გადაწყვეტილება

სამოქალაქო 15.11.2018
საქმის ნომერი
190210018002382541
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
15.11.2018

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1054-2018

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

15 ნოემბერი 2018 წ. ქ. რუსთავი

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი

სხდომის მდივანი თამარ კობაიძე

მოსარჩელე სს "თ-----------ი"

წარმომადგენელი კახაბერ კუპრაშვილი

მოპასუხეები მ------ მ-------–---–ი

ე-–------ კ-----ე

თ-------- ზ-------ე

წარმომადგენელი ქეთევან კემულარია

დავის საგანი კრედიტის დაბრუნება, პირგასამტეხლოს დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ------ მ-------–---–ისათვის 62 245,23 აშშ დოლარის დაკისრება, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა 49 715,41 აშშ დოლარი, სარგებელი 8939,25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3590,57 აშშ დოლარი.

 

1.2. მ------ მ-------–---–ისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრება ყოველთვიურად ძირითადი თანხის დავალიანების 49 715,41 აშშ დოლარის წლისი 17%-ის ოდნეობით ოდენობით ყოველთვიურად 694,65 აშშ დოლარის ოდენობით ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 29 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 12 თვისა, სულ 8335,84 აშშ დოლარის ოდენობით.

 

1.3. მ------ მ-------–---–ისათვის პირგასამტეხლოს დაკისრება ყოველდღიურად ძირითადი თანხის და სარგებლის დავალიანების 58 645,66 აშშ დოლარის 0,1%-ით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 58,65 აშშ დოლარის ოდენობით, პირგასამტეხლოს დარიცხვა გაგრძელდეს 2018 წლის 29 მარტიდან 240 დღის განმავლობაში 2018 წლის 24 ნოემბრამდე სულ 14 077,11 აშშ დოლარის ოდენობით .

 

1.4. დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს ე-–------ კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------––- მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობის კოდი 8----------- და თ-------- ზ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------––- მდებარე 762 711 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------, რეალიზაცია, ხოლო თუ მათი რეალიზაციის მიღებული თანხით სრულად ვერ დაკმაყოფილდება ბანკის მოთხოვნა, აღსრულება მიექცეს მ------ მ-------–---–ის სხვა ქონებაზე.

 

სარჩელის საფუძვლები

 

2013 წლის 25 ნოემბერს სს „თ----------სა“ (ყოფილი ბ----------------ა) და შპს მ------ მ-------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება 48-30116-000030, რომლის საფუძველზე მსესხებლის მიმართ გაიხსნა საკრედიტო ხაზი 500 000 აშშ დოლარის ოდენობით 15 წლის ვადით. კრედიტის სარგებელია წლიური არაუმეტეს 48%. პირგასმატეხლო შედგენდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ს.

 

სესხის უზრუნველსაყოფად 2013 წლის 25 ნოემბერის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა მ------ მ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, რომლის მესაკუთრე ამჟამად არის თ-------- ზ-------ე განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

საკრედიტო ხელშეკრულება მოვალემ ჯეროვნად არ შეასრულა, რის გამოც 2016 წლის 28 მარტს მხარეებს შორის დაიდო სესხის რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულება, რომლითაც კრედიტის თანხად განისაზღვრა 61 720 აშშ დოლარი. დაბრუნების ვადაა 69 თვე, წლიური სარგებელი 18%. პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0.5%-ს.

 

სესხის უზრუნველყოფად 2016 წლის 28 მარტის ხელშეკრულებით იპოთეკით დაიტვირთა ე-–------ კ-----ის კუთვნილი უძრავი ქონება.

 

მოპასუხემ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მისი დავალიანებაა ძირითადი თანხა 49 715,41 აშშ დოლარი, სარგებელი 8939,25 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 3590,57 აშშ დოლარი. კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკმა განიცადა ზიანი, დაკარგა შემოსავალი, რასაც მიღებული თანხის გასესხებით მიიღებდა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე თ-------- ზ-------ეს წერილობით შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც მთავარ სხდომაზე გამოცხადდა.

 

მოპასუხე მ------ მ-------–---–მა წერილობით შესაგებელში და სხდომებზე სარჩელი ნაწილობრივ ცნო და თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის გადახდაზე. პროცენტის და პირგასამტეხლოს მოთხოვნა არ ცნო და განმარტა, რომ მოთხოვნილი თანხა შეუსაბამოდ მაღალია.

 

იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნაზე მოპასუხემ განმარტა, რომ ეს ქონება განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე გაასხვისა თ-------- ზ-------ეზე, რომელსაც ნასყიდობის თანხა არ გადაუხდია და მის მიმართ დაწყებული აქვს დავა ქონების საკუთრებაში დაბრუნების მოთხოვნით.

 

მ------ მ-------–---–მა და ე-–------ კ-----ემ არ ცნეს მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის შესახებ და განმარტეს, რომ მ------ მ-------–---–ის მიერ 2013 წელს იპოთეკით დატვირთული ქონება საკმარისად უზრუნველყოფდა საკრედიტო დავალიანებას, რის გამოც აუცილებელი არ იყო ე-–------ კ-----ის ქონების იპოთეკით დატვირთვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 25 ნოემბერს სს ბანკ კონსტანტასა (უფლებამონაცვლეა სს „თ----------ი“) და მ------ მ-------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხელშეკრულება N48-30116-00030, რომლითაც გათვალისწინებულია საკრედიტო ხაზის ფარგლებში ჯამურად 500 000 აშშ დოლარის კრედიტის გაცემა. წლიური სარგებელია 48%, გენერალური ხელშეკრულების მოქმედების ვადა 15 წელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 18-26. ტომი 1)

 

3.1.2. 2013 წლის 25 ნოემბერს სს ბანკ კონსტანტასა და მ------ მ-------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N48-30116-000439, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა მ------ მ-------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------––- მდებარე 762 711 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. იპოთეკით უზრუნველყოფილია მ------ მ-------–---–სა და სს“ ბანკ კონსტანტას „შორის 2013 წლის 25 ნოემბერს დადებული საკრედიტო ხაზის ხელშეკრულება. 2016 წლის 11 მაისს დადებული გადახდის განვადებით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მითითებულ უძრავი ქონებაზე რეგისტრირებულია თ-------- ზ-------ის საკუთრების უფლება. საჯარო რეესტრში ქონებაზე რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება 2013 წლის 25 ნოემბერის N48-30116-000439 იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 26-30. ტომი 1)

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (70-71. ტომი 1)

 

3.1.3. 2016 წლის 28 მარტს სს თ----------სა და მ------ მ-------–---–ს შორის დადებულია საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N2564578-8280724 შემდეგი პირობებით: სესხის თანხა 64 720 აშშ დოლარი, სესხის ვადა 69 თვე (2021 წლის 14 დეკემბრამდე), წლიური სარგებელი 17%. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების 0,5%-ის ოდენობით. საკრედიტო ხელშეკრულების მიზნობრიობაა მიმდინარე სესხის რეფინანსირება (რესტრუქტურიზაცია). კერძოდ, საკრედიტო ხელშეკრულებაში მითითებული კრედიტის თანხა არის 2013 წლის 25 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე გადაუხდელი სესხის ძირითადი თანხის, საპროცენტო სარგებლისა და პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 37-47. ტომი 1)

 

3.1.4. 2016 წლის 28 მარტს სს თ----------ა და ე-–------ კ-----ეს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება N123123956895, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა ე-–------ კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა კოდი 8-----------. იპოთეკით უზრუნველყოფილია მ------ მ-------–---–სა და სს თ----------ს შორის 2013 წლის 25 ნოემბერს და 2016 წლის 28 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებები. საჯარო რეესტრში ქონებაზე რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება 2016 წლის 28 მარტის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- იპოთეკის ხელშეკრულების ასლი (ს.ფ. 37-47. ტომი 1)

- საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (ს.ფ. 68-69, ტომი 1)

 

3.1.5. მსესხებელმა მ------ მ-------–---–მა სს თ----------ის წინაშე საკრედიტო ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა. მას 2016 წლის 28 მარტს რესტრუქტურიზაციის შეთანხმების დადების შემდეგ ბანკისათვის გადახდილი აქვს 21 736,33 აშშ დოლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა 12 004,59 აშშ დოლარი, პროცენტი 8 816,36 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 260,17 აშშ დოლარი. საერთო ჯამში 2013 წლის 25 ნოემბრის შემდეგ მ------ მ-------–---–ს ბანკისთვის გადახდილი აქვს 26 000 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი ანგარიშიდან (ს.ფ. 48)

- მოპასუხის განმარტება (15.11.2018წ სხდომის ოქმი CD დისკი)

- შესაგებელი (ს.ფ. 87-92. ტომი 1)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

საქმისათვის მნიშნელოვანი ფაქტები მხარეებს შორის სადაო არ არის.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსარჩელის მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეს უნდა დაეკისროს საკრედიტო ვალდებულების შესრულება და ზიანის ანაზღაურება, რომლის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია. არ უნდა დაკმაყოფილდეს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში პირგასამტეხლოს დაკისრებია მოთხოვნა.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 867-ე, 868-ე, 361-ე, 417–ე, 418-ე, 419-ე, 420–ე, 394-ე, 404-ე, 867-ე, 412-ე, 414-ე, 286-ე, 289-ე, 301-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სადაო ფულადი ვალდებულების წარმოშობის საფუძველია საკრედიტო ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

ამავე კოდექსის 868-ემუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

მოსარჩელე მოითხოვს 2016 წლის 28 მარტს დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი ფულადი ვალდებულების შესრულებას, ხოლო ეს ხელშეკრულება დადებულია 2013 წლის 25 ნოემბრის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე სს „თ----------ის“ მიმართ არსებული მ------ მ-------–---–ის საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. ამდენად, ამ ხელშეკრულებით მ------ მ-------–---–ს ბანკიდან ახალი კრედიტის თანხა არ მიუღია, სესხის ხელშეკრულებაში მითითებული ძირითადი თანხა 61 720 აშშ დოლარი არის 2013 წლის 25 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე წარმოშობილი შეუსრულებელი ფულადი ვალდებულება - ძირითადი თანხის, სარგებლის და კრედიტის გადახდის ვადის დარღვევისათვის დარიცხული პირგასამტეხლოს საერთო ოდენობა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ რეფინანსირება არის მომხმარებლის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იგივე ან სხვა საფინანსო კომპანიიდან მიღებული ახალი სესხით. ამ შემთხვევაში განხორციელდა მსესხებლის მიერ სს „თ----------ის“ მიმართ არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირება სს „თ----------თან“ დადებული საკრედიტო ხელშეკრულებით, ხოლო თავად ხელშეკრულებაში კრედიტის მიზნობრიობად მითითებულია რეფინანსირება/რესტრუქტურიზაცია. ამდენად, თავისი შინაარსით ეს ხელშეკრულება არის მხარეებს შორის არსებული შეთანხმება, რომლითაც შეიცვალა 2013 წლის 28 ნოემბერის საკრედიტო ხელშეკრულებით წარმოშობილი საკრედიტო ვალდებულების შესრულების პირობები.

 

ამ შემთხვევაში სს „თ-----------მა“ საკუთარი სახსრებით მოახდინა მ------ მ-------–---–ის სესხის სრულად რეფინანსირება, რის შედეგად მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა 2016 წლის 28 მარტის სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, რაც ჯეროვნად შესრულებული არ არის. მოპასუხე ხელშეკრულებით გათვალისწინებული გრაფიკით განსაზღვრული ვადის დარღვევით იხდიდა თანხებს, მას 2017 წლის სექტემბრის თვის შემდეგ ბანკისთვის თანხა არ გადაუხდია, ხელშეკრულება კი ითვალისწინებს კრედიტის დაბრუნებას პერიოდულად თანხის გადახდით. კერძოდ, ყოველი წლის მაისში, ნოემბერში და დეკემბერში თანხის შეტანას. გრაფიკის მიხედვით, მოპასუხეს 2017 წლის ნოემბრამდე უნდა გადაეხადა 16 712.05 აშშ დოლარი, ხოლო გადაიხადა 21 736,33 აშშ დოლარი. თუმცა 2017 წლის 11 სექტემბრის შემდეგ თანხა არ გადაუხდია. სარჩელის აღძვრამდე პერიოდის განმავლობაში 2017 წლის ნოემბერში უნდა გადაეხადა 5958,60 აშშ დოლარი, დეკემბერში 5239,92 აშშ დოლარი. ხოლო მომდევნო შენატანი უნდა გადაეხადა 2018 წლის 14 მაისს 3512,22 აშშ დოლარის ოდენობით. სარჩელი შემოტანამდე (2018 წლის 3 აპრილამდე) მოპასუხეს უნდა გადაეხადა სულ 27 610,57 აშშ დოლარი, ხოლო გადაიხადა 21 736,33 აშშ დოლარი.

 

ამდენად, მსესხებელმა კრედიტის დაბრუნების ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულა, მან გრაფიკით გათვალისწინებული თანხა სრულად არ გადაიხადა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 400-ე მუხლის ”ა” პუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება; ამავე კოდექსის 401-ე მუხლის თანახმად, ვადა გადაცილებულად არ ჩაითვლება, თუკი ვალდებულება არ შესრულდა ისეთ გარემოებათა გამო, რაც მოვალის ბრალით არ არის გამოწვეული. მოპასუხეს არ მიუთითებია ისეთი გარემოებები, რაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებაში მის ბრალეულობას გამორიცხავს.

 

მსესხებელმა ცნო სასარჩელო მოთხოვნიდან ძირითადი თანხის დავალიანების მოთხოვნა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით დადგენილი დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ამასთან მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის თანახმად, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის შემთხვევაში სასამართლო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით მინიჭებული უფლებამოსილება და სასამართლოში მის წინააღმდეგ აღძრული სარჩელი ნაწილობრივ ცნო, თანხმობა განაცხადა სესხის ძირითადი თანხის 49 715,41 აშშ დოლარის გადახდაზე, რაც ამ თანხის დაკისრების საკმარისი საფუძველია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა სარგებლის დავალიანების დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე და 868-ე მუხლებიდან გამომდინარე საბანკო კრედიტის ხელშეკრულება ყოველთვის სარგებლიანი ხელშეკრულებაა, რის გამოც მსესხებელმა მიღებულ სესხის თანხასთან ერთდ უნდა დააბრუნოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის თანხა შეთანხმებული გრაფიკით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მიხედვით ვალდებულების მონაწილეს ეკისრება ვალდებულების ჯეროვნად შესრულება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალდებულება უნდა შესრულდეს ზუსტად იმ პირობების დაცვით, როგორც ხელშეკრულებაშია მითითებული. კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო მსესხებელს ეკისრება არა მარტო გადაუხდელი კრედიტის ძირითადი თანხის, არამედ სარგებლის დავალიანების გადახდაც.

 

მოპასუხე არ ეთანხმება სარგებლის დაკისრების მოთხოვნას, თუმცა არ განუცხადებია პრეტენზია რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებლის პროცენტის ოდენობაზე. სასამართლო აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სესხის ხელშეკრულებისგან განსხვავებით რესტრუქტურიზაციის შეთახმებით სესხის პროცენტი შემცირებულია, რადგან 2013 წლის 25 ნოემბრის ხელშეკრულებაში გათვალისწინებულია წლიური მაქსიმალური სარგებელი 48%, ხოლო 2016 წლის 29 მარტის ხელშეკრულებაში სარგებელია წლიური 17%.

 

რესტრუქტურიზაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის დავალიანებაა 8939,25 აშშ დოლარი, რომლის გადახდა უნდა დაეკისროს მსესხებელს.

 

ხელშეკრულებით გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლოს გადახდევინება, რის გამოც მსესხებელს უნდა დაეკისროს ასევე პირგასამტეხლოს გადახდა, თუმცა მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს, არ უნდა დაკმაყოფილდეს მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ პერიოდში პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417–ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კრედიტორს არ შეუძლია ერთდროულად მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც და ვალდებულების შესრულებაც, თუკი პირგასამტეხლო არ არის გათვალისწინებული იმ შემთხვევებისათვის, როცა მოვალე თავის ვალდებულებებს არ ასრულებს დადგენილ დროში.

 

სესხის რეფინანსირების ხელშეკრულებით პირგასამტეხლო შეადგენს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადასახდელი თანხის 0,5%-ს. მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულების დარღვევიდან სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს 3590,57 აშშ დოლარის დაკისრება, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2085 წლის 29 მარტიდან მომდევნო 240 დღეში ყოველდღიურად 14 077,11 აშშ დოლარის დაკისრებას (ყოველდღიურად 58,65 აშშ დოლარი).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420–ე მუხლის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელსაც მოვალე იხდის ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისათვის ან ვალდებულების სხვა სახის დარღვევისათვის. ამდენად, პირგასამტეხლო შეიძლება არსებობდეს მხოლოდ ფულადი თანხის სახით. პირგასამტეხლოს თანხაზე უნდა არსებობდეს მხარეთა შეთანხმება. შეთანხმება უნდა იყოს წერილობით ფორმით დადებული.

 

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო არის შეთანხმება, რომლის საგანია მოვალის მიერ ძირითად სახელშეკრულებო ვალდებულებასთან ერთად დამატებითი ვალდებულების კისრება.

 

პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალება, წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევის შედეგად. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. იგი კრედიტორის მხრიდან ვალდებულების შესრულების მიზნით მოვალეზე გარკვეული „ზეწოლის“ განხორციელების საშუალებაა, რათა მოვალე ფინანსური სანქციის დაკისრების შიშით აიძულოს ჯეროვნად შეასრულოს ხელშეკრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა ორმხრივი ინტერესების გათვალიწინებით კონკრეტული საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 5 მაისის განჩინება საქმე №ას-318-301-2017), პირგასამტეხლოს გონივრულობის კვლევა სასამართლო კონტროლის სფეროში ექცევა, როგორც საჯარო წესრიგის უზრუნველყოფისა და სამოქალაქო ბრუნვის მონაწილეთა კეთილისინდისიერების განმაპირობებელი ფაქტორი. საჯარო წესრიგის ცნება სამოქალაქო კოდექსში მორალურ იმპერატივებთანაა დაკავშირებული. საჯარო წესრიგი ხელს უწყოს ზნეობრივი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვის დამკვიდრებას. საჯარო წესრიგის დარღვევით ილახება არა მხოლოდ ვინმეს კერძო ინტერესები, არამედ საჯარო ინტერესები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში სასამართლოს ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება, რადგან შემცირებას ექვემდებარება მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო. კანონმდებელი არ ადგენს რა გარემოებების გამო შეიძლება ჩაითვალოს პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალ თანხად. შესაბამისად, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს ყოველი კონკრეტული სადაო სამართალურთიერთობის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაში პირგასმატეხლოს შესახებ განმარტებულია შემდეგი: "პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა". საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებაში (საქმე Nას-848-814-2016)

 

ამდენად, პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასებისას მხედველობაშია მისაღები მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდინარეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. პირგასამტეხლოს ოდენობა არაგონივრულად შეიძლება ჩაითვალოს თავად ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობის აშკარად დიდი ოდენობით განსაზღვრის გამო ან შემდგომ ხელშეკრულების შეუსრულებლობის პირობებში დარღვევის ხასიათის გათვალისწინებით იქცეს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად.

 

სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, მხარეთა თანასწორობისა და უფლების განხორციელების კეთილსინდისიერების პრინციპების საფუძველზე გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება. მით უფრო ისეთ შემთხვევაში, როცა მოპასუხე შესაგებლით მიუთითებს შემცირების თაობაზე. ამდენად, მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, სასამართლოს შეუძლია შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის სახით პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობით დაკისრების მიზანშეწონილობა.

 

მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად, რაც პირგასამტეხლოს ნაწილში გონივრულობის და სამართლიანობის პრინციპების დაცვას მოითხოვს.

 

მოსარჩელე მოითხოვს პირგასამტეხლოს საერთო ჯამში 17 667,68 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც 14 077,11 აშშ დოლარი არის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ 240 დღის პირგასამტეხლო. ამავე პერიოდში მოსარჩელე მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ოდენობით პირგასამტეხლო არაგონივრულად მაღალია იმის გათვალისწინებით, რომ სადაო ხელშეკრულებით მსესხებელს სესხის თანხა არ მიუღია, ხელშეკრულება დადებულია მანამდე არსებული საკრედიტო ვალდებულების რეფინანსირების მიზნით. შესაბამისად, ხელშეკრულებაში მითითებული სესხის ძირითადი თანხა არის მანამდე არსებული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს ერთობლიობა. ამდენად, მოპასუხის მიერ ბანკისგან მიღებული თანხის გადახდის დაგვიანებისათვის მოვალეს ხელმეორედ ერიცხება პირგასმატეხლო, რისი გათვალისწინებითაც ყოველდღიურად 58,65 აშშ დოლარის დაკისრება არასამართლიანია.

 

სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს აშკარად, არასამართლიანად მაღალ ოდენობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ ვალდებულების დარღვევიდან ხელშეკრულების შეწყვეტამდე განვლილ პერიოდში (ვადის გადაცილების დღიდან 2017 წლის 15 ნოემბრიდან 2018 წლის 28 მარტამდე - 133 დღე) მოთხოვნილია ყოველდღიურად 26,99 აშშ დოლარის პირგასამტეხლო, ხოლო ხელშეკრულების შეწყვეტიდან 240 დღიან პერიოდში მოთხოვნილია თითქმის ორნახევარჯერ მეტი თანხა. ყოველდღიურად 58,65 აშშ დოლარი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ საკრედიტო ვალდებულება წარმოშობილია სესხის რეფინანსირების საფუძველზე და სახეზეა საკრედიტო ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება, ხელშეკრულების პირობების მიხედვით მოვალეს ეკისრება პირგასამტეხლოს ანაზღაურება, თუმცა მისი ოდენობა უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების პირობების, დავალიანების ოდენობის და ვალდებულებების დარღვევის გარემოებების შეფასების საფუძველზე. პირგასამტეხლოს, როგორც სამოქალაქო პასუხისმგებლობის, სანქციის სახეს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად და სწრაფად ანაზღაურების ფუნქცია გააჩნია, ხოლო ამ შემთხვევაში მოსარჩელე პირგასამტეხლოსთან ერთად მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის 8335,84 აშშ დოლარის დაკისრებასაც ხელშეკრულების შეწყვეტიდან 12 თვის განმავლობაში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს (2016 წელს მოქმედი რედაქცია).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 419-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის დაკისრების მოთხოვნა საფუძვლიანია, რაზეც სასამართლო გადაწყვეტილების მომდევნო ნაწილში იმსჯელებს. როგორც აღინიშნა პირგასამტეხლო უზრუნველყოფს კრედიტორისათვის ზიანის მინიმალურად ანაზღაურებას, ხოლო კრედიტორს ყოველთვის აქვს უფლება მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამ შემთხვევაში ბანკის მიერ ეს უფლება რეალიზებულია, რადგან იგი მოითხოვს ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგომ პერიოდში მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას და ამავე პერიოდში მოითხოვს პირგასამტეხლოს დაკისრებას.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულების შეწყვეტამდე დარიცხული პირასამტეხლოს თანხა 3590,57 აშშ დოლარი გონივრული პირგასამტეხლოს თანხაა, რადგან მართალია მსესხებელმა არაჯეროვნად შეასრულა სესის დაბრუნების ვალდებულება, მაგრამ მან რეფინანსირების შემდეგ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ძირითადი თანხის 1/3 ნაწილი, ხოლო საერთო ჯამში ბანკთან წარმოშობილი საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველზე გადახდილი აქვს 26 000 აშშ დოლარი. სასამართლოს მიაჩნია, რომ რადგან მოსარჩელე ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ მოითხოვს მიუღებელი შემოსავლის დაკისრებას, ამ ნაწილში პირგასამტეხლოს ზიანის მინიმალურად ანაზღაურების ფუნქცია აღარ გააჩნია, რადგან მოსარჩელე კონკრეტული საფუძვლით უკვე მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას. ამ გარემოებების გათვალისწინებით სარჩელის აღძვრამდე დარიცხული პირგასამტეხლო 3590,57 აშშ დოლარი უზრუნველყოფს კრედიტორის მართლზომიერი ინტერესის დაკმაყოფილებას მიიღოს ვადის გადაცილებისათვის პირგასამტეხლო და მოვალეს დაეკისროს ვალდებულების დარღვევისათვის ფულადი სანქცია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების შესახებ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის თანახმად, 1. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის. 2. მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.

 

ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელე ზიანის ასანაზღაურებლად მოითხოვს მიუღებელ შემოსავალს, კერძოდ იმ სარგებლის ანაზღაურებას, რაც ვერ მიიღო მოპასუხეების მიერ კრედიტის დაბრუნების ვადის დარღვევის გამო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, ყოველთვის სარგებლიან სესხს წარმოადგენს, რომლის ფარგლებშიც კრედიტორი, ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, იბრუნებს არა მარტო გაცემული კრედიტის ძირითად თანხას, არამედ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ პროცენტსაც, რადგან საკრედიტო დაწესებულების ძირითადი საქმიანობა კრედიტის გაცემის გზით ეკონომიკური სარგებლის მიღებაა,კრედიტის დაუბრუნებლობის გამო ბანკი კარგავს იმ შემოსავალს, რასაც კრედიტის დროულად დაბრუნების შემთხვევაში მიიღებდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ეს ნორმა მოვალეს ათავისუფლებს ისეთი რისკებისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპებისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ხელშეკრულების დარღვევის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი. ზიანის სავარაუდოობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში.

 

ზიანის გონივრულად ვარაუდი ეფუძნება იმ გარემოებას, რომ ხელშეკრულების დამრღვევი მხარის ანალოგიურ პირობებში მყოფი გონივრული განსჯის უნარის მქონე პიროვნება გაითვალისწინებდა ამგვარ შედეგს. გონივრული განსჯის უნარის მქონე (გონიერი) ადამიანის გაგების (აღქმის) განსაზღვრისას, მხედველობაში მისაღებია საქმის ყველა შესაბამისი გარემოება, მათ შორის, ხელშეკრულების პირობები, ვადა, ვალდებულების დარღვევის ხანგრძლივობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 414-ე მუხლის თანახმად, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.

 

ბანკის მხრიდან კრედიტის გაცემის უმთავრესი ინტერესია დაიბრუნოს კრედიტი და მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი კრედიტის მოქმედების ვადაში. ვალდებულების შეუსრულებლობის პირობებში ბანკი უფლებამოსილია მოითხოვოს მიუღებელი შემოსავალი ყოველი კონკრეტული ხელშეკრულების პირობებიდან გამომდინარე.

 

მ------ მ-------–---–თან დადებული საკრედიტო ხელშეკრულების ვადა იწურება 2021 წლის 14 დეკემბერს. შესაბამისად, 2016 წელს მხარეებს შორის წარმოიშვა გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, რომელიც ბანკის მიერ შეწყდა მსესხებლის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო (სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი). ხელშეკრულების ჯეროვანი შესრულების პირობებში ბანკი სარგებელს მიიღებდა 2012 წლის ბოლომდე.

 

ბანკის მიუღებელი შემოსავლის მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია სამოქალაქო კოდექსის 348-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის დებულება, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების სტანდარტულ პირობებში, რომლებსაც შემთავაზებელი იყენებს იმ ფიზიკური პირების მიმართ, რომლებიც არ მისდევენ სამეწარმეო საქმიანობას, მიიჩნევა ბათილად შეთანხმება ზიანის ოდენობაზე მეტი თანხის მოთხოვნის შესახებ (ზიანის ანაზღაურების გადამეტებული მოთხოვნა). კანონის ნორმა აწესებს ზიანის გონივრულობის სტანდარტს და ამით იცავს არამეწარმე ფიზიკურ პირებს მომეტებული პასუხისმგებლობის რისკისაგან. შესაბამისად, ბანკის მიუღებელი შემოსავლის ოდენობა ამ ნორმით დადგენილი პრინციპით უნდა განისაზღვროს.

 

სამოქალაქო კოდექსის 412-ე და 414-ე მუხლებიდან გამომდინარე, მიუღებელი შემოსავლის სახით განცდილი ზიანი უნდა განისაზღვროს მხოლოდ ობიექტური კრიტერიუმებით ისე, რომ ამას არ მოჰყვეს დაზარალებულის უსაფუძვლო გამდიდრება და მოვალეს პასუხისმგებლობა დაეკისროს ხელშეკრულებით აღებული რისკის ფარგლებში.

 

იმის გამო, რომ მხარეებს შორს არსებობს გრძელვადიანი საკრედიტო ურთიერთობა, მოპასუხეებისათვის ერთი წლის ფარგლებში მიუღებელი შემოსავლის დაკისრება შეესაბამება მხარეთა სახელშეკრულებო ურთიერთობის შინაარსს (გრძელვადიანობას), რის გამოც სესხის ძირითადი თანხის დავალიანების წლიური 17%-ის (თვეში 694,68 აშშ დოლარის) გადახდა მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულების შეწყვეტიდან 2018 წლის 29 მარტიდან არაუმეტეს 12 თვისა, რაც შეადგენს არაუმეტეს 8334,84 აშშ დოლარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ.

 

სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის მიხედვით, აქცესორულია უფლება, რომელიც ისეა დაკავშირებული სხვა უფლებასთან, რომ მის გარეშე არც შეიძლება არსებობდეს.

 

იპოთეკა წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რადგან იგი სესხის ხელშეკრულებისგან დამოუკიდებელი გარიგება არ არის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა). ამდენად, იპოთეკა არის სანივთო უზრუნველყოფის საშუალება, რომელი კრედიტორს ანიჭებს უფლებას ამ ქონების ხარჯზე დაიკმაყოფილოს მისი მოთხოვნა მოვალის მიმართ. იპოთეკისათვის განმსაზღვრელია ის ხელშეკრულება, რომლითაც წარმოშობილი მოთხოვნა უზრუნველყოფილია უძრავი ქონებით. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში მთავარი მოთხოვნაა სესხის დაკისრება, ხოლო იპოთეკა არის დამატებითი მოთხოვნა, იგი აქცესორული უფლებაა, რადგან უზრუნველყოფს მხარეებს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შესრულებას და მას დამოუკიდებელი სამართლებრივი მნიშვნელობა არა აქვს. იპოთეკის ხელშეკრულება შესაბამისი მთავარი ხელშეკრულების გარეშე მოთხოვნის უფლებას წარმოშობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 289-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, 1. იპოთეკა იურიდიულ ძალას იძენს საჯარო რეესტრში რეგისტრაციის მომენტიდან. რეგისტრაცია ხდება ერთ-ერთი მხარის მიერ გარიგების წარდგენის საფუძველზე, რომელიც დადებულია ამ კოდექსის 3111-ე მუხლით დადგენილი წესით. გარიგებაში უნდა აღინიშნოს უძრავი ნივთის მესაკუთრე, იპოთეკარი, სავარაუდო მოვალე მესამე პირი. მხარეთა შეთანხმებით გარიგებაში შესაძლებელია აღინიშნოს აგრეთვე უზრუნველყოფილი მოთხოვნის ოდენობა, სარგებელი, შესრულების ვადა და სხვა პირობები.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, ე-–------ კ-----ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთებზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს თ----------ის იპოთეკის უფლება 2016 წლის 28 მარტს იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, რომლითაც უზრუნველყოფილია მ------ მ-------–---–ის საკრედიტო ვალდებულება.

 

საჯარო რეესტრიდან ამონაწერის თანახმად, თ-------- ზ-------ის საკუთრებაში არსებულ უძრავ ნივთზე საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს „თ----------ის“ იპოთეკის უფლება 2013 წლის 25 ნოემბრის იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე. ქონება მოპასუხემ შეიძინა წინა მესაკუთრის მოვალე მ------ მ-------–---–ისაგან განვადების გადახდით ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. ქონების გასხვისების მიუხედავად, იპოთეკა როგორც სანივთო უფლება არ უქმდება, უძრავი ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალება არ უქმდება. ამდენად, თ-------- ზ-------ის უძრავი ქონება წარმოადგენს ბანკის მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის თანახმად, 1. თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. 11. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

ამ ნორმების საფუძველზე, იპოთეკის არსია მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვალდებულების იძულებით შესრულება განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების ხარჯზე. ბანკთან დადებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებულია საკრედიტო ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სს თ----------ის წინაშე საკრედიტო ვალდებულება მოვალეს შესრულებული არა აქვთ, რის გამოც საფუძვლიანია მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკის საგნების რეალიზაციის შესახებ.

 

მოსარჩელე მოითხოვს, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად აღსრულება განხორციელდეს მოვალის სხვა ქონებაზე. ე-–------ კ-----ესთან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 7,2 პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ამდენად, იპოთეკის ხელშეკრულება ითვალისწინებს დებულებას იმის შესახებ, რომ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის არასაკმარისი ოდენობის შემთხვევაში აღსრულება უნდა მიექცეს მოვალის სხვა ქონებაზე. ასეთი შინაარსის დებულებას შეიცავს მ------ მ-------–---–თან დადებული იპოთეკის ხელშეკრულების 4.6 პუნქტი. ამდენად, მხარეთა შეთანხმებების საფუძველზე თუ იპოთეკით უზრუნველყოფილი უძრავი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა ბანკის მოთხოვნას სრულად ვერ დააკმაყოფილებს, ბანკი უფლებამოსილია გააგრძელოს აღსრულება მოვალე მ------ მ-------–---–ის მიმართ მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილებამდე მოვალის სხა ქონების ხარჯზე.

 

მოპასუხეები არ ეთანხმებიან ე-–------ კ-----ის უძრავი ქონების რეალიზაციის მოთხოვნას იმის გამო, რომ მ------ მ-------–---–ის მიერ იპოთეკით დატვირთული ქონება საკმარისია მოთხოვნის უზრუნველყოფისათვის და დამატებით უზრუნველყოფის გამოყენების აუცილებლობა არ არსებობდა. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოპასუხეს არ მიუთითებია ამ პოზიციის საფუძვლად კონკრეტული გარემოებები და არ წარმოუდგენია იმის დამადასტურებელი მტკიცებულებები, თუ რა ღირებულებისაა ამჟამად თ-------- ზ-------ის საკურებად რეგისტრირებული იპოთეკით დატვირთული ქონება და რას შეადგენს ე-–------ კ-----ის ქონების ღირებულება. შესაბამისად, მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ ბანკის მხრიდან ადგილი ჰქონდა უფლების არაკეთილსინდისიერად გამოყენებას ე-–------ კ-----ის მიმართ. მოპასუხეებმა ვერ დაასაბუთეს, რომ მხოლოდ ერთი უძრავი ნივთის ღირებულება სრულად უზრუნველყოფს საკრედიტო ვალდებულების შესრულებას და მხოლოდ ამ ქონების რეალიზაცია საკმარისად უზრუნველყოფს მოთხოვნის დაკმაყოფილებას. ამდენად, ბანკის მოთხოვნა იპეთეკით დატოვრთული ურავი ნივთების რეალიზაციის შესახებ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოსარჩელე სარჩელით მოითხოვდა 84 658,8 აშშ დოლარის დაკისრებას, საიდანაც მოპასუხეს დაეკისრა 70 581,07 აშშ დოლარის გადახდა, რაც არის მოთხოვნის 82%.

 

სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 5000 ლარი, რომლის 82% არის 4100 ლარი. ვინაიდან მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი 49 715,41 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის საფუძველზე გათვალისწინებული უნდა იქნას მხარეებს შორის სახელმწიფო ბაჟის განაწილებისას და მხარეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან მოთხოვნის ამ ნაწილში. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება უნდა განისაზღვროს მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რაც მოპასუხემ არ ცნო, რადგან ამ ნორმის შესაბამისად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

9 715,41 აშშ დოლარი არის დაკისრებული თანხის 70%, ასანაზღაურებელი სახელმიწოფ ბაჟს 4100 ლარის 70% კი არის 2870 ლარი, რაც უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს, ხოლო მოპასუხეებს უნდა დაეკისროთ მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1230 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს „თ-----------ის“ სარჩელი;

 

1.1. მ------ მ-------–---–ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ 62 245,23 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.2. მ------ მ-------–---–ს დაეკისროს სს „თ----------ისათვის“ ზიანის ასანაზღაურებლად ყოველთვიურად 694,65 აშშ დოლარის გადახდა 2018 წლის 29 მარტიდან არაუმეტეს 12 თვისა არაუმეტეს 8335,84 აშშ დოლარის გადახდა;

 

1.3. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა ხელშეკრულების შეწყვეტიდან 240 დღის განმავლობაში პირგასამტეხლოს 14 077,11 აშშ დოლარის დაკისრების შესახებ

 

1.4. მ------ მ-------–---–ისათვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს თ-------- ზ-------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების - გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------––- მდებარე 762 711 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი კოდი 8-----------. და ე-–------ კ-----ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების გარდაბნის მუნიციპალიტეტის ს------–-----–-------––- მდებარე 2500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობა კოდი 8----------- რეალიზაცია; თუ ამ უძრავი ნივთების რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, განხორციელდეს მოვალე მ------ მ-------–---–ის სხვა ქონების რეალიზაცია;

 

2. სს „თ-----------ს“ დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტში 2018 წლის 29 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2870 ლარი (საგადახდო დავალება N5). თანხა გადახდილია შემდეგ ანგარიშზე შემდეგ ანგარიშზე სახაზინო კოდი 300063150; ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ბანკი ხაზინა.

 

3. მ------ მ-------–---–ს, თ-------- ზ-------ეს და ე-–------ კ-----ეს დაეკისროთ სს „თ-----------ისათვის“ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად 1230 ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დიანა გოგატიშვილი