გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N010210017002201264
N2/4790-17წ
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
7 ნოემბერი 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ირმა ტოგონიძე
სხდომის მდივანი - თამარ გიორგაძე
მოსარჩელე - არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „აგ------------–------ი“
წარმომადგენლები - ირ---–ი ჯა-------ე, სო----ო აბ-–--ე
მოპასუხე - შპს „ვი-----ა“
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. შპს „ვი-----ას“ ა(ა)იპ „აგ------------–------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს 2500 ლარი;
1.2. შპს „ვი-----ას“ ა(ა)იპ „აგ------------–------ის“ სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს პირგასამტეხლო 312.5 ლარი.
2. მხარეთა პოზიცია
მოსარჩელის პოზიცია:
ა(ა)იპ „აგ------------–------სა“ და შპს „ვი-----ას“ შორის, 2014 წლის 29 მაისს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდველის შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც შპს „ვი-----ამ“ იკისრა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გვარა-ხუცუბაში სასათბურე კონსტრუქციის დამონტაჟების ვალდებულება. 2014 წლის 9 სექტემბრის მიღება-ჩაბარების აქტით მოსარჩელემ მიიღო შესრულებული სამუშაო. ხელშეკრულების შესაბამისად სასათბურე კონსტრუქციის მდგრადობაზე ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა. 2017 წლის 22 სექტემბერს ჩატარდა შემოწმება, რომლის შედეგად გამოვლინდა, რომ დაზიანებული იყო კონსტრუქციის ნაწილი, კერძოდ, კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. მოპასუხეს ეცნობა აღნიშნული ხარვეზის შესახებ და განემარტა, რომ ვალდებული იყო ხარვეზი აღმოეფხვრა 10 კალენდარული დღის ვადაში, რაც მოპასუხის მხრიდან დარჩა რეაგირების გარეშე. მოსარჩელემ საკუთარი ხარჯებით უზრუნველყო დაზიანების შეკეთება 2500 ლარად. მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულების შეუსრულებლობის გამო 2500 ლარი და პირგასამტეხლო 312.5 ლარი.
მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ სასამართლოში წარმოადგინა მოთხოვნის გამომრიცხავი შესაგებელი და განმარტა, რომ ზიანი არ იყო გამოწვეული მენარდის ბრალით. მათ მიერ განხორციელებული ნაკეთობა იყო ნივთობრივად უნაკლო და შესრულებული სამუშაოს გადაცემის მომენტისათვის შემკვეთს წარუდგინეს ხარისხის შესაბამისობის სერტიფიკატი, რაც მოსარჩელის მხრიდან დამატებითი შესრულების მოთხოვნას გამორიცხავს. მოპასუხის აზრით, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არავითარი დასკვნა თუ რამ გამოიწვია პროფილის გაღუნვა. ამასთან, იგი თვლის, რომ ცენტრის ადმინისტრაციამ დროულად არ მოახდინა დიდთოვლობის გამო სათბურების უხვი ნალექისაგან დაცვა, რამაც საბოლოო ჯამში გამოიწვია კიდეც მითითებული დაზიანება. მოპასუხემ ახსნა-განმარტების ეტაპზე მიუთითა, რომ კეხის ფანჯარა არ წარმოადგენს კონსტრუქციის ნაწილს და საგარანტიო ვადა ვრცელდება მხოლოდ სათბურის კონსტრუქციის მდგრადობაზე. მოპასუხის მოსაზრებით, მათ ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევიათ და როგორც ზიანის თანხის, ისე პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშეუსაბამოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2014 წლის 29 მაისს, ა(ა)იპ „აგ------------–------სა“ და შპს „ვი-----ას“ შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N02-10/159. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გვარა-ხუცუბანში მდებარე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობისათვის სასათბურე კონსტრუქციების, მათ მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესყიდვა, წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და თანდართული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, საგარანტიო ვადებისა და და პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 5.1 მუხლის თანახმად, შესყიდვის ობიექტი მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ საბოლოო შემოწმებისა და მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, ხოლო 5.2 მუხლით შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, მიმწოდებელს უნდა წარმოედგინა შესრულებული სამუშაოების მოცულობების აქტი, რომლითაც დადასტურდებოდა შესრულებული სამუშაოების ხარისხი, მოცულობა, ღირებულება და მათი შესაბამისობა საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასთან. მიღება-ჩაბარების აქტის შედგენამდე, მომწოდებელი საკუთარი სახსრებით უზრუნველყოფდა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიერ დოკუმენტაციის დადასტურებას. 5.3 მუხლით, ხელშეკრულების საგნის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებამდე, შესრულებული სამუშაოს ხარისხი, მოცულობა და რაოდენობა უნდა დადასტურებულიყო ამავე ბიუროს საექსპერტო დასკვნით, ხოლო თუ დასკვნის თანახმად ხელშეკრულების საგანი შეფასდებოდა როგორც წუნიანი, არ მოხდებოდა მიღება-ჩაბარების აქტის შედგენა.
ხელშეკრულების 6.3 მუხლით მიმწოდებელი ვალდებული იყო სასათბურე კონსტრუქციის მიწოდებისას წარმოედგინა შემდეგი დოკუმენტაცია: ფოლადის კონსტრუქციების სპეციფიკაცია (პასპორტი), სათბურების გადასახურ ფირზე და ფოლადის კონსტრუქციებზე გაცემული სერთიფიკატები.
ხელშეკრულების 9.1 მუხლით მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების (მათ შორის საგარანტიო პერიოდში ნაკისრი ვალდებულების) შეუსრულებლობის შემთხვევაში, მიმწოდებელს ეკისრებოდა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე შეუსრულებელი სამუშაოების ღირებულების 0.5%-ის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N02-10/159 (ს.ფ. 16-20)
3.1.2. მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, ექსპლოატაციის ნორმების დაცვის შემთხვევაში, შპს „ვი-----ას“ მიერ მიწოდებული საქონლისა და შესრულებული სამუშაოს ხარისხზე გაიცა გარანტია შემდეგი პირობებით: 1. სათბურების კონსტრუქციის მდგრადობა, გალვანიზაცია და გამძლეობა-მინიმუმ 10 წელი; 2. სათბურების გადასახური ფირი-მინიმუმ 3 წელი; 3. სათბურების სარწყავი სისტემის სამუშაოები-მინიმუმ 5 წელი; 4. ელექტრო-სამონტაჟო სამუშაოები-მინიმუმ 5 წელი; 5. სავენტილაციო სისტემა-მინიმუმ 3 წელი. საგარანტიო ვადის ათვლა იწყება მიღება-ჩაბარების გაფორმების დღიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ (ს.ფ. 29)
3.1.3. 2014 წლის 9 სექტემბერს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ა(ა)იპ "აგ------------–------ის" კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფმა ჩაიბარა, ხოლო შპს „ვი-----ამ“ ჩააბარა სათბურების მოწყობის სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად, წარმოდგენილი იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა (გაცემის თარიღი 08/09/2014წ), რომლის საფუძველზე შემკვეთის მიერ მიღებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მიღება-ჩაბარების აქტი 09/09/2014წ. (ს.ფ. 28)
3.1.4. კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის სხდომის 2017 წლის 22 სექტემბრის ოქმის თანახმად, სათბურებში გამოსულია მწყობრიდან კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები.
2017 წლის 30 ოქტომბერს შპს „დაიანა და კომპანიასთან“ გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებითა და 2017 წლის 17 ნოემბრის მიღება-ჩაბარების აქტით დაზიანებული ნაწილები შეკეთდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სხდომის ოქმი 22/09/2017წ. (ს.ფ 32-33)
-„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N01-25/343 (ს.ფ. 38-40)
- მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ.42)
3.2.დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
კონკრეტული სამართალურთიერთიერთობის სახეა ნარდობა. მხარეთა შორის დავის საგანს წარმოადგენს საგარანტიო ვადის განმავლობაში დამატებითი შესრულების ვალდებულება. მოსარჩელე უთითებს, რომ დაზიანებული ნაწილი წარმოადგენდა სათბურის კონსტრუქციის ნაწილს. ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო სათბურის კონსტრუქციის 10 წლიანი საგარანტიო ვადა, რომლის გასვლამდეც ხელშეკრულების საგანი დაზიანდა, რაც შემსრულებელი მხარის პასუხისმგებლობას იწვევს. მოპასუხე არ ეთანხმება წამოყენებულ პრეტენზიას და მიიჩნევს, რომ შესრულების საგანი იყო ნივთობრივად უნაკლო, მისი დაზიანება გამოიწვია არასათანადო ექსპლოატაციამ. ამასთან, დაზიანებულ ნაწილზე-კეხის ფანჯრის ფირის სამაგრ პროფილებზე და ფანჯრის გასახსნელ მექანიზმებზე საგარანტიო ვადა არ ვრცელდება, ვინაიდან, აღნიშნული დეტალები არ წარმოადგენს სათბურის კონსტრუქციის ნაწილს. მოპასუხე მიიჩნევს, რომ დაზიანება გამოიწვია სათბურის არასწორმა ექსპლოატაციამ. ზამთარში მოსული უხვი ნალექის გამო დეტალებმა მიიღო შეუსაბამო დატვირთვა, რისი პრევენციაც მოსარჩელემ არ მოახდინა. სათბურმა ვერ გაუძლო უჩვეულოდ დიდი წყლის მასას, რაც თოვლის დნობის შედეგად დააწვა და დაზიანდა კეხის ფანჯრის საკეტები და მექანიზმები.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში დადგენილი ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას. ეს ნიშნავს მხარის ვალდებულებას წარმოადგინოს იმ ფაქტებისა და გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რომლებზედაც ამყარებს თავის შესაგებელს. მხარეებს (პროცესის მონაწილე სხვა სუბიექტებს: მესამე პირებს, განმცხადებლებს) აწევთ დასადგენი ფაქტების (პრეზუმფციებისა და სადავო ფაქტების) დამტკიცების ვალდებულება, ანუ მტკიცების ტვირთი (მ. ახალაძე, მტკიცების ტვირთი, 2018 წ. გვ. 9), რისი რეალიზაციის უფლება მათ აქვთ სარჩელში, შესაგებელში, საქმის მოსამზადებელ სხდომაზე და რიგ შემთხვევებში საქმის განხილვის სხვა ეტაპზე, თუ ამ ფაქტობისა და მტკიცებულებების მიუთითებლობა საპატიო მიზეზით იყო გამოწვეული. ამ პროცესუალური შესაძლებლობის გამოყენება, სამოქალაქო სამართალწარმოების დისპოზიციური ბუნების გათვალისწინებით მთლიანად მხარის ნებაზეა დამოკიდებული.
მტკიცების ტვირთის განაწილების ზემოაღნიშნული პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელის მტკიცების საგანში შედის იმ გარემოების დამტკიცება, რომ სათბურის დაზიანებულ ნაწილზე ვრცელდებოდა მხარეთა შორის შეთანხმებული საგარანტიო ვადა, რომლის განმავლობაშიც ნარდობის საგნის დაზიანების შემთხვევაში მენარდე ვალდებული იყო საკუთარი ხარჯებით უზრუნველეყო ნარდობის საგნის ნივთობრივი ნაკლის აღმოფხვრა, ხოლო მოპასუხის მტკიცების საგანში შედიოდა იმ გარემოების დამტკიცება, რომ სათბური დაზიანდა არასწორი ექსპლოატაციის შედეგად.
სარჩელში და შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების, მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ სადავო ფაქტობრივ გარემოებებს:
3.2.2. მოსარჩელე, სარჩელის დაკმაყოფილების მთავარ ფაქტობრივ საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ დაზიანებული დეტალები წარმოადგენდა სათბურის კონსტრუქციის ნაწილს, რომლის მდგრადობაზე, გალვანიზაციაზე და გამძლეობაზე მენარდის მიერ გაცემული იქნა 10 წლიანი გარანტია.
კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის სხდომის 2017 წლის 22 სექტემბრის ოქმის თანახმად დადგენილია, რომ სათბურებში დაზიანდა კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. აღნიშნულ ოქმში არ არის მითითებული, რომ დაზიანებულია სათბურის ფოლადის კონსტრუქცია. მოსარჩელესა და შპს „დაიანა და კომპანიას“ შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების თანახმად შეკეთებას დაექვემდებარა კეხის ფანჯარა.
საქმეში წარმოდგენილია ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გვარა-ხუცუბნის ტერიტორიაზე მდებარე სანერგე მეურნეობაში სასათბურე კონსტრუქციების მოწყობაზე სახარჯთაღრიცხვო გაანგარიშების ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა N1/1, რომელიც სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების 1.6 მუხლის თანახმად ამ ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილია. აღნიშნული ხარჯთაღრიცხვის 1.2 გრაფაში კონსტრუქცია განმარტებულია, როგორც გალვალიზებული ფოლადის კარკასი (ქარისადმი მდგრადობა არანაკლებ 120კმ/სთ) შემადგენელი კომპონენტების კედლის სისქე არანაკლებ 2მმ. ამავე ხარჯთაღრიცხვის 1.3. გრაფაში ცალკე კომპონენტადაა მითითებული ავტომატური ფანჯრის სისტემა კეხზე-0.35 კვტ/სთ. ასევე, 1.4 გრაფაში ცალკე კომპონენტადაა გამოტანილი გადასახური ფირი-2 წლიანი გარანტიით, 5 ფენოვანი 9 კომპონენტიანი 160 მიკრონიანი. ამავე ხარჯთაღრიცხვაში, ცალკეა მოცემული მათი სახარჯთაღრიცხვო თვითღირებულებაც.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ ინფორმაციაზე, რომელიც შეიცავს მხარეთა შორის შეთანხმებულ საგარანტიო ვადებს. აღნიშნული ინფორმაციის თანახმად სასათბურე მეურნეობის სხვადასხვა შემადგენელ კომპონენტებზე სხვადასხვა ვადაა დათქმული და აღნიშნული კომპონენტები გადმოტანილია, სწორედ, ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა N1/1-ის გრაფების მიხედვით. კერძოდ, საგარანტიო ვადაა დათქმული სათბურების კონსტრუქციის მდგრადობაზე, გალვანიზაციასა და გამძლეობაზე (ხარჯთაღრიცხვის გრაფა 1.2). სათბურების გადასახურ ფირზე (ხარჯთაღრიცხვის გრაფა 1.4). სასამართლო აღნიშნავს, რომ სათბურის შემადგენელი ელემენტების საგარანტიო ვადები მოცემულია თითოეული ელემენტის მიმართ ცალ-ცალკე. საგარანტიოში კეხის ფანჯარა ან მისი სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმი, მითითებული არაა.
მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ აღინიშნოს ის გარემოება, რომ სათბურის კონსტრუქცია წარმოადგენს გალვანიზებულ ფოლადის კარკასს, ხოლო კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის სხდომის ოქმის თანახმად კი დაზიანდა კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები. საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით დგინდება, რომ არც ერთი დაზიანებული დეტალი არ წარმოადგენს გალვანიზებული ფოლადის კარკასის კონსტრუქციის ნაწილს და მხოლოდ კეხის ფანჯრის შემადგენელი დეტალებია. მითითებული დეტალები ექვემდებარება მოხსნას, გამოცვლას ან გაღუნული დეტალები გასწორებას. სასამართლოს აღნიშნული დასკვნის საფუძველს ასევე აძლევს ის გარემოება, რომ 10 წლიანი ვადა გათვალისწინებულია გალვანიზებული ფოლადის მასალის მიმართ, რომელიც მდგრადობისა და სიმყარის მაღალი მაჩვენებლით გამოირჩევა, ხოლო სადავო დეტალებთან მიმართებაში 10 წლიანი საგარანტიო ვადა შეუსაბამოდ ხანგრძლივია, ვინაიდან, მათ მიმართ, ხარჯთაღრიცხვის თანახმად, არ არის მოთხოვნა ფოლადის მასალაზე. მხარეთა ახსნა-განმარტებით დადგენილია, რომ დაზიანება არ შეხებია სათბურის მზიდ კონსტრუქციას, დაზიანდა კეხის ფანჯრის გაღება-დაკეტვის ფუნქცია ფანჯრის პროფილების დაღუნვის შედეგად.
ამდენად, მხარეთა ახსნა-განმარტებების და საქმეში წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ, სათბურის დაზიანებული დეტალები არ წარმოადგენს სათბურის კონსტრუქციის ნაწილს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ლოკალური რესურსული ხარჯთაღრიცხვა N1/1 (ს.ფ. 7)
-ინფორმაცია საგარანტიო ვადებისა და პირობების შესახებ (ს.ფ. 14)
-22/09/17წ. კონტროლის განმახორციელებელი ჯგუფის სხდომის ოქმი (ს.ფ. 17-18)
-„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N01-25/343 და მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 23-25)
-ფოტოსურათები (ს.ფ. 114-117)
3.2.3. მოპასუხე სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად უთითებს იმ გარემოებაზე, რომ სათბურის დეტალების მწყობრიდან გამოსვლა გამოიწვია სათბურის არასწორმა ექსპლოატაციამ. კერძოდ, უხვი ნალექის გამო თოვლის დნობისას, სათბურის ფირს დააწვა დიდი რაოდენობის წყალი. მისივე მოსაზრებით, მოსარჩელემ არ იზრუნა იმისათვის, რომ გაენთავისუფლებინა წყლისგან ცელოფანი, რითაც ხელი არ შეუშალა სათბურის დაზიანებას.
სასამართლო კვლავ უთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლზე, რომლის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ შემთხვევაში, მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე (თითოეულმა მხარემ უნდა დაადასტუროს ის ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც ამყარებს საკუთარ პოზიციას) მოპასუხე ვალდებული იყო დაედასტურებინა მის მიერ მითითებული გარემოებები შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის გზით. სასამართლო განუმარტავს მხარეს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 107-ე მუხლის თანახმად მხარეები თავისუფლდებიან მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან ისეთი ფაქტების დასადასტურებლად, რომლებსაც თუმცა ემყარება მათი მოთხოვნები, თუ შესაგებელი, მაგრამ დამტკიცებას არ საჭიროებენ. ესენია: ა) ფაქტები, რომლებსაც სასამართლო საყოველთაოდ ცნობილად მიიჩნევს; ბ) ფაქტები, რომლებიც დადგენილია ერთ სამოქალაქო საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა სამოქალაქო საქმეების განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში მხარე არ იყო განთავისუფლებული მის მიერ მითითებული გარემოებების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენისაგან. შესაბამისად, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მტკიცებას ნარდობის საგნის დაზიანების მიზეზებთან დაკავშირებით, მხარის მიერ შესაბამისი მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1.დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „აგ------------–------ი“ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლითაც იხელმძღვანელა სასამართლომ
-სამოქალაქო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასარჩელო მოთხოვნის დამფუძნებელ ნორმას წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლი, რომლის თანახმად, ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური. თუ ნარდობა ითვალისწინებს რაიმე ნაკეთობის დამზადებას და მენარდე მას ამზადებს თავის მიერ შეძენილი მასალით, მაშინ იგი შემკვეთს გადასცემს საკუთრებას დამზადებულ ნაკეთობაზე.
დადგენილია, რომ 2014 წლის 29 მაისს ა(ა)იპ „აგ------------–------სა“ და შპს „ვი-----ას“ შორის გაფორმდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ხელშეკრულება N02-10/159. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფ. გვარა-ხუცუბანში მდებარე ვაზისა და ხეხილის სანერგე მეურნეობისათვის სასათბურე კონსტრუქციების, მათ მონტაჟთან დაკავშირებული სამუშაოებისა და ხარჯთაღრიცხვით გათვალისწინებული სხვა სამუშაოების შესყიდვა წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებისა და თანდართული შესასრულებელი სამუშაოების ხარჯთაღრიცხვის, საგარანტიო ვადებისა და პირობების, შესრულების ვადებისა და პირობების შესაბამისად.
სამოქალაო კოდექსის 639-ე მუხლის თანახმად, თუ მომსახურება მოიცავს რაიმე ნაკეთობის დამზადებას, მაშინ მენარდემ შემკვეთს უნდა წარუდგინოს ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნაკეთობა, ხოლო 641-ე მუხლის პირველი ნაწილით ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეესაბამება შეთანხმებულ პირობებს; ხოლო, თუ ეს პირობები შეთანხმებული არ არის, მაშინ ნაკეთობა ნივთობრივად უნაკლოდ მიიჩნევა, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი გამოყენებისათვის.
დადგენილია, რომ 2014 წლის 9 სექტემბერს მხარეებს შორის შედგა მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად შემკვეთის კონტროლის განმახორციელებელმა ჯგუფმა ჩაიბარა, ხოლო შპს „ვი-----ამ“ ჩააბარა სათბურების მოწყობის სამუშაოები. მიღება-ჩაბარების აქტის შესაბამისად წარმოდგენილი იქნა სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ დასკვნა (გაცემის თარიღი 08/09/2014წ), რომლის საფუძველზე შემკვეთის მიერ მიღებული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები. სამუშაოების მიღებისას შემკვეთს რაიმე სახის პრეტენზია ნარდობის საგნის ნივთობრივ ნაკლთან დაკავშირებით არ წარმოუდგენია.
სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლად მითითებული იქნა მხოლოდ ის გარემოება, რომ დაზიანებულ დეტალებზე ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა, რაც ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლის გამოსწორების მოთხოვნის საფუძველია.
სამოქალაქო კოდექსის 653-ე მუხლით თუ მენარდემ ნაკეთობისათვის იკისრა საგარანტიო ვადა,მაშინ ამ ვადის განმავლობაში გამოვლენილი ნაკლი წარმოშობს შესაბამის უფლებებს. მოცემული ნორმის მიზანია შემკვეთის უფლებრივი დაცვის უზრუნველყოფა ნარდობის საგნის ვარგიასიანობაზე დროის განსაზღვრული მონაკვეთის განმავლობაში. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში გაიზიარა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს შეფასება, რომ ,,შესაბამის უფლებებში” კანონმდებელი გულისხმობს შემკვეთის შემდეგ უფლებებს: ა) მოითხოვოს დამატებითი შესრულება, რაც გულისხმობს მენარდის მიერ, საკუთარი ხარჯებით, ნაკლის აღმოფხვრას, ან - ახალი ნაკეთობის დამზადებას (იმავე კოდექსის 642-ე მუხლი); ბ) დამატებითი შესრულებისათვის განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემთხვევაში, თვითონ აღმოფხვრას ნაკლი და მოითხოვოს გაწეული ხარჯების ანაზღაურება (იმავე კოდექსის 643-ე მუხლი); გ) ნაკეთობის ნაკლის გამო უარის თქვას ხელშეკრულებაზე (კოდექსის 644-ე მუხლი); დ) შეამციროს საზღაური იმ თანხით, რა თანხითაც ნაკლი ამცირებს ნაკეთობის ღირებულებას (კოდექსის 645-ე მუხლი) (სუსგ ას- N1118-1065 /2013 02/06/2014წ)
მოხმობილი ნორმის ანალიზიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ თუ ნარდობის საგანს გამყიდველის მიერ განსაზღვრულ ვარგისიანობის (საგარანტიო) ვადაში აღმოაჩნდება ნაკლი, ეს წარმოშობს შემკვეთის მხრიდან მოთხოვნის უფლებას, ხოლო მენარდემ უნდა დაადასტუროს საწინააღმდეგო. საგარანტიო ვადის მოქმედების პერიოდში ნივთის ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, შემკვეთს არ უწევს ამტკიცოს მენარდის ბრალეულობა, აღნიშნული პრეზუმფცირებულია. საწინააღმდეგოს მტკიცების ტვირთი კი, ეკისრება მენარდეს. ამავე დროს, სწორედ შემკვეთია ვალდებული ამტკიცოს, რომ აღნიშნული საგარანტიო ვადა, სწორედ, დაზიანებულ საგანზე ვრცელდებოდა.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ სათბურის ფოლადის კონსტრუქციაზე ვრცელდებოდა 10 წლიანი საგარანტიო ვადა. ასევე, დადგენილი იქნა, რომ 2017 წლის სექტემბერში დაზიანებული სათბურის დეტალები, კერძოდ, კეხის ფანჯრის ფირის სამაგრი პროფილები და ფანჯრის გასახსნელი მექანიზმები არ წარმოადგენს სათბურის კონსტრუქციის ნაწილს და მათზე საგარანტიო ვადა ვერ გავრცელდებოდა. სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა მისი მტკიცების საგანში შემავალი გარემოება, რომ საგარანტიო ვადა მოიცავდა კონკრეტული დაზიანებული დეტალების საგარანტიო მომსახურებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ადგენს, რომ მოპასუხემ სამუშაო შეასრულა, ხოლო მოსარჩელემ სამუშაო მიიღო და მის ნაკლზე პრეტენზია არ განუცხადებია. ამასთან, მოსარჩელე მხარემ ვერ დაადასტურა, რომ დაზიანებულ ნაწილებზე ვრცელდებოდა საგარანტიო ვადა. ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა. მენარდეს შემკვეთის სასარგებლოდ ვერ დაეკისრება დამატებითი შესრულების ანაზღაურება. ასევე, არ ექვემდებარება ანაზღაურებას მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო.
7. საპროცესო ხარჯები:
7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი. ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს გადახდილად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა(ა)იპ „აგ------------–------ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ბათუმის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) მეშვეობით;
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ბათუმი, ს.ზუბალაშვილის ქ 30) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ირმა ტოგონიძე