შპს „რ----“-ს უნდა დაეკისროს მოსარჩელე შპს „ჯ-------“-ს სასარგებლოდ 7014.5 ლარის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელის მოთხოვნა შო-------------ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 352-ე მუხლებით.

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9, 44-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით, და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

 

საქმე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე განსახილველად დაინიშნა 2018 წლის 07 ნოემბერს, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. კერძოდ, მოპასუხეებს სხდომის შესახებ ეცნობათ სასამართლო უწყების ჩაბარების გზით, მაგრამ ისინი სხდომაზე არ გამოცხადებულან და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის თაობაზე უცნობებიათ სასამართლოსათვის.

 

სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სარჩელის დაკმაყოფილების თაობაზე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ.

 

მოპასუხეები მოსამზადებელ სხდომაზე არ გამოცხადდნენ და არც გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ უცნობებიათ სასამართლოსათვის. შესაბამისად, სხდომაზე მათი გამოუცხადებლობა არასაპატიოა და სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები მოპასუხე შპს „რ----“-ის მიმართ, მოთხოვნის ნაწილში ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

ამავე კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები მოპასუხე შო-------------ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში, იურიდიულად არ ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას შემდეგ გარემოებათა გამო:

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული დადასტურებლად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულებასაც ითხოვს მოსარჩელე, მას წარმოეშვა შპს ”რ----”-თან.

 

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება შპს ”რ----”-ის პარტნიორისა და დირექტორის შო-------------ს როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საფუძვლის არარსებობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის 44-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების შესაბამისად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პასუხისმგებლობა კრედიტორების წინაშე შემოიფარგლება საზოგადოების მთელი ქონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების ვალდებულებებისათვის საზოგადოების პარტნიორები და, მით უფრო დირექტორი, ჩვეულებრივ შემთხვევაში, პირადი ქონებით პასუხს არ აგებენ. სწორედ ამაში გამოიხატება შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვა.

 

თუმცა „მეწარმეთა შესახებ“ კანონი ითვალისწინებს კონკრეტულ შემთხვევებს, როცა კომპანიის ვალდებულებებისათვის პასუხისმგებლობა შესაძლებელია კომპანიის დირექტორებსა და პარტნიორებსაც დაეკისროთ.

 

„მეწარმეთა შესახებ“ კანონი კომპანიის კრედიტორების წინაშე კომპანიის პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის შესაძლებლობას ითვალისწინებს მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით, რომლის თანახმად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოების პარტნიორები კრედიტორების წინაშე პასუხს აგებენ პირადად, თუ ისინი ბოროტად გამოიყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმებს.

 

პარტნიორის პირადი პასუხისმგებლობის აღნიშნული წესი გამომდინარეობს იმ დოქტრინიდან, რომელსაც სამეწარმეო სამართლში „კორპორატიული საფარველის გაჭოლვის“ ან სხვაგვარად „გამჭოლი პასუხისმგებლობის“ დოქტრინა ეწოდება. დასახელებული კანონი კომპანიის პარტნიორთა გამჭოლ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს მაშინ, როდესაც ისინი ბოროტად იყენებენ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივ ფორმას.

 

საკასაციო პალატა ერთ-ერთ განჩინებაში განმარტავს, რომ აღნიშნული ნორმა ფართოდ განიმარტება და თავის თავში მოიცავს არა მხოლოდ პასუხისმგებლობის შეზღუდვის კორპორაციული ფორმის ბოროტად გამოყენებას (მაგ., კორპორაციის, როგორც მხოლოდ პარტნიორის მიზნის მისაღწევი „ინსტრუმენტის“ დანიშნულებით გამოყენება; „კორპორაციული ფორმალობების დაუცველობა“; კორპორაციის, როგორც პარტნიორის „ალტერ ეგოს“ არსებობა), არამედ თავად შეზღუდული პასუხისმგებლობის, როგორც პასუხისმგებლობის ელემენტის, ბოროტად გამოყენებას, რაც გულისხმობს პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენებას და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრებას კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით (იხ, სუსგ №ას-1307-1245- 2014, 6 მაისი, 2015 წელი).

 

კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული და დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს მოპასუხის, როგორც სადავო ნასყიდობის სახელშეკრულებო ურთიერთობის მხარის - მყიდველის შპს ”რ----”-ის პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის სამართლებრივი ფორმის ბოროტად გამოყენება. პარტნიორის მიერ პასუხისმგებლობის შეზღუდვის პრივილეგიის მარტოოდენ სხვისი ინტერესების საზიანოდ გამოყენება და საკუთარი ეკონომიკური რისკებისა და დანაკარგის სხვაზე გადაკისრება კრედიტორის განზრახ შეცდომაში შეყვანით.

 

მოპასუხის როგორც შპს ”რ----”-ის დირექტორის პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, სასამართლო განმარტავს, რომ ”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობის უფლება აქვთ - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში - დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტით, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული პირები და სამეთვალყურეო საბჭოს წევრები საზოგადოების საქმეებს უნდა გაუძღვნენ კეთილსინდისიერად; კერძოდ, ზრუნავდნენ ისე, როგორც ზრუნავს ანალოგიურ თანამდებობაზე და ანალოგიურ პირობებში მყოფი ჩვეულებრივი, საღად მოაზროვნე პირი, და მოქმედებდნენ იმ რწმენით, რომ მათი ეს მოქმედება ყველაზე ხელსაყრელია საზოგადოებისათვის. თუ ისინი არ შეასრულებენ ამ მოვალეობას, საზოგადოების წინაშე წარმოშობილი ზიანისთვის პასუხს აგებენ სოლიდარულად, მთელი თავისი ქონებით, პირდაპირ და უშუალოდ. საზოგადოების უარი რეგრესული ანაზღაურების მოთხოვნებზე ან საზოგადოების კომპრომისი ბათილია, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად. თუ ანაზღაურება აუცილებელია, საზოგადოების ხელმძღვანელების ვალდებულება არ წყდება იმის გამო, რომ ისინი მოქმედებდნენ პარტნიორთა გადაწყვეტილებების შესასრულებლად.

 

ძირითადი მიზანი, რომლის მისაღწევადაც მიმართულია კომპანიის ხელმძღვანელთა საქმიანობა, არის მოგების მიღება. ზრუნვის მოვალეობა მოითხოვს დირექტორისაგან მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც გამოიწვევს კომპანიის მოგების გაზრდას. აღნიშნული გადაწყვეტილებები შეიძლება იყოს მაღალი რისკის მატარებელიც და მცდარიც.

 

”მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, თუ ანაზღაურება აუცილებელია საზოგადოების კრედიტორთა დასაკმაყოფილებლად, საზოგადოება ვალდებულია მოითხოვოს ზრუნვის მოვალეობის დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურება დირექტორისაგან.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტორს ასეთი მოთხოვნა საზოგადოების მიმართ არ დაუყენებია და არც სარჩელის ფაქტობრივ გარემოებებშია აღნიშნული შო-------------ს, როგორც დირექტორის მიერ ზრუნვის მოვალეობის დარღვევის ფაქტის არსებობა.

 

ამდენად, სარჩელში მითითებული სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს შო-------------ს, როგორც ფიზიკური პირის პასუხისმგებლობის საფუძვლის არსებობის სამართლებრივი წინაპირობები. შესაბამისად, მოსარჩელე ვერ ასაბუთებს შო-------------სათვის, როგორც ფიზიკური პირისათვის თანხის დაკისრების მოთხოვნის საფუძვლიანობას.

 

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ დგინდება მოპასუხე შო-------------ს მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესასრულებლად თანხის დაკისრების სამართლებრივი საფუძვლის არსებობა, რის გამოც შპს „ჯ-------“ არ არის უფლებამოსილი მოითხოვოს მისგან, შპს „რ----”-ისათვის მიწოდებული საქონლის ღირებულების ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას მოპასუხე შო-------------ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში, რის გამოც სარჩელის მოთხოვნა შო-------------ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

მოპასუხე შპს „რ----“-სს მოსარჩელე შპს „ჯ-------“-ს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 210.5 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 100 ლარის გადახდა. (50 ლარი სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე და 50 ლარი საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი).

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2018 წლის 13 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში. (ს.ფ. 78-83).

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 230-ე, 233-237-ე, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. შპს „ჯ-------“-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „რ----“-ს მოსარჩელე შპს „ჯ-------“-ს სასარგებლოდ 7014.5 ლარის გადახდა.

 

1.2. სარჩელის მოთხოვნა მოპასუხე შო-------------ს მიმართ, ფულადი ვალდებულების შესრულების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს.

 

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „რ----“-ს მოსარჩელე შპს „ჯ-------“-ს სასარგებლოდ 210.50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად და 100 ლარის გადახდა სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

5. განემარტოს მოპასუხეს, რომ მის მიმართ არსებული მოთხოვნის ნაწილში მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში საჩივრის შეტანის გზით მოპასუხისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 10 (ათი) დღის ვადაში, ხოლო აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილება შედის კანონიერ ძალაში და აღარ გასაჩივრდება.

 

მოსამართლე: მაკა ჭედია