გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/5507-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დავით წერეთელი
სხდომის მდივანი თამილა ახვლედიანი
მოსარჩელე - გი------ აბ-----–---–-
წარმომადგენელი - მა----- ნო-----
მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
წარმომადგენელი - გი------ ჩუ---–-–---–-
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება (სამსახურში აღდგენა) და განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანება;
1.2. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე - გი------ აბ-----–---–-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინ-----------------------–-- თანამდებობაზე აღდგენის შესახებ;
1.3. დაევალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს სასარგებლოდ იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება, მისი დათხოვნის დღიდან, თანამდებობაზე აღდგენამდე შესაბამისი თანამდებობისათვის დადგენილი ხელფასის ყოველთვიური ოდენობით;
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხემ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სარჩელი არ ცნო, მისმა წარმომადგენელმა მხარი დაუჭირა შესაგებელს და აღნიშნა, რომ სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული კანონის შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის და სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, 2018 წლის 28 ივნისს პატაკით მიმართა იმავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსმა და განუმარტა, რომ სამმართველოში შევიდა მოქალაქის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ხაშურში რ---------–-----------, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ფული. ხაშურის რაიონული სამმართველოში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ფული იპოვა ქ. ხაშურში მცხოვრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ი------------------------–-- გი------ აბ-----–---–მა, რომელიც დაკავშირებისთანავე გამოცხადდა ხაშურის რაიონული სამმართველოში და განმარტა, რომ ფულის პოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში, ხოლო მეორე დღეს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავშირებისთანავე იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარმოადგინა ნაპოვნი თანხა. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შემდგომი რეაგირება.
ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მას, სადაც იგი განმარტავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. ხაშურში და დაახლოებით 22 საათზე, რ---------–----------- იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში მამიდამ შეატყობინა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ც--–------–-, შეუძლოდ იყო, რის გამოც მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხაშურში. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხდდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული, ხოლო მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ც--–------–-.
მტკიცებულებები, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკი (ს.ფ. 40-41;.
- ახსნა-განმარტება (ს.ფ. 42-43);
- მხარეთა ახსნა-განმატებები;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
3.1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მიერ, 2018 წლის 12 ივლისს დამტკიცებული (M-----------------) იქნა ამავე სამინისტროს მოსამსახურე გი------ აბ-----–---–-ს მიმართ ჩატარებული სამსახურებრივი შემოწმების შესახებ დასკვნა.
მითითებული დასკვნის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკით, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული გი------ აბ-----–---–-ს ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა გი------ აბ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) შესაბამისად, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისების მცდელობაში და ფაქტის ხელმძღვანელობისათვის შეუტყობინებლობაში.
ამავე დასკვნით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული პოლიციის უ-–-------–----------ს გი------ აბ-----–---–ს შეფარდებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური სახდელი - სამსახურიდან დათხოვნა.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინ-----------------------ლი გი------ აბ-----–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე.
მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის 2018 წლის 12 ივლისის №M----------------- აქტი და თანდართული დასკვნა (ს.ფ. 44-46);
- „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანება (ს.ფ. 12);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები;
- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გი------ აბ-----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს კონსტიტუცია; ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპის კონვენცია; ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი; ევროპის სოციალური ქარტია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი;
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის, პირველი პუნქტის შესაბამისად, სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგი.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, მინისტრის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული რეალაქტი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით საჩივრდება სასამართლოში.
სასამართლო, ზემოაღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტია. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს მისი შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან.
ამასთან, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის და 24-ე მუხლის პირველი ნაწილი მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისა და ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
ამრიგად, სასამართლომ ასევე უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს, თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მოთხოვნა სამსახურში აღდგენასთან და განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტით, საქართველოს ყველა იმ მოქალაქისათვის, რომელიც კანონის მოთხოვნებს აკმაყოფილებს, გარანტირებულია სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერი თანამდებობის დაკავების უფლება, ხოლო საჯარო სამსახურში მიღების პირობები განსაზღვრულია კანონით, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე საჯარო სამსახურში მიღებისას, თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში თუ საჯარო სამსახურიდან გათავისუფლების დროს დაცულია რაიმე სახის არამართლზომიერი, კანონსაწინააღმდეგო ჩარევისაგან, ხოლო ამავე კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომა თავისუფალია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლი იცავს მოქალაქის უფლებას საჯარო სამსახურიდან უკანონოდ და დაუსაბუთებლად განთავისუფლებისაგან (იხ. თუნდაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 4 აგვისტოს №2/5/595 გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ნათია იმნაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ გვ.9) კერძოდ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი პუნქტი „იცავს მოქალაქის უფლებას, ჰქონდეს თავისუფალი წვდომა სახელმწიფო სამსახურზე, ამასთან, იგი გულისხმობს საჯარო სამსახურში დასაქმებული პირის თანამდებობასთან დაკავშირებულ კონსტიტუციურ გარანტიებს - არ იქნეს დაუსაბუთებლად გათავისუფლებული სამსახურიდან, იყოს დაცული ყოველგვარი გარე ჩარევისგან“. საქართველოს კონსტიტუციის 29-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტი პირს იცავს საჯარო სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებისაგან. აღნიშნული დანაწესიდან გამომდინარე, საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების მატერიალური საფუძვლები უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციით დადგენილ მოთხოვნებს.
საქართველოს კონსტიტუციის მე-16 მუხლის თანახმად, ყველას აქვს საკუთარი პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული აღნიშნული უფლება გულისხმობს, მათ შორის პიროვნების საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას, რაც თავის მხრივ, ასევე მოიცავს პირის უფლებას არ იქნას ჩამოშორებული საჯარო სამსახურს მისი ნების საწინააღმდეგოდ საამისოდ, კანონით გათვალისწინებული სათანადო საფუძვლის გარეშე.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად, „ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. დაუშვებელია ამ უფლების განხორციელებაში საჯარო ხელისუფლების ჩარევა, გარდა ისეთი შემთხვევისა, როდესაც ასეთი ჩარევა ხორციელდება კანონის შესაბამისად და აუცილებელია დემოკრატიულ საზოგადოებაში ეროვნული უშიშროების, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ან ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესებისათვის, უწესრიგობის ან დანაშაულის თავიდან ასაცილებლად, ჯანმრთელობის ან მორალის თუ სხვათა უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად“.
სასამართლო აქვე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალზე, რომლის მიხედვითაც თანამდებობიდან გათავისუფლება შეიძლება განხილულ იქნეს პიროვნული განვითარებისა და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევად (იხ. თუნდაც, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ყოფ. მეხუთე სექციის პალატის) 2012 წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე ალექსანდრე ვოლკოვი უკრაინის წინააღმდეგ (განაცხადი N 21722/11) გვ.48-49). ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნულ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ პირადი ცხოვრება „მოიცავს ინდივიდის უფლებას ჩამოაყალიბოს და განავითაროს ურთიერთობები სხვა ადამიანებთან, მათ შორის პროფესიული და ბიზნეს ურთიერთობები“ (იხ. C. v. Belgium, 7 აგვისტო 1996, § 25, ანგარიში 1996-III). კონვენციის მე-8 მუხლი „იცავს უფლებას პიროვნულ განვითარებაზე და უფლებას სხვა ადამიანებთან და გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარებასა და განვითარებაზე“ (იხ. Pretty v. the United Kingdom, no. 2346/02, § 61, ECHR 2002-III). „პირადი ცხოვრების“ ცნება არ გამორიცხავს პროფესიული თუ ბიზნეს ხასიათის საქმიანობებს. ადამიანთა უმრავლესობას გარე სამყაროსთან ურთიერთობების დამყარების ძირითადი შესაძლებლობა სამსახურებრივი საქმიანობის განმავლობაში ეძლევათ (იხ. Niemietz v. Germany, 16 დეკემბერი 1992, § 29, სერია A no. 251-B). შესაბამისად, პროფესიის ხელმისაწვდომობაზე დაწესებული შეზღუდვები „პირად ცხოვრებაზე“ახდენენ გავლენას (იხ. Sidabras and Džiautas v. Lithuania, nos. 55480/00 და 59330/00, § 47, ECHR 2004-VIII და Bigaeva v. Greece, no. 26713/05, §§ 22-25, 28 მაისი 2009). ასევე, სამსახურიდან დათხოვნა პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას წარმოადგენს (იხ. Özpınar v. Turkey, no. 20999/04, §§ 43-48, 19 ოქტომბერი 2010). და ბოლოს, მე-8 მუხლი ასევე ეხება ღირსებისა და რეპუტაციის საკითხებს, როგორც პირადი ცხოვრების დაცულობის უფლების შემადგენელ ნაწილებს (იხ. Pfeifer v. Austria, no. 12556/03, § 35, 15 ნოემბერი 2007 და A. v. Norway, no. 28070/06, §§ 63 და 64, 9 აპრილი 2009). თანამდებობიდან მომჩივნის გათავისუფლებამ გავლენა იქონია სხვა პირებთან მისი ურთიერთობების ფართო სპექტრზე, მათ შორის პროფესიული ხასიათის ურთიერთობებზე. ასევე, აღნიშნული შეეხო მომჩივნის „შიდა წრეს“, ვინაიდან სამსახურის დაკარგვა მომჩივნისა და მისი ოჯახის მატერიალური კეთილდღეობაზე აისახებოდა. მეტიც, მომჩივნის გათავისუფლების მიზეზი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ მომჩივნის სამსახურიდან გათავისუფლება წარმოადგენდა მისი პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებაში ჩარევას კონვენციის მე-8 მუხლის მნიშვნელობით.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის პირველი პუნქტზე, რომელიც ყველას ავალდებულებს საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესრულებას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-6 მუხლის, პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია სახელმწიფოს უზენაესი კანონია. ყველა სხვა სამართლებრივი აქტი უნდა შეესაბამებოდეს კონსტიტუციას. საქართველოს კანონმდებლობა შეესაბამება საერთაშორისო სამართლის საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და ნორმებს. საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებას ან შეთანხმებას, თუ იგი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, კონსტიტუციურ შეთანხმებას, აქვს უპირატესი იურიდიული ძალა შიდასახელმწიფოებრივი ნორმატიული აქტების მიმართ.
საქართველოს კონსტიტუციის მე-7 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ცნობს და იცავს ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებს, როგორც წარუვალ და უზენაეს ღირებულებებს. ხელისუფლების განხორციელებისას ხალხი და სახელმწიფო შეზღუდულნი არიან ამ უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების განხორციელებისას, საჯარო დაწესებულებების მიერ თავისი საქმიანობის წარმოების პროცესში საქართველოს კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით, თუ შეთანხმებებით გარანტირებულ ადამიანის უფლებებს და თავისუფლებებს აქვს პირდაპირი მოქმედების ძალა, რაც ნიშნავს იმას, რომ საჯარო დაწესებულებამ, მისთვის საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას უნდა იხელმძღვანელოს ამა თუ იმ ზემოთ აღნიშნული უფლების (თავისუფლების) ნამდვილი შინაარსით და არ უნდა დაუშვას ამ უფლებით დაცულ სფეროში არამართლზომიერი ჩარევა.
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 21-ე მუხლის მეორე პუნქტისა და 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თანაბარ საფუძველზე შევიდეს თავისი ქვეყნის სახელმწიფო სამსახურში. ყოველ ადამიანს აქვს შრომის, სამუშაოს თავისუფალი არჩევის, შრომის სამართლიანი და ხელსაყრელი პირობების და უმუშევრობისაგან დაცვის უფლება.
„ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლის მიხედვით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, რომელიც მოიცავს თითოეული ადამიანის უფლებას, მოიპოვოს საარსებო სახსრები შრომით, რომელსაც თავისუფლად აირჩევს ან რომელზეც თანხმდება, და მიიღებენ შესაბამის ზომებს ამ უფლების დასაცავად. აღნიშნული უფლების სრული განხორციელების მიზნით, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოების მიერ მისაღები ზომები უნდა შეიცავდეს პროფესიული და ტექნიკური სწავლებისა და წვრთნის პროგრამებს, პოლიტიკას და მეთოდოლოგიას, რათა მიღწეულ იქნას განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარება და სრული შედეგიანი დასაქმება ისეთ პირობებში, სადაც თითოეული ადამიანის პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლება დაცული იქნება.
სასამართლო აქვე მოიხმობს ევროპული სოციალური სფეროს მარეგულირებელ უმნიშვნელოვანეს საერთაშორისო ხასიათის დოკუმენტს - ევროპის სოციალურ ქარტიას, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ზემოთ აღნიშნული საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გარანტირებული შრომის უფლება, მათ შორის გულისხმობს სახელმწიფოს ვალდებულებას სათანადო, კანონიერი საფუძვლების გარეშე არ დაუშვას დასაქმებულთა შრომითი ურთიერთობის შეწყვეტა, რაც სახელმწიფო სამსახურში პირის შრომის უფლებას არამართლზომიერად შეზღუდავს და ასევე, ხელი არ შეუშალოს პირს საკუთარი პიროვნების განვითარებაში. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ შრომის გარანტირებული უფლება არ არის აბსოლუტური და აღნიშნული უფლებით დაცული სფერო შესაძლებელია დაექვემდებაროს შეზღუდვას კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ლეგიტიმური მიზნითა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით. შრომის უფლების დაცვა არ გულისხმობს დამსაქმებლის აბსოლუტურ შეზღუდვას, კანონით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, გაათავისუფლოს დასაქმებული.
6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს კარიერულ წინსვლაზე, დამსახურებაზე, კეთილსინდისიერებაზე, პოლიტიკურ ნეიტრალიტეტზე, მიუკერძოებლობასა და ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებული, სტაბილური, საქართველოს ერთიანი საჯარო სამსახურის ჩამოყალიბებისა და ფუნქციონირების სამართლებრივი საფუძვლების შექმნა.
მითითებული კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდების მქონე პირების საქმიანობაზე, ხოლო ამავე კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი არის საჯარო მოხელე, რომელიც მსახურობს სამინისტროში, აგრეთვე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის თანამშრომელი, რომლებსაც მინიჭებული აქვთ სპეციალური წოდებები და დადებული აქვთ პოლიციელის ფიცი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოსარჩელე გი------ აბ-----–---–- მუშაობდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინ-----------------------–-- თანამდებობაზე. შესაბამისად, იგი წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს - პოლიციელს.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, „ამ კანონის მოქმედება ვრცელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) სისტემაში დასაქმებული, სპეციალური და სამხედრო წოდებების მქონე პირების საქმიანობაზე“, ხოლო ამავე კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი პოლიციელებსა და სამინისტროს მოსამსახურეებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მითითებული კანონის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციელი სამსახურიდან შეიძლება დათხოვნილ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკის) საფუძველზე; ბ) შტატების შემცირებისას ან რეორგანიზაციის დროს, რომელსაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) საქართველოს კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებული სხვა საფუძვლით“.
აღნიშნული განმტკიცებულია საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 35-ე მუხლის მე-2 პუნქტით, რომლის შესაბამისად, „სამინისტროს მოსამსახურე შეიძლება დათხოვნილ/თანამდებობიდან გათავისუფლებულ იქნეს: ა) პირადი განცხადების (პატაკი) საფუძველზე; ბ) საშტატო-საორგანიზაციო ღონისძიებები დროს, რასაც თან სდევს შტატების შემცირება; გ) სტრუქტურული ქვედანაყოფის ლიკვიდაციის დროს; დ) კადრების განკარგულებაში ყოფნის ვადის გასვლის გამო; ე) სამსახურში ყოფნის ზღვრული ასაკის მიღწევის გამო; ვ) წელთა ნამსახურობის ვადის გასვლის გამო; ზ) დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ან მის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის გამო; თ) თანამდებობრივი შეუთავსებლობის გამო; ი) მოქალაქეობის შეცვლის გამო; კ) სხვა დაწესებულებაში გადასვლასთან დაკავშირებით; ლ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის სამედიცინო კომისიის დასკვნის შესაბამისად; მ) უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად ცნობის გამო; ნ) გარდაცვალების გამო; ო) შესაბამისი სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ან/და სპეციალური მომზადების/გადამზადების კურსის წარუმატებლად გავლის გამო, თუ მინისტრის სამართლებრივი აქტი ასეთ შემთხვევაში პირდაპირ ითვალისწინებს სამინისტროს მოსამსახურის დათხოვნას; პ) გამოსაცდელი ვადის გასვლის ან არადამაკმაყოფილებელი შედეგების გამო“.
საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამინისტროს ხელმძღვანელობს მინისტრი, რომელიც ამავე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის გათვალისწინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს სამინისტროს ქვედანაყოფის ხელმძღვანელებსა და სხვა თანამშრომლებს, განსაზღვრავს მათ უფლებამოსილებებს; დასანიშნად წარუდგენს პრემიერ-მინისტრს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელს, ხოლო „ნ“ ქვეპუნქტის თანახმად, იგი კანონით დადგენილი წესით გამოსცემს ბრძანებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი“.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მითითებული დასკვნის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ინ-----------------------ლი გი------ აბ-----–---–- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვნილ იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროდან საქართველოს სამხედრო ძალების რეზერვში, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების“ მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტების (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) საფუძველზე.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ამ კანონის მიზანია, უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა, ხოლო იმავე კანონის მე-2 მუხლის, პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, მართლწესრიგი განიმარტება, როგორც საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ქცევისა და ურთიერთობების სისტემა, რომელიც წესრიგდება საქართველოს კანონმდებლობითა და იმ ადათ-წესებით, ტრადიციებითა და ზნეობრივი ნორმებით, რომლებიც არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობას.
მითითებული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის პირველი თავის 1.1. პუნქტის თანახმად, პოლიციელი ყოველდღიურ საქმიანობაში განუხრელად იცავს ეთიკის კოდექსით დადგენილ კანონიერების, კეთილსინდისიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემის, სამართლიანობისა და მიუკერძოებლობის პრინციპებს, ხოლო 3.1. პუნქტის შესაბამისად, პოლიციელის საქმიანობა მოიცავს არა მხოლოდ დანაშაულის პრევენციასა და გახსნას, არამედ საზოგადოებისათვის დახმარების აღმოჩენასაც, მათ შორის, არასამუშაო საათებში.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N999 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ზოგიერთ მოსამსახურეთა ქცევის ინსტრუქციის მე-8 თავის თანახმად, „ეთიკის კოდექსით განსაზღვრული ნორმების დარღვევა იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას საქართველოს შიანაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესის შესაბამისად“.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების თანახმად, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ვ) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა. სამინისტროს მოსამსახურისათვის დისციპლინური სახდელის შეფარდების და მისი მოხსნის წესს ადგენს მინისტრი.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში–სამინისტრო) მოსამსახურეთა დისციპლინური წესდება განსაზღვრავს სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა (შემდგომში – მოსამსახურე) დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების საფუძვლებს, სახდელებისა და წახალისების სახეებს, საქმისწარმოებისა და მოსამსახურეთათვის დისციპლინური სახდელების შეფარდებისა და მოხსნის წესს.
მითითებული წესდების მე-2 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, „დისციპლინური გადაცდომის ჩადენისათვის მოსამსახურეს ეკისრება დისციპლინური სახდელი. დისციპლინური გადაცდომის სახეებია: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა; ა1) სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვანი შესრულება; ბ) სამსახურებრივი მოვალეობებისადმი დაუდევარი დამოკიდებულება; გ) ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა; დ) ზნეობრივი და ეთიკური ნორმების წინააღმდეგ, მოსამსახურის ან დაწესებულების დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა; ვ) მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს; ზ) ფიცის გატეხვა; თ) შრომის დისციპლინის წესის დარღვევა; ი) ფორმის ტანსაცმლის ტარების წესის დარღვევა.
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 57-ე მუხლის პირველი და მე-3 პუნქტების თანახმად, პოლიციელისა და სამინისტროს სხვა მოსამსახურის საქმიანობას აკონტროლებს სამინისტროს გენერალური ინსპექცია. სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფლებამოსილება ვრცელდება სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებზე, ტერიტორიულ ორგანოებზე, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაზე – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაზე და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებზე. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროს გენერალური ინსპექცია: საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს სამინისტროს სისტემაში „პოლიციის ეთიკის კოდექსისა“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა დისციპლინური წესდების“ ნორმების დარღვევის, მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“–„ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გადაცდომის გამოვლენისას სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირებისა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ხელმძღვანელი პირები სამინისტროს გენერალურ ინსპექციას შემდგომი რეაგირებისათვის, წერილობითი ფორმით (წარდგინება) უგზავნიან გადაცდომის ამსახველ ფაქტებსა და გარემოებებს, რაზედაც დისციპლინური გადაცდომის ამსახველ დასკვნას ადგენს სამინისტროს გენერალური ინსპექცია და სახდელის დადების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი ან მოსამსახურის დანიშვნა-გათავისუფლებაზე უფლებამოსილი პირი.
აღნიშნული მუხლის მე-41 და მე-42 პუნქტების მიხედვით, სამინისტროს გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია, გამოავლინოს წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გადაცდომები და შეადგინოს დისციპლინური გადაცდომის ამსახველი დასკვნა. დისციპლინური გადაცდომის პრევენციის, გამოვლენისა და მასზე რეაგირების მიზნით გენერალური ინსპექცია უფლებამოსილია მოსთხოვოს/ჩამოართვას სამინისტროს ნებისმიერ მოსამსახურეს წერილობითი ან ზეპირი განმარტება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, 2018 წლის 28 ივნისს პატაკით მიმართა იმავე დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსმა და განუმარტა, რომ სამმართველოში შევიდა მოქალაქის განცხადება, სადაც იგი აღნიშნავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს, ქ. ხაშურში რ---------–-----------, გაურკვეველ ვითარებაში დაკარგა ფული. ხაშურის რაიონული სამმართველოში მიღებული ინფორმაციით დადგინდა, რომ აღნიშნული ფული იპოვა ქ. ხაშურში მცხოვრებმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბ----------------------–--------------–--- უბნის ინსპექტორების განყოფილების უბნის ი------------------------–-- გი------ აბ-----–---–მა, რომელიც დაკავშირებისთანავე გამოცხადდა ხაშურის რაიონული სამმართველოში და განმარტა, რომ ფულის პოვნის შემდეგ რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა, რის შემდეგაც იგი წავიდა სახლში, ხოლო მეორე დღეს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავშირებისთანავე იგი გამოცხადდა სამმართველოში და წარმოადგინა ნაპოვნი თანხა. ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსმა, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ითხოვა შემდგომი რეაგირება, რის საფუძველზეც, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ, მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მიმართ დაიწყო სამსახურებრივი შემოწმება და ახსნა-განმარტება ჩამოერთვა მას, სადაც იგი განმარტავდა, რომ 2018 წლის 26 ივნისს იმყოფებოდა ქ. ხაშურში და დაახლოებით 22 საათზე, რ---------–----------- იპოვა ფული, რის შემდეგაც რამოდენიმე წუთი ადგილზე დაელოდა დაკარგული თანხის მესაკუთრის გამოჩენას, თუმცა არავინ გამოჩნდა და მან დატოვა აღნიშნული ტერიტორია. ამასთან, იმავე დროს მას ტელეფონით დაუკავშირდა, სოციალურ ქსელში მამიდამ შეატყობინა, რომ ბებია, რომელიც იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ც--–------–-, შეუძლოდ იყო, რის გამოც მასთან გაემართა, ხოლო მეორე დღეს დაახლოებით 16-17 საათზე დაბრუნდა თავის საცხოვრებელ სახლში ქ. ხაშურში. მგზავრობის დროს დაუკავშირდა ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომელი და სამმართველოში მისვლა სთხოვა, რის საფუძველზეც იგი გამოცხდდა სამმართველოში და წარადგინა ნაპოვნი ფული, ხოლო მანამდე მან ვერ შეძლო აღნიშნული თანხის პოლიციაში წარდგენა იმ მიზეზით, რომ იგი იმყოფებოდა ხაშურის რაიონის სოფელ ც--–------–-.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, ასევე დადგენილია, რომ მითითებული დასკვნის თანახმად, მოპოვებული მტკიცებულებების, კერძოდ, ხაშურის რაიონული სამმართველოს უფროსის 2018 წლის 28 ივნისის პატაკით, სამსახურებრივი შემოწმების პროცესში გამოკითხული გი------ აბ-----–---–-ს ახსნა-განმარტებით, დასტურდება, რომ პოლიციის უმცროსმა ლეიტენანტმა გი------ აბ-----–---–მა ჩაიდინა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა) და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა (მოსამსახურისათვის შეუფერებელი ქმედება, რომელიც ლახავს სამინისტროს სისტემის ავტორიტეტს) შესაბამისად, საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მოთხოვნები, რაც მისი მხრიდან გამოიხატა ნაპოვნი ფულადი თანხის მითვისების მცდელობაში და ფაქტის ხელმძღვანელობისათვის შეუტყობინებლობაში.
სასამართლო მიუთითებს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლის მე-2 პუნქტზე, 59-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N995 ბრძანებით დამტკიცებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის 70-ე მუხლზე, ზემოაღნიშნული წესდების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური გადაცდომის გამოვლენის შემთხვევაში, დისციპლინური სახდელის დადებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური ინსპექციის შესაბამისი დასკვნის გათვალისწინებით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 59-ე მუხლის მე-3 პუნქტი, ასევე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-3 მუხლი ადგენს დისციპლინური სახდელის სახეებს, კერძოდ, სამსახურებრივი დისციპლინის დარღვევისათვის სამინისტროს მოსამსახურის მიმართ გამოიყენება შემდეგი დისციპლინური სახდელები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) სამინისტროს სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) თანამდებობიდან ჩამოქვეითება; ვ) სპეციალური ან სამხედრო წოდების ერთი საფეხურით ჩამოქვეითება; ზ) სამსახურიდან დათხოვნა“.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი და მის საფუძველზე გამოცემული ზემოთ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი განსაზღვრავს დისციპლინური გადაცდომისათვის გამოსაყენებელ სახდელთა სახეებს მათი სიმძიმის მიხედვით, მაშასადამე კანონმდებლობა ადგენს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას, რაც უფლებამოსილ პირს ანიჭებს დისკრეციულ უფლებამოსილებას კონკრეტული გადაცდომისათვის სახდელის ზომა თავად განსაზღვროს.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ლ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის N989 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა დისციპლინური წესდების მე-4 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, „დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი დისციპლინური სახდელი“, ხოლო მე-10 პუნქტის თანახმად, დისციპლინური სახდელის გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს ჩადენილი გადაცდომის შინაარსი და სიმძიმე, შედეგები, აგრეთვე ჩადენის გარემოებები, მოსამსახურის პიროვნება და დამსახურება.
ამრიგად, სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებასთან დაკავშირებით, უფლებამოსილი თანამდებობის პირის დისკრეციული უფლებამოსილება არ არის აბსოლუტური, იგი შეზღუდულია კანონით დადგენილი ზემოთ აღნიშნული კრიტერიუმებით. დისკრეციული უფლებამოსილება, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ უნდა განხორციელდეს საჯარო და კერძო ინტერესების სწორი და სამართლიანი ბალანსის დაცვით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 და მე-7 მუხლების შესაბამისად, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას არ შეიძლება გამოიცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუ პირის კანონით დაცული უფლებებისა და ინტერესებისათვის მიყენებული ზიანი არსებითად აღემატება იმ სიკეთეს, რომლის მისაღებადაც იგი გამოიცა. დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაზე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, კერძოდ, საკასაციო სასამართლომ თავის 2015 წლის 19 თებერვლის Nბს-525-512 (კ-14) გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციული უფლებამოსილებით სარგებლობს, თუმცა დისკრეციული უფლებამოსილება არ უნდა იქცეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების ერთადერთ საზომად; დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლო კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
აღსანიშნავია, რომ თუ დისციპლინური სახდელის შეფარდების პროცესში ადმინისტრაციული ორგანო სარგებლობს დისკრეციული უფლებამოსილებით, მასვე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი ავალდებულებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებას. დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებას წაეყენება დასაბუთების ვალდებულება იმდენად, რამდენადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა გამორიცხოს თვითნებური, მიკერძოებული, არაკვალიფიციური გადაწყვეტილება და უნდა დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილების კანონთან შესაბამისობა და კონკრეტული გადაწყვეტილების მიღების აუცილებლობა. მოტივირებული, დასაბუთებული გადაწყვეტილება კანონიერი გადაწყვეტილების წინაპირობას წარმოადგენს. დასაბუთებაში კი არგუმენტირებულად უნდა მიეთითოს ყველა იმ გარემოებაზე, რომლის შესაბამისადაც მიღებულ იქნა ზუსტად ეს კონკრეტული გადაწყვეტილება და უარი ეთქვა სხვა სახის გადაწყვეტილებას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას ნ.ს-ის მიმართ ყველაზე მძიმე დისციპლინური სახდელის - პროკურატურიდან დათხოვნის გამოყენების მიზანშეწონილობის თაობაზე. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი სანქციის ალტერნატივის არსებობა კი სწორედ ასეთ დასაბუთებას საჭიროებდა. ნორმაში ალტენატიული სანქციის არსებობა მიუთითებს უფრო მკაცრი სახის სახდელის გამოყენების შესაძლებობას იმ შემთხვევაში, თუ ნაკლებად მკაცრი სახის სანქცია ვერ უზრუნველყოფს სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას. განსახილველ შემთხვევაში დაუსაბუთებელია ნ.ს-ის მიმართ უფრო მსუბუქი სახდელის გამოყენება რატომ ვერ უზრუნველყოფდა მოსარჩელის მიერ ჩადენილი გადაცდომისათვის სახდელის მიზნის მიღწევის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას ადმინისტრაციულ ორგანოს ეკისრება განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, რა დროსაც იგი ყველა შესაძლებლობას უნდა იყენებდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საუკეთესო გადაწყვეტილების მისაღებად. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-7 მუხლი იმპერატიულად ადგენს დისკრეციული უფლებამოსილების საფუძველზე გადაწყვეტილების მიღებისას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის დაცვის ვალდებულებას. შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში ნ.ს-ის მიმართ დისციპლინური სახდელის შეფარდებისას აუცილებელია ყურადღება მიექცეს საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპს.“.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის ჩადენილი გადაცდომის ხასიათთან შესაბამისობას და თანაზომიერებას, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ამას ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალიც ადასტურებს (იხ. თუნდაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ მითითებული გადაწყვეტილება გვ.51-52). აღნიშნულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ სწორედ დისციპლინური გადაცდომისათვის გამოყენებულ სანქციათა გრადაციასა და პროპორციულობაზე შესაბამისად, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების პროცესში საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსზე გაამახვილა ყურადღება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გარემოებები რომლებიც საფუძვლად დაედო მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყებას და მის სამსახურიდან დათხოვნას, მოცემულ შემთხვევაში ნამდვილად აქვს ადგილი პოლიციელის ეთიკური სტანდარტების და კანონის მოთხოვნათა დაუცველობას.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 191-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვით, დაკარგული ნივთის მპოვნელმა დაუყოვნებლივ უნდა განუცხადოს ამის შესახებ ნივთის დამკარგავს, მესაკუთრეს, უფლებამოსილ პირს, ან, თუ მათი ვინაობა უცნობია, _ პოლიციას ან სხვა ადგილობრივ ორგანოს, და გადასცეს ეს ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია და მხარებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ მოსარჩელე გი------ აბ-----–---–მა, რომელიც პოლიციელი იყო ქ. ხაშურში იპოვა ფული, რომელიც მან დაუყოვნებლივ არ წარუდგინა პოლიციას.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელე გი------ აბ-----–---–მა ნაპოვარის ფულის პოლიციაში დაუყოვნებლივ წარდგენა მისი ბებიის ავადმყოფობის გამო ვერ შეძლო და მისი მამიდის შეტყობინების გამო, ბებიასთან გაემართა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით გამოძახებულმა მოსარჩელის მამიდამ - ი------------–---მ განმარტა, რომ მან გი------ აბ-----–---–ს დაახლოებით 17 საათზე შეატყობინა ტელეფონით ბებიის ავადმყოფობის შესახებ და დაახლოებით 2 საათში გი------ აბ-----–---–- მათთან, სოფელ ც--–------–- მივიდა მაშინ, როდესაც საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მათ შორის მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს ახსნა-განმარტებით მან ფული დაახლოებით 22 საათზე იპოვა. მოწმის განმარტებით, გი------ აბ-----–---–- ქ. ხაშურში, სოფელ ცოცხნარადან დაბრუნდა მეორე დღის დილით მაშინ, როდესაც მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-, საქმეში წარმოდგენილ ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ იგი სოფელი ცოცხნარადან დაბრუნდა 16-17 საათზე. გარდა ამისა, მოსარჩელე ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ მას მამიდა სოციალური ქსელის მეშვეობით დაუკავშირდა, ხოლო მოწმის განმარტებით, იგი ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდა მას. ამასთან, მოსარჩელე გი------ აბ-----–---–- ახსნა-განმარტებაში აღნიშნავს, რომ იგი გარკვეული პერიოდი შეყოვნდა ფულის პოვნის შემდეგ, ნაპოვარი ნივთის მესაკუთრის გამოვლენის მიზნით. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მას ჰქონდა საკმარისი დრო, ნაპოვარი დაუყოვნებლივ წარედგინა პოლიციაში.
ამრიგად, სასამართლო არ უარყოფს, რომ პოლიციელის მხრიდან მოცემულ შემთხვევაში ადგილი ჰქონდა კანონის მოთხოვნათა დაუცველობას, თუმცა იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელის მიმართ არასდროს ყოფილა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, ნაპოვარი დაუბრუნდა მის მესაკუთრეს და შესაბამისად, მისი ქმედებით ზიანი არ დამდგარა, მოცემულ ეტაპზე კანონმდებლობით განსაზღვრული უფრო მსუბუქი დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიების გამოყენების გზით არ არის გამორიცხული მისი ქცევის დაკორექტირების, გაუმჯობესების შესაძლებლობა.
სასამართლო განმარტავს, რომ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციის მიზანი არის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ თანამშრომლების შეუსაბამო, შეუფერებელი ქცევის გამო მათზე ზემოქმედება მათი ქცევის შესაბამის ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით და მხოლოდ ამ მიზნის მიუღწევლობის შემთხვევაში იქნება თანაზომიერი დისციპლინური პასუხისმგებლობის ისეთი მძიმე ფორმის გამოყენება, როგორიც სამსახურიდან დათხოვნაა. მაშასადამე, დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენება დაუშვებელია მხოლოდ იმ მიზნით, რომ პირს მიადგეს ზიანი სამსახურიდან დათხოვნის სახით, მისი მიზანი არ უნდა იყოს მხოლოდ პირის დასჯა, არამედ შესაბამისი ღონისძიებების გამოყენებით უნდა დასტურდებოდეს იმ ძირითადი მიზნის მიუღწევლობა, რაც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომათა გრადაციას გააჩნია.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლზე, რომლის მიხედვით, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია განახორციელოს დისკრეციული უფლებამოსილება მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
მითითებული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას წარმოადგენს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევა. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების მტკიცება მხოლოდ დისკრეციული უფლებამოსილების არსებობაზე მითითებით. მიღებული გადაწყვეტილების კანონიერების შეფასებისას გამოსარკვევია არა მარტო ის, ჰქონდა თუ არა ადმინისტრაციულ ორგანოს კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად დისკრეციული უფლებამოსილება, არამედ ის, თუ როგორ განახორციელა მან აღნიშნული უფლებამოსილება. სასამართლოს კონსტიტუციურ ვალდებულებას წარმოადგენს გააკონტროლოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებული დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება. ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილების კანონიერების დადგენა კი უპირველესად მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებიდან ხდება შესაძლებელი.
ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ ადმინისტრაციული ორგანო შებოჭოს სამართლით და მოაქციოს თვითკონტროლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებს და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც ადმინისტრაციული ორგანო მიჰყავს საკითხის ამა თუ იმ გადაწყვეტამდე, ანუ სწორედ კონკრეტული ფაქტები და საქმის გარემოებები განსაზღვრავს გადაწყვეტილების იურიდიულ შედეგს და არა პირიქით. გარდა აღნიშნულისა, გადაწყვეტილების დასაბუთება აუცილებელია ადრესატისათვის, რათა შეაფასოს მისი მართლზომიერება, დარწმუნდეს მის კანონშესაბამისობაში, ხოლო უფლების დარღვევის განცდის შემთხვევაში ისარგებლოს გასაჩივრების შესაძლებლობით, მას უნდა შეეძლოს იცოდეს რა არგუმენტებით უნდა დაუპირისპირდეს მიღებულ გადაწყვეტილებას, რასაც დასაბუთების გარეშე გადაწყვეტილების მიღების პირობებში, მოკლებულია.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არც შესაბამის დასკვნაში და არც სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში არ არის მსჯელობა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ჩადენილი დარღვევის სიმძიმესთან პროპორციულობასა და თანაზომიერებაზე, შესაბამისად არ არის დასაბუთებული მოცემულ შემთხვევაში, რატომ არის მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მიერ ჩადენილი ქცევა გამოუსწორებელი, უკიდურესად მძიმე და რატომ დაიცავს პირდაპირ პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენება საჯარო და კერძო ინტერესების სწორ ბალანსს.
ამრიგად, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არასაკმარისად შეიცავს ფაქტობრივ და სამართლებრივ მოტივაციას ადმინისტრაციული ორგანოს მიერ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობის თაობაზე. იგი არ შეიცავს საკითხის ამგვარად გადაწყვეტის დასაბუთებას, რასაც იმპერატიულად ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლი. შესაბამისად, მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას არ იქნა დაცული დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების კანონით დადგენილი სტანდარტი.
სასამართლო, საქმის გარემოებების გამოკვლევის შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისთვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა. შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას იგი ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მიზნის ადეკვატურად შეაფასოს მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს მიერ ჩადენილი ქმედების სიმძიმე, მისი პიროვნება, დამოკიდებულება ჩადენილ ქმედებასთან დაკავშირებით, შედეგი და ა.შ.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძვლები რეგლამენტირებულია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლით, რომლის პირველი ნაწილი ადგენს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს, ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადებისა ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საქმეზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლოს უფლებამოსილება სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი, განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზეა, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს იგი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
აღნიშნული პროცესუალური შესაძლებლობა ემსახურება ადმინისტრაციული ორგანოების მიერ განხორციელებულ მმართველობის კანონიერებაზე სასამართლო კონტროლის სრულფასოვან რეალიზაციას და მართლმსაჯულების ეფექტიან განხორციელებას. იმ პირობებში, როცა ადმინისტრაციულ ორგანოს თითქმის არ მოუხდენია ფაქტობრივი გარემოებების დადგენა - შეფასება, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში რიგ შემთხვევებში შეუძლებელი ხდება მათი გამოკვლევა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოცემულ შემთხვევაში სახეზეა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანების საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად ბათილად ცნობის საფუძველი. ამდენად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მითითებული ბრძანება და მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე, ზემოთ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი სადავო საკითხთან დაკავშირებით.
6.7. განსახილველ საქმეში მოსარჩელის მოთხოვნას ასევე წარმოადგენს სამსახურში აღდგენა.
სასამართლო მიუთითებს ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, ზემდგომი ორგანოს ან სასამართლოს მიერ მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაუქმების შემთხვევაში საჯარო დაწესებულება ვალდებულია მოხელე დაუყოვნებლივ აღადგინოს იმავე თანამდებობაზე, ხოლო ასეთი თანამდებობის არარსებობისას – ტოლფას თანამდებობაზე იმავე საჯარო დაწესებულების სისტემაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ცნო ბათილად სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და მოპასუხეს დაევალა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არსებობს მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს სამსახურში აღდგენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი.
6.8. სასამართლოს შეფასებით, ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 118-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში, სამსახურში აღდგენილ მოხელეს ეძლევა განაცდური შრომითი გასამრჯელო.
ამრიგად, გამომდინარე იქედან, რომ განაცდური ხელფასი ანაზღაურდება დაწესებულების მიერ მოხელის სამსახურში აღდგენის შემთხვევაში და სასამართლომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნო გასაჩივრებული ბრძანება და ამ ეტაპზე უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მოთხოვნა სამსახურში აღდგენის შესახებ, შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი მოპასუხეს - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს მოსარჩელე გი------ აბ-----–---–-ს სასარგებლოდ განაცდური ხელფასის ანაზღაურება.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მეორე, 22-ე, 23-ე, 24-ე 32-ე, 33-ე, 331-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. გი------ აბ-----–---–-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი „დისციპლინური წესით დასჯისა და შინაგან საქმეთა სამინისტროდან დათხოვნის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 1 აგვისტოს №M--------------- ბრძანება და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაევალოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში მითითებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელე გი------ აბ-----–---–თან მიმართებით კანონით დადგენილ ვადაში.
3. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. N6) 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დავით წერეთელი