გადაწყვეტილება

სამოქალაქო 06.11.2018
საქმის ნომერი
330210018002516524
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
06.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/19365-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

06 ნოემბერი, 2018 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე

 

მოსარჩელე - შპს "ს------–ე"

წარმომადგენელი - ს-------------–---, ვ-–----------–---–-

 

მოპასუხე - შპს "ბ-------ი"

წარმომადგენელი - ა---------–--–-----–---

 

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე შპს "ბ-------ს" მოსარჩელე შპს "ს------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 27639 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

შპს ,,ს------–ეს“ და შპს ,,ბ-------ს“ შორის 2018 წლის 01 მაისს დაიდო ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს------–ემ“ თავისივე ტრანსპორტირებით შპს ,,ბ-------ის“ ქ. თბილისში, ქა-----ს ქუჩა #42-ში მიაწოდა სამშენებლო ცემენტი, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 52 139 ლარი, აღნიშნული თანხიდან შპს ,,ბ-------მა“ გადაიხადა 24 500 ლარი. შპს ,,ბ-------ის“ დავალიანება შპს ,,ს------–ის“ მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად შპს ,,ს------–ის“ მიმართ დარჩა 27 639 ლარი. შპს ,,ს------–ის“ მხრიდან არაერთი გაფრთხილების მიუხედავად შპს ,,ბ-------ი“ არ იხდის მიწოდებული ცემენტის საფასურს, რომელიც შეადგენს 27 639 ლარს, და რომელიც ხელშეკრულების მე-4 თავის მიხედვით უნდა გადაეხადა შეძენიდან 7 დღის განმავლობაში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე შპს ,,ბ-------მა“ სარჩელი ნაწილობრივ 4770 ლარის ნაწილში ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელის მიერ მიწოდებული ცემენტი არ შეესაბამებოდა შეთანხმებულ ხარისხს და მარკას, იყო გაცილებით დაბალი ხარისხის. ასევე, ასევე გარკვეული მტკიცებულება, რომლიც ნაწილობრივ აღნიშული დავალიანების გადახდას დაადასტურებს. შესაბამისად, მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 01 მაისს, შპს ,,ს------–ეს“ და შპს ,,ბ-------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება #9, რომლის საფუძველზეც შპს ,,ს------–ემ“ შპს ,,ბ-------ს“ მიჰყიდა ცემენტი 32.5 ნაყარი სახით. ხელშეკრულება ძალაში შევიდა მხარეთა მიერ ხელმოწერისთანავე და მოქმედებდა 2018 წლის 31 დეკემბრამდე.

ხელშეკრულების 3.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით, გამყიდველის მიერ მყიდველისთვის მისაყიდი ცემენტის რაოდენობა განისაზღვრა 5000 ტონით. 3.2 პუნქტის თანახმად, 1 ტონა ნაყარი ცემენტის ღირებულება დღგ-ის ჩათვლით შეადგენდა 170 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.05.2018 წლის ხელშეკრულება #9 (ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. #9 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ს------–ემ“ შპს ,,ბ-------ს“ მიაწოდა 52 139 ლარის ღირებულების ცემენტი, საიდანაც შპს ,,ბ-------მა“ 24 500 ლარის ოდენობით ფულადი ვალდებულება შეასრულა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 18-24);

- ვალდებულების შესრულების ცხრილი (ს.ფ. 25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე არ დასტურდება შპს ,,ს------–ის“ მიერ შპს ,,ბ-------ისთვის“ ნაკლიანი ცემენტის მიწოდების ფაქტი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში, მოპასუხე შპს ,,ბ-------მა“ მოთხოვნა მხოლოდ ნაწილობრივ ცნო. ამასთან, მიუთითა, რომ შპს ,,ს------–ემ“ მას შეთანხმებულზე დაბალი ხარისხის ცემენტი მიაწოდა, რამაც განაპირობა მის მიერ, მიწოდებული საქონლის ღირებულების მხოლოდ ნაწილობრივი ანაზღაურება. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას და მიუთითებს, რომ ზემოაღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხეს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, მოპასუხე მხარის მხოლოდ ზეპირი განმარტების საფუძველზე, მიწოდებული საქონლის ხარვეზიანობის ფაქტის დადასტურება შეუძლებელია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 18-24);

- ვალდებულების შესრულების ცხრილი (ს.ფ. 25);

- 01.05.2018 წლის ხელშეკრულება #9 (ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.2.2. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოპასუხის მიერ შეუსასრულებელი ფულადი ვალდებულება შეადგენს - 27 639 ლარს.

სამოქალაქო სამართალწარმოებაში სასამართლო მოკლებულია ინკვიზიციურობას და ხელმძღვანელობს შეჯიბრობითობის პრინციპით, რაც გადამწყვეტი და განმსაზღვრელია სამოქალაქო დავისას მხარის მიერ მისივე პროცესუალური აქტიურობით თავისთვის ხელსაყრელი შედეგის მისაღწევად. სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე, რაც გულისხმობს მოდავე მხარეთა აქტიურობას სადავო ფაქტების დამტკიცების ფარგლებში, ხოლო სასამართლოს აქტივობა ამა თუ იმ ფაქტის მტკიცების წრეში შეზღუდულია მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, სამოქალაქო წესით დავის წარმოებისას ამოსავალი პრინციპი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მიხედვით, ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ტვირთის მხარეებზე გადატანაა.

სასამართლო მტკიცების ტვირთის გონივრული განაწილების და მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის საფუძველზე მიუთითებს, რომ განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხე მხარის მტკიცების ტვირთს წარმოადგენს, მისი, როგორც მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ფაქტის სარწმუნო მტკიცებულებებით დადასტურება. მოცემულ შემთხვევაში, მას არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, მის მიერ დავალიანების თანხის ნაწილში, ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების ფაქტს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხემ ვერ უზრუნველყო სარწმუნო მტკიცებულებით დაედასტურებინა მის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება - ფულადი ვალდებულების ნაწილობრივ შესრულების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები (ს.ფ. 18-24);

- ვალდებულების შესრულების ცხრილი (ს.ფ. 25);

- 01.05.2018 წლის ხელშეკრულება #9 (ს.ფ. 16-17);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა შპს ,,ს------–ის“ სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 477-ე,487-ე, 488-ე, 490-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 და 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრიციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე შპს ,,ბ-------ის“ წარმომადგენელმა სარჩელი ნაწილობრივ, 4770 ლარის ნაწილში ცნო. შესაბამისად, მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის მიხედვით, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისგან თავისუფალი ნივთი. აღნიშნული ნორმის დეფინიციის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულება ორმხრივი, კონსესუალური და სასყიდლიანი ხელშეკრულებაა. ნასყიდობის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში მხარეებს გააჩნიათ კონკრეტული უფლებები და აკისრიათ შესაბამისი ვალდებულებები.

 

განსახილველ შემთხვევაში მხარეებს შორის ურთიერთობა ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა, შესაბამისად, დავის გადაწყვეტისათვის სწორედ ნასყიდობის მარეგულირებელი ნორმები უნდა იქნეს გამოყენებული.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის პირველი ნაწილით, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 490-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ გაყიდული ნივთი ნაკლის მქონეა, გამყიდველმა ან უნდა გამოასწოროს ეს ნაკლი, ან, თუ საქმე ეხება გვაროვნულ ნივთს, შეცვალოს ნივთი საამისოდ აუცილებელ ვადაში.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ #9 ხელშეკრულების ფარგლებში, შპს ,,ს------–ემ“ შპს ,,ბ-------ს“ მიაწოდა 52 139 ლარის ღირებულების ცემენტი, საიდანაც შპს ,,ბ-------მა“ 24 500 ლარი გადაიხადა. მოპასუხის მიერ შესასრულებელი ვალდებულება განისაზღვრა 27 639 ლარის ოდენობით. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოპასუხეს ვალდებულება 27 639 ლარის ნაწილში შესრულებული არ აქვს. საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ მოპასუხემ ვერ დაადასტურა, მისთვის ნაკლოვანი (შეთანხმებულზე ნაკლები ხარისხის) ცემენტის მიწოდების ფაქტი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ს------–ის“ სარჩელი შპს ,,ბ-------ის“ მიმართ, 27 639 ლარის მოპასუხისთვის დაკისრების თაობაზე, სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

ვინაიდან მოპასუხე შპს ,,ბ-------მა“ სარჩელი ნაწილობრივ 4770 ლარის ნაწილში ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს, მის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 830 ლარის ნაწილი ცნობილი მოთხოვნის პროპორციული ოდენობის ნახევარი - 71.55 ლარის ოდენობით, ასევე, მის მირ ზედმეტად გადახდილი ბაჟის სახით - 0.83 ლარი, ჯამში სახელმწიფო ბიუჯტიდან უნდა დაუბრუნდეს - 72.38 ლარი; ხოლო 756.79 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ამასთან, მოპასუხეს უნდა დაეკისროს, მოსარჩელის მიერ იურიდიული მომსახურების ხარჯის 1100 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე შპს "ს------–ის" სარჩელი დაკმაყოფილდეს;

 

2. მოპასუხე შპს "ბ-------ს" მოსარჩელე შპს "ს------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს 27639 ლარის გადახდა.

 

3. მოპასუხე შპს "ბ-------ს" მოსარჩელე შპს "ს------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ იურიდიული მომსახურების საფასურის 1100 ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე შპს "ბ-------ს" მოსარჩელე შპს "ს------–ის" სასარგებლოდ დაეკისროს მხარის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში 756.79 ლარის ანაზღაურება.

 

5. მოსარჩელე შპს "ს------–ეს" დაუბრუნდეს მის მიერ 27/06/2018 წლის №3 საკრედიტო საგადახდო დავალებით სს "თიბისი ბანკის" მეშვეობით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 830 ლარის ნაწილი - 72.38 ლარის ოდენობით, რომლიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე